„ტანსაცმელს მაინც ვუყიდდი ბავშვებს“ – უკრაინელი ლტოლვილები 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ

უკრაინელი კატერინა პოპოსიევა ხელვაჩაურში, სახლის სხვენზე ცხოვრობს. ქალი პირველკლასელ შვილთან ერთად ქართველმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა არ იცის როდემდე შეძლებს ეს ოჯახი მისი და მისი შვილის საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

კატერინა საკვებ პროდუქტებს თვეში ერთხელ, ან 2-3 კვირაში ერთხელ იღებს პარტია „ლელოს“ ოფისიდან, სადაც უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამოსს, მედიკამენტებსა და პროდუქტებს მოხალისეები აგროვებენ.

კატერინას თვეში დაახლოებით 60 ლარის ღირებულების მედიკამენტები ესაჭიროება, რისი ყიდვის შესაძლებლობაც არ აქვს. მის პირველკლასელ შვილს არ აქვს რეზინის ბოტები, წვიმაში გამოსადეგი სამოსი და თბილი ტანსაცმელი მოახლოებული ზამთრისთვის.

„ზაფხულში განცხადება დაგვაწერინეს, უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოს მთავრობა თვეში 300 ლარით დაეხმარებაო, გავიგეთ. შევავსე განაცხადი, ანგარიშიც გავხსენი ბანკში, მაგრამ არაფერი დამრიცხვია. ყოველ კვირაში ვრეკავ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1505, რომ გავიგო, რატომ არ მერიცხება დახმარება, მაგრამ გპასუხობს ავტომოპასუხე და ცოცხალი ადამიანის ხმას ვერ გაიგონებ“ – ამბობს კატერინა.

კატერინა პირველკლასელ შვილთან ერთად

როგორც ის გვიყვება, უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ მან მცირე დანაზოგი თან წამოიღო, თუმცა საქართველოში რამდენიმეთვიანი ცხოვრების განმავლობაში ეს რესურსი ამოეწურა.

კატერინა ამბობს, რომ 300-ლარიანი დახმარება საქართველოს მთავრობისგან მისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, თუმცა ვერ მიიღო.

საქართველოს მთავრობის ბრძანებით 2022 წლის აგვისტოდან უკრაინელ ლტოლვილთა ოჯახებს დაენიშნათ 300-ლარიანი, ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუმცა კატერინას მსგავსად უკრაინის ომს გამოქცეული არაერთი ლტოლვილი დარჩა ამ დახმარების გარეშე, რადგან მთავრობამ ყოველთვიური, 300-ლარიანი დახმარება მხოლოდ იმ უკრაინელ ლტოლვილებს დაუნიშნა, ვინც მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში უსასყიდლოდ იყო განთავსებული 2022 წლის პირველ აგვისტომდე.

საქართველოს მთავრობის 300-ლარიან დახმარებას ვერც ნატალია იღებს. ის მეუღლესთან და 14 წლის შვილთან ერთად ახლა გონიოში ცხოვრობს. ოჯახმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან საქართველოს მოაშურა. ნატალიას მეუღლე ქართველია. გონიოში ოჯახი ნატალიას 84 წლის მამამთილმა შეიფარა. პენსიონერი კაცის 300-ლარიან პენსიას ახლა ხუთსულიანი ოჯახი ინაწილებს.

ნატალიას 24 წლის შვილი უკრაინაში იბრძვის, მისმა მეუღლემ კი ომამდე რამდენიმე დღით ადრე ხერხემლის მძიმე ოპერაცია გაიკეთა, სიმძიმის აწევა ეკრძალება, ამიტომ ხანგრძლივად ვერ შეძლებს დასაქმებას – სავალდებულო რეაბილიტაციის დროის გასვლამდე.

ნატალია ამბობს, რომ ამ პირობებში მათი ოჯახის 300-ლარიანი დახმარების გარეშე დატოვება უსამართლობაა:

„პენსიონერის 300 ლარით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი ახლა, ასე გამოდის, წამლის ფულს ვართმევთ… ჩვენც ჩამოგვყვა რაღაც თანხა უკრაინიდან, მაგრამ გოგო სკოლაში წავიდა, შემოდგომის სამოსი დასჭირდა, წამლები გვჭირდებოდა და დაიხარჯა რაც გვქონდა.

კომუნალური გადასახადებისთვის მაინც გამოგვადგებოდა სახელმწიფო დახმარება, მაგრამ ჩვენ ესეც არ გვერგო“ – გვეუბნება ნატალია.

ნატალიას ოჯახიც რამდენიმე კვირაში ერთხელ აკითხავს ბათუმის „ლელოს“ ოფისს საკვები პროდუქტების მისაღებად.

300-ლარიანი დახმარების მისაღებად ნატალიამ განაცხადი აგვისტოში შეავსო, უთხრეს, რომ ანგარიშიც უნდა გაეხსნა „ლიბერთი ბანკში“. ასეც მოიქცა, თუმცა ამ ანგარიშზე მას დახმარება არ დარიცხვია.

„არ ვიცი რატომ დამაწერინეს განცხადება თუ არ მეკუთვნოდა დახმარება, ან ანგარიში რატომ გამახსნევინეს, ვერაფერს ვხვდები. მერე გვითხრეს, რომ თითქოს მხოლოდ შშმ პირებსა და მარტოხელა დედებს დაუნიშნეს 300-ლარიანი დახმარება“ – ამბობს ნატალია.

დახმარება არ დაენიშნა არც ირინა ჰრაჩოვას და მის ოჯახს. ირინას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, ერთი პირველკლასელია, მეორე – ოთხი წლის. ბიჭს შშმ პირის სტატუსი აქვს, მას პერიოდულად სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა და აუცილებელი კვლევები.

„ტანსაცმლით და საკვებით ჩვენც „ლელოს“ ოფისიდან გვამარაგებენ, რამდენიმე კვირაში ერთხელ მოგვაქვს: კილოგრამი შაქარი, კილოგრამი  მაკარონი, მარცვლეული, ჩაი, მოშუშული ხორცისა და თევზის კონსერვები და ორცხობილა.

ღამის ცვლაში მუშაობდა ჩემი ქმარი რესტორნის მზარეულის თანაშემწედ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ახლა ვეღარ მუშაობს. ვერ ვყიდულობთ პირველკლასელი გოგოსთვის თბილ ბოტასებს, წყალგამძლე ქურთულს და რეზინის ბოტებს.

ირინა ჰრაჩივა – უკრაინელი ლტოლვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

ჩემს უმცროს შვილს ცალი თირკმელი არ აქვს, რაც აქვს, ისიც გადიდებული აქვს და მუდმივ მეთვალყურეობას, კვლევებს საჭიროებს. თავიდან ეს კვლევები უფასო იყო, ახლა უნდა გადავიხადოთ“ – ამბობს 2 შვილის დედა.

კიდევ ერთი უკრაინელი ლტოლვილის, ევგენიას შემთხვევა ზემოთ მოთხრობილი სამი ამბისგან განსხვავდება. მან განცხადება დაწერა, საბანკო ანგარიშიც გახსნა ლიბერთი ბანკში და საქართველოს მთავრობის დახმარებაც დაერიცხა, თუმცა მხოლოდ ერთხელ.

ევგენია, ლტოლვილი უკრაინიდან

„ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. ჩემი ქმარი უკრაინაში იბრძვის და ბინის დასაქირავებლად ფულს ის მიგზავნის. საკვების, ტანსაცმლის ფული არ გვრჩება.

მხოლოდ ერთხელ დამერიცხა 300-ლარიანი დახმარება. მერე აღარ, ვერავინ მპასუხობს რა ხდება. ან ერთხელ რატომ დამირიცხეს თუ არ მეკუთვნოდა, ან თუ მეკუთვნოდა, მერე რა მოხდა?!

ორი ბავშვით ჩამოვედი. ორივე სკოლის მოსწავლეა, არ აქვთ რეზინის ბოტები, თბილი ქურთუკები და ზამთრის სამოსი.

ბათუმში ძლიერი წვიმაა ხშირად. 39 გრადუსი სიცხით წევს ახლა ჩემი შვილი. ფეხსაცმელში წყალი შესდის, დასველდა და გალუმპული ფეხებით იყო მთელი დღე. ვეღარ ვუშვებ სკოლაში.

ეს 300-ლარიანი დახმარება იმაში მაინც გამომადგებოდა, რომ სეზონური ტანსაცმელი მეყიდა შვილებისთვის“ – ამბობს ევგენია.

2022 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში შემოვიდა 14 000 უკრაინელი ლტოლვილი, თუმცა მას შემდეგ 6 თვე გავიდა და უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით დიდია.

პუტინის მიზანი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ერის განადგურებაა – ISW

პრეზიდენტი პუტინი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფას, რაც სრულიად შეუთავსებელია უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან და ცხადად აჩვენებს, რომ მისი მიზანი უკრაინული სახელმწიფოს განადგურებაა – რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები უკვე ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მეორე ანგარიშის თემაა.

„პუტინმა უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფა 27 ოქტომბერსაც გააგრძელა, განაცხადა, რომ „ერთადერთი რეალური გარანტია უკრაინის სუვერენიტეტისთვის“ შეიძლება იყო რუსეთი, რომელმაც უკრაინა „შექმნა“.

პუტინის თქმით, „ისტორიული ფაქტია“, რომ უკრაინელები და რუსები „ფუნდამენტურად ერთი ხალხია“, რომელიც არასწორად არიან დაშორებულნი „სხვადასხვა სახელმწიფოში“ – წერია ანგარიშში.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ „უკრაინამ უკვე დაკარგა თავისი სუვერენიტეტი“ და „NATO-ს ვასალად იქცა“.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი თავისი გამოსვლებით იმ ფაქტების იგნორირებას ახდენს, რომ უკრაინა სრულად სუვერენული სახელმწიფოა, რომლის დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციასაც აღიარებული აქვს და რომ უკრაინელი ხალხი განსხვავებული ერია.

„ის, რომ პუტინი ჯიუტად განაგრძობს ნარატივს, თითქოს უკრაინა და რუსეთი ერთი ხალხია სხვადასხვა სახელმწიფოში და ამის გამყარებას ისტორიული გარემოებებით ცდილობს, კიდევ ერთხელ მიუთითებს მის მიზანზე – გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და უკრაინელი ერის ცნება მთლიანად წაშალოს.

ეს განცხადებები რუსეთის სხვა ბევრ ქმედებასთან ერთად სერიოზულად უნდა გვაფიქრებდეს კითხვაზე  – ხომ არ არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გენოციდი, რადგან გენოციდი ნიშნავს „განზრახვით ჩადენილ ქმედებას, რომელიც მიმართულია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებისკენ.“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსი მაღალჩინოსანი დაიმუქრა, რომ რუსეთს შეუძლია მიზანში ამოიღოს დასავლური კომერციული თანამგზავრები, რომლებიც უკრაინას ეხმარება;
  • რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით და კრემენაია-ლისიჩანსკის ხაზზე;
  • რუსეთის ძალები განაგრძობენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ხარკოვის ოლქში, დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე;
  • რუსული წყაროების ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს ხერსონის ოლქში;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა შეტევებს დონეცკში;
  • რუსმა სამხედროებმა მობილიზაციის ფარგლებში გაწვევის დოკუმენტები გაუგზავნეს რუსეთში მომუშავე უცხოეთის მოქალაქეებს;
  • რუსული და საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაიწყეს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებისგან მობილური ტელეფონების ამოღება, „უსაფრთხოების ოპერატიული ზომების“ საბაბით.

Shark – ახალი უკრაინული დრონი, რომელსაც მტრის ზურგში დაზვერვა შეუძლია

უკრაინულმა კომპანიამ შექმნა ახალი უპილოტო საავიაციო კომპლექსი Shark, რომელსაც სხვა დავალებების შესრულებასთან ერთად, ამერიკული საარტილერიო სისტემა HIMARS-ისთვის ცეცხლის კორექტირებაც შეუძლია.

„ფაქტობრივად, უკვე ომის პირობებში მიდიოდა „შარკზე“ მუშაობა. ეს არის ჩვენი კომპანიის ოპერატიული პასუხი უკრაინის არმიის გამოწვევებსა და საჭიროებებზე. „შარკი“ უკვე სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია,“ – ამბობენ კომპანია „უკრსპეცსისტემში“, რომელმაც უპილოტო საფრენი აპარატი შექმნა.

კომპანიაში დასძენენ, რომ ამ მზვერავი დრონის შესაქმნელად, პროექტიდან პირველ ფრენამდე, დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდათ: „შარკი“ სპეციალურად შექმნილია მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოდ, საფუძვლიანი საჰაერო დაზვერვისა და კორექტირებისთვის, მათ შორის დასავლური შორსმოქმედი შეიარაღებისთვის, ისეთისთვის, როგორიც HIMARS-ია.“

ფოტო: „უკრსპეცსისტემსი“

„შარკს“ ასევე აქვს საიმედო დაშიფრული კავშირი და კამერა 30-ჯერადი ოპტიკური გადიდებით და დამატებითი ციფრული ზუმით, რომელთა დახმარებითაც მას შეუძლია შევიდეს მტრის ზურგში 60 კილომეტრის სიღრმეში და ობიექტების დაზვერვა აწარმოოს 5 კილომეტრის რადიუსში.

„შარკის“ ტექნიკური მახასიათებლები:

  • ფრენის დრო – 2 საათი;
  • კავშირის მანძილი – 60 კმ;
  • პრაქტიკული ჭერი – 2000მ;
  • კამერა – Full HD 30-ჯერადი ოპტიკური გადიდებით და დამატებითი ციფრული ზუმით;
  • ასაფრენი წონა – 10კგ;
  • ფრთების შლილი – 1,91 მ;
  • გაშლის დრო – 15 წთ;
  • ექსპლუატაციის ტემპერატურა – -15 C დან +50 C-მდე;
  • დაშიფვრის მეთოდი – AES256;
  • კრეისერული სიჩქარე – 70-90კმ/სთ;
  • ფრენის მაქსიმალური სიჩქარე – 150 კმ/სთ;
  • მინიმალური სიჩქარე – 60კმ/სთ;
  • აფრენის მეთოდი – კატაპულტი;
  • დასმის მეთოდი – პარაშუტი.

https://youtu.be/xAnSjot9sGY

„უკრსპეცსისტემსი“ უკრაინული კომპანიაა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. ის სამხედრო სამოქალაქო უპილოტო საფრენ აპარატებს, მართვის სახმელეთო სადგურებს, მათ კომპონენტებს აწარმოებს და პროგრამულ უზრუნველყოფას ეწევა.

კომპანია ორი კლასის უპილოტო აპარატებს უშვებს – ოპერატიულ ტაქტიკური დონის PD-2 და ტაქტიკური საფრენი აპარატი „შარკი“.

მთავარი ფოტოზე: „შარკი“/ფოტო:„უკრსპეცსისტემსი“

ფრონტზე მათ დასაცავად წავედი – ჯარისკაცი, რომელმაც კიევის დაბომბვისას მშობლები დაკარგა

ვიქტორ განიჩი უკრაინელი სამხედროა, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის დასაცავად ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ვიქტორის მშობლები კიევში ცხოვრობდნენ, სახლში, რომელსაც 17 ოქტომბერს კამიკაძე-დრონის მიერ ნასროლი რაკეტა დაეცა.

ვიქტორი თავის დანაყოფთან ერთად უკრაინის სამხრეთში იბრძვის. იხსენებს, რომ ომის დასაწყისში, როდესაც მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა, მშობლებმა უსიტყვოდ დაუჭირეს მხარი.

„ყოველთვის ვეუბნებოდი, მივდივარ, რომ თქვენც დაგიცვათ, აქ უფრო უსაფრთხოდ რომ იყოთ-მეთქი“, – ეუბნება უკრაინის 24-ე არხს ვიქტორი, რომელიც ზუსტად დაბომბვამდე რამდენი დღით ადრე ჩავიდა კიევში მშობლების მოსანახულებლად.

17 ოქტომბრის დილას, როდესაც საჰაერო განგაშის ხმა გაიგონეს, სასწრაფოდ თავშესაფარში ჩასვლა გადაწყვიტეს.

ვიქტორ განიჩი მშობლების სახლთან კიევში/ფოტო: 24-ე არხი

„გავიგონეთ თუ არა, იმწამსვე დავიწყეთ მზადება. მე ჩაცმული ვიყავი უკვე და მშობლებმა მითხრეს, მიდი, სადარბაზოს კარი გააღე, ფეხზე ჩავიცვამთ და ჩამოვალთო. როგორც კი სადარბაზოდან გავედი, პირდაპირ ჩვენს ბინას მოხვდა რაკეტა. 10 წამი იყო სულ ალბათ გასული,“ – იხსენებს ვიქტორი.

სახლის მარცხენა ნაწილიდან, რომელიც ნაკლებად იყო დაზიანებული, ჯერ კიდევ გამოჰყავდათ ხალხი. ჯარისკაცის მშობლები კი კორპუსის მარჯვენა ნაწილში, საკუთარი ბინის ნანგრევებში იპოვეს. ორივე ადგილზე დაიღუპა.

დაიწვა ვიქტორის დოკუმენტები, ფორმა და აღჭურვილობაც.

„ვიცი, რომ უკეთეს ადგილას არიან და ვეღარ ხედავენ ამ ყველაფერს. ახლა მხოლოდ 84 წლის ბებია დამრჩა, მაგრამ დამრჩა ბრძოლის სურვილიც. თანამებრძოლებიც ყველანაირად დამეხმარნენ. და რა ვქნა სხვა? ხელები ჩამოვუშვა? არა, არ შეიძლება, ამის შემდეგ მით უმეტეს არ შეიძლება“.

კითხვაზე, რუსი სამხედროებისთვის რამეს თქმას ხომ არ მოისურვებდა, ვიქტორი პასუხობს, რომ არა, რადგან მათთან ლაპარაკი უკვე შეუძლებელია.

„არაფერს ვეტყოდი, გავანადგურებდი მხოლოდ. მაინც არაფერი ესმით. ტყვედაც კი არ ავიყვანდი მათ, რომ შეიძლებოდეს, მაგრამ ესაა, რაც ჩვენ მათგან განგვასხვავებს,“ – ამბობს ის.

ვიქტორ განიჩის მშობლების სახლი აფეთქების შემდეგ/ფოტო: საგანგებო სიტუაციების სამსახური

ვიქტორი ყველა მოქალაქეს ურჩევს, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ უყურადღებოდ საჰაერო განგაშის სიგნალი.

„შეიძლება, სამოქალაქო პირებს ჰგონიათ, რომ ეს სადღაც შორსაა და შეუძლიათ არაფერი გააკეთონ, მაგრამ ასე არაა. ყოველ ჯერზე საჭიროა რეაგირება.“

17 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქების მორიგი დაბომბვის დროს, კიევში, ვიქტორის მშობლების სახლში, 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ორსული ქალი.

მთავარ ფოტოზე: ვიქტორ განიჩი/24-ე არხის კოლაჟი

ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მასზე მაღლა არ დგახარ და მისი მესაიდუმლეც ხარ – მასწავლებელი

„ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ შენ მასზე მაღლა არ დგახარ, მისი მესაიდუმლე ხარ და ამისთვის რაღაც მსხვერპლსაც იღებ,“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მათემატიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

„ბათუმელები“ ახალგაზრდა პედაგოგს სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში მასწავლებლის როლზე ესაუბრა.

გიორგი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის, უფროსებს კი – სამოქალაქო განათლებას.

„სანამ მასწავლებელი არ გავხდი, მანამდე ვერც მე ვხედავდი, როგორი სტრესისა და პასუხისმგებლობის ქვეშ უწევს მასწავლებელს მუშაობა ყოველდღიურად: ადრე მეც ვფიქრობდი, რომ მასწავლებლის საქმე სრულდება გაკვეთილით, რაც ასე არ არის.

ეს შრომა გრძელდება არაფორმალურ გარემოში, გრძელდება მშობლებთან ურთიერთობაში და გაქვს განცდა, რომ არასდროს მთავრდება. მასწავლებელი ვალდებული ხდება იყოს იმდენი, რამდენი ბავშვიც ჰყავს კლასში,“ – გვეუბნება გიორგი.

მისი აზრით, პრობლემა ვერ გვარდება მაშინ, როცა მშობელი არ აღიარებს პრობლემას და არ სურს დაეხმაროს მასწავლებელს. ეს პრობლემები კი ძირითადად მოსწავლის ქცევას უკავშირდება, საიდანაც შესაძლოა კონფლიქტი აღმოცენდეს.

„წარმოიდგინეთ, რომ 29 ბავშვი გყავს კლასში და ორი ამდენი მშობელი. ყველასთან უნდა მიხვიდე, ყველას მოუსმინო, გაუგო, მაშინაც კი, თუ მეორე მხარე საერთოდ არ არის განწყობილი მოსასმენად.

არ უნდა აღელდე, ნერვებს არ უნდა აჰყვე, თუმცა მაინც გიწევს ნერვიულობა. ყველაზე მეტად მაშინ, როცა ცდილობ დაეხმარო ბავშვს, მშობელს, ის კი საერთოდ არ ცდილობს საკუთარი თავის დახმარებას.“

გიორგის თქმით, არის შემთხვევები, როცა მშობელი თავდაცვის პოზიციას ირჩევს და პრობლემას არ აღიარებს.

„შენ ესაუბრები მის შვილზე, გინდა დაანახო პრობლემა და სთხოვ, ითანამშრომლოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ის კი ცდილობს, შენგან დაიცვას შვილი. ასეთ დროს გგონია, რომ არ გენდობიან და რაღაცას არასწორად აკეთებ, ეს არის ძალიან სტრესული ჩემთვის,“ – ამბობს გიორგი.

რა მეთოდი მუშაობს უფრო მეტად ბავშვებს შორის დისკრიმინაციის ან კონფლიქტების აღმოფხვრის დროს? – ვკითხეთ მას.

გიორგის აზრით, ყველაზე კარგად პირადი მაგალითი მუშაობს.

„იყო ასეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა ბავშვმა კანფეტები დაურიგა ბავშვებს, მაგრამ რამდენიმე თანაკლასელი გამოტოვა. მეორე დღეს მეც შევიძინე ტკბილეული, ჩამოვარიგე კლასში  და არ მივეცი რამდენიმე ბავშვს, მათ შორის მას, ვინც წინა დღით ბავშვები გამოტოვა. შემდეგ ვკითხე ამ ბავშვს, მოვიქეცი თუ არა სწორად? ბავშვმა მითხრა, რომ ეს არ იყო კარგი საქციელი. ამიტომ სამართლიანობის სწავლება კონკრეტული მაგალითებით უკეთესია. როცა საკუთარ თავზე გამოცდიან უსამართლობას, შემდეგ ცდილობენ, აღარ გაიმეორონ იგივე.

ასე უფრო ხვდებიან, ვიდრე მხოლოდ ლექციით ან შეგონებებით. კლასის ხელმძღვანელებს კონკრეტული საათებიც გვაქვს გამოყოფილი იმისთვის, რომ ბავშვებს დამრიგებლის საათზე შევხვდეთ და განვიხილოთ პრობლემური საკითხები, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და რაღაც შედეგამდეც მივიდეთ,“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი.

მისი აზრით, თუ ბავშვებთან პატარა ასაკშივე სწორად ვიმუშავებთ და ვასწავლით ერთმანეთის აზრის მიმღებლობას, ურთიერთპატივისცემას და დავანახებთ პრობლემის მოგვარების გზებს, მაღალ კლასებში კონფლიქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

„ასე უნდა მუშაობდეს მასწავლებელი ყოველდღე და იყოს მოსამართლე ამ პატარ-პატარა კონფლიქტების მოგვარებაში. უნდა გაარკვიო, სწორად დაანახო რაღაცები.

ძალიან კარგად ხვდებიან შეცდომებს, თუ სწორად აუხსნი, რადგან შემდეგ თვითონ ცდილობენ დაგანახონ, რომ აი, მე ჩემს შეცდომას მივხვდი და გამოვასწორე,“ – გვეუბნება გიორგი.

პედაგოგის აზრით, ნდობა მასწავლებელსა და ბავშვს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნდობის აშენება კი მთლიანად დამოკიდებულია მასწავლებელზე და ამისთვის მსხვერპლის გაღებაც უწევს მას.

„მსხვერპლში ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა ბავშვის პატარა „დანაშაულების“ დროს არ ჩარიო პირდაპირ მისი მშობელი, თუკი ამას გთხოვს ბავშვი და ეს ამბავი დატოვო „საიდუმლოდ“.

პირველ რიგში, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ შენ მასზე მაღლა არ დგახარ, მისი მესაიდუმლე ხარ. მოდი, ვიმეგობროთ, მოვაგვაროთ ეს პრობლემა ჩვენ, უფროსების ჩარევის გარეშე და ისიც გენდობა, რადგან გაითვალისწინე მისი თხოვნა და რაღაცნაირად თვითშეფასებაც უმაღლდება, რომ მან ეს შეძლო. როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი მესაიდუმლე ხარ, გაინტერესებს და გულთან მიგაქვს მისი პრობლემები, გენდობა და ეს დამოკიდებულება მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია“.

გიორგის თქმით, როცა ბავშვი გენდობა და გაღიარებს, მაშინ ადვილად გიღებს მშობელიც.

„თუ ბავშვს უყვარს მასწავლებელი, მშობელიც პოზიტიურად არის განწყობილი მის მიმართ. ბავშვს ყველაფერი მიაქვს სახლში და თუ რამე შეგეშლება, მშობელმა ეს უკვე იცის. თუ სიყვარულს გრძნობს ბავშვი, მშობელსაც უჩნდება ნდობა“.

არის შემთხვევები, როცა ბავშვების სეგრეგაცია ხდება მათი სოციალური თუ აკადემიური ნიშნით, რაც ერთ-ერთი პრობლემაა სკოლებში.

თუმცა როგორც გიორგიმ გვითხრა, ეს საკითხი მათ სკოლაში, ფაქტობრივად, დაძლეულია:

„ჩვენ ვართ ქართულ-გერმანული სკოლა და სხვა კულტურაა დანერგილი, როგორც კოლეგებთან ურთიერთობაში, ასევე ბავშვებთან მიმართებაში.

რაიმე ნიშნით ბავშვების დაყოფა სირცხვილად მიიჩნევა და ამას ვასწავლით ბავშვებსაც დაბალი საფეხურიდან.

ჩვენ ბავშვი არ უნდა გვაინტერესებდეს მხოლოდ სკოლაში, არამედ მთელი მისი ცხოვრებით, თუ როგორი იქნება ის, რა ღირებულბებით გაიზრდება და როგორ იცხოვრებს სოციუმში სკოლიდან გასვლის შემდეგ.

ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ ბულინგის, დისკრიმინაციის ბევრი შემთხვევა გვაქვს სკოლებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საფუძველშივე ვერ ვიმუშავეთ ბავშვებთან სათანადოდ და ეს არის ამის შედეგი. თანამშრომლობითი კულტურა და ტოლერანტობა ძალიან მნიშვნელოვანია.“

გიორგი არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასწავლებელსაც შეიძლება რაღაც შეეშალოს ისევე,  როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს.

„ხელის გაშვერა მასწავლებლისკენ ადვილია, მაგრამ ფაქტია, რომ მას აკისრებენ მეტ პასუხისმგებლობას, მაშინ, როცა ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის სოციალური გარემო.

საბოლოოდ კი ეს ყველაფერი მაინც დადის ფორმულამდე – ბავშვს უნდა ხედავდე და იღებდე ისეთს, როგორიც არის და უნდა ზრუნავდე, რომ იყოს უკეთესი,“ – გვითხრა გიორგიმ.

43 საქმეა აღძრული რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებზე უკრაინაში

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი კიევის ოლქში გამოვლინდა.

„იმ სისხლის სამართლის საქმეებს შორის, რომლებზეც უკვე მუშაობენ სამართალდამცველი ორგანოები, არის ჯგუფური გაუპატიურებისა და არასრულწლოვანთა გაუპატიურების საქმეებიც.

კიევის ოლქთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ ყველაზე მეტი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოვლენილია რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის 15 დაზარალებული.

ასეთივე ფაქტები გამოვლინდა ჩერნიგოვის (3 დაზარალებული), ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებშიც“ – უთხრა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინა პავლიჩენკომ.

მისი თქმით, ხერსონის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქების დეოკოპირებულ ტერიტორიებზე გამოვლენილ ფაქტებზე სამართალდამცველები ჯერ კიდევ მუშაობენ.

„რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, მხოლოდ აისბერგის წვერია“, – დასძინა პავლიჩენკომ.

სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური დანაშაულის შემთხვევებზე უკვე 43 საქმეა აღძრული.

მთავარ ფოტოზე: ეკატერინა პავლიჩენკო, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე/ფოტო: АрміяInform

რა აშენდება ქობულეთში, კლინიკა ბომონდის ადგილას – მერიის განმარტება

ქობულეთში, 26 მაისის ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს მდებარე ცენტრალური საავადმყოფოს შენობები და მიმდებარე ტერიტორია, 7241 კვ.მეტრი აჭარის მთავრობამ პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით გაყიდა. შემძენი შპს „ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდია“, რომლის 100 პროცენტსაც შპს „სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფი“ ფლობს.

შპს „სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის“ 100 პროცენტი მამუკა მიქაძეს ეკუთვნის.

მონიშნულია გაყიდული საავადმყოფოს ტერიტორია, წითლად მონიშნულია მომიჯნავე ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა

კომპანიამ ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფოს შენობა აუქციონზე ერთი ბიჯით, უკონკურენტო პირობებში, 3 მილიონ 680 000 ლარად იყიდა და 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ წინასწარ გაწერილ ვადებში უნდა დაიწყოს შენობების რეკონსტრუქცია და ასევე, ააშენოს  სამედიცინო დანიშნულებით ახალი შენობა. სამედიცინო დაწესებულების ამოქმედებიდან 10 წლის ვადაში კი ამ შენობებს პროფილი უნდა შეუნარჩუნოს.

კომპანიამ, აიღო ასევე საქართველოს 100 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება.

ქობულეთის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საავადმყოფოს შემძენს ტერიტორიაზე სხვა ფუნქციის შენობის აშენებაც სურს. მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ  მათ მიმართა პროექტის შეთანხმების მოთხოვნით, რომელიც ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობის მიზნით.

აქვე უნდა ითქვას, რომ თავიდან შპს „ამბასადორი ბათუმიც“ აცხადებდა, რომ ბათუმის ბულვარში მხოლოდ ოთხსართულიან სარეაბილიტაციო ცენტრს აშენებდა, შემდეგ კი 21-სართულიანი სასტუმრო ააშენა.

როგორ შეიპყრეს რუსებმა ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში

როდესაც რუსი სამხედროები დონეცკის ამ პატარა სოფელში შევიდნენ და ადგილობრივების შესამოწმებლად სახლებში ჩამოვლა დაიწყეს, სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებს, 64 წლის პენსიონერს, განსაკუთრებით შეეშინდა.

ჯარისკაცმა მისი პასპორტი გაშალა და სიცილი დაიწყო.

„ბიჭებო, ომი დამთავრებულია,“ – იყვირა მან. – „შეგვიძლია შინ წავიდეთ – მათი პრეზიდენტი შევიპყარით.“

64 წლის პენსიონერი ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტის სეხნია 1958 წელს მეშახტის ოჯახში დაიბადა, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში. ზელენსკი საბჭოთა არმიაში მსახურობდა და შემდეგ მშენებლობაზე მუშაობდა.

მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თავის მოსახელე პრეზიდენტს არასდროს შეხვედრია და მასთან არც ნათესაობა აკავშირებს, თითქმის მთელი ომის განმავლობაში, რუსულ ბომბებს საკუთარი სახლის სარდაფში ემალებოდა.

„რამდენიმე წლის წინ მოწევას თავი დავანებე, მაგრამ ახლა ისევ დავიწყე,“ – ეუბნება ზელენსკი AFP-ს, რომელმაც მის შესახებ ეს რეპორტაჟი მოამზადა.

მეუღლე, 72 წლის ვალენტინა ზელენსკა, ომის დასაწყისში დასავლეთ უკრაინაში გაიხიზნა, თუმცა ქმარმა სახლის დატოვებაზე უარი თქვა. თქვა, რომ ვერ მიატოვებდა ვერც სახლს, ვერც ბოსტანს, სადაც მოსავალი მოჰყავდა და ვერც იქაურ ჰაერს, რომელიც ბახმუტის შემდეგ განსაკუთრებით სუფთა ეჩვენებოდა.

ვალენტინა შინ გასულ თვეში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ სოფელი რუსეთის ოკუპაციისგან გაათავისუფლა.

თუმცა ახლა იქაურობა მიტოვებული რუსული არტილერიითაა სავსე და აფეთქებების ხმაც ხშირად ისმის.

„ეს ჯერ ვერ მიეჩვია,“ – ეუბნება ვოლოდიმირი ჟურნალისტებს და ძველ ალბომში ნაპოვნ ფოტოს უჩვენებს. ფოტოზე ის ასე 40 წლისაა, მწვანე სამხედრო ფორმაში.

„მგონი მაინც არ ვგავარ პრეზიდენტს. არა, სრულიად არა.“

„ჰგავხარ!“ – არ ეთანხმება ცოლი.

„რომელ პრეზიდენტზე ამბობ? ბაიდენზე?“ – იცინის ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: Dimitar DILKOFF AFP

ზელენსკი უკრაინაში გავრცელებული გვარია, თუმცა დონეცკელი ზელენსკები სხვა ვოლოდიმირ ზელენსკის არ იცნობდნენ, მანამ, ვიდრე ერთ-ერთი 2019 წელს ქვეყნის სათავეში არ მოვიდა.

პენსიონერმა ზელენსკიმ მაშინ თავის სეხნიას მისცა ხმა.

„კარგად გამოდის, კარგი ახალგაზრდაა, ჭკვიანი,“ – ამბობს ვოლოდიმირი, თუმცა უკმაყოფილოა, რომ პრეზიდენტი ომის დასამთავრებლად რუსეთთან მოლაპარაკებებს არ ცდილობს. – „ხალხი მეტს ვეღარ გაუძლებს“.

თავისი თაობის ბევრი დონბასელის მსგავსად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ მისი სამშობლო უკრაინაა, თუმცა ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცს მაინც აქვს ნოსტალგია იმ წლებზე, როცა, მისი თქმით, მშვიდობაც იყო და მისი თაობაც კარგად ცხოვრობდა.

ოთხშაბათს, იმ დღეს, როდესაც ზელენსკებთან უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ, წყვილს ქორწინების 22 წელი შეუსრულდა.

ზელენსკის ცოლისთვის თაიგულის ჩუქება სურდა, თუმცა ომისგან დანგრეულ და დანარჩენი ქვეყნისგან მოწყვეტილ სოფელში ყვავილები აღარაა.

მთავარ ფოტოზე: ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: Dimitar DILKOFF AFP

უკავშირდება ფასების გაზრდა რუსების მასობრივ შემოსვლას? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„მიგრაცია რუსეთიდან, ბელარუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, არ არის ერთადერთი,“ – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ იზრდება ფასები, როცა ლარი მყარდება?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე. ეს საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, მხოლოდ სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 173,94 მლნ აშშ დოლარი გამოგზავნეს, ეს გასულ წელთან შედარებით 350 %-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„…ტენდენცია არის ხარჯვისკენ მიდრეკილი და მზარდია,“ – განუმარტა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ რუსეთიდან მიგრაციის ზრდის გავლენის კუთხით. – „ბიზნესის მხრიდან კი, ამხელა მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება უფრო ნაკლებია.

რა ხდება ამ დროს? ამ დროს ხდება ის, რომ როგორც წესი, ბიზნესი გაზრდილ მოთხოვნას გაზრდილი ფასებით პასუხობს. ეკონომისტები ამას ვუწოდებთ „ეკონომიკურ გადახურებას“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

როგორ აისახება მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი ფასებზე და გაიზრდება თუ არა ფასები ისევ? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე სოსო ბერიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია.

  • ბატონო სოსო, რა კავშირშია რუსეთიდან მიგრაცია ფასების ზრდასთან, როცა ცნობილია, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში გაძვირდა ბაზარი, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ? 

კვლევის მიხედვით, ომის დაწყების პირველი ტალღის დროს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები შედარებით მაღალშემოსავლიანები იყვნენ, დასაქმებულები და მათი საშუალო შემოსავალი თვეში იყო 1700 ამერიკული დოლარი. ჯერ კვლევა არ ჩატარებულა და არ ვიცით, რა კატეგორიის რუსები შემოვიდნენ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, როგორია მათი შემოსავლები, მხარჯველუნარიანობა, არიან თუ არა დასაქმებულები და ასე შემდეგ.

თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რუსეთიდან მიგრაციის გაზრდა არ აისახა ყველა პროდუქციის ფასის გაზრდაზე, მაგრამ მკვეთრად გაძვირდა ბინების ფასი, ასევე კაფე-რესტორნების მომსახურება. აქ მოხდა მარტივი რამ: გაჩნდა მომხმარებელი, რომელიც მზად არის მეტი გადაიხადოს, მიმწოდებელს კი, ინტერესი აქვს, რომ რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს პროდუქტი.

  • მაგრამ ეს პროდუქტი არ არის დეფიციტური, ხოლო ბაზარზე კონკურენციაა.

ეს მაღალშემოსავლიანი შედის უკვე ამ დროს კონკურენციაში… იგივე საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ბინები ძვირად გააქირავეს, ან სარესტორნო ბიზნესი აქვთ, ან სილამაზის სალონი, რომელიც სულ დაკავებულია, შედიან ამ კონკურენციაში.

გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, კონკრეტულ პროდუქტებში უფრო ძვირი გადაიხადონ და პროდუქტიც ძვირდება.

სასურსათო ინფლაცია ძალიან გაზრდილია, თუმცა ამის მიზეზი უფრო სხვა რამ არის: ფასები გაძვირდა ობიექტურად და ამავდროულად, სხვა პროდუქტებზე ფასების გაზრდა აისახება სურსათზეც, ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან.

  • ანუ ბაზარი მაინც გაძვირდებოდა ომის პირობებში, მაგრამ რუსეთიდან მიგრაციამაც შეუწყო ფასების გაზრდას ხელი? 

დიახ, ისედაც გაძვირდებოდა, რუსების შემოსვლა არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი… პირობითად, თუ ახლა გვაქვს ინფლაცია 11%, შეიძლება გვქონოდა, მაგალითად, 9 %.

რუსეთიდან შემოსული ადამიანები, ეს 112 ათასი, რაც ოფიციალურად დასტურდება, ძირითადად კონცენტრირებული არიან თბილისსა და ბათუმში, ეს არ არის პატარა რიცხვი. თბილისი შედარებით დიდი ქალაქია, მაგრამ ყველა ხომ არ დადის რესტორანში? ჩამოსულების დიდი ნაწილი კი, დადის. გეთანხმებით, რომ ფასს ვერ გაზრდი ასე თვითნებურად, კონკურენციაა, მაგრამ ეს აისახა მკაფიოდ ბინებსა და სარესტორნო მომსახურებაზე პირდაპირ, რაც შემდეგ აისახა სურსათზეც.

  • მეორე მხრივ, მკვეთრად გაზრდილია ფულადი გზავნილები რუსეთიდან, რის შედეგადაც ლარი გამყარდა. ეს რატომ ვერ აისახა ინფლაციაზე? 

დიახ, გზავნილები აისახა ლარის გაცვლით კურსზე და ვალუტის კურსის გამყარება ინფლაციის შემთხვევაში აფერხებს ფასების ზრდას, თუმცა არა იმდენად, რომ ამან სხვა ფაქტორები გადაფაროს.

  • ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე წლიურად 11.5 %-ით გაიზარდა. როგორ შეიძლება დადგინდეს, კონკრეტულად რა პროდუქციის გაძვირებაზე აისახა მიგრაცია? 

ინფლაციის საერთო დონეზე სხვადასხვა წილობრივი მონაწილეობით შედის სხვადასხვა პროდუქტი. ფაქტია, რომ რუსების შემოსვლა რაღაც პროდუქციაზე აისახა უფრო მეტად, რაღაცაზე – ნაკლებად.

ომის დაწყების შემდეგ გაძვირდა საწვავი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ახლა ამ ფასებზე დაიწყო კლება, ოღონდ ეს კლება არის აწეული ნიშნულიდან, ფასი რეალურად ისევ მაღალი რჩება, რადგან ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა გაძვირებულია ძალიან, რაც აისახება ღირებულებაში.

ფასების ზრდა აღარ გაგრძელდება ამ მასშტაბით, რადგან უკვე გაზრდილია საბაზისო მომენტი. ჩემი აზრით, ფასების ზრდის ეს ტემპი მოიკლებს, რადგან ძალიან მაღალი ტემპია და ასე ვერ შენარჩუნდება.

კლებისა და გაიაფების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, თუმცა ეს ტემპი შენელდება.

წინა პერიოდში გვქონდა ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაც, თუმცა ეს არ იყო მდგრადი. ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება არ ნიშნავს ფასების შემცირებას, უბრალოდ, როცა ინფლაცია იქნება პირობითად არა 10 %, არამედ 5 %, ეს აღარ იქნება ისე მტკივნეული, როგორც ახლა – ახლა ფასების ზრდას საქართველოში შემოსავლები ვეღარ ეწევა.

კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რამაც გამოიწვია მიმდებარე ქუჩების დატბორვა – ბათუმის მერია

„უხვი ნალექის გამო“ – ბათუმის მერიაში ამჯერადაც ეს მიზეზი დაასახელეს ქუჩების და საცხოვრებელი სახლების მასობრივი დატბორვის მიზეზად. „ბათუმის წყალში“ ვერ გვიპასუხეს, რატომ ვერ გვარდება დატბორვის პრობლემა წლებია და რატომ დაიტბორა ამჯერად ის ადგილებიც, რაც მანამდე არ დატბორილა, მათ შორის, ევროპის მოედანი?

„როგორც მერიაში, ასევე 112-ში სულ დაფიქსირდა 50-მდე ზარი. მოხდება ყველა შემთხვევის შესწავლა, კომისიური წესით განხილვა და შესაბამისი დახმარების გაწევა,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პრესცენტრიდან.

„უხვ ნალექთან დაკავშირებით ბათუმში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრიდან, სადაც განმარტეს, რომ მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა დ არხების გაწმენდა, ასევე შესაბამისი სალიკვიკადიო ღონისძიებები.

„უხვი ნალექის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რამაც გამოიწვია მიმდებარე ქუჩების დატბორვა. შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა. წყლის დროულად გადინების მიზნით, გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი,“ – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

ამ უწყებაში ვითხოვეთ დაესახელებიათ ის მდინარეები, რამაც გამოიწვია ბათუმის ქუჩების დატბორვა? – „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ გადმოვიდა ბონის კულტურის სახლთან გამავალი არხი, ასევე კიდევ ერთი სანიაღვრე არხი კალანდაძის ქუჩაზე.  უწყებაში მდინარეებზე კონკრეტული ინფორმაციის მოწოდების ნაცვლად, გვირჩიეს ეს: „რაც მოგაწოდეთ, იმით იხელმძღვანელეთ“.

მიწის მასა კონკრეტულად ურეხის დასახლებაში, დიდგორის ქუჩაზე ჩამოიშალა – მეწყერმა წაიღო ქვის დამცავი კედელი, რაც ბათუმის მერიამ მოაწყო.

„უხვი ნალექის შედეგად ჩამოწვა მიწა. პირველ ეტაპზე მოხდება დაზიანებული კდელის დემონტაჟი. შემდგომ კი, ახალი კედლის მოწყობას განახორციელებს შემსრულებელი კომპანია საგარანტიო პერიოდის ფარგლებში,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესცენტრიდან. აქ ვერ დაგვიკონკრეტეს: როდის შესრულდა ეს სამუშაობი და რა თანხა დაიხარჯა ქვის ღობის მოსაწყობად.

ქუჩების და, მათ შორის, ქალაქის შემოსასვლელთან ცენტრალური გზის დატბორვა მრავალსაათიან საცობსაც იწვევს. ბათუმის მერიას არაფერი მოუწერია სხვა გეგმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.

შშმ დედები და ორსულები აჭარაში 2000 ლარს მიიღებენ ერთჯერადად – კრიტერიუმები

მომავალი წლიდან აჭარაში მცხოვრები შშმ სტატუსის მქონე დედებისა და ორსულების გარკვეული კატეგორია ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 2000 ლარს მიიღებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ინდირა ნაკაიძე განმარტავს, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შშმ სტატუსის მქონე დედები და შშმ სტატუსის მქონე ორსული ქალები 22 კვირისა და მეტი ვადის ორსულობით.

ინდირა ნაკაიძის განმარტებით, ახალი ქვეპროგრამა შშმ სტატუსის მქონე დედათა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება, ამ ეტაპზე 20 ბენეფიციარისთვის არის გათვლილი.

„ჯერჯერობით ასეა, პილოტურია მაინც ეს პროგრამა, როგორც ბენეფიციარების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია/სტატისტიკა შშმ ადამიანებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, ამ ეტაპზე ასეთი 10-15 ქალი ჰყავთ, ჩვენ ცოტა მეტობით ავიღეთ და გავაკეთეთ 20 ქალზე.

პროცესში შეიძლება გამოჩნდეს ცოტა მეტი ბენეფიციარი, ისევე როგორც სხვა პროგრამებში. ასეთ შემთხვევაში წლის განმავლობაში იცვლება ბიუჯეტი და თუ საჭიროება მოითხოვს, დაემატება თანხა. მზაობა არის“, – ამბობს დეპარტამენტის უფროსი.

პროგრამაში ჩასართავად საჭირო დოკუმენტაციაა – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შშმ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, (შესაბამისი ვადის) ორსულობის ცნობა ან/და ბავშვის დაბადების მოწმობა.

ამ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი 40 000 ლარია.

დაჭრილ რუსებს ვმკურნალობდი – ბელარუსი ექიმი, რომელმაც მდინარე გადაცურა და ლიეტუვაში გაიქცა

ანდრეი, რომლის სახელიც უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია, ბელარუსი ექიმია. როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ის ბელარუსში, ქალაქ მოზირის საავადმყოფოში მუშაობდა. ანდრეი CNN-ს უყვება, როგორ მკურნალობდა დაჭრილ რუს სამხედროებს და როგორ გააღწია ბელარუსიდან.

ანდრეი ახლა ოჯახთან ერთად ლიეტუვაშია. სამშობლოდან გაქცევა მას შემდეგ მოუწია, რაც მას და რამდენიმე ექიმს კორუფციაზე საქმე „შეუკერეს“ და ცოტა ხნით დააკავეს კიდეც. ანდრეის საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მისმა ოჯახმა ბელარუსის საზღვარი ოფიციალური გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთა. მისი პატარა გოგონას ერთ-ერთ სათამაშოში დამალული იყო მეხსიერების ბარათი, რომელზეც ანდრეიმ დაჭრილი რუსი სამხედროების რენტგენის ათობით სურათი შეინახა.

თავად ანდრეიმ ლიეტუვის საზღვრამდე მდინარის გადაცურვა გადაწყვიტა. „ნუთუ ყველაფერი ასე ცუდადაა ბელარუსში“, – უკითხავს უკვე ლიეტუვის ნაპირთან მდგარ მეთევზეს, რომელიც პირველი იყო, ვინც ანდრეის ქვეყანაში შესვლისას შეხვდა.

როგორც ანდრეი CNN-ს უყვება, თებერვლის შუა რიცხვებიდან მოზირი სამხედრო ბაზად გადაიქცა – ქუჩებში ტანკები მოძრაობდნენ, მაღაზიები და ბარები კი სავსე იყო რუსი სამხედროებით, რომლებიც მაშინ „სამხედრო წვრთნებზე“ ჩავიდნენ.

20 თებერვალს საავადმყოფოს ადმინისტრაციამ რუსი სამხედროების უფასოდ მკურნალობის ვადა 10 მარტამდე გააგრძელა.

„როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ ომი მანამდე დასრულდებოდა,“ – ამბობს ანდრეი.

24 თებერვლის დილას, ჰოსპიტლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ექიმები შეკრიბა და უბრძანა, 250 საწოლი რუსი დაჭრილებისთვის გამოეთავისუფლებინათ, ყველა დაგეგმილი ოპერაცია შეეწყვიტათ და ბელარუსი პაციენტები შინ გაეშვათ.

ექიმებს რუს სამხედროებზე ვინმესთვის რამეს მოყოლაც აუკრძალეს, გააფრთხილეს, რომ მათ ФСБ ადევნებდა თვალს.

ანდრეიმ კლინიკაში შეყვანილი რუსი სამხედროების რენტგენის სურათების ასლების გადაღება მაინც მოახერხა. ფოტოებზე, რომლებიც მან CNN-საც გაუზიარა, ჩანს სამხედროების ვინაობა და ასაკიც – მათი უმრავლესობა 19-21 წლისაა.

ანდრეი იხსენებს, რომ დაჭრილების ყველაზე დიდი ტალღა ჰოსპიტალში 28 თებერვლის დილას შეიყვანეს: „დაჭრილები საკაცეებით მოჰყავდათ და შესასვლელში ტოვებდნენ“.

იმ დილას კლინიკამ სულ მცირე 100 დაჭრილი მიიღო, ძირითადად, აფეთქებით გამოწვეული მძიმე დაზიანებებით, მოტეხილობებით. ზოგიერთს თვალი აღარ ჰქონდა, ზოგიერთს ამპუტაცია სჭირდებოდა, ზოგიერთი მთლიანად პარალიზებული იყო, ვიღაცამ ტვინის ნაწილი დაკარგა, ვიღაცამ – ქვედა ყბა. ზოგიერთისთვის სისხლდენის შეჩერებას ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ.

„იმ დაჭრილების რაოდენობა, რომლებსაც ოპერაცია სჭირდებოდათ, უფრო მეტი იყო, ვიდრე საოპერაციო მაგიდა გქვონდა,“ – იხსენებს ანდრეი. – „რუსები თვითონ არ ზრუნავდნენ დაჭრილებზე, ჩვენ გვიტოვებდნენ“.

ეს ის ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც კიევთან და გოსტომელთან იბრძოდნენ, ანდრეის თქმით, ძირითადად ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ახალწვეულები.

უკვე მარტის დასაწყისში ჰოსპიტალი დღეში 40-50 დაჭრილს იღებდა. როგორც ანდრეი ისხსენებს, ისინი ძირითადად ღამით ან გამთენიისას მწვანე რუსული ავტობუსებითა და სასწრაფოს მანქანებით მიჰყავდათ.

„ჩვენ, კლინიკის ექიმები, ვფიქრობდით, რომ შეიძლება უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და ამიტომ მოჰყავდათ ღამით ან გამთენიისას. ან ეშინოდათ, რომ დღისით მათ მანქანებზე დახატულ წითელ ჯვარს ხალხი დაინახავდა და ყველა გაიგებდა,“ – ჰყვება ანდრეი. – „ხშირად მკვდრებიც მოჰყავდათ. არ იცოდნენ, რა ექნათ მათთვის.“

ახლა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაშია ოჯახთან ერთად, ანდრეის აღარ ეშინია, რომ კვლავ ომში აღმოჩნდება. გამოცდებისთვის ემზადება, რომ თავისი სამედიცინო პრაქტიკის გაგრძელება ლიეტუვაშიც შეძლოს.

„უკრაინა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ბელარუსში როცა ვიყავი, მაშინაც ვღელავდი ჩემს მეგობრებსა და ნათესავებზე, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ,“ – ამბობს ანდრეი და დასძენს, რომ ბელარუსის თანამონაწილეობა ამ ომში მისთვის სრულიად მიუღებელი და აუტანელია. – „ჩვენ ერთმანეთს ვწერდით, „დიდება უკრაინას“, ვეუბნებოდით, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩემების პასუხი იყო, რომ ჩვენ ყველა აუცილებლად გადავრჩებით და მაინც, ამ დროს სწორედ ჩემი ქვეყნიდან მიფრინავდნენ ბომბები მათკენ“.

ერთ NASAMS-ს შეუძლია ხარკოვის ცა დახუროს, ორს – კიევის

უკრაინა მალე მიიღებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რამდენიმე ახალ სისტემას – მათ შორის ორ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს NASAMS, რომლებმაც უკრაინის ქალაქები რუსული თვითმფრინავების, რაკეტებისა და კამიკაძე დრონებისგან უნდა დაიცვას.

ზუსტად როდის ჩავა კომპლექსები უკრაინაში ან სად და როგორ გამოიყენებენ მათ, ამაზე არც ვაშინგტონი და არც კიევი არ ლაპარაკობენ. უკრაინის საჰაერო ძალებმა უკვე გააფრთხილა მედია, რომ NASAMS კომპლექსების მუშაობაზე ჟურნალისტებისთვის დეტალების მიწოდებას არ აპირებენ.

რატომ ასაიდუმლოებენ სამხედროები და პოლიტიკოსები ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების დეტალებს? როგორც Настоящее Время წერს, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ არ სურთ რუსეთმა იცოდეს, სად და როგორ იმუშავებს ეს კომპლექსები.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ერთი ასეთი კომპლექსიც კი საკმარისია, რათა უკრაინამ დახუროს ცა მაგალითად, ხარკოვის, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის თავზე.

10 ოქტომბრის შემდეგ მოსკოვი მეთოდურად ცდილობს უკრაინის ქალაქების ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებას. რა მოხდებოდა, უკრაინას რომ ამ დაბომბვის დასაწყისშივე ჰქონოდა თავის არსენალში ისეთი სისტემები, როგორებიცაა NASAMS-ი და IRIS-T-ი, რომელსაც მას გერმანია აძლევს; შეძლებდა, რომ ის რაკეტებიც მოეგერიებინა, რომლებმაც სამიზნეებამდე მიაღწია?

NASAMS – ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელსაც ნებისმიერი საჰაერო სამიზნის განადგურება შეუძლია „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტით, ოღონდ მიწიდან. ამის გამო მისი მოქმედების რადიუსი ნაკლებია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, ეს რაკეტა რომ თვითმფრინავიდან გაეშვათ. მეორე მხრივ, თვითმფრინავი მუდმივად ვერ იმორიგევებს ჰაერში, მისგან განსხვავებით კი კარგად შენიღბულ გამშვებ დანადგარს შეუძლია მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში იყოს.

როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ უკრაინას ორი კომპლექსი გადასცეს, ეს არ ნიშნავს, რომ შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ორი გამშვები დანადგარი ექნება. ერთი სისტემა – ეს საშუალოდ ერთი ბატარეაა – რომელშიც შედის სამი საბრძოლო დანაყოფი, თითოეულში სამი საბრძოლო მანქანით და ექვსი რაკეტით, სამი რადიოლოკაციური სადგურით, სამეთაურო ავტომანქანით, გლობალური პოზიციონირების ავტომობილით და სხვა დამხმარე ტრანსპორტით. ტექნიკის საერთო რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს სამხედროების კონკრეტული ამოცანებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ერთ ბატარეას შეუძლია დახუროს ცა ისეთი ზომის ქალაქის თავზე, როგორიც ხარკოვია, ორს – როგორიც კიევია.

AMRAAM რაკეტები, რომლებსაც NASAMS-ი იყენებს, გასული საუკუნის ბოლოდან იწარმოება და ისინი იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა რაკეტებისგან განსხვავებით დეფიციტურია თვითონ გამშვები დანადგარები. მსგავსი ვითარებაა გერმანულ IRIS-T-სთან დაკავშირებითაც, რომელიც შეიარაღებაში 2000-იანი წლებიდან გამოჩნდა.

ექსპერტების თქმით, სრული კომპლექსის შეკვრას ხშირად თვეები სჭირდება. სამხედრო ექსპერტი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი სერგეი გრაბსკი Настоящее Время-სთან ინტერვიუში ხსნის, რა შეუძლია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც უკრაინა მიიღებს.

  • NASAMS-ის ორ მოწყობილობას კიევის დაცვა შეუძლია, რამდენად რეალურია ეს. ეს ხომ არ ნიშნავს ცის მთლიანად დახურვას?

დიახ, ეგრეა. უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არც ერთი სისტემა, რომელიც 100%-იანი დაცვის გარანტიას იძლევა. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მაღალ ეფექტიანობაზე 85-90%-მდე. სრულ გარანტიას ვერავინ მოგცემთ. ამიტომაც აქ ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინა მიიღებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღების ფართო სპექტრს, რომელიც საშუალებას მისცემს მას, რაც შეიძლება მეტად დაიცვას ქვეყანა, მაგრამ საფრთხის ლიკვიდაციის სრული გარანტია, ბუნებრივია, ვერ იარსებებს.

  • თქვენი შეფასებით, სად გამოიყენებენ ამ ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო დანადგარებს?

ძალიან რთული სათქმელია. უკრაინა დიდი ქვეყანაა, ყველა სამიზნე, ყველა კომპლექსი, ყველა ადგილი პრიორიტეტული შეიძლება იყოს. რთულია შეაფასო საფრთხე, რომელსაც სარაკეტო დარტყმები ან დრონების დარტყმები წარმოადგენს ატომური ელექტროსადგურის წინააღმდეგ, ან საფრთხე ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ, როგორებიც დამბებია. ამიტომაც ორი – ეს კარგია, თუმცა არც ბევრია დღეისთვის.

  • მუშაობს უკრაინა იმაზე, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები თავად აწარმოოს? შესაძლებელია ეს?

ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. უკრაინის საწარმოო და ტექნოლოგიური ბაზა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იქმნებოდა, თუმცა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღების წარმოება ამ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ძლიერი მხარე არ ყოფილა. უკრაინაში ცოტა სხვა მიმართულებით მიდიოდა წარმოება. ამიტომაც, ვეჭვობ, რომ უკრაინა თავისით შეძლებს ასეთი სისტემების გამოშვებას. საერთო ჯამში, ეს არცაა საჭირო.

არის ასეთი ტერმინი „სამხედრო-ტექნიკური ინტეგრაცია“, რაც ნიშნავს, რომ იმ შეიარაღების სანაცვლოდ, რომელსაც თავად აწარმოებს, უკრაინას შეუძლია მოელაპარაკოს სხვა ქვეყნებს ისეთი შეიარაღების მოწოდებაზე, რომლის წარმოებაც თვითონ არ შეუძლია. ეს დღეს ნორმალური პრაქტიკაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. მე არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, რომელსაც შეიარაღების სრული სპექტრის წარმოება დამოუკიდებლად შეუძლია.

  • როგორც ვხვდები, მსოფლიოში დღეს უბრალოდ ვერ ასწრებენ აუცილებელი რაოდენობით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გამოშვებას. ასეა?

დიახ, ასეა და არამხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების. ეს შეეხება ნებისმიერი ტიპის შეიარაღებას. მოდი, გულახდილები ვიყოთ – მსოფლიო არ ემზადებოდა ასეთი ომისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ იწარმოებოდა ისეთი რაოდენობის შეიარაღება, არ იქმნებოდა ისეთი კოლოსალური მარაგები, რომლებიც ისეთ საფრთხეებზე რეაგირების საშუალებას მისცემდა მსოფლიოს, რომელთა წინაშეც ახლა დადგა.

გავიხსენოთ Insider-ის სტატია, რომელშიც აღწერილი იყო, რომ, მაგალითად, HIMARS-ისთვის საჭირო რაკეტები წელიწადში დაახლოებით 9 ათასი ცალი იწარმოება. უკრაინის შეიარაღებული ძალებმა, ყველა საჭიროება რომ დააკმაყოფილონ, წელიწადში უნდა გამოიყენონ დაახლოებით 5 ათასი რაკეტა. გასაგებია, რომ დღეს ამდენი ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომაცაა გარკვეული შეზღუდვები გამოყენებისას.

მე მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანე, იგივე ეხება ნებისმიერი ტიპის შეიარაღებას, რადგან მსოფლიო ისეთ საფრთხეს შეეჩეხა, რომელიც წარსულიდან მოვიდა. რუსეთი იყენებს იმ მარაგებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს და ბოლო 50 წლის განმავლობაში აგროვებდა.

  • მაგრამ მსოფლიო დღეს ახალ სამხედრო რელსებზე გადადის და უფრო მეტის წარმოებას იწყებს, არა?

რასაკვირველია. გერმანიაც კი ჩაერთო ამ პროცესში. ჩვენ დავიწყეთ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფის პროგრამა, მაგრამ თავადაც გვესმის, რომ ყოველი კომპლექსის დამზადებას რამდენიმე თვე მაინც სჭირდება. ეს ხანგრძლივი პროცესია. მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საფრთხე, რომელიც ახლა კრემლის რეჟიმისგან მოდის და ყველაფერი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ეს ესმით ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს – რუსეთის ფედერაციის უახლოეს მეზობლებს. ვიმედოვნებ, რომ ამას გააცნობიერებენ უფრო შორს მყოფი ქვეყნებიც, რომლებსაც პირდაპირი საზღვარი არ აქვთ რუსეთთან.

  • HAWK-ის სისტემები, რომელთა გადმოცემაზეც გავრცელდა ინფორმაცია, რამდენად ეფექტიანია?

იცით, საქმე არამხოლოდ ეფექტიანობაში, არამედ რაოდენობაშია. რამდენად მჭიდრო იქნება უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საბრძოლო მწყობრი.

  • რას ნიშნავს „მჭიდრო საბრძოლო მწყობრი“? რამდენად ბევრი რაკეტა იქნება?

არა, არა რაკეტა, არამედ ეს სისტემები, ყველა ტიპის.

უკრაინა NASAMS-ის კომპლექსებს მალე მიიღებს – რა შეუძლია ამ სისტემას

რამდენიმე მოსამართლის პასუხი მურუსიძეს, რომელსაც აშშ-ში ვიზიტი „შენობების დათვალიერება“ ჰგონია

„სიამოვნებით ვივლიდი აშშ-ში ექსკურსიებზე, თუმცა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რაც ამ სასწავლო ვიზიტებით შევიძინე, მათ შორის, გამოცდილების გაცვლით და პროცესებზე დასწრებით. ბოლო ვიზიტის დროს 8-დან საღამოს 7 საათამდე, ყოველ დღე, პროცესებს ვესწრებოდით და ამერიკელ კოლეგებს ვხვდებოდით,“ – მოსამართლე ეკა არეშიძე ფეისბუქსტატუსით გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრს, მოსამართლე ლევან მურუსიძეს.

ლევან მურუსიძემ, რომელიც სასამართლო კლანის ლიდერად არის მიჩნეული და რამდენიმე დღის წინ ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა, წუხელ „პირველი არხის“ ეთერში მოსამართლეების აშშ-ში ვიზიტზე თქვა ეს:

„…ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს, კარგია, რომ დაისვენებენ, ნახავენ, რა დიდებულია აშშ, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ… მოსამართლეები არ ლაპარაკობენ, უბრალოდ, ზრდილობის თემაა, თორემ გულწრფელად გეუბნებით, ყველა იძახის, ჩავალთ, შენობას ვნახავთ და ჩამოვდივართო“.

მოსამართლეების აშშ-ში წასვლის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, როცა „ნიკა გვარამიას საქმის“ განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ პროგრამიდან მოხსნა. შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა.

ლევან მურუსიძეს რამდენიმე მოსამართლე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

„მადლობა ყველა იმ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც წლებია იღვწის და უამრავ რესურსს ხარჯავს ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და იმ ეტაპამდე მივალთ, რომ ექსკურსიებზე სიარულიც საკმარისი იქნება,“ – წერს ეკა არეშიძე. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

მოსამართლის ამ პოსტზე სხვა მოსამართლეებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, მოსამართლე ლილი მსხილაძე ხაზს უსვამს იმას, რომ აშშ-ში დაინახა, რა როლი აქვს მოსამართლეს.

„გეთანხმები ეკა, ამერიკაში სასამართლო პროცესებზე დასწრებამ დამანახა და მასწავლა შეჯიბრებითობაზე დამყარებულ პროცესებზე, თუ რა დიდი როლი აქვს მოსამართლეს. უამრავი მადლობა ამერიკელ კოლეგებს ჩვენი მხარდაჭერისთვის და გაძლიერებისთვის,“ – აღნიშნავს მოსამართლე ლილი მსხილაძე, ისიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე კი, ლევან მურუსიძეს ახსენებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებიც დადიან სამუშაო ვიზიტით სხვადასხვა ქვეყანაში და ამის ექსკურსიად მიჩნევა არასწორია.

„ჩვენი პარტნიორების დახმარებით უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შეიძინა თითოეულმა მოსამართლემ. სამუშაო ვიზიტებით საბჭოს წევრებიც არაერთ ქვეყანაში არიან ნამყოფი და ექსკურსიად აღქმა არასწორია. ამით ყველა იმ ადამიანის შრომის დაკნინება ხდება, ვინც ძალიან დიდ რესურს დებს საერთო საქმეში და რუსთავის საქალაქო სასამართლო ყოველთვის წარმატებით იყენებს იქ მიღებულ გამოცდილებას…“ – წერს მოსამართლე მადონა მაისურაძე.

მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილმაც გამოხატა:

„კი გამიკვირდა, რა შუაშია შენობები-თქო….ძალიან საინტერესო სასამართლო სხდომებს დავესწარი და ქალთა როლის გაძლიერების თაობაზე არაერთი საინტერესო შეხვედრის მონაწილე ვარ, რომ არაფერი ვთქვა პროფესიული ეთიკის კუთხით ჩატარებულ დისკუსიებსა და გამოცემულ წიგნებზე. წარმატებები პატივცემულ კოლეგებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ!“ – წერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

სასამართლო კლანის პირობებში ზემოთ ხსენებული და კიდევ რამდენიმე მოსამართლე  გამოხატავს სხვადასხვა დროს განსხვავებულ პოზიციას. მაგალითად, გასულ წელს 14-მა მოსამართლემ გააპროტესტა ცვლილება კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელიც მოსამართლეთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხს ეხება.

ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული საშუალებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკის მოქალაქის უ.ჟ.ტ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ჯამში 4.131 გრამი და ასევე  ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (165 აბი, 6 ამპულა,11 კაფსულა ) აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ფაქტზე  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261 და 262-ე მუხლებით.

პუტინს არ აინტერესებს მოლაპარაკება, მას თავისი მიზნების ომით მიღწევა სურს – ISW

პუტინის რიტორიკა ადასტურებს, რომ მას არ აინტერესებს მოლაპარაკებები უკრაინასთან და ომში კვლავაც თავისი მაქსიმალური მიზნების მიღწევას ცდილობს.

ასეთ დასკვნამდე მიდიან ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე.

ანალიტიკოსებს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ პუტინის 26 ოქტომბრის გამოსვლა დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინას, რომელმაც „სუვერენიტეტი დაკარგა“ და შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ „ტარანად“ იყენებს.

პუტინის რიტორიკა გააგრძელა დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმაც. მისი თქმით, „უკრაინამ დაკარგა უნარი, იარსებოს, როგორც სახელმწიფომ“, ის „NATO-ს მიერაა ოკუპირებული“ და „შეერთებული შტატების კოლონიად იქცა“.

„ამგვარი ენა სრულიად შეუთავსებელია ორი თანასწორი მხარის მოლაპარაკებებთან, რომლის მიზანიც ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს.

სამაგიეროდ, ის ნათლად მიუთითებს, რომ კრემლი უკრაინაში კვლავაც იღწვის სამხედრო გამარჯვებისთვის და და კიევის ხელისუფლების შესაცვლელად, რაც გრძელვადიანად შეცვლის უკრაინის ორიენტაციასაც დასავლეთიდან რუსეთისკენ. ეს რიტორიკა ასევე ადასტურებს, რომ პუტინს უკვე ანექსირებული ტერიტორიების კიდევ უფრო გაფართოება სურს,“ – წერს ISW-ი.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის საოკუპაციო ჩინოვნიკები ხერსონში ცდილობენ, როგორმე შეარბილონ  რუსეთის ძალების გასვლით გამოწვეული საინფორმაციო ეფექტი;
  • რუსეთის ძალები უკრაინის არმიის ჩრდილოეთ საზღვართან ბლოკირებას ცდილობენ;
  • რუსეთის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ უკრაინელი ბავშვები გაშვილებისა და დასვენების საბაბით რუსეთის ტერიტორიებზე გადაჰყავთ;
  • რუსული წყაროების მტკიცებით, უკრაინა განაგრძობს კონტრშეტევას სვატოვოს დასავლეთით;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ხერსონის ოლქში, დნეპრის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე;
  • რუსი წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინის არმია ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს უტევს;
  • დონეცკში რუსებმა რამდენიმე სახმელეთო შეტევა განახორციელეს;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალები ხერსონში განაგრძობდნენ მოსახლეობის დასავლეთ სანაპიროდან გასახლებას;
  • რუსი სამხედროები უკრაინაში გასაგზავნად უცხოელების გადაბირებას ცდილობენ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 69 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +320]
  • ტანკი – 2 631 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 5 364 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 1 690 ერთეული [+4]
  • MLRS – 379 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 192 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 271 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 249 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 398 ერთეული [+19]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 351 ერთეული [1]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 078 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 150 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 326 თვითმფრინავი
  • 163 ვერტმფრენი
  • 2 353 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 104 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 876 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 531 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 6 805 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის გმირი, რომელიც თანამებრძოლს გადაეფარა და თავად დაიღუპა

კრემლი ცდილობს, საზოგადოების ყურადღება რეგიონულ ჩინოვნიკებზე გადაიტანოს – დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აფასებს, რატომ ცდილობს კრემლი, ახლახან გამოცხადებული „სამხედრო მდგომარეობისა“ და „განგაშის რეჟიმების“ პროცესში რეგიონული მთავრობები ჩართოს.

24 ოქტომბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუტინმა თქვა, რომ რუსეთის რეგიონებში „უსაფრთხოების ზომების შემუშავებას“ კოორდინაციას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი გაუწევს.

მიშუტინის განცხადება მოჰყვა ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, რომლითაც ანექსირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობა“, სხვა რეგიონებში კი „მაღალი განგაშისა“ და „საშუალო რეაგირების“ რეჟიმები დაწესდა.

„ეს ზომები, სავარაუდოდ, მიმართულია იმისკენ, რომ უფრო მჭიდროდ ჩაერთონ გუბერნატორები ნაციონალური უსაფრთხოების სისტემაში. ეს არის კიდევ ერთი ზომა რუსული საზოგადოების გასაერთიანებლად,“ – წერს უწყება 27 ოქტომბრის რელიზში.

დაზვერვის ვარაუდით, კრემლი იმედოვნებს, რომ რეგიონული ჩინოვნიკების უფრო აქტიური მონაწილეობა ნაწილობრივ მაინც გადაიტანს საზოგადოების ყურადღებას ცენტრალური ხელისუფლებიდან.

„მოსკოვი ასეთივე მიდგომას იყენებდა COVID-19-ის კრიზისის დროსაც, თუმცა კრემლისთვის ახლა ძალიან რთული იქნება, რუსული საზოგადოება უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციების შედეგებს დააშოროს.“

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა რუსეთის რკინიგზაზე მომხდარი საბოტაჟის შემთხვევებზე წერდა.

უწყების ცნობით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა შეშფოთებული უნდა იყოს, რომ კონფლიქტის მოწინააღმდეგე მოქალაქეთა მცირე ჯგუფიც კი, საკმარისია მთავარი სატრანსპორტო ქსელების დასაზიანებლად.

როგორი უნდა იყოს თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

შავი ზღვის მიმართ ინტერესის გაზრდას ასახელებს გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა ფაქტორად, რაც თურქეთთან საქართველომ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად უნდა გამოიყენოს. მას ვესაუბრეთ კავკასიის რეგიონში თურქეთის გააქტიურებაზე: რა სახის სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს თურქეთთან, ნატოს წევრ მეზობელ ქვეყანასთან საქართველოს?

სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, საქართველომ სწორად უნდა დაინახოს საკუთარი ფუნქცია შავ ზღვაზე, განსაკუთრებით რეალობაში, როცა სამხედრო-საზღვაო ძალები საერთოდ არ გვაქვს.

„მე 1993 წლიდან 2017 წლამდე ვიყავი შეიარაღებულ ძალებში და არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, როცა თურქეთს ჩვენთვის რაიმე სახის დახმარებაზე უარი ეთქვას,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი. ის არაერთ პროექტს გვისახელებს იმის მაგალითად, თუ როგორ დაეხმარა თურქეთი საქართველოს, შემდეგ კი, განსაკუთრებული აქცენტით ამატებს:

„მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მნიშვნელოვან მოკავშირედ ვიქცეთ. ამისთვის საჭიროა, თურქეთს უკუგების იმედიც ჰქონდეს, თორემ ის ისედაც მოგვცემს რაღაცას ასე თუ ისე,“ – დასძინა გადამდგარმა გენერალმა.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან, ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო.

  • ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რა სახით შეიძლება გაძლიერდეს თანამშრომლობა თურქეთთან სამხედრო კუთხით? როგორ ვიყენებთ პარტნიორობას? 

მე შეიარაღებულ ძალებში ვიყავი 1993 წლიდან 2017 წლამდე [სანამ მე ვმსახურობდი] და არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, როცა თურქეთს ჩვენთვის რაიმე სახის დახმარებაზე უარი ეთქვას. ჩვენ მუდმივად გვეხმარება თურქეთი, ეს იქნება სამხედრო განათლების ცოდნის გაზიარება, აღჭურვილობის მოწოდება, სამხედრო მოწყობილობის შექმნა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თუ ასე შემდეგ.

მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც რეალური დახმარება გაგვიწია საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში იმ რთულ პერიოდში, რომელშიც ჩვენ ვიყავით 90-იან წლებში, მაშინ გაგვიწია თურქეთმა მატერიალური დახმარება. მახსოვს, კოჯორში იყო სპეცდანიშნულების დანაყოფი და თურქებმა გადმოგვცეს მანქანები, „ლენდროვერები“, შესაბამისი მოწყობილობებიც მაშინ აშენდა.

შემდეგ იყო მე-11 ბრიგადა, სადაც ასევე გაგვიწიეს მატერიალური დახმარება, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს უშუალოდ ამ ბრიგადის ავტოტექნიკით მომარაგებაზე. ასევე დააფინანსეს კომპიუტერების შეძენა და სამშენებლო სამუშაოები მთლიანად.

მნიშვნელოვანია ასევე სამხედრო განათლების გაზიარება. მეც თურქეთში მაქვს დამთავრებული თურქეთის ე.წ. ომის აკადემია, ანუ იქ გავიარე სამხედრო კვალიფიკაციის კურსები. ჩვენი ბევრი სამხედრო მოსამსახურე სწორედ თურქეთში იღებდა და იღებს სამხედრო განათლებას. საქართველოს თავდაცვის აკადემიის გარდაქმნაშიც თურქებმა შეიტანეს უდიდესი წვლილი, მანამდე იყო მხოლოდ სამხედრო სასწავლებელი, რომელსაც არ გააჩნდა ბაზა, ლიტერატურა და ასე შემდეგ.

პრობლემა არის ის, რომ გვაქვს პერიოდული გაცივება ამ ურთიერთობებში. მაგალითად, ჩვენი თავდაცვის აკადემია, სადაც თურქი პერსონალიც მუშაობდა და რექტორის მოადგილეც თურქი იყო, ერთი ხელის მოსმით გააუქმა იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, თურქი პერსონალიც მაშინ თურქეთში დაბრუნდა.

  • ახლა რა ეტაპი გვაქვს თურქეთთან, თქვენი დაკვირვებით? ფაქტია, რომ თურქეთი კავკასიის რეგიონში გააქტიურდა ახლო მოკავშირე აზერბაიჯანთან ერთად. 

ახლაც გვაქვს საერთო პლატფორმები, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა და ღირებული საქართველოსთვის. ჩემი აზრით, თურქეთი მუდამ მზადაა, დახმარების ხელი გამოუწოდოს საქართველოს.

თუმცა მეორეა, რომ ურთიერთობისა და მოკავშირეობის უფრო დიდი პოტენციალი არსებობს თურქეთთან და ეს ათვისებული არ არის. ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ.

მაგალითად, ვიდრე ჩვენ გვქონდა სამხედრო-საზღვაო ძალები, თურქეთი მუდმივად გვეხმარებოდა როგორც განათლების კუთხით, ისე მატერიალურად, მომარაგებით: საწვავით დაწყებული, სამხედრო ფორმებით დასრულებული.

თურქები გვეხმარებოდნენ პირადი შემადგენლობის მომზადების კუთხით, მატერიალური საშუალებებით, საზღვაო ძალების მშენებლობის კუთხით, მაშინ ფოთში იყო სარდლობა. დღეს ეს თემა, სამწუხაროდ, ტაბუდადებულია. მიიჩნევენ, რომ სამხედრო-საზღვაო ძალის ქონა ძვირია და მორჩა, მაგრამ იაფი არაფერი არ არის, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვქონდეს, ვიყოთ სრულფასოვანი ქვეყანა. შეუძლებელია, ამხელა საზღვაო საზღვარი გქონდეს და არ არსებობდეს სამხედრო-საზღვაო ძალები.

გენერალი გიორგი სურმავა
  • შავი ზღვა განსაკუთრებით ახლა თურქეთთან მოკავშირეების გაძლიერების ახალ შესაძლებლობას ქმნის? 

დიახ, შავი ზღვა არის ის საკითხი, რის გამოც თურქეთი განსაკუთრებით არის ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებული. განსაკუთრებით ახლა, როცა შავი ზღვა გახდა გლობალური ინტერესის საგანი სხვადასხვა მოთამაშის მხრიდან. ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ. იგივე უკრაინა ომის დაწყებამდე აქტიურად იყენებდა შავ ზღვაში დიდი ბრიტანეთის ინტერესებს, ცნობილია, რომ დაახლოებით მილიარდნახევრიანი პროექტი ჰქონდათ საზღვაო-სამხედრო ძალების მიმართულებით.

ჩვენც უნდა გამოვიყენოთ მსგავსი ინტერესები შავ ზღვაში. მთავარია, განვსაზღვროთ: ვის ინტერესებს ემთხვევა ჩვენი ინტერესი. მთავარია ისიც, რომ ჩვენ დავანახოთ პარტნიორებს მზაობა, რისთვის ვართ მზად? ჩემი აზრით, თურქეთი პირველია, ვინც დაინტერესებულია მსგავსი ურთიერთობების გაღრმავებით. თურქეთის მოკავშირე ისედაც ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მნიშვნელოვან მოკავშირედ ვიქცეთ. ამისთვის კი საჭიროა ის, რომ თურქეთს უკუგების იმედიც ჰქონდეს, თორემ ის ისედაც მოგვცემს რაღაცას ასე თუ ისე.

ჩვენ უნდა დავანახოთ თურქეთს, რომ რაღაც ჩვენც შეგვიძლია, რომ გვაქვს ფუნქცია და ამას ვხედავთ. ამას თუ დავანახებთ თურქეთს, მერე სხვა ქვეყნებიც უფრო ინტენსიურად დაგვეხმარებიან.

  • არსებობს სხვადასხვა სახის თანამშრომლობის ფორმატი თურქეთთან, მაგალითად, „კავკასიის არწივი“, სადაც აზერბაიჯანიც მონაწილეობს. რამდენად იყენებს ამ პლატფორმას საქართველო? 

ეს მონდომება თანამშრომლობაზე თურქეთის მხრიდან მუდმივად იყო და არის. ახლაც იმართება მაღალი დონის სწავლებები, მაგალითად, ნავთობსადენის უსაფრთხოების სწავლება, ასევე სპეცდანიშნულების ბაზების მომზადება.

ასევე გათვალისწინებულია სამი ქვეყნის – საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი – თავდაცვის მინისტრების გარდა, გენშტაბის უფროსების ან თავდაცვის უფროსების შეხვედრა.

მეტწილად ეს არის სამეთაურო-საშტაბო სწავლებები, ეს ისეთი მასშტაბური არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკული დანიშნულება აქვს, კონკრეტულ ვითარებებს მორგებულია, მაგალითად, ნავთობსადენის უსაფრთხოების სწავლება.

  • თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წელს თურქეთმა საქართველოს მარნეულის სამხედრო აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური ლოჯისტიკური გაუმჯობესების მიზნით გადასცა 597 722 აშშ დოლარის ტექნიკა. ეს რამდენად მნიშვნელოვანი აღჭურვილობაა? 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მარნეულის აეროდრომზე თურქეთს შეფობა ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან აქვს აღებული: რესტავრაცია ჩაუტარეს, საინჟინრო-ტექნიკური მომსახურების საშუალებები შექმნეს, ასევე სანავიგაციო საშუალებები, ფაქტობრივად, ხელახლა შექმნეს აეროდრომი. იქ არაფერი არ იყო დარჩენილი, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის გარდა.

ჩვენ რომ გვაქვს სამხედრო აეროდრომი, ეს ნამდვილად თურქეთის დამსახურებაა.

  • როცა თქვენ იყავით, მაგალითად, გენშტაბის უფროსის მოადგილე, მაშინ რა ქმნიდა ბარიერს, სხვა ეტაპზე გადასულიყო თურქეთთან საქართველოს პარტნიორობა?  

მუდმივად მახსოვს მომენტალური დახმარებები თურქეთიდან, როგორც კი, რამე ადეკვატური მოგვითხოვია. ახლაც ვხედავთ, რომ ხანძრის დროს თვითმფრინავებით თურქეთი გვეხმარება. ასე, რომ თურქეთი მუდმივად დიდი გულისხმიერებით ეკიდება ჩვენს ნებისმიერ თხოვნას სამხედრო თვალსაზრისით.

დანარჩენი კი, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, როგორ დავინახავთ ჩვენს ფუნქციას და რამდენად შესაბამისად მუშაობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ინსტრუმენტი.

უკრაინის გმირი, რომელიც თანამებრძოლს გადაეფარა და თავად დაიღუპა

სერგეი ჟერჟევსკი 26 წლის იყო, როცა 2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, სერგეი ომის დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა ბატალიონ „დონბასში“.

ბატალიონი „რუსი მშვიდობისმყოფელებისგან“ დონბასის გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდა, კერძოდ, ლისიჩანსკის, პოპასნაიასა და კურახოვას გასათავისუფლებლად იბრძოდა.

2014 წლის 29 აგვისტოს მწვანე კორიდორის ტრაგედია მოხდა უკრაინაში, როცა რუსული დანაყოფების ცეცხლის ქვეშ მოექცნენ უკრაინის მცველები, ბატალიონიდან ბევრი იმ დღეს დაიღუპა, სერგეი ჟერჟევსკის მაშინ გაუმართლა და გადარჩა, თუმცა ტყვედ ჩავარდა. 100 დღე გაატარა ტყვეობაში. აიტანა ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა.

სერგეი ჟერჟევსკი 145 სხვა ტყვესთან ერთად გაათავისუფლეს 2014 წლის 26 დეკემბერს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ ის მშობლიურ ბატალიონს დაუბრუნდა. 2015 წელს კი უფროსი სერჟანტი ჟერჟევსკი უკრაინის პრეზიდენტმა მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვა „სიმამაცისთვის“.

2014 წლის ომის შემდეგ სერგეი მშვიდად და ჯანსაღი წესით ცხოვრობდა. მუშაობდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, დაუბრუნდა სამოქალაქო ცხოვრებას.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთი ისევ დაესხა თავს უკრაინას, სერგეის ბევრი არ უფიქრია და თავის საყვარელ ძაღლთან ერთად წავიდა ომში, უკრაინის „თავისუფლების ლეგიონში“ ჩაეწერა. ამ ლეგიონმა დიდი როლი შეასრულა კიევის დაცვაში.

„თავისუფლების ლეგიონერებმა“ საოცარი ენთუზიაზმი გამოავლინეს ომში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბატალიონი დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე მოხალისეებით არ იყო დაკომპლექტებული.

სერგეის თანამებრძოლები ჰყვებიან, რომ მას შეეძლო კრიტიკულ ვითარებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწრაფად მიეღო. შეეძლო თანამოაზრეების ირგვლივ შემოკრება და დროის კარგვის გარეშე დედაქალაქის დაცვისთვის მნიშვნელოვან ადგილებში მნიშვნელოვანი დავალებების შესასრულებლად მათი მობილიზება.

ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში სერგეის ბატალიონმა გაანადგურა მტრის რამდენიმე ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი, სატვირთო ავტომობილი და ათობით ცოცხალი ძალა, ხელში ჩაიგდეს ასევე ოკუპანტების საბრძოლო მასალები და პირადი დოკუმენტები. სწორედ ეს დოკუმენტები დაეხმარა გამოძიებას დაედგინა ფაქტები ომის დანაშაულზე, რაც ოკუპანტებმა ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

მოხალისეებისგან შემდგარი „თავისუფლების ბატალიონი“ გამორჩეული იყო სიმტკიცით, სიმამაცითა და კოორდინაციის კარგი უნარებით. ეს გამორჩეულობა უკრაინის სარდლობას მხედველობიდან არ გამოჰპარვია, ბატალიონი გადაამზადეს და ლუგანსკის რეგიონში გაგზავნეს, ლისიჩანსკში.

ამ დროისთვის ჯარისკაცმა ჟერჟევსკიმ ოფიციალურად დაიკავა ჯავშანტექნიკის უფროსი მექანიკოსის პოზიცია, მაგრამ თან მეთაურის მოვალეობასაც ასრულებდა.

2022 წლის აპრილ-მაისში მისმა ქვედანაყოფმა გაანადგურა მტრის ორი ტანკი, ოთხი ჯავშანმანქანა, სამი სატვირთო და ოც-ოცი ქვეითისგან შემდგარი სამი დანაყოფი.

10 მაისს სერგეი ჯავშანტრანსპორტიორების ეკიპაჟს მეთაურობდა. ამ ეკიპაჟმა, მისი თაოსნობით, აღკვეთა მტრის ჯავშანტექნიკისა და სატვირთო მანქანების კოლონის მცდელობა  – ოკუპანტებს უკრაინელების კოლონის გარღვევა სურდათ.

სერგეიმ მდგომარეობის შეფასების შემდეგ გარისკა და მოწინააღმდეგისკენ პირისპირ შესახვედრად გაემართა. მისი ბატალიონის მანქანებმა ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს და ცეცხლი გაუხსნეს რუსების კოლონას. უზუსტესი დარტყმით სერგეიმ მტრის ორი БТР-80 და ქვეითი ოცეული გაანადგურა. ამ მანევრმა სხვა დანაყოფების ჯარისკაცებს მისცა შესაძლებლობა, გადაჯგუფებულიყვნენ სარეზერვო პოზიციებზე. შედეგად კი უკრაინულმა მხარემ აღიდგინა ძალები შეტევისთვის .

34 წლის სერგეი 6 ივნისს დაიღუპა – რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ მხარეს. „თავი დაიცავით!“ – ეს იყო სერგეის უკანასკნელი ბრძანება. თუმცა დაინახა, რომ მისი თანამებრძოლი დამალვას ვეღარ ასწრებდა, ცეცხლის მოქმედების ზონიდან ვეღარ გააღწევდა და მის გადასარჩენად ერთადერთი გზა იყო გადაფარება.

სერგეი საკუთარი სხეულით გადაეფარა ქვეშევრდომ ჯარისკაცს. ჯარისკაცი გადარჩა. სერგეი სასიკვდილოდ დაიჭრა.

10 ივნისს სერგეი ტყის სასაფლაოზე დაკრძალეს.

უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი სამსახურისა და სიმამაცისთვის, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას გმირის წოდება მიანიჭა.

თანამებრძოლები იხსენებენ, რომ სერგეი შესამჩნევად თავმდაბალი და სამართლიანი მეთაური იყო. არ უყვარდა საჯაროობა. იხსენებენ ასევე იმასაც, რომ სერგეი განსაკუთრებული სიბრალულით ეპყრობოდა ტყვეებს და აცნობიერებდა მათი მდგომარეობის სიმძიმეს.


წყარო: Armyinform

როცა მეზობლის ბინიდან ყველაფერი გესმის – თხელი კედლების პრობლემა ახალ კორპუსებში

„არ მინდა, მეზობლის საუბარი მოვისმინო, არ მინდა, სხვის ამბებში ჩართული ვიყო, ძალიან უხერხულია. ხანდახან ტელევიზორს საგანგებოდ ვრთავ, რომ ხმები გადავფარო“ – გვიყვება თეონა ხარაბაძე. ის ოჯახთან ერთად ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს.

თეონა ერთ-ერთია ახალ კორპუსებში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც მკაფიო ხმები მეზობელი ბინიდან მრავალმხრივ დისკომფორტს და ამავდროულად უხერხულობას უქმნის:

„ეს მართლა არღვევს პირად სივრცეს. სტუმარი თუ გყავს და რამდენიმე ადამიანი ერთდროულად საუბრობს, მათი ხმები გადის და ასევე მეზობლისგანაც შემოდის. გარდა ამისა, არ გინდა მიყურადების მსხვერპლი გახდე, ან პირიქით, შენ მოუსმინო სხვას. თუმცა სხვანაირად ფიზიკურად შეუძლებელია. “

მათ, ვისაც ახალაშენებულ კორპუსში შეძენილი ბინა ჯერ არ გაურემონტებია, ასეთ ბინებში მცხოვრები მოქალაქეები ურჩევენ, ხმის იზოლაციის პრობლემისთვის საჭირო მოწყობილობები თავიდანვე გაითვალისწინონ, რადგან პრობლემის მოგვარება რემონტის დასრულების შემდეგ კიდევ დამატებით სხვა გამოწვევებს უკავშირდება: „თანაც, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა“.

როგორც ჩანს, მშენებელი კომპანიები, რომლებიც შიდა კედლებს ე.წ. „ათიანი“ ბლოკით აშენებენ, ხმის იზოლაციის პრობლემაზე ნაკლებად ფიქრობენ. მომავალში ეს მათი პრობლემა არ არის. მითუმეტეს, რომ ამ საკითხს სამშენებლო კოდექსი ან რაიმე სხვა რეგულაცია არ არეგულირებს.

„რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა ტელეფონი რეკავდა და ვეძებდი, მეგონა, ჩემთან რეკავდნენ. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მეზობელთან რეკავდა ტელეფონი და მე ვეძებდი ჩემს ტელეფონს“ – გვიყვება ნათია შავაძე.

ის ამბობს, რომ ხმები მეზობლის ბინიდან, ბევრ სხვა გარემოებასთან ერთად, იმის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ახალაშენებული კორპუსის ბინაში მუდმივად ცხოვრებაზე უარი თქვა:

„ბინა ვერ აღვიქვი მუდმივ საცხოვრებლად. განსაკუთრებული დისკომფორტია ღამის საათებში, როცა შედარებით სიჩუმეა, იმდენად მკაფიოდ ისმის ხმები, თუკი ადამიანი ხმამაღლა საუბრობს და არ უფრთხილდება, რომ ვიღაც შეიძლება შეაწუხოს. ცოტა ხმამაღლა თუ საუბრობს, ჩვეულებრივად ისმის რას ამბობს. ერთი მომენტია, რომ ეს ჩემთვისაც უხერხულია, როცა არ მინდა ვინმეს ამბებში ვიყო ჩართული და მეორეა, რომ შენც გაწუხებს, გიფრთხობს ძილს შუაღამით.

ერთი შეხედვით, თითქოს არ არის კედელი თხელი“.

ახალაშენებულ კორპუსებში მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც მეზობლების ბინიდან ხმაური აწუხებთ, ცალკე განხილვის საგანია მცირეწლოვანი ბავშვების ხმაურით გამოწვეული უხერხულობა. ამავდროულად მიიჩნევა, რომ ბავშვის შეზღუდვაც არ არის სასურველი.

„ორმაგად რთულია, როცა გყავს ბავშვი, ის თამაშობს, ხმაურობს, მუსიკას უსმენს – ეს უხერხულობასაც იწვევს. განსაკუთრებით საღამოს საათებში ვცდილობ ბავშვმა არ ითამაშოს იმ მხარეს, რომელიც მეზობლის მისაღებ ოთახს ესაზღვრება. ასე ვუფრთხილდებით ერთმანეთს და ეს ძირითადად მეზობლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვის ოთახი მიზანმიმართულად არ მოვაწყვეთ იმ სივრცეში, რომელიც მეზობელი ბინის კედელს ესაზღვრებოდა, ვიფიქრეთ, რომ ღამით ბავშვის უძილობის დროს არ შეგვეწუხებინა მეზობელი“ – ამბობს ნათია შავაძე.

იგი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მშენებლის სინდისზე არ უნდა დარჩეს და ხმის იზოლაციის საკითხის გათვალისწინება მშენებელს კანონით გათვალისწინებული რეგულაციებით უნდა ევალებოდეს. მისი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევადაც კი განვიხილოთ, როცა შეძლება უნებლიეთ გახდე მიყურადების მსხვერპლი ან სხვისი ამბის მონაწილე.

სპეციალისტების განმარტებით, მეზობელი ბინიდან რომ ხმა არ ისმოდეს, აუცილებელია ხმის იზოლაცია  და ეს მხოლოდ ე.წ. ათიანი ბლოკის გამოყენებას არ უნდა დავაბრალოთ, რადგან 20 სმ სისქის კედლებიდანაც კი ისმოდეს ხმა მეზობელ ბინაში.

„გარკვეულ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ბგერა-იზოლაცია.  კედლის სისქე და ასევე, მისი დამუშავება უნდა იყოს შესაბამისი.

ბინაში შეიძლება იყოს კედლის სისქე 10 სანტიმეტრი, მაგრამ სხვადასხვა ბინებს შორის ხმის იზოლაცია უნდა იყოს დაცული. აკეთებდნენ, მაგალითად, ორმაგ ტიხარს და შუაში ტოვებდნენ სიცარიელეს. ათიანსა და ათიან ტიხარს შორი 4-სანტიმეტრიანი ჰაერის ფენა იყო, სხვადასხვა ხერხს იყენებდნენ.

ან საიზოლაციო პანელს აკრავენ ხოლმე კედელზე. ახლა უკვე მშენებლები, როგორც ჩანს, არ იცავენ ამ წესებს. მე მაქვს სახლი ნანახი, რომელსაც გარე კედელი ჰქონდა 10 სმ სისქის, მაშინ როცა 25 სმ-ზე ნაკლები არ შეიძლება“ – ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი.

_______________

ფოტოზე: ბათუმი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორ ხდება წონის კლება კუჭის ბოტოქსის საშუალებით | ექიმის რჩევები

ბოტოქსის ინექცია, როგორც წესი, სახის ნაოჭების შემცირებასთან ასოცირდება, თუმცა ბოტოქსის ინექცია ასევე წლებია აქტიურად გამოიყენება მედიცინაში ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი და შაკიკი.

ბოლო წლებში ბოტოქსის ინექციები მედიცინაში წონის დასაკლებადაც გამოიყენება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე განმარტავს, რომ ბოტოქსის ინექციები ადუნებს კუჭის კუნთს და აჭიანურებს კუჭიდან ნაწლავებში მიღებული საკვების გადასვლა/მონელებას, ეს კი ეხმარება პაციენტს, უფრო სწრაფად იგრძნოს დანაყრება და ჭამოს ნაკლები.

კუჭის ბოტოქსი უფრო შესაფერისი პროცედურაა ჭარბი წონისა და მსუბუქი სიმსუქნის მქონე პირებისთვის, რადგან პროცედურის შედეგად მოსალოდნელია პაციენტმა დაიკლოს 8-15 კილოგრამი. კუჭის ბოტოქსის პროცედურა რამდენიმე წელია ქართულ კლინიკებშიც ტარდება, საქართველოში პროცედურის საშუალო ფასი 4000-მდე  ლარია.

  • ქალბატონო თამარ, რა პრინციპით მუშაობს ეს პროცედურა?

კუჭის ბოტოქსი ჭარბ წონასთან ბრძოლის ახალი მეთოდია, რომელიც გამოიყენება წონაში ზომიერად, სწრაფად და უსაფრთხოდ კლებისთვის. ეს მეთოდი მარტივი და გართულებების მინიმუმამდე დაყვანილი თვისებებით გამოირჩევა. კვლევებმა აჩვენა მისი ეფექტურობა, რაც მინიმალურ დროში შესამჩნევი შედეგით განისაზღვრება.

რაც შეეხება თვითონ პროცედურას: ექიმ-ენდოსკოპისტს, გასტროსკოპიის დახმარებით შეჰყავს შესაბამისი ნივთიერება – ბოტოქსი კუჭის კუნთში, რაც იწვევს კუჭის პარეზს ანუ მოძრაობითი ფუნქციის შესუსტებას. ეფექტი გამოიხატება შიმშილის რეცეპტორების დათრგუნვით, რის გამოც საკვების გადადინებას კუჭიდან ნაწლავებში სჭირდება 10-დან 12 საათი, რაც წონაში კლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია [ჩვეულებრივ, 6-დან 8 საათამდეა საჭირო იმისთვის, რომ საკვები კუჭის გავლით წვრილ და შემდეგ მსხვილ ნაწლავამდე მივიდეს]. შესაბამისად, პაციენტი ვერ იკვებება იმ რაოდენობის ულუფით, რასაც იღებდა პროცედურამდე.

  • პროცედურა ნარკოზის საშუალებით კეთდება?

აღნიშნული მანიპულაცია ინტრავენური საანესთეზიო საშუალების დახმარებით კეთდება.

  • რა ხანგრძლივობისაა პროცედურა და რამდენ ხანში მიდის პაციენტი სახლში?

პროცესის ხანგრძლივობა 15-20 წუთია, პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება და ის რამდენიმე საათში ეწერება ბინაზე. 

  • რა არის კუჭის ბოტოქსის ინექციების ჩვენება, ვისთვის შეიძლება და ვისთვის – არ?

კუჭის ბოტოქსის ინექციის ჩვენებას წარმოადგენს სიმსუქნე იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მთელი რიგი ცვლილებები ორგანიზმში ჭარბწონიანობის გამო, სჭირდებათ წონაში კლება, მაგრამ ვერ აგვარებენ პრობლემას, რადგან უჭირთ კვების შემცირება. პროცედურის შემდეგ მათ არ შეუძლიათ მიიღონ დიდი რაოდენობით საკვები.

თვითონ მანიპულაციას გააჩნია თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები.

რაც შეეხება ჩვენებებს, პროცედურის ჩატარება შესაძლებელია 16-დან 65 წლის ჩათვლით პაციენტებისთვის, ვისი სხეულის მასის ინდექსი – BMI არის 28-40.

ეს არ არის ქირურგიული ჩარევა, ოპერაციის შემდგომ პაციენტს არ სჭირდება მუდმივად მედიკამენტების მიღება.

პროცედურის უკუჩვენებებია: სისხლდენა, ალერგია ბოტოქსზე, ყაბზობა, ნაღველკენჭოვანი დაავადებები, კუჭის წყლული, გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გარკვეული ტიპის ენდოკრინული დაავადებები, სიმსივნე და 40-ზე მაღალი BMI.

  • დაახლოებით რამდენ ხანში დგება შედეგი?

კლინიკური ეფექტი ვლინდება პროცედურიდან 24-72 საათში და გრძელდება 4- 6 თვის განმავლობაში. რაც შეეხება განმეორებით ბოტოქსის ინექციას, შეიძლება გაკეთდეს სამჯერ ექვსთვიანი ინტერვალით. 

ჭარბი წონის მკურნალობის პროცესში მას არ ახლავს სერიოზული გვერდითი მოვლენები. მსოფლიო მასშტაბით დღემდე არ დაფიქსირებულა კუჭში ბოტოქსის ინექციის შემდგომი რაიმე სერიოზული გართულება, ვინაიდან ეს პროცედურა ტარდება ენდოსკოპიურად.

იშვიათი გართულებებია: გულისრევა, ღებინება და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის მიდამოში.

  • როგორია რეკომენდაციები პროცედურის შემდეგ, რაიმე შეზღუდვები თუ არის აქტივობის ან კვების მხრივ?

პროცედურის შემდგომ მნიშვნელოვანია სწორი დიეტა, ამიტომ პაციენტისთვის ენდოკრინოლოგთან ერთად იქმნება მასზე ინდივიდუალურად მორგებული კვების რეჟიმი, თუმცა მინიმალური შეზღუდვებით.

799 600 ლარი შსს-ს აჭარის დეპარტამენტის შენობის რემონტისთვის-გადადის თუ არა პოლიცია ბარცხანაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 800 ათასამდე ლარს დახარჯავს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი შენობის გასარემონტებლად.

გასულ წელს კი, საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ბარცხანაში დაიწყებოდა, რისთვისაც ბათუმის მუნიციპალიტეტმა ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის 17 ნომერში [ბარცხანის ხიდთან, ზღვის მხარეს] 15 938 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა სახელმწიფოს.

ნაკვეთი ბათუმში, რომელიც შსს-ს სარგებლობაშია / ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა 17

პირობის მიხედვით, სანაცვლოდ სახელმწიფოს ბათუმისთვის საკუთრებაში უნდა გადმოეცა ტბელ აბუსერიძის ქუჩა 11ა-ში მდებარე ქონება [მიწა და შენობები], რომლებსაც დღეს შსს სარგებლობს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სარემონტო შენობა ტბელ აბუსერიძის ქუჩა 11ა-ში

მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ქონება ქალაქს საკუთრებაში მას შემდეგ გადაეცემა, რაც შსს ახალ შენობას ააშენებს ბარცხანაში: „ეს თავიდანვე ასე იყო ჩადებული პირობაში. ვინაიდან პოლიცია დღემდე ფუნქციონირებს აბუსერიძის ქუჩაზე, ამიტომ აქ არსებული უძრავი ქონება ჯერ არ გადმოსულა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“.

დაახლოებით როდისთვის გეგმავს სამინისტრო ბარცხანაში ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის დაწყებას – აღნიშნულ საკითხზე „ბათუმელებმა“ შსს-დან კომენტარი ამ დრომდე ვერ მიიღო.

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11ა-ში მდებარე ერთ-ერთი, ხუთსართულიანი შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე კი, შსს-მ ტენდერი 799 600 ლარით გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 20 ნოემბერს დაიწყება და 25 ნოემბერს დასრულდება.

სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღე, ანუ 8 თვეა.

აქვე აღსანიშნავია, რომ შსს ორ კორპუსს ბათუმში პოლიციელებისთვისაც აშენებს, რომლებსაც ბინები  2020 წელს უნდა მიეღოთ, თუმცა, სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, ეს შენობები დაუმთავრებელია და მომავალმა მესაკუთრეებმა კვლავ არ იციან, როდის მოახერხებენ ახალ კორპუსში შესახლებას.

ამავე თემაზე:

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

ფოთში დაიწვა უკრაინისთვის შეგროვებული 8 ტონა ტვირთი

ფოთში დაიწვა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი. უკრაინელი მოხალისე ოლგა ლუკიანცევა ამბობს, რომ დაახლოებით 8 – 10 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი 22 ოქტომბერს, ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.

მოხალისეების აზრით, პოლიცია ხანძრის ამბავს ეფექტურად არ იძიებს.

„ჩემი აზრით, ხანძარი იყო მიზანმიმართული და დაგეგმილი, რადგან შენობის ფანჯრებზე უკრაინის დროშები მქონდა გამოკრული, ესეც ტერორისტული თავდასხმაა უკრაინელების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ვიღაცას სურდა ეს პროვოკაცია, ეს შენობა ეკუთვნოდა კერძო პირს, სადაც ელექტროგაყვანილობაც კი არ იყო“, – ამბობს ოლგა ლუკიანცევა.

მისივე თქმით, უკრაინელმა და ქართველმა მოხალისეებმა ქვეყნის მასშტაბით ერთობლივად შეაგროვეს ჰუმანიტარული ტვირთი და ფოთში ახარისხებდნენ შეგროვებულ ნივთებს. ფოთიდან ჰუმანიტარული ტვირთი სატვირთო მანქანებით უნდა გაეგზავნათ უკრაინაში.

უკრაინიდან დევნილი მოხალისე საყვედურობს ფოთის მერიასაც, რომ რამდენიმე დღით მათ დაცული შენობა არ გამოუყვეს.

„ჩვენ მივმართეთ განცხადებით ფოთის მერიას, რომ გამოეყოთ შენობა რამდენიმე დღით, მაგრამ არ გვიპასუხეს. შემდეგ მოქალაქემ თავისი სურვილით დაგვითმო ეს შენობა ერთი კვირით, ფული არ გადაგვიხდია. ეს იყო ტანსაცმელი, ასევე პირველადი საჭიროების ნივთები, რაც ნაწილი უნდა გაგვეგზავნა უკრაინაში, ნაწილი კი, განკუთვნილი იყო ლტოლვილებისთვის საქართველოში,“ – დასძინა ოლგა ლუკიანცევამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის.

ოლგა ლუკიანცევა

ცხრა თვეში საქართველოში 326 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიაში

2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 326 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. მათ შორის 9 ბავშვი იყო.

ამავე პერიოდში საქართველოში 5704 ადამიანი დაშავდა ავტოავარიის შედეგად – ასეთია საქართველოს შს სამინისტროს სტატისტიკა 2022 წელს საქართველოში მომხდარი ავტოავარიების შესახებ.

სტატისტიკის თანახმად, წელს, 9 თვის განმავლობაში, ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი იყო რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა, რომლის 1897 შემთხვევა აღირიცხა. სარკინიგზო გადასასვლელზე იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით წელს 63 ადამიანი დაიღუპა.

22 წლის მარტოხელა დედას სმენის აპარატი სჭირდება, რომ სწავლა გააგრძელოს

22 წლის ეკატერინე ნოდიას სმენის აპარატი სჭირდება. მას 11 წლის ასაკში სმენა დაუქვეითდა და აპარატის გარეშე აღარ ესმის. ეკატერინე სტუდენტია, გასულ წელს ჩაირიცხა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ლექციებს სრულფასოვნად ვერ უსმენს. არ გამოადგა აპარატი, რომელიც სახელმწიფო პროგრამით გადაეცა.

ეკატერინე სოციალურად დაუცველია და მარტოხელა დედაა. სამტრედიაში ქირით ცხოვრობს და ქუთაისში, უნივერსიტეტში სამტრედიიდან დადის.

„ბოლო კვირაა საერთოდ არ წავსულვარ, რადგან იმ აპარატით, რომელიც სახელმწიფო პროგრამით გადმომცეს, ვერ ვსარგებლობ. აპარატი შიშინებს და ხმებს საერთოდ ვერ ვარჩევ. არაერთხელ ვცადე აპარატის გასწორება, მაგრამ ხმა მაინც არ ისმის.

კარგი ხარისხის აპარატი 8 ათასი ლარი ღირს, თუმცა გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელიც მეორად აპარატს ყიდის და სადღაც 3 500 ლარი ღირს.

ჩემს მეგობრებს ჩემზე რთული დაქვეითება აქვთ სმენის, თუმცა ხარისხიან აპარატებში არ უჭირთ მოსმენა.

ახლა, როცა სტუდენტი გავხდი და ძალიან მინდა სწავლის გაგრძელება, ლექციების მოსმენა, სმენის აპარატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“, – გვეუბნება ეკატერინე.

ეკატერინემ საზოგადოებას დახმარების თხოვნითაც მიმართა, თუმცა საკმარისი თანხა ჯერ ვერ შეაგროვა. „მსახიობმა ია ფარულავამ დამიდო პოსტი ფეისბუკზე და ამის შემდეგ დამერიცხა 1000 ლარი, დამეხმარა ხალხი და ეს თანხა მაქვს ამჟამად ანგარიშზე. თუ გამოიჩენენ კიდევ გულისხმიერებას ადამიანები, იქნებ შემიგროვდეს აპარატის შესაძენი თანხა“, – ამბობს ეკატერინე.

ამ ეტაპზე მას ლექციების მოსმენა არ შეუძლია, ამიტომ სასწავლო პროგრამას წიგნებიდან, დამოუკიდებლად ამზადებს. გამოცდებს და სემინარებს კი წერილობით აბარებს.

„სახელმწიფო ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს მთავაზობს, ფინანსურ დახმარებაზეც უარი მითხრეს, რომ ჩემით შევიძინო აპარატი. მე კი სოციალური შემწეობის გარდა სხვა შემოსავალი არ მაქვს. გარდა ამისა, 6 წლის შვილი მყავს, რომელზე ზრუნვაც მარტოს მიწევს“, – ამბობს ეკატერინე.

ეკატერინე 11 წლის ასაკში მძიმე ინფექციას ებრძოდა. მისი თქმით, ანტიბიოტიკების მაღალი დოზის გამოყენებამ გავლენა იქონია მის სმენაზე და შემდგომ წლებში სმენა კიდევ უფრო დაუქვეითდა.

__________________

„დილსი“ – ონლაინმაღაზია, რომელმაც ასობით მომხმარებელი მოატყუა და მაინც მუშაობს

მაიკო ქართველიშვილმა, ორი თვის წინ ინტერნეტმაღაზიაში „დილსი“ პიჯაკი გამოიწერა შორტით, 195 ლარად. ფეისბუქზე ინტერნეტმაღაზიად დარეგისტრირებულ „დილსის“ მაიკომ თანხა ორ ნაწილად გადაურიცხა: 50 ლარი 15 აგვისტოს, დანარჩენი კი – მეორე დღეს.

მომხმარებელს არც შეკვეთილი სამოსი მიუღია და არც გადარიცხული ფული, 195 ლარი აღარავის დაუბრუნებია მისთვის.

„პირველად 50 ლარი რომ ჩავრიცხე, მეორე დღეს აქტიურად მწერდნენ, დანარჩენი თანხაც ჩარიცხეთ ბარემო. ჩავრიცხე. 4, 5 დღეში უნდა მოეტანათ სამოსი და არავინ გამოჩენილა. ორი კვირა რომ გავიდა, დავრეკე და ვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს, ხვალ მოგივათ შეკვეთა საქართველოს ფოსტითო. ფოსტიდან არავინ მოსულა, მერე მე მივედი და არანაირი გზავნილი ჩემს სახელზე იქ არ იყო. ვითხოვდი „დილსისგან“ გამოგზავნის კოდს, მაგრამ ვერ მაძლევდნენ. მამისამართებდნენ ერთი ნომრიდან მეორეზე. ერთ ნომერზე მპასუხობდნენ გამოგზავნილიაო, მეორეზე მპასუხობდნენ არ არის გამოგზავნილი და ახლა მზადდება შეკვეთა, ცოტა დაიცადეთო. ბოლოს აღარავინ გამომეხმაურა“, – გვიყვება მაიკო.

როცა დარწმუნდა, რომ ტანსაცმელს ვერ მიიღებდა, მაიკომ „დილსისგან“ თანხის დაბრუნება მოითხოვა, თუმცა ამაოდ:

„მერე ბევრი მომხმარებელი აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში, ვინც ამ ვითომ ინტერნეტმაღაზიისგან ჩემსავით დაზარალდა. თავიდან კარგად გეკონტაქტებიან, სანამ თანხას ჩარიცხავ, ფერებს გარჩევინებენ, არჩევანს გთავაზობენ ფოტოებით. არანაირი ეჭვი არ გაგიჩნდება. მერე, როცა არც თანხა დამიბრუნეს და არც სამოსი მომიტანეს, მათ ფეისბუქგვერდზე დავიწყე კომენტარების წერა, რასაც მაშინვე შლიდნენ“, – ამბობს მაიკო ქართველიშვილი.

მაიკო მიიჩნევს, რომ დაზარალებულია, თუმცა გამოძიების დაწყების თხოვნით სამართალდამცავებისთვის ჯერ არ მიუმართავს.

ინტერნეტმაღაზია „დილსი“.dilsi მხოლოდ ფეისბუქშია დარეგისტრირებული მაღაზიად. 23 აგვისტოს მათ პოსტი გამოაქვეყნეს ფეისბუქზე, სადაც წერია, რომ შოურუმი აქვთ „ბათუმი მოლში“, მისამართზე: გორგილაძის ქუჩა №90.

„ბათუმელები“ „ბათუმი მოლში“ მივიდა ამ მისამართზე „დილსის“ მოსაძებნად, თუმცა ამ დასახელების შოურუმი არ დაგვხვდა. „ბათუმი მოლის“ ადმინისტრატორმა, ირინა ჯინჭველეიშვილმა კი შემდეგი გვითხრა: „აგვისტოს თვეში „დილსიმ“ მართლა გახსნა ჩვენთა შოურუმი. ორი თვის განმავლობაში მათ დაუგროვდათ დიდი გადასახადები, რაც არ გადაიხადეს. გარდა ამისა, მომხმარებელი ხშირად მოგვმართავდა პრეტენზიებით, რომ მათ მაღაზიას არ მიჰქონდა შეკვეთები მომხმარებლამდე. ამ მიზეზების გამო შოურუმს გავუუქმეთ ხელშეკრულება“.

ფეისბუქგვერდზე „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“ „დილსის“ შესახებ რამდენიმე ასეული პოსტი იძებნება, სადაც ასობით მომხმარებელი წერს, რომ „დილსის“ თანხა გადაურიცხეს, თუმცა შეკვეთილი სამოსი არ მიუღიათ.

იშვიათ შემთხვევაში მომხმარებელი ამბობს, რომ „დილსი“ მხოლოდ იმ მომხმარებლებს უბრუნებს თანხას უკან, რომლებსაც მათ წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეაქვთ. ასეთ მომხმარებლებს „დილსი“ თანხას უკან უბრუნებს დროის გაჭიანურებით.

ამის მიუხედავად, მათი გვერდი ისევ ფუნქციონირებს: გვერდი დაბლოკილი არ არის, უარყოფით კომენტარებსაც კი „დილსი“ პოსტების ქვეშ შლის და ყოველდღიურად დღეში საშუალოდ 4, 5 პროდუქტს აქვეყნებს ახალი მომხმარებლების მისაზიდად.

ჟანა დუმბაძემ ამ ონლაინმაღაზიის წინააღმდეგ საჩივარი პოლიციაში ახლახან დაწერა, თუმცა გამოკითხვაზე პოლიციას ის ჯერ არ დაუბარებია.

პიჯაკის საყიდლად ჟანამ 5 ოქტომბერს გადაურიცხა 155 ლარი მობაილბანკით „დილსის“ წარმომადგენელს. პიჯაკი მისთვის მაქსიმუმ 10 ოქტომბრამდე უნდა მიეტანათ, მაგრამ ოქტომბერი სრულდება და შეკვეთა ისევ არ მიუღია.

„მაქსიმუმ 10 რიცხვამდე უნდა მოეტანათ პიჯაკი. შეკვეთას რომ დააგვიანდა, თავად არავინ დამკავშირებია. მე რომ ვრეკავდი, მეუბნებოდნენ, რომ მეორე დღეს აუცილებლად მომიტანდა კურიერი.

ყოველ ჯერზე სხვადასხვა ოპერატორი მპასუხობდა. ბოლოს მოვითხოვე თანხის დაბრუნება, რაც არ გააკეთეს და გავაფრთხილე ისინი, რომ პოლიციას მივმართავდი. როგორც გინდათ, ისე მოიქეცით, ჩვენ თაღლითები არ ვართ და ამის დამტკიცება შეგვიძლიაო, მიპასუხეს. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში ვნახე ამ ინტერნეტმაღაზიის შესახებ, ყველა წერდა, რომ ჩემსავით იყო დაზარალებული“, – ამბობს ჟანა დუმბაძე.

ჟანამ ამის შემდეგ პოლიციაში საჩივარი დაწერა, თუმცა ის გამოკითხვაზე ჯერ არავის დაუბარებია.

ხატია ჯანგულაშვილმა 22 აგვისტოს შეუკვეთა კაბა და პიჯაკი 200 ლარად „დილსის“. შეკვეთა 5 სექტემბერს უნდა ჩაებარებინათ. მას შემდეგ, რაც კურიერს 2 საათი ელოდა, ხატიას მხოლოდ კაბა მიუტანეს პიჯაკის გარეშე. პიჯაკი აღარ გამოუგზავნეს. ხატიამ თანხა უკან მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე მას „დილსისგან“ ანაზღაურება არ მიუღია. ონლაინმაღაზია ხატიას მთელი ეს დრო ჰპირდება, რომ გადარიცხულ თანხას „დღეს ან ხვალ მიიღებს“.

„ძალიან დიდი ხნის დაგვიანებით, მას შემდეგ, რაც ერთი ამბავი ავტეხე, მომიტანეს პიჯაკი – ძალიან უხარისხო, სრულიად სხვა, ვიდრე ფოტოზე იყო და დეფექტიანი. კურიერს მეტროსთან 2 საათი ველოდე. არ მომიტანეს კაბა. მოვითხოვე ფული უკან და მატყუებენ ორი თვეა, რომ თანხას გადმომირიცხავენ. ამ დრომდე არაფერი გადმოურიცხავთ.

„სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“ დავდე მათზე პოსტი და აღმოვაჩინე, რომ ამ ონლაინმაღაზიამ ბევრი დააზარალა, მივხვდი, რომ თაღლითებთან მქონდა საქმე.

ფეისბუქზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ,,დილსის” წარმომადგენლები გაბრაზდნენ და ვინმე ქეთი სვანიძემ სატელეფონო საუბრისას, როცა მათ დავურეკე, მითხრა, რომ თქვენ უკვე თავად გააკეთეთ არჩევანიო“, – გვიყვება ხატია.

სამივე ზემოთ ხსენებულ რესპონდენტს „დილსიდან“ სხვადასხვა ანგარიში მიუთითეს, სადაც მაღაზიისთვის თანხა უნდა ჩაერიცხათ: ხატია ჯანგულაშვილმა 200 ლარი ანა ცომაიას სახელზე ჩარიცხა, ჟანა დუმბაძემ ანა სიჭინავას გადაურიცხა 155 ლარი, მაიკო ქართველიშვილმა კი შპს „დილსის“ სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხა 195 ლარი.

ხატია ჯანგულაშვილს პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართავს.

ელენე გიორგაძემ დუტის ქურთუკი ერთი წლის წინ შეუკვეთა. ქურთუკი არც ელენეს მიუტანეს „დილსიდან“. შეკვეთას მთელი თვით დააგვიანდა, მაგრამ ელენეს არავინ შეხმიანებია, რის შემდეგაც მან თავად მისწერა მაღაზიას კითხვით, თუ სად იყო მისი შეკვეთა. მინაწერი ნახეს, თუმცა პასუხი არ გასცეს, რის შემდეგაც ელენე დაეჭვდა და ტელეფონის ნომრების, სახელებისა და გვარების მიხედვით, ვისაც ეკონტაქტებოდა ,,დილსიდან“, ამ ადამიანების ძებნა დაიწყო ცესკოს სპეციალურ ბაზებში.

„დავადგინე ამ ადამიანების ვინაობა, გავარკვიე, რომ ეს ნათესავების, ბიძაშვილებისა და დების თაღლითური ჯგუფია, რომლებიც ფულს სძალავენ ადამიანებს. გავარკვიე ვინ ვისი და, ბიძაშვილი და დედაა, გავარკვიე, სად აქვთ საცხოვრებლები რეგისტრირებული და ა.შ.“ – ამბობს ელენე.

ამ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ელენემ „დილსის“ წარმომადგენელს დაურეკა და უთხრა, რომ იცოდა მათი საცხოვრებელი ადგილის და რეგისტრაციის მისამართი, იცოდა მათი ნათესავების სახელები და გვარები, ვინაობა, ადგილსამყოფელი და რომ ამ ყველაფერს ტელევიზიებთან განაცხადებდა, რის შემდეგაც „დილსის“  წარმომადგენლები მას დაჰპირდნენ, რომ თანხას უკან დაუბრუნებდნენ.

„მიხვდნენ, რომ მართლა გარკვეული მქონდა მათ შესახებ ბევრი რამ და ვფიქრობ, ძალიან დაშინდნენ, დამპირდნენ, რომ თანხას დამიბრუნებდნენ და რამდენიმე დღეში მართლაც გადმომირიცხეს ფული. მერე სოციალურ ქსელებში ბევრგან ვხვდებოდი მათგან დაზარალებული მომხმარებლების კომენტარებს“, – ამბობს ელენე გიორგაძე და გვეუბნება, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში მზადაა დაეხმაროს პოლიციას.

„დილსის“ წარმომადგენლები ფეისბუქგვერდზე მითითებულ სატელეფონო ნომერს არ პასუხობენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „დილსის“ წარმომადგენელს ნომერზე, რასაც ისინი მომხმარებლებს აძლევენ. ტელეფონზე დარეკვისას დაგვიდასტურეს, რომ ნამდვილად ,,დილსიში“ ვრეკავდით.

მაღაზიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა კომენტარს გააკეთებდნენ ბრალდებების შესახებ, რასაც მათ მომხმარებლები უყენებენ.

„კომენტარს ვერ გავაკეთებთ, სხვა კომპეტენტური პირი დაგიკავშირდებათ, გადავცემ თქვენს საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და დაგირეკავთ. რაც შეეხება პოსტებს (ფეისბუქგვერდებზე), ჩვენი მხრიდან ამაზე საქმეა აღძრული“, – გვითხრა „დილსის“ წარმომადგენელმა.

თუმცა ჩვენს კითხვაზე, რა მოტივით და ვის წინააღმდეგ „აღძრეს საქმე“, არ უპასუხეს.

ნინო დაგვპირდა [ასე გაგვეცნო, გვარი არ გაამხილა], რომ „ბათუმელებს“ თავად დაუკავშირდებოდა კომპანიის დირექტორი ან მენეჯერი, თუმცა 5 დღის ვადაში გამოცემას არავინ დაჰკავშირებია.

ნინოს ვკითხეთ ასევე, თუ სად აქვს „დილსის“ შოურუმი, ვაცნობეთ ისიც, რომ მათ მიერ მითითებულ მისამართზე ბათუმში ვიყავით და „დილსის“ მაღაზია „ბათუმი მოლში“ ვერ ვიპოვეთ. ამ კითხვაზე ნინომ არ გვიპასუხა და ტელეფონი გათიშა.

„დილსთან“ დაკავშირებას ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობთ. კომპანიაში სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად „დილსი“ 2020 წელს დარეგისტრირდა. „დილსის“ 100%-იანი წილის მფლობელი 1996 წელს დაბადებული, ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში მცხოვრები ნათია სიჭინავაა.

ონლაინმაღაზია „დილსის“ ფეისბუქგვერდს 68 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მომხმარებლები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ შეკვეთის არმოტანის და თანხის არდაბრუნების შემდეგ მათ უარყოფითი კომენტარების წერა დაიწყეს ,,დილსის“ პოსტების ქვეშ, თუმცა ონლაინმაღაზიის წარმომადგენლები ამგვარ კომენტარებს მაშინვე შლიან და მოტყუებულ, დაზარალებულ მომხმარებლებს ბლოკავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ვერ გვითხრეს, არის თუ არა გამოძიება დაწყებული „დილსის“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების მიხედვით. ასეთი ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურმა ვერ მოძებნა.

კრემლი უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეზე ჩინეთსა და ინდოეთს  ესაუბრა 

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკრაინის მიერ ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების საფრთხის შესახებ ინფორმაციის „ენერგიულად“ მიწოდებას, რათა მსოფლიოს აღნიშნული საფრთხის პრევენციისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს.

„ვფლობთ ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ემზადება ასეთი ტერორისტული დივერსიისთვის. ჩვენ ენერგიულად გავაგრძელებთ ჩვენი ხედვის მიტანას მსოფლიო საზოგადოებასთან, რათა წავახალისოთ ისინი, გადადგან აქტიური ნაბიჯები კიევის რეჟიმის ასეთი უპასუხისმგებლო ქცევის პრევენციისკენ“, – განაცხადა პესკოვმა.

ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების გეგმებზე რუსეთის ბრალდებებს უპასუხეს უკრაინამ და დასავლელმა პარტნიორებმა. მათ არამხოლოდ უარყვეს ბრალდებები, არამედ გამოთქვეს ვარაუდი, რომ რუსეთი ამ ნარატივს შესაძლოა, მისი მხრიდან შემდგომი ესკალაციის გასამართლებლად იყენებდეს.

ოფიციალურმა კიევმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებიც მიიწვია თავისი კონტროლის ქვეშ არსებული დაწესებულებების მონიტორინგისათვის. როგორც აესს-ის დირექტორმა დაადასტურა, ექსპერტები გაემგზავრებიან უკრაინაში.

დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ინდოელ და ჩინელ კოლეგებს ესაუბრა და გადასცა „რუსეთის შეშფოთება უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხის შესახებ“.

მანამდე, იმავე საკითხზე, შოიგუმ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ისაუბრა.

როგორც ბრიტანული გამოცემა „როიტერსი“ წერს, მოსკოვმა 25 ოქტომბერს თავისი ბრალდება გაეროს უშიშროების საბჭოშიც შეიტანა და თავისი შეშფოთება დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე გამოთქვა.

რუსეთს არ გამოუქვეყნებია მტკიცებულებები, რომლებიც, მისი თქმით, აქვს. თუმცა ამბობს, რომ თავისი ჯარები ბირთვული დაბინძურების პირობებში სამუშაოდ მოამზადა.

გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასავლელ კოლეგებს გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია „სახელმწიფო უსაფრთხოების აუცილებელი დონის დაშვებით“.

„როიტერსის“ ცნობითვე, გაეროში გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილემ, ჯეიმს კარიუკიმ, ბრალდებებს უწოდა „წმინდა რუსული დეზინფორმაცია, ისეთი, როგორიც აქამდე არაერთხელ გვინახავს“.

„ღამის შოუს ბენდს“ 61 500 ლარს ქედა, მარტვილი, თეთრიწყარო და კასპი გადაუხდიან

ქედის მერია „ქედელობაზე“ წელს „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბენდს 15 ათას ლარს გადაუხდის. ტენდერის გარეშე თანხის გადახდაზე მერიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს. ქედაში ჩასვლაზე, როგორც მერიაში ამბობენ, თანახმაა ბენდიც. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ბენდის მოწვევა მოსახლეობამ მოითხოვა.

„ღამის შოუს ბენდი“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუს“ აფორმებს მუსიკალურად.

სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ 2022 წლის ოქტომბრის თვეში იყო დაგეგმილი. თუმცა ღონისძიება გადაიდო და ის სხვა ღონისძიებასთან – „ღვინის ფესტივალთან“ ერთად ჩატარდება.

გაერთიანებული ღონისძიების ჩატარების, შესაბამისად, ბენდის ქედაში ჩასვლის კონკრეტული დღე, ამ დროისთვის უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ღონისძიება ნოემბრის პირველ, მაქსიმუმ მეორე კვირაში ჩატარდება: „ამინდზეც ვართ დამოკიდებული“.

რაც შეეხება ცალკე „ღვინის ფესტივალს“, მას ორგანიზებას ქედის მერიის შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ გაუწევს. ცენტრის დირექტორის, რაულ ცინცაძის თქმით, ფესტივალის ჩატარება 15 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. „ღვინის ფესტივალისთვის“ კი, 35 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ქედის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურისგან მუნიციპალიტეტის მერის, როლანდ ბერიძისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამით – კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მხარდაჭერა და ხელშეწყობა – გათვალისწინებულია სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ ჩატარება [20 000 ლარი], რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო:

  • „აჭარული კერძების მომზადების იმიტაცია, ღვინის დაწურვისა და ჭაჭის გამოხდის იმიტაციები, აჭარული კერძების გამოფენა;
  • ქედის ისტორია – ფოტოებისა და პუბლიკაციების გამოფენა, ეთნოგრაფიული და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა, ჭიბონის, ხეზე კვეთის, თამბაქოს ჭრის, გიდელის, გოდრისა და ბადის ქსოვის იმიტაციები;
  • მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, საბავშვო კუთხის მოწყობა, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და სხვა თანმდევი აქტივობების ორგანიზება. თუმცა წელს „შემოდგომა ქედაში“ ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ „ღვინის ფესტივალთან“ ერთად, მასშტაბურად“.

„მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შემოვიდა ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოითხოვენ ღონისძიების „შემოდგომა ქედაში“ ფარგლებში „ღამის შოუს ბენდის“ მოწვევას. „ღამის შოუს ბენდი“ საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით, მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, თავისი რეპერტუარითა და შოუ-პროგრამით ფართო საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ბენდის მოწვევა განხორციელდეს „შემოდგომა ქედაში“ ღონისძიების ფარგლებში, ხოლო დაგეგმილი აქტივობები გადავიდეს „ღვინის ფესტივალში“, – აღნიშნულია ქედის მერისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში.

ქედის მცხოვრებთა განცხადება, რომელსაც ხელს 85 მოქალაქე აწერს / წყარო: შესყიდვების სააგენტოს პორტალი

გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის შესახებ განკარგულებაში შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ქედის მერიას, რომ მან „სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით, რათა კონკურენტული და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნით უზრუნველყოფილ იქნას შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური და გამჭვირვალე ხარჯვა. დამატებით აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.“

ქედის მერიის განმარტებით, „15 000 ლარი განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად“.

ქედის მერია, დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულებას ქედაში გასამართ ღონისძიებაში ბენდის მონაწილეობაზე, ბაბი კირკიტაძესთან გააფორმებს. შესაბამისი შეთანხმება ბაბი კირკიტაძესა და ბენდის ხელმძღვანელ გელა გნოლიძეს შორის არის გაფორმებული:

წყარო: შესყიდვების პორტალი

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „ღამის შოუს ბენდი“ სხვა მუნიციპალიტეტებში გამართულ ღონისძიებებშიც მონაწილეობს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდება.

მაგალითად, 2022 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ბაბი კირკიტაძესთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ:

  • მარტვილის მუნიციპალიტეტს – 19 500 ლარზე, ბენდის მონაწილეობაზე „ჭყონდიდლობის“ დღესასწაულზე;
  • თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრს – 15 000 ლარზე – ბენდის „გარისობა 2022“-ში მონაწილეობაზე;
  • კასპის მუნიციპალიტეტის მერიას – 12 000 ლარზე – ბენდის „კასპობა 2022“-ში მონაწილეობაზე.

დოკუმენტების მიხედვით, თეთრიწყაროს მერს მომსახურება თავად ბაბი კირკიტაძემ შესთავაზა. მერმა გიორგი წიკლაურმა კი თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრს მისწერა, რომ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია „ღამის შოუს“ ბენდის 2022 წლის 9 სექტემბრის წერილი, რომელიც შეეხება საკონცერტო წარმოდგენის შეთავაზებას სახალხო დღესასწაულ „გარისობა 2022“-ისთვის. გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.“

წყარო: შესყიდვების პორტალი

კასპში კი, კასპის მერს ვახტანგ მაისურაძეს, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურიდან მისწერეს, რომ „ჩვენი სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციით და მოსახლეობის თხოვნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კასპობა 2022“ ღონისძიებაზე მოწვეული იქნეს „ღამის შოუს ბენდი“ რომელიც საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარობით, მაღალი რეიტინგით და დიდი სიყვარულით სარგებლობს.“

კასპის მერიას შესყიდვების პორტალზე „მოსახლეობის თხოვნის“ დამადასტურებელი დოკუმენტი არ აუტვირთავს.

რაც შეეხება მარტვილს. აქ კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა მერს, თორნიკე ჯანაშიას მისწერა, რომ „წელს ,,ჭყონდიდლობის“ ღონისძიების ჩატარებას მასშტაბური ფორმატით ვგეგმავთ, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოვიწვიოთ „ღამის შოუს ბენდი“, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით და მაღალი სატელევიზიო რეიტინგით სარგებლობს.“

იანვარში ღამის შოუს ბენდს 12 500 ლარი ბათუმის კულტურის ცენტრმაც გადაუხადა.

__

მთავარი ფოტო: „ღამის შოუს“ ფეისბუქგვერდიდან

____

ამავე თემაზე:

რიჟვაძის განკარგულებით სეზონი გაგრძელდა – 73 000 ლარი პრაიმ შოუს კონცერტისთვის

 

 

 

 

პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ფეხითა და ველოსიპედით სიარულს – ჯანმო

ჯანმოს პროგნოზით, 2020-დან 2030 წლამდე პერიოდში მსოფლიოში თითქმის 500 მილიონ ადამიანს ემუქრება გულის დაავადება, სიმსუქნე, დიაბეტი ან სხვა არაგადამდები დაავადება, რომელიც ფიზიკურ უმოქმედობასთან არის დაკავშირებული.

ჯანმოს ცნობით, ამ დაავადებების მკურნალობა ჯამში 300 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება, ყოველწლიურად კი – 27 მილიარდი აშშ დოლარი, თუ მთავრობები არ მიიღებენ სასწრაფო ზომებს ფიზიკური აქტივობის წასახალისებლად.

საქართველოში სიკვდილიანობის 90% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებითა და მათი რისკფაქტორებით. ეს არის: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქრონიკული, რესპირატორული დაავადებები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში არაგადამდები დაავადებების ჯანმრთელობის ტვირთის პარალელურად უდიდესია მისი ეკონომიკური ტვირთიც. შეფასებული მაჩვენებლით, მხოლოდ 2019 წელს საქართველოში არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული დანაკარგი და პირდაპირი დანახარჯი შეფასებულია დაახლოებით სამ მილიარდამდე ლარით.

ჯანმოს უახლესი ანგარიში ზომავს, რამდენად ახორციელებენ მთავრობები ფიზიკური აქტივობის გაზრდის მიზნით შესაბამის რეკომენდაციებს. 194 ქვეყნის მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რითაც თავიდან აიცილებენ დაავადებების ახალ შემთხვევებს და შეამცირებენ ტვირთს უკვე გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებზე.

ჯანმო წერს, რომ ეროვნული ფიზიკური აქტივობის პოლიტიკა ქვეყნების 50%-ზე ნაკლებს აქვს.

საქართველოში ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და იგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და საპარლამენტო კომიტეტმა, არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტის პროექტთან ერთად, სამი თვის წინ არაგადამდებ დაავადებათა მულტისექტორულ ფორუმზე წარადგინეს. 

ჯანმოს მთავარი რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია ქვეყნებმა შექმნან უსაფრთხო გზების პოლიტიკა და პრიორიტეტი მიენიჭოს ფეხით, ველოსიპედით სიარულსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას, როგორც უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მგზავრობის საშუალებას ყველასთვის.

უსაფრთხოების საკითხები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები არ ირჩევენ ფეხით ან ველოსიპედით სიარულს, რაც ნიშნავს, რომ გზის დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს ყველა მომხმარებლისთვის, აუცილებელია.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიხედვით, რომლის ავტორიც აშშ-ს საკონსულტაციო ორგანიზაცია Tetra Tech-ია, „თანამიმდევრულობასა და სისტემურობას“ არის მოკლებული საქართველოს მასობრივი სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამები. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ეს პროგრამები მოიცავს სპორტულ ღონისძიებებს, რომელთა შედეგებიც მონაწილეთა რაოდენობით ფასდება. სპორტზე პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებათა პროგრამებში სპორტი არ არის მიჩნეული არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის განმტკიცების საშუალებად.

„ეს იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ ახალგაზრდების ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისა და სპორტში ჩართულობის გაზრდის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

საჭიროა წახალისდეს ახალგაზრდების სპორტული აქტივობები − მათი ჩართვა როგორც პროფესიულ, ისე სამოყვარულო სპორტში. ამისთვის სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, აგრეთვე ისეთი მულტისექტორული მიდგომების შემუშავებაზე, რომლებიც წაახალისებს ფეხით სიარულს, ველოსიპედით გადაადგილებას, ფიზიკური აქტივობის (ვარჯიშის) სხვა ფორმებს და უზრუნველყოფს ამ აქტივობებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ავღანელი კომანდოების გადაბირება დაიწყო – Foreign Policy

ავღანეთის ეროვნული არმიის კომანდო კორპუსის ყოფილი წევრები ადასტურებენ, რომ რუსი სამხედროებისგან უკრაინაში ბრძოლის შეთავაზება მიიღეს.

როგორც გამოცემა Foreign Policy წერს, რუსეთს იმედი აქვს, რომ შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ელიტური ქვეითი ჯარი, რომელიც ავღანეთში 20 წლის განმავლობაში აშშ-ისა და მოკავშირეების გვერდით იბრძოდა, უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარებას შეცვლის.

„ათასობით სამხედრომ შეაფარა თავი მეზობელ ქვეყნებს მას შემდეგ, რაც თალიბანმა დამარცხებული ხელისუფლების მომხრეთა დევნა და მკვლელობები დაიწყო. ბევრი კომანდო ახლაც ავღანეთში რჩება და იმალება, რათა დაკავება და სიკვდილით დასჯა აიცილოს თავიდან.

შეერთებულმა შტატებმა თითქმის $90 მილიარდი დახარჯა ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მშენებლობაზე. მიუხედავად ამისა, 2021 წელს ამ ძალებმა ფაქტობრივად უბრძოლველად ჩააბარეს ქვეყანა თალიბანს,“ – წერს გამოცემა.

Foreign Policy მიუთითებს, რომ კომანდოების გადაბირების პროცესს, სავარაუდოდ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ხელმძღვანელობს. ავღანელი სამხედროები შეთავაზებებს WhatsApp-ისა და Signal-ის ქსელების საშუალებით იღებენ.

„გეუბნებით, რომ ეს „ვაგნერია“. ისინი აგროვებენ ადამიანებს ყველგან. ერთადერთი დაჯგუფება, რომელიც უცხოურ ძალებს აგროვებს რუსეთისთვის, „ვაგნერია“ და არა მათი არმია. ეს ვარაუდი არაა, ეს ცნობილი ფაქტია,“ – ეუბნება გამოცემას ყოფილი თანამდებობის პირი, რომელიც მანამდე ავღანეთის კომანდო კორპუსის ოფიცერი იყო. – „უკეთესი იქნებოდა, ეს სამხედროები დასავლელ მოკავშირეებს გამოეყენებინათ, რომ უკრაინელებთან ერთად ებრძოლათ. მათ არ სურთ რუსებისთვის ბრძოლა; რუსები მტრები არიან, მაგრამ სხვა რა გზა აქვთ?“

წყაროს თქმით, ყოფილი კომანდოები პაკისტანში, ირანში ან თურქეთში დღეში 3-4-დოლარიან სამუშაოს ეძებენ, „და თუ მათთან მივა ვინმე და ეტყვის, რომ $ 1000 გადაუხდიან იმაში, რომ ისევ მებრძოლები გახდნენ, სავარაუდოდ, ისინი უარს არ იტყვიან“.

„და თუ ერთ კაცს გადაიბირებ, მას შეუძლია მთელი მისი ყოფილი რაზმი მოიყვანოს, რადგან ძმებივით არიან და ძალიან მალე, უკვე მთელი ოცული გეყოლება,“ – ამბობს ყოფილი ოფიცერი.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კომანდოების გადაბირებაში ჩართულები არიან ირანელი სამხედროებიც, რომლებსაც თეირანში ასეთი მიზნებისთვის სპეციალური ბიურო აქვთ.

უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე 1 000-მდე ცხედარია ნაპოვნი

ახლახან გათავისუფლებულ უკრაინულ ტერიტორიებზე უკვე დაახლოებით 1000 დაღუპული ადამიანის ცხედარი იპოვეს – მათ შორის არიან სამხედროებიც და მოქალაქეებიც.

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, საექსჰუმაციო სამუშაოები გრძელდება და უფრო ზუსტი რაოდენობა მათი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„სამძებრო სამუშაოების შედეგად უკვე ექსჰუმირებულია ჩვენი დაღუპული გმირებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაახლოებით 1000 ცხედარი. მათ შორის, თითქმის 450 იზიუმში – ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ სამარხში.

ცნობილი ხდება ოკუპანტების სისასტიკის დამადასტურებელი შოკისმომგვრელი ფაქტები: დაღუპულთა შორის არამხოლოდ სამხედროები, არამედ სამოქალაქო პირებიც არიან – უფროსებიც და ბავშვებიც,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, იზიუმში მასობრივი სამარხის შესწავლა და ცხედრების ექსჰუმაცია 23 სექტემბერს დასრულდა – სულ ნაპოვნია 447 ცხედარი, მათ შორის არიან ბავშვებიც.

25 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დეოკუპირებულ იზიუმში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

17 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლიმანში 187 ცხედარი იპოვეს – მათ შორის 35 სამხედროა, ხოლო 152 – სამოქალაქო პირი.

მთავარ ფოტოზე: ცხედრების ექსჰუმაცია იზიუმში/ფოტო: ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაცია

შეზღუდვა ნასაკირალის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ35-კმ43.6 მონაკვეთზე, ე.წ. „ნასაკირალის უღელტეხილზე“, 26 ოქტომბრის 08:00 სთ-დან 27 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ფენის დაგებაა.

დროის აღნიშნულ პერიოდში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გავლით.

მოსახლეობა ამბობს, რომ „ბლექსის“ ეზოდან ვირთხები და კოღოები ესევიან – დირექტორი უარყოფს

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 94ა-ში ხუთსართულიანი კორპუსი დგას. კორპუსის უკანა ეზო პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსის“ ეზოს გადაჰყურებს. ეზოში წლებია ბალახი იზრდება, ბალახს პერიოდულად ცელავს „ბლექსის“ ადმინისტრაცია, თუმცა, კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მოცელილ ბალახს ადგილზევე ტოვებენ.

კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოცელილი ბალახი ლპება და კოღოებისა და ვირთხების საბუდრად იქცევა.

პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსის“ უკანა ეზო

ლერმონტოვის ქუჩის 94ა-ში მცხოვრები ლუდა თხილაიშვილი ასევე გვიყვება, რომ მათი კორპუსის საწვიმარი მილებით ჩამონადენი წყალი ადრე „ბლექსის“ ეზოში მდებარე მილამდე გადიოდა და სანიაღვრე არხს უერთდებოდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც ეზო მოუვლელია, ალაგ-ალაგ მილები  ჩაიხერგა, ამოივსო, ფასადიდან ჩამონადენი წყალი ვეღარსად გადის და კორპუსის საძირკველშივე გროვდება.

„ბალახს ჭრიან ხოლმე და არც გააქვთ, იქვე ტოვებენ. ამით პრობლემა არ გვარდება.

ეზო დაჭაობებულია, ზაფხულში სუნი დგას, ღამით ბაყაყების ყიყინი არ გვაძინებს. რატომ უნდა იყოს ბათუმში ისევ ბაყაყების ყიყინი 21-ე საუკუნეში?!

ეზოს მხოლოდ ბალახის მოჭრა არ შველის, მოსაასფალტებელი ან მოსაპირკეთებელია, გასატანია ნაგვის გროვებიც ამ ეზოდან,“ – ამბობს ლუდა თხილაიშვილი, რომელიც პირველ სართულზე ცხოვრობს. მისი ფანჯრები პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსის“ ეზოს გადაჰყურებს.

პროფესიული სასწავლებელი „ბლექსი” და მისი უკანა ეზო

მარგო ზანდარაძე ამავე კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობს. მასაც დაჭაობებული ეზოს ხედი აქვს ფანჯრიდან. ამბობს, რომ მესამეკლასელ შვილს სახლის უკანა ეზოში სათამაშოდ ვერასდროს უშვებს, რადგან ეშინია, პროფესიული სასწავლებლის ეზოდან გადმოსულმა ვირთხებმა არ დაკბინონ:

„ვირთხებია ამ ბალახში და ზაფხულობით ქვეწარმავლებიც შეგვინიშნავს.

ზაფხულობით, როცა სიცხე აჭერს, სუნი დგება, ბაყაყების ყიყინია. ჩვენი კორპუსიდან წვიმისას ჩამონადენი წყალი, რაც მაგ ეზოს გავლით მილებით უნდა მიდიოდეს კანალიზაციამდე, ჩვენივე კორპუსის ეზოდან ვეღარ გადის და საძირკველს გვილპობს“ – ამბობს მარგო ზანდარაძე.

გიორგი თავბერიძე და დათო კუნჭულიაც ლერმონტოვის 94ა-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლები არიან. ისინიც ყოველდღე დაჭაობებულ ეზოს უყურებენ სახლის ფანჯრებიდან.

გიორგი თავბერიძე ამბობს, რომ დაგუბებული წყალი პროფესიული სასწავლებლის ეზოში არასდროს შრება და მისი აზრით, ეზოს მოწესრიგების საკითხი მხოლოდ ბალახის მოჭრით ვერ გადაწყდება:

„სხვანაირად უნდა მოწესრიგდეს ეზო, მოპირკეთდეს ან ასფალტი დაიგოს, სკვერი მოაწყონ, მოედანი ან რამე მსგავსი. მხოლოდ ბალახის მოჭრას რა აზრი აქვს? წყალი გუბდება მოთიბულ ბალახში, ლპება და ჭაობდება. წლებია ასეა“ – ამბობს კორპუსის მცხოვრები.

ლერმონტოვის 94 ა-ში მცხოვრებლები

ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერიას და მის სამსახურებს არ ევალებათ პროფესიული სასწავლებლის ეზოს გასუფთავება-მოწესრიგება, რადგან შენობა არ ეკუთვნის მუნიციპალიტეტს და სახელმწიფოს საკუთრებაა, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს ქონებები კი გამიჯნულია.

შენობას და ეზოს ლერმონტოვის ქუჩაზე პროფესიული სასწავლებელი „ბლექსი“ განკარგავს, რომლის დირექტორიც გიორგი გოგიტიძეა. ეზოს გაწმენდა-მოწესრიგების ვალდებულებაც კოლეჯ „ბლექსის“ აქვს.

პროფესიული სასწავლებლის მოუწესრიგებელ ეზოზე აქვს ხედი თავად „ბლექსის“ რამდენიმე აუდიტორიასაც. აუდიტორიებიდან, სადაც ახალგაზრდები იღებენ განათლებას, ასეთი ხედია:

ხედი ეზოზე „ბლექსის“ აუდიტორიიდან

„ბათუმელები“ პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსის“ დირექტორს, გიორგი გოგიტიძეს დაუკავშირდა კომენტარისთვის.

გიორგი გოგიტიძე ამბობს, რომ მოსახლეობას პრობლემები არ უნდა ჰქონდეს პროფესიული სასწავლებლის ეზოსთან დაკავშირებით:

„მოსახლეობას, წესით, „ბლექსის“ ეზოსთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეს პრობლემები. მათ მიშენებები გაუკეთეს კორპუსს და გამოიწვიეს დაზიანებები.

ჩვენ იქ ვცელავთ ბალახს სისტემურად. ეს ჭაობის უბანია და კოღო ისეც იქნება.

მე ვერ დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი ეზოდან ესევა მოსახლეობას ვირთხები და კოღო“ – ამბობს გიორგი გოგიტიძე.

პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსის” უკანა ეზო

მას ვკითხეთ, ხედავს თუ არა პრობლემას იმაში, რომ კორპუსის წინ მოსახლეობას დაჭაობებული, მოუვლელი ეზო აქვს, რომლის გაწმენდაც  „ბლექსის“ ადმინისტრაციის ვალდებულებაა:

„პრობლემას ვხედავ, მაგრამ ჭაობი არ გვაქვს. წვიმის შემდეგ გუბურები დგება და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჭაობი სხვა რამეა“ – ამბობს პროფესიული სასწავლებლის დირექტორი.

___

ამავე თემაზე:

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

Mercedes-Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს და ქარხანას ყიდის

გერმანული ავტოკონცერნი Mercedes-Benz-ი რუსეთის ბაზრიდან გადის, პოდმოსკოვიეში ქარხანას და ქონებას ყიდის.

ამის შესახებ საერთაშორისო მედია და რუსული წყაროები კომპანიის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერენ.

„Mercedes-Benz-ი აპირებს დატოვოს რუსეთის ბაზარი და თავისი წილი ადგილობრივ შვილობილ კომპანიებში ადგილობრივ ინვესტორებს მიჰყიდოს“, – ნათქვამია ავტოკონცერნის განცხადებაში.

რუსული წყაროების ცნობით, გერმანული კომპანიის აქტივებს მიიღებს კომპანია Автодом-ი, რომელიც სპეციალიზებულია პრემიუმკლასის ავტომობილების გაყიდვასა და მომსახურებაზე.

Mercedes – ავტომობილების მწარმოებელი პირველი კომპანია არაა, რომელიც რუსეთიდან გადის. მანამდე თავისი აქტივები გაყიდეს და რუსული ბაზარი დატოვეს Renault-მ და Nissan-მა, ასევე ქვეყანაში დაიხურა Toyota-ს ქარხანა.

Mercedes-ის აქტივები რუსეთში 2021 წლის ბოლოს 2 მილიარდ ევროდ იყო შეფასებული. კომპანიის ქარხანა, რომელიც წელიწადში 25 ათას ავტომობილს უშვებდა, პადმოსკოვიეში 2019 წელს გაიხსნა.

2022 წლის ათი თვის მონაცემებით, Mercedes-Benz-ის ავტომოილების გაყიდვები რუსეთის ფედერაციაში 73%-ითაა შემცირებული.

უკრაინა NASAMS-ის კომპლექსებს მალე მიიღებს – რა შეუძლია ამ სისტემას

აშშ-ის ხელისუფლებას უკვე გადაეცა უკრაინისთვის განკუთვნილი  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ორი სისტემა NASAMS-ი. კომპლექსებს კიევი უახლოეს მომავალში მიიღებს.

„ჩვენ ჩავაბარეთ NASAMS-ის ორი სისტემა ხელისუფლებას რამდენიმე კვირის წინ. ისინი უკვე მალე იქნება უკრაინაში,“ – უთხრა მწარმოებელი კომპანიის (Raytheon Technologies) დირექტორმა გრეგ ჰეისმა ტელეკომპანია CNBC -ს. – „ეს არის საჰაერო თავდაცვის ახლო მანძილზე მოქმედი სისტემა და მას შეუძლია ჩამოაგდოს ყველაფერი, რაც ცაშია – დრონები, ბალისტიკური რაკეტები თუ გამანადგურებელი თვითმფრინავები“.

NASAMS – ეს არის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს.

სისტემის თავისებურებები:

  • მოქმედების მანძილი – 2,5-დან 40 კილომეტრამდე;
  • მოქმედების სიმაღლე – 30 მეტრიდან 16 კილომეტრამდე;
  • რეაგირების დრო – 10 წამი.

მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვა დაიწყო, შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ კიევი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს მიიღებდა. მაშინ აშშ-ის ხელისუფლებას შეიარაღების გადაცემის ვადები არ დაუსახელებია, თუმცა პირობა დადო, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდებოდა.

14 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ NASAMS-ის პირველი სისტემები უკრაინაში უკვე ოქტომბრის ბოლოს ჩავა.

კიდევ რა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღებას მიიღებს უკრაინა: 

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის HAWK-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემას განიხილავს.

უკრაინული მედიის ცნობით, დაახლოებით ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი უკრაინაში HAWK-ის ოთხ სისტემას გაგზავნის.

AMRAAM-ის „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიაწვდის უკრაინას დიდი ბრიტანეთი. ეს რაკეტები გამოიყენება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა NASAMS-ისთვის, რომლებსაც უკრაინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გასაძლიერებლად კიევს 15 მილიონი ევროს ღირებულების რაკეტებს გაუგზავნის ნიდერლანდები.

უკრაინაში უკვე ჩავიდა გერმანული სარაკეტო საზენიტო კომპლექსი IRIS-T, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით „საბრძოლო ნათლობაც“ გაიარა და რუსეთის არმიის ბოლოდროინდელი თავდასხმების დროს ეფექტიანად იმუშავა.

მთავარ ფოტოზე: ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა NASAMS/ფოტო: Kongsberg

Exit mobile version