განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ ავრცელებენ სკოლებში, მშობლების ჩათში შეტყობინებას უცნობ პირებზე

21.10.2022 • 3156
რატომ ავრცელებენ სკოლებში, მშობლების ჩათში შეტყობინებას უცნობ პირებზე

„ქალაქის ერთ-ერთ სკოლასთან იყო შემთხვევა, როცა უცნობმა პირებმა სკოლის მოსწავლე გოგონას სთხოვეს დახმარებოდა მათი ერთ-ერთი მეგობრისთვის ყვავილების გადაცემაში და ამისთვის მანქანით გაყოლა შესთავაზეს.

დამრიგებლებო, გააფრთხილეთ მშობლები და განსაკუთრებით გოგონები, რომ არავის ენდონ და მანქანაში არ ჩაუსხდნენ უცნობ პირებს“, – ეს შეტყობინება ბათუმის ერთ-ერთი სკოლის ჩატიდან ყველა მშობელმა მიიღო.

საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გავრცელდა მსგავსი შინაარსის ხმოვანი თუ წერილობითი შეტყობინებები, უცნობი პირების შესახებ. ამის თაობაზე წერენ სოციალურ ქსელშიც, რომ თითქოს უცნობი პირები სკოლებთან ახლოს გოგონებს ავტომანქანით სახლში წაყვანას სთავაზობენ.

მსგავსი ინფორმაცია ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფში გააზიარეს და ერთგვარი პანიკა შეიქმნა.

გუშინ, 20 ოქტომბერს, ფეისბუქში ერთ-ერთმა პირმა ასევე დაწერა, რომ ფოთის ერთ-ერთ სკოლასთან იყო შემთხვევა, როცა უცნობმა პირებმა სკოლასთან ახლოს, არასრულწლოვანი გოგონების გატაცება სცადეს, თუმცა მათ ხელი ავტობუსის მძღოლმა შეუშალა, შემდეგ კი პოლიციაც გამოიძახეს.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, ჰქონდა თუ არა რეალური საფუძველი ამ შიშებს.

როგორც შს სამინისტროში გვითხრეს, ფოთის რომელიმე სკოლიდან მსგავსი შემთხვევის გამო გამოძახება არ ჰქონიათ. ჯერჯერობით, არც სხვა ქალაქებში დაფიქსირებულა ოფიციალურად რაიმე.

ერთადერთი შემთხვევა, რასაც შსს ოფიციალურად ადასტურებს, ქუთაისში იყო, როცა 20 ოქტომბერს პედოფილიის ბრალდებით ორი კაცი დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულში ედება ბრალი, მეორეს კი, ბავშვის იძულებას ედავებიან.

თუმცა შს სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს ბოლო პერიოდში სკოლებში გავრცელებულ ინფორმაციებს არ უკავშირებს.

როგორ ხდება მოსწავლეების ინფორმირება მსგავს საკითხებზე, დანაშაულის პრევენციის რა გამოცდილება აქვთ ქართულ სკოლებს და იციან თუ არა რეალურად ბავშვებმა და მოზარდებმა როგორ უნდა იმოქმედონ მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში?

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და დამრიგებელი, ნუგზარ სადიკოვი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სკოლებთან უცნობი პირების გამოჩენაზე მასაც უთხრეს და სოციალურ ქსელშიც არაერთი ინფორმაცია წაიკითხა.

ნუგზარ სადიკოვი, მასწავლებელი

„რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციამ მოიცვა სკოლა და სოციალური ქსელიც. ბუნებრივია, მოსწავლეებს ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გქონდეს ნდობის ფაქტორი უცნობ ადამიანთან და რა შემთხვევაში არა.

ყველა ინფორმაცია, რასაც ვიღებთ, ძალიან კარგად უნდა გადამოწმდეს და ამაში ჩართული უნდა იყვნენ როგორც მშობლები, ასევე მასწავლებლები და დამრიგებლები“, – გვითხრა მან.

რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებას, ნუგზარ სადიკოვის თქმით, „სამოქალაქო განათლების“ ფარგლებში ამ ტიპის საფრთხეებზე მაშინ ესაუბრებიან ბავშვებს, როცა ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ საკითხებს გადიან.

„ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბუნებრივია, ამ დროს ვასწავლით მოზარდებს, რატომ არ უნდა ვენდოთ უცნობ პირებს, რა შემთხვევაში შეიძლება ვენდოთ, რა წყაროებს უნდა ვენდოთ, როცა რაიმე ინფორმაციის, ამბის გადამოწმება გვინდა.

ეს არის დანაშაულის პრევენციის საშუალება, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ კრიტიკულ სიტუაციაში ან მანამდე როგორ მოიქცნენ, სად და ვისთან გადაამოწმონ ინფორმაცია, რომ არც ახლობლის ან მეგობრის რჩევებსაც კი არ უნდა ენდონ ბრმად და ასე შემდეგ“, – გვითხრა ნუგზარ სადიკოვმა.

რას ნიშნავს არ ენდოთ ბრმად? – პედაგოგის თქმით, აქ საუბარია ნებისმიერ საეჭვო, უცხო პირთან ურთიერთობაზე, იქნება ეს კაცი თუ ქალი.

„თუნდაც იგივე შემთხვევა, რაზეც ახლა საუბრობენ სოციალურ მედიაში, რომ შესაძლოა უცნობმა პირმა სცადოს მასთან გამოლაპარაკება დედის, მამის ან რომელიმე ნაცნობის სახელით და ასე სცადოს მისი ნდობის მოპოვება.

შესაძლოა უთხრას ბავშვს, რომ „დედა ვეღარ გაკითხავს და მე გამომაგზავნა“, ან იყოს სხვა შეთავაზება, ამიტომ ჩვენ ამის შესახებ ვაწვდით ბავშვებს ინფორმაციას და ვასწავლით გადამოწმების გზებსაც.

არის თუ არა ბავშვი უსაფრთხო გარემოში, როგორ მოწმდება, თუკი ბავშვი, ვთქვათ, აცდენს გაკვეთილს, მაგრამ მშობელს ეუბნება, რომ კარგად არის, ამ დროს კი შესაძლოა ის მისთვის დამაზიანებელ გარემოში იმყოფებოდეს? – ნუგზარ სადიკოვის თქმით, ამ შემთხვევაში, მშობელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სრულად დარწმუნდეს მისი შვილის უსაფრთხოებაში.

„ეს უკვე მშობლის უშუალო ვალდებულებაა, მაქსიმალურად გადაამოწმოს თავისი შვილი, სანამ არ დარწმუნდება, რომ მას საფრთხე არ ემუქრება.

როცა ბავშვი სკოლაში არ მოდის, ჩვენ მაშინვე ვუკავშირდებით მშობელს. თუ მშობლისგან არ არის რეაგირება შეტყობინებაზე, არ გამოდის ის კავშირზე, ამის შემდეგ ერთვება მანდატური, რომელიც ადეკვატურ ზომებს იღებს.

სკოლასა და მშობელს შორის თანამშრომლობა ორმხრივი უნდა იყოს, მარტო ერთი მხარე ვერაფერს შეძლებს“, – გვეუბნება ნუგზარ სადიკოვი.

ზეინაბ შავაძე

ზეინაბ შავაძე ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია და უსაფრთხოების თემაზე საუბარი მასაც სამოქალაქო განათლების ფარგლებში უწევს ბავშვებთან. კერძოდ კი „მე და საზოგადოება“ მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ძალადობა და სხვა გარე საფრთხეების პრევენცია.

მასწავლებლის თქმით, დაბალი საფეხურის ბავშვების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო ადვილია საფრთხის აცილება, რადგან სასწავლო წლის დასაწყისშივე დგება შეთანხმება მშობლებთან ბავშვის გაყვანის ან სკოლაში შემოყვანის პირობებზე.

„იქნება ეს სკოლის შინაგანაწესი, უსაფრთხოების წესები, საორგანიზაციო საკითხები, ბავშვების სკოლაში მოყვანა და გაყვანა, ყველა ამ დეტალს ვაზუსტებთ მშობლებთან.

ვთანხმდებით იმაზეც, ვინ მოაკითხავს გაკვეთილების შემდეგ ბავშვს, თუ ნათესავი იქნება, უნდა დაზუსტდეს, რომელი ნათესავი და ასე შემდეგ. ჩვენ, ფაქტობრივად, ხელიდან ხელში ვაწვდით ბავშვებს მშობლებს“, – ამბობს ზეინაბ შავაძე.

მისი თქმით, გარდა მასწავლებლის, დამრიგებლის პირადი ინიციატივისა, უსაფრთხოების საკითხებზე საუბარს სკოლას კანონიც ავალდებულებს, სადაც გაწერილია, თუ რა საფრთხის შემთხვევაში ვინ როგორ იქცევა სკოლაში. იქნება ეს მიწისძვრა, ხანძარი თუ სხვა საფრთხეები.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ, რეაგირება გვქონდეს ყველაფერზე, იქნება ეს ბავშვის ჯანმრთელობის დამაზიანებელი შემთხვევები, რაიმე აკრძალული ნივთის, სითხის ქონა თუ სხვა, ყველაფრის შესახებ უნდა ვაცნობოთ მშობელს“, – გვითხრა ზეინაბმა.

რაც შეეხება უცნობ პირებთან ურთიერთობას, ზეინაბ შავაძის თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვები ეუბნებიან, რომ სოციალურ ქსელში „ვიღაც უცნობი კაცი მწერს“.

„მე მაშინვე ვაყენებ მშობელს საქმის კურსში, როგორც კი ბავშვი ასეთ რამეს მეუბნება. ფსიქოლოგსაც ვეუბნები, რომ ამით დანაშაულის ერთგვარი პრევენცია მოვახდინო.

კარგია, რომ ამის შესახებ ბავშვები მიზიარებენ ინფორმაციას, მენდობიან, რადგან სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, დროულად ვიმოქმედოთ. ამიტომ არის ბავშვსა და მასწავლებელს შორის ნდობის არსებობა მნიშვნელოვანი“, – ამბობს ზეინაბ შავაძე.

მისი აზრით, ბავშვებს ასეთ დროს მაქსიმალურად უნდა უჭერდნენ მხარს მშობლები და სკოლა, რომ ბავშვებმა შესაძლო საფრთხეებზე საუბარი არ შეწყვიტონ.

„როცა ჩემთანაც მოაღწია ამ ტიპის ინფორმაციამ, რომ ვიღაც პირები დგანან სკოლებთან, ბუნებრივია, ვუთხარი ბავშვებს და მშობლებს, რომ ფრთხილად იყვნენ. თუმცა ოფიციალურად რაიმე ფაქტის დადასტურებაზე არ მსმენია.

ბავშვებთან ასეთი საკითხების გააზრებაში ძალიან მეხმარება „იუნისეფისა“ და ევროკავშირის მიერ მომზადებული ანიმაციები, რომლებიც სპეციალურად პატარა ასაკის ბავშვების ცნობიერების ასამაღლებლად არის მომზადებული და ამას ძალიან ხშირად ვიყენებ“, – ამბობს ზეინაბი.

მისი თქმით, ანიმაციები სიტუაციების მიხედვით არის შექმნილი, ამიტომ ფიქრობს, რომ ისინი ბავშვებს კარგად ამახსოვრდებათ და რეალურ ცხოვრებაშიც იყენებენ.

„ვასწავლი, რომ პირადი ინფორმაცია არ უნდა გაუზიარონ სოციალურ ქსელებში უცნობ პირებს, არ გამოელაპარაკონ და საფრთხის შეგრძნების შემთხვევაში, აუცილებლად დაელაპარაკონ უფროსებს“.

პედაგოგების აზრით, რადგან საქართველოდან მზარდი მიგრაციის ფონზე ბევრი ბავშვი და მოზარდი ხშირად მშობლის უშუალო მეთვალყურეობის გარეშე რჩება, სკოლას უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება სჭირდება, რომ ბავშვები და მოზარდები შესაძლო საფრთხეების შესახებ გააფრთხილონ და დაიცვან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: