განათლება,მთავარი,სიახლეები

არც გამოცდის ჩაბარების პრობლემა მქონია და პორტფოლიოს მომხრეც ვარ – პედაგოგი ცაგერიდან

11.02.2023 • 3512
არც გამოცდის ჩაბარების პრობლემა მქონია და პორტფოლიოს მომხრეც ვარ – პედაგოგი ცაგერიდან

ირმა ნოსელიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში, ინგლისურ ენას ასწავლის. სოფელში ათი წლის წინ, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში მოვიდა და მას შემდეგ ამ სკოლაში აგრძელებს მუშაობას.

2020 წელს, ირმა ამერიკული პროგრამის „ფულბრაიტის“ მეშვეობით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ის უცხოელი კოლეგების გამოცდილებას გაეცნო. ამერიკის სამხრეთში, არკანზას შტატში 17 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ექვსი თვე დაყო.

„პირველი რაც ამერიკულ სკოლაში შესვლისას თვალში მოგხვდებათ, ეს არის სრული თავისუფლება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მათი უშუალო დამოკიდებულება.

საკლასო ოთახები სავსეა სასწავლო რესურსებით, აღჭურვილია უმაღლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიებით. ეს, სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში ნაკლებადაა. ბავშვები არიან ძალიან თავისუფალი და აქვთ ყველა შესაძლებლობა ისწავლონ ისე, როგორც შეუძლიათ და როგორც მათ გამოსდით – ინდივიდუალური მიდგომაა ყველა ბავშვთან. სწავლებაში მთავარია კრიტიკული აზროვნება და მთელი სასწავლო გარემო მორგებულია 21-ე საუკუნის მოთხოვნებზე“, – გვეუბნება ირმა.

მისი თქმით, ქართულ საჯარო სკოლებში პრობლემაა ის, რომ ცვლილებები იწყება არა ქვემოდან, არამედ ზემოდან.

„როცა საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები, ჯერ ამის წინაპირობა უნდა შექმნა. როცა მესამე თაობის სასწავლო გეგმაზე მუშაობ და კომპლექსური დავალებები უნდა განახორციელო, ამის მოსამზადებლად ელემენტარული რესურსები უნდა ჰქონდეს მოსწავლეს, რომ პრაქტიკულადაც იმუშაოს.

სამწუხაროდ, სკოლაში არ გვაქვს შესაბამისი ტექნოლოგიები. ინტერნეტი ზოგჯერ არ არის, საკლასო ოთახები არ არის აღჭურვილი კომპიუტერებით და, შესაბამისად, არ გამოდის ისეთი ხარისხიანი გაკვეთილი ახალ მოთხოვნებს რომ შეესაბამებოდეს.

ვფიქრობ, ძირეული ცვლილებები ქვემოდან არის დასაწყები, ქვემოდან უნდა დავიწყოთ შენება, საძირკველი უნდა ჩავუყაროთ რაღაც ელემენტარულ საკითხებს და შემდეგ უკვე დავაშენოთ მეტი და მეტი“, – ამბობს ირმა.

მასწავლებლის თქმით, თანამედროვე სკოლამ ბავშვი უნდა ჩამოაყალიბოს გლობალურ მოქალაქედ, ასწავლოს კრიტიკული აზროვნება, გახადოს კონკურენტუნარიანი, ასწავლოს უცხო ენები და ბავშვი გახადოს უფრო მოქნილი.

ირმა ნოსელიძე აშშ-ში

„ფულბრაიტის“ პროგრამა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამერიკულმა გამოცდილებამ ჩემში ძალიან ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ.

თუ ადრე ვამბობდი, რომ „ეს არ მოხდება“, „ამას არ ვიზამ“ და ასე შემდეგ, მსგავსი დამოკიდებულება აღარ მაქვს, დავამსხვრიე სტერეოტიპული აზრები, რაც კი არსებობდა ჩემსა და დანარჩენ სამყაროს შორის.

მინდა ეს ჩემმა მოსწავლეებმაც გაიაზრონ და ამიტომ ვცდილობ ჩავრთო ისინი სხვადასხვა პროგრამებში“, – ამბობს ირმა.

მისი თქმით, ცაგერში პირველად დაინერგა აქსესის (ACCESS) პროგრამა, რაც ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობას აძლევს სოციალურად დაუცველ და სოფლად მცხოვრებ ბავშვებს.

„იმდენად სჭირდებათ ბავშვებს ასეთ აქტივობებში ჩართვა, ახალი ცოდნის, რესურსების მიღება, რომ 4-5 კილომეტრს გადიან ჩემთან გაკვეთილებზე მოვიდნენ.

გაეზარდათ მოტივაცია, ჩართულობა, იმდენად მაღალია მათი მოტივაცია, მეც კი გაოცებული ვარ ხშირად და როგორ არ უნდა შევთავაზო მათ ხარისხიანი გაკვეთილი, როცა ბავშვი ამდენ კილომეტრს გადის შენთან მოსასვლელად.

ამ პროექტით ბავშვების ცნობიერებაც ამაღლდა და ჩემიც“, – გვეუბნება ირმა.

ირმა ნოსელიძე

მისი თქმით, სკოლებს მაღალმთიან სოფლებში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ბავშვებს სხვა რესურსებზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი. „ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პროფესიონალი მასწავლებლები ჰყავდეთ სკოლებში და ჩავრთოთ ისინი კლასგარეშე აქტივობებშიც.

ჩვენი სოფელი ცენტრალური გზიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული, ხშირად ავდივარ ფეხით, თუმცა არასდროს ვწუწუნებ, რადგან ყოველთვის მიმიხარია იქ, სადაც ბავშვები მელოდებიან, მინდა გავუზიარო ის, რაც მე ვიცი და ეს არის ჩემი ვალდებულება“, – ამბობს ირმა.

მას ვკითხეთ, რა გამოცდილება მიიღო აშშ-ში სკოლებში კვებასთან დაკავშირებით და ფიქრობს თუ არა, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა.

ირმაც მიიჩნევს, რომ სკოლებში კვების საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელია, რადგან მშიერი ბავშვი სათანადოდ ვერ სწავლობს და არც კლასგარეშე აქტივობებში ჩართვის სურვილი აქვს.

„სკოლებში კვება ნამდვილად დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ამერიკაში ეს საკითხი ძალიან კარგად არის მოგვარებული და ვისურვებდი, რომ ჩვენს სკოლებშიც ასე იყოს.

აშშ-ის სკოლებში ბავშვებს აქვთ დიდი დასვენება და აქვთ არჩევანის შესაძლებლობაც. შეუძლიათ თანხა აიღონ და იქვე იყიდონ მათთვის სასურველი კერძი, შეუძლიათ კონტეინერით მოიტანონ სახლიდან. აუცილებლად ყველა ბავშვი სადილობს.

ეს საკითხი პირველ ადგილზეა წამოწეული ამერიკაში, რადგან ბავშვი, რომელსაც შია, სამწუხაროდ, გაკვეთილზე ვერ იქნება სრულფასოვანი. ეს პრობლემა ჩვენ სკოლებშიც უნდა მოგვარდეს“.

ირმა ამბობს, რომ ლოკალურ დონეზე ამ პრობლემის მოგვარება ალბათ შესაძლებელია მშობელთა აქტიური ჩართულობით და ცდილობენ საკითხი გაააქტიურონ. თუმცა მოსახლეობის სოციალური პირობებიდან გამომდინარე, პრობლემა გლობალურია და სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

„არის დღეები, როცა გვაქვს კლუბური მუშაობა, ექვსი გაკვეთილის შემდეგ. ბავშვს, რომელსაც შია, აღარც კლუბი უნდა და არც სწავლა. ერთი სული აქვს წავიდეს სახლში და მიირთვას სადილი. მაგრამ, თუ ბავშვი არ დავტვირთეთ დამატებითი აქტივობებით, მარტო საკლასო გარემოდან არ გვექნება შედეგი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სკოლაში ბავშვებს ჰქონდეთ კვება“.

რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, ირმა მომხრეა, რომ მასწავლებელი აწარმოებდეს კლასში განხორციელებული პროექტების ისტორიასაც, ანუ ე.წ პორტფოლიოს, რადგან ეს მას ეხმარება დაინახოს რა და როგორ გააკეთა.

„მე, პირადად, არც გამოცდის ჩაბარების პრობლემა მქონია და ჩავაბარე კიდეც ჯერ კიდეც მაშინ, როცა არ ვიყავი მოქმედი მასწავლებელი –  გამოცდისთვის როგორც პრობლემისთვის ასე არ შემიხედავს.

არც პორტფოლიოს შეკვრა მიმაჩნია დროის კარგვად და არ ვეთანხმები მათ, ვინც ამის წინააღმდეგია“, – გვეუბნება ის.

თანამშრომლობა კოლეგებს შორის – მისი თქმით, აშშ-ის სკოლებში ყოფნისას ეს ასევე თვალშისაცემი იყო, რაც, მისი აზრით, ქართულ სკოლებშიც გასაღრმავებელია.

„იქ ყველა სტაჟიან მასწავლებელს მიმაგრებული ჰყავს დამწყები მასწავლებელი და უჩვენებს გზას. მათ აქვთ ყოველკვირეული შეხვედრები და უნდა გენახათ მათი თანამშრომლობის, ცნობიერების დონე, როგორ უწყობენ ერთმანეთს ხელს, როგორ ეხმარებიან. ამ მხრივ ჩვენთანაც უფრო მეტს ვისურვებდი“, – გვეუბნება ირმა ნოსელიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: