მთავარი,სიახლეები

როგორ აღმოჩნდა 2 შვილის დედა თავშესაფარში – „ის დღეები რომ მახსენდება, სხეულში ახლაც მსუსხავს“

21.10.2022 • 2564
როგორ აღმოჩნდა 2 შვილის დედა თავშესაფარში – „ის დღეები რომ მახსენდება, სხეულში ახლაც მსუსხავს“

„მახსენდება, როგორ დამტოვა ექიმმა სამშობიაროდ ოთახში მთელი ღამით მარტო და მეგონა, რომ მე და ჩემი შვილი მოვკვდებოდით, როგორ ველოდებოდი გათენებას, რომ ვინმეს მაინც შემოეღო კარები.

მახსენდება ის დღეები, როცა მშიერ, მძინარე ბავშვებს დავყურებდი და მეშინოდა, რომ ძილში მოკვდებოდნენ შიმშილისგან… როცა ის დღეები მახსენდება, მთელს სხეულში ახლაც მსუსხავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნატალია აივაზიანი, 53 წლის ქალი, რომელიც ერთი წელია, რაც ბათუმის უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობს.

ერთ დროს ნატალია თავის შვილებთან ერთად ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ახმეტელის ქუჩაზე, დრამატული თეატრის წინ ცხოვრობდა. ბინა მის მშობლებს ეკუთვნოდა და დაქორწინების შემდეგაც ამ ბინაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.

ნატალია ამბობს, რომ მისი მეუღლე უმუშევარი იყო, თუმცა მუშაობის უფლებას არც მას აძლევდა.

„სულ სახლში იჯდა, არ მუშაობდა. შემოსავალი ხომ გვჭირდებოდა? „ინტურისტში“ დავიწყე მუშაობა, თუმცა ამაზეც ბრაზდებოდა და სულ სკანდალებს მიწყობდა. ფიზიკურადაც კი ძალადობდა ჩემზე,“ – გვიყვება ნატალია.

ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, როცა მისი მეუღლე რუსეთში წავიდა და 7 წელი არ დაბრუნებულა.

ნატალია აივაზიანი თავშესაფარში

„ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, შემდეგ ჩამოვიდა. არც ფული ჩამოიტანა. არ უნდა მიმეღო, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული იყო – მითხრა, რომ ჩვენთან ყოფნა უნდოდა, მეც დავუჯერე და შევურიგდი.

ისევ სახლში იჯდა და არსად მუშაობდა. მე ცოტა დანაზოგი მქონდა და ამით ვარსებობდით. მეორე ბავშვს ველოდებოდით და ფული ხომ გვჭირდებოდა? ისევ რუსეთში მოინდომა წასვლა. მშობიარობის დროს მოვალო, მითხრა, მაგრამ ისევ მომატყუა,“ – ამბობს ნატალია.

მშობიარობის ღამე მისთვის ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა. ამ ამბის გახსენებაზე ნატალია ახლაც კი კანკალებს და ტირის.

„ღამის ორი საათი იყო, როცა მშობიარობა დამეწყო. მარტო ვიყავი. პატარა ბიჭი მეზობლის ხანდაზმულ ქალს დავუტოვე და წავედი. ექიმმა მარტოდ რომ დამინახა, ალბათ იფიქრა, რომ უპატრონო ვიყავი. არავინ გახლავს? – მკითხა.

ტკივილის გამო ფულის წაღებაც დამავიწყდა, მაგრამ ხელზე ძვირფასი ბეჭედი მეკეთა და ვუთხარი, რომ გადახდა შემეძლო. ხვალ ჩემი მულიც მოვა და ყველაფერს მოიტანს-მეთქი, მაგრამ მაინც ცუდად მიყურებდა ის ექიმი. სამშობიარო ბლოკში შემიყვანა და დამტოვა. მითხრა, – მე უნდა დავიძინოო.

ვყვიროდი, გთხოვთ, არ დამტოვოთ მარტო-მეთქი, მაგრამ უხეშად მიპასუხა, ნერვებს ნუ მიშლიო. სრულიად მარტოდ დამტოვა, ექთანიც კი არ იყო ბლოკში. საშინელი ტკივილი მქონდა, მეგონა ვკვდებოდი, ვყვიროდი და არც ერთ ადამიანს კარი არ შემოუღია.

თვალი საათისკენ მქონდა, იქნებ ვინმე შემოვიდეს-მეთქი. ღამის ოთხი საათი იყო, როცა დამლაგებელმა შემოაღო კარი. ვემუდარებოდი, დაუძახე ვინმეს-მეთქი. უხეშად მომაძახა – „ზამალჩი, ზატკნის“ და იატაკის საწმენდი ფეხზე დამარტყა. ასე მეგონა, სადღაც ჯოჯოხეთში ვიყავი ან ცუდი სიზმარი მესიზმრებოდა. მარტოობისგან, შიშისა და ტკივილისგან ერთად ვიტანჯებოდი. ყველას უპატრონო ვეგონე… ისე ვიყავი, მეგონა, რომ მეც და ბავშვიც ვკვდებოდით.

დილის ცხრა საათი სრულდებოდა, როცა ექიმი შემოვიდა ოთახში, ნელა მომიახლოვდა და ისე დამხედა, მგონი არ სჯეროდა, რომ ისევ ცოცხალი ვიყავი. როცა ჩემი გოგონა დაიბადა, გონება დავკარგე და აღარც მახსოვს შემდეგ რა მოხდა,“ – გვეუბნება ნატალია.

ნატალია აივაზიანი
თავშესაფრიდან
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ამბობს, რომ ეს მძიმე ისტორია არც ორი თვის შემდეგ, სახლში დაბრუნებული ქმრისთვის მოუყოლია, „რა აზრი ჰქონდა? მინდოდა, მალე დამევიწყებინა“.

საბოლოოდ, ნატალიას ქმარი ისევ წავიდა რუსეთში. ამჯერად სამუდამოდ. ნატალია კი ორი თვის ჩვილით და 11 წლის ბავშვით სრულიად მარტო დატოვა.

„წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიყავი – უმუშევარი, უფულო, მშობლები აღარ მყავდა, არც ახლობლები, სასოწარკვეთაში ვიყავი. მეზობლის ბერძენი ქალი მეხმარებოდა, თორემ მშივრები დავიხოცებოდით.

როცა ეძინათ, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ხვალ დილამდე იცოცხლებენ? ნეტა ხომ არ მოკვდებიან მშივრები-მეთქი. პური არა, შაქარი არა, არც სახელმწიფო მეხმარებოდა, არავინ.

ყველაფერი გავყიდე, რაც გამაჩნდა, ოქრო, ჭურჭელი…

ერთადერთი, ჩემი მოხუცი კარის მეზობელი იყო, რომელიც თეფშით ხან სუპს, ხან ბორშის შემოგვიტანდა. როგორ უნდა შევჭამო, როცა ვიცი ბავშვები მშივრები კვდებიანო – მეტყოდა. ლენინგრადის ბლოკადა რომ იყო ომის დროს, ისეთ დღეში ვიყავით.

აღარც მული მეხმარებოდა, რადგან ქმარი ეჩხუბებოდა, მე ხომ არ უნდა ვარჩინო, შენმა ძმამ მიხედოს, ან უკრაინაში წავიდეს, ხომ ჰყავს იქ ნათესავებიო.

ჩემი მშობლები უკრაინელები იყვნენ, თუმცა აქ დაბადებულ-გაზრდილები, შორეული ნათესავები კი ვერ მეხმარებოდნენ “ – გვიყვება ნატალია.

ნატალიას სახლში იმედი და სითბო მას შემდეგ გაჩნდა, როცა პატარა შვილი ბაღში გაუშვა და მუშაობა დაიწყო. „როგორი გახარებული იყვნენ ჩემი შვილები, როცა სახლში სითბო და საკვები გაჩნდა,“ – ამბობს ის.

ძალიან მალე ნატალია ისევ დადგა ახალი განსაცდელის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა, არ გაითვალისწინეს მისი მარტოხელობა და სამსახურში შეამცირეს.

ამ დროს უფროსი შვილი ნატალიას მძიმე მდგომარეობაში ჰყავდა.

„დაეცა და ფეხი დაიზიანა. საავადმყოფოში რომ მივიყვანე, მითხრეს, ისეთი არაფერიაო და გამოგვიშვეს. როგორც ჩანს, ინფექცია შეიჭრა და ბავშვი ცუდად გახდა.

მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ რეანიმაციაში გადაიყვანეს. მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. ბოლოს დახმარება მაშინდელ მერს, ასლან სმირბას ვთხოვე, რადგან ფინანსური რესურსები ამომეწურა. როგორც მითხრეს, უყიდეს ბავშვს ანტიბიოტიკები და სხვა წამლებიც, მაგრამ ბავშვი უარესად დამძიმდა.

ერთ დღეს, სანიტარი მომიახლოვდა და მითხრა: შენი შვილი კვდება, უბრალოდ არ გეუბნებიან. წაიყვანე აქედან, თბილისში გადაიყვანეო. თურმე სეფსისი იყო განვითარებული და არც მეუბნებოდნენ.

ისევ გავვარდი მერიაში და ფანჯრიდან ვეძახდი მერს. ვუთხარი, რომ თბილისში გადაყვანაში დამხმარებოდა.

ასლან აბაშიძის ნახვა მინდოდა, მაგრამ არ შემიშვეს. მითხრეს, კონცერტზეა ცოლთან ერთადო. მე შვილი მიკვდებოდა, ის კი კონცერტობდა. როცა გარეთ გამოვიდა, ყვირილი ავტეხე, – მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთ-მეთქი. ალბათ გაიგონა ჩემი ხმა, რადგან მართლა დამეხმარნენ გადაყვანაში,“ – გვეუბნება ნატალია.

ნატალიას შვილს მკურნალობის გაგრძელება გერმანიაში მოუწია, რადგან ძვალი სეფსისის გამო ძლიერად იყო დაზიანებული და საქართველოში ოპერაცია ვერ გაუკეთეს.

თავშესაფარში

სიღარიბემ, უმუშევრობა, ავადმყოფობამ, საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ნატალიამ მშობლებისგან დანატოვარი ბინაც გაყიდა და ორი შვილით უსახლკაროდ დარჩა.

როცა უფროსი შვილი გერმანიიდან დაბრუნდა, გადაწყვიტა მამის მოძებნა რუსეთში, თუმცა ეს ამბავიც ტრაგიკულად დასრულდა.

„ჩემი შვილი ჩავიდა მამასთან და უთხრა, რომ გამოეგზავნა საბუთები ჩვენს წასაყვანადაც. მამამისმა უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა. ისევ მე გავუგზავნე 2 ათასი დოლარი. როცა ჩემი ბიჭი მიხვდა, რომ მაინც არ აკეთებდა საბუთს, იჩხუბა მამასთან. იქ იყვნენ მამის ძმა და მშობლებიც, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს“.

პოლიციამ ნატალიას შვილი განყოფილების ნაცვლად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ეს მოხდა 2008 წელს.

„რაღაც ნემსები უკეთეს ჩემს შვილს და დღემდე არ ვიცით, რა დამართეს, რადგან იქედან დაბრუნების შემდეგ ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, მანამდე კი არასდროს ჰქონია მსგავსი რამ,“ – ამბობს ნატალია.

ახლა ნატალიას მსგავსად მისი უფროსი შვილიც თავშესაფარშია და 150-ლარიანი პენსიით ცხოვრობს.

ნატალიას ქალიშვილი კი თბილისშია. სტუდენტი გახდა და ერთი წლის შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო სტატუსის შეჩერება მოუწია.

„ისეთი კარგი გოგოა, ისე კარგად სწავლობს, უცხო ენებსაც ფლობს… მაგრამ მე ვეღარ ვეხმარები, მუშაობა დაიწყო და ხელფასი ისეთი დაბალი ჰქონდა, ბინის ქირაში და გადასახადებში ძლივს ჰყოფნიდა. ამიტომ მე ვერ დამეხმარება,“ – გვეუბნება ნატალია.

ბოლო 5 წელი ნატალია მომვლელად მუშაობდა და იმ ქალის სახლშივე ცხოვრობდა. თუმცა ქალის გარდაცვალების შემდეგ ნატალია ისევ უსახლკაროდ დარჩა.

ნატალია აივაზიანი

„კარგი თავშესაფარი, რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს არსად აღარ გაქვს წასასვლელი, მაგრამ ჩვენს თავშესაფრებში პრობლემაა ის, რომ საძინებელი ოთახები საერთოა, ორ-სამ ადამიანს სძინავს ერთად და ეს ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტია.

ყველა ადამიანს თავისებური ხასიათი აქვს, ვიღაცას სტკივა, ვიღაც მხიარულ ხასიათზეა. მაგალითად, ჩემს ოთახში ახალგაზრდა ქალი ცხოვრობდა, მთელი ღამე ტელეფონზე საუბრობდა, ამ დროს, მე ფეხის ტკივილი მტანჯავდა და ვერ ვეუბნებოდი, რომ სიმშვიდე მჭირდებოდა.

ცალკე საძინებლები რომ გვქონდეს, ბევრად უკეთესი იქნება, რთულია ასე ცხოვრება,“ – ამბობს ნატალია.

მისი თქმით, საქართველოში უსახლკარო ქალები დაუცველები არიან. დარდობს თავის წარსულზე, დაკარგულ ბინაზე, შვილების მომავალზე და ბრაზობს ყოფილ მეუღლეზე, „რომელმაც შვილებს არც ალიმენტი გადაუხადა, არც რეანიმაციაში მოიკითხა და ბოლოს პოლიციაშიც კი დაასმინა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: