რა უნდა გავაკეთოთ, რომ კომპიუტერმა ქართულად ლაპარაკი გაიგოს 

ქართული მეტყველების ამომცნობი სრულყოფილი, გამართული პროგრამა არ არსებობს, რაც შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ სრულყოფილი, ხმოვანი აპლიკაციები, პროგრამები ქართულ ენაზე ჯერ ვერ შეიქმნება, ვერც ქართულ მეტყველებას ცნობს ხელოვნური ინტელექტი, ვერ გარდაქმნის ქართულ ტექსტად.

ქართული მეტყველების ამომცნობი ბაზები და მერე ამ ბაზებზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამები უმნიშვნელოვანესია ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანისთვის. ჟურნალისტების, ფილოლოგების, სხვადასხვა სფეროს მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის. ასეთი ბაზით შეიძლება შეიქმნას ასევე  მრავალი სხვადასხვა დანიშნულების აპლიკაცია, პროგრამა ქართულ ენაზე.

პლატფორმაზე Common Voice  მოხალისეებს შეუძლიათ შეიტანონ წვლილი და ასწავლონ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა: მოასმენინონ ქართული წინადადებები, რის შემდეგაც ამ წინადადებების თითოეული სიტყვის ჩანაწერი გაჩნდება ქართულ ენაზე ქართული შრიფტით.

იმისთვის, რომ სამომავლოდ შეიქმნას ქართული მეტყველების ამომცნობი პროგრამები, საჭიროა Common Voice-ზე ქართულად მეტყველების ბაზა, მონაცემები შეგროვდეს. ქართულად საუბრის დაახლოებით 10 000- საათიანი მასალაა საჭირო, ქართული მეტყველების ამომცნობი პროგრამის შესაქმნელად.

თუკი ყოველდღე 1000 ადამიანი 45 წინადადებას „უკარნახებს“ Common Voice-ს, ქართულად საუბრის 10 000-საათიანი მასალა დაახლოებით 6 თვეში შეგროვდება.

ჩვენი წილი ქართული რომ ვასწავლოთ კომპიუტერს, ამისთვის საჭიროა შევიდეთ ვებგვერდზე commonvoice.mozilla.org/ka ,დავაჭიროთ წითელ ღილაკს „ჩაწერა“ და ჩავწეროთ წინადადებები. ერთ ჯერზე არაუმეტეს 10-15-წამიან წინადადებას იწერს პროგრამა. წინადადების დასრულების შემდეგ ხმას ვინახავთ და ვაჭერთ ღილაკს „მოსმენა“. პროგრამა გვეკითხება, არის თუ არა შექმნილი ჩვენი ხმოვანი ჩანაწერის შესაბამისი სიტყვა სწორად დაწერილი. თუ სწორია სიტყვების შესატყვისი სკრიპტი, ვაჭერთ ღილაკს „დიახ“, თუ არასწორია, ღილაკს – „არა“. ასე ვეხმარებით ხელოვნურ ინტელექტს, ისწავლოს ქართული.

Common Voice პლატფორმა Mozilla firefox-ის პროექტია და გარდა ქართული ენისა, ივსება მსოფლიოს სხვადასხვა ენის ბაზები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მოხალისეების მიერ. ქართულ ენაზე ამჯერად მხოლოდ 21-საათიანი მეტყველებაა ჩაწერილი, საჭიროა 10 000 საათი.

Common Voice-ზე ქართული მეტყველების ბაზას სხვა მოხალისეებთან ერთად რაზმიკ ბადალიანიც ავსებს. რაზმიკი აქტიური მოხალისეა, მართავს ფეისბუქჯგუფსაც სახელწოდებით Common Voice | ქართული ენა, სადაც მოხალისეებს რჩევებს და რეკომენდაციებს აძლევს რა როგორ მუშაობს პლატფორმაზე:

ეს მონაცემები ყველასთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, პლატფორმაზე ყველას შეუძლია ჩამოწეროს უკვე ატვირთული ხმები და გამოიყენოს სხვადასხვა პროგრამისთვის, კვლევისთვის, რისთვისაც დასჭირდება.

„ახლა ქართულ ენაზე 21-საათიანი ჩანაწერი არსებობს, უკვე იყენებენ ამ მონაცემს, მაგრამ ცოტაა მასალა, ჩვენი მიზანია შევაგროვოთ 10 000-საათიანი ბაზა. სხვა ენებს ამ პლატფორმაზე გაცილებით დიდი ბაზები აქვთ.

10 000-საათიანი საუბარი საკმარისი იქნება, ენის მანქანური სწავლებით პროგრამამ ქართული მეტყველების ამოცნობა რომ შეძლოს, ანუ რასაც ჩვენ ზეპირად ვიტყვით ქართულად, ქართულ ტექსტად რომ აქციოს.

მე შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში  Mozilla-ს ამ პლატფორმას, დამაინტერესა და შევუერთდი ინიციატივას.

ჩემთვის, როგორც ყველა მოქალაქისთვის, ქართული ენა მნიშვნელოვანია და რაც მნიშვნელოვანია, ენა იქნება ეს თუ სხვა რამ, გინდა რომ განვითარდეს. ეს პლატფორმა აღმოჩნდა შესაძლებლობა, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ქართული ენის მიმართ და მის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი.

პროექტში ჩართვა ქართული ენისთვის დიდი შესაძლებლობების მიცემას ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ ბევრს ექნება ამის სურვილი და გვეყოლება ბევრი მოხალისე, ვინც დაგვეხმარება, ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა, ეს ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობაცაა“, – ამბობს რაზმიკ ბადალიანი.

რაზმიკ ბადალიანი

რაზმიკი სახელმწიფო ენის დეპარტამენტის პროექტების მოხალისე და ორგანიზაცია Educare Georgia-ს წარმომადგენელია. ეს ორგანიზაცია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორია, მათ შორისაა charte.ge და ხანის აკადემიის ქართულენოვანი ვერსია.

Educare Georgia ამჯერად მუშაობს ინგლისური ენის ადვოკატირების პროექტზე – „რატომ ინგლისური“, რაც საქართველოში ინგლისური ენის სწავლებას შეუწყობს ხელს.

სამივე პროექტის მიზანი საქართველოში განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

29 ნოემბერს, 12 საათზე, გაიმართება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოხალისეთა პროექტის პრეზენტაცია: „გააგონე კომპიუტერს ქართული ხმა“. შეხვედრაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ ორგანიზაციის მოხალისეთა პროგრამის შესახებ. პროგრამის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, I კორპუსის 212-ე აუდიტორიაში.

რატომ არ სურს „ოცნებას“ პოლარიზაციის დასრულება? – ინტერვიუ

„საკუთარი ამომრჩევლების მეტი მობილიზაციისთვის სჭირდება“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს ვალერი ჩეჩელაშვილი იმაზე, თუ რატომ არ აწყობს „ქართულ ოცნებას“ პოლარიზაციის და რადიკალური ლექსიკონის დათმობა.

ვალერი ჩეჩელაშვილს თანამოაზრეებთან ერთად აქვს ხედვა, როგორ შეიძლება დასრულდეს პოლარიზაცია საქართველოში.

ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში და ამჯერად საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მმართველობის წევრია. ეს ორგანიზაცია „ჯეოქეისთან“ ერთად ეროვნული თანხმობის პლატფორმას ქმნის აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

ეროვნული თანხმობის იდეის შესახებ დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ „ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვალერი, დასავლეთის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოში პოლარიზება არ მცირდება. თქვენ რა გზით წარმოგიდგენიათ პოლარიზების შემცირება? 

ვინც ეროვნული თანხმობის პლატფორმა შექმნა ამ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციები ზოგჯერ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. ჩვენ ვართ პროოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაცია, „ჯეოქესის“ კი, თანამშრომლობს მთავრობასთან, თუმცა ჩვენ ერთმანეთი მოვძებნეთ. აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმთავითვე დაინტერესდა ამ პროექტით, როგორც კი შევთავაზეთ.

ვიცი, რომ მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციაშიც ბევრს ხელს არ აძლევს ეს პროცესი: თანხმობის მიღწევა, აგრესიულ რიტორიკაზე უარის თქმა. ვფიქრობ, ჩვენ ამ პროექტით უნდა შევქმნათ შესაბამისი საზოგადოებრივი განწყობები და მოლოდინები პოლიტიკური პარტიების მიმართ, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მათ, რომ დანერგონ ევროპული პოლიტიკური კულტურის სტანდარტები. თუ ამ მოთხოვნას ისინი არ გამოეხმაურებიან, ვერც ჩვენს მხარდაჭერას მიიღებენ.

  • თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებსაც უჭირს ერთმანეთთან დიალოგი. 

ასეა, მაგრამ ყველამ ვნახეთ 20 ივნისის დემონსტრაცია თბილისში ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ და ამას ყველა აღიარებს, რომ გვაქვს საერთო პლატფორმა, საერთო მისწრაფებები, არსებობს გამაერთიანებელი იდეები. გამოკითხვებით ჩანს, რომ 80% მხარს უჭერს ევროკავშირს, 75 % – ნატოში გაწევრებას. ეს არის საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ შევქმნათ ახალი განწყობები საზოგადოებაში.

  • რატომ შეიძლება მსგავსი პლატფორმას გაუწიონ ანგარიში პოლიტიკურმა აქტორებმა? მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინაც პარლამენტის ტრიბუნიდან ისევ რადიკალური რიტორიკის გამოყენება არჩია. 

ღარიბაშვილს თუ დააკვირდებით, მას ერთი პოლიტიკური ენა აქვს ქვეყნის შიგნით, მეორე – ქვეყნის გარეთ, ბრიუსელისთვის. მას ეს სჭირდება შიდა პოლიტიკისთვის, მიაჩნია, რომ ეს არის კარგი და ასე საკუთარი ამომრჩევლების მეტ მობილიზაციასაც მოახდენს. ჩვენ ეს რეალობა უნდა შევცვალოთ მის ცნობიერებაში.

შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • რა ფაქტორის გამო შეიძლება ამ პოლარიზებაზე უარი თქვას, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა? 

ეს შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლით და შესაბამისი მოლოდინების ფორმირებით… ეს ძალიან რთული პროცესია. თქვენ დღეს ამ პროცესს ადევნებდით თვალს უნივერსიტეტის აუდიტორიაში, ეს არ არის პირველი და ბოლო შემთხვევა, ეს აქტივობები გაგრძელდება.

მე იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ დაფიქრდებიან მინიმუმ ეს სტუდენტები, იმსჯელებენ და დასკვნებსაც გამოიტანენ. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი განწყობები საზოგადოებაში, რასაც პოლიტიკური პარტიები ანგარიშს გაუწევენ. ჩვენ უნდა დავანახოთ პოლიტიკურ აქტორებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი და საქმიანი მიდგომები არის გაცილებით მომგებიანი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ნეგატიური დღის წესრიგი, გაუთავებელი კინკლაობა და ერთმანეთის ლანძღვა.

  • თუ გათვლა აქვს პოლიტიკოსს, რომ ეს აწყობს პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად? 

ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ცდება, როცა ის ასე ფიქრობს, ის საკუთარ ნაჭუჭშია მოქცეული… ბოლო კვლევების მიხედვით, ამომრჩეველთა უმრავლესობა თვლის, რომ მის მოსაზრებებს და პოზიციებს არ გამოხატავს საქართველოში რომელიმე პოლიტიკური ძალა. ეს არის ზუსტად ახალი რეალობა.

„ოცნებას“ აქვს 25 %, მაგრამ ვიცით, რომ აქ მოაზრებულია ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსიც. ისინი დაინახავენ, რომ ახალი რეალობაა ქვეყანაში, ეს უნდა იგრძნონ., თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივე ფლანგზე იქნებიან ადრესატები, რომლებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოვახდენთ. ზოგს მსოფლმხედველობა იმდენად მყარად აქვს ჩამოყალიბებული, რომ მათ შეცვლაზე ვერ გვექნება პრეტენზია.

ისევ 20 ივნისის აქციას დავუბრუნდები იმის საჩვენებლად, თუ როგორ იცვლება რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების. მაგალითად, 20 ივნისის აქციამდე გვესმოდა „ოცნებიდან“ განცხადებები, რომ არავინ იქნებოდა აქციაზე, რომ ეს სერიოზული არ იყო, აქციის შემდეგ კი, თქვეს, ჩემი მხარდამჭერებიც იქ იდგნენო. ეს არის მაგალითი, როცა საზოგადოებრივი განწყობა ქმნის ახალ პოლიტიკურ ლექსიკონს.

ვფიქრობ, ჯანსაღი ტენდენციები აუცილებლად გაძლიერდება.

  • მოქალაქისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი პოლარიზების შემცირება? 

ამ გზით მიიღწევა ინსტიტუციური დემოკრატიის აღმშენებლობა ქვეყანაში, რომ გაგვეხსნას ჭეშმარიტად ევროპული პერსპექტივები. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირისთვის ყველაზე სანდო პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, ვიყავით კიდეც და, სამწუხაროდ, ამ როლს დღეს ვთმობთ. ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი ვიყავით იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ვტრანსლირებთ ევროპულ ფასეულობებს რეგიონში. ეს ადგილი და როლი უნდა დავიკავოთ ჩვენ, ეს მოიტანს მეტ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, მეტ პერსპექტივას.

დარწმუნებული ვარ, ამ აუდიტორიაშიც სტუდენტებს უფრო მეტად სურთ სწავლის გაგრძელება სორბონასა და ოქსფორდში, ვიდრე სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში.

  • სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრეთ ქართულ პოლიფონიურ სიმღერასა და თამადის როლზე, რომ ის მედიატორია სუფრასთან. თუ თანხმობის რესურსი გვაქვს, რატომ ვერ იცვლება რეალურად პოლარიზების მასშტაბი? 

ეს არის ჩვენი ბუნება – პოლიფონიური სიმღერა, თამადა, რომელიც დიქტატორი კი არა, მედიატორია… ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ხელმძღვანელობს მანკიერი პრინციპებით. ფიქრობენ, რომ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგი მათთვის უფრო მომგებიანია.

  • ანუ საზოგადოებრივ მოთხოვნას დაშორდა პოლიტიკური ელიტა? 

ზუსტად ასეა. საქართველოში საზოგადოება არ არის ასეთი პრიმიტიული, საზოგადოებას არ აქვს ასეთ პრიმიტიულობაზე დაკვეთა, რომ გამუდმებით ვისმენდეთ ერთი მხრიდან იმას, რომ ვიღაც რუსეთუმე და მოღალატეა, მეორეს მხრივ კი: აი, თქვენ მკვლელებო.

ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა და საზოგადოების დაკვეთაა, ამოვავსოთ ის წარმოუდგენელი და ალოგიკური ბზარი, რაც გაჩნდა უკრაინასთან. დღეს ხელისუფლებას ნების გარდა, განსაკუთრებული არაფერი სჭირდება იმისთვის, რომ ჰუმანიტარული მიზნით, მაგალითად, ენერგოგენერატორები გაიგზავნოს უკრაინაში და საგარეო საქმეთა მინისტრიც გააყოლონ. ეს იქნება სწორი ნაბიჯი, რომელსაც უკრაინელები აუცილებლად დააფასებენ. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელზეც იქნება ბევრი რამ დამოკიდებული ამ ომის შემდეგ, ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბების კონტექსტში.

კომპანია ძეგლის ნიშნის მქონე შენობის დემონტაჟის ნებართვას ითხოვს – ავარიული სახლების პროგრამა

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, #3,5 და 7 – ნომერში, შპს „სახლი ძველ ბათუმში 2022“ ახალი კორპუსის მშენებლობის დასაწყებად კვარტლის ათვისებას გეგმავს. ამავე კვარტალში მდებარეობს ძეგლის ნიშნის მქონე ისტორიული სახლი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ძველი მასკარონებიანი ფასადი.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ვებპორტალზე არსებული ინფორმაციით, 9 მარტის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი შენობა რენესანსულ-კლასიცისტურ სტილშია შესრულებული და მე-19 საუკუნის მე-3 პერიოდს ეკუთვნის – ის არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ ობიექტად მიიჩნევა.

ეს სახლი შპს „გეოგრაფიკმა“ 2015 წელს ძეგლის ნიშნის მქონე შენობების ნუსხაში შეიტანა. მერიამ კი ეს მონაცემები კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა.

ავარიული სახლი 9 მარტის ქუჩაზე

2020 წლის მარტში „გეოგრაფიკის“ მიერ სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ სახლებს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. 9 მარტის ქუჩაზე, #3-ში არსებული სახლი კი კიდევ რამდენიმე სახლთან ერთად უსტატუსოდ დატოვეს. რატომ მოიქცნენ ასე, სააგენტოს ამის თაობაზე არ განმარტა. შენობა ავარიული სახლების ნუსხაშია.

9 მარტის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის სადარბაზო

კომპანია, „სახლი ძველ ბათუმში 2022“, ბათუმის მერიას აქ მცხოვრები მოსახლეობის „საფრთხისგან დახსნას“ ჰპირდება თუ K2  კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას და 15-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას მიიღებს. საპროექტო მიწის ნაკვეთი 2030 კვ. მეტრია.

კომპანიამ მერიას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მცხოვრები მესაკუთრეების თანხმობის ხელწერებიც წარუდგინა [ხელწერები ამხანაგობების კრების ოქმებშია დაფიქსირებული].

შპს „სახლი ძველ ბათუმში 2022“ – ს ასივე პროცენტს გიორგი გოგიჩაიშვილი ფლობს, კომპანია 2022 წლის აგვისტოშია დაფუძნებული.

ბათუმის ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია წელს ვერ ესწრება – მერია რისკებზე წერს

ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტი შეფერხდა. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშში წერს, რომ კომპანია გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა. 2 მილიონ 244 996 ლარიდან, რომელიც მერიას ამ პროექტისთვის ჰქონდა გათვალისწინებული, კომპანიამ მხოლოდ 178 377 ლარის ათვისება შეძლო.

ამ შენობაში მიუსაფარი ადამიანებისთვის ღამის თავშესაფარი უნდა მოეწყოს.

შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველომ 2021 წლის აგვისტოში შეისყიდა – ბიუჯეტი 2 მილიონ 762 059 ლარი იყო. კონტრაქტორმა – შპს „ბეგი ჯორჯიამ“ ტენდერი კონკურენტულ პირობებში მოიგო, ხელშეკრულება 2 მილიონ 494 995 ლარზე გაფორმდა.

საკრებულოსთვის გაგზავნილ ანგარიშში მერია წერს, რომ არსებობს რისკი შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოები ვერ შეასრულოს.

„აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემსრულებელ კომპანიას ეცნობა წერილობით შესაძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.“

შპს „ბეგი ჯორჯიას“ დირექტორის ინფორმაციით კი, სამუშაოები გრძელდება და „კომპანიას ჯერ ვადები აქვს“.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2022 წლის 30 ოქტომბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით, ხელშეკრულებაში ცვლილება ოთხჯერ შეუტანიათ. ერთ-ერთი ცვლილებით კომპანიას სამუშაოებისთვის ვადა 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე გაუგრძელეს.

პირველი ცვლილებით კომპანია ვადების გაგრძელებას ითხოვდა იმ მიზეზით, რომ შენობის დროულად დაცლა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაიწყო.

ამ შენობაში ბათუმის მერიას აქამდეც ღამის თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი.

„მიმდინარეობს სამუშაოები აქტიურ ფაზაში, კორექტირებები განხორციელდა. ეს იყო ძველი შენობა და დემონტაჟის განხორციელებისას გამოვლინდა გარკვეული დამატებითი სამუშაოები, რომელიც აუცილებელია ამ შენობის მოსაწყობად. გამომდინარე აქედან განხორციელდა კორექტირება რამდენჯერმე, ამან გამოიწვია ცვლილება, მაგრამ ჩვენ ჯერ ვადები გვაქვს და სამუშაოებს ვაგრძელებთ. დრო გვაქვს“, – განმარტა კომპანიის დირექტორმა გიორგი ნიკოლაძემ.

ღამის თავშესაფრის ბინადრების მისაღებად ბათუმის მერია შენობას ურეხის დასახლებაში ქირაობს.


შეფერხდა ბათუმისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტი. ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა არ დაწყებულა. 2 მილიონ 181 154 ლარი, რომელიც ამ პროექტისთვის უნდა დახარჯულიყო, ხელუხლებლად დარჩა ბიუჯეტში.

მერია წერს, რომ სოციალური სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომელიც მოითხოვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანას და კორექტირებას.

სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილში გამოვლინდა ხარვეზი: კერძოდ, ერთ-ერთი ბლოკის მონოლითური რკინაბეტონის საძირკვლის ფილის მოწყობა განსაზღვრული იყო 3,447 ტონა ბეტონით, ნაცვლად 207,541 ტონისა, აღნიშნული ხარვეზის აღმოჩენის დროს ტენდერის სტატუსი იყო შერჩევა/შეფასება, რის გამოც ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე. დაგეგმილია განმეორებითი ტენდერის გამოცხადება.

რეანიმაციებისთვის 2023 წელს სანებართვო პირობები ამოქმედდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ქვეყანაში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამოქმედდება.

რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამ ვადამდე დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურებისა და მომსახურების ხარისხის კუთხით.

სტანდარტი ასევე დააწესებს სავალდებულო პირობებს სამედიცინო პერსონალის განათლების კუთხით და ასევე მათი რაოდენობა/თანაფარდობის თვალსაზრისით.

როგორც ცნობილია დღეს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებებში ექთნების დეფიციტის გამო, ხშირად ერთ ექთანს, თანაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურების ფასად,  10-ზე მეტი პაციენტის მოვლა უწევს, რაც გარდა ექთნისთვის დამძიმებული სამუშაო პირობებისა, ნეგატიურად აისახება მომსახურების ხარისხზე.

„რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ზოგადად ეხება, როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილს, მაგალითად, როგორიცაა ფართობი საწოლებთან მიმართებაში, ასევე განსაზღვრავს პირობებს პერსონალის რაოდენობასთან დაკავშირებით, თუ რა კვლევებს უნდა ატარებდნენ ისინი ადგილზე, როგორი სამედიცინო აპარატურით უნდა იყოს აღჭურვილი განყოფილება.

ყველა ეს დეტალი გაწერილია რეანიმაციული მომსახურების პირობებში“ – განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ადამია.

ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, ორი წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე.

მსოფლიოში საერთაშორისო აკრედიტაციის რამდენიმე სტანდარტი მოქმედებს, საქართველოში კლინიკებს 2-3 სტანდარტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება ექნებათ.

რუსეთს 3 მასშტაბური შეტევისთვის საკმარისი რაკეტების მარაგიღა დარჩა – „უკრაინსკა პრავდა“

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ბოლო მასშტაბური სარაკეტო შეტევის შემდეგ რუსეთს რაკეტების არსენალი მხოლოდ სამი მსგავსი თავდასხმისთვის ეყოფა.

გამოცემის ცნობით, ასეთი ინფორმაცია მის ჟურნალისტებს ძალოვანი ბლოკის მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს.

„პრავდას“ წყაროების თქმით, ნოემბრის შუა რიცხვების მდგომარეობით, რუსეთის სარაკეტო არსენალი 15 ნოემბრის მსგავსი მხოლოდ სამი მასშტაბური სარაკეტო შეტევისთვის იქნება საკმარისი.

წყაროები დასძენენ, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა უკვე რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტებისა და ირანული კამიკაძე-დრონების 70%-ს ანადგურებს, საკუთარი სარაკეტო მარაგების შესავსებად კი რუსეთს 14-16 თვე სჭირდება.

„ახლა რუსეთი ხარჯავს თავისი რაკეტების სტრატეგიულ მარაგებს, რომელთა აღდგენაც საკუთარი წარმოებით უკვე აღარ შეუძლია,“ – ამტკიცებენ გამოცემის წყაროები. მათი აზრით, ამ პრობლემაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რუსეთი ეძებს გზებს ირანიდან ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მისაღებად. – „მოსკოვს რომ ოპერატიულად შესძლებოდა რაკეტების მარაგის შევსება, იმპორტს არ მიმართავდა“.

ინფოგრაფიკა ოლექსი რეზნიკოვის ტვიტერიდან

რუსეთის არსენალის შემცირებაზე ტვიტერზე წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც, რომელიც აქვეყნებს მონაცემებს, რამდენი და რა ტიპის რაკეტა დახარჯა რუსეთმა და რომელი მათგანი რა რაოდენობით დარჩა.

„რუსეთის არსენალს ოთხი მტერი ჰყავს: უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრწყინვალე ძალები, რუსეთის უვარგისი სარაკეტო ჯარები, სანქციები და დრო. მშვიდობისთვის საჭიროა ტერორისტული სახელმწიფოს დემილიტარიზაცია,“ – წერს რეზნიკოვი.

რაკეტების შემცირების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა ირანთან დადო ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თეირანი მოსკოვის უპილოტო საფრენი აპარატების დასამზადებლად ინსტრუქციებსა და კომპონენტებს გაუგზავნის.

ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკული მედია (The Washington Post, CNN) ავრცელებს.

წყაროების ცნობით, რუსები გეგმავენ ათასობით კამიკაძე-დრონი უკვე თავად დაამზადონ.

„თუ ორი ქვეყანა ამ შეთანხმების და თავიანთი გეგმის განხორციელებას შეძლებს,  წარმოება შესაძლოა რამდენიმე თვეში დაიწყოს, ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ამ დრონებს უკრაინაში უკვე მომავალი წლიდან გამოიყენებს,“ – წერს CNN-ი.

___

„რუსები არიან მტრულ გარემოში, უკრაინის არტილერია კი თითქმის სწვდება ყირიმს“ – ინტერვიუ

რუსეთმა ნავთობის მთავარი ევროპული ბაზრის 90% დაკარგა – Bloomberg

რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგო ორ კვირაში შევა ძალაში, თუმცა როგორც ირკვევა, რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ნავთობის ბაზრის 90% ევროკავშირის ჩრდილოეთ ქვეყნებში.

Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ნიდერლანდებში, როტერდამის პორტში, რუსეთი დღეში მხოლოდ 95 ათას ბარელს ტვირთავს. შედარებისთვის: თებერვლის დასაწყისში ევროპულ პორტებში რუსეთიდან ყოველდღიურად 1,2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი შედიოდა.

ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა: ლიეტუვა, საფრანგეთი და გერმანია რუსეთიდან ნავთობის მიღება რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში იგივე გააკეთა პოლონეთმაც.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ბალტიის პორტებიდან გასული ნავთობის სამი მეოთხედი ახლა აზიაში მიდის. ინდოელი ნავთობგადამამუშავებლები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ბარელის ყიდვა მოასწრონ, რათა ისარგებლონ შეღავათების პერიოდით, რომელიც ემბარგოს ძალაში შესვლამდე მოქმედებს.

შეღავათის თანახმად, სანქციები არ შეეხება ტვირთებს, რომლებიც გასაგზავნად გამზადდება ემბარგოს ძალაში შესვლამდე, 5 დეკემბრამდე და დანიშნულების ადგილას 19 იანვრამდე მივა.

გამოცემა წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკვე უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ ფიქსირებულ ფასს რუსულ ნავთობზე. ტვირთები, რომლებშიც ამ ფასზე მეტი იქნება გადახდილი, არ დაიშვება ევროპულ და ბრიტანულ ხომალდებზე, ასევე, მათ არ შეეხებათ სადაზღვევო და სხვა ტიპის მომსახურება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის საერთო მოცულობა გასულ კვირაში ბოლო ცხრა კვირის მინიმუმზე, დღეში 2,67 მილიონ ბარელზე, ჩამოვიდა.

სექტემბერში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, დაეწყოთ მუშაობა რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვაზე, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ რუსეთის ფინანსური რესურსები უკრაინაში ომის საწარმოებლად.

მაშინ G7-ის ქვეყნებმა ასევე დაადასტურეს, რომ რუსულ ნავთობზე ეტაპობრივად იტყოდნენ უარს.

როგორ და რატომ იცვლება ბათუმში №2 და №2ა ავტობუსების მარშრუტი

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ადლიის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დროებით იცვლება სამარშრუტო ხაზი №2-ისა და №2ა-ს მოძრაობის მიმართულება.

კერძოდ, სამუშაოების დასრულებამდე ადლიისა და შარვაშიძის ქუჩების კვეთამდე გადასაადგილებლად №2 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს კობალაძის, შერიფ ხიმშიაშვილის, კაჩინსკების, ზღვისპირის ქუჩისა და ელიავას ქუჩის გავლით.

სამარშრუტო ხაზი №2ა კი კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად ზემოხსენებულ მონაკვეთამდე გადაადგილდება ელიავას ქუჩის გავლით.

დეტალური ინფორმაცია მუნიციპალური ავტობუსის შეცვლილი სამარშრუტო სქემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, წყალი შეწყდა

დღეს, 22 ნოემბერს, წყლის მიწოდება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალი ამ ქუჩაში 00:00 სთ-მდე შეწყდა.

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოები გახდა.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყალი ხშირად წყდება, რისი მიზეზიც, „ბათუმის წყლის“ ცნობით, მილის ავარიული დაზიანება ხდება.

რატომ ვითხოვთ სარჩელის ფორმების გამართვას უსინათლოებისთვის – ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი 

_________________

სასამართლო სხდომაში მონაწილეობა გამორჩეული გამოცდილებაა. მათ შორის მხარედ ყოფნა. ყველა ცხოვრებისეულ განცდას, ფიქრს, აზრს მართლა იმ სასამართლო დარბაზის კარს უკან ტოვებ.

ის საათ-ნახევარი, დარბაზის კარის დახურვიდან და სხდომის დაწყებიდან დასრულებამდე სხვა არაფერზე მიფიქრია. ალბათ ასეთივე განცდაა დიდ სპორტში რომელიმე ჩემპიონატზე თამაში. მთლიანად გათქვეფილი ვიყავი თანამოსარჩელეს, ჩვენი ადვოკატის, მოპასუხის, მოსამართლეების მოსმენაში, ნათქვამის დამახსოვრებასა და პასუხების გაცემაში.

მოსარჩელეების ინტერესებს ამ საქმეში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“/PHR იცავს, კონკრეტულად კი სააპელაციო სასამართლო პროცესზე ადვოკატი სოფო მენაბდიშვილი მუშაობდა.

ეს საქმე 2017 წლიდან მიმდინარეობს. ვითხოვთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უსინათლოებისთვის მისაწვდომი გახადოს სასამართლო სარჩელების ფორმები, დამოუკიდებლად რომ შეგვეძლოს მათი ტექნიკურად შევსება.

2017 წელს სარჩელი არათუ არ ივსებოდა, გამხმოვანებელი პროგრამითაც კი ვერ წაიკითხავდი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის გადაწყვეტილებით დისკრიმინაციის ფაქტი არ დაადგინა და საქმე სააპელაციოში გავასაჩივრეთ. მაგრამ ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სარჩელის ფორმა განბლოკა უსინათლოთათვის. ამან ის გახადა წაკითხვადი, მაგრამ არა შევსებადი. რომელიმე გრაფაში რომ წერ მონაცემს, (მაგ. მოპასუხის სახელწოდება), შემდეგ მისი პოვნა ისრის ღილაკებით შეუძლებელია ან სხვა ველში გხვდება ჩაწერილი.

განბლოკვის შემდეგ, ამავდროულად, შესაძლებელი გახდა ფორმაში თვითონ სათაურების/ველების დასახელებების წაშლა, რაც სტანდარტულ ფორმაში არ შეიძლება.

4 წელი ველოდით სააპელაციო სასამართლოს სხდომას. მოპასუხე უწყების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ადვოკატი რომ შემოვიდა, არც კი მოგვესალმა. არც „გამარჯობა“, არც – „ნახვამდის“. სასამართლო მდივანს რომ არ ჩამოეთვალა პროცესის მონაწილეები, მეგონებოდა, რომ მოპასუხე საერთოდ არ გამოცხადდა. მარტო პოლიტიკური კი არა, სასამართლო კულტურაც არ გვაქვს ქვეყანაში.

მოპასუხემ თქვა, რომ 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქვთ სარჩელების სრული ადაპტირება; რომ ჩვენ, მოსარჩელეები, ვიყავით მიწვეულები სარჩელების ფორმების დატესტვის სამუშაო შეხვედრაზე, მაგრამ არ მივედით (დამირეკეს მხოლოდ მე და არა მეორე მოსარჩელეს, ისიც შეხვედრის წინა დღეს და, სხვაგან რაკი ვიყავი მისასვლელი, ვერ მივედი. მაგრამ ეს შეხვედრები რამდენიმე იყო და დანარჩენებზე რაღატომ არ მიგვიწვიეს არცერთი?); რომ უსინათლოთა კავშირია ჩართული ამ ფორმების დახვეწაში (ვერც თავმჯდომარის სახელი გაიხსენა, ვერც- იმ პროგრამისტისა, რომელიც ფორმების ტექნიკურ გამართულობაზე მუშაობს. თქვა, რომ ერთადერთი უსინათლო პროგრამისტია, არადა ჩვენ რამდენიმე ვიცით და არა ერთი).

შემდეგ თვითონვე თქვა, რომ უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმაც თქვეს, რომ ფორმის შევსება დამოუკიდებლად შეუძლებელია. აბა მარტო წაკითხვა რას უშველის, თუ ვერ ავსებ? სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ რომ სთხოვა, წარმოედგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ სამუშაო შეხვედრების ოქმები, პირდაპირ უთხრა, რომ ასეთი შეხვედრები არ ოქმდება.

მე განვუმარტე სასამართლოს, რომ სარჩელებს ჩვენი უცოდინარობის გამო რომ ვერ ვავსებდეთ და არა მათი მიუწვდომლობის გამო, მოპასუხე მხარე მოიყვანდა უსინათლოს, რომელიც შეძლებდა სასამართლო სხდომაზევე სარჩელის შევსებას და მისი მისაწვდომობის დემონსტრირებას. ეს რომ არ გააკეთეს, კიდევ ერთხელ მიანიშნებს სარჩელების მიუწვდომლობაზე.

თანაც პირველი ინსტანციის სასამართლოზე მოპასუხემ აღიარა კიდეც, რომ სარჩელის ფორმის შევსება შეუძლებელი იყო. მაშინ სასამართლო სხდომაზევე ჩავრთეთ ლეპტოპი და ვაჩვენეთ, რომ გამხმოვანებელი პროგრამა მას ვერ კითხულობდა და ვერც რამის ჩაწერა შეგვეძლო ფორმაში.

სასამართლოს შევახსენე ისიც, რომ დისკრიმინაცია არ ხდება მხოლოდ განზრახვით, ის გაუფრთხილებლობისა და გულგრილობის შედეგიცაა ხშირად.

დისკრიმინაციული მოპყრობაა, რაც მიზნად ისახავს ან იწვევს უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის ერთნაირი პირობების შექმნას ან, პირიქით, თანასწორ მდგომარეობაში მყოფთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას.

მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპამდე ვერ მივედით. ჩაინიშნა მეორე სასამართლო სხდომა წლის ბოლოს. სავარაუდოდ მოსამართლეებს უნდოდათ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დრო მისცენ, დაასრულონ მუშაობა მისაწვდომ ფორმებზე. არადა იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარსავე სამოქმედო გეგმას არღვევს. 2022 წელს ჰქონდათ სარჩელების ადაპტირება გათვალისწინებული და აგერ წელი იწურება კიდეც, ფორმები კი ჯერ არ არის გამოქვეყნებული.

ამ პროცესსაც, წინასი არ იყოს, ცნობიერების ამამაღლებელი ფუნქციაც ჰქონდა.

როდესაც ერთ-ერთმა მოსამართლემ კითხვის დასმა დამიპირა, ჩვენმა ადვოკატმა გამიჟღერა მისი სახელი და გვარი (რომელიც უწერიათ, მაგრამ უსინათლობის გამო, ბუნებრივია, ვერ ამოვიკითხავდი).

რატომ ვითხოვთ არამხოლოდ სარჩელის ფორმების გამართვას, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც?

ამ ფორმების ადაპტირება მართლა 1 თვის საქმეა, ნება რომ იყოს. ასეთი ხარვეზების აღმოფხვრას სასამართლო არ უნდა სჭირდებოდეს. წერილით რომ მივმართეთ 2017 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პასუხი არ გვაღირსეს და ამ რამდენიმე კვირის საქმეს 5 წელია, არ აკეთებენ. გვაწვალებენ, სასამართლოებში გვარბენინებენ, ანუ ხელოვნურად არ აკეთებენ. ტყუილად ფლანგავენ ჩვენს დროს, რესურსებს, ენერგიას. გვამათხოვრებენ, ფაქტობრივად. ამიტომაც ნამდვილად გვეკუთვნის მორალური ზიანის კომპენსაცია.

სილქფესტის აქციით სასურველ პირობას სპეციალურ ფასად ჩაირთავთ

სილქფესტი 23 ნოემბერს, რამდენიმე პირობის გააქტიურებას სპეციალურ ფასად გვთავაზობს. 

 სასურველი პაკეტის ჩართვა შესაძლებელია კომბინაციით  *202#, აპლიკაცით „My Silknet” ან პირდაპირ საიტიდან:

  • 200 ადგილობრივი წუთი – 5 ₾
  • 150 ადგილობრივი წუთი და 5 000 MB – 10 ₾
  • 1 000 ადგილობრივი წუთი – 12₾
  • 50 000 MB მობილური ინტერნეტი – 20 ₾

ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ჩაირთავენ ერთ ან რამდენიმე პაკეტს, შეძლებენ ისარგებლონ შეთავაზებით 30 დღე.

პაკეტის შეძენა შესაძლებელია სხვა ნომრისთვის კომბინაციით – *202#.

რუსები თავიანთი სამხედროების ცხედრებს ნაგავსაყარზე წვავდნენ – The Guardian

ხერსონში, ქალაქის განაპირას მდებარე ნაგავსაყარზე, რუსი სამხედროები თავიანთი მებრძოლების ცხედრებს წვავდნენ – ეს ინფორმაცია ბრიტანულ The Guardian-ს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს.

ხერსონის რამდენიმე მცხოვრები, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, ამბობს, რომ ცხედრები საკუთარი თვალით არ უნახავთ, თუმცა რამდენჯერმე დაინახეს, როგორ მივიდა ნაგავსაყართან რუსული სატვირთო მანქანა, საიდანაც პოლიეთილენის შავი ტომრები გადმოტვირთეს და დაწვეს.

ადგილობრივების თქმით, ჰაერში ამის შემდეგ შავი კვამლი და საშინელი სუნი დგებოდა, მოქალაქეებს კი ნაგავსაყართან მიახლოება აკრძალული ჰქონდათ.

„რუსებს მოჰყავდათ ნაგვითა და ცხედრებით სავსე კამაზი და აქ ტვირთავდნენ“ – ეუბნება The Guardian-ს ხერსონის დასუფთავების თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. – „რა გგონიათ, ვინმე მათ დამარხვას დაიწყებდა? აქ ყრიდნენ, მერე ზემოდან ნაგავს აყრიდნენ და ეგ იყო“.

დასუფთავების თანამშრომელი ამბობს, რომ არ იცის, ცხედრები სამხედროებისა იყო თუ სამოქალაქო პირების. „არ დამინახავს. ისედაც ბევრი გითხარით. არა, არ მეშინია, 2014 წლიდან ვიბრძოდი დონბასში, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იცი, მით უკეთ გძინავს,“ – ამბობს ის.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უკრაინის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო თვითონ გამოცემა ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს.

ჟურნალისტები დასძენენ, რომ ნაგავსაყარზე ჩანს რუსული ჩაფხუტები, დროშებისა და სამხედრო ფორმების ნარჩენები.

ქალაქი ხერსონი, ისევე როგორც მთლიანად ოლქი, რუსეთის არმიას 8 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული. უკრაინის ძალებმა ოლქის დასავლეთ ნაწილი 11 ნოემბერს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც იქიდან რუსეთის დანაყოფები გავიდნენ და ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლეს.

მთავარ ფოტოზე: ხერსონის ნაგავსაყარი/ფოტო: The Guardian

უკრაინის უშიშროება კიევ-პეჩორის ლავრას ჩხრეკს

უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს კიევ-პეჩორის ლავრაში შევიდა. უწყების ცნობით, ეროვნულ პოლიციასა და გვარდიასთან ერთად, სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს „კონტრდაზვერვის ღონისძიებები უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის წინააღმდეგ“.

„რუსეთის სამხედრო აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკები, განსაკუთრებით მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში,“ – ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, „ოპერაციის მიზანია“ არ დაუშვან ლავრის გამოყენება „რუსული სამყაროს“ თავშესაფრად; გაარკვიონ, ხომ არ აფარებენ თავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები და უცხოეთის მოქალაქეები, ან ხომ არ ინახება იარაღი.

ლავრის შენობებში მიმდინარეობს ჩხრეკა და მის ტერიტორიაზე მყოფი პირების შემოწმება.

1051 წელს დაარსებული კიევ-პეჩორის ლავრა, ცნობილი ასევე, როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა, კიევის ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსია. ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი შტაბ-ბინა და ეკლესიის მეთაურის რეზიდენციაა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ სამონასტრო კომპლექსზე კონტროლს დღეს უკრაინის სახელმწიფო მუზეუმი და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ინაწილებენ.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა მიხაილ ომელიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ ასრულებს გუნდი კიევ-პეჩორის ლავრაში პრორუსულ სიმღერას.

ომელიანის თქმით, ვიდეო მას კიევის სასულიერო აკადემიის კურსანტმა მიაწოდა, რომელიც იმ დროს მეგობრებთან ერთად ლავრის ერთ-ერთ ტაძარში იმყოფებოდა.

ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე გამოეხმაურა უკრაინის კულტურის სამინისტრო და განაცხადა, რომ მასალას შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.

მოგვიანებით მოსკოვის პატრიარქატის უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა პაველ ლებედმა ვიდეოს ნამდვილობა ირიბად დაადასტურა.

15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამართლება, სამართლიანად აღიარება და მისი მონაწილეების გლორიფიკაცია“.

ნასას კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ მთვარეს მიუახლოვდა

უპილოტო კოსმოსური ხომალდი „ორიონი“, რომელიც Artemis-1-ის მისიის ფარგლებში გაფრინდა დედამიწიდან 16 ნოემბერს, მთვარეს მიუახლოვდა.

„ნასას“ 21 ნოემბრის მონაცემებით, „ორიონი“ მთვარიდან დაახლოებით 130 კმ მანძილზე იმყოფებოდა.

„ორიონმა“ კიდევ სამი კვირა უნდა იფრინოს, რის შემდეგაც დედამიწაზე დაბრუნდება.

მისია Artemis-ი საზოგადოებას 2020 წელს წარუდგინეს. მისიის მიზანია ასტრონავტების დაბრუნება მთვარეზე ბოლო მისიიდან [„აპოლონ 11“, ამერიკული მისია 1972 წელს] ნახევარი საუკუნის შემდეგ, ასევე, მთვარის სადგურის მშენებლობა და მომზადება მისიისთვის პლანეტა მარსზე.

2024 წელს NASA გეგმავს ოთხი ასტრონავტის გაგზავნას მთვარეზე Artemis 2-ის მისიის ფარგლებში. უკვე პილოტირებული ხომალდი მთვარის ირგვლივ იფრენს და წყნარ ოკეანეში დაეშვება.

2025 წელს კი დაგეგმილია მისია Artemis-3, რომლის ფარგლებში ამერიკელი ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაშვებას გეგმავენ.

_______________

ფოტო: ნასა. „ორიონი“ მთვარესთან.

თურქეთში იხსნება უდიდესი კაშხალი, რომელიც 100-სართულიანი სახლის სიმაღლისაა

დღეს, 22 ნოემბერს, თურქეთში ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი „იუსუფელი“ იხსნება.

თურქული მედიის ცნობით, მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურისა და წყალსაცავის გახსნის ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას.

წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრ წყალს შეადგენს.

წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან 70 კილომეტრის დაშორებით 2012 წლიდან მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ახალი ჰესი გამოიმუშავებს 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს 5 მილიარდ ლირას მოუტანს.

სპეციალისტებმა წყალსაცავის მშენებლობის ზონიდან 5844 ხე გადარგეს.

იუსუფელის წყალსაცავზე მიმდინარე სამუშაოები 2012 წელს. ფოტო: „ბათუმელები“
იუსუფელის წყალსაცავზე მიმდინარე სამუშაოები 2012 წელს. ფოტო: „ბათუმელები“

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ნოემბრის 21 საათიდან 23 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან მცირე წვიმა, მაღალ მთაში – თოვა. დღისით, 23 ნოემბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

დააკავეს პირი, რომელიც 500 ათას დოლარს დაეუფლა ბინების თითქოსდა გაყიდვით – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებგვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.

თაღლითური განზრახვის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულის მიერ ბინების გაყიდვის თაობაზე ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებებიც, რომლის დამოწმებაც შემდგომ ნოტარიული წესით ხდებოდა.

ბრალდებული დაკავებულ იქნა აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან, 30 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე“, – აცხადებს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა ჯამში აღემატება ნახევარ მილიონ აშშ დოლარს.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა შესაძლო დაზარალებულ პირთა დადგენის მიზნით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 85 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
  • ტანკი – 2 895 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 5 827 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 882 ერთეული [+12]
  • MLRS – 395 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 537 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 480 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 393 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 549 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 390 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 758 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 901 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 611 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 320 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

[yellow_box]კრიტიკის მატების გამო კრემლი ქვეყანაში ინტერნეტის სრულ კონტროლს გეგმავს – ISW[/yellow_box]

შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდებს ახალი საფრთხე დაემუქრა – ბრიტანეთის დაზვერვა

27 მილიონი კაზინოებიდან ბათუმის ბიუჯეტს – 9 თვის მონაცემები

ბათუმის ბიუჯეტის ცხრა თვის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ბიუჯეტში „სხვა შემოსავლების“ სახით 46 მილიონი ლარი შევიდა, აქედან 27 მილიონი ლარი, ნახევარზე მეტი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელია.

მათ შორის: სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 12 მილიონ 822 800 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 130 100 ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით კი, ბიუჯეტში 14 მილიონ 052 100 ლარი შევიდა.

საერთო ჯამში „სხვა შემოსავლები“ აერთიანებს საკუთრებიდან, პროცენტებიდან, რენტის სახით და ასევე, ადმინისტრაციული მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შესულ თანხას. აქვეა სანქციებისა და საურავების სახით დაკისრებული ჯარიმებიდან შემოსავლები.

___

2022 წელს, 9 თვეში, საკუთრებიდან ბათუმის ბიუჯეტში 6 მილიონი ლარი შევიდა, პროცენტებისა და რენტის სახით 6 მილიონ-ნახევარზე მეტი, ხოლო ადმინისტრაციული მოსაკრებლების სახით 30 მილიონზე მეტი ლარი შევიდა.

ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტი ვერ შესრულდა. ჩავარდნა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებშია. მიზეზად კი, მერიაში მიმწოდებელი კომპანიების მიერ ვალდებულებების ვერშესრულებას ასახელებენ. არის სხვა პრობლემებიც.

ბათუმის ბიუჯეტის ვერშესრულების ერთ-ერთი მიზეზი უამინდობაა, გასულ წელს პანდემია იყო

შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდებს ახალი საფრთხე დაემუქრა – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსული და უკრაინული საინფორმაციო წყაროებოს ცნობით, 18 ნოემბერს, თავდასხმა მოხდა ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალზე, რომლის სიახლოვესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უმსხვილესი ბაზაა.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფლოტმა თავისი საზღვაო ოპერაციების დიდი ნაწილი ნოვოროსიისკში მას შემდეგ გადაიტანა, რაც ზაფხულში, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის ბაზას უკრაინელემა დაარტყეს.

„რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, შეშფოთებული იქნება იმ საფრთხი გამო, რომელიც ნოვოროსიისკში განლაგებული სადესანტო ხომალდების ფლოტილიას შეექმნა. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ყირიმის ხიდი დაზიანდა, უკრაინაში მყოფი რუსული არმიის მომარაგების პროცესში ეს ხომალდები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, თუმცა ისინი გაცილების გარეშე შედარებით დაუცველნი არიან,“ – წერს უწყება 22 ნოემბრის რელიზში.

დაზვერვა დასძენს, რომ 18 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ნებისმიერი სახით იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას ნოვოროსიისკის პორტისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია, რუსეთისთვის კიდევ ერთ სტრატეგიულ გამოწვევად იქცევა და შავ ზღვაში მის ისედაც შემცირებულ გავლენას კიდევ უფრო დაასუსტებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი მსხვილი დასახლებული პუნქტის, სვატოვოს შენარჩუნებამ კრემლისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა რუსეთის სარდლობას საბრძოლო მასალებისა და პირადი შემადგენლობის ნაკლებობის გამო თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების ერთდროულად წარმოება უჭირს.

კრიტიკის მატების გამო კრემლი ქვეყანაში ინტერნეტის სრულ კონტროლს გეგმავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში რუსი სამხედროების კრიტიკა კიდევ უფრო იზრდება. ამ ფონზე ხელისუფლება კონტროლის გამკაცრებას განაგრძობს.

ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ კრემლისტურ მედიაში გაჩენილი ცნობები, რომელთა მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო დუმა ონლაინსივრცის რეგულაციაზე კანონის მიღებას განიხილავს. კანონი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გამორთოს სპეციფიკური ალგორითმები რუსეთის სივრცეში, დაარეგულიროს სოციალური ქსელები, ონლაინ კინოთეატრები, ძებნის სისტემები, ინტერნეტმაღაზიები და დაბლოკოს კონკრეტული მომხმარებლები.

„კრემლის ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს სრული კონტროლი მოიპოვოს საინფორმაციო სივრცეზე, რომელშიც რუსეთის სამხედროების კრიტიკა კიდევ უფრო მწვავდება,“ – წერს ISW-ი.

დღევანდელი ანგარიშის კიდევ ერთი თემა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე მოვლენებია.

ინსტიტუტის ინფორმაციით,  ორდღიანმა სროლებმა 20 და 21 ნოემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დააზიანა, თუმცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, დაზიანების მიუხედავად, ექვსივე ბირთვული რეაქტორის მთლიანობა შენარჩუნებულია, უვნებელია გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ბირთვული საწვავის საცავები.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების ვარაუდით, „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან მომავალი საფრთხეების მუდმივი განხილვა უფრო ფართო რუსული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილია. რუსეთი ცდილობს, უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა დააკარგვინოს და ბირთვული საფრთხის თავიდან აცილების საბაბით სადგურზე კონტროლი თავად მოიპოვოს. შესაბამისად, აიძულოს საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარონ მისი კონტროლი ატომურ ელექტროსადგურზე და, შესაბამისად, ანექსირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე,“ – აღნიშნავს ISW-ი.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები ე.წ. False Flag თავდასხმებს გეგმავენ ბელარუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა ბელარუსს ომში ჩართვა აიძულონ;
  • უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევის ოპერაციას უკრაინის აღმოსავლეთში;
  • რუსეთის ტერიტორიული ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტისა და ავდეევკის რაიონში;
  • რუსები აწყობენ თავდაცვით პოზიციებს და სიმაგრეებს ხერსონის ოლქში, დნეპრის სამხრეთით, მაშინ როდესაც უკრაინელები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის ჯარები თავშეყრის ადგილებზე;
  • რუსი მობილიზებული სამხედროები განაგრძობენ პროტესტს და დეზერტირობას, მათი ნათესავები კი ღიად გამოდიან მობილიზაციის წინააღმდეგ.

გაყალბებული „სტუდენტობა“ – ბათუმში სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმეს

„სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა ავტორიზაციის საბჭოსთვის, მთლიანი სისტემისთვის და ქვეყნისთვის, საჭიროა ფიქრის დაწყება,“ – უთქვამს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ნანა ყუფუნიას იმ სხდომის დასასრულს, რომელზეც „ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს“ ავტორიზაცია გაუუქმეს.

პირველ ნოემბერს გამართული სხდომის ოქმის ჩანაწერების მიხედვით, ამ სასწავლებელში რამდენიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: რამდენიმე სტუდენტი სტუდენტი არ აღმოჩნდა, ანუ მათ შესაბამისი პროფესიული პროგრამისთვის საჭირო გამოცდები არ ჩაუბარებიათ და არც პროფესიული სტუდენტების ერთიან ელექტრონულ ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი.

პროფესიულ სასწავლებელში მონიტორინგი სახელმწიფო უწყებამ მას შემდეგ ჩაატარა, როცა ერთ-ერთი სტუდენტის სოციალურად დაუცველ დედას პრემიერისთვის სწავლის გადასახადის დაფარვაში დახმარება უთხოვია, ეს სტუდენტი კი ერთიან ელექტრონულ ბაზაში ვერ იპოვეს.

ავტორიზაციის საბჭოს სხდომის მონაწილეებისთვის „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ წარმომადგენელს, მანანა ხაბაძეს ეს შეუხსენებია: „აღნიშნული კოლეჯი აჭარის საგანმანათლებლო სივრცეში 30 წელია ფუნქციონირებს, არაერთი თაობა გავზარდეთ“.

„2020 წელს ჩავაბარე საექთნო საქმეზე, მესამე კურსზე ვარ. მე არ მიწევდა გამოცდების ჩაბარება,“ – გვიყვება მარიამ ქომეთიანი, „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტი, – „როგორც ვიცი, პრობლემა შექმნა იმან, რომ უკვე გასული წლიდან კონკრეტულ სპეციალობებზე საჭირო იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, რაც ჩაბარებული არ ჰქონდათ პირველკურსელებს და ისე მიიღეს“.

მარიამ ქომეთიანს სხვა პრობლემა აქვს: შესაბამის საფეხურზე სწავლის დამადასტურებელ ცნობას არ აძლევს სასწავლებელი, რომელსაც ავტორიზაცია გაუუქმეს.

„გვითხრეს, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და შემდეგ 72 საათი გავიდესო. ველოდებით, ამ ცნობის გარეშე მობილობას ვერ შევძლებ, რომ სხვაგან განვაგრძო სწავლა. სწავლის გადასახადი 1500 ლარი იყო წელიწადში,“ – გვითხრა მარიამ ქომეთიანმა.

ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ამ საქმეზე გამოძიებაც დაუწყია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. სწორედ ამ სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებლის წერილისა და კონკრეტული მოქალაქის საჩივრის შემდეგ შეიკრიბა ავტორიზაციის საბჭო ამ საქმის განსახილველად.

„…დადასტურებულია, რომ შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (3 პროგრამა) დაშვებულია 4 პირი, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ემისის ბაზაში, თუმცა დაწესებულების მიერ ამ პირებისათვის გაცემულია ცნობები, სადაც ასახულია, რომ ისინი ნამდვილად სწავლობენ საექთნო განათლების, ფარმაციის (სააფთიაქო), საბაჟო საქმის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ერთი ასეთი პირის მშობელმა, რომელიც იყო სოციალურად დაუცველი და უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში, განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სთხოვა, მისი შვილის სწავლის საფასურის დაფინანსება, რომელიც სწავლობდა შპს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში.

პირი, რომელზეც კოლეჯს გაცემული აქვს ცნობა პროფესიული სტუდენტის სტატუსის შესახებ, არ იძებნება პროფესიული განათლების მართვის სისტემაში,“ – ვკითხულობთ სხდომის ოქმში.

„შორენა ხუბუნაიას [ექსპერტი, რომელმაც ავტორიზაციის საბჭოდან ამ საქმის შესწავლაში მონაწილეობდა] განცხადებით, მშობელს სახელმწიფო არ შეჰყავდა შეცდომაში, თვითონ იყო შეცდომაში შეყვანილი, იმდენად, რამდენადაც დაწესებულება უდასტურებდა კანონიერ წარმომადგენელს დირექტორის მიერ გაცემული დოკუმენტით [ცნობაში წერია, რომ აღნიშნული პირი – ნ.დ. ნამდვილად სწავლობს შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის საექთნო განათლების პროგრამაზე].

ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმით ირკვევა, რომ საბჭოს ექსპერტთა ჯგუფს, ამ კონკრეტული შემთხვევის გაგების შემდეგ, არაგეგმური მონიტორინგი ჩაუტარებია. დასკვნის მიხედვით, „დაწესებულების ყველა წარმომადგენელი ფლობდა ინფორმაციას კანონმდებლობის დარღვევით დაწესებულებაში არსებულ პირებზე/პროფესიულ „სტუდენტებზე“, რომლებიც ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს, იღებდნენ შეფასებებს და იხდიდნენ სწავლის საფასურს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე“.

ექსპერტებისთვის სასწავლებლის პერსონალს უთქვამს, რომ კონკრეტულმა პირებმა ვერ მიიღეს სათანადო ქულა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის და ისინი მეცადინეობებს ესწრებოდნენ თავისუფალი მსმენელის სტატუსით.

ავტორიზაციის საბჭოს შეუსწავლია „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ საბაჟო საქმის, საექთნო საქმის და ფარმაციის პროფესიული, საგანმანათლებლო პროგრამების პორტფოლიოები და დაუდასტურებია, რომ კონკრეტულ პირებზე, ვინც „თავისუფალ მსმენელებად“ მოიხსენია სასწავლებელმა, გაცემული იყო ცნობა მათი სწავლის შესახებ.

ექსპერტებისთვის ამ საკითხის ადგილზე შესწავლის დროს მოსაზრება ერთ კონკრეტულ მასწავლებელს, ნ.უ.-ს მიუწოდებია: თავისუფალი მსმენელები იყვნენ და ეს პროცესი გაუადვილებდა მათ სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვასო.

„ნ.უ-მ ექსპერტთა ჯგუფთან ინტერვიუებისას დაადასტურა მოცემული პირების სასწავლო პროცესში მონაწილეობის ფაქტი და აღნიშნა, რომ მათ სურდათ დასწრებოდნენ სასწავლო პროცესს და ესწავლათ კოლეჯში, რაშიც ისინი  იხდიდნენ შესაბამის თანხას. ამასთან, ეს გააადვილებდა პროგრამაზე მათი ჩარიცხვის პროცესს მომდევო სასწავლო წელს და არ დაეკარგებოდათ წელი. ექსპერტთა ჯგუფმა იკითხა, რა გზით ჩაეთვლებოდათ ამ პირებს აღნიშნული ერთი წელი? ამაზე კოლეჯის არც ერთ წარმომადგენელს პასუხი არ ჰქონდა.

აქვე გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი – ნ.დ. დაშვებულ იქნა მეხუთე დონის საექთნო საქმის პროგრამაზე საბაზო განათლების ატესტატით,“ –  კიდევ ერთ კანონდარღვევაზე აკეთებს აქცენტს ავტორიზაციის საბჭო.

ექსპერტებს ამოუღიათ კიდევ ერთი დოკუმენტიც – სამხედრო აღრიცხვის სამსახურში წარსადგენად მომზადებულ ცნობაში ეწერა, რომ, მაგალითად, ლ.კ. „ნამდვილად სწავლობს შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროგრამაზე და პროგრამის დასრულების ვადაა 2022 წლის 25 სექტემბერი“.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებს სასწავლებელში სხვა სტუდენტებთანაც უსაუბრიათ:

„…სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ისინი 2020 წელს ჩაირიცხნენ და წელს დაასრულეს სასწავლო პროცესი ფარმაციის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ახლა კოლეჯში მოვიდნენ, რადგან დარჩენილი ჰქონდათ ცალკეული ტესტები დასაწერად და ხვალ, 20 სექტემბერს, მიენიჭებოდათ პროფესიული კვალიფიკაცია, ხოლო მოკლე დროში აიღებდნენ დიპლომს.

ექსპერტთა ჯგუფმა პროფესიულ სტუდენტებს ჰკითხა, როდის, სად და როგორ გაიარეს პრაქტიკული კომპონენტი. მათ აღნიშნეს, რომ პრაქტიკული კომპონენტი არ გაუვლიათ აფთიაქში, კოლეჯის ლაბორატორიაში ასრულებდნენ ცალკეულ პრაქტიკულ დავალებებს, პრაქტიკა იმიტომ ვერ გაიარეს, რომ მათ ჰქონდათ პირადი პრობლემები და კოლეჯი დაჰპირდა, რომ ოქტომბრიდან გაივლიდნენ პრაქტიკას.

ერთ-ერთმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ თავის ახლობელთან დადიოდა აფთიაქში და იქ ეცნობოდა ცალკეულ აქტივობებს, თუმცა ეს კოლეჯის მიერ ორგანიზებული პროცესი არ ყოფილა.

ექსპერტთა ჯგუფმა ჰკითხა პროფესიულ სტუდენტებს, თუ მათ ხვალ მიენიჭებოდათ პროფესიული კვალიფიკაცია, ოქტომბერში რა სტატუსით გაივლიდნენ პრაქტიკას, მათ ამის შესახებ პასუხი არ ჰქონდათ. ასევე, ექსპერტთა ჯგუფმა დასვა კითხვა, მათი ინფორმაციით, როგორ ხორციელდება კოლეჯში პრაქტიკული კომპონენტი ფარმაციის პროგრამაზე, რამდენ ხანს გრძელდება ან რა პერიოდულობით. პროფესიულმა სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ პრაქტიკა 6-თვიანია, ხოლო თუ ადვილად დაძლევდნენ, 3 თვეშიც დაასრულებდნენ,“- უთხრეს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ავტორიზაციის საბჭოს.

ექსპერტებს ეჭვი გაუჩნდათ ხელწერის გაყალბებაზეც, რადგან რამდენიმე სასწავლო მოდულის გავლაზე იმ სტუდენტების ხელმოწერა იპოვეს, რომლებმაც თქვეს, რომ კონკრეტული მოდულები არ გაუვლიათ.

„…ჩნდება ეჭვი, რომ დაწესებულებამ გააყალბა პროფესიული სტუდენტების ხელწერა და მათ ნაცვლად შექმნა შეფასების მტკიცებულებები იმ მოდულის ფარგლებში, რომელიც პროფესიულ სტუდენტებს არ გაუვლიათ. დაწესებულების წარმომადგენელს – ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს აღნიშნული არ უარუყვია და განაცხადა, რომ ეს მათი ყოფილი თანამშრომლის ი.ხ-ს შემოქმედებაა,“ – ვკითხულობთ ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში.

კიდევ ერთი დეტალი: სასწავლებელში მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ორი სტუდენტი შეხვედრიათ, რომლებსაც „ხელში ეჭირათ ფული და სურდათ ადგილზე გადახდა. მათი თქმით, გადასახდელი ჰქონდათ დიპლომის გადასახადი,“ – აღნიშნავენ ექსპერტები და დასძენენ, რომ ამ საკითხის გამორკვევა მათი უფლებამოსილება არ არის და ეს უბრალოდ ინფორმაციის სახით დაამატეს.

„ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ იურისტს, რეზო ფუტკარაძეს ავტორიზაციის საბჭოს სხდომის მონაწილეებისთვის უთქვამს, რომ ეს არ იყო „მიზნობრივი დარღვევები“.

„არ არსებობს რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ სასწავლებელს გაცემულ ცნობებში ჰქონდა პირებზე ჩანაწერი „სტუდენტი“, იურიდიულად არ წერია ცნობებში, რომ აღნიშნული პირები იყვნენ სტუდენტები… ცნობები, რომლებიც გაიცა, არ უნდა გაცემულიყო, ეს იყო შეცდომა, ტექნიკური ხარვეზი,“ – აღნიშნა სხდომაზე იურისტმა რეზო ფუტკარაძემ.

საბჭოს წევრებს კი, პროფესიული სასწავლებლის იურისტისთვის შეუხსენებიათ, რომ პროფესიულ განათლებაში ცნება „თავისუფალი მსმენელი“ არ არსებობს და „როცა სასწავლებელი ცნობაში წერს, რომ პირი სწავლობს აღნიშნულ დაწესებულებაში, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ პირი არის პროფესიული სტუდენტი,“ – აღნიშნულია სხდომის ოქმში.

ფაქტობრივად, ამ დისკუსიის შემდეგ ადასტურებს საბჭოს თავმჯდომარე სისტემის შეცდომას. მისი შეფასებით, დასტურდება ავტორიზაციის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სტანდარტის დარღვევა.

საბოლოოდ, საბჭოს რვა წევრს ერთხმად დაუჭერია მხარი გაუუქმდეს ავტორიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს“. ამ სასწავლებელს ავტორიზაცია 2019 წელს აქვს გავლილი.

„დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე  მეტს ვერაფერს გეტყვით, ეს იყო დაუსაბუთებელი და უკანონო ადმინისტრაციული აქტი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იურისტმა რეზო ფუტკარაძემ, რომელიც „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ ინტერესებს იცავს. მისი თქმით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს და სასწავლებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა განიხილოს უზრუნველყოფის ღონისძიებაც – სადავო ადმინისტრაციული აქტის შეჩერება. თუ ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, იურისტის განმარტებით, ამ შემთხვევაში გაუქმებული პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები მობილობით სხვა სასწავლებლებში გადავლენ.

რა ელით მათ, რომლებსაც სასწავლებელი ეუბნებოდა, რომ სტუდენტები იყვნენ და დიპლომს ელოდნენ? – ამ და სხვა დეტალებზე რეზო ფუტკარაძე კომენტარს არ აკეთებს.

„სამოტივაციო ნაწილიც კი არ ახლავს ამ გადაწყვეტილებას… ჩვენ დავადასტურებთ, რომ ეს ადმინისტრაციული აქტი უკანონოა“, – დასძინა იურისტმა რეზო ფუტკარაძემ „ბათუმელებთან“.

მთავრობა ჩაქვის პლაჟზე 5 ჰექტარ მიწას ყიდის – 1 კვადრატი 324 ლარიდან

აჭარის მთავრობა ჩაქვში, ბათუმის ქუჩის #50 – 52 ში, ზღვის პირველ ზოლში, ხუთ ჰექტარამდე ფართობს ყიდის. ამ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია კომპანია „Colliers International“-მა აჭარის მთავრობის დაკვეთით შეიმუშავა. აუქციონის ერთ-ერთი პირობაც საინვესტიციო პროექტის ამ კონცეფციის შესაბამისად მომზადება და მთავრობისთვის წარდგენაა.

ქონების საწყისი ფასი 16 მილიონ 020 000 ლარია, ბიჯი: 300 000 ლარი [საწყისი ფასის მიხედვით, ერთი კვ.მეტრის ფასი 324 ლარი გამოდის. აუქციონზე 49 972კვ. მეტრია გატანილი].

ჩაქვის ყოფილი „ტურბაზის“ ტერიტორია

აუქციონის პირობა აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაა, მთელი თავისი ტურისტული ინფრასტრუქტურით. კომპლექსი უნდა მოიცავდეს გამაჯანსაღებელ ან სარეაბილიტაციო ცენტრს, ცალკე მდგომ საზოგადოებრივ ან სავაჭრო დანიშნულების ობიექტებს, ღია აუზს, სარეკრეაციო გასართობ სივრცეს, კაფე-რესტორნებს…

პროექტი ითვალისწინებს  ნავმისადგომისა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობას.

გასაყიდ ნაკვეთებზე ათასობით მრავალწლიანი ხეა გაშენებული, მათ შორის არის წიწვოვნებიც// ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აუქციონის პირობის შესაბამისად, გასაყიდად მომზადებულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრემ უნდა ააშენოს ვილები [შესაძლებელია ე.წ. „Beach House“]  ან საცხოვრებელი სახლები [შესაძლებელია ე.წ. „SEMI-DETACHED HOUSE“], ასევე, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები.

აუქციონის პირობის შესაბამისად, აქ უნდა მოეწყოს დასასვენებელი და გასართობი სივრცეები, სკვერი და პარკი, სპორტული მოედნები./ ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

კომპანიამ საპრივატიზებო საფასური 3 ეტაპად, 2024 წლის პირველ ივნისამდე უნდა გადაიხადოს.

ქონების მყიდველმა, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, შესყიდული ტერიტორიის გასწვრივ აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს გზა, ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკი [ე.წ. პრომენადი], ასევე შიდა მოხმარების გზები შეუფერხებელი საზოგადოებრივი წვდომის პირობით.

ჯამში ფართობზე კომპანიამ 100 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება უნდა აიღოს.

გასაყიდი ტერიტორიის ნაწილი თვითნებურადაა დაკავებული/ ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მთავრობის ინფორმაციით, გასაყიდ ტერიტორიაზე შემოღობილი ადგილები თვითნებურად არის დაკავებული:

„ქონების ნაწილზე ფიქსირდება თვითნებურად დაკავებისა და შემოღობვის ფაქტები, მათ შორის კაპიტალური შემოღობვა. ასევე, ქონების ნაწილზე განთავსებული კერძო მესაკუთრის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა, რომელიც შემოღობილია და მოწყობილია ეზო. არის საცხოვრებელი კორპუსის ეზო და სკვერიც.“

შემოღობილი ნაკვეთი გასაყიდ ტერიტორიაზე// ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაკავების თაობაზე ბათუმის მერიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 17 ოქტომბერს აცნობა. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, სამინისტროს მეორე დღესვე, 18 ოქტომბერს, უპასუხა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების ფაქტს, გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნულზე არ გაგვაჩნია ინფორმაცია.“

მერმა სამინისტროს ასევე აცნობა, რომ ქონების გასხვისების წინააღმდეგი არ არის.

ვის არის დაინტერესებული ქონების შეძენით?

2019 წელს ამ ნაკვეთის მიმართ ინტერესი შპს „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანიმ“  ოფიციალურად დააფიქსირა. ამის შესახებ ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურმა განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში დაწერა.

განკარგულება აჭარის მთავრობისთვის ჩაქვის ყოფილი ტურბაზის მთავრობისთვის გადაცემის თაობაზე, შემდგომში მისი გასხვისების მიზნით, საკრებულომ დაამტკიცა.

ამონარიდი განმარტებითი ბარათიდან: დაბა ჩაქვში, ტურბაზა „ჩაქვის“ მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსურად განვითარებისათვის, საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ იგეგმება სამი ერთეული მიწის ნაკვეთის განკარგვა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ადგილობრივი ან/და უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. შემოთავაზებული საინვესტიციო წინადადებების მასშტაბურობის, ტერიტორიის ერთიანი კონცეფციის განვითარების ხელშეწყობის, ლანდშაფტურ-რეკრეაციული და რეკრეაციული ზონის შენარჩუნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიზანშეწონილად მიაჩნია და ითხოვს განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემა.

ამის შემდეგ მთავრობამ „ბათუმელებთან“ უარყო ინფორმაცია „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანისთვის“ ნაკვეთის შესაძლო გადაცემაზე: „აუქციონი გამოცხადდება და გამოვლინდება გამარჯვებული.“

აუქციონის პირობების მიხედვით, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არტეფაქტების და კულტურული ფენების აღმოჩენის შემთხვევაში, მყიდველს ასევე დაევალება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება. 

აუქციონი 11 ნოემბერს გამოცხადდა და 7 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

ექთნის მინიმალური ხელფასი საათში 4.40 ლარამდე იზრდება – რას ითხოვს პროფკავშირი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრა.

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ წლებია ექთნების შრომის პირობებსა და მიზერულ ხელფასებს აპროტესტებს. პროფკავშირის გენერალური მდივნის, რეზო კარანაძის განმარტებით, აღნიშნული ზრდა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რადგან ის არ აკმაყოფილებს ექთნებისთვის აუცილებელი საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტს. „ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ღირსეული ხელფასების დაწესება მედმუშაკებისთვის“ – ამბობს ის.

„ეს მატება არ არის საკმარისი, მაგრამ ექთნებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, რომელთაც საათში 1.2 -1.1 ლარი აქვთ ხელფასი, ნამდვილად კარგი იქნება 400 ლარიდან 700-ლარიან მინიმალურ ხელფასზე გადასვლა, მაგრამ მინიმუმ 8-9 ლარი უნდა იყოს საათში ხელფასი, რომ ცხოვრებისთვის იყოს საკმარისი.

რეზო კარანაძე

ჩვენ 2021 წელს დავთვალეთ საცხოვრებელი ხელფასი და ხელზე გადასახადებისა და ქირის დაანგარიშების გარეშე გამოვიდა 1 272 ლარი და 70 თეთრი.

აქიდან გამომდინარე, დღევანდელი ხელფასი, რომელიც ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის დაახლოებით 50% გამოდის, საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება და ვერც იმას უზრუნველყოფს, რომ ამ ადამიანებს ერთზე მეტი სამსახური არ ჰქონდეთ მოსაძებნი. მაგრამ ნამდვილად მივესალმებით, რადგან ეს არის პირველი გადადგმული პროგრესული ნაბიჯი, რომელიც სტანდარტიზებას დანერგავს ქვეყანაში,“ – ამბობს რევაზ კარანაძე.

მისივე თქმით, 4.4 ლარი საათში დაბალი ანაზღაურებაა, თუმცა დადებითია ის, რომ რეგიონები და ქალაქი გათანაბრდება და რეგიონებში ექთნებს თვეში 200 ლარამდე ხელფასი აღარ ექნებათ.

„მაგალითად, 2020 წელს 184 ლარი ჰქონდა ხელზე ხელფასი ქობულეთის კლინიკის ექთანს. 2021 წელს, როცა კვლევას ვატარებდით, ახალციხის კლინიკაში ექთანს 183 ლარი და 40 თეთრი ჰქონდა ხელფასი. დღემდე ამ ადამიანების ხელფასები არ გაუმჯობესებულა.

ადამიანისთვის, რომელსაც 200-მდე ლარი აქვს ხელფასი და უცებ 600-700 ლარ ხელფასს მიიღებს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით ქალაქში დასაქმებული ექთნებისთვის, ბათუმსა და თბილისში,“ – ამბობს რევაზ კარანაძე.

ჯანდაცვის სამინისტრო აანონსებს, რომ მედმუშაკების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. სამინისტროსვე ცნობით, 2025 წლისთვის ექთნის მინიმალური ანაზღაურება საათში 5.6 ლარი გახდება, რაც, რევაზ კარანაძის შეფასებით, ექთნის ხელფასის ზრდის ძალიან ნელი ტემპია:

„ჩვენ მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, [მინიმალური ხელფასი საათში] 5 ლარი უნდა ჰქონოდა ექთანს უკვე 2015 წლისთვის და არა 2025 წლისთვის, ანუ ეს 10 წლით დაგვიანებულია. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ ინფლაციის დონეს, ეს არანაირად არ იქნება საკმარისი და არ შეაჩერებს პროფესიონალი კადრების გადინებას, რაც დღეს ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, თუ 2025 წელს ექთნის მინიმალური ხელფასი 5.6 ლარი გახდება, ეს მაინც წარმოუდგენლად დაბალია, საათში მინიმუმ 8-10 ლარი უნდა იყოს ახლა”.

მომავალი წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვარის გათვალისწინებით დაადგინოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

კრემლი აცხადებს, რომ ზელენსკის შეცვლა არ არის ომის მიზანი

დღეს, 21 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის თქმით, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა არ არის რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანი“. კრემლი ამ დრომდე სპეცოპერაციას უწოდებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, რომლის გამოც რუსეთში მობილიზაციაც გამოაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა ვოლოდიმერ ზელენსკის შეცვლა ამ „ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი, პესკოვმა ასე უპასუხა:

„არა, პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა ამაზე“. პესკოვის ციტატას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„ტასის“ ცნობით, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამავდროულად, „რუსეთი მიისწრაფვის მიაღწიოს თავის მიზნებს სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ და „ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ფორმატში“.

როცა ტაქსით მაგისტრალზე მოძრაობ, მძღოლი კი მობილურში „სლოტებს“ თამაშობს

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ტაქსით მაგისტრალზე მოძრაობთ, თქვენი მძღოლი კი მობილურ ტელეფონში „სლოტებს“ თამაშობს, მეც გამიჭირდებოდა წარმოდგენა, თავად რომ არ შევსწრებოდი. უკონტროლო სურვილი – ითამაშო აზარტული თამაში სამსახურში ან თუნდაც ისეთ სიტუაციაში, როგორიც ავტომანქანის მართვაა, ლუდომანიის – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანია. 

აზარტული თამაშებით ავადობისა და ზიანის გლობალური ზრდის, ასევე ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირების მიუხედავად, ლუდომანია იშვიათად განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა ან პრიორიტეტი. საქართველოშიც ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს მენტალური ჯანმრთელობის რამდენიმე ცენტრი ატარებს. ერთ-ერთი ასეთი ფსიქოსოციალური ცენტრია „კლუბი სინერგია“, სადაც ამბობენ, რომ მიმართვიანობა ისეთი მაღალი არ არის, რამდენად მწვავედაც ეს პრობლემა დგას ქვეყანაში.

„მომართვიანობა არ არის ძალიან მაღალი, თუმცა ვიცით, რომ პრობლემა გაცილებით უფრო მწვავეა, ვიდრე მომართვიანობით ჩანს. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ამ მიმართულებით დახმარება გამოადგებოდათ, გაცილებით უფრო ნაკლები ადამიანი იღებს, ვიდრე სჭირდებათ“, – ამბობს სინერგიას ფსიქოლოგი მარიამ რაზმაძე.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება შესაძლოა ყველა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს შეეხოს, თუმცა კვლევები და სტატისტიკაც მოწმობს, რომ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე პირები ყველაზე დიდი რისკჯგუფია პრობლემური აზარტული თამაშებისთვის.

მაგალითად, პრობლემური გემბლინგის კვლევითი კანადური ორგანიზაცია GREO თავის კვლევაში – „პრობლემური გემბლინგი და სიღარიბე“ წერს, რომ კანადაში დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები (2.8%) თავიანთი ოჯახების შემოსავლის უფრო მეტ პროცენტს ხარჯავენ აზარტულ თამაშებზე, ვიდრე უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები (0.5%).

„საჭიროა მეტი ცოდნა სიღარიბესა და პრობლემურ აზარტულ თამაშებს შორის კავშირის შესახებ, ისევე როგორც სერვისები და მხარდაჭერა, რომლებიც მორგებულია მოსახლეობაზე, რომელსაც აქვს კომპლექსური საჭიროებები, მათ შორის, თანმხლები დარღვევები“, – ვკითხულობთ GREO-ს კვლევაში. 

ლუდომანიას – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად აღიარებს იმპულსის კონტროლთან დაკავშირებულ აშლილობად და ქცევითი ადიქციის კატეგორიას მიაკუთვნებს. მართალია, ის უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ აზიანებს, მაგრამ ახასიათებს მძიმე სოციალური შედეგები – ოჯახური კონფლიქტები, ფინანსური პრობლემები, კრიმინალური ქცევა და დეპრესია. ვითარება ზოგჯერ ისე მძიმდება, რომ ადამიანი შესაძლოა სუიციდამდეც მივიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ გემბლინგის სფერო მაღალი რისკების შემცველია, მისი დინამიკა სისტემატიურად მზარდია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. 

საქსტატის ცნობით, 2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა 24%-ით გაიზარდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 32 მილიარდ ლარს მიაღწია. ცხადია, ზრდა ონლაინკაზინოების საშუალებით მოხდა, რადგან რეგულაციების გამო სამორინეებს ფიზიკურ სივრცეში საქმიანობა შეზღუდული ჰქონდათ. 2021 წლის მონაცემებით, აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა კიდევ უფრო მეტად – 48 მილიარდ ლარამდეა [47 938.6] გაზრდილი.

გემბლინგით ძირითადად ახალგაზრდები ინტერესდებიან. როგორც გაეროს კვლევებმა აჩვენა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მოზარდებს შორის როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო სერიოზული პრობლემა ხდება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხული თექვსმეტი წლის მოსწავლეთა 20% გადაჭარბებული აზარტული მოთამაშე იყო, ხოლო 12% – პრობლემური აზარტული მოთამაშე.

ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებული კვლევა გვაჩვენებს, რომ გამოკითხული მოზარდების 13% აზარტულ თამაშებს სხვადასხვა სიხშირით თამაშობს. აქედან ერთ მეოთხედზე მეტი აქტიური მოთამაშეა და აზარტულ თამაშებს ფულზე კვირაში რამდენიმე დღე ან უფრო ხშირად (27%) თამაშობს. ასევე, 5-დან ერთი მოზარდი თითოეულ ჯერზე თამაშს 2 საათს ან მეტს უთმობს.

ფოტო: 2022 წლის 12 ივნისი

2022 წლის პირველი მარტიდან საქართველოში ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის ნაწილობრივ შემზღუდავი რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, აიკრძალა როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება, თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებულია.

თუმცა ონლაინკაზინოები მაინც პოულობენ გზას მათ საიტებზე მომხმარებლების მისაზიდად. მაგალითად, ერთ-ერთმა ონლაინკაზინომ, ე.წ. აქციის ფარგლებში ფეისბუქზე სპეციალური გვერდი შექმნა, სადაც 2022 წლის ივნისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გრაფიკულად გაფორმებული QR კოდების ფოტოები ქვეყნდებოდა, კოდების დასკანერებით კი მომხმარებელი ონლაინკაზინოს აქციის გვერდზე გადადის.

აქციის ინსტრუქცია მარტივი და ამავდროულად იდუმალებით მოცულია – „დაასკანერე და დასაჩუქრდი“, ვისი აქციაა ან რისი, კოდიდან ბმულზე გადასვლის შემდეგ ხდება ცხადი. იგივე ფოტოებს, ჯერ კიდევ ივნისის თვეში, ფილმებისა და სერიალების ქართულ პორტალებზეც არეკლამებდნენ.

2022 წლის პირველი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს და 25 წლამდე პირებს; ასევე საჯარო მოხელეებს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს.

2022 წლის პირველი მარტიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 23, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე – 1 907.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ივნისის თვის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124  პირის შესახებ ინფორმაცია.

ამავდროულად, სათამაშო ბიზნესი დღემდე ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. Forbse-ს ცნობით, 2022 წელს საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიიდან 8 აზარტული თამაშების კომპანიაა (მათი შემოსავლები სიაში შემდეგ ადგილებს იკავებს: მე-18, 22-ე, 80-ე, 93-ე, 101-ე, 102-ე, 116-ე, 126-ე).

ამავე თემაზე:

„სოლიდარობა ლევან ზურაბაშვილს!“ – სასამართლოსთან აქცია იგეგმება

კრემლი შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება – The Insider

მოსკოვის ცენტრში 26 ოქტომბერს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა. დაცვის ფედერალურ სამსახურში განმარტეს, რომ მიმდინარეობდა „ტაქტიკური სწავლება ტერორიზმის საფრთხის განეიტრალებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ობიექტების დასაცავად“.

რუსულმა გამოცემა The Insider-მა გამოარკვია, რომ დაცვის ფედერალური სამსახური გადატრიალებისთვის ემზადება, ეს ტაქტიკური სწავლებები კი მხოლოდ ნაწილია იმ სპეცღონისძიებების, რომელთა გატარებაც მაშინ უნდა დაიწყოს, თუ დაცვის ფედერალური სამსახური საომარ მდგომარეობაზე გადავა.

გამოცემა წერს, რომ მოიპოვა საიდუმლო დოკუმენტი (პროექტი) – „დაცვის ფედერალური სამსახურის ოპერატიული განყოფილების საომარ მდგომარეობაში გადაყვანის მორალურ-ფსიქოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა“.

The Insider-ის ცნობით, სწორედ ოპერატიული განყოფილებაა პასუხისმგებელი კრემლის დაცვაზე და არამხოლოდ პირველი პირების უსაფრთხოებაზე, არამედ დაცვის ფედერალური სამსახურის შიგნით კონტრდაზვერვის ფუნქციასაც ასრულებს.

გამოცემის თანახმად, პროექტი ოთხ ნაწილადაა დაყოფილი:

  • „ღონისძიებები, რომლებიც ტარდება საომარი მდგომარეობის პირობებში გადაყვანამდე, მოსამზადებელ ეტაპზე“;
  • ღონისძიებები, რომლებიც ტარდება საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადებისას – სტატუსი „მომატებული“;
  • ღონისძიებები, რომლებიც ტარდება საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადებისას – სტატუსი „სამხედრო საფრთხე“;
  • ღონისძიებები, რომლებიც ტარდება საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადებისას – სტატუსი „სრული“.

„სამხედრო საფრთხის“ ეტაპზე გათვალისწინებულია „ოპერატიული ინფორმაციის და დავალებების მიცემა დანაყოფებისთვის. ამ ეტაპზე ასევე არ გამოირიცხება მოსკოვიდან კრემლის დაცვის ოფიცრების ოჯახების ევაკუაცია.

„სრული საბრძოლო მზადყოფნის“ პირობებში აუცილებელია „პირადი შემადგენლობისთვის რუსეთის კანონმდებლობის განმარტება საომარ დანაშაულობებზე“, ასევე მუშაობა, „რათა არ დაუშვან პანიკა სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს შორის“.

პროექტში აღნიშნულია, რომ სამხედრო გადატრიალების შემთხვევაში, კრემლის დამცველებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ: საბრძოლო განწყობის დაქვეითება, ჩაკეტილობა, უნდობლობა ხელმძღვანელობის მიმართ და შიშის გრძნობა. საპასუხო ზომების სახით შეთავაზებულია „კონტრჩანერგვა“ „კონტრდარწმუნება“ „ინიციატივის ჩამორთმევა“, „ობიექტის ცვლილება“ და დამაჯერებელი საუბრების ჩატარება ახალგაზრდა თანამშრომლებთან, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ნერვულ-ფსიქიკური არასტაბილურობისკენ.

ფედერალური დაცვის სამსახური ხაზს უსვამს, რომ მტერი ვერაგი და მოხერხებულია და პირველ რიგში ეცდება „პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედოს, მოახერხოს მისი მორალური დეზორიენტაცია და მიიყვანოს იქამდე, რომ უარი ათქმევინოს წინააღმდეგობის გაწევაზე“. მთავარ საფრთხეებს შორის დასახელებულია ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, სოციალური ქსელები, წიგნები, ბროშურები და პლაკატები.

გეგმის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ უცხო ქვეყნების აგენტებმა შესაძლოა სცადონ და გამოიყენონ საზოგადოებრივი მოძრაობები, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციებიც კი.

მთავარი ფოტო: The Insider

„დინამო ბათუმი“ დააჯარიმეს – კლუბის პრეზიდენტს მატჩებზე დასწრება 1 წლით აუკრძალეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, „დინამო ბათუმი“ დაჯარიმდა და შემდეგ მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს.

კერძოდ, საქმე ეხება 2022 წლის 12 ნოემბერს ეროვნული ლიგის ეგიდით ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს.

„სამგურალმა“ „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე მოედანზე შევარდა და მსაჯზე გაიწია, რასაც ვიდეომასალაც ადასტურებს.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფაქტები, მათ შორის, მატჩის ვიდეოჩანაწერი და ვიდეომასალა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით,  „დინამო ბათუმი“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს, დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა სტადიონზე შესვლა  „დინამო ბათუმის“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.

„დინამო ბათუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს, დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით და 6 მატჩზე აეკრძალა სტადიონზე შესვლა „დინამო ბათუმის“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.

„დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს, დავით ჯანელიძეს – სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

„დინამო ბათუმის“  გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით.

სხდომა 15 ნოემბერს გაიმართა. სხდომამდე ერთი დღით ადრე არჩილ ბერიძემ მედიასთან განაცხადა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს კომიტეტი, გუნდი დაემორჩილება.

_________________________

ფოტო: FC Dinamo Batumi/facebook

უკრაინაში 437 ბავშვი დაიღუპა რუსეთის ომის შედეგად

უკრაინაში, რუსეთის ქვეყანაზე თავდასხმიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, ომის შედეგად 437 ბავშვი დაიღუპა.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 21 ნოემბრის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1276-ზე მეტი ბავშვი დაშავდა სხვადასხვა სიმძიმით.

ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. 

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2719 სასწავლო დაწესებულება, მათგან 332 მთლიანად განადგურდა.

რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.

________________

ფოტოზე: 2022 წლის 9 მაისი, ბავშვები ქალაქ მარიუპოლის განადგურებულ ცენტრში. ფოტო: EPA-EFE/ALESSANDRO GUERRA

ამ ორ რამეს ვერავინ წაგვართმევს – ზელენსკიმ უკრაინას ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა

21 ნოემბერს უკრაინა ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ეს დღე უკრაინის მოქალაქეებს პრეზიდენტმაც მიულოცა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს ხალხი კიევის მთავარ მოედანზე შეიკრიბება, იმ ადგილას, სადაც წლების წინ „ნარინჯისფერი“ და „ღირსების რევოლუციები“ დაიწყო და იმავე ადგილას, სადაც მშვიდობიანი უკრაინა ერთ დღეს აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას.

„დღეს ჩვენ ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ. დღესასწაულს, რომელიც აჩვენებს, რას ნიშნავს ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება – ეს დღესასწაულია.

მე ეს სიტყვები ვთქვი ამავე ადგილას და ამავე დღეს ზუსტად ერთი წლის წინ. რა შეიცვალა მას შემდეგ? ძალიან ბევრი რამ – ჩვენს ქვეყანაში, ევროპაში და მთელ მსოფლიოში. მაგრამ რაღაც მაინც უცვლელი დარჩა და ეს არის პასუხი კითხვაზე, ვინ არიან უკრაინელები და რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ორი ფასეულობა – ერთმანეთისგან განუყრელი, როგორც მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო“, – ასე დაიწყო თავისი მიმართვა ზელენსკიმ.

და საკუთარ კითხვას, რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ, უპასუხა იმის აღწერით, როგორ იცავენ უკრაინელები ამ ორ ფასეულობას – ღირსებასა და თავისუფლებას რუსეთთან ომში.

ზელენსკის თქმით, წელს ყველამ დაინახა, რა შეუძლიათ უკრაინელებს, მეგობრებმაც და მტრებმაც. ყველამ დაინახა, როგორი თავდადებული დამცველები, უშიშარი მოქალაქეები, დაუღალავი მოხალისეები, პასუხისმგებლიანი ბიზნესმენები და მამაცი ბავშვები ჰყავს უკრაინას.

„ყველამ დაინახა როგორი დამცველები გვყავს. როგორ იბრძვიან მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არმიის წინააღმდეგ და როგორ იქცნენ თავადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო არმიად. ვინმე იტყვის, რომ ეს ძალიან ხმამაღლა ჟღერს. დიახ. ჩვენი არმია ხმამაღლა ჟღერს ბოლო რვა წელია და ბოლო 9 თვეა,“ – ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ სწორედ მოქალაქეებისა და მთელი უკრაინის ძალისხმევით, დღეს უკრაინელი მეომარი გამოიყურება ღირსეულად, იბრძვის ღირსეულად და იმარჯვებს ღირსეულად.

„ყველამ დაინახა, როგორი ხალხიც გვყავს! ხალხი, რომელიც მზადაა უკანასკნელი გასცეს. რომელიც მზადაა უკანასკნელ წუთამდე იდგეს. მათ არ დაკარგეს ღირსება. სიმამაცე. საკუთარი თავის რწმენა. ისინი გაერთიანდნენ. რათა თავისუფლება არ დაკარგონ. არ დაკარგონ დამოუკიდებლობა. არ დაკარგონ უკრაინა.

ჩვენ შეიძლება დავრჩეთ ფულის გარეშე. ბენზინის გარეშე. ცხელი წყლის გარეშე. დენის გარეშე. მაგრამ არა თავისუფლების გარეშე. ეს უცვლელია“.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა, რომელიც ძალიან მაღალ ფასს იხდიდა და დღესაც იხდის თავისუფლებისთვის, არასოდეს დაივიწყებს იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნისთვის თავი გასწირა და არასდროს აპატიებს მათ, ვინც უკრაინას მათი სიცოცხლე წაართვა და თავისუფლების წართმევაც სურს:

„მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ. ეს უცვლელია. ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ. გავუძლებთ. გადავრჩებით. გავიმარჯვებთ!

და მთავარი, რაც უცვლელი დარჩა და ყოველთვის უცვლელი დარჩება – Слава Україні!“.

ბაირაქტარმა პირველი უპილოტო სამხედრო თვითმფრინავი გამოუშვა უკრაინული ძრავით

თურქული კომპანია Baykar-ის უპილოტო სამხედრო თვითმფრინავმა Bayraktar Kızılelma-მ გამოცდა წარმატებით გაიარა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა სააგენტო Anadolu-ს უთხრეს, Kızılelma პირველი თურქული უპილოტო გამანადგურებელი თვითმფრინავი იქნება, უკრაინული მედიის ინფორმაციით კი, მას უკრაინული წარმოების ძრავები აქვს.

კვირის დასაწყისში თვითმფრინავმა პირველი გამოცდა დამზღვევი ტროსების დახმარებით გაიარა, 20 ნოემბერს კი – უკვე ტროსების გარეშე. გამოცდის პროცესის ვიდეო კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა სელჩუკ ბაირაქტარმა გამოაქვეყნა.

Bayraktar Kızılelma ზებგერითი უპილოტო თვითმფრინავია, რომელსაც ტურბორეაქტიული ძრავა აქვს და მას 1,5 ათასი კილოგრამის გადატანა შეუძლია.

Kızılelma-ს მაქსიმალური სიჩქარე 900კმ/საათია, ფრენის მანძილი – 920 კმ, სამუშაო სიმაღლე 10კმ და ზევით და ჰაერში 5 საათს ჩერდება.

Baykar-ში აცხადებენ, რომ მათი ახალი ქმნილება ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი წარმატებით გაართმევს თავს და პილოტირებული სამხედრო თვითმფრინავების მსგავსად აგრესიული მანევრებისა და „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის ბრძოლების წარმოებაც შეეძლება.

მთავარ ფოტოზე: სელჩუქ ბაირაქტარი Bayraktar Kızılelma-ს ფონზე/ფოტო: სელჩუქ ბაირაქტარის ტვიტერი.

___

ბაირაქტარს ირანული კამიკაძე დრონების წინააღმდეგ რაკეტებით შეაიარაღებენ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 84 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +390]
  • ტანკი – 2 892 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 5 822 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 870 ერთეული [+2]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 537 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 480 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 378 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 543 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 743 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 901 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 607 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 302 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

[yellow_box]რუს სამხედრო ბლოგერებს პირადად პუტინი მფარველობს – ISW[/yellow_box]

რუს მეთაურებს უჭირთ თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების ერთად წარმოება – ბრიტანეთის დაზვერვა

 

რუს მეთაურებს უჭირთ თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების ერთად წარმოება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი მსხვილი დასახლებული პუნქტის, სვატოვოს შენარჩუნებამ რუსეთისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.

უწყების ცნობით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სვატოვოს სექტორში არ შეწყვეტილა საარტილერიო ბრძოლები. რაც შეეხება ფრონტის სხვა მონაკვეთებს, იქ რუსეთი თავდაცვითი პოზიციების მოწყობას განაგრძობს და ამის გაკეთებას ცუდად აღჭურვილი და ასევე ცუდად მომზადებული მობილიზებულების ხარჯზე ცდილობს.

„ახლა, როდესაც რუსეთისთვის უფრო იოლია დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ფრონტის სამხრეთ-დასავლეთ ხაზის დაცვა, სვატოვოს სექტორი რუსეთის ძალებისთვის ყველაზე დაუცველ ოპერატიულ ფლანგად რჩება,“ – წერს დაზვერვა 21 ნოემბრის რელიზში. – „როგორც ჩანს, რუსეთის სარდლობა სვატოვოზე კონტროლის შენარჩუნებას პოლიტიკურ პრიორიტეტს ანიჭებს.“

თუმცა უწყების შეფასებით, რუს მეთაურებს უჭირთ ერთდროულად თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების წარმოება – საიმედო თავდაცვითი პოზიციების შექმნა სვატოვოს სექტორში და საკმარისი რესურსის უზრუნველყოფა დონეცკის შეტევებისთვის.

„რუსეთის თავდაცვისა და თავდასხმის შესაძლებლობებს კვალიფიციური პერსონალისა და საბრძოლო მასალების მწვავე ნაკლებობა ამცირებს,“ – ასკვნის დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევა რუსეთმა შედარებით ორგანიზებულებად და მცირე დანაკარგებით მოახერხა.

რუს სამხედრო ბლოგერებს პირადად პუტინი მფარველობს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დღევანდელი ანგარიშის მთავარი თემა რუსი სამხედრო ბლოგერები არიან. ანალიტიკოსების შეფასებით, ბლოგერების ჯგუფს პირადად ვლადიმერ პუტინი მფარველობს.

შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით, ექსპერტები წერენ, რომ ქვეყანაში დამყარებული მკაცრი ცენზურის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო ბლოგერები არაერთხელ დაიცვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმებისგან.

„რუსი სამხედრო ბლოგერები უბრალოდ კი არ უჭერენ მხარს ომს, არამედ ყალიბდებიან ჯგუფად, რომელსაც რუსეთში დამოუკიდებელი ხმა აქვს, თუმცა ისინი რუსეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები არ არიან. ზოგი ოფიციალურ თანამდებობასაც კი იკავებს კრემლში. ზოგიერთი ცნობილი ბლოგერი, რომელსაც ასობით ათასი გამომწერი ჰყავს, პუტინმა დააწინაურა კიდეც,“ – აღნიშნავს ISW-ი და დასძენს, რომ პუტინის მიზანი მხოლოდ ნაციონალისტურად განწყობილი აუდიტორიის გულის მოგება არაა, ის ცდილობს „არ დაუშვას, რომ ეს ჯგუფი მის წინააღმდეგ შემობრუნდეს“.

ანალიტიკოსების აზრით, ბლოგერების საზოგადოების პოპულარობა განაპირობა კრემლის უუნარობამ, თავად შეექმნა ძლიერი საინფორმაციო სივრცე „ტელეგრამში“. ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, პუტინმა ვერ შეძლო, საკუთარი ხალხი ხანგრძლივი და სერიოზული ომისთვის მოემზადებინა.

„დარჩებიან კი ბლოგერები პუტინისა და მისი საომარი კამპანიის ერთგულები, თუ რუსეთის ჯარი განაგრძობს ბრძოლას და კვლავაც მარცხს მარცხზე განიცდის? როგორი იქნება პუტინის რეაქცია, თუ ისინი მას მხარს აღარ დაუჭერენ? – ეს შეკითხვები შესაძლოა მნიშვნელოვანი გახდეს იმის მიხედვით, როგორ გააძლიერებს პუტინი ზეწოლას საკუთარ მოსახლეობაზე, რომელსაც ომში საზარბაზნე ხორცის გაგზავნა აღარ სურს,“ – წერს ISW-ი.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები 20 ნოემბრისთვის:

  • უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები ე.წ. false flag ოპერაციას გეგმავენ ბელარუსის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რათა თავდასხმა უკრაინას დაჰბრალდეს და ბელარუსს ომში პირდაპირ ჩართვა აიძულონ.
  • რუსული და უკრაინული წყაროები იუწყებოდნენ, რომ გრძელდებოდა ბრძოლები სვატოვო-კრემენაიას ხაზზე.
  • უკრაინელმა სამხედრო ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა;
  • რუსეთის თავდაცვის ცნობით, რუსეთის არმიამ ლუგანსკის ოლქში უკრაინული არმიის თავშეყრის ადგილს დაარტყა. მანამდე უწყება ამბობდა, რომ მოიგერიეს უკრაინელთა შეტევები ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში. ეს განცხადებები შესაძლოა ადასტურებდეს, რომ უკრაინის დამცველები ლუგანსკში წინ მიიწევენ;
  • რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ შეტევებს ბახმუტის, ავდეევკისა და დასავლეთ დონეცკის მიმართულებებზე;
  • უკრაინის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ რუსეთის არმიას თავისი დანაყოფები აღმოსავლეთ ხერსონიდან სხვა ოპერატიულ მიმართულებებზე გადაჰყავს, თუმცა არმიის მნიშვნელოვან ნაწილს ხერსონის ოლქის სამხრეთში ტოვებს;
  • გაწვეული რეზერვისტებისა და მათი ახლობლების პროტესტის მიუხედავად, რუსეთის სარდლობა ფარულ მობილიზაციას განაგრძობს.

ჩოგბურთელები ხულოს სოფლიდან ფორმის, ხარისხიანი მაგიდისა და ბურთების გარეშე

ხულოელი სამი ახალგაზრდა წელს პირველად ასპარეზობდა მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატში. სამივე მათგანი ხულოს სოფელ ვაშლოვანიდანაა. მათგან ორი  – თაკო და მარი რიჟვაძეები დები არიან.

19 წლის თაკო რიჟვაძე გვიყვება, როდის დაიწყო მაგიდის ჩოგბურთის თამაში, რა მიღწევები ჰქონია აქამდე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ის საუბრობს იმ საჭიროებებსა და პრობლემებზეც, რაც სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო განვითარებაში ხელს უშლის.

„მაგიდის ჩოგბურთის თამაში მეორე კლასში დავიწყე. სოფელ ვაშლოვანში ვცხოვრობ, მაგიდის ჩოგბურთსაც იქ ვთამაშობდი. ჩემი მწვრთნელი მინურ რიჟვაძეა.

რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის  გამარჯვებული ვარ, რამდენჯერმე გავხდი საქართველოს ჩემპიონი სხვადასხვა კატეგორიაში. ბოლოს ვიასპარეზე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მეხუთე ადგილი დავიკავე“, – გვიამბო თაკომ.

თაკო რიჟვაძე

ის სამომავლოდაც აპირებს ჩემპიონატებში მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს, რისთვისაც, როგორც ამბობს, ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობს.

თაკო დღის განმავლობაში მაგიდის ჩოგბურთში ვარჯიშს მინიმუმ 4 საათს უთმობს. იგი ამბობს, რომ სპორტის ამ სახეობაში განვითარებისთვის სოფლის სავარჯიშო დარბაზში შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ:

„არ არის ნორმალური მაგიდები. რაც შეეხება ბურთებს, საერთოდ არ გვაქვს, ჩვენი ხარჯით ბურთების შეძენა ხშირად გვიწევს. ხარისხიანი ბრენდის ბურთების მოპოვება ჭირს, ამიტომ გვიწევს ან გამოვიწეროთ, ან ვიყიდოთ სადღაც და ამაში დამატებით თანხა გვეხარჯება.

როცა საზღვარგარეთ გვიწევს წასვლა საერთაშორისო ტურნირებზე, ყოველთვის ჩვენ ვიხდით გზის ხარჯს აეროპორტამდე. მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთებს გვიფინანსებენ. როცა გვაქვს ფრენა და ხულოდან, სოფლიდან გვიწევს თბილისში ჩასვლა, გზის ხარჯს მთლიანად ჩვენია. კვებაც. თუ ცოტა ხნით გაჩერება გვიწევს [დედაქალაქში], სასტუმროს ხარჯიც. ასეა უკანა გზაზეც, ხულომდე. აი, ახლა გვიწევს მსგავს შეჯიბრზე მონაწილეობის მიღება და აქაც ჩვენი თანხით მივდივართ.

სექტემბერში სერბეთში ტურნირი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ფინანსური პრობლემების გამო ვერ მივიღეთ მონაწილეობა მე და ჩემმა დამ. მოვუყევით მწვრთნელსაც, მაგრამ უშედეგოდ. სოფლიდან ბევრს ვერ დაგვაფინანსებენ, რადგან სხვა სპორტის სახეობებიცაა. გაუჭირდათ ჩვენი ტრანსპორტის ხარჯის დაფარვა თბილისამდე“, – ამბობს თაკო.

დები რიჟვაძეები

მისი თქმით, საზღვარგარეთ გამართულ ტურნირებში მათ მონაწილეობას კიდევ ბევრი დისკომფორტი ახლავს:

„ცოტა ისეთი თემაა, მაგრამ მაინც შევეხები. როცა გუნდს გვიწევს საზღვარგარეთ წასვლა, არ გვაქვს შესაბამისი გუნდური ფორმა, სამოსი, რომლითაც წარვადგენთ ჩვენს გუნდს. ძალიან იშვიათად, რომ გამოყონ თანხა და მაისურები შეგვიკერონ საქართველოს დროშის ფერებში.

როცა ყველა ქვეყნის წარმომადგენელს აცვია შესაბამისი გუნდური ფორმა და არაჩვეულებრივად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას, რა თქმა უნდა, მეც მსურს, რომ ჩვენი ქვეყნის დროშის აფრიალებისას სათანადო სამოსი მეცვას, ყველამ გაიგოს, რომ საქართველოდან ვარ“.

თაკო ზუსტად ვერ იხსენებს წელს, მაგრამ ამბობს, რომ პირველად სპორტულები და ჩანთა მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ჩემპიონატზე წასვლის წინ მისცეს:

„გუნდურ სამოსში მაისურს, შორტსა და სპორტულებს ვგულისხმობ. ახლა მაისური და შორტი ძირითადად გვაქვს, ოღონდ საკუთარი ხარჯებით შეძენილი. შეჯიბრებებში გამოსვლისთვის ჩემი ხარჯით შეძენილი მაისური და შორტი მაქვს მეც“.

თაკოს თქმით, საქართველოს ნაკრების წევრები მაგიდის ჩოგბურთში ძირითადად ხულოელი სპორტსმენები არიან და მათაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც მას და მის დას.

მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობდა ანრი მელაძეც. მან სპორტის ამ სახეობაში სხვადასხვა სახის 20-მდე ტურნირში გაიმარჯვა. ანრი აქამდე ძირითადად სოფელ ვაშლოვანში ვარჯიშობდა. 5 თვეა, რაც ის საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა და ვარჯიშს ბათუმში აგრძელებს.

„ვფიქრობ, ჩემს სპორტულ აქტივობაზე დადებითად აისახება ქალაქში გადმოსვლა, რადგან ხულოში არ იყო ისეთი პირობები ამ სპორტისთვის, როგორიც, მაგალითად, ბათუმში ან თბილისშია. [ვაშლოვანში] ვარჯიში არ იყო ისეთი კარგი, როგორიც ჩვენ გვინდოდა, არასათანადო ინვენტარის გამო.

მაგიდები გვქონდა, მაგრამ ისეთი არა, როგორიც გვჭირდებოდა. ჩოგნებს ჩვენ ვყიდულობდით, რადგან ისეთ კარგს არ გვაძლევდნენ, რომელიც თამაშისთვის გამოგვადგებოდა“, – ამბობს ანრი.

ანრის თქმით, ზოგჯერ გზის ხარჯს თბილისამდე უფინანსებენ, მაგრამ ძირითადად მათი ხარჯებით მიდიან: „როცა [საქართველოს ნაკრების] შეხვედრები გვაქვს, მაშინაც ჩვენი ხარჯებით ჩავდივართ. სასტუმრო და რაღაცები დაფინანსებული გვაქვს“.

სოფელ ვაშლოვანში მაგიდის ჩოგბურთის მწვრთნელი 2004 წლიდან მინურ რიჟვაძეა.

„30-მდე საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი გავზარდე. 2020 წელს საქართველოს პირველობიდან ჩემმა მოსწავლეებმა იმდენი მედალი წამოიღეს, რამდენიც ერთად აღებული ყველა სხვა მონაწილემ საქართველოს ყველა კუთხიდან. ქვემო ვაშლოვნის პატარა სკოლიდან, სადაც 108 მოსწავლე სწავლობს, გათამაშებული 6 ოქროს მედლიდან 4 ჩვენ მოვიპოვეთ“, – გვიყვება მინურ რიჟვაძე.

მწვრთნელის თქმით, მაგიდის ჩოგბურთი ვაშლოვანში ბევრ ახალგაზრდას აინტერესებს – მაგიდის ჩოგბურთის აჭარის ნაკრების წევრების უმრავლესობა ქვემო ვაშლოვნის მოსწავლეა, ხოლო საქართველოს ნაკრებს 4 წევრი ჰყავს ჩვენგანო – გვეუბნება მწვრთნელი.

„სპორტსმენებს ვავარჯიშებ, რომ შედეგი დაიდოს – საქართველოს, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებში ითამაშონ. მე ეს მოსწავლეები კარგად რომ მოვამზადო, მაღალი ხარისხის მაგიდები მჭირდება, რაც ახლა არ გვაქვს. დაბალი ხარისხის მაგიდაზე როცა სწავლობს სპორტსმენი თამაშს და ჩადის თბილისში, სადაც მაღალი ხარისხის მაგიდები აქვთ, თამაში სულ სხვანაირად მიდის. კარგი ხარისხის მაგიდა საერთოდ არ მაქვს. რამდენჯერმე დამპირდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არ მოუციათ.

ვესაუბრე საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს. ვუთხარი ჩვენ ასეთ დიდ წარმატებებზეც. შესაძლოა, მათთვის ერთი მაგიდა არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. უკვე ჩვენი მაგიდებით ვერ ვახერხებთ მოვუგოთ სპორტსმენებს, რომლებიც თანამედროვე ტიპის მაგიდებზე სწავლობენ და აგრძელებენ მაგიდის ჩოგბურთში ვარჯიშს.

2 დღით ადრე სპეციალურად ჩამყავს ხოლმე სპორტსმენები ბათუმში, რომ შეეჩვიონ ხარისხიან მაგიდაზე თამაშის წესებს და თბილისში შეჯიბრებებზე არ წააგონ.

მაგიდების საჭიროებაზე საუბარი 5 წლის წინ დავიწყე და დღესაც ამაზე ვესაუბრები ყველას“, – გვითხრა მინურ რიჟვაძემ.

ხულოს სასპორტო სკოლას მაგიდის ჩოგბურთის სულ 4 ჯგუფი და 60-მდე სპორტსმენი ჰყავსო – გვითხრა ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორმა ავთანდილ აბულაძემ.

„ჩვენს სპორტსმენებს მცირე შეხება აქვთ მხოლოდ აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრებთან. ჩვენ გვირჩევნია, რომ უფრო მეტად ჩართულნი იყვნენ თბილისის ნაკრებთან, უფრო წარმატებულ სპორტსმენებთან და წელიწადში ორჯერ მაინც ჰქონდეთ 10-12-დღიანი შეკრებები.

დამატებით ინვენტარიზაციაა საჭირო, პროფესიონალური ჩოგნებიც რომ შევუძინოთ. ამაზეცაა დამოკიდებული მათი წარმატება. რა საშუალებაც გვაქვს, იმის მაქსიმუმს ვაკეთებთ.

ძვირადღირებული სპორტიცაა. ჩოგნები, მაქსიმალურად კარგი ბურთები რომ შევიძინოთ, კარგი იქნებოდა სპორტსმენებისთვის“ – ამბობს ავთანდილ აბულაძე.

____________________

მთავარ ფოტოზე: თაკო და მარი რიჟვაძეები და ანრი მელაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები. ფოტო: საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია

ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოწყობა დაიწყო – სანაპიროზე 413 000 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ

ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა დაწყებულია. ხელოვნური პლაჟების მოწყობა სანაპირო ზოლის დასაცავადაა აუცილებელი და ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ.

სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ხრეშის შეტანა ბათუმის სანაპიროზე / აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორია / 20.11.2022

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ბონდი-2009“ აწარმოებს. კომპანიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული.

ტენდერის პირობის მიხედვით სამუშაოები სამ უბანზე: ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ კვებას [ქვიშა-ხრეშის შეტანას] ითვალისწინებს.

ხრეშის შეტანა ბათუმის სანაპიროზე / აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორია / 20.11.2022

კომპანიამ ზემოთ აღნიშნულ უბნებში 412 960 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში უნდა შეიტანოს, რომელსაც მდინარე ჭოროხის დელტაში გამოყოფილ 4 ადგილზე ამოიღებს.


 

[checklist]

  • ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით.
  • გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგება;
  • თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა;
  • ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში; ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება;
  • შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა,
  • შეწყდა ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რაც დღესაც გრძელდება.
  • ბათუმის ახალ ბულვართან 1700 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობა ააშენეს, თუმცა, ის ნაპირს ვერ დაიცავს, თუ პლაჟზე ხრეში ხელოვნურად, ყოველწლიურად არ შეიტანეს.

[/checklist]

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

Exit mobile version