მთავარი,სიახლეები

გერმანიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი – „ჩვენ ვართ თაობა ძალიან ძლიერი იმუნიტეტით“

21.10.2022 • 2628
გერმანიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი – „ჩვენ ვართ თაობა ძალიან ძლიერი იმუნიტეტით“

ჰამბურგის საავადმყოფოში ხანდახან როიალთან იჯდა და მძიმე პაციენტებისთვის უკრავდა. როიალი საავადმყოფოს ფოიეში იდგა. ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე თავადაც მუსიკა ეხმარებოდა ყველაზე მეტად. ფიქრობდა, რომ ახლა თავად უნდა დახმარებოდა სხვებს. სალომე აკვირდებოდა და გრძნობდა, რომ პაციენტებს სულ ცოტა ხნით, ოდნავ მაინც ავიწყდებოდათ მუსიკის მოსმენისას ტკივილი და ეს არ იყო ცოტა.

ქართველმა ემიგრანტმა, პიანისტმა სალომე ჯიჯეიშვილმა ამ დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტა  საკუთარი გამოცდილება გაეფართოვებინა მუსიკალურ თერაპიაში. პროექტი დაწერა და გერმანული გრანტი მოიპოვა. 2023 წლიდან სალომე შშმ ბავშვების, ხანდაზმულებისა და მძიმე პაციენტებისთვის მუსიკის თერაპიას ჩაატარებს.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ მუსიკას ბევრი რამ შეუძლია. შეუძლია დაგავიწყოს ტკივილი, შეუძლია დაეხმაროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს.

სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, მოსმენა და სხვადასხვაგვარი ბგერის აღქმა მედიტაციური, განმმუხტველი პროცესია“ – ამბობს სალომე.

კვლევითი ცენტრის PMCG-ის ბოლო კვლევის მიხედვით 2010-დან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში  861 ათასი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 23% წავიდა. მათ შორისაა სალომეც.

სალომე ჯიჯეიშვილი, პიანისტი/სოფო თოლორდავას ფოტო

სალომე 11 წლის წინ წავიდა ემიგრაციაში. გერმანიაში გადასახლებაზე მანამდე არ უფიქრია. თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურის პირველ კურსზე იყო, როცა DAAD-ის  დაფინანსება მოიპოვა ჰამბურგის უმაღლეს სასწავლებელში საფორტეპიანო შესრულების ხელოვნების მიმართულებაზე სწავლის გასაგრძელებლად.

„სწავლა რომ დავასრულე, საქართველოში დავბრუნდი, რვა თვით დავრჩი და მერე ტურისტული ვიზით წავედი ჰამბურგში მაგისტრის დიპლომის წამოსაღებად. მაშინვე უკან დაბრუნებას ვგეგმავდი, მაგრამ სურათი შეიცვალა. ვიგრძენი, რომ ამ ქვეყანასთან, ხალხთან ადაპტაციის პროცესი უკვე გავლილი მქონდა და ირგვლივ მყავდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ ჩემი საფორტეპიანო კონცერტებისთვის გაეწიათ ორგანიზება.

კონცერტებმა კარგად ჩაიარა და პუბლიკის დიდი მოწონება და სიყვარული დავიმსახურე.

თავდაჯერება შემემატა და ვირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების. საქართველოშიც ვაკეთებდი თითქოს იმას, რასაც აქ ვაკეთებ, ვმართავდი კონცერტებს, ვმონაწილეობდი სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში, მაგრამ ყოველთვის მქონდა ვაკუუმში ყოფნის განცდა, როცა ძალიან, ძალიან გაინტერესებს რა ხდება სხვაგან“ – ამბობს სალომე ჯიჯიეშვილი.

სალომე ჯიჯეიშვილი, პიანისტი/ფოტო: Tho Zyd

ახლა სალომე ჰამბურგის რამდენიმე სამუსიკო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად მუშაობს, ასწავლის ბავშვებსა და ზრდასრულებს, საკუთარ მუსიკასაც ქმნის და მართავს კონცერტებს გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, პოპულარიზაციას უწევს თანამედროვე ქართველ და ევროპელ კომპოზიტორებს; მონაწილეობს სხვადასხვა არტისტთან ერთად სახელოვნებო პროექტებში.

სალომე იხსენებს, რომ ემიგრაციის პირველ წლებში ყველაზე რთული გარემოსთან ადაპტაცია იყო:

„თავიდან ძალიან გამიჭირდა, მქონდა ენის ბარიერიც, მაგრამ გერმანელები ძალიან თავაზიანები არიან და ყველას და ყველაფერს ახალს გულისყურით ეკიდებიან. გარშემომყოფების ამ თვისებებმა ბარიერები დამაძლევინა.

იყო შემთხვევები, როცა გერმანელი ქველმოქმედები, ჩვეულებრივი ადამიანები ჩემს კონცერტებს აფინანსებდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ იჩენდნენ ასეთ გულისხმიერებას. მაღალი შეგნების ხალხია გერმანელები. ამ დამოკიდებულებებმა და ბევრმა სხვა რამემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ათასობით ლტოლვილს იღებს გერმანია და მათ ადამიანურ პირობებს სთავაზობს. ხელოვანებისთვის ამ ქვეყნის კარი ღიაა, კულტურა და შრომა გერმანული საზოგადოების მთავარი ღირებულებებია“ – ამბობს სალომე.

სალომე ჯიჯეიშვილი/სოფო თოლორდავას ფოტო

მუსიკის გაკვეთილები სალომესთვის ყოველდღიურობაა, თუმცა ამბობს, რომ სწავლების მეთოდები და მიდგომები ძალიან განსხვავდება ქართული სამუსიკო სკოლებისგან.

სალომეს მონათხრობის მიხედვით გერმანიაში სამუსიკო სკოლებში მუსიკას სწავლობენ როგორც ჰობის და გაკვეთილზეც კვირაში ერთხელ დადიან მოსწავლეები, მაშინ, როცა საქართველოში სულ მცირე კვირაში ორჯერ ენიშნებათ ბავშვებს მუსიკის გაკვეთილი. განსხვავებულია სასწავლო მასალაც – ნაკლებდატვირთული, ქართულ მაგალითებთან შედარებით.

„საქართველოში გაცილებით მაღალი თამასაა დაწესებული სამუსიკო სკოლებში, აქ ასე არ არის. არც ძალიან რთული რეპერტუარია გამოყენებული სწავლებისას. სხვადასხვა სტანდარტები მოქმედებს.

როცა ვარსკვლავურ გამოვლინებასთან და განსაკუთრებულ ნიჭთან გვაქვს საქმე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიჰყავთ მოზარდი პროფესორთან და პროფესიონალური დამოკიდებულებაც სწორედ მაშინ ჩნდებადა“ – ამბობს პიანისტი.

სალომე ჯიჯეიშვილი/სოფო თოლორდავას ფოტო

სალომე საკუთარი იმპროვიზებული ნაწარმოებების საღამოებსაც მართავს ხოლმე. ჯონ კეიჯის მუსიკის ფილოსოფიითაა შთაგონებული და პრეპარირებული ინსტრუმენტის საშუალებით ახალ ჟღერადობას ეძებს. ეს მეთოდი პირველად საუკუნის დასაწყისის დიდმა ექსპერიმენტატორმა, ამერიკელმა ჯონ კეიჯმა დანერგა კლასიკურ მუსიკაში. მსგავსი  მცდელობები მანამდე შესაძლოა ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებსაც ჰქონდათ.

„ინსტრუმენტში იყრება სხვადასხვა საგანი, ნივთები, ჭანჭიკებიც კი თუ გნებავთ, რაც საერთოდ ცვლის ბგერის ჟღერადობას.

ექსპერიმენტული მუსიკა საინტერესოა, კორნელიუს კარდიუმ საერთოდაც შექმნა ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც შემსრულებელს მუსიკის ახალი პერსპექტივით დანახვის შესაძლებლობა მისცა. ეს ხედვა გაძლევს საშუალებას მუსიკის შესრულებისას ჩართო პროცესში ვინც გსურს, რომელი ინსტრუმენტიც გინდა, მუსიკის ხანგრძლივობასაც თავად განსაზღვრავ“ – გვიყვება სალომე.

ექსპერიმენტული მუსიკა თავადაც აინტერესებს, ასეთ კონცერტებსაც მართავს. ერთხელ  რამდენიმე ინსტრუმენტი წაიღო კონცერტზე და მსმენელებს ჩამოურიგა, პუბლიკა სალომესთან ერთად უკრავდა. ასე შეასრულეს თავისუფალი, იმპროვიზებული სიმფონია.

სალომე ფიქრობს, რომ პიანისტის, შემსრულებლისთვის ექსპერიმენტები სიახლეების აღმოჩენის შესაძლებლობაა, რაც მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია კლასიკური მემკვიდრეობის  ჩარჩოებს მიღმა ახალი ჟღერადობის საძებნელად, მუსიკალური ხედვის გასაფართოებლად.

სალომე ჯიჯეიშვილის კონცერტის აფიშა ჰამბურგში

ახალ, დისჰარმონიულ ჟღერადობას, სალომეს დაკვირვებით ყური შეჩვეული არ არის, შესაბამისად დისონანსური ჟღერადობის მშვენიერების აღსაქმელად მსმენელს მომზადება სჭირდება.

„ექსპერიმენტული, თუნდაც დისონანსური მუსიკის მშვენიერება რომ ვიგრძნოთ, ცოტა მომზადებაა საჭირო, ამ მუსიკის ფილოსოფიის გაგება, ყურის, გულის გახსნა და სიახლისთვის მზაობა, მუსიკალური ინტელექტიც.

ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით, მუსიკა ყოველთვის ჟღერს, მათ შორის სიჩუმეშიც, უბრალოდ ყურის გდებაა საჭირო.

ახალი მუსიკის დაბადების აუცილებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა. მაგალითად,  ვენის ახალი სკოლის წარმომადგენლები: ბერგი, შონბერგი და ვებერნი მუშაობდნენ იმაზე, რომ ომისშემდგომი ბნელი და სასოწარმკვეთი გარემო მუსიკითი გაეცოცხლებინათ, ცდილობდნენ, ყველაფერი, რაც ირგვლივ იყო, მუსიკაში აესახათ.

ექსპერიმენტული მუსიკა გარკვეულ წრეებში პოპულარულია, მაგრამ გერმანიაში, კლასიკური მუსიკის სამშობლოში რთულია ამ ტენდენციების გაღვივება. უფროსი ასაკის გერმანელი მსმენელი კონცერტებზე შუბერტის და მოცარტის მოსმენას ამჯობინებს. ცხადია, ამ კომპოზიტორების მნიშვნელობას არ ვაკნინებ, პირიქით – ეს არის ის საფუძველი, რაზეც დაშენდა ყველაფერი, მაგრამ ვითარდება მუსიკა“ – გვიყვება სალომე.

პიანისტი სალომე ჯიჯეიშვილი/სოფო თოლორდავას ფოტო

მიუხედავად იმისა, რომ პიანისტის სამომავლო გეგმები და ცხოვრება გერმანიას უკავშირდება, საქართველოში ყოფნის პერიოდი მისი ცხოვრების მთავარ ნაწილად რჩება.

„უმნიშვნელო მოგონებებიც კი გულს მიჩუყებს. ჩემს თაობას 90-იანი წლები გვაქვს გავლილი საქართველოში, გვინახავს უამრავი სირთულე და სიხარული, რამაც გაგვაძლიერა. ეს სიძლიერე აქ ბევრი რამის გადალახვაში დამეხმარა. ჩვენ ვართ თაობა ძალიან ძლიერი იმუნიტეტით.

საქართველოში რაღაცები იცვლება, მაგრამ მდგომარეობა ძალიან მტკივნეული და მძიმეა. ვისურვებდი პროფესიონალიზმი და კულტურა იყოს მთავარი პრიორიტეტები ჩემი ქვეყნისთვის, სათანადოდ ფასდებოდეს შრომა.

ვისურვებდი ასევე, რომ როცა ადამიანი რამეს კარგად და საინტერესოდ აკეთებს, არ უწევდეს ქვეყნიდან გაქცევა, თავი რეალიზებულად რომ იგრძნოს“ – ამბობს სალომე ჯიჯიეშვილი.

სალომე ჯიჯეიშვილი/სოფო თოლორდავას ფოტო

ყველაზე ძალიან საქართველოში ჩამოსვლისას ურბანიზაციის პროცესი აშფოთებს:

„პარკები, მწვანე სივრცე ფაქტობრივად არ არსებობს. აქ ყოველ ნაბიჯზე ბავშვების სათამაშო მოედნებს და გამწვანებულ სკვერებს შეხვდები.

ძალიან მინდა მჯეროდეს საქართველოს უკეთესი მომავლის, უსამართლობის და არაპროფესიონალიზმის აღმოფხვრის ყველა სფეროში. თუ ასე იქნება, ყველა ქართველი ემიგრანტი დაბრუნდება, რეალურად ყველას ძალიან უყვარს და ენატრება საქართველო.“ – ამბობს სალომე.

მძიმე და დეპრესიულ დროს მუსიკასთან ერთად ხატვა და ფოტოების გადაღებაც ეხმარება. 2011 წლიდან ხატავს. ცოტა ხნის წინ ნახატები შეკრიბა, პორტფოლიო გააკეთა და 30 ოქტომბერს ახლა პერსონალური გამოფენისა და კონცერტისთვის ემზადება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: