მთავარი,სიახლეები

ბაიდენის ადმინისტრაცია მასკის ბიზნესგარიგებების შემოწმებაზე ფიქრობს – Bloomberg

21.10.2022
ბაიდენის ადმინისტრაცია მასკის ბიზნესგარიგებების შემოწმებაზე ფიქრობს – Bloomberg

ბაიდენის ადმინისტრაციაში მსჯელობენ, უნდა დაიწყოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა ილონ მასკის ბიზნესის შემოწმება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან შესაბამისობაში, მათ შორის საუბარია „ტვიტერთან“ და SpaceX-ის სტარლინკის სატელიტურ ქსელთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე – წერს Bloomberg-ი კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენელთა შეშფოთებას მასკის ბოლოდროინდელი საქციელი იწვევს – მუქარა, რომ ის უკრაინას სატელიტურ სერვისს შეუწყვეტდა და რუსეთისადმი მეგობრული პოსტები.

SpaceX-ის, ასევე უცხოელ ინვესტორებთან „ტვიტერთან“ დაკავშირებული მომავალი გარიგების შემოწმების ინიცირება შეუძლია აშშ-ის უცხოური ინვესტიციების უწყებათაშორის კომიტეტს, რომელსაც უფლება აქვს უკვე გაფორმებულ შეთანხმებებს გადახედოს. კომიტეტში 16 სამინისტროსა და უწყების წარმომადგენლები შედიან, მათ შორის ძალოვნები.

უკრაინის სატელიტური ინტერნეტსერვისით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მასკმა რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში მიიღო, თუმცა უკრაინასა და ილონ მასკს შორის ურთიერთობები ოქტომბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მილიარდერმა ტვიტერზე გამოაქვეყნა „სამშვიდობო გეგმა“, რომლის თანახმადაც, უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გამხდარიყო, ყირიმი რუსეთს უნდა გადასცემოდა და ოკუპირებული ტერიტორიების ბედი რეფერენდუმით უნდა გადამწყდარიყო.

უკრაინისა და უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების უკმაყოფილების მორიგი ტალღა ილონ მასკის შემდეგმა პოსტებმაც გამოიწვია იმის შესახებ, რომ მას უკრაინაში სტარლინკის დაფინანსება აღარ შეუძლია. მასკის განცხადებით, კომპანიას უკრაინისთვის ინტერნეტის მიწოდება უკვე 80 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა და ეს რიცხვი წლის ბოლოსთვის 100 მილიონს გადააჭარბებს.

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, სექტემბერში მასკმა პენტაგონს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის უკრაინისთვის სტარლინკის დაფინანსებას ხელისუფლებას სთხოვდა.

საბოლოოდ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ სტარლინკის სატელიტური ინტერნეტით უკრაინის მხარდაჭერას უფასოდ გააგრძელებს.

„ჯანდაბას… მიუხედავად იმისა, რომ სტარლინკი ფულს კარგავს და სხვა კომპანიები მილიარდობით იღებენ გადასახადების გადამხდელების ფულს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის დაფინანსებას უფასოდ“, – დაწერა მასკმა ტვიტერზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: