მთავარი,სიახლეები

„ტანსაცმელს მაინც ვუყიდდი ბავშვებს“ – უკრაინელი ლტოლვილები 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ

28.10.2022 • 1565
„ტანსაცმელს მაინც ვუყიდდი ბავშვებს“ – უკრაინელი ლტოლვილები 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ

უკრაინელი კატერინა პოპოსიევა ხელვაჩაურში, სახლის სხვენზე ცხოვრობს. ქალი პირველკლასელ შვილთან ერთად ქართველმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა არ იცის როდემდე შეძლებს ეს ოჯახი მისი და მისი შვილის საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

კატერინა საკვებ პროდუქტებს თვეში ერთხელ, ან 2-3 კვირაში ერთხელ იღებს პარტია „ლელოს“ ოფისიდან, სადაც უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამოსს, მედიკამენტებსა და პროდუქტებს მოხალისეები აგროვებენ.

კატერინას თვეში დაახლოებით 60 ლარის ღირებულების მედიკამენტები ესაჭიროება, რისი ყიდვის შესაძლებლობაც არ აქვს. მის პირველკლასელ შვილს არ აქვს რეზინის ბოტები, წვიმაში გამოსადეგი სამოსი და თბილი ტანსაცმელი მოახლოებული ზამთრისთვის.

„ზაფხულში განცხადება დაგვაწერინეს, უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოს მთავრობა თვეში 300 ლარით დაეხმარებაო, გავიგეთ. შევავსე განაცხადი, ანგარიშიც გავხსენი ბანკში, მაგრამ არაფერი დამრიცხვია. ყოველ კვირაში ვრეკავ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1505, რომ გავიგო, რატომ არ მერიცხება დახმარება, მაგრამ გპასუხობს ავტომოპასუხე და ცოცხალი ადამიანის ხმას ვერ გაიგონებ“ – ამბობს კატერინა.

კატერინა პირველკლასელ შვილთან ერთად

როგორც ის გვიყვება, უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ მან მცირე დანაზოგი თან წამოიღო, თუმცა საქართველოში რამდენიმეთვიანი ცხოვრების განმავლობაში ეს რესურსი ამოეწურა.

კატერინა ამბობს, რომ 300-ლარიანი დახმარება საქართველოს მთავრობისგან მისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, თუმცა ვერ მიიღო.

საქართველოს მთავრობის ბრძანებით 2022 წლის აგვისტოდან უკრაინელ ლტოლვილთა ოჯახებს დაენიშნათ 300-ლარიანი, ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუმცა კატერინას მსგავსად უკრაინის ომს გამოქცეული არაერთი ლტოლვილი დარჩა ამ დახმარების გარეშე, რადგან მთავრობამ ყოველთვიური, 300-ლარიანი დახმარება მხოლოდ იმ უკრაინელ ლტოლვილებს დაუნიშნა, ვინც მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში უსასყიდლოდ იყო განთავსებული 2022 წლის პირველ აგვისტომდე.

საქართველოს მთავრობის 300-ლარიან დახმარებას ვერც ნატალია იღებს. ის მეუღლესთან და 14 წლის შვილთან ერთად ახლა გონიოში ცხოვრობს. ოჯახმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან საქართველოს მოაშურა. ნატალიას მეუღლე ქართველია. გონიოში ოჯახი ნატალიას 84 წლის მამამთილმა შეიფარა. პენსიონერი კაცის 300-ლარიან პენსიას ახლა ხუთსულიანი ოჯახი ინაწილებს.

ნატალიას 24 წლის შვილი უკრაინაში იბრძვის, მისმა მეუღლემ კი ომამდე რამდენიმე დღით ადრე ხერხემლის მძიმე ოპერაცია გაიკეთა, სიმძიმის აწევა ეკრძალება, ამიტომ ხანგრძლივად ვერ შეძლებს დასაქმებას – სავალდებულო რეაბილიტაციის დროის გასვლამდე.

ნატალია ამბობს, რომ ამ პირობებში მათი ოჯახის 300-ლარიანი დახმარების გარეშე დატოვება უსამართლობაა:

„პენსიონერის 300 ლარით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი ახლა, ასე გამოდის, წამლის ფულს ვართმევთ… ჩვენც ჩამოგვყვა რაღაც თანხა უკრაინიდან, მაგრამ გოგო სკოლაში წავიდა, შემოდგომის სამოსი დასჭირდა, წამლები გვჭირდებოდა და დაიხარჯა რაც გვქონდა.

კომუნალური გადასახადებისთვის მაინც გამოგვადგებოდა სახელმწიფო დახმარება, მაგრამ ჩვენ ესეც არ გვერგო“ – გვეუბნება ნატალია.

ნატალიას ოჯახიც რამდენიმე კვირაში ერთხელ აკითხავს ბათუმის „ლელოს“ ოფისს საკვები პროდუქტების მისაღებად.

300-ლარიანი დახმარების მისაღებად ნატალიამ განაცხადი აგვისტოში შეავსო, უთხრეს, რომ ანგარიშიც უნდა გაეხსნა „ლიბერთი ბანკში“. ასეც მოიქცა, თუმცა ამ ანგარიშზე მას დახმარება არ დარიცხვია.

„არ ვიცი რატომ დამაწერინეს განცხადება თუ არ მეკუთვნოდა დახმარება, ან ანგარიში რატომ გამახსნევინეს, ვერაფერს ვხვდები. მერე გვითხრეს, რომ თითქოს მხოლოდ შშმ პირებსა და მარტოხელა დედებს დაუნიშნეს 300-ლარიანი დახმარება“ – ამბობს ნატალია.

დახმარება არ დაენიშნა არც ირინა ჰრაჩოვას და მის ოჯახს. ირინას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, ერთი პირველკლასელია, მეორე – ოთხი წლის. ბიჭს შშმ პირის სტატუსი აქვს, მას პერიოდულად სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა და აუცილებელი კვლევები.

„ტანსაცმლით და საკვებით ჩვენც „ლელოს“ ოფისიდან გვამარაგებენ, რამდენიმე კვირაში ერთხელ მოგვაქვს: კილოგრამი შაქარი, კილოგრამი  მაკარონი, მარცვლეული, ჩაი, მოშუშული ხორცისა და თევზის კონსერვები და ორცხობილა.

ღამის ცვლაში მუშაობდა ჩემი ქმარი რესტორნის მზარეულის თანაშემწედ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ახლა ვეღარ მუშაობს. ვერ ვყიდულობთ პირველკლასელი გოგოსთვის თბილ ბოტასებს, წყალგამძლე ქურთულს და რეზინის ბოტებს.

ირინა ჰრაჩივა – უკრაინელი ლტოლვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

ჩემს უმცროს შვილს ცალი თირკმელი არ აქვს, რაც აქვს, ისიც გადიდებული აქვს და მუდმივ მეთვალყურეობას, კვლევებს საჭიროებს. თავიდან ეს კვლევები უფასო იყო, ახლა უნდა გადავიხადოთ“ – ამბობს 2 შვილის დედა.

კიდევ ერთი უკრაინელი ლტოლვილის, ევგენიას შემთხვევა ზემოთ მოთხრობილი სამი ამბისგან განსხვავდება. მან განცხადება დაწერა, საბანკო ანგარიშიც გახსნა ლიბერთი ბანკში და საქართველოს მთავრობის დახმარებაც დაერიცხა, თუმცა მხოლოდ ერთხელ.

ევგენია, ლტოლვილი უკრაინიდან

„ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. ჩემი ქმარი უკრაინაში იბრძვის და ბინის დასაქირავებლად ფულს ის მიგზავნის. საკვების, ტანსაცმლის ფული არ გვრჩება.

მხოლოდ ერთხელ დამერიცხა 300-ლარიანი დახმარება. მერე აღარ, ვერავინ მპასუხობს რა ხდება. ან ერთხელ რატომ დამირიცხეს თუ არ მეკუთვნოდა, ან თუ მეკუთვნოდა, მერე რა მოხდა?!

ორი ბავშვით ჩამოვედი. ორივე სკოლის მოსწავლეა, არ აქვთ რეზინის ბოტები, თბილი ქურთუკები და ზამთრის სამოსი.

ბათუმში ძლიერი წვიმაა ხშირად. 39 გრადუსი სიცხით წევს ახლა ჩემი შვილი. ფეხსაცმელში წყალი შესდის, დასველდა და გალუმპული ფეხებით იყო მთელი დღე. ვეღარ ვუშვებ სკოლაში.

ეს 300-ლარიანი დახმარება იმაში მაინც გამომადგებოდა, რომ სეზონური ტანსაცმელი მეყიდა შვილებისთვის“ – ამბობს ევგენია.

2022 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში შემოვიდა 14 000 უკრაინელი ლტოლვილი, თუმცა მას შემდეგ 6 თვე გავიდა და უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით დიდია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: