მთავარი,სიახლეები

გალიფ ოზთურქის საქმეზე მოწმეები დაკითხეს – რა თქვეს პოლიციელებმა

21.10.2022 • 8447
გალიფ ოზთურქის საქმეზე მოწმეები დაკითხეს – რა თქვეს პოლიციელებმა

რამდენიმე გამომძიებლის ჩვენება მოისმინა დღეს, 21 ოქტომბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ „ოზთურქის საქმეზე“.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება.

სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს.

არსებითი განხილვა ამ საქმეზე გრძელდება. ოზთურქი სასამართლოს სხდომას ისევ არ დასწრებია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„დაადგინეთ, ვინ არიან ოზთურქის ნათესავები, ვინ სტუმრობდა გალიფ ოზთურქს?“ – ჰკითხა გამომძიებელ გურამ სალუქვაძეს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

„დავათვალიერეთ ადამიანების გადაადგილება, ვის იღებდა და აცილებდა…“ – თქვა მოწმემ.

გამომძიებელმა, რომელმაც მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს, კორპუსის პირველ სართულზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები შეისწავლა.

„იქ ჩანდა, რომ სხვადასხვა პირი მოძრაობს, პატარა ბავშვებიც გამოჰყავთ ძიძებს…“- აღნიშნა გამომძიებელმა, თუმცა მან ვერ დააზუსტა, კონკრეტული დროის მონაკვეთში ვინ ესტუმრა ოზთურქს, როცა გამოძიების ვერსიით, ოზთურქის ბინაში ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

„ვერაფერს ადასტურებთ და ვერც უარყოფთ, ასე გამოდის“, – დასძინა ადვოკატმა, მას გამომძიებელიც აღარ შეედავა.

კიდევ ერთმა მოწმემ, გამომძიებელმა გიორგი უტიაშვილმა, კი თქვა, რომ ოზთურქის მიმართ ქიმიური ექსპერტიზების დანიშვნაში მონაწილეობდა.

„ჩვენ ამ მოწმისგან ვერ გავიგეთ, გენეტიკური ექსპერტიზა რატომ ჩატარდა, მაგალითად, კოკაინის შეფუთვაზე და არა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შეფუთვაზე, როცა ბრალი ოზთურქს ამ მედიკამენტებზეც აქვს წარდგენილი“, – თქვა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.

————————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: