მთავარი,სიახლეები

მილიარდები ალინასთვის – რას ჩუქნიდნენ ყოფილ სპორტსმენს პუტინის მეგობარი ბიზნესმენები

22.10.2022 • 2064
მილიარდები ალინასთვის – რას ჩუქნიდნენ ყოფილ სპორტსმენს პუტინის მეგობარი ბიზნესმენები

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყოფილი სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინთან მისი ურთიერთობების გამო დასავლეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. არაერთი წყაროს ცნობით, კაბაევა პუტინის ორი შვილის დედაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოეთში მისი პირადი ქონების დამალვაში.

გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და ყოფილ სპორტსმენს საკუთარი ურთიერთობები ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებიათ, გაზეთმა „მოსკოვსკი კორესპონდენტმა“ კი, რომელმაც 2008 წელს მათი ქორწილის შესახებ დაწერა, ჯერ პირადად პუტინის მწვავე რეაქცია მიიღო, ამბის გამოქვეყნებიდან 10 დღეში კი გაზეთი საერთოდ დაიხურა.

ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ შექმნილი საგამოძიებო პორტალი „დოსიე“ აქვეყნებს გამოძიებას, თუ როგორ „ეხმარებოდნენ“ რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვის წევრები ალინა კაბაევას ბოლო 15 წლის განმავლობაში.

  • პიოტრ კოლბინმა (პუტინის ბავშვობის მეგობარი) კაბაევას ბებიას, ანნა ზაცეპლინას გადასცა ორი ბინა მოსკოვში;
  • გენადი ტიმჩენკომ (პუტინს იცნობს 1990-იანი წლებიდან, მის ერთ-ერთ „საფულედ“ მიიჩნევენ) – ბინა პეტერბურგში;
  • გრიგორი ბაევსკიმ (პუტინის დიდი ხნის მეგობრის, არკადი როტენბერგის პარტნიორი) – ბინა და მიწის ნაკვეთი მოსკოვში, რუბლიოვკაზე ბინა.

როგორც „დოსიე“ როსრეესტრზე დაყრდნობით წერს, კაბაევა, მისი და, ბებია და დედა ფლობენ 10 ბინას მოსკოვსა და პეტერბურგში, ასევე, მიწის ნაკვეთებსა და კოტეჯებს მოსკოვის ოლქში და სოჭში. მათი საერთო საბაზრო ღირებულება, „დოსიეს“ დათვლებით, 2,5 მილიარდ რუბლს აღწევს (დაახლოებით $ 40 მლნ).

ჟურნალისტების ინფორმაციით, კაბაევა ასევე სარგებლობდა იმ აქტივებით, რომლებიც ფორმალურად მას არ ეკუთვნოდა. აპრილში The Wall Street Journal-ი ამერიკელ და ევროკავშირის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერდა, რომ ყოფილი სპორტსმენი არაერთხელ და ხანგრძლივად ცხოვრობდა ვილაში ჟენევის ტბაზე, დასახლების ისტორიულ ნაწილში. სახლს ვერტნფრენის დასაჯდომი მოედანიც ჰქონდა.

„დოსიეს“ ცნობით, იმ დასახლებაში მხოლოდ ერთი ვილაა ვერტმფრენის მოედნით და ის ოლიგარქ გენადი დიმჩენკოს სახლის გვერდით მდებარეობს. მოედანი ვილა Hauterive-ს ნაწილია. ახლა ეს მთლიანი ტერიტორია, გამოცემის ცნობით ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთ-ერთი ნაწილი, რომელშიც ვერტმფრენის მოედანიც შედის, 2022 წლის გაზაფხულზე $75,6 მილიონად იყიდებოდა. როგორც „დოსიე“ აღნიშნავს, მალევე მას შემდეგ, რაც გამოცემის ჟურნალისტმა რეალტორს კაბაევას შესახებ შეკითხვა დაუსვა, ნაკვეთი გაყიდვიდან მოხსნეს.

ტიმჩენკოს სახლის გარდა შვეიცარიაში, კაბაევა, სავარაუდოდ, სარგებლობა იახტით „შაჰერაზადა“, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ იტალიის ხელისუფლებამ დააყადაღა.

„დოსიეს“ ცნობით, პუტინის კიდევ ერთმა მეგობარმა კაბაევას ჰოლდინგს 12 მილიარდი დოლარი ასესხა.

კაბაევა 2014 წლიდან არის ჰოლდინგის „ეროვნული მედიაჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ჰოლდინგი ფლობს წილს რუსეთის პირველ არხზე, რუსულ Discovery-ზე და ასევე ფლობს არხს РЕН ТВ და გაზეთს Известия.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: