განათლება,მთავარი,სიახლეები

ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მასზე მაღლა არ დგახარ და მისი მესაიდუმლეც ხარ – მასწავლებელი

27.10.2022 • 3572
ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მასზე მაღლა არ დგახარ და მისი მესაიდუმლეც ხარ – მასწავლებელი

„ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ შენ მასზე მაღლა არ დგახარ, მისი მესაიდუმლე ხარ და ამისთვის რაღაც მსხვერპლსაც იღებ,“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მათემატიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

„ბათუმელები“ ახალგაზრდა პედაგოგს სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში მასწავლებლის როლზე ესაუბრა.

გიორგი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის, უფროსებს კი – სამოქალაქო განათლებას.

„სანამ მასწავლებელი არ გავხდი, მანამდე ვერც მე ვხედავდი, როგორი სტრესისა და პასუხისმგებლობის ქვეშ უწევს მასწავლებელს მუშაობა ყოველდღიურად: ადრე მეც ვფიქრობდი, რომ მასწავლებლის საქმე სრულდება გაკვეთილით, რაც ასე არ არის.

ეს შრომა გრძელდება არაფორმალურ გარემოში, გრძელდება მშობლებთან ურთიერთობაში და გაქვს განცდა, რომ არასდროს მთავრდება. მასწავლებელი ვალდებული ხდება იყოს იმდენი, რამდენი ბავშვიც ჰყავს კლასში,“ – გვეუბნება გიორგი.

მისი აზრით, პრობლემა ვერ გვარდება მაშინ, როცა მშობელი არ აღიარებს პრობლემას და არ სურს დაეხმაროს მასწავლებელს. ეს პრობლემები კი ძირითადად მოსწავლის ქცევას უკავშირდება, საიდანაც შესაძლოა კონფლიქტი აღმოცენდეს.

„წარმოიდგინეთ, რომ 29 ბავშვი გყავს კლასში და ორი ამდენი მშობელი. ყველასთან უნდა მიხვიდე, ყველას მოუსმინო, გაუგო, მაშინაც კი, თუ მეორე მხარე საერთოდ არ არის განწყობილი მოსასმენად.

არ უნდა აღელდე, ნერვებს არ უნდა აჰყვე, თუმცა მაინც გიწევს ნერვიულობა. ყველაზე მეტად მაშინ, როცა ცდილობ დაეხმარო ბავშვს, მშობელს, ის კი საერთოდ არ ცდილობს საკუთარი თავის დახმარებას.“

გიორგის თქმით, არის შემთხვევები, როცა მშობელი თავდაცვის პოზიციას ირჩევს და პრობლემას არ აღიარებს.

„შენ ესაუბრები მის შვილზე, გინდა დაანახო პრობლემა და სთხოვ, ითანამშრომლოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ის კი ცდილობს, შენგან დაიცვას შვილი. ასეთ დროს გგონია, რომ არ გენდობიან და რაღაცას არასწორად აკეთებ, ეს არის ძალიან სტრესული ჩემთვის,“ – ამბობს გიორგი.

რა მეთოდი მუშაობს უფრო მეტად ბავშვებს შორის დისკრიმინაციის ან კონფლიქტების აღმოფხვრის დროს? – ვკითხეთ მას.

გიორგის აზრით, ყველაზე კარგად პირადი მაგალითი მუშაობს.

„იყო ასეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა ბავშვმა კანფეტები დაურიგა ბავშვებს, მაგრამ რამდენიმე თანაკლასელი გამოტოვა. მეორე დღეს მეც შევიძინე ტკბილეული, ჩამოვარიგე კლასში  და არ მივეცი რამდენიმე ბავშვს, მათ შორის მას, ვინც წინა დღით ბავშვები გამოტოვა. შემდეგ ვკითხე ამ ბავშვს, მოვიქეცი თუ არა სწორად? ბავშვმა მითხრა, რომ ეს არ იყო კარგი საქციელი. ამიტომ სამართლიანობის სწავლება კონკრეტული მაგალითებით უკეთესია. როცა საკუთარ თავზე გამოცდიან უსამართლობას, შემდეგ ცდილობენ, აღარ გაიმეორონ იგივე.

ასე უფრო ხვდებიან, ვიდრე მხოლოდ ლექციით ან შეგონებებით. კლასის ხელმძღვანელებს კონკრეტული საათებიც გვაქვს გამოყოფილი იმისთვის, რომ ბავშვებს დამრიგებლის საათზე შევხვდეთ და განვიხილოთ პრობლემური საკითხები, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და რაღაც შედეგამდეც მივიდეთ,“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი.

მისი აზრით, თუ ბავშვებთან პატარა ასაკშივე სწორად ვიმუშავებთ და ვასწავლით ერთმანეთის აზრის მიმღებლობას, ურთიერთპატივისცემას და დავანახებთ პრობლემის მოგვარების გზებს, მაღალ კლასებში კონფლიქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

„ასე უნდა მუშაობდეს მასწავლებელი ყოველდღე და იყოს მოსამართლე ამ პატარ-პატარა კონფლიქტების მოგვარებაში. უნდა გაარკვიო, სწორად დაანახო რაღაცები.

ძალიან კარგად ხვდებიან შეცდომებს, თუ სწორად აუხსნი, რადგან შემდეგ თვითონ ცდილობენ დაგანახონ, რომ აი, მე ჩემს შეცდომას მივხვდი და გამოვასწორე,“ – გვეუბნება გიორგი.

პედაგოგის აზრით, ნდობა მასწავლებელსა და ბავშვს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნდობის აშენება კი მთლიანად დამოკიდებულია მასწავლებელზე და ამისთვის მსხვერპლის გაღებაც უწევს მას.

„მსხვერპლში ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა ბავშვის პატარა „დანაშაულების“ დროს არ ჩარიო პირდაპირ მისი მშობელი, თუკი ამას გთხოვს ბავშვი და ეს ამბავი დატოვო „საიდუმლოდ“.

პირველ რიგში, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ შენ მასზე მაღლა არ დგახარ, მისი მესაიდუმლე ხარ. მოდი, ვიმეგობროთ, მოვაგვაროთ ეს პრობლემა ჩვენ, უფროსების ჩარევის გარეშე და ისიც გენდობა, რადგან გაითვალისწინე მისი თხოვნა და რაღაცნაირად თვითშეფასებაც უმაღლდება, რომ მან ეს შეძლო. როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი მესაიდუმლე ხარ, გაინტერესებს და გულთან მიგაქვს მისი პრობლემები, გენდობა და ეს დამოკიდებულება მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია“.

გიორგის თქმით, როცა ბავშვი გენდობა და გაღიარებს, მაშინ ადვილად გიღებს მშობელიც.

„თუ ბავშვს უყვარს მასწავლებელი, მშობელიც პოზიტიურად არის განწყობილი მის მიმართ. ბავშვს ყველაფერი მიაქვს სახლში და თუ რამე შეგეშლება, მშობელმა ეს უკვე იცის. თუ სიყვარულს გრძნობს ბავშვი, მშობელსაც უჩნდება ნდობა“.

არის შემთხვევები, როცა ბავშვების სეგრეგაცია ხდება მათი სოციალური თუ აკადემიური ნიშნით, რაც ერთ-ერთი პრობლემაა სკოლებში.

თუმცა როგორც გიორგიმ გვითხრა, ეს საკითხი მათ სკოლაში, ფაქტობრივად, დაძლეულია:

„ჩვენ ვართ ქართულ-გერმანული სკოლა და სხვა კულტურაა დანერგილი, როგორც კოლეგებთან ურთიერთობაში, ასევე ბავშვებთან მიმართებაში.

რაიმე ნიშნით ბავშვების დაყოფა სირცხვილად მიიჩნევა და ამას ვასწავლით ბავშვებსაც დაბალი საფეხურიდან.

ჩვენ ბავშვი არ უნდა გვაინტერესებდეს მხოლოდ სკოლაში, არამედ მთელი მისი ცხოვრებით, თუ როგორი იქნება ის, რა ღირებულბებით გაიზრდება და როგორ იცხოვრებს სოციუმში სკოლიდან გასვლის შემდეგ.

ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ ბულინგის, დისკრიმინაციის ბევრი შემთხვევა გვაქვს სკოლებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საფუძველშივე ვერ ვიმუშავეთ ბავშვებთან სათანადოდ და ეს არის ამის შედეგი. თანამშრომლობითი კულტურა და ტოლერანტობა ძალიან მნიშვნელოვანია.“

გიორგი არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასწავლებელსაც შეიძლება რაღაც შეეშალოს ისევე,  როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს.

„ხელის გაშვერა მასწავლებლისკენ ადვილია, მაგრამ ფაქტია, რომ მას აკისრებენ მეტ პასუხისმგებლობას, მაშინ, როცა ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის სოციალური გარემო.

საბოლოოდ კი ეს ყველაფერი მაინც დადის ფორმულამდე – ბავშვს უნდა ხედავდე და იღებდე ისეთს, როგორიც არის და უნდა ზრუნავდე, რომ იყოს უკეთესი,“ – გვითხრა გიორგიმ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: