ნეტგაზეთი • RU

რატომ გვეხვევა თავბრუ | ექიმის რჩევები

თავბრუსხვევა ცრუ შეგრძნებაა, რომლის დროსაც გვეჩვენება, რომ ირგვლივ გარემო ტრიალებს ან მოძრაობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები მიმართავენ ექიმს.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ნევროლოგი ნათია ბაბუხადია „ბათუმელებთან“ საუბრობს რა შემთხვევებში შეიძლება ეს სიმპტომი სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდეს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს.

  • ქალბატონო ნონა, რა არის თავბრუსხვევა?

თავბრუსხვევა სიმპტომთა კომპლექსი უფროა, ვიდრე დიაგნოზი. ეს არის ილუზორული, მოჩვენებითი მოძრაობა, წონასწორობის დარღვევა, არამდგრადობა, გულისწასვლის შეგრძნება ან თავში სიცარიელის შეგრძნება.

კლინიკური გამოვლინების მიხედვით განასხვავებენ რამდენიმე სახის თავბრუსხვევას, ეს არის ოთხი სახის/კატეგორიის თავბრუსხვევა:

ვერტიგო – რაც არის ილუზორული მოძრაობის შეგრძნება, ამ დროს პაციენტი თვითონ გრძნობს რომ მოძრაობს, ან შეიგრძნობს, რომ მის გარშემო მოძრაობენ საგნები ან სივრცე.

მეორე ეს არის მდგრადობის დარღვევა, ანუ დისექვილიბრიუმი – იგი უმეტესად ვითარდება ხანდაზმულ პაციენტებში, სიარულის დროს და მოსვენებისას გადადის;

არის კიდევ გულის წასვლის მსგავსი შეგრძნება (პრესინკოპე), რომლის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში წნევის ვარდნა ან არითმიაა.

და არსებობს კიდევ არასპეციფიკური თავბრუსხვევა, როდესაც პაციენტს აქვს თითქოს სიცარიელის შეგრძნება თავში, მას უჭირს ჩივილების ზუსტად აღწერა და დაკონკრეტება, ასეთ შემთხვევაში მიზეზი არის ხოლმე შფოთვითი აშლილობებია.

ყველაზე  მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გავაკეთოთ (ნებისმიერ ასაკში) ძლიერი თავბრუსხვევის დროს, როცა პაციენტს აქვს წონასწორობის დარღვევა, პაციენტი უნდა მოვათავსოთ მოსვენებულ მდგომარეობაში, რათა თავიდან ავიცილოთ დაცემა და ტრავმა; არსებობს პოზიციური თავბრუსხვევა, რომელიც საწოლში, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაბრუნების დროს აღენიშნება – ასეთ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.

  • რა არის თავბრუსხვევის ძირითადი მიზეზები?

თავბრუსხვევა სიმპტომია, მაგრამ სავალდებულო არ არის ყოველთვის დაავადებაზე მიანიშნებდეს, შესაძლოა მისი მიზეზი იყოს სხვადასხვა მედიკამენტების, მათ შორის წნევის დამწევი, ანტიფსიქოზური/დამამშვიდებელი და საძილე საშუალებების მიღება, ასევე სისხლში გლიკემიის და რკინის დაბალი დონე ან ვირუსული ინფექცია.

მოძრაობის მოჩვენებითი შეგრძნება, ანუ ვერტიგო შეიძლება იყოს ორნაირი: ოტოლოგიური და ცენტრალური. ოტოლოგიური ვერტიგო არის შიგნითა ყურში არსებული ვესტიბულური აპარატის და მისი წარმონაქმნების დაზიანებით გამოწვეული თავბრუსხვევა [ვესტიბულური აპარატი გვეხმარება წონასწორობის შენარჩუნებაში]. ცენტრალურ ვერტიგოს კი, ცენტრალური ნერვული სისტემის ვესტიბულურ ფუნქციაზე პასუხისმგებელი ნაწილების დაზიანება იწვევს. შედარებით უფრო ხშირია ოტოლოგიური წარმოშობის ვერტიგო.

როცა არის უეცრად დაწყებული ძლიერი თავბრუსხვევის შეტევა, რომელსაც ახლავს ღებინება, საქმე გვაქვს ვესტიბულურ ნევრიტთან, რომლის მიზეზი შესაძლოა იყოს ვირუსული ინფექცია; შეიძლება პაციენტმა შეამჩნიოს სმენის დაქვეითება და ხმაური ყურში, ეს მენიერის დაავადებაა, რომელიც ასევე შიგნითა ყურის პათოლოგიაა; სხვადასხვა მედიკამენტების მოხმარების ისტორია შეიძლება გახდეს ორმხრივი, ვესტიბულური პარეზის, ქრონიკული თავბრუსხვევის მიზეზი.

ცენტრალური ვერტიგოზე, თავბრუსხვევებზე საუბრისას შეგვიძლია გამოვყოთ შაკიკთან ასოცირებული თავბრუსხვევა. ხშირად შაკიკის შეტევას წინ უსწრებს თავბრუსხვევა, ან საერთოდაც შესაძლოა ასე გამოვლინდეს შეტევა, ტკივილის გარეშე; თავბრუსხვევით შეიძლება გამოვლინდეს ეპილეფსიური გულყრაც, რომელსაც ამ დროს უნებლიე მოძრაობებიც ახლავს.

ცენტრალური თავბრუსხვევის მიზეზები შეიძლება იყოს წნევის ცვალებადობა, მაღალი და დაბალი წნევა და ასევე, სისხლში გლიკემიის დაბალი დონე.

მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, როგორიცაა გარდამავალი იშემიური შეტევა და ინსულტები, თავის ტვინის სხვადასხვა ტრავმები, სიმსივნური წარმონაქმნები.

წონასწორობის დარღვევა და არამდგრადობის შეგრძნება მოძრაობისას იჩენს თავს და მოსვენებისას ქრება. ხანდაზმულებში წონასწორობის დარღვევის ძირითადი მიზეზი არის მრავლობითი მგრძნობელობითი დეფიციტი – მხედველობის გაუარესება და კიდურთა ნერვების დაზიანება.

პრესინკოპეს დროს პაციენტს აქვს გულის წასვლის მსგავსი შეგრძნება, ზოგჯერ ახლავს გულისრევა, ფერის დაკარგვა. ასეთი თავბრუსხვევის ძირითადი მიზეზია არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება. ასეთ დროს თავბრუსხვევა შესაძლოა განვითარდეს სწრაფად წამოდგომისას. ის შესაძლოა გულის რომელიმე პათოლოგიამ, მაგალითად არითმიამ გამოიწვიოს.

  • როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

თავბრუსხვევის ეპიზოდი შეიძლება გაგრძელდეს წამები ან დღეები, ეპიზოდი შეიძლება რაღაც დროის შემდეგ განმეორდეს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, როცა განიცდით განმეორებად, მოულოდნელ, მძიმე ან გახანგრძლივებულ თავბრუსხვევას.

გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ თავბრუსხვევას თან ახლავს განსხვავებული, ან მძიმე თავის ტკივილი; კისრის კუნთების გაშეშება/დაჭიმულობა, ბუნდოვანი მხედველობა, სმენის უეცარი დაკარგვა, მეტყველების გაძნელება, სისუსტე ან დაბუჟება ხელებსა და ფეხებში, ცნობიერების დაკარგვა, დაცემა ან სიარულის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სწრაფი ან ნელი გულისცემა (პულსი), ასევე ექიმს უნდა მიმართოთ თუ თავბრუსხვევას წინ უსწრებდა თავის სერიოზული დაზიანება.

ხშირ შემთხვევაში თავბრუსხვევა უფრო ხშირია ქალებში, ამას განაპირობებს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გარემო ფაქტორები, მათ შორის მენოპაუზის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ქალებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან