ნეტგაზეთი • RU

4 წლის ვლადიკი ყოველდღე უყვება ბათუმელ მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია

ბათუმში, ხმაურიან ეზოში, ბავშვებთან თამაშისას 4 წლის უკრაინელი ბიჭი – ვლადიკი, ყოველდღე უყვება მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია.

უკრაინულად იწყებს საუბარს.

  • რუსულად მოგვიყვები? – ვეკითხებით
  • არა – გვპასუხობს ბიჭი და გვიყვება, რომ მოვიდნენ „ორკები“ და თავს დაესხნენ უკრაინას.

„გავრბოდით, გავრბოდით და ისინი თავს გვესხმოდნენ. უკრაინაში ახლა ომია, იქ ყველას კლავენ. ჩვენები რომ გაიმარჯვებენ, ომი მერე დამთავრდება“, – ამბობს 4 წლის ბიჭი.

ვლადიკის დედა, მილა, ყველაფერს ეცადა, პატარა ვლადიკს არაფერი გაეგო უკრაინის ომის შესახებ. არწმუნებდა შვილს, რომ ზაპოროჟიედან ლვოვში, ლვოვიდან პოლონეთში, მერე კი პოლონეთიდან ბათუმში ჩამოფრენა მოგზაურობა იყო და არა მშობლიური ქალაქიდან გამოქცევა.

ომი დაიწყო? – რა სისულელეა!

 

ვლადისლავ ნაზიმოკი. ის ორი თვის წინ ჩამოვიდა ბათუმში დედასთან ერთად.

მილას არ გამოუვიდა. ვლადიკმა ყველაფერი გაიგო. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

24 თებერვალს, დილის 5:40 საათზე, მილას სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. მილას და, მაშა, რეკავდა კარპატებიდან.

  • ომი დაიწყო, მოემზადეთ და წადით – ამბობდა მაშას ხმა
  • მაშა, რეებს იგონებ? დამაცადე დილამდე და მერე ვისაუბროთ – უპასუხა მილამ დას და ყურმილი დაკიდა.
  • ვინ იყო? – ჰკითხა მილას მძინარე ქმარმა.
  • მაშა იყო, ომი დაიწყოო
  • რა სისულელეა – თქვა მაშას ქმარმა და ძილი შეიბრუნა.

ასე დაიწყო მილა ნაზიმოკისთვის ომის პირველი დღე. არც მას და არც მის მეუღლეს რეალობის დანახვა არ სურდათ მანამ, სანამ დილით ტელევიზორი არ ჩართეს და ახალი ამბებიდან არ შეიტყვეს, რომ თავდასხმის კადრები ნამდვილი იყო და ომიც მართლა დაიწყო:

„ფართოდ გახელილი თვალებით და პირდაღებულები შევცქეროდით ტელევიზორს. ვერ ვიჯერებდით. შოკი გვქონდა. ასეთი რამ 21-ე საუკუნეში?

მერე გვეგონა, რომ ყველაფერი ორ დღეში დამთავრდებოდა, მაგრამ ომი გაგრძელდა და გაგრძელდა…

ჩავერთეთ მოხალისეობრივ საქმეებში, ორი კვირა არ მეძინა, ხალხს ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევდი, მოხუცებს საკვებით ვამარაგებდით, ვაგროვებდით ინფორმაციას, სად და რა იყო საჭირო…

მამა ფარულად ჩაეწერა ტერიტორიული თავდაცვის ძალებში. მხოლოდ მას შემდეგ დარეკა, რაც მიიღეს. წვრთნებიდან დაურეკა დედას: „წავედი და აღარ დავბრუნდები, ომში მივდივარო, უთხრა“, – იხსენებს მილა ნაზიმოკი. ის ახლა 4 წლის შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.

დედამისი, მამა, მეუღლე და ნათესავ-მეგობრები უკრაინაში რჩებიან. ამბობს, რომ თავადაც დარჩებოდა, რომ არა პატარა ვლადიკი.

„უკრაინაში დარჩენით გაცილებით მეტს გავაკეთებდი ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ვლადის გამო მთელმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ მე შვილთან ერთად წავსულიყავი უკრაინიდან მას შემდეგ, რაც ჩვენს ქალაქში, ზაპოროჟიეში რუსებმა თავდასხმები დაიწყეს“, – იხსენებს მილა.

მინდოდა, ჩემს შვილს გაქცევა მოგზაურობად აღექვა და ვერ მიმხვდარიყო, რომ ომს გავურბოდით

მამასთან კავშირი აღარ აქვს. ის ახლა ცხელ წერტილებში იბრძვის და მხოლოდ მილას დედას ურეკავს იშვიათად. მილა მამის ამბებს დედისგან იგებს. მილას მამა ორჯერ მოხვდა ჰოსპიტალში: ერთხელ მხარში მძიმედ დაიჭრა, მეორედ სუსხიან დღეებში სანგრებში ყოფნის და სტრესისგან ტვინის შერყევა დაემართა.

„მამას ჰოსპიტალში რომ მივაკითხე სანახავად, მითხრა: შვილო, მოემზადე და წადი. ამის შემდეგ ყველაფერი მხოლოდ გართულდება, ეს მხოლოდ ომის დასაწყისია და დიდხანს არ დამთავრდებაო.

ჩავალაგეთ და წავედით. შვილს ვუთხარით, რომ ეს იყო მხოლოდ მოგზაურობა და დასასვენებლად მივდიოდით ლვოვში. იქ ვსეირნობდით, ვლადიკი ყველგან დამყავდა, თუკი სადმე გასართობი ადგილი იყო, მინდოდა გაქცევა მოგზაურობად აღექვა და ვერ მიმხვდარიყო, რომ ომს გავურბოდით ჩვენი ქალაქიდან.

თუმცა მალე ლვოვშიც აღარ დაგვედგომებოდა, განგაშის ხმები ძალიან გახშირდა და პოლონეთში წავედით ჩემს დასთან.

პოლონეთში ამ დროს უკვე ბევრი უკრაინელი იყო, გართულდა სამსახურის შოვნა, ბევრი ფორმალური საკითხი იყო მოსაგვარებელი, შეწყდა ლტოლვილებისთვის ფულადი დახმარება და მივხვდი, არც ერთი ქვეყანა არაა ვალდებული „გამიტანოს“.

საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტე, რადგან აქ ბევრი ტურისტია და ჩემი ერთ-ერთი პროფესიაც ტურიზმი, სასტუმრო და სარესტორნო საქმეა. ვიფიქრე, რომ ამ პროფესიით საქართველოში დასაქმებას ადვილად შევძლებდი და შევძლებდი საკუთარი თავის და შვილის უზრუნველყოფას“, – ამბობს მილა.

          ომის კრიზისიდან გამოქცეული მილა ბათუმში კრიზისმენეჯერად დასაქმდა

ქართველი მეგობრების დახმარებით მილა ბათუმში ჩამოვიდა. თავიდან ერთმა ქართულმა ოჯახმა შეიფარა, მერე კი უკრაინელთა დახმარების ცენტრიდან ის ბინა გამოუყვეს, სადაც ახლა ცხოვრობს სექტემბრამდე. ბათუმის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ომიდან გამოქცეულმა მილამ კრიზისმენეჯერად დაიწყო მუშაობა. სამომავლოდ გეგმავს ბათუმში სარესტორნო და სასტუმრო სფეროში დასაქმებულებისთვის მომსახურების სერვისის სასემინარო კურსი შეიმუშაოს და ტრენერი გახდეს.

მანამდე კი იხსენებს საკუთარ ხალხს და უკრაინას, ახლობლებს, მეგობრებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, რუსეთში მცხოვრებ ნათესავებთან კავშირი გაეწყვიტათ:

„ყოველი უკრაინელისთვის ეს ომი დიდი დარტყმა იყო. ჩვენ მართლა მიგვაჩნდა, რომ სლავი ხალხები დები და ძმები ვართ.

უკრაინელები სულიერად ძლიერი და მშვიდობის, სიცოცხლისმოყვარე ხალხია, ყველასთვის მხოლოდ სიყვარულის მოსურნე. სანაცვლოდ ისეთი ნეგატიური პასუხი მივიღეთ რუსეთისა და ბელარუსისგან.

ჩემმა ბევრმა ახლობელმა საერთოდ შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთში მცხოვრებ ნათესავებთან. რუსეთში მცხოვრები მამა უკრაინაში მცხოვრებ ქალიშვილს ურეკავს და ეუბნება: ბანდეროველი ხარ, საკუთარ შვილებს ჭამთ თქვენ მანდო. შვილი ორი დღის წინაც ესაუბრებოდა მამას და ის ასე არ ფიქრობდა. რა ჩაუდეს მათ თავში ამ მცირე დროში? რა მოხდა?

მესმის, ომი ომია, მაგრამ რატომ აუპატიურებენ ორი თვის ბავშვებს და ქალებს? იპარავენ ქვაბებს, სარეცხ მანქანებსა და საცვლებს… ამასაც ვინმე უბრძანებთ, რომ ასე მოიქცნენ? ეს საშინელებაა და მტკივნეულია. საშინელებაა, რაც მოხდა ბუჩაში, ირპენსა და ხარკოვში. რატომ უნდა მოიქცე ასე არაადამიანურად, რატომ?

ყოველთვის იყოფოდა უკრაინა თითქოს დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინად, ახლა ასეთი რამ აღარ არსებობს, ახლა ჩვენ ერთნი ვართ და ძალიან რთული იქნება ამ ერთობის გახლეჩა. ეს ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს.

მე არ მაქვს უფლება, მოვიდე და გითხრა: გასახლდი ამ ბინიდან, რადგან მე მინდა აქ ცხოვრება-მეთქი. ხომ მიპასუხებ შენ: ვინ ხარ, რას მოდიხარ ჩემთან, არ გაქვს უფლება, დაიკავო ჩემი სახლი, ბინა, გააბრაზო ჩემი შვილები და წაიღო ყველაფერი, რაც მაქვსო.

ეს საშინელებაა, არავის აქვს ამის უფლება“, – ამბობს მილა.

მილა და ვლადიკი ბათუმში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com