მთავარი,სიახლეები

საქონელს ნადირი რომ არ შეხვდეს, სულ თან დაჰყვები – რა გამოცდილებას აგროვებს მოზარდი მთაში

17.08.2022 • 2596
საქონელს ნადირი რომ არ შეხვდეს, სულ თან დაჰყვები – რა გამოცდილებას აგროვებს მოზარდი მთაში

ხულოს მთა ლოდიძირში ორ ბოძზე გაბმულ დაგრეხილ თოკთან, შედარებით ვაკე ადგილზე, ახალგაზრდები ფრენბურთის სათამაშოდ იკრიბებიან. ლოდიძირში ხულოს რამდენიმე სოფლის მოიალაღეები ცხოვრობენ ზაფხულობით. შეკრებილი ახალგაზრდებიც სხვადასხვა სოფლიდან, სხვადასხვა ასაკის არიან. თბილი ჰუდი, ჟაკეტი აცვია ყველას, ცივა.

ის დროა, როცა საძოვარზე გარეკილი პირუტყვი სახლებში ბრუნდება, მემთეურები კი მათ დასაბინავებლად პატარ-პატარა ქოხებიდან, ხის რამდენიმესაფეხურიანი კიბის თავში, ხელში ვედროებით ჩნდებიან და სანამ თბილწინდებამოცმულ ფეხებს კალოშებში შეყოფენ, საქონელს ეძახიან – „მოდით, მოდით“.

ფრენბურთის სათამაშოდ შეკრებილი ახალგაზრდების რიცხვი თხელდება. მთებში მემთეურებად მხოლოდ შუახნის თუ უფრო ასაკოვანი ქალები არ დადიან. მემთეურობენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტი გოგონებიც.

როგორია 16-17 წლის მემთეურის ცხოვრება? – ამის გარკვევა ყვითელქურთუკიან გოგოსთან ვცადეთ. ის ფრენბურთს თამაშობდა და ალბათ, კიდევ რამდენიმე ბურთის ჩაწოდებას თუ აღებას მოასწრებდა მხოლოდ. მემთეურია. ინტერვიუზე უარი თქვა.

„ვისურვებდი, ყველაფერი იყოს სოფელში, რაც ქალაქშია“

ლიზი, ტყუპისცალთან ერთად, ნათესავებთან ცხოვრობს. იალაღზე 2 კვირით ავიდა დასასვენებლად.

ლიზი პაქსაძე 15 წლისაა, ხულოს სოფელ დანისპარაულიდან. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ იალაღზე პირველადაა. უხარია, რომ ბევრი ახალგაზრდა იკრიბება იაილების ცენტრში და შეუძლია მთელი დღე მათთან ერთად გაერთოს – ბურთი ითამაშოს. ამბობს, რომ ლოდიძირში არც ერთი დღე არ მოუწყენია.

დანისპარაული ხულოს ბოლო სოფელია, კურორტ გოდერძის მეზობლად. ლიზის თქმით, სწორედ ამიტომ ზამთარში მის სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები არ იწყენენ, მაგრამ ზაფხულში ჭირს გართობა.

ლიზი გვიყვება, რომ მის სოფელში არ აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ცეკვა, კალათბურთი ან სპორტის სხვა სახეობა, რადგან არც მასწავლებლები ჰყავთ და არც შესაბამისი დარბაზები აქვთ. გვითხრა, რომ მეგობრებმა მხოლოდ ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაში იციან და ძალიან უნდათ, რომ კიდევ უფრო კარგად ისწავლონ სპორტის ეს ან სხვა რომელიმე სახეობა.

„[სოფელში] ბავშვებისთვის გავაკეთებდი ბევრ გასართობ ადგილს, სადაც დროს გაატარებდნენ, გაერთობოდნენ და მოწყენილიც არავინ იქნებოდა“, – ამბობს ლიზი.

ლიზი ფიქრობს, რომ მისი სოფლის ახალგაზრდებს ძალიან გაუხარდებათ, სოფელში შესაკრები სივრცე რომ ჰქონდეთ. „ვისურვებდი, ყველაფერი იყოს სოფელში, რაც ქალაქშია“.

ლიზი გვიყვება, რომ დანისპარაულიდან დაბა ხულომდე მანქანით ერთი საათის სავალია. ეს კი სოფლის გოგო-ბიჭებს ხელს უშლის მუნიციპალიტეტში მოწყობილ სხვადასხვა შეხვედრას დაესწრონ. თუნდაც თეატრში წავიდნენ.

„საკუთარი მანქანა თუ გექნება, თორემ ისეა „მარშუტკით“ რომ ჩახვიდე, სახლში დაბრუნება დაგაგვიანდება“.

ლიზი პაქსაძე

„როცა სკოლა დამთავრდა, ეგრევე წამოვედი უკან, მთაში“

გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე გზა ბოლომდე მოასფალტებულია და ავტომანქანით 15-20 წუთში მიხვალ. მწვანე ტბამდე, გზად, იაილა – ლეკიძირი უნდა გაიარო. ზაფხულობით აქ ხულოს სოფელ რიყეთის მოსახლეობა მიერეკება პირუტყვს საძოვრებზე.

ლეკიძირის დასახლების ზევით, ფერდობზე, მინდორი იშლება – ადგილობრივებს ფეხბურთის მოედანი მოუწყვიათ. „შუამთობის დღეებში“ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ხულოს სხვადასხვა იაილის ახალგაზრდები ფეხბურთში უპირისპირდებიან ერთმანეთს. შეჯიბრს ბევრი მაყურებელი ჰყავს – მწვანე ტბაზე მიმავალი ყველა მგზავრი ჩერდება გზად.

აქ არის კახა გორგაძეც.

15 წლის კახა გორგაძე სოფელ რიყეთიდანაა და ლეკიძირში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. უკვე 2 თვეა, რაც ლეკიძირშია. ჯერ პირუტყვი გადარეკა იალაღზე ბიძასთან ერთად. ოჯახის წევრებს იაილაში გადატანილი ბარგის დალაგებაში დაეხმარა და უკან, სოფელში დაბრუნდა. როცა სკოლა დამთავრდა, ეგრევე წამოვედი მთაშიო – გვითხრა.

კახა ცდილობს, მემთეურ დედას დაეხმაროს.

„ვეხმარები, მაგალითად, პირუტყვის გადენაში, მოყვანაში, დაბმაში. მერე, რძის ატანაში [სადგომიდან], პირუტყვის გამოკვებაში, ხბოს მოვლაში და ა.შ. ხანდახან, როცა არ მოდიან [ძროხები], ღამეების გათევა გვიწევს, პირუტყვს ვეძებთ, რაიმემ რომ არ დაგვიზიანოს“.

იაილებზე, მეგობრებთან ერთად, კახაც ახერხებს გართობას. გვითხრა, რომ ძირითადად ფეხბურთს თამაშობენ. „ზოგი მეგობარი ან ბათუმში იყო, ან თბილისში, ან სხვაგან და შუამთობაზე ამოვიდნენ“.

კახა გორგაძე

  • მე მწვანე ტბაზე ნაგვის ურნებს დავამატებდი, ნაგავი ყველგან რომ არ დაყარონ

თითქმის კახას თანატოლია ლუკა კოჩალიძეც. ის რიყეთის საჯარო სკოლაში მე-8 კლასამდე სწავლობდა. დიდი ხანი არ არის, რაც ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლასაც იქ აგრძელებს.

ლუკა შუამთობამდე რამდენიმე დღით ავიდა მთაში.

ლუკას თავისი სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით ერთგვარი ხედვაც აქვს: გვითხრა, რიყეთში ტრენაჟორებს გავაკეთებდი და ატრაქციონებსაც მოვაწყობდიო. ფიქრობს, რომ ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც მის სოფელში ცხოვრობენ, ვერ ახერხებს გართობას.

„ბევრს ველოსიპედი, ბურთიც კი არ აქვს. ბათუმში როგორცაა გასაქირავებელი ველოსიპედი, აქაც ისე მოვაწყობდი. ველობილიკებს, წესიერ მოედანს, სავარჯიშოებს გავაკეთებდი. აქ ყველგან ქვები ყრია, უცებ ბავშვი რომ წაიქცეს, დაშავდება.

კალათბურთის, ფრენბურთის მოედანს გავაკეთებდი – [მოედანზე] ჯგუფი რომ შედის ფეხბურთის სათამაშოდ, ვისაც ფრენბურთის თამაში უნდა, ლოდინი უწევს“.

ლუკამ გვითხრა, რომ ლეკიძირში ბევრს ეშინია „საქონელს ნადირი არ შეხვდეს და სულ თან დაჰყვებიან პირუტყვს“ და ასე გადის დრო.

ლუკა კიდევ ერთ საკითხზე წუხს – მწვანე ტბის დაბინძურებაზე, რაც ბოლო წლებში ვიზიტორების რაოდენობის მატებას ახლავს თან. ტბა უკვე ძალიან დაბინძურებულიაო.

„მაღალმთიანში [აჭარაში] იმიტომ ამოდიან, რომ სუფთა ჰაერი ჩაყლაპონ და დაისვენონ ადამიანებმა. ასე თუ გაგრძელდა, აქ შეიძლება საერთოდ აღარ ამოვიდეს ხალხი. მე მწვანე ტბაზე ნაგვის ურნებს დავამატებდი, ნაგავი ყველგან რომ არ დაყარონ“.

ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იალაღებზე შუამთობას თვეობით ელიან – ამ დღეებში ენთება კოცონი, ისმის ხმამაღალი მუსიკა… მათ მთელი წლის განმავლობაში გასართობად მხოლოდ ეს რამდენიმე დღე აქვთ.

წელს შუამთობა 6-7 აგვისტოს გაიმართა.

ლუკა კოჩალიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: