მთავარი,სიახლეები

„ყველაფერი დამოკიდებულია ცენტრიდან მოწოდებულ ნარატივზე“ – ქობულეთის საკრებულოს წევრი

21.10.2022 • 1598
„ყველაფერი დამოკიდებულია ცენტრიდან მოწოდებულ ნარატივზე“ – ქობულეთის საკრებულოს წევრი

„როცა ცხრაწლიან რეჟიმზე იღებ პასუხისმგებლობას და თავად 21 წლის ხარ“ – ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ერთ-ერთი ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლაშა კომახიძემ. ის ქობულეთის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს. სწორედ ამიტომ ახსენებენ მას ხშირად კოლეგები წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს.

რა შესაძლებლობები მისცა საკრებულოში არჩევამ და ამ დრომდე თავად რა ინიციატივები დაარეგისტრირა? – ამ კითხვებზე გვიპასუხა ლაშა კომახიძემ, ქობულეთის საკრებულოს წევრმა ენმ-დან.

  • როგორც საკრებულოს წევრმა, მერიის მუშაობა რომ შეაფასოთ საჯაროობის, მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით – რამდენად ღიაა ინფორმაცია, მუნიციპალური ქონების განკარგვის თაობაზე მაგალითად, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში და ასე შემდეგ?

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობა, სამწუხაროდ, არ განსხვავდება წინა წლებისგან.

2012 წლიდან მოყოლებული „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს „მართვის“ ერთიანი მიდგომა აქვს ყველგან, განურჩევლად მუნიციპალიტეტისა თუ კუთხისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა მხარეს, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალური პრობლემები ახასიათებს.

ჩემი აზრით, პრობლემა იმაშია, რომ მმართველ პარტიას საერთოდ არ ესმის დეცენტრალიზაციის არსი, მათ არ აქვთ პრობლემის მუნიციპალურ დონეზე გადაჭრის უნარი და ეს ყოველივე ტოვებს განცდას, რომ ადგილობრივი თვითმართველობის, საკრებულოს, კომისიების, მერიის თუ ბიუჯეტის ქონა/ყოლა არაფერშია საჭირო, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე და ცენტრიდან მოწოდებულ ნარატივზე.

ამ გარემოებას, რომელიც მორგებულია „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილზე, საკმაოდ წარმატებით იყენებენ ადგილობრივი ჩინოვნიკები. ერთი შეხედვით ინფორმაციის მიღება არ ჩანს რთული, მაგრამ რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღებაში არ არის ჩართული მოქალაქე და მისი ინტერესები. ანუ გამოდის, რომ ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ ვერაფერს ვცვლით.

  • ქაოსური განაშენიანება, ასევე უკანონო მშენებლობები, უკანონო დაშენება-მიშენებები, როგორც ვიცით, ქობულეთშიც ახალ მასშტაბებშია მოცემული. საკრებულოს როლი როგორია ამ პროცესში, ხომ არ გქონიათ რაიმე ინიციატივები ამ სფეროს მეტი კონტროლისთვის პირადად თქვენ ან ოპოზიციას? რა ინიციატივები იყო ეს?

ქაოსური განაშენიანება მართლაც რეზონანსული საკითხია საქართველოში. მოყოლებული დედაქალაქიდან, გაგრძელებული ბათუმით, ეს პრობლემა პირველ რიგში ეკოლოგიური კუთხით დგას ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში. თქვენი გამოცემა რეგიონულია და კარგად იცით ბათუმში არსებული მდგომარეობა, თუ როგორ არის მშენებლობა მორგებული კერძო ინვესტორებზე, რომლებიც არიან დაახლოებული „ქართულ ოცნებასთან“, ანუ ეს არის კორუფციული სქემა და როგორ მცირდება მოქალაქის როლი, გადაწყვეტილების მიღების ან მისი ინტერესების გათვალისწინების კუთხით.

ქობულეთიც არ ჩამორჩება ამ „ტენდენციას“. გავიხსენებდი „კრისტალ ბილდინგის“ საკითხს, რომელზედაც ძალიან აქტიურად ვსაუბრობდით ადგილობრივი ოპოზიცია და ეს საკითხი დღემდე აქტუალურია საკრებულოს სხდომებზე.

„კრისტალ ბილდინგი“ ძალიან მკაფიო მაგალითია ჩვენს ქალაქში ქაოსური მშენებლობის. კონტრაქტის თანახმად კომპანიას ბევრი ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული, რომელიც დღემდე არ შეუსრულებია და თუ მშენებლობას ადგილზე დავაკვირდებით, დავასკვნით, რომ ამ ვალდებულებების შესრულებას კომპანია არც აპირებს. კონკრეტულად საუბარია ზღვაზე გადასასვლელ ბილიკებზე, საპარკინგე სივრცეებზე, რის ნაცვლადაც კომპანია ცალკე მშენებლობებს აწარმოებს, რაც პირდაპირი მნიშვნელობით უკანონოა.

ქაოსური განაშენიანება, უკანონო მიშენება თუ უკანონო მშენებლობა ჩვენს მუნიციპალიტეტშიც იჩენს თავს, რაც ფულის გათეთრების და კორუფციული გარიგების ძალიან საფუძვლიან ეჭვს ბადებს.

  • თქვენ პირადად ან თქვენს ფრაქციას რა ინიციატივები გქონდათ საკრებულოში? ეს ინიციატივები დარეგისტრირებული გაქვთ?

რაც შეეხება ინიციატივებს, ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პრობლემაა, შესაბამისად, მათი მოგვარების გზებზეც ვსაუბრობთ ინიციატივის ფორმატში.

როგორც მოგეხსენებათ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მრავალკომლიანი სოფელი გაზიფიცირების გარეშე ხვდება ცივ ზამთარს. გაზიფიცირება ერთ-ერთი აქტუალური თემაა მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, ამ საკითხს ხშირად ვაყენებთ დღის წესრიგში.

ამავდროულად, ბევრი გვისაუბრია სოფლის ამბულატორიებზე, რომლებიც სავალალო მდგომარეობაშია და ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს.

გამოვყოფდი ჩემს ბოლო ინიციატივას, რომლის შესახებაც წერილობით მივმართე ქობულეთის მუნიციპალიტეტს. ინიციატივაში საუბარი იყო ქალაქ ბათუმში ბაზალტის ტიპის ფილების ასფალტის საფარით ჩანაცვლებაზე, კანონის თანახმად აღებული ქვაფენილი უნდა დასაწყობებულიყო, ნაცვლად ამისა „ქართულმა ოცნებამ“ ის მასთან დაახლოებულ ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას უსასყიდლოდ გადასცა, რის შედეგადაც დაზარალდა აჭარის ბიუჯეტი.

ჩემს ინიციატივაში საუბარი იყო ამ ქვაფენილის ჩვენს მუნიციპალიტეტზე გადმოცემაზე, რასაც გამოვიყენებდით რეკრეაციული სივრცის, ზღვაზე გადასასვლელი ბილიკების, ტროტუარების, პარკებისა თუ სკვერების მოწყობისთვის, ასე ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემცირდებოდა ინფრასტრუქტურული პრობლემები და დაიზოგებოდა ბიუჯეტი.

  • მთავარი გამოწვევა რა არის დღეს მუნიციპალიტეტისთვის?

როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბის, სამუშაო ადგილების სიმცირისა და ახალგაზრდული ინტერესის სფეროს არ ქონის დაძლევა.

ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის, არ მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც იმთავითვე ამცირებს მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილების რიცხვს და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება.

ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების ინტერესის სფეროს არარსებობა, რაც აისახება მომავალი თაობის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადინებაზე. გამოწვევაა ახალგაზრდული ცენტრების არ ქონა, რომლებიც მოიცავს როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე შემეცნებითი კუთხით ახალგაზრდების ჩართულობასა და განვითარებას.

ვისურვებდი ქობულეთში გაიხსნას ახალი, მულტიფუნქციური საჯარო ბიბლიოთეკა, სოციალური სივრცეები და კინო. ამ საკითხების ინიცირებას ვგეგმავ შესაბამისი შესაძლებლობისთანავე.

  • მთავრობა ამბობს, რომ ინვესტიციის მოზიდვით ქმნის სამუშაო ადგილებს, სანაპიროსთან ერთად პლაჟებს გრძელვადიანი იჯარის წესით ასხვისებენ. რას ფიქრობთ ამაზე?

ინვესტიციას არ ვეწინააღმდეგები, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს, ზღვაზე გასასვლელები არ ჩაიკეტოს და პლაჟების გრძელვადიანი იჯარით გასხვისებასაც არ ვემხრობი.

როცა დეტალურად იქნება რისკები გაწერილი, კარგი ინვესტიცია მართლაც მოიტანს სარგებელს.

  • ჩათვალეთ, რომ ერთგვარ ანგარიშს აბარებთ ამომრჩეველს. დამისახელეთ სამი რამ, რაც, როგორც საკრებულოს წევრმა, გააკეთეთ და ფიქრობთ, რომ ეს სასარგებლო იყო ამომრჩევლისთვის. 

კონკრეტული სამი თემის გამოყოფას ვერ შევძლებ, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს რიგით მოქალაქეს, ეს იქნება ინფრასტრუქტურული საკითხები, სოციალური პროგრამები, განათლების საკითხები, ახალგაზრდების პრობლემების იდენტიფიცირება თუ კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ მმართველი რგოლი ჩვენს მიერ შეთავაზებულ გეგმას არ ითვალისწინებს და არ იყენებს შანსს, რომ ერთად ვიბრძოლოთ ყველა ამ პრობლემის მოგვარებისათვის.

გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ თითოეული ადგილობრივი მაცხოვრებლის ხმა საკრებულოში, ვმუშაობთ მათთვის საკეთილდღეო საკითხებზე, გავაგრძელებთ აღნიშნული კუთხით მუშაობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, გამოიჩენს კეთილგონიერებას და ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, რომ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის უკეთესს მომავალზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: