მთავარი,სიახლეები

ხერსონი თუ დატოვეს რუსებმა, ყირიმიდანაც ავტომატურად გავლენ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

22.10.2022 • 3232
ხერსონი თუ დატოვეს რუსებმა, ყირიმიდანაც ავტომატურად გავლენ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

სამხრეთი, თუ აღმოსავლეთი – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით, რუსეთი ამ არჩევანის წინაშეა. „თუ სამხრეთს დათმობს რუსეთი, ამ გზით ის მოახერხებს ძალების გადაწყობას დონბასში…“, – გვიყვება ლაშა ბერიძე. მისი აზრით, თუ რუსეთს სამხრეთის მიმართულებას, ანუ დონბასს და ყირიმს დათმობს, დონბასის შენარჩუნებას შეძლებს და, შესაბამისად, ომსაც გაახანგრძლივებს.

პოლკოვნიკის შეფასებით, სარაკეტო თავდასხმების გააქტიურება, თუ ირანული დრონებით შეტევა უფრო რუსეთის „სასოწარკვეთას“ აჩვენებს, ვიდრე გრძელვადიან სტრატეგიას. პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ რუსული არმიის ახალი სარდლის ტაქტიკას დაახლოებით ერთთვიანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

„მაქსიმუმ სამ კვირაში უკრაინელები ნებისმიერ დრონს ჩამოუგდებენ რუსებს,“ – დარწმუნებულია პოლკოვნიკი.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

  • ბატონო ლაშა, ბახმუტის აღება ისევ ვერ მოახერხეს რუსებმა, თუმცა აშკარაა რუსეთის გააქტიურება: სარაკეტო თავდასხმებით, დრონებით… თქვენი დაკვირვებით, რამდენად დროებითია უკრაინელების კონტრშეტევის შენელება? 

რაც სუროვიკინი დანიშნეს სარდლად, მართლაც შეიმჩნევა რუსების გააქტიურება: ბელორუსიის მიმართულებით ძალების გადასროლა, ენერგოობიექტების დაბომბვა, გააქტიურდნენ ხარკოვის მიმართულებითაც, თუმცა მთლიანობაში ჩანს, რომ რუსებს არ აქვთ სტრატეგია და ეს მხოლოდ ახალი სარდლის ტაქტიკაა, რამაც შესაძლოა იმუშაოს დაახლოებით ერთი თვე.

ჩემი დაკვირვებით, რუსებს ეტყობათ, მათ შორის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებასაც, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, შეეგუვნენ, რომ უკრაინას ვერ დაიპყრობენ. სუროვიკინის ტაქტიკა ახლა მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე უკრაინის კონტრშეტევა გააჩეროს. როგორც იკვეთება, ხერსონის დატოვება გადაწყვეტილი აქვთ, თუმცა ამას აპირებენ ისე, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენონ უკრაინას. რუსები აპირებენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატოვებას და მარცხენა სანაპიროზე გამაგრებას.

უკრაინის კონტრშეტევა რუსებმა შეაფერხეს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს დროებითია. მალე უკრაინელები ყველა ამ იაფფასიანი, ირანული დრონის ჩამოგდებას შეძლებენ, რასაც რუსები იყენებენ. უკრაინელები მეტ-ნაკლებად მზად იყვნენ სარაკეტო თავდასხმისთვის, ახლა უფრო დრონებზე უნდა გადაეწყონ.

  • გამორიცხავთ, რომ რუსეთმა მოახერხოს ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა უკრაინაში და განაახლოს იერიში ახალი მიმართულებით? 

ეს გამორიცხულია. მე რუსეთის მობილიზაციისაც კი არ მჯერა. იმისთვის, რომ ეფექტური მობილიზაცია შეძლო, მომზადებული ქვედანაყოფები უნდა გყავდეს, რუსებს კი, მომზადებული ქვედანაყოფები საერთოდ არ გააჩნიათ, რეზერვისტები არ მოუმზადებიათ საბჭოთა კავშირის შემდეგ. თუ დააკვირდებით, რუსებს არტილერიის ჯარისკაცები კი არ უჭირთ, არამედ ქვეითები. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩანდა, რომ ქვეითებმა განსაკუთრებით არ იციან თანამედროვე ტაქტიკა არაკონვენციური ომის დროს, ეს რუსეთის რეგულარულმა ჯარმაც არ იცის.

ქვეითი ქვედანაყოფების მომზადებას სჭირდება მინიმუმ 6 თვე. როცა ჩვენ ავღანეთში, ან ერაყში საბრძოლველად ვამზადებდით მებრძოლებს, მინიმუმ 6 თვე გვჭირდებოდა. გარდა ამისა, რუსებს არ ჰყავთ პროფესიონალი ინსტრუქტორები. ნატოს სტანდარტებით, 100 ათასი კაცი რომ მოამზადო, 30 ათასი ინსტრუქტორი გჭირდება. ამ ინსტრუქტორებს ვერც ვერსაიდან მოიყვანენ ახლა. ასე რომ, ეს მობილიზაცია არის ზღაპარი იმისთვის, რომ საკუთარ მოსახლეობას ააფარონ თვალზე.

ამ მიდგომებით ბევრ ზარალს აყენებენ უკრაინას, ეს ცხადია, მაგრამ არ ჩანს ინდიკატორი, რომ უკრაინას გააჩერებენ ზარალით, ან ჰესების აფეთქებით. ახლა სუროვიკინის ტაქტიკური ნაბიჯია გამაგრდეს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ააფეთქოს ხიდები და იქ გამაგრდეს. რა თქმა უნდა, უკრაინას ძალიან გაუჭირდება იქ ბრძოლის ფორსირება, შეუძლებელი ამოცანა ჩანს, მაგრამ უკრაინელები სხვა მიმართულებით განაახლებენ მოქმედებას.

  • აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, „რუსეთი ამზადებს საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მარცხისთვის“ და ამისთვის შესაძლოა მოაწყონ პროვოკაცია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რათა ამით საკუთარი უკანდახევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიის „დაკარგვა“ გაამართლონ. ეთანხმებით? 

დიახ, ეს დატოვება და პროვოკაცია შერწყმული მოქმედება შეიძლება იყოს. შესაძლოა, მაგალითად, ასევე თავისი ერთგული ხალხი იქიდან გამოიყვანონ, დატოვონ უკრაინელები, მერე დაბომბონ და თქვან, რომ აი, უკრაინელები საკუთარ ხალხსაც ბომბავენ. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ რუსულ პუბლიკაზე იმუშავებს, აი, როგორ იქცევიან უკრაინელი ფაშისტები, მაგრამ ეს ტაქტიკა ვერ იქნება წარმატების მომტანი სამხედრო თვალსაზრისით.

დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამაგრება, რა თქმა უნდა, მომგებიან პოზიციაში ჩააყენებს რუსეთს, თუმცა დიდი ხნით ისინი ვერ შეძლებენ უკრაინელების კონტრშეტევის შეკავებას.

  • ხერსონის დატოვება ნიშნავს ყირიმიდან გასვლასაც ხომ? რატომ უღირს ამაზე წასვლა რუსეთს? 

მე თუ მკითხავთ, ყირიმი და ხერსონი უნდა დათმოს რუსეთმა, თუ მისი ამოცანაა დიდი ხნით შეინარჩუნოს ოკუპირებული დონბასის ტერიტორიები. მესმის, რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება პოლიტიკურად რუსეთისთვის, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ახლა რუსეთს უფრო მძიმე სურათი აქვს. მან იცის, რომ ყირიმი ძალიან რთული დასაცავია. ხერსონი თუ დატოვეს, ყირიმიდან ავტომატურად გავლენ რუსები… საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში რუსეთს აღარ ჰყავს იმ მდგომარეობაში, რომ რამე შეძლოს, თუ ახალ გემებს ჩაუშვებს, უკრაინა კიდევ ჩაუძირავს გემებს.

დიდი არჩევანი არ აქვთ რუსებს, ჩემი აზრით: სამხრეთი, ან აღმოსავლეთი. თუ სამხრეთს დათმობს რუსეთი, ამ გზით ის მოახერხებს ძალების გადაწყობას დონბასში, იქ დაკავებული ტერიტორიების დაცვას და ასე შესაძლოა ორი წელიც შეინარჩუნოს. ახლა ჩვენ მხოლოდ სუროვიკინის „ნოუ-ჰაუებს“ ვუყურებთ, მაგალითად, პონტონურ ხიდებთან უკრაინელებს ასაქმებენ, რომ უკრაინამ არ დაარტყას და ასე შემდეგ, მაგრამ მსგავსმა მიდგომებმა შესაძლოა გასტანოს ერთი თვე.

ჩემი აზრით, მაქსიმუმ სამ კვირაში უკრაინელები ნებისმიერ დრონსაც ჩამოუგდებენ რუსებს. მერე რა იქნება?

  • არ ელოდებით, რომ ბელარუსის მიმართულება შეიძლება გაააქტიუროს რუსეთმა? 

თუ ამას გააკეთებენ, კიდევ უფრო სასტიკად დამარცხდებიან და უფრო ჩასვრილი გამოვა რუსის ჯარი. ბელარუსის ჯარს ახლაც ძალიან ეშინია უკრაინელების. ლუკაშენკო ამ ნაბიჯის გადამდგმელი რომ ყოფილიყო, აქამდე გადადგამდა. მან იცის, რომ ეს იქნება მისი რეჟიმისთვის სასიცოცხლო საკითხი.

აქ არის ერთი ფაქტორი: რადგან რუსეთს ბელარუსში სამხედრო სწავლებები აქვს, უკრაინა იძულებულია ჰყავდეს სამხედრო ძალები ბელარუსის საზღვარზე, ამ ძალებს ვეღარ მიიზიდავს, მაგალითად, ხერსონის მიმართულებაზე, მას სჭირდება ძალები კიევის მიმართულების დასაცავად.

  • თქვენი ხედვით, რა გათვლა აქვს სუროვიკინს ამ ტაქტიკური სვლით? 

სუროვიკინის ამოცანა უკიდურესად პრიმიტიულია: ნებისმიერი ხერხით შეაჩეროს უკრაინელების კონტრშეტევა. ირანული დრონების გამოყენებაც აჩვენებს იმას, რომ ეს არის არა ეფექტური სამხედრო ოპერაცია, არამედ უფრო სასოწარკვეთილი ოპერაცია. გასაგებია, რომ აფეთქებ ელექტროსადგურს და აზარალებ უკრაინას, მაგრამ რა იქნება მერე? ეს ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მანქანა, რომელიც უკვე დაქოქეს უკრაინელებმა, გააჩეროს. პირიქით, ეს უკრაინას აძლევს საშუალებას, უფრო მეტი მეგობარი ჰყავდეს და მეგობარი ქვეყნები სხვა მასშტაბის აქტიურობით დაეხმარონ.

  • პუტინმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა ანექსირებულ რეგიონებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის არმიის რიგებს ამ რეგიონის მოსახლეობით შეავსებენ და მათ ექნებათ განცდა, რომ საკუთარ სახლს იცავენ? 

რუსებმა იციან, რომ ამ რეგიონებში დიდი მხარდაჭერა არ აქვთ და ყველაფერს შეეცდებიან.

ჯერ არ ჩანს, რა სტრატეგიით იმოქმედებენ რუსები. ჩანს, რომ ამოცანაა, რაც შეიძლება დიდი ზარალი მიაყენონ უკრაინელებს და გააჩერონ კონტრშეტევა. უკრაინისთვის კი ნათელია, რომ მსხვერპლის გარეშე ამ ომს ვერ მოიგებენ.

  • ევროკავშირი და აშშ-ც აპირებს ირანის დასანქცირებას ამის გამო. ეს ნიშნავს, რომ ირანი შეცვლის თავის პოლიტიკას და აღარ მიაწვდის დრონებს?

არა მგონია, რომ მეტი მსგავსი ნაბიჯი ისევ გადადგას ირანმა, ეს უკვე ძალიან მოაშიშვლებს ირანის რეჟიმს, როგორც ლუკაშენკოს რეჟიმია მოშიშვლებული. ბელარუსი გასაგებია, რომ უკან დასახევი არ აქვს, მაგრამ ირანს გაუგებარია, რატომ უნდა აწყობდეს ასე მოშიშვლება. ირანი თუ ფიქრობდა, რომ ამას ვერავინ გაიგებდა, არ ვიცი, მაგრამ ამ მიდგომით კიდევ უფრო გაფართოვდა უკრაინის მხარდამჭერთა არეალი. მაგალითად, იგივე ისრაელი, რომელსაც ირანის მიმართ ბუნებრივი შიში აქვს, ეცდება, რომ უკრაინას უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი.

გარდა ამისა, ირანს აქამდე ჰქონდა შანსი, ევროპას მის მიმართ დაწესებული სანქციები რაღაცნაირად შეერბილებინა, მაგრამ ახლა მაგის შანსი შეუმცირდა.

  • უკრაინელი გენერალი და დაზვერვის შეფი – ბუდანოვი ისევ იმეორებს, რომ „ეს ყველაფერი ზაფხულში უნდა დასრულდეს“ რუსეთის დამარცხებით. ეს ყველაფერი, როდის დასრულდება თქვენი გადასახედიდან?

სრულიად რეალისტურია, რომ დასრულდეს ზაფხულში. შესაძლებელია ისიც, რომ ომი გაიწელოს კიდევ. ეს დამოკიდებულია რუსეთის მოქმედებაზე, თუმცა არანაირი ინდიკატორი არ არის, რაც აჩვენებს, რომ რუსეთმა შესაძლოა წარმატებას მიაღწიოს ამ ომში.

ამ ეტაპზე უკრაინელებმა შეიძლება წარმატებას მიაღწიონ რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის, არის ხერსონი. პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ქალაქის დაბრუნება, რომელიც 2014 წელს იქნა ოკუპირებული, უკრაინელები შესაძლოა გაიჭრან ლუგანსკის ოლქში, სადაც ლისიჩანსკი და სევეროდენცკია, ლუგანსკის დაბრუნების ყველაზე დიდი შანსია.

  • ელით წარმატებულ კონტრშეტევას უახლოეს მომავალში? 

უკრაინამ უნდა გააგრძელოს აქტიურად მიწოლა ყველა მიმართულებაზე და რაც მთავარია – შეიარაღების მიღება. ჩემი დაკვირვებით, ეს ომი დამოკიდებულია არა კონტრშეტევაზე, არამედ გამოფიტვაზე. მაგალითად, ხარკოვში რუსები გადავიდნენ ხერსონის მიმართულებაზე და დიდი დანაკარგების გარეშე გაათავისუფლეს ხარკოვი. იგივე შეიძლება მოხდეს სხვა მიმართულებაზე… მაქსიმალურად უნდა გამოფიტო რუსები და მაქსიმალურად დიდი დანაკარგები მიიღონ, ეს გარდაუვალი პროცესია, დამიჯერეთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: