უკრაინამ აიღო ვალდებულება, არ გამოიყენოს დასავლური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე. არ არსებობს რაიმე პირობა პარტნიორებისგან, რომ უკრაინას არ შეუძლია ამ შეიარაღების გამოყენება ოკუპირებულ ყირიმში – განმარტავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ჟურნალისტმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, აქვს თუ არა უკრაინას ისეთი შეიარაღება, რომელსაც სამიზნეების განადგურება ყირიმშიც შეუძლია და არის თუ არა რაიმე შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ამგვარი თავდასხმების ლეგიტიმურობაზე.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ მათგან მიღებულ შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, იმ ადგილებზე, სადაც ახლა მტერი იმყოფება, არა, ასეთი შეზღუდვა არ გვაქვს.
რაც შეეხება იარაღს, ნებისმიერ შეიარაღებას აქვს მოქმედების შესაბამისი მანძილი. იმის გათვალისწინებით, რა წერტილიდან, რა ადგილიდან ხდება ან იგეგმება დარტყმა, განვსაზღვრავთ, შეგვიძლია თუ არა მივწვდეთ ამა თუ იმ სამიზნეს,“ – ამბობს ოლექსი რეზნიკოვი.
ოკუპირებულ ყირიმში ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. 9 აგვისტოს „საბრძოლო მასალების საწყობი“ აფეთქდა „საკის“ სამხედრო აეროდრომზე. სხვადასხვა წყაროს ცნობით, განადგურდა სულ მცირე 8 რუსული თვითმფრინავი.
აფეთქებები მოხდა 16 აგვისტოსაც, ჯანკოიში და გვარდეისკოეს სამხედრო ბაზაზე. ზიანის შესახებ რუსეთის თავდაცვას ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია, რომ ჯანკოიში დაზიანდა სარკინიგზო მონაკვეთი და ელექტროსადგური.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უწყებების შეფასებით, „ინციდენტებმა“ სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის საბრძოლო რესურსებს.
„თანამედროვე ომი, ეს რესურსების ომია. რესურსები კი, ბუნებრივია, იწურება ორივე მხარისთვის. შესაბამისად, თითოეულ მხარეს აღსადგენად დრო სჭირდება,“ – უთხრა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ ბიუროს.
რეზნიკოვის ცნობით, რუსეთის არმიამ, უკრაინაში გამოყენებული თავისი საბრძოლო პოტენციალის უკვე, სულ მცირე, მესამედი დაკარგა. კერძოდ, თავისი ელიტარული კორპუსის 30% – მედესანტეები, ქვეითები, სპეცრაზმელები, მათ შორის, ოფიცრები და სერჟანტები.
მინისტრის თქმით, განადგურებული რუსული თვითმფრინავების რაოდენობა მოწმობს, რომ რუსეთმა უკრაინაში დაკარგა „სხვადასხვა კვალიფიკაციის ათასამდე პილოტი, საუკეთესო მფრინავები, რომლებსაც ღამით ფრენა და გარკვეული მანევრების შესრულება შეეძლოთ“.
„ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით, სიტუაციის „გაციება“ შესაძლებელია, მაგრამ „გაყინვა“ იმის, რასაც ადამიანები „კონფლიქტს“ უწოდებენ – არა, რადგან ეს კონფლიქტი არ არის, ეს ომია. ომი გადარჩენისთვის და ჩვენ დავიცავთ თავს, რომ გადავრჩეთ,“ – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინის გენშტაბის დღევანდელი ინფორმაციით, უკრაინასთან ომში რუსეთის დანაკარგი 44 100 სამხედრო, 1 886 ტანკი, 4 000-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 200-ზე მეტი თვითმფრინავი და ასობით საარტილერიო და საზენიტო სისტემაა.
მთავარი ფოტო: pravda.com.ua