ნეტგაზეთი • RU

რამდენად რეალურია ატომური სადგურის აფეთქება და რა საფრთხეა საქართველოსთვის? – ინტერვიუ 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი „რადიაციული ინციდენტი“ საფრთხე იქნება როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის, თურქეთისა და უფრო მოშორებით მდებარე ქვეყნებისთვისაც. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. ის რუსეთმა მიმდინარე წლის მარტში დაიკავა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა.

რამდენად რეალურია ატომური ობიექტის აფეთქება და რა საფრთხე ელის საქართველოს?

„ბათუმელების“ კითხვებს ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,  გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ღონღაძე პასუხობს.

  • ბატონო ალექსანდრე, დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ რა მასშტაბისაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მისი დაზიანება?    

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ჩერნობილის მერე ააშენეს (1984-1995 წლებში). დიდი სიმძლავრე აქვს. ყველაზე მეტი ატომური, ბირთვული საწვავია რეაქტორებში და ყველაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ.

რადგან ჩერნობილის მერე აშენდა, ყველა შეცდომა, რომელიც ჩერნობილში დაუშვეს, აქ იყო გათვალისწინებული. გაჟონვის შემთხვევაში, დაცვის სისტემაში შევიდოდა სარკოფაგი, რომელიც გადაეფარებოდა ამ ატომურ ელექტროსადგურს და არაფერი არ გაჟონავდა იქიდან.

ასე იყო აქამდე ცნობილი.

ახლა არანაირი ინფორმაცია არ არის, ეს სარკოფაგი ამოქმედდა თუ არა. არც რუსეთის და არც უკრაინის მხარე ამაზე არ ლაპარაკობს.

თუ რაკეტა მოხვდება, სარკოფაგი ვერ გაუძლებს. სარკოფაგი იმისთვის იყო, რომ გაჟონვა არ მომხდარიყო. რუსებმა დაიკავეს ელექტროსადგური და ახლა აბრალებენ უკრაინელებს, რომ ისინი ბომბავენ. ეს ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული, რადგან თუ დაბომბეს და აფეთქება მოხდა ატომურ ობიექტზე, ფაქტობრივად, მთელი ევროპა და, პირველ რიგში, უკრაინა აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.

ალექსანდრე ღონღაძე

საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება რუსეთიც და ბელარუსიც. მაგალითად, ჩერნობილის აფეთქების შემდეგ ბელარუსი უფრო დაზარალდა, ვიდრე უკრაინა. მანდ რომ მოხდეს რამე, ცხადია უკრაინა საფრთხეშია, მაგრამ რუსეთიც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ჩვენც გვემუქრება საფრთხე, მაგრამ უფრო ნაკლებად. რატომ? ქარი მოძრაობს სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ.

ჩვენ ჩერნობილისგან პირდაპირი ზემოქმედებით არ დავზარალებულვართ. დავზარალდით იმის გამო, რომ რადიოაქტიური ნივთიერებებით სავსე ღრუბელი წამოვიდა ჯერ ევროპისკენ, შემდეგ თურქეთში, სადაც დატრიალდა, წამოვიდა საქართველოსკენ და  ჩამოიცალა ჩვენთან.

  • რა საფრთხე ელის უკრაინას და ევროპას, თუკი ატომურ ელექტროსადგურს ააფეთქებენ? კიდევ რომელი ქვეყნები მოხვდებიან საფრთხის არეალში?

რუმინეთი, ბულგარეთი, მთელი ბალკანეთი იქნება საფრთხის ქვეშ. რუსეთი და ბელარუსი თავისთავად. თუმცა მაინც ყველაფერი ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული. ჩერნობილის ამბავი გავიხსენოთ – შვედეთმა აღმოაჩინა რადიაციული ფონის მატება. განგაშის ზარი რომ შემოკრა, მერე თქვეს მხოლოდ რუსებმა, ჩვენთან აფეთქდაო.

საქართველოსთვის საფრთხე იქნება – თუ აფეთქება მოხდა, ჩვენც დავზარალდებით, რაღაცა ნაწილი აუცილებლად მოვა. გამორიცხულია, რომ არ შეგვეხოს. პირველ ეტაპზე, რადიაციული ღრუბლის მიმართულება უნდა დადგინდეს, ჩვენკენ ხომ არ მოდის. როგორია ალბათობა იმის, რომ ისევ ჩვენკენ წამოვა, არ ვიცი.

უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ დავიცვათ წესები.

ჩერნობილი 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. პირველ მაისს ბავშვები გამოიყვანეს დემონსტრაციაზე და აწერინეს  ასფალტზე – მშვიდობა მსოფლიოს. ყველაზე დიდი კონცენტრაციით რადიაციული ნარჩენები გვხვდება ნიადაგში, ასფალტზე. ამის გამო ბავშვებმა მიიღეს რადიაცია, ამან მერე გამოიწვია სწორედ ის, რომ ბავშვები სისხლს აღებინებდნენ. რადიაციული ფონის დროს, წვიმაში არ უნდა გახვიდე გარეთ. ასევე, ბავშვები სახლში უნდა იყვნენ, რათა ნიადაგს არ შეეხონ.

ჩერნობილის დროს კახეთში, გურჯაანში, ვაზის ფოთოლზეც კი აღმოვაჩინეთ რადიაცია.

როცა რუსეთთან გაქვს საქმე, ძნელია პროგნოზი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დიდ აფეთქებაზე ვერ წავლენ. არა იმიტომ, რომ ჰუმანურები არიან, არამედ თვითონაც ძალიან დაზარალდებიან.

  • რამდენიმე დღის წინ უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ჭურვი ჩამოვარდა, რომელმაც რადიაციის მონიტორინგის სამი დეტექტორი დააზიანა. ეს რას ნიშნავს? სამი დეტექტორის დაზიანება რამდენად სახიფათოა?

რადიაციის მონიტორინგის დეტექტორები ზომავს რადიაციის დონეს. სამი დაზიანდა, მაგრამ იქ ათი იქნება. ე.ი. 7 მუშაობს. პრობლემა  ეგ არ არის. კარგია, რომ რეაქტორს არ მოხვდა და მხოლოდ დეტექტორები დააზიანა. ეს იმდენად საფრთხეს არ ქმნის.

  • უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ არსებობს შესაძლებლობა, რუსეთმა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება გადაწყვიტოს. რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება ტექნიკურად?

ეგ შეიძლება, მაგრამ იქნება სისულელე. ძალიან დაზარალდება რუსეთიც. რუსეთს დაადანაშაულებენ ატომურ-ბირთვულ ტერორიზმში. თუ მან ეს ჩაიდინა, ეს იქნება ცალსახა, რომ ბირთვული ტერორისტია რუსეთი.

იგივეა, რომ ატომური ბომბი ისროლოს. პირველ რიგში, თვითონ დაზარალდებიან. არ მგონია, რომ მაგაზე წავიდნენ.

  • უკრაინის ინფორმაციით, რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს. ეს რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს და რა ტიპის საფრთხეებს შეიცავს?

ეგ მგონია, რომ რეალურია. მოსალოდნელია რუსეთისგან მსგავსი ქცევა. თუკი გასვლა მოუწევთ, დანაღმავენ და მერე შეეცდებიან უკრაინელებს დააბრალონ. საფრთხე იქნება. მაგრამ ვფიქრობ, სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან დაეხმარებიან უკრაინას ამ საფრთხის განეიტრალებაში. ეს მსოფლიოსთვისაა საფრთხე. არ დატოვებენ მარტო უკრაინას.

  • ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციული საფრთხის გამო რუმინეთმა მოლდოვას 1 მილიონი აბი კალიუმის იოდიდი გადასცა. როგორ იცავს ეს პრეპარატი ადამიანს რადიაციისგან? რამდენად რეკომენდებულია მისი მიღება?

როცა ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვა ხდება, პირველად დიდი ოდენობით მოდის რადიაციული იოდი. ამ დროს ჩვეულებრივ იოდს იღებენ მცირე რაოდენობით, რომ ადამიანს ჰქონდეს იმუნიტეტი და დიდი რადიაციული იოდი არ მიიღოს.

მაგრამ იოდის მიღება სახიფათოა, რადგან მეორე მხრივ, თვითონ ეს იოდია საწამლავი. ექიმის დანიშნულების გარეშე მისი მიღება არ შეიძლება.

  • უკრაინული მხარე პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზაპოროჟიეს სადგურისკენ რუსები ისვრიან. ასევე იმის შესახებ, რომ ამ სადგურის 100-მდე თანამშრომელი აწამეს. პროფესიულ წრეებში თუ ვრცელდება ამაზე ინფორმაცია და რა არის თქვენთვის ცნობილი?

არ ვიცი, არის კი რუსების ინტერესში რომ აწამონ? მეორე მხრივ, ატომურ ელექტროსადგურში ჰყავთ და არ უშვებენ გარეთ. ეს წამებაა, აბა რა არის? პროფესიულ წრეებში სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. მსგავსი არაფერი ჩვენ არ ვიცით.

  • უკრაინული ენერგოოპერატორის, ენერგოატომის განცხადებით, რუსეთი გეგმავს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ანექსირებული ყირიმის ქსელს დაუერთოს, პროცესში კი სადგურს აზიანებენ. ეს რამდენად რეალურია?

ძალიან რთული იქნება. ვერც წარმომიდგენია… ცხადია, რუსეთს უნდა ატომურ სადგურზე არსებული ენერგია წავიდეს ყირიმში.  ამის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთული იქნება. ელექტროენერგიის გადაცემას ხომ მავთული სჭირდება?  წარმოიდგინეთ ზაპოროჟიედან ყირიმამდე მავთულის გაჭიმვა. უკრაინელები უქმად ხომ არ იქნებიან? ამის წინააღმდეგი იქნება უკრაინა, ჩვეულებრივ საბრძოლო წინააღმდეგობას გაუწევს და მართალიც იქნება.

თან რუსეთს ეს მავთულიც არ აქვს. ირანს სთხოვს რაღაცებს. რომც მიიღონ, ხომ უნდა დაამონტაჟონ? უკრაინა გულხელდაკრეფილი არ იჯდება ამ დროს.

  • მსოფლიოს 42-მა ქვეყანამ მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვებისაკენ. „რუსეთის სამხედროთა ყოფნა ხელს უშლის უკრაინას, დაიცვას ბირთვული უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის ნაკისრი ვალდებულებები, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კი – ობიექტზე თავისი უფლებამოსილებების შესრულებაში“ – ეწერა მათ მიმართვაში. რისი გაკეთება შეუძლია ამ პირობებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA)?

ეგ ძალიან დიდი ორგანიზაციაა და მაგის წინააღმდეგ ვერ წავა რუსეთი. თუ გაგიჟდა პუტინი, მაშინ… ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არის ძალიან ძლიერი ორგანიზაცია და მაგის წინააღმდეგ არც ერთი ქვეყანა ჯერ არ წასულა. რუსეთი ერიდება სააგენტოსთან კონფლიქტს, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოუვა საკუთარი ქცევის გამო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი