მთავარი,სიახლეები

შოიგუ NATO-ს ქვეყნების დაშინებას ცდილობს, რადგან რუსეთი ხერსონისთვის ბრძოლასაც აგებს – ISW

24.10.2022
შოიგუ NATO-ს ქვეყნების დაშინებას ცდილობს, რადგან რუსეთი ხერსონისთვის ბრძოლასაც აგებს – ISW

რუსეთის თავდაცვის მინისტრი NATO-ს ქვეყნების დაშინებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეფერხებას ცდილობდა, რადგან რუსეთი მუდმივად განიცდის მარცხს ბრძოლის ველზე და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასავლეთ ხერსონსაც „დაკარგავს“ – ასე აფასებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) სერგეი შოიგუს განცხადებებს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეზე.

ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 23 ოქტომბერს შოიგუმ NATO-ს ქვეყნების სულ მცირე სამ თავდაცვის მინისტრს დაურეკა, კოლეგებს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და უმტკიცებდა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებით პროვოკაციას გეგმავდა.

პარალელურად, ამავე ცრუ და უსაფუძვლო განცხადებას იმეორებდნენ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები. რუსი პროპაგანდისტების ვერსიით, უკრაინა გეგმავს „ატომური ბომბის აფეთქებას“ თავის ტერიტორიაზე, რათა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში რუსეთი დაადანაშაულოს და მთელი მსოფლიო მოსკოვის წინააღმდეგ განაწყოს.

ISW-ი იქვე დასძენს, რომ იმავე დღეს, 23 ოქტომბერს, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც რუსეთის „გაფრთხილებას“ სიცრუე უწოდეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.

ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, შოიგუს განცხადებები რუსეთის ხანგრძლივი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა. კრემლი ჯერ კიდევ თებერვლიდან ამტკიცებდა, რომ მასობრივი განადგურების იარაღით ე.წ. False flag ოპერაციის განხორციელებაში უკრაინას დასავლეთის ქვეყნები დაეხმარებოდნენ.

აპრილში რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ მოიპოვა ინფორმაცია თითქოს, „რუსეთის დასადანაშაულებლად შეერთებული შტატები გეგმავდა პროვოკაციას ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით.“

„ამიტომაც შოიგუს განცხადებები და რუსული სახელმწიფო მედიის ცრუ მუქარები „ბინძურ ბომბზე“, დიდი ალბათობით, მიზნად ისახავს დასავლეთის ქვეყნების შეშინებას, მათ იძულებას, შეწყვიტონ ან შეამცირონ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რადგან რუსეთი მუდმივ წარუმატებლობას განიცდის ბრძოლის ველზე და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხერსონის დასავლეთ ნაწილსაც „დაკარგავს“, – წერს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: