როცა 12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს, სახელმწიფო კი ისევ დუმს სქესობრივ განათლებაზე

12 წლის ბავშვმა ბავშვი გააჩინა. ფაქტი გუშინ, 23 ნოემბერს, დაფიქსირდა თბილისში; მანამდე, სამი დღით ადრე, 14 წლის გოგოს მამამ სასტიკად სცემა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის შვილს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მასზე ბევრად უფროს კაცთან; 6 წლის გოგო ბიძის მხრიდან გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ეს შემთხვევაც ამ დღეებში მოხდა.

შარშან 13 წლის გოგომ გააჩინა ბავშვი გორის ერთ-ერთ სოფელში; 14 წლის გოგომ თავი მოიკლა იმის გამო, რომ მასზე ჯერ სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კი ამის გამო ოჯახის წევრების მხრიდან ის გახდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

2021 წელს ორი ბავშვის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ბავშვის მამა.

2022 წლის მარტო იანვრის თვეში ბავშვების წინააღმდეგ 37-ჯერ განხორციელდა სხვადასხვა სახის სექსუალური და სქესობრივი დანაშაული. მათ შორის: გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება, სექსუალური ძალადობა, ადევნება, მუქარა და ასე შემდეგ.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვზე ხშირად ძალადობენ ასევე ოჯახის წევრები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, რადგან ოჯახი და საზოგადოება მას ადანაშაულებს იმაში, რომ მასზე იძალადეს.

ჩვენ საქართველოს პარლამენტის 7 დეპუტატს მივწერეთ და ვკითხეთ, ხედავენ თუ არა სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვის აუცილებლობას, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გაზრდილი სტატისტიკიდან გამომდინარე, ხომ არ აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ ეს საკითხი და განათლების სამინისტროსთან დასვან კითხვები ამ თემაზე.

ამ კითხვებს ტარიელ ნაკაიძის გარდა არცერთმა დეპუტატმა, მათ შორის, ქალებმა, არ უპასუხა. ესენი არიან: ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, ელისო ბოლქვაძე, გიორგი ამილახვარი, მიხეილ სარჯველაძე, მარიამ ლაშხი.

აქციიდან 1000 მშობლის მარში: „ასწავლეთ ბავშვებს სქესობრივი ძალადობისგან თავის დაცვა“ ფოტო: „ნეტგაზეთი“

რატომ არ არის ბავშვი დამნაშავე, როცა მასზე სექსუალურად ან სხვა ფორმით ძალადობენ, როგორ უნდა დაიცვას ბავშვმა თავი ძალადობისგან და რა უნდა იცოდეს, როგორც თავისი სხეულის, ასევე ძალადობის ფორმების შესახებ? – სწორედ ამ და სხვა საკითხებს მოიცავს სქესობრივი განათლება, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ისწავლება.

საქართველოს განათლების სამინისტრომ კი ამ საგნის სკოლებში დანერგვა და მისი მნიშვნელობის წარმოჩენა ამ დრომდე ვერ შეძლო.

გასულ წელს ერთი მშობლის პეტიციაც კი გავრცელდა, სადაც მშობელი სამინისტროს სთხოვდა, დროულად დაენერგა სკოლებში სქესობრივი განათლება, რაზეც მშობლის თქმით, სამინისტრომ უპასუხა, რომ „2021- 2022 წლიდან დაგეგმილია არჩევითი კურსის პილოტირება, მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, საბოლოო სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბება,“ – წერს სამინისტრო.

თუმცა სამინისტროს არც 2022 წლის მიწურულს დაუნერგავს საპილოტე პროგრამა და არც რაიმე ანალიზი გვინახავს ამ საკითხზე მათგან.

სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მშობელი, თეონა აბაშიძე თავის გამოცდილებაზე გვიყვება: „სიტყვა „სქესობრივ განათლებას“ ვახსენებ თუ არა, მაშინვე აგრესია მოდის, არა მხოლოდ ნათესავებისგან, არამედ მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგანაც კი. მიიჩნევენ, რომ ამ გაკვეთილებში პირდაპირ სექსის სწავლება იგულისხმება.

რეალურად, ამ ადამიანებისთვის არავის მიუწოდებია სწორი ინფორმაცია.

ჩემს შვილს მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით მოუწია ინფორმაციის გაზიარება კლასელთან, რის გამოც სერიოზული აგრესია წამოვიდა ბავშვის მშობლებისგან, ბებია-ბაბუისგან ჩემი შვილის მიმართ – ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამაზე ხმამაღლა არ უნდა ისაუბრო.

ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო ის, რომ ეს ადამიანები მენსტრუალურ ციკლს ეძახდნენ „ბინძურ სისხლს“ და ბავშვსაც იმდენად დაბალი ცნობიერება ჰქონდა ამ საკითხზე, ამბობდა, რომ ამ დროს ქალი არის ბინძური.

გაოგნებული ვიყავი, როცა 13-14 წლის გოგონებს დაეწყოთ ციკლი და ამაზე მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა.

წარმოიდგინეთ, ეს ხდება დღეს, როცა თითქოს ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ეს გვაჩვენებს საზოგადოების რა ნაწილი აზროვნებს სწორად“, – გვეუბნება თეონა აბაშიძე.

თეონა აბაშიძე

თეონას სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და ამბობს, რომ მათი ასაკის შესაბამის ინფორმაციას ჯერ სანდო წყაროებში იძიებს, შემდეგ კი მათ უზიარებს.

„ძალიან კარგი ვიდეორგოლებია ბევრი სანდო და კვალიფიციური ორგანიზაციის მიერ დამზადებული სქესობრივ საკითხებზე, youtube-ზეც არის განთავსებული და ყველა მშობელს შეუძლია მოიძიოს, თუკი ამის შესახებ მივაწვდით ინფორმაციას.

თუმცა ჩემ ირგვლივ ჯერ კიდევ უამრავი ქალი, დედა არსებობს, ვინც ფიქრობს, რომ ამ ინფორმაციის მოძიება და შვილისთვის გაზიარება მიუღებელია.

როცა ჩემი შვილის კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ეს თემა დახურეს, ჩემმა შვილმა სთხოვა, რომ ესაუბრათ ამ საკითხზე, რადგან მისთვის საინტერესო იყო. მე ამის გამო მასწავლებელი წავახალისე და მადლობაც კი ვუთხარი, რომ ამ თავს არ გადაახტა და ჩაატარა გაკვეთილი“, – ამბობს თეონა.

მისი აზრით, ბევრი მშობელი დღემდე სტიგმებით აზროვნებს და გაუცნობიერებლად იმეორებს ფრაზას: „ჩვენთვის არავის უსწავლებია (სექსი), მაგრამ რა, შვილები ვერ გავაჩინეთ?“

„ბრმად ენდობიან გაგონილს და არც კი ცდილობენ საპირისპირო აზრის მოსმენას. არც ერთ დონეზე არ სურთ გაიგონ, რომ სქესობრივი განათლება ისევ ჩვენი შვილების ძალადობისგან დაცვისთვის არის საჭირო.

შენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ მისი სხეული ხელშეუხებელია, უნდა იცოდეს, რომ მას აქვს უფლება ითხოვოს დახმარება, თუ მის რომელიმე ორგანოს უცხო პირი, ან ზრდასრული კაცი შეეხება. როცა ამას ვუხსნი, ამაზე საერთოდ გიჟდებიან. „ჩემს შვილს თვითონ ვასწავლი, თუ საჭიროა“, – მეუბნებიან, მაგრამ რეალურად მათ რცხვენიათ შვილებთან ამ თემაზე საუბარი.

ამდენი გარყვნილი ქმედება და ძალადობა რომ გვაქვს ბავშვებთან, ეს ხომ ნიშნავს, რომ არავინ იცავს ამ ბავშვებს და არც ასწავლიან, როგორ დაიცვან თავი“, – გვეუბნება თეონა.

ქეთი პაპავა, მასწავლებელი

რატომ ვერ გაიგო საზოგადოებამ, რას ნიშნავს ბავშვის სქესობრივი აღზრდა, რა განათლებას უნდა ვაწვდიდეთ ბავშვს, როგორ და რისთვის?  – ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთი პაპავა დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს საუბარი და, პირველ რიგში, ცნობიერება უნდა ამაღლდეს საზოგადოების, მშობლების.

„ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია ამაზე საუბრის დაწყება. ვფიქრობ, მშობლების განათლება ამ საკითხში ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაიწყოს, სანამ ისინი მშობლები გახდებიან.

თავი და თავი ოჯახია, მაგრამ სკოლასაც აქვს პასუხისმგებლობა ამაზე, რადგან როდესაც ოჯახებში მზაობა არ არის და არა თუ საუბარი, ამის გაჟღერებაც კი სირცხვილად, აუგად მიიჩნევა, სკოლამ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა. სხვა შემთხვევაში, კიდევ უარესი სიტუაცია გვექნება.

მშობლების აღზრდა, განსაკუთრებით კი ბიჭების აღზრდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, დედის დანაშაულია, როდესაც ბიჭებს და გოგონებს არ ესაუბრებიან ამ თემებზე.

რატომ  მხოლოდ დედის? ცალსახა კვლევები არ გვაქვს, თუმცა თუ მოვუსმენთ რეპორტაჟებს, გადავხედავთ სოციალურ ქსელებში გამოთქმულ შეფასებებს, ქალებისგან გაცილებით უფრო დიდი აგრესია მოდის ამ საკითხზე, ადანაშაულებენ გოგონებს, რომ გამომწვევად იცვამენ, თუკი გაუპატიურებაზეა მსჯელობა და თავიანთ ბიჭებში პრობლემას ვერ ხედავენ“, – ამბობს ქეთი.

მისი თქმით, პრობლემა შეიძლება ჰქონდეს გოგოსაც და ბიჭსაც, რადგან ისინი არ იცნობენ საკუთარ სხეულს.

„ჩვენი მშობლების უმრავლესობას მიზეზად რელიგია მოჰყავთ, ზოგიერთს ტრადიციები და საერთოდ გაურბიან ამ თემაზე საუბარს“.

სხვადასხვა დროს ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, სკოლებში სქესობრივი განათლება დაენერგა, თუმცა რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან თავდასხმების შემდეგ ეს საგანი სკოლებში აღარ შეიტანეს. სამინისტრო არც ძალადობის პრევენციაზე საუბრობს.

„დიახაც, უნდა ჩატარდეს გაკვეთილები სქესობრივ განათლებაზე, რადგან ასიმილაცია მიდის, ახალგაზრდები უფრო სწრაფად იზრდებიან, უფრო სწრაფად მწიფდებიან, ამის ბევრი მიზეზი არსებობს როგორც ბიოლოგიური, ასევე ინფორმაციული.

ბავშვს რაც არ უნდა აუკრძალო, რაც არ უნდა გადაუკეტო გზა, ის მაინც მიიღებს რაიმე გზით ინფორმაციას, ირანი ხომ არ ვიქნებით, რომ ინტერნეტი გავუთიშოთ?

მათი სხეულის შესახებ ინტერესი მათივე ბუნებაშია და ამ ინტერესს მშობელმა უნდა უპასუხოს.

როდემდე შეიძლება ვზარდოთ შვილები „წეროს მოჰყავს ბავშვი“ და „კომბოსტოში გიპოვე“ მენტალიტეტით. ის, რომ ადამიანებს სქესობრივი განათლება სექსუალური აქტის სწავლება ჰგონია, არის დაბალი ინტელექტის ბრალი და აღრევა ტერმინების“, – ამბობს ქეთი პაპავა.

მისი აზრით, ის დამოკიდებულება, რომ „ადრეც ვმრავლდებოდით“, არაჯანსაღი და მსჯელობასმოკლებულია.

„თუ გავმრავლდით, ესეც არასწორად გავმრავლდით, რადგან 90-იან წლებში 21 წლის გოგო შინაბერად ითვლებოდა. ახლაც როგორ ვვითარდებით? როცა ჯერ ისევ არსებობს კითხვები, „როდის ელოდები?“ და „აქამდე რატომ არ გყავს?“.

ამ მახინჯი მენტალობის გაძლიერებას სახელმწიფოც უწყობს ხოლმე ხელს, რადგან არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს „ოჯახის სიწმინდის“ დღე. ოჯახი რომელიმე ქვეყანაში უწმინდურია?“ – ამბობს ქეთი პაპავა.

მისი თქმით, სქესობრივ და სექსუალურ თემატიკაზე ჯანსაღ მსჯელობას იმდენად ადევს ტაბუ, რომ სიტყვა sexist-ის ხსენებაც კი ახალგაზრდებში ღიმილს იწვევს. „რადგან მხოლოდ სექსთან ასოცირდება“.

„ეს არის განათლების ნაკლებობა, ცნობიერების არქონა. სასწრაფოდ დასაძრავია ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან: III-IV-V-კლასელი მოსწავლეები უნდა იცნობდნენ საკუთარ სხეულს, რადგან, პირველ რიგში, სხეულის შეცნობით იწყება სამყაროს შეცნობა. თუ ამაზე სათანადო ცოდნა არ აქვთ, მერე იწყება ეს ე.წ „გარყვნილება“, როგორც ამბობენ ხოლმე ზოგიერთები.

ჩემი თაობის ბევრი ადამიანი დაავადდა იმიტომ, რომ არ ჰქონდათ სათანადო ცოდნა თავის სხეულის განვითარებაზე“, – ამბობს ქეთი.

საქართველოში თითქმის ყველაფერი კონტექსტის, გააზრებისა და ანალიზის გარეშე ისწავლება, რისი შედეგიც არის დაუძლეველი სტერეოტიპები, თუნდაც სქესობრივი განათლების თუ სხვა მიმართულებით.

„ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ძალადობის მსხვერპლს სცემენ და ადანაშაულებენ. გაუცნობიერებლობის ბრალია, როცა ამბობენ, რომ თურმე „თამარ მეფეც 12 წლის გაათხოვეს“ და რა პრობლემაა. ტყუილების სწავლებით იწყება ჩვენი ლიტერატურაც და ისტორიაც, როცა ამბობენ, რომ თუნდაც ქართული ენა 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთია და ასე შემდეგ.

მთელი ქვეყანა ორიენტირებული ვართ ტყუილის სწავლებაზე. ბუნებრივია, ამ ყველაფრის შედეგი არის ძალადობის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, მათ შორის ბავშვებთან მიმართებაში. არაფრის ანალიზი არ ხდება“, – ამბობს ქეთი პაპავა.

საქართველო არის „ბავშვის უფლებათა დაცვის“ არაერთი საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი და აღებული აქვს ვალდებულება, მიმართოს ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, რათა ბავშვი დაიცვას.

საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიზნებში წერია, რომ ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ჩაგვრისგან, იძულებისგან, წამებისგან, ექსპლუატაციისგან და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმისგან.

აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს სექსუალური ექსპლუატაციისგან და ნებისმიერი სხვა ფორმის სექსუალური ძალადობისგან, აკრძალულია ბავშვის იძულება, ჩაებას რაიმე სექსუალურ მოქმედებაში.

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომები სექსუალური ექსპლუატაციისგან ან სხვა სექსუალური ძალადობისგან ყველა ბავშვის, მათ შორის, გოგონებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასაცავად.

„ბათუმელებმა“ დღესაც მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს და ჰკითხა, აპირებს თუ არა რაიმე ღონისძიების გატარებას იმისთვის, რომ დაინერგოს სკოლებში სქესობრივი განათლება და გატარდეს პრევენციული საქმიანობა ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ? სამინისტრო ამჯერადაც დუმს.

დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე, კი რომელსაც დღეს დაუკავშირდა „ბათუმელები“ ამბობს, რომ სკოლებში სექსუალური აღზრდის შესახებ შესაბამისი განათლების მიღების აუცილებლობას ხედავს და მომხრეა.

„ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან ხმამაღლა საუბარია ყველა დონეზე საჭირო. უნდა გავააქტიუროთ ეს თემა. ვფიქრობ, რამდენიმე თანამოაზრესაც ვიპოვი ამისთვის პარლამენტში“, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

მოგვიანებით (სტატიის გამოქვეყნების შემდეგ) ჩვენს კითხვას მარიამ ლაშხმაც უპასუხა წერილობით. მისი თქმით, ის რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში ხდება „არის წარმოუდგენელი, რომ ამ საუკუნეშიც კიდევ ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ“ და ის, რაც ამ პრობლემის პრევენციისთვის კეთდება „ზღვაში წვეთია“.

„თუმცა წინ მივიწევთ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით. გაეროს ორგანიზაციის – UNFPA-ს მხარდაჭერით Youth Wellbeing- ის პროექტით არსებობს საპილოტე სკოლები, სადაც იტესტება ინიციატივა.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე და ალბათ მზაობიდან გამომდინარე, ამის ფართო აფიშირება და ღია, საჯარო დისკუსიები არ ხდება, ალბათ იმიტომ, რომ უკურეაქცია არ გამოიწვიოს და მთავარია, შედეგზე გავიდეთ.

ინიციატივების მასშტაბირებაა გასაკეთებელი და სხვადასხვა ტიპის კამპანია, რომ, პირველ რიგში, აზროვნება შეიცვალოს და დამოკიდებულება საზოგადოებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდება,“- მოგვწერა მარიამ ლაშხმა.

„როცა ტრაგედია მოხდება, შემდეგ ვტირით და ვგლოვობთ. ასე მოხდა ქობულეთში 14 წლის ბავშვის თვითმკვლელობის დროსაც, როცა სახელმწიფომ არაფერი გააკეთა მის დასაცავად.

ყველა გაჩუმდა. დღესაც უამრავი მოსწავლე, უამრავი არასრულწლოვანი არის უუფლებო და მათი უფლებები სრულიად უგულებელყოფილია.

როცა ვსაუბრობთ განათლების უფლებაზე, ამის ნაწილია სქესობრივი განათლებაც და როცა ვამბობთ, რომ დღეს სკოლა დაცლილია რელიგიისა და პოლიტიკური გავლენებისგან, მაშინ აღარ უნდა ხდებოდეს რადიკალური ჯგუფების მოსაზრებების გათვალისწინება და ვერც ოჯახი ჩაერევა საათობრივ ბადეში“, – ამბობს ქეთი პაპავა.

მისი თქმით, ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია სწორად იმუშაოს საზოგადოებასთან ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომ „სიტყვა „სქესობრივი“ ან „სექსუალური“ აღარ იყოს უხერხული და შეურაცხმყოფელი“.

7-სულიანი ოჯახი სახიფათო სახლში – „სად ვნახო 800 ლარი კონსტრუქტორის დასკვნისთვის?“

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში, დავითაძეების უბანში, ირაკლი მსხალაძის 7-სულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ფერდობიდან ჩამონადენი წყლების შედეგად დაზიანებულ, დეფორმირებულ სახლში ცხოვრობს.

სახლს რომ გამაგრება სჭირდება, ამას საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, თუმცა ოჯახს არ აქვს ამის საშუალება. ამიტომ ირაკლი მსხალაძემ ჯერ კიდევ გასულ წელს ხელვაჩაურის მერიას მიმართა, სადაც მას უთხრეს, რომ კვალიფიციური ინჟინერ-კონსტრუქტორის დასკვნა წარედგინა და ამის შემდეგ განიხილავდნენ მის განაცხადს.

„ერთ წელზე მეტია ვეძებ სპეციალისტს, მაგრამ ვერ ვიპოვე. სოფლის გამგებელი დამეხმარა სპეციალისტის მოძებნაში, მაგრამ 800 ლარი ღირსო, მითხრა. მე ეს სახსრები ნამდვილად არ გამაჩნია.

პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი, 7 სული ვართ ოჯახში, სამი ბავშვი მყავს, ყველაზე პატარა 2 წლის და 4 თვისაა.

ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი პენსიაა, რომლის ნაწილიც სესხში მიდის, ორი წლის წინ ბავშვი გადამივარდა თამაშისას, 1000 ლარი გამოვიტანე სესხი და პენსიის 85 ლარიდან 2025 წლამდე ყოველთვიურად 45 ლარი უნდა ვიხადო.

სად ვნახო 800 ლარი სპეციალისტის დასკვნისთვის?

ხელვაჩაურის მერს დავურეკე და ის მაკადრა, თუ შემწეობას ითხოვ, ჩამოდი და ჩემს ხელფასს მოგაწოდებო. მათხოვრად ჩამთვალა, გამოდის. ისეთი რა ვთხოვე? გამიწიეთ რეკომენდაცია-მეთქი,“ – უთხრა ირაკლი მსხალაძემ „ბათუმელებს“.

ის ჩვენთან საუბრისას ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, როცა მეწყერმა სახლი წაიღო და ცოლ-ქმრისა და 14 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა და ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც ითხოვდა ოჯახი დახმარებას, თუმცა ამაოდ:

„არ დაეხმარნენ და როცა ეს ინციდენტი მოხდა და მსხვერპლით დასრულდა, მერე ტრაქტორები აიყვანეს.

მე ბატონ ზაზასაც [ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მერი] ვუთხარი, თქვენ თუ დახმარებას არ გამიწევთ და ღელეში ჩავალ, მერე თქვენი ტექნიკა არ მჭირდება, ისეც დასამარხი ვარ და არ მინდა მოძებნა-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი. დამიბარა, მოდიო, მაგრამ არ ღირს, არ აქვს შედეგი,“ – უთხრა ირაკლი მსხალაძემ „ბათუმელებს“.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს. აქ გვითხრეს, რომ მერიის პროგრამა – მოქალაქისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გამაგრება, ითვალისწინებს, რომ ინჟინერ-კონსტრუქტორის დასკვნის თანხა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს.

„მოქალაქე ირაკლი მსხალაძის მიერ წარმოდგენილი გეოლოგიური დასკვნის თანახმად, საჭიროა ინჟინერ-კონსტრუქტორის დასკვნა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, რამდენად შესაძლებელია აღნიშნული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც მოქალაქეს დღემდე არ წარმოუდგენია.

მოქალაქეს აღნიშნულის თაობაზე ეცნობა წერილობით, რომ მოქალაქის მიერ ინჟინერ-კონსტრუქტორის დასკვნის წარმოდგენის შემდგომ მუნიციპალიტეტი განიხილავს მოქალაქის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რის საფუძველზეც გაეწევა შესაბამისი დახმარება.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ანალოგიური შინაარსის 32 განცხადება იქნა დაკმაყოფილებული“ – ასეთია ხელვაჩაურის მერიის ოფიციალური პასუხი.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქეებს არ აქვთ კონსტრუქტორის მომსახურების თანხის გადახდის საშუალება? არის თუ არა შესაძლებელი ასეთ დროს მერიამ სხვა სახსრები გამონახოს? მითუმეტეს, რომ ეს შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახს? ხომ არ იგეგმება პროგრამის კორექტირება ამ მიმართულებით? შეუძლია თუ არა მერიას შუამდგომლობა გაუწიოს მოქალაქეს აჭარის მთავრობასთან? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას, თუმცა მერიიდან ამჯერად ეს კითხვები უპასუხოდ დატოვეს.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქე სოციალურად დაუცველია და ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს?  – „ბათუმელები“ ამ თემაზე  ხელვაჩაურის მერიის პასუხს ელოდება.

ირაკლი მსხალაძე ამბობს, რომ სახლში წყალი შედის, რის გამოც ოჯახი პირველ სართულზე ვეღარ ცხოვრობს, სახლი კი ყოველწლიურად სულ უფრო ზიანდება

ირაკლი მსხალაძე გვიყვება, რომ მისი სახლი 2014 წლიდან დაზიანებულია. ხელვაჩაურის მერია მას 2014 წელს დაეხმარა სახლის გამაგრებაში, თუმცა იგი ამბობს, რომ სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა, რის გამოც პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. მის ნათქვამს გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს.

ირაკლი მსხალაძის სახლის ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შენობას გასულ წლებში მიღებული აქვს დეფორმაცია და საყრდენ კედლებსა და საძირკველზე ფიქსირდება სხვადასხვა მიმართულების ბზარები.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ამ სახლის ხელმეორედ შესწავლაა. პირველად გეოლოგებმა დასკვნა 8 წლის წინ, 2014 წლის ნოემბერში მოამზადეს, თუმცა მაშინ გაცემული რეკომენდაციები არ შესრულებულა.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია უახლოეს ხანში შენობას ჩაუტარდეს აღდგენა-გასამაგრებელი სამუშაოები ინჟინერ-კონსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

აუცილებელია ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და შესაბამისი მილების ან ცემენტსაფარიანი არხების საშუალებით უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა.

ზემოთ აღნიშნული სამუშაოები განხორციელდეს უახლოეს მომავალში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება სახლის მდგრადობას“ – წერია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც 2021 წლის 12 ნოემბრით თარიღდება.

ამ დასკვნის მომზადებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა, სახლი კი, რომელშიც 7-სულიანი ოჯახი ცხოვრობს, კვლავ საფრთხის შემცველია.

ხარკოვის მერი ტელემარათონის ეთერში რუსულად ლაპარაკის გამო დააჯარიმეს

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი 3400 გრივნით ($90) დააჯარიმეს იმის გამო, რომ ტელემარათონის ეთერით მან ხარკოველებს არა უკრაინულად, არამედ რუსულად მიმართა.

გადაწყვეტილება მერის დაჯარიმების შესახებ ენის ომბუდსმენმა ტარას კრემინმა მიიღო. როგორც მისი ოფისის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხარკოვის მერმა სახელმწიფო ენის შესახებ კანონი დაარღვია, როდესაც ტელემარათონის ეთერში არასახელმწიფო ენაზე ილაპარაკა.

„ხარკოვის მერიას ასევე მიეცა გაფრთხილება სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევის გამო. კანონის თანახმად, ხარკოვის მერის ოფიციალური საიტი, ფეისბუქისა და ტელეგრამის არხები უნდა იმართებოდეს სახელმწიფო ენაზე,“ – წერს ენის ომბუდსმენის ოფისი.

იგორ ტერეხოვს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 4 დეკემბრამდე აქვს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, კრემინმა ხარკოვის მერი ჯერ კიდევ ოქტომბერში გააფრთხილა, რომ 2022 წლის 16 ივლისიდან ძალაში შევიდა ენის კანონის ახალი ნორმები, რომელთა თანახმადაც სახელმწიფო ჩინოვნიკებს საჯარო გამოსვლებისას სახელმწიფო ენაზე ლაპარაკი ევალებათ.

რატომ აღარ ჰყავთ ხულოს სოფლებში ბევრი ძროხა – „პირუტყვის გამრავლებამ აზრი დაკარგა“

45 წლის რუსლან კოჩალიძე ხულოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, რიყეთში ცხოვრობს. მის ოჯახს ყოველთვის ჰყავდა მსხვილფეხა პირუტყვი. წინა წლებში უფრო მეტს, წელს კი 10 სულ საქონელს უვლის. რუსლანი ფიქრობს, რომ მომავალ წლებში პირუტყვის რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. იგი იმ სირთულეებზე გვიყვება, რაც მას და ხულოს სხვა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს – პირუტყვის შენახვასა და გამოზამთრებაზე, მიზეზებზე, რის გამოც იკლო მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობამ მუნიციპალიტეტში.

აჭარაში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობის კლებას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აჭარის რეგიონში 2011 წელს 87 700 მსხვილფეხა პირუტყვი იყო, 2021 წელს კი, ეს მაჩვენებელი 53 900-მდე შემცირდა. შესაბამისად, აჭარაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 1/3-ით შემცირდა.

რუსლანის თქმით, ბოლო წლებში რიყეთი ბევრმა ოჯახმა დატოვა და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. „ყველა აქედან ქალაქში წასვლას ცდილობს,“ – ამბობს ის და დასძენს, რომ  რიყეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 30-40 პროცენტია დარჩენილი.

„ადრე ძირითადი საქმე აქ მესაქონლეობა იყო. მსხვილფეხა პირუტყვი ყველა ოჯახს ჰყავდა. ოჯახებს, რომლებმაც სოფელი დატოვეს, პირუტყვი თავისთავად აღარ ჰყავთ და ვინც სოფელში დარჩა, ყველა დასაქმებას ცდილობს, რადგან ძროხის შენახვა ხარჯიანია.

თივა [სოფელში] არ მოდის იმდენი, რომ საქონლის გამოზამთრებას ეყოს. ყიდვა ძვირი გვიჯდება. ახალქალაქიდან მოგვაქვს. ახალქალაქი აქედან 170 კილომეტრითაა დაშორებული. ჯამში 300-350 კილომეტრი უნდა გაიარო, ნამჯა და თივა რომ ჩამოიტანო.

რუსლან კოჩალიძე

გასულ წელს თივის ფასი 30 ლარამდე ავიდა. ამან ძალიან იმოქმედა ჩვენზე – შეშინდა ხალხი, ზამთარი გაგრძელდა და ძალიან ბევრმა პირუტყვი შეამცირა. რაც თივა მოთიბა და რამდენიც პირუტყვისთვის გამოსაზამთრებლად იქნება საკმარისი, იმდენი დაიტოვა ყველამ. ძალიან გაძვირდა ქატო და ამანაც გამოიწვია პირუტყვის შემცირება.

კიდევ, გზა [ხულო-ბათუმი] ძალიან ცუდია. ძალიან ძვირი გვიჯდება, აქედან რომ ბათუმში რძის პროდუქტი ჩაიტანო რეალიზებისთვის.

ერთი ადამიანის მგზავრობა, ერთი გზა, „მარშუტკით“ 15 ლარი ღირს. ჩავიდეს-ამოვიდეს 30 ლარი მხოლოდ მგზავრობაში უნდა გადაიხადოს ადამიანმა. ამას პროდუქტის ჩატანის ხარჯი ემატება, სხვა რაღაცებიც და გადასახადი იმდენი ხდება, რომ მოსახლეობას აღარ უღირს მსხვილფეხა პირუტყვის შენახვა.

ჩვენი სოფლიდან არ დადის ყოველდღე „მარშუტკა“, საქონელი ცოტა რომ გვყავს. რძის ნაწარმის რეალიზება მათთვისაა მარტივი, ვინც ქალაქთან შედარებით ახლოს ცხოვრობს“, – გვიყვება რუსლანი.

სოფელ რიყეთთანაა ახლოს კურორტი გოდერძი. რუსლანის თქმით, ყველა, ვინც სოფელში დარჩა, შემოსავლის სხვა წყაროს გაჩენას ცდილობს, რადგან მესაქონლეობა მის მიერ დასახელებული მიზეზების გამო აღარ ტოვებს შემოსავალს.

ადგილობრივები ცდილობენ, დასაქმდნენ კურორტზე, გზაზე და თუნდაც სხვადასხვა მშენებლობაზე, რამაც კიდევ უფრო შეამცირა პირუტყვის რაოდენობა იქ მცხოვრებ ოჯახებში.

„არც ერთი მოსახლე არ ფიქრობს აქ პირუტყვის გამრავლებაზე. ამას მშენებლობაზე, კურორტზე, გზაზე მუშაობა ურჩევნიათ. იმაზე მეტს მაინც გააკეთებენ [რასაც რძის ნაწარმისგან აიღებენ], ძროხებს რომ არ შეჰყურებდნენ“.

ისინი, ვისაც მსხვილფეხა პირუტყვი ჯერ კიდევ ჰყავს, ძირითადად მხოლოდ მეწველ ძროხებს ინახავენ და ძროხების მოგებულ ხბოებსაც პირველი შესაძლებლობისთანავე ყიდიანო – გვეუბნება რუსლანი. ასე ხდება მისი მეურნეობის მაგალითზეც.

სოფელი რიყეთი

„პირუტყვის გამრავლებაზე ფიქრს აზრიც კი არ აქვს.

ხბოები 300-400 ლარი ღირს მაქსიმუმ. უფრო მაღალ ფასში ვერ გაყიდი. ხბოებს ვყიდით და მხოლოდ ძროხებს ვიტოვებთ. ზარალია, მთელი ზამთარი უარე, რამდენი თანხის საჭმელსაც შეაჭმევ გამოსაზამთრებლად, შემდეგ ჯამში ის თანხა დაგრჩება, რა ფასადაც ჯერ კიდევ ხბოს გაყიდვა შეგეძლო.

აქ ძალიან დიდი ზამთარია, 6 თვე გრძელდება. ნოემბრიდან ბაგაზე კვება სჭირდება პირუტყვს და მაისის ბოლომდე უნდა აჭამო. ერთ სულ პირუტყვს გამოსაზამთრად დაახლოებით 80-90 შეკვრა თივა სჭირდება. სადაც რთული ზამთარი არ იცის, იქ გაამრავლებ მსხვილფეხა პირუტყვს, მაგრამ აქ აღარ ღირს.

სოფელში მსხალია, ვაშლია… ტყუილად ხომ არ გადაყრი? სოფელში რომ ცხოვრობ, აუცილებლად უნდა გყავდეს საქონელი, მაგრამ ცოტა. მეც მაქსიმუმ 5-6 სულს თუ შევინახავ სამომავლოდ“, – გვეუბნება რუსლანი.

მისი თქმით, ნამჯისა და ბალახის ფასი ყოველ წელიწადს განსხვავებულია და მის მოსავლიანობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, გასულ წელს არსად იყო ბალახი, არც ახალქალაქში და არც ჩვენთან, სოფლებშიო. ახალქალაქში ერთი შეკვრა ნამჯა – 10, თივა კი 15 ლარი ღირებულა და ფასი ზამთარში კიდევ უფრო გაიზარდაო.

„წელს ახალქალაქში ნამჯა ბლომად იყო. ერთი შეკვრა ადგილზე ჩამოტანილი 7 ლარი ღირდა, თივა კი – 10-20 ლარი.

მე ძირითადად ბალახს ვცელავ. ბევრი რომ გაიბარგა სოფლიდან, მათ მინდვრებზეც ვცელავ, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. წავედი ახალქალაქში და იქიდან ჩამოვიტანე. 10-11 სული პირუტყვის შენახვისთვის 700-800 შეკვრა თივა და ნამჯა უნდა ივარაუდო, ანუ დაახლოებით 3 000 ლარის. მაგდენს აქ, სოფელში, ვერაფრით მოცელავ. მეორე მხრივ, აქ 1.50 ლარი ერთი ტუკის დაპრესვა ჯდება.

სათიბებიდან თივა [სახლში] რომ მოიტანო, ბენზინი გჭირდება. ბენზინი გაძვირდა. ეს ყველაფერი ხარჯია, რომელსაც ზარალთან მივყავართ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით უფრო ამცირებს მოსახლეობა პირუტყვს“, – ამბობს რუსლანი.

თივის ზვინი. სოფელ რიყეთში თივის მოგროვების პროცესი უკვე დაასრულეს

მისი თქმით, ამ მხრივ რიყეთის მეზობელ სოფლებშიც იგივე მდგომარეობაა.

საუბრის ბოლოს რუსლანი ისევ უბრუნდება სოფლის დაცარიელების საკითხს: ახალგაზრდობა სოფლებიდან ძირითადად წავიდა, სოფლებში მოხუცები დარჩნენ, მათ კი ფიზიკურად არ შეუძლიათ ბევრი პირუტყვის მოვლა, რაც მსხვილფეხა პირუტყვის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ:

„მეცხოველეობის დარგის განვითარების ტენდენციის შეფასებამ გვიჩვენა, რომ აჭარის რეგიონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, მათ შორის, ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა, 2013 წლის შემდეგ კლებით ხასიათდება. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, რეგიონში 11%-ით ნაკლები პირუტყვია.

თვისებრივი კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ აღნიშნული ტენდენცია გამოწვეულია პირუტყვის მოვლასა და შენახვაზე გაწეული დანახარჯების ზრდით. ასევე, ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ბაზარი გაჯერებულია რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტებით, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს რძისა და რძის პროდუქტების დაბალ სარეალიზაციო ფასებს. რესპონდენტების გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ ხარისხიანი ნედლი რძის წარმოების შემთხვევაში ფერმერისთვის ნატურალური პროდუქტების წარმოება არამომგებიანია.

უდავოა, რომ აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში (განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლებში), შინამეურნეობების უმეტესობა დამოკიდებულია მესაქონლეობიდან მიღებულ შემოსავალზე.

აჭარის რეგიონში ყველაზე მაღალი სულადობის მაჩვენებლით გამოირჩევა ხულოს მუნიციპალიტეტი, სადაც სულ რეგიონში ძროხების 37%-ია, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 21%-ია, შუახევის მუნიციპალიტეტში – 20%. ყველაზე ნაკლები სულადობა დაფიქსირდა ქედაში, ხელვაჩაურსა და ბათუმში, რაც ლოგიკურიცაა და ძირითადად გამოწვეულია საძოვრებისა და დარგის განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი პირობების ნაკლებობით“.

____________________________

ამავე თემაზე:

აჭარაში პირუტყვის რაოდენობა 1/3-ით შემცირდა, მიზეზი – თურქეთში მუშაობა

 

სად და როდის განიხილავენ ბათუმის ბიუჯეტის 2023 წლის პროექტს საჯაროდ

თუ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები, დაგეგმილი პროგრამები და პროექტები გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაესწროთ დაგეგმილ საჯარო განხილვას, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები და დასვათ კითხვები. შეგიძლიათ მოითხოვოთ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირება, ვიდრე ის დამტკიცებული არ არის. მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის საჯარო  განხილვა რამდენიმე მისამართზე დააანონსა.

ბოლოს და ბოლოს თუ გინდათ გაიგოთ, იგეგმება თუ არა მომავალ წელს თქვენ სახლთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ან დაწყებულის დასრულების თარიღი გაინტერესებთ, ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე უნდა მიხვიდეთ.

ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ  [დააწკაპუნეთ]

მერიაში განმარტეს, რომ გამოქვეყნებული განრიგის ქვეშ მითითებული მისამართები არის კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის მომიჯნავედ და მითითებული უბნის მოსახლეობასთან გეოგრაფიულად ახლოს: „ამიტომაც გავაერთიანეთ ეს მისამართები, შეხვედრები შენობებშია იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ცუდი ამინდი იყოს.“

მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის განხილვა დაგეგმილია შემდეგი განრიგით:

📌 28 ნოემბერი
11:00 საათი – აეროპორტის გზატკეცილი #259:
▪️ გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული
▪️ აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული
14:00 საათი – დიდაჭარის ქ. #23:
▪️ კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული
▪️ სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული
📌 29 ნოემბერი
11:00 საათი – თამარ მეფის გამზირი #60:
▪️ მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული
15:00 საათი –  ბონის კულტურის სახლი:
▪️ ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული
▪️ თამარის ადმინისტრაციული ერთეული
📌 30 ნოემბერი
 11:00 საათი –  ტაბიძის ქ. #5:
▪️ ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული
▪️ აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული
📌 1 დეკემბერი
11:00 საათი –  გორგილაძის ქ. #19:
▪️ ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული
▪️ რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული
📌 2 დეკემბერი
11:00 საათი – პუშკინის ქ. #132:
▪️ ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული
▪️ ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული
▪️ ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული
მერიის ინფორმაციით, დაინტერესებულ მოქალაქეს საჯარო განხილვასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად შეუძლია დარეკოს ნომერზე: 595313200.
მერიაში ასევე განმარტეს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის გარდა, საჯარო განხილვებს მერიის სამსახურის უფროსები დაესწრებიან.

რის აშენებას აპირებენ ქობულეთში, ზღვასთან – გასაყიდი მიწები და განაშენიანების კონცეფცია

3358 კვ.მეტრი ნაკვეთი მრავალწლიანი ნარგავებით, დაბა ჩაქვის მეორე სკოლის მიმდებარედ, ქობულეთის მერიამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ეს ნუსხა თან ერთვის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებელ საკითხებს. მერია საკრებულოსგან ნუსხაში ცვლილების დამტკიცებას ითხოვს. აგრარული კომისიის სხდომაზე გასული საკითხების მიხედვით, რამდენიმე მცირე ზომის ფართობის პირდაპირი წესით გადაცემასაც ითხოვენ, მერს ამისთვის საკრებულოს თანხმობა სჭირდება.

გასაყიდ მიწის ნაკვეთს ერთ მხარეს სკოლა, მეორე მხარეს კი კერძო საკუთრებაში არსებული 500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება, რასაც შპს „სამკო“ ფლობს. კომპანია საუდის არაბეთის სამეფოს მოქალაქეს, ალმოხანა სამი აბდულაჰს ეკუთვნის.

გასაყიდი ნაკვეთი ჩაქვის მეორე სკოლასთან

გასაყიდი ობიექტების ნუსხაშია ყოფილი პანსიონატის – „ქარიშხალასა“ და აღმაშენებლის გამზირის #700-ს შორის არსებული 6051 კვ.მეტრი ზღვასთან. ამ ნაკვეთის მომიჯნავედ 1 ჰექტარზე მეტი [15 611კვ.მ] კი შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ეკუთვნის.

კომპანიას ქობულეთის მერიაში ადგილის განაშენიანების კონცეფციაც აქვს წარდგენილი.  ერთიანი განვითარების პრინციპის თანახმად, კონცეფცია 3 ჰექტრის განვითარების ხედვას მოიცავს. დოკუმენტი განსახილველად ქობულეთის მერიას გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც გადაუგზავნია.

2022 წლის 12 ივლისს ქობულეთის მერისთვის, ლევან ზოიძისთვის მიწერილ წერილში სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ფიცხელაური რამდენიმე საკითხის დაზუსტებასთან ერთად ითხოვს, კარგად გამოიკვეთოს რა გავლენას მოახდენს სამშენებლო პროექტი ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე:

„…საპროექტო ტერიტორიიდან 400 მ მანძილზე მდებარეობს ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რომელიც, თავის მხრივ, ემთხვევა ზურმუხტის ქსელის დამტკიცებულ საიტს და რამსარის საიტს, თუმცა ანგარიშში არ ჩანს პროექტის ზემოქმედებით გამოწვეული შესაძლო ზემოქმედება აღნიშნულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ფრინველებზე.

ამასთან, დაგეგმილი მრავალსართულიანი შენობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნაწილი განხილულ უნდა იქნას ფრინველთა სამიგრაციო ზოლისა და მასზე შესაძლო ზემოქმედების ჭრილში. გარდა აღნიშნულისა, განხილული უნდა იქნას პროექტის განხორციელებით [სამშენებლო სამუშაოები] დაცულ ტერიტორიებზე ჰიდროლოგიური რეჟიმის შესაძლო ცვლილების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებზე მოსალოდნელი ზემოქმედება. ზემოაღნიშნული ზემოქმედების [სახეების მიხედვით] ანალიზის შედეგად, საჭიროების შემთხვევაში შემოთავაზებულ იქნას ზემოქმედების თავიდან აცილების და/ან საკომპენსაციო ღონისძიებები.

მუქი ფერით მონიშნულია გასაყიდი მიწის ნაკვეთი, ხოლო ღია ფერით „დრიმლენდ ოაზისის“ მიწის ნაკვეთი
რენდერი / განაშენიანების კონცეფცია
ფოტომონტაჟი სანაპიროს მხრიდან

სააგენტოს ხელმძღვანელი დაზუსტებას ითხოვს ასევე ხეებთან დაკავშირებით, რომლებიც პროექტის განხორციელების შემთხვევაში უნდა მოიჭრას. გარდა ამისა, სააგენტომ მოითხოვა კონცეფციის განახლება შენიშვნების შესაბამისად.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია 3567 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ. ეს ნაკვეთი შპს „აჭარა მოტორს ჯორჯიას“ საკუთრებას ესაზღვრება, ამ ფართობზე განთავსებულია შენობებიც.

მონიშნულია გასაყიდი  ნაკვეთი აბაშიძის ქუჩაზე

გასაყიდად ამზადებენ ასევე 2332 კვ.მეტრს რუსთაველის #172-ში. ნაკვეთს ესაზღვრება შპს „Georgian Industrial Asset Management Group“ – ის მიწის ნაკვეთი. კომპანიას აქ ხილის წვენების საწარმო აქვს. შპს Georgian Industrial Asset Management Group – ის 100 პროცენტი კვიპროსში დაფუძნებულ კომპანიას ეკუთვნის.

მერია გასაყიდად გაიტანს ასევე ქობულეთის აღმაშენებლის ქუჩაზე #522-სა და 576-ს შორის მდებარე ორ ნაკვეთს ზღვასთან.

ორივე ნაკვეთი ჯამში 16 968 კვ.მეტრია

აღმაშენებლის გამზირზე მერია ყიდის #385-ში მდებარე ნაკვეთს – 3249 კვ.მეტრს.

გასაყიდად გაიტანენ ასევე 8925 კვ. მეტრს აღმაშენებლის გამზირზე, „ჩოლოქის“ სამხრეთით მდებარე ტერიტორიას.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია 3500 კვ. მეტრი შპს „ვიქტორიას“ მიმდებარედ, ეს ნაკვეთიც ზღვასთან ახლოსაა, 1455 კვ.მ რუსთაველის #172-ში. გარდა ამისა, ყიდიან 1855 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს აღმაშენებლის #744-ში.

ქობულეთის საკრებულოს სხდომა ხვალ, 25 ნოემბერს, უნდა გაიმართოს. ამავე სხდომაზე საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას გეგმავს.

„ლიმონის“ აფიშა და მასტერკლასები – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ბათუმში

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი „ლიმონი“ მიმდინარეობს, რომელზეც წარმოდგენილია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.

წელს ფესტივალს დაემატა კიდევ ერთი საკონკურსო სექცია. კერძოდ, დაწესდა სადებიუტო-პროფესიული  ფილმების საერთაშორისო კონკურსი. კინოფესტივალში  მონაწილეობს 47 კონკურსანტი 27 ქვეყნიდან.

კინოჩვენებები ხელოვნების უნივერსიტეტის დარბაზში მიმდინარეობს და მათზე დასწრება თავისუფალია. 

„ლიმონის“ აფიშა ასე გამოიყურება:

  • 25 ნოემბერი

სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი დილის 11 საათზე დაიწყება.

1. „ომს მიღმა“ – საქართველო – მერცია ქუთათელაძე. მხატვრული
2. „შემცირება“ – უნგრეთი – რეკა ანა საკალი. ანიმაცია
3. „დასვენებული ნისლი“ – უნგრეთი – ნიკოლეტი ფაბიანი. ანიმაცია
4. „ინციდენტი“ – საქართველო – ამირან ქავთარაძე. მხატვრული
5. „რონინის აღსარება“ – საქართველო – გიორგი ხუხუნაიშვილი. მხატვრული
6. „სხვა დღეს“ – უკრაინა – დარინა სნიჟკო. დოკუმენტური
7. „ვალერიოს დღე“ – აშშ/კოლუმბია – მაიკლ აკროსი. მხატვრული
8. „აღდგომა“ – საქართველო – ნიკოლოზ ვერძაძე. დოკუმენტური

17 საათზე კი ხელოვნების უნივერსიტეტში სადებიუტო ფილმების საერთაშორისო კონკურსი დაიწყება.

1. „აფრი მომავალი ღამე“ – მაროკო – იოსერა ბუჩტია. მხატვრული
2. „კაპრალის გამოძახება“ – გვინეა-ბისაუ/ბრაზილია/პორტუგალია – ველკეტ ბუნგუე. დოკუმენტური
3. „ჩემი მეზობელი მგელი“ – ხორვატია, სერბეთი- ნებოჯსა სლიეპჩევიჩი. მხატვრული
4. „ყოვლისმომცველი“ – საფრანგეთი/კოლუმბია – დუვან დუკე ვარგასი. მხატვრული
5. „ჩვეულებრივი ერთგულების მოთხოვნები“ – ბელგია – ევა გიოლო. მხატვრული
6. „მოსალოდნელი“ – შვედეთი – კაროლინა სენდვიკი. ანიმაცია
7. „მეორე ქარი“ – უკრაინა – მაქსიმ ლუკაშოვი. მხატვრული

  • 26 ნოემბერი

სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი დილის 11 საათიდან დაიწყება. ნახავთ შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმებს:

1. „თანდაყოლილი“ – დენმარკი – ნიკოლაი გ.ჰ. იოჰანსენი. მხატვრული
2. „ნაპერწკალი“ – ბრაზილია – რენატო ვალონე. მხატვრული
3. „გადასახლება“ – თურქეთი – ილმაზ ოზდილი. მხატვრული
4. „ამოკი“ – რუმინეთი/უნგრეთი – ბალაზ ტურაი. ანიმაცია
5. „ქალიშვილობა“ – მექსიკა – ქსოჩიტლ ენრიკესი. მხატვრული
6. „ფაზა“ – უკრაინა – მიკოლა ზასიევი. მხატვრული
7. „მიტოვებული სოფელი“ – საქართველო – მარიამ კაპანაძე. ანიმაცია

სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი დაიწყება 17 საათზე. ნაჩვენები იქნება:

1. „ბრმა ლაქები“ – გერმანია – ლუის შუბერტი. მხატვრული
2. „მედეას შთამომავლები“ – ლენა ჭაღალიძე. დოკუმენტური
3. „წისქვილის ქვა“ – საქართველო – ნიკა არახამია. მხატვრული
4. „ტვირთი“ – საქართველო – მირანდა ნამიჭეიშვილი. მხატვრული
5. „დიდი მოგზაურობის დასაწყისი“– საქართველო – თამარ გოლავა. დოკუმენტური
6. „დიალოგი ტბის პირას“ – საქართველო – ივანე ბეგიაშვილი

  • 27 ნოემბერი

სადებიუტო ფილმების საერთაშორისო კონკურსი დილის 11 საათზე დაიწყება და ნახავთ:

1. „პირველი კვირა სავსე მთვარის შემდეგ“ – ლიტვა, ბრიტანეთი – გრეტა გრინიუთი. მხატვრული
2. „ფალენა“ – კანადა – ნენსი პეტინიჩიო. მხატვრული
3. „თეთრი ჯუჯა“ – სოგოლ რეზვანი. მხატვრული
4. „დოლმა“ – თურქეთი – ემირ ჩალიკოჩაოღლუ. მხატვრული
5. „პამპერსის ტორტი“ – უკრაინა – ანასტასია ბაბენკო. მხატვრული
6. „შავი ზღვა“ – საქართველო – პორტუგალია – თინათინ და ხვიჩა ემირიძეები. მხატვრული

17:00 ნაჩვენები იქნება „ვანგას ღიმილი“ – ზურაბ ქავთარაძის 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმი [საქართველო].

კინოფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება მასტერკლასები. მასტერკლასების განრიგი ასე გამოიყურება:

  • 25 ნოემბერი, 15 საათზე: მოჰამედ ყაფარი – „ცენზურა და ქალები კინოში“. 
  • 26 ნოემბერი, 15 საათზე: მალგორზატა იმიელსკა – „მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარმოება“
  • 27 ნოემბერი, 15 საათზე: ნანა ჯორჯაძე – „რეჟისურა“

კინოფესტივალის  ორგანიზატორია „არტ საზოგადოება ლიმონარიუმი“. პარტნიორები – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის დრამატული  თეატრი.

ფესტივალის პარტნიორები და ფინანსური მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

კინოფესტივალი წელს მეორედ იმართება ბათუმში.

„გუშინაც დააკავეს“ – რას სთხოვს სახელმწიფოს დედა, რომლის 16 წლის ბიჭი ხშირად მიჰყავს პოლიციას

„გუშინაც დააკავეს… ვიფიქრე, რომ ისევ ქუჩაში რჩებოდა და პოლიციამ დამირეკა, ისევ განყოფილებაში მისვლა მთხოვეს. აღარ ვიცი, უკვე მერამდენედ დააკავეს,“ – გვიყვება კანონთან კონფლიქტში მყოფი 16 წლის მათეს დედა – ნინო [სტატიაში სახელები და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეცვლილია]. მათე პოლიციელებს ამჯერად ადმინისტრაციული წესით დაუკავებიათ ხულიგნობისთვის.

მათე ციხეშიც იხდიდა სასჯელს რამდენიმე თვე, ქურდობაზე… გათავისუფლების შემდეგ კი არც სკოლას დაუბრუნდა და არც მარტოხელა დედას.

ნინო გვიყვება, როგორ უჭირს ბოლო ორი წელი შვილთან ურთიერთობა. მისი მონათხრობიდან ჩანს, როგორ ტოვებს სახელმწიფო მშობელს მარტოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის პირისპირ.

  • „ერთხელ მოვკარი ყური, ჩვენი კრიშაო“…

„…გუშინ ასე მოვიფიქრე: ფეხსაცმელები დავუმალე, გავიხედე და ოთახის ჩუსტებით წასულა მაინც ქუჩაში.

პოლიციის განყოფილებაში რომ მივედი, ბოტასები ეცვა, ძმაკაცმა მათხოვაო, მითხრა,“ – განაგრძობს თხრობას კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის დედა. – „დილის 5 საათამდე სძინავს, მერე გადის ღამე ქუჩაში, ზოგჯერ სახლებს ვალაგებ, გასვლა მიწევს, თორემ ისე ვწყემსავ, არ გავიდეს სადმე, დაჯდება ისიც, ტელევიზორს უყურებს, გახვალ მეორე ოთახში და აღარაა.

ყველაზე რთული ალბათ ისაა, რომ ვეღარ ვესაუბრები. ვიცი, რომ მენდობა, მაგრამ გაღიზიანებულია. ვერ გავარკვიე, რატომ, რას ეუბნებიან ჩემზე.

სკოლაში წელს სულ ორჯერ იყო ალბათ. არ მინდა არც სწავლა, არც მუშაობაო… ერთხელ შევესწარი, მისი მეგობრები ეუბნებოდნენ, რად გინდა მუშაობა, შნირი ხარო? გავბრაზდი და ვუთხარი, ესე იგი, მე რომ ვშრომობ, შნირი ვარ-მეთქი? შეუძლია ხელობა, რაღაცების შეკეთება, მაგრამ მაგასაც აღარ აკეთებს,“ – გვიყვება ნინო.

მათე ქურდობისთვის სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. მოზარდის დედის თქმით, მათეს სასჯელი შეუმსუბუქეს, რადგან არასრულწლოვანია, თუმცა ის ახლაც დაჰყვება ქუჩაში სხვა მოზარდებს, რომლებიც ქურდობენ. ქალი კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ქურდული მენტალიტეტის მქონე სრულწლოვან ადამიანებთან თავისი მოზარდის შვილის ურთიერთობაში ხედავს.

„ადრე მაღაზიებში დადიოდნენ და რაღაცას იპარავდნენ, მაიმუნობდნენ, ასე მითხრეს და ზუსტად არ ვიცი, მერე იყო მანქანების გაქურდვები… რამდენიმე მისი მეგობრის მშობელს ვესაუბრე. რა გითხრათ, ისინი უარეს დღეში ყოფილან. თანაც, არც სახლ-კარი აქვთ. მე ბინა მაინც მაქვს. ძირითადად სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ბავშვები არიან.

ახლა ძირითადად მასზე ასაკით პატარა ბავშვებთან ერთად დადის, გორიდან იყო ჩამოსული ერთი, მეორე – ხაშურიდან… მარიხუანას ეწევიან, ტაბლეტებსაც იღებენ… ამას წინათ გავიგონე, ტელეფონზე ურეკავდნენ, გამოდი, ბიჭო, არ გინდა კარგი „პლანიო“?

ციხიდან როცა გამოვიდა, ტანი მოხატული ჰქონდა… მერე გავიგე, რამდენიმე ისეთ ბიჭთანაც ჰქონია ქუჩაში ურთიერთობა, 18 – 19 წლის არიან… არ ვიცი, რა მენტალიტეტის არიან, მაგრამ ერთხელ მოვკარი ყური, „ჩვენი კრიშაო“. ვინაა თქვენი „კრიშა“, დამენახოს-მეთქი, ვუთხარი. მე რომ დამარბენინებ პოლიციასა და სასამართლოში, თვითონ სადაა, თუ „კრიშაა“, ან ციხეში რატომ არ შემოგიგზავნა ერთი ხაჭაპური მაინც-მეთქი?

პოლიციაში სთხოვეს ეთანამშრომლა, მაგრამ არაო, მე ძმაკაცებს ვერ ჩავუშვებო“, – გვითხრა ნინომ.

  • „ფსიქოლოგმა დამირეკა უწყებიდან, თუ მომიყვანთ, დაველაპარაკებითო“

მოზარდის დედის თქმით, მათესთან ციხეში მუშაობდა ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკიც, ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც უნდა ეთანამშრომლა მასთან ფსიქოლოგს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

„არ მივიდა ფსიქოლოგთან. მე დავურეკე მერე ცენტრს და ვუთხარი, იქნებ მომეხმაროთ და სკოლაში მაინც წავიდეს, ვერ ვუხერხებ ვერაფერს-მეთქი.

მერე მირეკავს ფსიქოლოგი და მთავაზობს, რომ მივიდე მოზარდთან ერთად ცენტრში, მაგრამ მათე უარზეა. ერთხელ, როცა ისევ ფსიქოლოგი მირეკავდა, ჩემმა მეგობარმა გამომართვა ყურმილი და უთხრა: იქნებ თქვენ მოხვიდეთ და ნახოთ, რა მდგომარეობააო, ხომ ხედავთ, არ მოდის მისი ფეხითო.

ფსიქოლოგიც მოვიდა, მაგრამ ჩემს შვილს ეძინა, არ მიაქცია ყურადღება საერთოდ. ფსიქოლოგმაც საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ ვმუშაობთ, ამოიწურა ჩვენი სამუშაო საათებიო და ასე.

ერთხელაც ძლივს დავიყოლიე მათე და წავიყვანე იმ ფსიქოლოგთან, კარგი გოგო ჩანდა, ცალკე ესაუბრა მათეს ის ფსიქოლოგი ნახევარი საათი… რამდენიმე დღის შემდეგ უნდა მისულიყო ისევ, მაგრამ უნდა გენახათ, რა სახით შემომხედა, როცა ვუთხარი, რატომ არ მიდიხარ-მეთქი. როცა მომინდება, მაშინ მივალო, მიპასუხა.

სკოლაზეც იმავეს ამბობს, როცა მომინდებაო. ვეუბნები, სადაა მასე? დედაჩემი 2 მეტრ თოვლშიც არ მაჩერებდა სახლში, იცი-მეთქი?

დირექტორი ამბობს, ოღონდაც მოვიდეს და მივხედავთო, არ მიდის და რა უნდა ვქნა?

არ უშველა ციხემაც, პირიქით, „ბლატაობა“ დაიწყო, მე იქ ვიყავიო, ახლა პოლიციაში მითხრეს, პატარები „ჩალიჩობენ“ და ეს გამოდის „ლობშაო“… არ ვიცი, რა ტერმინებია.

ახლობლებმა მირჩიეს, დაანებე საერთოდ თავი, ნუ დასდევ, რამდენ ხანს გაძლებს ასე ქუჩაშიო. ერთი პერიოდი დავანებე კიდეც თავი, მაგრამ უარესი ქნა. კვირაში უკვე ორჯერ ჩემს ეზოსთან პოლიციის მანქანა ჩერდებოდა.

მერე გესმის: ამ ბავშვებს მშობლები არ ჰყავთს? – ვარ, მაგრამ რა შემიძლია? იცით, როგორ განვიცდი, როცა ეს ჩამესმის?

მათემ  მამის გარდაცვალება განსაკუთრებით განიცადა. ეს წლების წინ იყო, მისი ერიდებოდა, თუმცა მაშინ პატარა იყო. ახლა სრულიად შეიცვალა, ვეღარ ვცნობ.. არ მინდა, ასე იყოს. სულ ვუმეორებ, რომ არ მივცემ ქუჩაში დარჩენის უფლებას, მაგრამ…“, – ხმა უწყდება ნერვიულობისგან ნინოს.

  • „ცეკვა უყვარდა და მისი ჯგუფი პანდემიის დროს დაიშალა… “ 

კანონთან კონფლიქტში მყოფი 16 წლის  მათეს დედას უჭირს დაასახელოს,  რა გამოსავალი უნდა შესთავაზოს მას  სახელმწიფომ.

მოზარდის დედას ვუყვებით დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკაზე, სადაც მოზარდებს ქუჩის ალტერნატივად შესთავაზეს უფასოდ სპორტული მოედნებით სარგებლობა, საცურაო აუზები, ფილმების, ლიტერატურის კლუბები, რაც ბათუმში ფუფუნებაა, ძვირადღირებული სერვისია.

დასავლეთში ამ პრაქტიკით მიიღეს სტატისტიკაც, როცა მოზარდების დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა იქ, სადაც მოზარდებს სახელმწიფომ კარი არ გამოუხურა. მაგალითად, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ვისთანაც ჩვენ ამ საკითხზე ინტერვიუ ჩავწერეთ, ამბობს, რომ თვითმმართველობაში უნდა შეიქმნას ორგანო, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი იმსჯელებს პრობლემის იდენტიფიცირებაზე და შემდეგ მისი გადაჭრის გზებზე – მაგალითად, ცენტრების მოწყობაზე, სადაც მოზარდები შეძლებენ გართობას, სპორტით დაკავებას, შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვას.

„ალბათ, არის ეს გამოსავალი, ვერც კი ვფიქრობ, რაა გამოსავალი,“ – ამბობს მათეს დედა. მისი დაკვირვებით, მას და ფსიქოლოგსაც გაუჭირდათ მოზარდის ინტერესის სფეროების გამოკვეთა:

„ცეკვა უყვარდა, დადიოდა და შემდეგ, პანდემიის დროს მისი ჯგუფი დაიშალა, ფორმაც შევუკერე, მედლებიც აქვს… მერე თქვა, კარატე მინდაო, დავიწყე მოკითხვა და საბოლოოდ, ესეც აღარ მოუნდა.

საერთოდ, ვერ გავიგე, რა უნდა: დააკავებენ, უშვებენ და მერე სასამართლო გაფრთხილებას აძლევს. გავა ორი-სამი დღე და ისევ მიდის ქუჩაში… პოლიციას უჩერდება, არსად გარბის. მიჰყავთ პოლიციაში და მერე მირეკავენ მე.

ისევ თავიდან იწყება ყველაფერი…“

____

ამ თემაზე:

რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ

 

 

ინდოეთის პოლიცია აცხადებს, რომ 200 კგ ჩამორთმეული მარიხუანა ვირთხებმა შეჭამეს

ინდოეთში პოლიციამ დილერებისთვის ჩამორთმეული და განყოფილებაში შენახული 200 კილოგრამი მარიხუანის განადგურება ვირთხებს დააბრალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ვირთხები პაწაწინა ცხოველები არიან, რომლებსაც პოლიციის შიში არ აქვთ. მათგან ნარკოტიკის დაცვა რთულია“, – განაცხადა უტარ-პრადეშის სასამართლომ.

სასამართლო ითხოვდა პოლიციას წარედგინა ჩამორთმეული მარიხუანა, როგორც მტკიცებულება ნარკოვაჭრობის საქმეებზე. მოსამართლემ დაასახელა სამი საქმე, რომლებზეც მარიხუანა მღრღნელებმა გაანადგურეს.

როდესაც სასამართლომ პოლიციას ჩამორთმეული ნარკოტიკის მტკიცებულებად წარდგენა მოსთხოვა, პოლიციამ განაცხადა, რომ 195 კილოგრამი მარიხუანა მღრღნელებმა „გაანადგურეს“.

კიდევ ერთ საქმეზე, სადაც 386 კგ ნარკოტიკული საშუალება ფიგურირებდა, პოლიციამ განაცხადა, რომ „მარიხუანას ნაწილი ვირთხებმა შეჭამეს“.

მოსამართლე ჩოდჰარიმ თქვა, რომ მათურას რაიონის პოლიციის განყოფილებაში ინახება დაახლოებით 700 კილოგრამი ამოღებული მარიხუანა და „მთელი ეს რაოდენობა ვირთხების შემოსევის საფრთხის ქვეშაა“.

მისი თქმით, პოლიციას არ აქვს შესაბამისი ცოდნა ამ საკითხთან გასამკლავებლად, რადგან ვირთხები „ზედმეტად პატარები“ არიან. მან ასევე დასძინა, რომ ჩამორთმეული საქონლის დაცვის ერთადერთი გზა „ასეთი უშიშარი თაგვებისგან“ აუქციონის წესით კვლევით ლაბორატორიებსა და სამედიცინო კომპანიებისთვის მიყიდვაა, შემოსავლები კი მთავრობას გადაეცემა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩამორთმეული მარიხუანის განადგურებაში პოლიცია ვირთხებს ადანაშაულებს.

2018 წელს 8 არგენტინელი პოლიციელი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ პოლიციის საწყობიდან ნახევარი ტონა მარიხუანის გაუჩინარება თაგვებს დააბრალეს. ექსპერტები არ დაეთანხმნენ ამ მტკიცებას და აცხადებდნენ, რომ ძალიან მცირე იყო იმის შანსი, რომ ცხოველებს ნარკოტიკი საჭმელში არეოდათ და ასეც რომ მომხდარიყო, „თუ თაგვების დიდმა ჯგუფმა შეჭამა ის, საწყობში უამრავ მკვდარ თაგვს იპოვიდნენ“.

2017 წელს აღმოსავლეთ ინდოეთის ბიჰარის შტატში პოლიციამ ათასობით ლიტრი ჩამორთმეული ალკოჰოლის დალევა დააბრალა ვირთხებს, ერთი წლის შემდეგ კი შტატმა აკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება.

2018 წელს ტექნიკოსებმა, რომლებიც ჩავიდნენ ასამის შტატში გაუმართავი სალარო აპარატის შესაკეთებლად, აღმოაჩინეს, რომ 1,2 მილიონ რუპიაზე მეტი ღირებულების ვალუტის კუპიურები (14,691 აშშ დოლარი) იყო დაქუცმაცებული – სავარაუდო დამნაშავეები კი ვირთხები იყვნენ.

14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის ბათუმში კაცს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის გამო ერთ პირს ბრალი წარედგინა.

ბრალი აქვს წაყენებული კიდევ ერთ პირს – მამას არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის და მუქარის გამო.

„19 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა და  სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 20 ნოემბერს მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან).

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ამბობს პროკურატურა.

რაც შეეხება დაზარალებულის მამას, პროკურატურის ინფორმაციით, ის სამართალდამცველებმა 21 ნოემბერს დააკავეს.

„მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

სასამართლომ მამას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში პოლიციის მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ზელენსკი უნდა გაჩერდეს – ლუკაშენკოს მოწოდება

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა შეჩერდეს და სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდეს, თუ სურს, რომ უდიდესი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება აიცილოს თავიდან.

„ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. იმიტომ კი არა, რომ მე ვცდილობ ეს თემა მთლიანად ზელენსკისა და უკრაინას გადავაბარო. არა, ნამდვილად, ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ არ უნდათ დაღუპვა – ადამიანების უზარმაზარი მსხვერპლი.

რთულია, მაგრამ უნდა გაჩერდნენ, უნდა შეწყვიტონ ეს ყველაფერი, რადგან შემდეგ იქნება უკრაინის სრული განადგურება… ის კი არა, რასაც პუტინი ამბობდა „ოპერაციამდე“ დიდი ხნით ადრე, რომ უკრაინამ შეიძლება სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ ეს იქნება უკრაინის სრული განადგურება,“ – ამბობს ლუკაშენკო კრემლისტური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ის დასძენს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა (საბჭოთა კავშირის დანაკარგი), თუმცა დღეს ამას „აღარავინ იხსენებს“ და ყველა მზადაა გერმანიასთან არათუ „ილაპარაკოს, არამედ ითანამშრომლოს და იმეგობროს კიდეც“.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ევროპა ნელ-ნელა ფხიზლდება და ძალიან მალე ევროპული სახელმწიფოების მოქალაქეები საკუთარი ლიდერების წინააღმდეგ შემობრუნდებიან, იგივე მოხდება უკრაინაშიც, რადგან ლუკაშენკოს თქმით, არა „ზელენსკი, არამედ უბრალო ხალხი იტანჯება“.

„ხალხი უკვე საკუთარ ხელისუფლებას უყენებს პრეტენზიებს. როდესაც ადამიანებს საჭმელი აღარ აქვთ, ზამთარია, მთელი ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებულია და ამ დროს არის ალტერნატივა – სამშვიდობო მოლაპარაკებები. შეიძლება ასე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ზელენსკი მშვენივრადაა, არაფერი უჭირს, გამოდის აქ მაისურით, გაურეცხავი ზედით ამდენი ხანია…

ასეთი შთაბეჭდილება რჩება. ვიღაცას მიესალმა, ვიღაცას ხელი ჩამოართვა, იმათაც სადღაც 200 მილიონი დოლარის „ჰაიმარსები“ თუ „ჯაველინები“ მისცეს. მისთვის უფრო იოლია. მაძღარია, ნაჭამია, არც უდენობით იტანჯება. სამაგიეროდ, მილიონობით ადამიანი იტანჯება. აგერ ნახეთ, ერთ-ორ წელიწადში ხალხი მას დაადანაშაულებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, ხალხი მას დაადანაშაულებს – რატომ გქონდა შენს ტერიტორიაზე ომი?“

ლუკაშენკო დასძენს, რომ უკრაინაშიც და მთელ ევროპაშიც მწიფდება ვითარება, რომ მოლაპარაკებების დროა. მისი თქმით, უკრაინის საკითხი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის მთავარი თემა არ ყოფილა, თუმცა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ამ საკითხზეც ისაუბრეს.

ლუკაშენკოს განცხადებით მალევე, კრემლისტურმა მედიამ პუტინის პრესსპიკერის კომენტარი გაავრცელა. დმიტრი პესკოვის თქმით, კიევს შეუძლია რუსეთის მოთხოვნები შეასრულოს და ვითარება დაარეგულიროს.

„უკრაინის ხელისუფლებას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, სიტუაცია ნორმალურ კალაპოტში გადაიყვანოს, აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, დაარეგულიროს სიტუაცია ისე, რომ შეასრულოს რუსული მხარის მოთხოვნები და ადგილობრივი ხალხის ტანჯვა შეწყვიტოს,“ – განაცხადა პესკოვმა, რომელსაც უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

კრემლისა და მისი მოკავშირეების მხრიდან „სამშვიდობო მოწოდებებზე“ წერდა დღევანდელ ანგარიშში ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW). ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვი ამ გზით თავისი მიზნების შენიღბვას და დასავლეთის დაბნევას ცდილობს.

„კრემლს არ უთქვამს უარი თავის მაქსიმალურ მიზნებზე უკრაინაში, ის მხოლოდ ამ მიზნების გაბუნდოვანებას ცდილობს, რათა დასავლეთის ქვეყნები შეცდომაში შეიყვანოს და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.

ISW-ი დასძენს, რომ მშვიდობისკენ მოწოდებების მიუხედავად, პუტინის, რუსი პოლიტიკოსებისა და კრემლის პროპაგანდისტების რიტორიკა ძალიან შორსაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისგან და ის პირდაპირ მიმართულია უკრაინელთა გენოციდისკენ.

როგორი ამინდი იქნება აჭარაში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ნოემბრის 21 საათიდან 25 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 26-27 ნოემბერს აჭარის ბარში მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი – თოვა.

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

______________

ფოტოზე: შემოდგომა სოფელ კირნათში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ლაბორატორია „რეიგენს“ 12 ყოფილი თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვს

მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორია „რეიგენს“ 12 ყოფილი თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვს.

დასაქმებულები ამბობენ, რომ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით უხელფასოდ მუშაობდნენ. ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ კი დაპირების მიუხედავად კუთვნილი ანაზღაურება დღემდე არ გადაუხადა.

„2021 წლის პირველ აგვისტოს დავიწყე მუშაობა კოვიდლაბორატორიაში, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტის თანამდებობაზე. უშუალოდ მე ვაკეთებდი ნიმუშების ანალიზს PCR აპარატურაზე. სამსახური დავტოვე 2022 წლის 1-ელ ოქტომბერს ანაზღაურების აუღებლობის გამო. ბოლო სამი თვე – ივლისიდან ოქტომბრამდე არ ამიღია ანაზღაურება,“ – უყვება „ბათუმელებს“ დალი სურმანიძე.

დალი და კიდევ 11 თანამშრომელი ლაბორატორია „რეიგენიდან“ პირველ ოქტომბერს წამოვიდნენ, როგორც ისინი ამბობენ, მას შემდეგ, რაც კუთვნილი ხელფასის აღების ყველა იმედი გადაეწურათ.

„სულ 15 ადამიანი ვმუშაობდით. 3 ადამიანი დარჩა, 12 წამოვედით, როდესაც მივხვდით, რომ არ აპირებდნენ ხელფასის მოცემას. მარტის თვიდან, ომიკრონის ბუმი რომ მინელდა ცოტა, ფინანსური პრობლემები დაგვეწყო. გვიანდებოდა ხელფასი. სულ გვეუბნებოდნენ, დღეს იქნება, ხვალ იქნება, შემდეგ კვირაში იქნება. იმდენად კარგი გუნდი ვიყავით, იმდენად გვინდოდა, რომ გვემუშავა, ყველაფერს ვითმენდით. თან ნდობის ფაქტორიც გვქონდა – აი, ჩაირიცხება. ივლისამდე ვიღებდით ხელფასს, მაგრამ დაგვიანებით. ივლისის თვეში რომ არ მოგვცეს, დააგვიანეს, სულ ვეკითხებოდით, როდის იქნება. გვეუბნებოდნენ: ;„ნიმუშები შემცირდა, ცოტა მოვძლიერდებით, ჩაგირიცხავთ; ფინანსისტი არის წასული საზღვარგარეთ, ჩამოვა და ჩაგირიცხავთ“, – ამბობს დალი.

მისივე თქმით, იგეგმებოდა თანამშრომლების შემცირებაც. იმის გამო, რომ ადამიანებს სამსახურები არ  დაეკარგათ, პერსონალი დათანხმდა ხელფასების განახევრებას.

„ლაბორატორიის თანამშრომლებს მენეჯერმა შემოგვთავაზა ასეთი რამ – რომ არ მოხდეს თანამშრომლების შემცირება, მოდი, ხელფასები გადავინაწილოთო. მართლაც გადავინაწილეთ. თავიდან სპეციალისტებს გვქონდა 1500 ლარი ხელფასი და 500 ლარზე ჩამოვედით. 1000 ლარით შეგვიმცირეს ხელფასი, მაგრამ ეს 500 ლარიც არ აგვიღია საბოლოოდ,“ – ამბობს დალი სურმანიძე.

სამსახურიდან წასულმა თანამშრომლებმა კონსულტაციისთვის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართეს.  აპირებენ მალე დაიწყონ შრომითი დავა  კომპანიასთან.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ლაბორატორია „რეიგენის“ ადმინისტრაციას. გვაინტერესებდა, როგორ აპირებდა კომპანია უკვე ყოფილ თანამშრომლებთან ფინანსური დავის მოგვარებას.

„ჰქონდათ მათ შეთავაზება კომპანიის მხრიდან მოლაპარაკების რეჟიმში გაგრძელებულიყო ჩვენი ურთიერთობა, რაზეც, სამწუხაროდ, უარი განაცხადეს. რჩება ეს შეთავაზება კომპანიის მხრიდან. მაგრამ საჯარო სივრცეში დისკუსიაში შესვლას ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიიჩნევს კომპანია მიზანშეწონილად. სამართლებრივ გზას თუ მიმართავენ, ჩვენც მივყვებით ამ გზით. მხოლოდ ამ კომენტარის გაკეთება შემიძლია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნანუკა შატბერაშვილმა, შპს „რეიგენის“ დირექტორმა.

კითხვაზე აღიარებს თუ არა კომპანია დავალიანების არსებობას, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საჯარო სივრცეში ამ თემაზე სხვა კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

პრიგოჟინი ევროპარლამენტს „სისხლიან“ უროს უგზავნის

„ვაგნერის“ მფლობელი ევროპარლამენტისთვის „სისხლიანი“ უროს გაგზავნას აპირებს. ასე ევგენი პრიგოჟინი პასუხობს ცნობას, რომ ევროპარლამენტმა „ვაგნერი“ შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს.

22 ნოემბერს გამოცემა Politico-მ დაწერა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება სურთ. იმავე დღეს „ტელეგრამში“ ევგენი პრიგოჟინის კომენტარი და სამხედრო ბლოგერებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა.

„დღეს თათბირი მქონდა „ვაგნერის“ მეთაურებთან და ეს სამწუხარო ამბავიც ვაცნობე. არ ვიცი, რომელი კანონით ხელმძღვანელობს ევროპარლამენტი, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით, ჩვენ ევროპარლამენტს დაშლილად ვაცხადებთ. თუმცა მანამდე, ვიდრე ეს პროცედურა კანონიერ ძალაში შევა, მე დამევალა ევროპარლამენტს საინფორმაციო ამანათი გადავცე. გთავაზობთ, ერთად გავაკეთოთ ეს – მოვამზადოთ და გავგზავნოთ,“ – დაწერა პრიგოჟინმა.

მოგვიანებით პრიგოჟინის იურისტმა „საინფორმაციო ამანათი“ მიიტანა ტელეგრამარხის КИБЕР ФРОНТА Z-ს ბლოგერებთან, რომლებიც საკუთარ თავს „რუსეთის საინფორმაციო ჯარებს“ უწოდებენ.

„ამანათი“ აღმოჩნდა ვიოლინოს ფუტლარი, რომელშიც ბუტაფორიული სისხლით დასვრილი ურო იდო.

სწორედ ასეთი უროთი მოკლეს „ვაგნერელებმა“ ყოფილი ტყვე ევგენი ნუჟინი, რომელიც თავის დროზე პრიგოჟინმა გამოიყვანა საპატიმროდან უკრაინაში გასაგზავნად.

ნუჟინი უკრაინაში ტყვედ ჩავარდა, ინტერვიუ მისცა უკრაინელ ჟურნალისტს, პუტინი გააკრიტიკა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბრძოლის სურვილი გამოთქვა. მოგვიანებით, გაცვლის ფარგლებში, ევგენი ნუჟინი რუსეთში დაბრუნდა.

მისი მკვლელობის ვიდეო „ვაგნერთან“ დაკავშირებულ ტელეგრამარხებზე გავრცელდა და ახლდა მინაწერი – „მოღალატემ ჭეშმარიტად ვაგნერული სასჯელი მიიღო.“

ნუჟინის გაცვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გაცვლა თავად სამხედრო ტყვის სურვილით მოხდა.

მთავარ ფოტოზე: პრიგოჟინის იურისტმა ბლოგერებთან „საინფორმაციო ამანათი“ მიიტანა/სქრინი ვიდეოდან

Black Friday სილქნეტში – აირჩიე სასურველი პაკეტი, სმარტფონი, აქსესუარი მნიშვნელოვანი ფასდაკლებითა და საჩუქრით

ფასდაკლების დღეებში  შენთვის განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს სილქნეტს.  25 და 28 ნოემბერს შეძლებ ყველაზე პოპულარული პაკეტების სპეციალურ ფასად ჩართვას,  25 ნოემბრიდან კი სანატრელი ახალი სმარტფონის  საჩუქრებთან ერთად შეძენას.

შეიხედე აპლიკაციაში mysilknet, სადაც პაკეტების ვრცელი ნუსხა საუკეთესო ფასებით დაგხვდება:

ულიმიტო ინტერნეტი 25 ₾ /ნაცვლად 32 ₾/      

ყველაფერი ულიმიტო – 35 ₾ /ნაცვლად 55 ₾/      

პაკეტი მეტი უსასრულო +  26 ₾ /ნაცვლად 35 ₾/

ღამის ულიმიტო ინტერნეტი – 3 ₾ /ნაცვლად 4.9 ₾/             

500 წუთი – 12 ₾ /ნაცვლად 15 ₾/          

35000 MB – 21 ₾ /ნაცვლად 35 ₾/           

აპლიკაციიდან მომხმარებელი შეძლებს სილქნეტის ქსელში ჩართულ სხვა ნომერს გაუაქტიუროს ნებისმიერი პირობა. ფასდაკლებული პაკეტები 30 დღიანია. 

ესტუმრე  25 ნოემბერიდან 4 დეკემბრის ჩათვლით  თბილისისა (ცინცაძის ქ.2) და ბათუმის (გორგილაძის ქ. #54/62) ფილიალებს და აარჩიე ტელეფონის სასურველი მოდელი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. თითოეულ ტელეფონს საჩუქრად ულიმიტო პაკეტები მოყვება. Black Friday-ზე აქსესუარებსაც განსაკუთრებულ ფასად შეიძენთ. 

iPhone12, iPhone 13, iphone Pro Max, IPhone 14, iPhone 14 Plus , iPhone 14 Pro, iPhone Pro Max -ჩამონათვალიდან რომელიმე შენაძენს 6 თვის განმავლობაში 400 ლარამდე ღირებულების სასაჩუქრე  პაკეტი -ულიმიტო მობილური ინტერნეტი + ულიმიტო სასაუბრო დრო + ულიმიტო SMS;

საჩუქრებს ისინიც აღმოაჩენენ, ვინც უპირატესობას ანდროიდს ანიჭებენ:

SAMSUNG GALAXY A23-ის, Xiaomi POCO M4 PRO/64GB/4GB/Cool Blue-ს ან Xiaomi POCO M4 PRO-ს არჩევისას 10 GB ყოველთვე, მთელი წლის განმავლობაში აქტიურდება! 

ამ ფილიალებში აქსესუარები სპეციალურ ფასად იქნება შეთავაზებული: საათი/Apple Watch Series 5 GPS/4  ; ყურსასმენი/AirPods with Charging Case 

არ გამოტოვო წლის მოვლენა Black Friday! 

ისარგებლე სილქნეტის შეთავაზებებით და მოემზადე ახალი წლისთვის!

5 წელი „ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

დღეს, 24 ნოემბერს, ხუთი წელი შესრულდა სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან. დღეს სასტუმროსთან, რომელსაც ტრაგედიის შემდეგ სახელი შეუცვალეს და „ველმონდი“ უწოდეს, დაღუპულების სურათები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 11  ადამიანი, საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე, ხოლო 21 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძარი სასტუმროში თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო. ასევე, არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო.

დაღუპულთა სურათები და სანთლები ბათუმში სასტუმროსთან, სადაც 5 წლის წინ ტრაგედია მოხდა. ფოტო: „ბათუმელები“

საქმეზე ორი მენეჯერი დააპატიმრეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ მათგანს, თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სასტუმროს ტექნიკური მენეჯერი იყო, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საქართველოს მოქალაქეს კი, რომელიც სასტუმროს საწყობის ადმინისტრატორის/გამგეს პოზიციაზე მუშაობდა – ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

ამავე თემაზე: 

კახა მიქიაშვილი: ვხედავდით, როგორ ითხოვდა ხალხი ნომრებიდან შველას

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 85 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +310]
  • ტანკი – 2 898 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 5 839 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 1 889 ერთეული [+2]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 547 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+51]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 400 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 558 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 390 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 791 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 902 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 616 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 340 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა[/yellow_box]

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ცუდად გაწვრთნილი პერსონალი არათუ გააძლიერებს, არამედ უფრო დააქვეითებს რუსეთის ერთ დროს ელიტურად მიჩნეული საჰაერო-სადესანტო ძალების შესაძლებლობებს:

ამავე თემაზე:

კრემლი უკრაინაში საკუთარი მიზნების შენიღბვას დასავლეთის დასაბნევად ცდილობს – ISW

 

რუსეთმა საჰაერო-სადესანტო ძალები ხერსონიდან დონბასში გადაიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში რუსეთმა თავისი საჰაერო-სადესანტო ძალების ძირითადი ელემენტები დონეცკისა და ლუგანსკის ფრონტზე გადაიყვანა.

„საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფების ყველაზე დასუსტებული ნაწილები სექტემბრიდან ოქტომბრამდე, ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროს დაცვაზე იყვნენ მიმაგრებულნი. ახლა მათი გარკვეული დანაყოფები, სავარაუდოდ, მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერეს,“ – წერს უწყება 24 ნოემბრის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, ცუდად გაწვრთნილი პერსონალი არათუ გააძლიერებს, არამედ უფრო დააქვეითებს ერთ დროს ელიტურად მიჩნეული საჰაერო-სადესანტო ძალების შესაძლებლობებს.

„სავარაუდოდ, რუსეთი ამ დანაყოფებს კვლავაც იმ სექტორებს მიამაგრებს, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. საჰაერო-სადესანტო ძალების ოპერატიული დავალება შეიძლება იყოს სვატოვო-კრემენაიას რაიონის დაცვის გამაგრება ლუგანსკში ან დონეცკის ქალაქ ბახმუტის გარშემო მიმდინარე შეტევის მხარდაჭერა,“ – აღნიშნავს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა წერდა, რომ რუსეთმა თითქმის ამოწურა ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი, რადგან 17 ნოემბრის შემდეგ ამგვარი დრონების შეტევის შესახებ საჯაროდ აღარ გამოცხადებულა.

მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში აგროსერვისცენტრებს ყიდის

აჭარის მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მდებარე ლოჯისტიკურ [აგროსერვის] ცენტრებს და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს ყიდის. იყიდება აგროსერვისცენტრებში არსებული მოძრავი ქონებაც, მათ შორის, 2 სატრანსპორტო საშუალება.

ქონება, რომელიც სახელმწიფო მიწაზე, ბიუჯეტის ფულით მოეწყო, აუქციონზე ერთ ლოტად, თუმცა პირობებით იყიდება და საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარია [ბიჯი 80 ათასი ლარი].

გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 3 055 კვადრატული მეტრია, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 5 661 კვადრატული მეტრი.

ლოჯისტიკური ცენტრები თავის დროზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აიპ „აგროსერვის ცენტრზე“ იყო გადაცემული სარგებლობაში. თუმცა აჭარის მთავრობამ მათი გაყიდვა გადაწყვიტა.

„ბათუმელებმა“ კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობდა ან საერთოდ მუშაობდა თუ არა ეს ცენტრები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ მიიღო. თუმცა „აგროსერვის ცენტრში“ გვითხრეს, რომ „იმ საქმეს, რისთვისაც გაკეთდა ეს ლოჯისტიკური ცენტრები – ფერმერებისგან პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია – კერძო სექტორი უფრო კარგად მოემსახურება და უკეთესად გაართმევს თავს“.

თუმცა აუქციონის პირობის მიხედვით, ქონების მომავალ მყიდველს „ამ საქმის კეთების“ ვალდებულება მხოლოდ 10 წლის განმავლობაში ექნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, თავად გადაწყვეტს, რა პროფილით გამოიყენებს თავის საკუთრებას.

აუქციონის პირობის მიხედვით, ქონების მყიდველმა უნდა აამოქმედოს ლოჯისტიკური ცენტრები და მას პროფილი და დანიშნულება 10 წლით შეუნარჩუნოს. პროფილში კი, „სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა“ იგულისხმება.

ელექტრონული აუქციონი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, დაწყებულია და 2022 წლის 16 დეკემბერს დასრულდება.

განახლება: ეს აუქციონი არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო]. შესაბამისად, სამინისტრომ ქონება აუქციონზე ხელახლა გამოიტანა. პირობები ფაქტობრივად იგივეა. ახალი აუქციონი 2023 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება.

გასაყიდი ქონების ჩამონათვალი:

  • ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის N201-ში მდებარე 1347 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 708,87 კვ.მ შენობა-ნაგებობა და აქვე განთავსებული მოძრავი ქონება
  • ქობულეთის სოფელ ხუცუბანში მდებარე 1653 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 1180 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება
  • ქედის სოფელ ძენწმანში მდებარე 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 515,64 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება
  • დაბა შაუხევში, რუსთაველის N69-ში მდებარე 761 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 245,04 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება
  • ხულოს სოფელ ვაშლოვანში მდებარე 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 405,52 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ამ ქონებაზე განთავსებული მოძრავი ქონება და ორი ერთეული სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება [სახელმწიფო ნომრით XV-582-VX და OO-720-OK];

აუქციონის პირობა:

[checklist]

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად, კერძოდ:
    2023 წლის 1-ელ ივნისამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
    2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა
    2024 წლის 1-ელ ივნისამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე არსებული ლოჯისტიკური ცენტრების, ამოქმედება;
  • ლოჯისტიკური ცენტრების ამოქმედებიდან არანაკლებ 20 ადამიანის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა, არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ლოჯისტიკური ცენტრების პროფილის და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას;
  • აღნიშნული პროექტისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 წლისა არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის განხორციელება.

[/checklist]

 

 

მთავარი ფოტო: აგროსერვისცენტრები აჭარაში / ფოტოები აუქციონიდან

კრემლი უკრაინაში საკუთარი მიზნების შენიღბვას დასავლეთის დასაბნევად ცდილობს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში საკუთარი მიზნები არ შეუცვლია. ის ამ მიზნებს უბრალოდ ნიღბავს და აგრესიული და შედარებით გაწონასწორებული რიტორიკის დაბალანსებას ცდილობს, რაც რუს ნაციონალისტთა წრეებში უკმაყოფილებას იწვევს.

„კრემლს არ უთქვამს უარი თავის მაქსიმალურ მიზნებზე უკრაინაში, ის მხოლოდ ამ მიზნების გაბუნდოვანებას ცდილობს, რათა დასავლეთის ქვეყნები შეცდომაში შეიყვანოს და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.

ანალიტიკოსები პუტინისა და კრემლის ჩინოვნიკების ახლანდელ და ადრინდელ განცხადებებსაც იხსენებენ.

21 ნოემბერს პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ უკრაინის ახლანდელი ხელისუფლების შეცვლა რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი არ არის და ამაზე მანამდე „პრეზიდენტმაც ილაპარაკა.“

26 და 27 ოქტომბრის გამოსვლებში ვლადიმერ პუტინი ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ „უკრაინამ თავისი სუვერენიტეტი დაკარგა და მთლიანად NATO-ს კონტროლქვეშ მოექცა“. პუტინი უკრაინის დამოუკიდებლობას უარყოფდა, ამბობდა, რომ უკრაინა რუსეთმა „შექმნა“ და „ერთადერთი რეალური გარანტია უკრაინის სუვერენიტეტისთვის“ მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს. პუტინი დიდი ხნის განმავლობაში იმეორებდა თეზისსაც, რომ უკრაინა ნაცისტური სახელმწიფოა და საჭიროა მისი „დენაციფიცირება“.

„პუტინის ეს მოთხოვნები კიევში რეჟიმის შეცვლის მოთხოვნის თანაბარია, მაშინაც კი, თუ თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში ის ამისკენ პირდაპირ არ მოუწოდებს. ის ფაქტი, რომ პესკოვი პუტინის ამ კომენტარებს ეყრდნობა, ძალიან საეჭვოდ ხდის ვარაუდს, თითქოს რუსეთი თავის პირველად მიზნებზე უარს ამბობს,“ – წერს ISW-ი.

ექსპერტები დასძენენ, რომ პესკოვის ბოლო განცხადებამ უკმაყოფილება გამოიწვია რუსი ნაციონალისტების ბანაკში. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა ერთ-ერთმა სამხედრო ბლოგერმა დაწერა, რომ „რუსეთი ომს უმიზნოდ აწარმოებს“.

ინსტიტუტის უახლესი ანგარიშის თანახმად, ამ განცხადებების პარალელურად, რუსი პოლიტიკოსები ღიად გამოდიან გენოციდის რიტორიკით.

მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატმა და კრემლის ჟურნალისტმა ანდრეი მედვედევმა 23 ნოემბერს ტელეგრამში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელშიც კატეგორიულად უარყოფდა უკრაინელი ერის არსებობას და უკრაინულ იდენტობას „პოლიტიკურ ორიენტაციასთან“ აიგივებდა.

მედვედევმა უკრაინას უწოდა სიკვდილის წარმართული კულტი, რომელიც თაყვანს სცემს ტყვეების სიკვდილით დასჯას და ხელისუფლებას „დღევანდელი უკრაინული სახელმწიფოს ლიკვიდაციისკენ“ მოუწოდა.

„ეს არის პირდაპირი მოწოდება გენოციდური ომისკენ უკრაინული სახელმწიფოსა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ამ რიტორიკითაა გაჟღენთილი დისკურსი რუსული პოლიტიკური მეინსტრიმის უმაღლეს დონეებშიც,“ – წერს ISW-ი.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამავე რიტორიკას იყენებს პუტინიც, რაც სრულიად შეუთავსებელია მოლაპარაკებებისკენ მოწოდებასთან. ექსპერტების შეფასებით, ერთი მხრივ, ამგვარი განცხადებები, მეორე მხრივ კი, მშვიდობაზე ლაპარაკი მიუთითებს „კრემლის ჩამოუყალიბებლობაზე, ღიად გამოუცხადოს უპირობო ერთგულება ნაციონალისტურ იდეოლოგიას“, რაც პროპაგანდისტების გაკვირვებასა და უკმაყოფილებას იწვევს.

„პუტინი ცდილობს, დააბალანსოს უკიდურესად ნაციონალისტური თეზისები, რათა ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოების მხარდაჭერა შეინარჩუნოს და შედარებით გაწონასწორებული ნარატივი, რათა შეინარჩუნოს რუსეთის დანარჩენი მოსახლეობის მხარდაჭერა,“ – აღნიშნავს ISW-ი.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:

  • რუსეთმა მორიგი მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე;
  • რუსი პოლიტიკოსები ღიად განაგრძობენ გენოციდის რიტორიკას უკრაინის წინააღმდეგ;
  • კრემლი განგებ ცდილობს თავისი მიზნების შენიღბვას, რათა დასავლეთი დააბნიოს და უკრაინას მოლაპარაკებები აიძულოს;
  • რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის გარშემო;
  • რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე;
  • რუსეთის ძალები და საოკუპაციო ხელისუფლებები განაგრძობდნენ უკრაინის მოქალაქეების იძულებით გადასახლებას და მათი ქონების კონფისკაციას.

გუშინ ბათუმში არასწორი პარკირებისთვის არავინ დაუჯარიმებიათ – დარღვევის 16 ფოტო

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე არავინ დაუჯარიმებიათ.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ბოლო მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯამში 16 373 მძღოლი დაჯარიმდა, მათგან ყველაზე მეტი, 11 019 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა; 3 473 – ტროტუარზე დგომისთვის; 1 116 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევისთვის; 613 – იდგა ავტობუსის გაჩერებაზე; 139 – იდგა ველობილიკზე; 13 – დაპარკინგდა შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე.

რა იქნება შემდეგ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება? – 2 აზრი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ამ პარტიას დაშლამდე მიიყვანს? – ეს კითხვა პოლიტიკის ანალიტიკოსებს დავუსვით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადებიან, აქ რამდენიმე ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ „რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო დასუსტდება „ქართული ოცნებაც“, თუმცა ეს არსებითად ვერ შეცვლის ოპოზიციის ფლანგს.

პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას აზრით, თუ ენმ მართლაც დაიშლება, დაახლოებით ერთ წელში „ოცნება“ შეძლებს ძალაუფლება უფრო კომფორტულად განიმტკიცოს. შემდეგ კი, ოპოზიციას გააჩნია, რამდენად გამოიყენებს მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებას, ან დაშლის შედეგად მიღებულ შანსებს.

„მოკლევადიან პერსპექტივაში ეს მეტ თავისუფლებას გააჩენს „ქართული ოცნებისთვის“. ვგულისხმობ იმას, რომ უფრო ნაკლებად არგუმენტირებული კრიტიკა იქნება „ოცნების“ მიმართ, ის უფრო თავისუფლად მოახერხებს თავისი პოლიტიკის გატარებას და ხელისუფლების განმტკიცებას… საშუალოვადიან პერსპექტივაში კი, ეს შესაძლებლობაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რაც შესაძლოა, ვერ გამოიყენონ“, – ამბობს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა.

პოლიტოლოგის დაკვირვებით, აქამდე სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხელს უშლიდა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფსიქოლოგია.

„ამ დრომდე ამომრჩევლის ნებას განსაზღვრავდა არამხოლოდ ის, თუ ვინ მოსწონს და მის შეხედულებებთან ვინ არის ახლოს, არამედ ის, თუ ვის შესწევს რეალური ძალა, მოახდინოს ცვლილებები. ბოლო 10 წელი მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებისთვის ეს იქნება შანსი, მაგრამ ეს არის მხოლოდ შესაძლებლობა,“ – ამბობს ბაკურ კვაშილავა და წინა საპარლამენტო არჩევნებიდან ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს იხსენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ შესაძლოა ოპოზიციამ „შანსი“ ვერ გამოიყენოს.

„ქართული პოლიტიკის თავისებურება ისაა, რომ პარტიები ცდილობენ არა ნელ-ნელა და თანმიმდევრული პოლიტიკით გაზარდონ მხარდამჭერთა რაოდენობა, არამედ ერთი „გასროლით“ მოიპოვონ უმრავლესობა…

ოპოზიცია საუბრობდა წინა არჩევნებზე იმაზე, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა 9 წელი ერთი და იგივე ხელისუფლება და ლოგიკაა შეცვლა, ასე ვეღარ გაგრძელდებაო. არადა, რატომ ვერ გაგრძელდება, კარმაა? ვხედავთ, რომ ასე მოხდა. ეს 9-წლიანი ციკლი წარმოაჩინეს, როგორც გარდაუვალობა და არაფერი არ იქნა რეალურად გაკეთებული იმისთვის, რომ რეალური ცვლილებები მომხდარიყო.

ამიტომაც ვამბობ, ეს ქმნის შესაძლებლობას და მეტს არაფერს. ეს არ არის გარდაუვალი რამ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ პოლიტოლოგმა, ბაკურ კვაშილავამ.

ამ თემაზე საუბრის დროს პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს IRI-ის ბოლო კვლევაზეც, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 35 % წინააღმდეგია ენმ რაიმე ფორმით დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

„ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება „ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობას,“ – შენიშნავს პოლიტოლოგი. – „ეს აჩვენებს იმას, რომ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ურჩევნია ყველაფერი, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

შესაბამისად, თუ ოპოზიციას ექნება სწორი სტრატეგია, შესაძლოა, მან მეტი ნდობა მოიპოვოს. თუ ეს შესაძლებლობაც ხელიდან იქნება გაშვებული, მაშინ „ოცნება“ კიდევ უფრო გაძლიერდება,“ – გვითხრა ბაკურ კვაშილავამ.

პოლიტოლოგის აზრით, ენმ-ს კრიტიკა „ოცნების“ მიმართ ვერ გახდა დამაჯერებელი. ოპოზიციურ პარტიებს კი, მეტი შესაძლებლობა ექნებათ, დამაჯერებელი და თანმიმდევრული სვლებით რეალურად შეცვალონ ბალანსი ქართულ პოლიტიკაში.

„ენმ-ს კრიტიკა ვერ გახდა დამაჯერებელი, ისეთი, როგორც ხალხს სურდა. ამას აჩვენებს ის, რომ უკმაყოფილების ზრდის მიუხედავად, ენმ-ს მხარდაჭერა არ იზრდებოდა. კრიტიკის ფორმა და ტაქტიკა უნდა შეიცვალოს,“ – დასძინა პოლიტოლოგმა ბაკურ კვაშილავამ.

ოპოზიციურ ფლანგზე ცვლილებებს ნაკლებად ელის „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი იმ შემთხვევაში, თუ ენმ დაიშლება. მისი აზრით, ენმ-ს დასუსტება შესაძლოა „ოცნებაზე“ უფრო აისახოს.

„არ ვგულისხმობ ანტიდასავლურ ძალებს და ღიად პრორუსებს, რომლებსაც არაფერი ეშველებათ, მაგრამ „ოცნების“ ამომრჩეველში ბევრია ისეთი, ვინც „ოცნებას“ ირჩევს იმიტომ, რომ „ნაციონალების“ დაბრუნება არ სურს და „ოცნებას“ განიხილავს, როგორც ყველაზე ნაკლებ პრობლემას. ახლა შესაძლოა ამ ამომრჩეველმა სხვაგან გაიხედოს, თუ დაინახავს, რომ ნაცმოძრაობის დაბრუნება აღარაა შესაძლებელი.

შემპასუხებელი „ოცნებას“  მაინც ეყოლება, თანაც ამ დრომდე „ოცნების“ პროპაგანდა იდგა იმაზე, რომ ყველა „ნაცია“: „ნაცია“ ხაზარაძე და გახარიაც, ელისაშვილიც „ნაცია“, თუ საქმეს დასჭირდა. ეს გზავნილი უკვე ეფექტს დაკარგავს,“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.

პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, ენმ-ს დაშლის შემთხვევაში, ენმ-ს ამომრჩეველი მაინც ოპოზიციის ამომრჩევლად დარჩება, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ისიც შინ დარჩენას ამჯობინებს, როცა მორიგი არჩევნების დრო მოვა.

„ამ პარტიის მხარდამჭერები არიან მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლები, სხვადასხვა ხალხია იქ, მაგრამ აერთიანებთ სააკაშვილის და მისი მმართველობის პერიოდისადმი დამოკიდებულება. ენმ-ში არიან კონსერვატორები, ლიბერალები, ყველანაირი ხალხია, მათი მთავარი გზავნილია, რომ წინა ხელისუფლება ამჟამინდელს სჯობდა.

ოპოზიციის ამ ფლანგზე, რომელსაც ნაცურ „ფლანგსაც“ ეძახიან, ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო უკეთესი, მაგრამ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არ ფიქრობს ასე, ეს ნაწილი არც ხელისუფლების მხარდამჭერია. ამ ნაწილში არ არის ძლიერი ორიენტირი. ეს ამომრჩეველი, რომელსაც არც „ნაცი“ უნდა და არც „ქოცი“, დარჩენილია უპატრონოდ, პოლიტიკური ორიენტაციის გარეშე. ეს ნაწილი სახლში რჩება, ან რომელიმე 2-3 %-იან პარტიას უჭერს მხარს.

ამ დრომდე ყველა ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსებით ესარგებლა, ან მისი დღის წესრიგით მოქმედ მასმედიაში ყოფილიყო პოპულარული. ეს უფრო აინტერესებდათ, ვიდრე ამომრჩეველი და ხალხთან მუშაობა. ოპოზიციურ პარტიებს არც კი ჰქონდათ ამის სურვილი.

არ ვიცი, რატომ არის ასე, მაგრამ უფრო სუბიექტური მიზეზია: ჩვენთან სურთ, რომ ხვალვე დაიდოს შედეგი, შორს არ იხედებიან. გახარიას პარტია აქტიურობდა შედარებით, ანა დოლიძე, რესპუბლიკელები, ელისაშვილი, მაგრამ ძალიან პასიურები არიან. როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან საკუთარ მნიშვნელობას,“ – გვითხრა დავით ზურაბიშვილმა.

ბათუმში კაცს, რომელიც ბენზინს ასხამდა, ცეცხლი გაუჩნდა სიგარეტის მოკიდების შემდეგ

ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩაზე დღეს, 23 ნოემბერს, საღამოს, სასწრაფო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.

პირველადი ინფორმაციით, ქუჩაში მყოფმა კაცმა, რომელიც ბენზინს ასხამდა მანქანაში, სიგარეტს მოუკიდა და ცეცხლი წაეკიდა. სავარაუდოდ, მას საწვავი ხელზე ჰქონდა გადასხმული. ავტომანქანას ცეცხლი არ გასჩენია.

იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა, სადაც „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ შემთხვევის ადგილიდან 30 წლამდე კაცი გადაიყვანეს.

კაცს, პირველადი დათვალიერებით, შესაძლოა მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდეს. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებული კონტაქტური იყო გადაყვანისას.

ვუყურებდით, როგორ ჩაახოცვინეს რუსი მებრძოლები უკნიდან მისეულ ჩეჩნებს – ქართველი მებრძოლი 

„ახლა მოგიყვებით ერთ საინტერესო ამბავს,“ – უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის სარაკეტო დაბომბვის შესახებ გვიყვება ნიკა ჭურაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც ახლაც ფრონტის ხაზზეა. მას „ბათუმელები“ სოციალური ქსელით ესაუბრა იმაზე, თუ რა შეიცვალა ბრძოლის ველზე მას შემდეგ, რაც რუსებმა ხერსონიდან უკან დაიხიეს.

  • „სანთებელა აღარ ჩააქრო, უყურებს და ამბობს: ეს S-300 მართლაც რომ აფეთქებულიყო?“ 

„იმ ღამით აქტიური დაბომბვის ზონაში მოვყევით,“ – განაგრძობს თხრობას ქართველი მებრძოლი, ნიკა ჭურაძე. – „თქვენც ნახავდით ჩამონგრეული კორპუსების კადრებს. აი, ზუსტად მაგ მომენტში შევედით ქალაქში, ნამსხვრევები ცვიოდა ყველგან, ჩამქრალი ფარნით მივდიოდით, ღამის ხედვაც არ გვქონდა.

ქალაქიდან როცა გავედით, ამოვისუნთქეთ, ჩავთვალეთ, რომ სამშვიდობოს ვიყავით უკვე. ტელეფონზე დავრეკეთ იქ, სადაც მივდიოდით, ევაკუაცია ხომ არ დაიწყეს, ან რამე ხომ არ შეიცვალა? უცებ, დავარდნის ხმა მოგვესმა, ვერ გავიგეთ, რა იყო. ფარანი მივანათეთ, ფარებს ისევ ვერ ავანთებდით – ზუსტად 20 მეტრის დაშორებით, ჩვენგან ხელმარცხნივ S-300 იყო მიწაში ჩარჭობილი – არ აფეთქდა.

მეგობრის ხმა მესმის ზურგიდან, რა იყო, ხომ არ შეგეშინდაო… მერე სანთებელა აანთო და აღარ აქრობს, თვალს აღარ აშორებს და ამბობს: ეს S-300 მართლა რომ აფეთქებულიყო, რა გვეშველებოდა, ბიჭო?

ომში სხვანაირად აღიქვამ ხმებს. თავდაპირველად ყველა ხმაზე რეაგირებ. სულელი უნდა იყო, რომ არ გეშინოდეს, გეშინია, მაგრამ შემდეგ დაკვირვებას იწყებ: რა რის ხმაა? ვარდნაა თუ სარაკეტო გასროლა? ჭურვია?

ახლაც გვეშინია, თუმცა ზუსტად ეს შიში გვაძლებინებს. მთავარია, შიში სწორად მართო, არ დანებდე,“ – ამბობს ნიკა ჭურაძე.

  • ქართველი მებრძოლი: „ზამთარში შენიღბვა რთულია, მე დაზვერვაზე ვმუშაობ“

ნიკა ჭურაძე პროფესიით მხატვარია. თებერვალშივე წასულა უკრაინაში, როცა იქ რუსი ოკუპანტები შევიდნენ. მიიჩნია და ახლაც დარწმუნებულია, რომ საქართველოს ბედი წყდება უკრაინაში.

ნიკა დაზვერვის ჯგუფში მუშაობს და გვიყვება, როგორ გაართულა ზამთარმა დაზვერვის საქმე.

„სადაზვერვო ჯგუფი ვართ, ცხელ წერტილში ვართ ახლაც… მინიმალური საკონტაქტო მანძილი მტერთან დაახლოებით 250 მეტრია.  სხვადასხვა სირთულის დავალება გვაქვს, არსებული აღჭურვილობის და გამოცდილების გათვალისწინებით. ვმოძრაობთ სხვადასხვა მოძმე დანაყოფთან ერთად.

საჰაერო თავდაცვისთვის მცირე დრონებს ვიყენებთ, მაგით შეგიძლია 5 – 6 კილომეტრი დაზვერო მარტივად. არის უფრო ძლიერი საშუალებები, სიღრმეში შედის.

ახლა ხეებს ფოთლები უკვე დასცვივდა და შენიღბვა რთულია. აქამდე თუ ობიექტის მოძებნა ჭირდა, ახლა უკვე ხელის გულზე ჩანს.

ჩვენც ხელისგულზე  ვართ იმათთვის, საფარი გვჭირდება, შესაბამისად შენიღბვა… რუსები მუდმივად შემაღლებული ტერიტორიების დაპყრობას ცდილობენ, რომ იქიდან იოლად შეძლონ შესაბამისი მანევრი. ზამთარში ჯარისკაცსაც მეტი რესურსი სჭირდება: მეტ სითბოს გამოყოფ, მეტი ენერგია გჭირდება, მსუბუქად აღჭურვილიც ვერ გახვალ, თანაც, აქაური ზამთრისა ხომ გესმით? აქაურები „მამხნევებენ“, ნამდვილი ზამთარ ჯერ არ დაწყებულაო,“ – ამბობს ნიკა ჭურაძე.

ხერსონში რუსების უკან დახევის შემდეგ ქართველი მებრძოლი ელის, რომ რუსებს სხვა ტერიტორიების დატოვებაც მოუწევთ.

„ხერსონში რუსებმა დაინახეს, რომ ლოჯისტიკის ხაზები მოჭრილი ჰქონდათ. მე ვფიქრობ, სხვა ადგილების დატოვებაც მოუწევთ მალე. უკვე ზამთარია, ისინი უცხო ქვეყანაში არიან, უკრაინელები – საკუთარ მიწაზე.

უკრაინას დასავლეთი აწვდის უახლეს, თანამედროვე აღჭურვილობას, ჩვენ მუდმივად გადამზადებას გავდივართ, რუსები კი, ლამის თავზე ვედროებით მოდიან. აღჭურვილობა რუს ჯარისკაცს არ აქვს, ეს აქვს მხოლოდ სპეცდანიშნულების დანაყოფს, „ვაგნერს“…

ვუყურებდით, როგორ ჩაახოცვინეს რუსი მებრძოლები უკნიდან მისეულ ჩეჩნებს – თურმე რამდენიმე მათგანი აპირებდა, უკრაინელებს ტყვედ  ჩაჰბარებოდა.

ნიკა ჭურაძე
  • „ბავშვებმაც შეგვიგროვეს თანხა. მერე მკითხეს: საბოლოოდ როდის უნდა აჯობოთ რუსებს?“ 

„თებერვლიდან დღემდე ვერ ვიპოვე ერთი ადამიანიც კი, რომელიც დაიწუწუნებდა. აქეთ გვამხნევებენ მებრძოლებს, უნდა გავუძლოთ, გამარჯვება ახლოს არისო,“ – უკრაინელების შემართების შესახებაც გვესაუბრა ქართველი მებრძოლი.

ნიკა ჭურაძე იმ დღეს იხსენებს, რუსებმა რომ ჰესების მასობრივად დაბომბვა  დაიწყეს უკრაინაში.

„როცა დაიწყო ენერგორესურსებზე მასობრივი შეტევები, ქართველი ბიჭები ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ხალხს გაუჭირდება ძალიან, ყელში ამოუვათო… ზოგჯერ გინდა, რომ წინასწარ განჭვრიტო რაღაც.

საპირისპირო სურათი ვნახეთ: ადამიანები, მაგალითად, როცა შუქია ჩართული, ელექტრომადუღარას არ იყენებენ: მე რომ გამოვიყენო ეს ენერგია, იქნებ საავადმყოფოში ვიღაცას დააკლდესო.

ვერ გეტყვით, რამხელა ნდობა აქვს ჯარს, მაქსიმალური სიყვარულით გვხდებიან ყველგან.

ამას წინათ ბავშვები მოგვადგნენ, ფული აგიგროვეთო, დაახლოებით 100 ლარამდე გამოდიოდა ჩვენი ფულით… კითხვაც ჰქონდათ ბავშვებს, ხომ იცით, ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან: კი, მაგრამ საბოლოოდ როდის უნდა აჯობოთ რუსებსო,“ – გვითხრა ქართველმა მებრძოლმა და შემდეგ ყოველდღიურობაც აღგვიწერა, როცა ადამიანები ზოგჯერ განგაშის ზარსაც აღარ აქცევენ ყურადღებას.

„…მუდმივად არის სარაკეტო გაშვებები, გვესვრიან S-300-ებს, „ისკანდერებს“, ახალი დრონებიც აქვთ, „ლანცეტები“, რომლებიც აღჭურვეს დასაბომბი საშუალებებით, ესენი დაახლოებით 100 კილომეტრი სიღრმეში შემოდიან.

ქალაქში პერიოდულად ირთვება განგაშის ზარი, თუმცა ზოგიერთი უკვე ისე შეეჩვია ამ ხმას, აღარც კი შედის სამალავში, მუშაობას განაგრძობს, რაც იქნება, იქნებაო, იძახის.

თითქმის ყველა ოჯახს აქვს სამალავი მოწყობილი სარდაფებში, ამის გამოცდილებაც აქვს ხალხს, სურსათ-სანოვაგეც მომარაგებული აქვთ.

ომში ვერ იგებ, როდისაა რთული და მარტივი სიტუაცია. იყო მომენტი, როცა გვეგონა, რომ სარაკეტო შეტევა დასრულდა და ჩემგან 300 მეტრის რადიუსში გავარდა 8 ჭურვი. იმ ადგილზე არ ველოდით საერთოდ არაფერს. საკმაოდ ძლიერი ხმა აქვს ჭურვს, წნევა ახლავს, ტალღები. ვერ იტყვი, რომელი ადგილია ნაკლებად სახიფათო, როდის რა დაგეცემა თავში, არ იცი.

ამ საფრთხის მიუხედავად, ადამიანები ცდილობენ, რომ იმუშაონ, ცხოვრება განაგრძონ. რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, ნახევარ ხელფასზე მუშაობდნენ, დარჩენილი ხელფასებითაც მოხალისეებს ეხმარებოდნენ. მაგალითად, დასაქმებული ადამიანების ასე შეგროვებული ფულით ყიდულობენ მანქანებს. ხშირად ზიანდება მანქანები ან ნადგურდება, ახლის შეძენა – ძვირია,“ – გვიყვება ნიკა ჭურაძე.

მისივე დაკვირვებით, უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში საარტილერიო შესაძლებლობები დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ამჯერად უკრაინას შემდგომი ნაბიჯების „კარგად დაგეგმვა“ სჭირდება.

„დღეს უკვე სხვანაირი ომი მიდის,“ – განაგრძობს ნიკა ჭურაძე, – „ავტომატი, ფაქტობრივად, მეორეხარისხოვანი იარაღია, მეხუთეხარისხოვანიც ზოგჯერ… დღეს ვინც კარგად ამუშავებს არტილერიას, გამარჯვებაც მის ხელშია. მეტი თანამედროვე იარაღი შიშსაც იწვევს მოწინააღმდეგეში. ყველამ ვნახეთ, „ჰაიმარსებმა“ როგორი გარდატეხა მოახდინეს ამ ომში. ბევრი მწვანე ზონა გაჩნდა, სადაც შეგიძლია ჯარის კონცენტრაცია მოახდინო.

სიტუაცია ისეთია, რომ გადაჯგუფებები ხდება. ხალხში იყო განცდა, რომ აი, რას ელოდებით, ხომ მიიღეთ აღჭურვილობა? ჩემი აზრით, ამჯერად გენშტაბს შემდეგი სვლების კარგად დაგეგმვა სჭირდება.

თითოეული მებრძოლის უკან ოჯახებია, უკრაინელები მაქსიმალურად უფრთხილდებიან თავიანთ ქვეითებს,“ – ეს შთაბეჭდილება შეჰქმნია ქართველ მებრძოლს.

  • „ამ დროს ხელისუფლებიდან გესმის: დაქირავებულია… განა რა უნდა გადაგიხადონ, რომ შენი სიცოცხლე სასწორზე დადო? 

ეს კითხვა უჩნდება უკრაინაში მებრძოლ ნიკა ჭურაძეს, როცა საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას აკვირდება. იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გეოპოლიტიკურ სურათს ცვლის, ხოლო საქართველო საჭირო აქტიურობის ნაცვლად, საერთაშორისო ტრიბუნებთანაც იმალება.

„აქ წყდება საქართველოს ბედი, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, სხვა გეოპოლიტიკური სურათი შეიქმნება. დამარცხება კი, საქართველოთვისაც იქნება ძალიან ცუდი – უკრაინის დამარცხება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მოიცლის საქართველოსთვისაც.

ამიტომაც ჯობია, აქ გადავტეხოთ გველეშაპი. აქ არსებობს ამის რესურსი. ჩვენ, საქართველოს, ძლიერი მოქალაქეები გვყავს, მებრძოლებიც, მაგრამ ომის მოგებას სხვა რესურსი სჭირდება.

შესაძლოა, ვინმე მიიჩნევდეს, რომ კარგს აკეთებს ხელისუფლება, მაგრამ შედეგს ხომ უნდა ვხედავდეთ? ჩვენ უნდა მიგვეღო ახლა საარტილერიო მანქანები დასავლეთიდან, უნდა გაგვეხსენებინა საერთაშორისო ტრიბუნებზე მათ შორის 2008 წლის ომი, რომ ერთი და იგივე ხელწერა აქვს რუსეთს, ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს ატალახებული დასავლეთის ქვეყნების კარები, შეწუხებული გვყავდეს ხალხი, მაგრამ ალბათ მეათასეხარისხოვნებიც აღარ ვართ.

ამ კუთხით აქტიურობის ნაცვლად, ვისმენთ დასავლეთის ლიდერების ლანძღვას.

ჩვენც მოგვიხსენებენ მოღალატეებად, დაქირავებულ მებრძოლებად. დიახ, ჩვენ გვიხდიან ხელფასს, რადგან ვითვლებით უკრაინის შეიარაღებული ნაწილის შემადგენლობაში, მაგრამ განა რა თანხა უნდა გადაგიხადონ, რომ შენი სიცოცხლე სასწორზე დადო?“ – კითხულობს ქართველი მებრძოლი.

რას მკურნალობს მემთეური ქალების მცენარეული მედიცინა – კვლევა

ქალები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ ბუნებასა და მცენარეებით მკურნალობის მეთოდებს. ზრუნვის ეს პრაქტიკა დღეს ძირითადად სოფლებში, უფრო კი მაღალმთიან რეგიონებშია შემორჩენილი.

სწორედ ამ ცოდნის მოძიებისა და პრაქტიკის მოკვლევის მიზნით მკვლევარი ქალების გუნდი ამ ზაფხულს აჭარის იალაღებზე ავიდა. მულტიმედიური კვლევა მცენარეების შესახებ მაღალმთიანი აჭარის მემთეური ქალების ცოდნის შეგროვებასა და დოკუმენტაციას ისახავდა მიზნად.

„აჭარის მლხენელები“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის საბოლოო პროდუქტიც პატარა ილუსტრირებული წიგნი იქნება. პროექტს აფინანსებს „ქალთა ფონდი საქართველოში“, სიტყვა „დალხენასაც“ სწორედ ეს ფონდი ე.წ. healing-ის ეკვივალენტად აბრუნებს ლექსიკონში. სულხან-საბას განმარტებით, „სნეულთ მლხენელი“ მკურნალს ნიშნავს.

პროექტის იდეის ავტორი, მკვლევარი-ბოტანიკოსი ნინი ხუროშვილი ამბობს, რომ ამ ცოდნის დოკუმენტირება და გავრცელება ემსახურება როგორც საერთო ცოდნის შენახვა-გაზიარებას, ისე ბუნების დახმარებით ადამიანების ურთიერთზრუნვის პრაქტიკის წახალისებას: „სამწუხაროდ, ეს ცოდნა იკარგება, ჩვენც რომ ავდიოდით და ვეძებდით ამ ქალებს, უკვე გაგვიჭირდა პოვნა. ზოგადი ცოდნა ამა თუ იმ გავრცელებული მცენარის თვისებებზე უმრავლესობას აქვს, მაგრამ ამათ გარდა იქ, ალპურ ზონაში, განსაკუთრებული მცენარეები იზრდება. აი, ამ – სხვა მცენარეებზე ინფორმაცია უკვე ნაკლებად აქვთ.

ნინი ხუროშვილი

ამ პროექტის კიდევ ერთი მიზანი ის არის, რომ რაღაცნაირად დავუბრუნდეთ ამ მიდგომას. მცენარესთან და ბუნებასთან ურთიერთობაში არის ძალიან დიდი ძალა და დამოუკიდებლობა, როცა შენ არ ხარ პირდაპირ მიბმული ქალაქის უაზრო რიტმს და შენით ცდილობ რაღაც მოიპოვო, თავს მოუარო. მგონია, რომ ეს ძალიან დიდი სიძლიერეა, რაც დავკარგეთ.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრაქტიკის განხილვა და დამატება ფემინისტური თვითზრუნვის, თვითლხენის ჭრილში; დალხენის ნებისმიერი პრაქტიკა, იქნება ეს პატარა აქტივობები თუ სხვა რამ, სადაც ზრუნვა არის საზოგადო და გაზიარებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც მუდმივად ქალაქში მუშაობს და ა.შ.” – ამბობს ის.

მკვლევარები და ახალგაზრდა მლხენელები უჩხოს მთებში და ხარიათაღის იალაღებზე, რომლებმაც მკვლევარებს ხალი მცენარე “კაკნის საკნატუნო” გადასცეს ჰერბარიუმისთვის. ელენე კურტანიძის ფოტო

ბოტანიკოსი მაია დარჩიძე ჰყვება, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მაღალმთიან აჭარაში სამკურნალო რეცეპტებისა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს ეხება, რომლებიც ამ რეგიონის კვებითი თავისებურებით არის გამოწვეული, ვინაიდან აჭარული სამზარეულოს დიდ ნაწილს რძის პროდუქტები შეადგენს.

„ალბათ ისინი მცენარეებს იყენებდნენ უფრო იმისთვის, რა პრობლემაც აქვთ უმეტესად. როცა ვკითხულობდით მცენარეზე, უმეტესად გვეუბნებოდნენ, რომ არის კუჭ-ნაწლავისთვის, კუჭის აშლილობისთვის, ნაწლავებისთვის და ასე შემდეგ. ეს იმიტომ, რომ ისინი იკვებებიან ძირითადად ცხიმიანი საკვებით, შესაბამისად ეს პრობლემა აქვთ,“ – ამბობს მაია.

მაია დარჩიძე

ამ ყველაფერს, პარალელურად, ძალიან საინტერესო რაღაც მოსდევს და ეს არის ტრადიციები, მლხენელების ტრადიციები. მაგალითად, ძალიან საინტერესოა ამ მხრივ შვიდი მაისობის ტრადიცია, როცა სამეზობლოს ქალები, ნაცნობები ერთად იკრიბებიან, გადიან და კრეფენ 40 სხვადასხვა მოყვავილე ბალახოვან მცენარეს, მერე ბრუნდებიან შინ, აკეთებენ ამ მცენარეების ნახარშს, რომლითაც მთელმა ოჯახმა უნდა იბანაოს და ეს კეთდება იმის რწმენით, რომ მთელი წლის განმავლობაში დაცული ხარ, არ შეგხვდება ვირუსი. ამბობენ, რომ იმუნიტეტისთვის არის კარგი – ნინი ხუროშვილი.

მაია დარჩიძე ამბობს, რომ ჰერბარიუმში დაახლოებით 80-100 მცენარე აქვთ, რომლებიც ძირითადად ალპურ ბოტანიკურ ბაღში შეაგროვეს, თუმცა ყველა მათგანის თვისებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა მოსახლეობას, მათ ნაწილს აჭარელი ქალები სამკურნალოდ, ნაწილს კი საკვებად იყენებენ.

სამუშაო ჯგუფში 12 ადამიანი იყო, მათ შორის იყვნენ: ეთნობოტანიკოსი, ბოტანიკოსი, ილუსტრატორები, მხატვარი და ფოტოგრაფები.

ანა სარალიძის ილუსტრაცია

პროექტის ფარგლებში  ინტერვიუ ჩაწერეს 35 ქალთან, რომლებიც მცენარეებით მკურნალობენ: “ეს პრაქტიკა უფრო არის ქალების ურთიერთდახმარება – აი, იმის ბავშვს რაღაც სჭირს და იქნებ შენ იცოდე,  ინტერვიუების დროსაც ხშირად უზიარებდნენ ერთმანეთს ცოდნას, მაგალითად, მიგვასწავლიდნენ რომელიმე ქალს, მერე ამ ქალის გარშემო იკრიბებოდა დაახლოებით 5-6 ქალი, რომლებიც ასეთი ცოდნით ავსებდნენ ერთმანეთის ნათქვამს. არავინ მიიჩნევს, რომ ეს არის რაღაც საიდუმლო ცოდნა. ასეთები არიან უფრო ექიმბაშები, რომლებიც არ გიმხელენ, მაგრამ ქალების უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვისაც შევხვდით, ძალიან ღია იყო ამ ცოდნის გაზიარების მიმართ“, – ამბობს ნინი ხუროშვილი.

მაია დარჩიძე ჰყვება, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამკურნალო მცენარე მაღალმთიან აჭარაში არის ანწლი, „ყველა მათგანი იყენებდა ანწლს, სხვადასხვა დანიშნულებით, კერძოდ ანწლის „ვიშნოვკას“. მის დასამზადებლად კრეფენ ანწლის მწიფე ნაყოფს, აყრიან შაქარს, აფარებენ მარლას და რამდენიმე დღე აჩერებენ, შემდეგ ასმევენ ბავშვებს (დიდებსაც), უმეტესად მუცლის ტკივილის დროს. ისინი ანწლისგან ასევე ამზადებენ ძმარს, ამბობენ სასარგებლოა ორგანიზმისთვისო.“

მრავალძარღვას ფოთოლს იყენებენ ძირმაგარას სამკურნალოდ; კიდევ არის მცენარე ვირისტერფა, რომელსაც „პირბამბას“ ეძახიან, მასაც უმეტესად კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის იყენებენ, ნაყავენ და სვამენ მცირე დოზებით. მისი ნახარშით სახის დაბანა ასევე გამოიყენებოდა აკნეს საწინააღმდეგოდ; გვირილას დღემდე ძალიან აქტიურად იყენებენ, კრეფენ გვირილას გვირგვინის ფოთლებს, ანუ ზემოთა ნაწილს. თუ იმ პერიოდში არ სჭირდებათ, ახმობენ, შემდეგ აკეთებენ მის ნაყენს – იკეთებენ აბაზანასაც, სვამენ კიდევაც, იყენებენ სავლებად პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს; კიდევ არის მცენარე „დვალურა“, რომლისგანაც ამზადებდნენ საჭმელს, გემრიელიაო, მაგრამ თან ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოაო ამბობენ; ასევე ჭინჭარი დღემდე გამოიყენება საჭმელად და სამკურნალოდ – მის ნახარშს ივლებენ თავზე, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ – მაია დარჩიძე.

მკვლევრები ჰყვებიან, რომ თავად მემთეური ქალების თქმით, ეს მცენარეული სამკურნალო რეცეპტები თანამედროვე ფარმაცევტული პროდუქციით ჩანაცვლდა, მცენარეული სამკურნალო რეცეპტები სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანს ახსოვს და კიდევ უფრო ცოტა ადამიანი იყენებს აქტიურად. „ახალგაზრდებიდან ერთი-ორმა იცის ალბათ, ვისაც აინტერესებს და ბებიას მიჰყვება მდელოზე,“ – ამბობს მაია დარჩიძე.

ქალები ამოწმებენ ჰერბარიუმში შეგროვებულ მცენარეებს. სოფ. ვაშლოვანი, ალმის მთის სამხრეთი ფერდი. სანდრო სულაბერიძის ფოტო

„დღეს არის ზოგადად ყველაფრის მედიკამენტად ქცევისა და ყველაფრის ამ პროდუქციულ ჯაჭვში ჩაბმის ტენდენცია, რასაც ეს ფარმაცევტული კომპანიები აკეთებენ; ამ კვლევით და დოკუმენტირებით ერთგვარ ვალიდაციას ვუკეთებთ მათ ცოდნას/პრაქტიკას. ცხადია, ჩვენ ვერ დავამტკიცებთ მეცნიერულად, მაგრამ იმის ჩვენება, რომ, აი, ვარსებობთ ადამიანები, რომლებიც აფასებენ ამას, რაც თქვენ გაქვთ, კი არ დასცინის ამ ცოდნას, რადგან თანამედროვე ფარმაკოლოგიას ცოტათი აქვს ეს მიდგომა, არამედ ვიკვლევთ, ჩავხატავთ და გამოვცემთ. ეს უფრო იმის მცდელობაა, რომ მივცეთ ამ ადამიანებს თვითრწმენა“, – ამბობს ნინი ხუროშვილი.

მაგალითად, თითქმის აღარავინ საუბრობდა შქერის (შკერის) შესახებ. ის რელიქტური მცენარეა, რომელიც აჭარის ტყეებისთვის არის დამახასიათებელი და რომლის ფოთოლსაც ადრე აჭარაში ბავშვის ერთგვარ საფენად [აკვანში ქილასთან დამაკავშირებელი რეზინის მილის ნაცვლად] იყენებდნენ.

ბოტანიკოსები ამბობენ, რომ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აჭარის იალაღებზე საველე კვლევისას გამოვლინდა, ზოგიერთი სამკურნალო მცენარის, მაგალითად, ნეგოსა და ხბოშუბლას არასწორი და გადამეტებული კრეფაა, რის გამოც შესაძლოა მომავალში ამ სახეობების გადაშენების რისკი წარმოიქმნას.

„ნეგოსა და ხბოშუბლას თავადაც იყენებდა ადრე მოსახლეობა, მაგრამ ახლა აღარ, კრეფენ და წარმოებისთვის აბარებენ კომპანიებს ტომრებით. საქმე ის არის, რომ ადამიანებმა არ იციან ამ მცენარის სწორად კრეფა, იმისთვის, რომ ნეგო არ გადაშენდეს,  უნდა მოიკრიფოს მისი მხოლოდ ზედა ნაწილი, რომელიც უნდა მოიჭრას დანით ან მაკრატლით, ან მოიტეხოს. თუმცა ნეგო ადვილად ამოდის ფესვიანადაც და ხშირად ასეც ხდება. დღეს ეს მცენარე საკმაო რაოდენობითაა, მაგრამ მომავალში შესაძლოა გადაშენების საფრთხის წინაშე დადგეს,“ – ამბობს მაია დარჩიძე.

„ამოიგდე თავიდან, რომ შეიძლება შვილი გააჩინო“ – ცხოვრება ფსიქიკური დაავადების დიაგნოზით

რუსო 23 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და სრულიად მარტო დარჩა. მერე ჰალუცინაციები დაეწყო. ერთხელ განსაკუთრებულად გამოეწყო, დედის სამკაულები გაიკეთა და შუაღამისას ქუჩაში გავიდა. წარმოედგინა, რომ ქალაქის დიდ მოედანზე თვითმფრინავით მისი შეყვარებული უნდა დაშვებულიყო და ელოდებოდა.

რუსო მეზობლებმა იპოვეს და სახლში დააბრუნეს, მის ნათესავებს დაურეკეს. მისი თქმით, მოვიდნენ ნათესავები და არწმუნებდნენ, რომ აუცილებელი იყო ასათიანის ფსიქიატრიულიდან მოსულ ჯგუფს გაჰყოლოდა სამკურნალოდ:

„მე არ მინდოდა წასვლა, გავიქეცი, 4 სართული ჩავირბინე, მაგრამ დამეწია ჩემი ნათესავი ქალი და მცემა. რას ჰქვია ფსიქიატრიულში დაწოლა არ გინდაო“ – იხსენებს რუსო.

23 წლისას შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. ახლა 48 წლისაა. თავიდან რამდენიმე თვე ასათიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა, 2 წელი ხონის ფსიქიატრიულში გაატარა, ცხოვრობდა ნათესავებთანაც, ქუთაისში, მერე კი 11 წელი დაჰყო ქუთაისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

  • „მომწონდა ბიჭი, მაგრამ მეშინოდა, რომ საავადმყოფოში გაიგებდნენ ყველაფერს

„ქუთაისის ფსიქიატრიულში ქალებისა და კაცების პალატები გვერდიგვერდ იყო. ექიმები, მედდები კარგად გვექცეოდნენ. ხანდახან გრიგოლეთშიც დავყავდით ზღვაზე.

ერთადერთხელ მყავდა შეყვარებული – ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში. მასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა – მოჰყავდათ ხანდახან, მკურნალობდნენ, მერე გაწერდნენ, ასე გრძელდებოდა დიდხანს.

ყველაფერს მინაწილებდა ეს ბიჭი, რაც მისთვის მოჰქონდათ: საჭმელს, ხილს, ნამცხვრებს. მაკითხავდა, ყურადღებას მაქცევდა, მიყვარდა. მგონი, მასაც ვუყვარდი. მეფერებოდა ხანდახან, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა, არა, არა – მეთქი, ვეუბნებოდი. ეს არ შეიძლებოდა, ქალიშვილი აღარ ვიქნებოდი და არ შეიძლებოდა,“ – ამბობს რუსო.

რატომ არ შეიძლებოდა, ვინ არ მოგცემდა უფლებას? ვკითხეთ რუსოს.

„არავინ არ მომცემდა უფლებას, მედდები, ექიმები, ჩემი ნათესავები. არ შეიძლებოდა და იმიტომ. ზოგი „უწესო ქალი“ აკეთებდა ,,ამას“ – გვიპასუხა რუსომ და გააგრძელა:

„მომწონდა ეს ბიჭი, მაგრამ მეშინოდა, რომ საავადმყოფოში გაიგებდნენ ყველაფერს. მერე ისე შემეშინდა, რომ მივედი და მე თვითონ ვაღიარე ყველაფერი მედდებთან. ასე და ასე მჭირს-მეთქი. გაბრაზდნენ, დაიბარეს ეს ბიჭი და უთხრეს, აღარ დაგინახოთ, ამ გოგოს მიუახლოვდეო.

მერე აღარ გამოჩენილა. ახლაც ვკითხულობ შორიდან მის ამბებს და ისევ კლინიკაშია.

მერე მენატრებოდა, ვნანობდი, რომ ვთქვი ყველაფერი მედდებთან, მაგრამ მისი ნომერი დავხიე, ვეღარასდროს რომ ვეღარ შემძლებოდა დარეკვა,“ – იხსენებს რუსო.

რუსო ბაბუნაშვილი

რუსო არაა ერთადერთი პაციენტი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, ვისაც სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების ეპიზოდებს იხსენებს.

შიში და სირცხვილი ხშირად აქვთ ინტიმურ თემებზე საუბრისას ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციარებს.

სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობას ეხება ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, წერია, რომ  პაციენტების, ბენეფიციარების ცოდნა მათი სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ, გამოკვეთილად დაბალია. ისინი არ უსვამენ კითხვებს პერსონალს საკუთარი სქესობრივი ფუნქციის გარშემო და განსაკუთრებით ერიდებიან ინტიმურ თემებზე საუბარს. აქვთ დაბალი თვითშეფასება და ხშირად ხდება თვითსტიგმატიზაცია.

ანგარიშის მიხედვით, ექიმების განმარტებითაც, პაციენტები ზოგადად თავს არიდებენ პერსონალთან ინტიმურ თემებზე საუბარს.

  • ისეთი დაავადება გაქვს და ისეთ მედიკამენტებს სვამ, ორსულობას ვერ გაუძლებ და მშობიარობას გადაჰყვები

რუსოს ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, საკუთარი ოჯახი ჰქონოდა, მაგრამ არ გამოვიდაო, ამბობს.

„ერთი ნათესავი ქალი მყავდა, დაფასებული გინეკოლოგი. მეუბნებოდა, დაიმახსოვრე რუსო, შენ ისეთი დაავადება გაქვს და ისეთ მედიკამენტებს სვამ, ორსულობას ვერ გაუძლებ და მშობიარობას გადაჰყვები, ამოიგდე თავიდან, რომ შეიძლება შვილი გააჩინოო და მერე ამატებდა, არ გირჩევნია წამლები სვა და იცხოვრო შვილის გარეშე, ვიდრე გააჩინო და გადაჰყვეო? სულ ამას მეუბნებოდა.

მე მწყინდა, ძალიან ვბრაზდებოდი, ახალგაზრდა ქალს ამას როგორ მეუბნება-მეთქი, მაგრამ ვერ ვეპასუხებოდი. ახლა ყველაფერი გვიანია, მალე 50 წლის გავხდები,“- ამბობს რუსო.

ქალზე, რომელსაც ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, დიდი გავლენა მოახდინა მისმა ნათესავმა ექიმმა, რომელიც რუსოს ეუბნებოდა, რომ თუ ბავშვს გააჩენდა, მოკვდებოდა. ამ შეგონებამ იმდენად დათრგუნა და შეაშინა რუსო, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, უარი თქვა შვილის გაჩენაზე.

სხვა შემთხვევებშიც შშმ პირები ხშირად აღნიშნავენ საუბრისას, რომ მათ ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, საზოგადოებას, ხშირად ვერ წარმოუდგენია, რომ შშმ პირს ჰყავდეს პარტნიორი, ჰქონდეს ოჯახი და სურდეს, გააჩინოს შვილი.

ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების პაციენტები რუსოს მსგავსად ხშირად არიან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებების ზეგავლენის ქვეშ, რაც მათი სოციალური გარემოსთვისაა დამახასიათებელი. ამის შესახებ სახალხო დამცველის ზემოთ ხსენებულ ანგარიშშია აღნიშნული.

არ არის გამორიცხული, რომ რუსოს შესძლებოდა ცხოვრების ისე წარმართვა, როგორც მას წარმოედგინა: გაეჩინა შვილი, ჰყოლოდა პარტნიორი, შეექმნა ოჯახი, ფსიქიატრიული კლინიკების მიღმა, საკუთარ ბინაში რომ ეცხოვრა.

  • „ნათესავებმა ჩემი ბინა გაყიდეს”

რუსო ბაბუნაშვილმა 2 წელი ხონის,  11 წელი კი ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. მანამდე კი, როგორც თავად გვიყვება, ნათესავებმა ბინა ორჯერ გაუყიდეს.

„ასათიანის კლინიკიდან რომ გამომწერეს, თბილისელმა ნათესავებმა დამარწმუნეს, რომ ქუთაისში უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად, იქაურ ნათესავებთან. გადავედი. იქ ჩემი ნათესავის გარდაცვლილი დედამთილის ოთახში მეძინა. როცა საჭმელს გავამზადებთ, დაგიძახებთ ჩვენით და მერე გამოდიო, მეუბნებოდნენ. ოთახში უნდა ვყოფილიყავი ჩაკეტილი მთელი დღე.

მერე თბილისში ჩამომიყვანეს, მატარეს ნოტარიუსებთან და არ ვიცი, რას მოვაწერე ხელი, მითხრეს, ეს აუცილებელიაო, მაგრამ რა ეწერა დოკუმენტებში, არ წამაკითხეს. აღმოჩნდა, რომ ნათესავებმა ჩემი ბინა გაყიდეს. მიყიდეს სხვა ბინა, სხვა უბანში. კედლები ჩამომპალი იყო, იატაკი – აყრილი, ფანჯრები – ჩალეწილი, არ იცხოვრებოდა, სულ მეზობლებთან ვიყავი, მეზობლები მაჭმევდნენ და მასმევდნენ.

ვბრაზობდი, ბინა რომ გამიყიდეს და უარესი მიყიდეს. ჩემი ნათესავის ქმარმა გაყიდა ბინა. დავურეკე მის ცოლს და ვუთხარი, დასვენება მინდა, დასასვენებლად წამიყვანეთ-მეთქი. შენ ვერ ხარ კარგად, დასვენება კი არა, ფსიქიატრიულში მკურნალობა გჭირდებაო, მიპასუხა.

გავბრაზდი, გადმოვყარე კარადიდან ყველაფერი და მოვძებნე საბუთები, რაზეც ხელი მქონდა მოწერილი, წავიღე ყველაფერი ჩემი კლასელის ახლობელთან, რომელიც მოსამართლე იყო, ვთხოვე, დამხმარებოდა და გაერკვია, როგორ გაყიდეს ბინა, რას მოვაწერე ხელი. მეგონა, საჩივრის დაწერაში დამეხმარებოდა, მაგრამ არ ვიცი როგორ, ყველა ეს საბუთი ძალიან მალე ამ ჩემი ნათესავების ხელში აღმოჩნდა, მე კი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამგზავნეს.

ტიროდა მერე ჩემი კლასელი, რას ჰქვია, ხონის ფსიქიატრიულში უნდა დააწვინოთო“ – იხსენებს რუსო. მისი მონათხრობის მიხედვით, ნათესავებმა გაუყიდეს მეორე ბინაც:

„ამიხსნეს, რომ მეზობლებს ეშინოდათ, ცეცხლი არ გაგეჩინა სახლში და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდაო. არ ვიცი, როგორ გაყიდეს მეორე ბინა, ხელი არაფერზე მომიწერია, მაგრამ გაყიდეს. ფული მათ მოიხმარეს, მაგრამ კლინიკაში საჭმელი მოჰქონდათ ხანდახან და მაკითხავდნენ,“ – იხსენებს რუსო.

  • 2 წელი ხონის, 11 წელი ქუთაისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

ასე აღმოჩნდა ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში რუსო ბაბუნაშვილი 2005 წელს. გვიყვება, რომ ქალებისა და კაცების განყოფილება იქ სხვადასხვა სართულზე იყო და რკინის გისოსები ყოფდა ერთმანეთისგან. არ შეიძლებოდა ქალები კაცებს გამოლაპარაკებოდნენ ან პირიქით.

„8, 9, 10 ადამიანი ვიყავით ერთ პალატაში, ყველა ერთად, სხვადასხვა სირთულის პაციენტები ვიყავით, ღამე არ გვეძინა. ერთი ქალი არასდროს არ გვაძინებდა, შფოთავდა, მერე ჩვენც მთელი დღეები გამოუძინებლები, დაქანცულები ვიყავით.

არასდროს გვეუბნებოდნენ, რა გვერდითი მოვლენები ჰქონდა წამლებს. სულ მეძინა ხონში, თითქმის სულ ვიწექი, იშვიათად ვდგებოდი. მთიშავდა წამლები.

ხშირად მშიერი ვრჩებოდი. ხონის ფსიქიატრიულში სასადილოს ერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც საჭმელს გვაწვდიდნენ. სადილის დროს ბევრი პაციენტი აწყდებოდა ამ ერთ პატარა ადგილს და მეშინოდა, ვინმეს არ წავექციე. ვიდექი უკან და ვიცდიდი, მაგრამ მერე არაფერი რჩებოდა. რაც რჩებოდა ხოლმე, ეს იყო ბორშჩი კომბოსტოს ერთი ფოთლით და ძვლების წვნიანი.

გამიმართლა, რომ ვინც ბინა გამიყიდა, ამ ნათესავს მოჰქონდა ჩემთვის ჰიგიენური და საჭმელი ხანდახან, ხონის ფსიქიატრიულშიც და მერე, ქუთაისის ფსიქიატრიულშიც.

ხონში არ იყო ჰიგიენური საფენები, ნათესავებს უნდა მოეტანათ ყველასთვის. ხანდახან გვიხევდნენ ძველ ნაჭრებს და გვაძლევდნენ მედდები, ხანდახან ესეც არ იყო.

ხონში გვიყენებდნენ. მედდის განათლება მქონდა, იცოდნენ ფსიქიატრიულში და უმძიმესი პაციენტი მომაბარეს, მოხუცი, მომაკვდავი ქალი, რომლისთვისაც ყოველდღე უნდა დამემუშავებინა ნემსით და სახვევებით ნაწოლები, უნდა გამომეცვალა მისთვის პამპერსი. ეს ჩემი მოვალეობა არ იყო, მაგრამ მავალებდნენ.

ქუთაისის ფსიქიატრიულიდან 11 წელი არ გამოვსულვარ“ – ამბობს რუსო.

ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში 11-წლიანი ცხოვრების შემდეგ მას უთხრეს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაცია – „ხელი ხელს“ ბათუმში საოჯახო ტიპის საცხოვრებელს ხსნიდა შშმ პირებისთვის.რუსოსთვის ბათუმი უცხო ქალაქი იყო და თავიდან არ სურდა აქ გადმოსვლა საცხოვრებლად, მერე აზრი შეიცვალა და წელიწად-ნახევარია უკვე ოთხ სხვა შშმ პირთან ერთად ოჯახურ გარემოში ცხოვრობს. ბინაში აქვს საკუთარი ოთახი, ხშირად სეირნობს ზღვისპირას, ესწრება ფეხბურთის მატჩებს, დელფინების შოუს და ამბობს, რომ საოჯახო ტიპის სახლში საკუთარი ოთახიც აქვს და თავისუფლებაც, მაგრამ დიაგნოზმა და საზოგადოებაში დამკვიდრებულმა სტერეოტიპებმა განაპირობა ის, რომ რუსოს არ მიეცა შესაძლებლობა, ჰყოლოდა პარტნიორი და შვილი:

„ძალიან ვნანობ, შვილი რომ არ გავაჩინე, მაგრამ არა, არა, არაო, ჩამჩიჩინებდნენ … ახლა გვიანია, 48 წლის ვარ,“ – ამბობს რუსო.

_______________________________________

მასალა მომზადებულია პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

ეშმაკის ბორბლის საწყისი ქირა აუქციონზე 435 250 ლარი იქნება – 1 წლით სარგებლობისთვის 

ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოს „ეშმაკის ბორბლის“ წლიური სარგებლობის საფასურის დადგენის მიზნით მიმართა – შემდგომში ქონების იჯარით გასაცემად.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ქონების აუქციონზე გატანისას, საწყის ფასად, წინა აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული თანხა – 435 250 ლარი უნდა განისაზღვროს.

„ეს დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე… აუქციონში გამარჯვებულის მიერ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილი ქონების სარგებლობის საფასურის სახით, ყოველწლიურად 435 250 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია მერიის მიერ მომზადებულ პროექტში.

ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ატრაქციონი – პანორამული ბორბალი [„ეშმაკის ბორბალი“], მასთან დაკავშირებულ მოწყობილობა-ობიექტებთან და 1419 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთთან ერთად, მერიამ აუქციონზე ბოლოს, 2021 წლის ივნისში გაიტანა.

წინა აუქციონზე საწყისი ფასი 287 250 ლარი იყო [ვაჭრობის ბიჯი 2 000 ლარი]. ქონება 74-ე ბიჯზე გასხვისდა. აუქციონში კი 2 პირი მონაწილეობდა.

აუქციონზე ვაჭრობის შედეგად მაშინ სარგებლობის საფასურად საბოლოოდ 435 250 ლარი დაფიქსირდა და აუქციონში გამარჯვებულთან იმავე წლის 25 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება [გამარჯვებულად შპს „პანორამა 2018“ გამოვლინდა].

ამ ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ნოემბრის ბოლოს იწურება. შესაბამისად, მერიამ იჯარით გაცემაზე ხელახალი აუქციონი უნდა გამოაცხადოს.

„ეშმაკის ბორბლის“ საწყისი საიჯარო ქირის განსაზღვრაზე ბათუმის საკრებულო 2022 წლის 29 ნოემბერს იმსჯელებს. საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილია.

ბათუმი/ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

კითხვები, რომლებსაც აჭარის მთავრობა არ პასუხობს

„გთხოვთ, ელექტრონული ფორმით მოგვაწოდოთ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, თქვენ მიერ გამოცემული ყველა ბრძანების ასლი“, – ამ მოთხოვნით უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი კირთაძემ მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და მთავრობის წევრებს, ოთხივე მინისტრს მიმართა. მოთხოვნიდან 42-ე დღეს დეპუტატს არცერთი პასუხი არ მიუღია.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა დეპუტატის თხოვნა უპასუხოდ დატოვეს, მას ინფორმაცია არ მიაწოდეს.

დეპუტატის კითხვისა და მთავრობის წევრის პასუხის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნების საინტერესო პრაქტიკა ახალი დანერგილია. მოქალაქეს შეუძლია ვებგვერდის საშუალებით თვალი ადევნოს მის მიერ არჩეული დეპუტატის აქტივობას, თუმცა ბოლო პერიოდში მომრავლდა შემთხვევები, როცა კითხვები უპასუხოდ რჩება, ან არასრულია.

დეპუტატი უპასუხოდ ხაზინის უფროსმა, ზურაბ ღომიძემაც დატოვა. გიორგი კირთაძე მისგან ხაზინის ანგარიშებზე განხორციელებულ გადარიცხვების ითხოვდა [შემოსული და გასული თანხების სრულ ჩამონათვალს], შესაბამისი საფუძვლების მითითებით. თუმცა ხაზინის უფროსმა პასუხის მოსამზადებლად თავი არ შეიწუხა. როგორც ჩანს, ზურაბ ღომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს.

ფრიდონ ფუტკარაძემ „ქართული ოცნებიდან“ ვერ მიიღო პასუხი სარწყავებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ხულოში.

დეპუტატი ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს წერს:

„მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გამოიკვეთა გამოწვევა სოფლების სარწყავი წყლით მომარაგების კუთხით… გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლების მიხედვით, სარწყავი წყლით მომარაგების მდგომარეობის შესახებ და გაქვთ თუ არა მუნიციპალური პროგრამა სოფლების სარწყავი წყლით მომარაგების კუთხით? – ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით“.

ამ წერილით დეპუტატმა ხულოს მერს 13 ოქტომბერს მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია. სარწყავი არხების შესახებ  ინფორმაცია ფრიდონ ფუტკარაძეს სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროდანაც გამოუთხოვია. ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით ირკვევა, რომ დეპუტატი უპასუხოდ მხოლოდ ხულოს მერმა დატოვა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, თეიმურაზ გელდიაშვილმა უპასუხოდ დატოვა დეპუტატ გია აბულაძის კითხვები ქალაქში ნავთობის სუნის პერიოდულ გავრცელებასა და მისგან გამოწვეულ ზიანზე.

 

უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი თორნიკე რიჟვაძეს კორუფციაზე საკუთარ განცხადებას ახსენებს და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას სთხოვს:

  • ამონარიდი წერილიდან

უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადეთ, რომ პირადად თქვენ არაერთი საჯარო მოხელე გაათავისუფლეთ თანამდებობიდან კორუფციაში მხილების გამო, აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ მოგვაწოდოთ:

  1. საჯარო მოხელეების სახელი, გვარი და თანამდებობა, რომლებიც თქვენ გაათავისუფლეთ თანამდებობიდან კორუფციაში მხილების გამო.
    2. მოგვაწოდოთ აღნიშნული საჯარო მოხელეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მასალების [აუდიტის დასკვნა, აქტი, ადმინისტრაციული წარმოების ოქმი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი] ასლები.
    3. ასევე მოგვაწოდოთ კორუფციის ფაქტებზე თქვენს მიერ რეაგირების დოკუმენტების ასლები.

მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატი უპასუხოდ დატოვა.

ელგუჯა ბაგრატიონს ასევე აინტერესებდა, რა სახის ნებართვებია გაცემული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული უწყებების, მათ შორის შემოსავლების სამსახურის მიერ  ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ობიექტებზე.

დეპუტატი ბათუმის მერს წერდა, რომ აქვს ინფორმაცია უკანონოდ აშენებულ შენობებში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ და ინფორმაციის დაზუსტებას სთხოვდა. არჩილ ჩიქოვანმა ის უპასუხოდ დატოვა.

ამონარიდი ელგუჯა ბაგრატიონის წერილიდან

  • თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ არის აშენებული შენობები, რომლებზეც არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული და არც ექსპლუატაციაშია მიღებული, სადაც ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის იქ საქმიანობენ ადამიანები. გთხოვთ გვაცნობოთ კანონიერად ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობა თუ არა, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებაზე, რისკებსა და შესაძლო მძიმე შედეგებზე?
  • რა სახის სტატუსი და საგადასახადო შეღავათებია მინიჭებული გოგოლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე  განთავსებულ ობიექტებსა და კომპანიებზე – მათ შორის ტურისტული საწარმო, საერთაშორისო კომპანია, სპეციალური ზონა და სხვა?
  • გოგოლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ობიექტებსა და კომპანიებზე? გაცემულია თუ არა სათამაშო ბიზნესის ლიცენზია, რომელი სახის, ასევე გავრცელებულია თუ არა შეღავათი კანონით დადგენილი რაოდენობის სასტუმრო ნომრების ქონის გამო?

უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე ამბობს ასევე, რომ არასრული და ბუნდოვანია სამინიტროს მიერ წარდგენილი 9 თვის შესრულების ანგარიში.

14 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმში მამა დააკავეს – შსს

ბათუმში 14 წლის გოგოზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს.

შვილზე ძალადობის შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, 22 ნოემბერს, მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით,  როცა მამამ გაიგო არასრულწლოვანი შვილის სქესობრივი კავშირის შესახებ, შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მამა ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს.

„გამოძიება ასევე დაწყებულია სექსუალური ხასიათის დანაშაულზეც“, – გვითხრეს შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის სექსუალური ძალადობის ბრალდებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, „მიმდინარეობს გამოძიება“.

ბათუმში 15 წლის მოზარდს ტუჩის ფილერი მშობლის ნებართვის გარეშე გაუკეთეს

ბათუმში 15 წლის მოზარდს მშობლების ნებართვის გარეშე ტუჩის ფილერი გაუკეთეს. პოლიციას ბავშვის ბებიამ მიმართა.

„ჩემი შვილიშვილი 15 წლისაა. შემთხვევით გავიგეთ, რომ კოსმეტიკური პროცედურა ჩაუტარებია და ფილერი გაუკეთებია ტუჩებზე. ინსტაგრამის გვერდზე ვნახეთ შემთხვევით ფოტოები და ასე გავიგეთ ამის შესახებ“, – ამბობს მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“.

ბებიას თქმით, მას კლინიკაში განუმარტეს, რომ „არ იცოდნენ, მოზარდი არასრულწლოვანი თუ იყო“.

„კლინიკაში მივედი და პოლიცია გამოვიძახე. იმიტომ ვუჩივლე, რომ მინდა სხვა ბავშვებიც დავიცვა ასეთი განუკითხაობისგან. არც ის ვიცით, რა წამალი გაუკეთეს, რა ხარისხის. არც ანალიზები აუღეს, არაფერი გამოჰკითხეს, ისე ჩაუტარეს პროცედურები“, – ამბობს ბებია.

„ბათუმელები“ ბავშვის დედასაც ესაუბრა, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ მის შვილს კოსმეტიკური პროცედურები მისი თანხმობის გარეშე ჩაუტარეს.

„ისეთი ლამაზი ტუჩები ჰქონდა, საერთოდ არ სჭირდებოდა ფილერი… ექიმსაც კი არ ჩაუტარებია პროცედურები, როგორც კლინიკაში მითხრეს, ექთანმა გაუკეთა. როგორც ვიცი, ლიცენზირებული ექიმი უნდა ატარებდეს მსგავს პროცედურებს.

ექიმი რომ ხარ, ვერ უნდა მიხვდე, რომ ბავშვია და მშობლის თანხმობაა საჭირო? ისედაც ხომ ეტყობოდა, რომ არასრულწლოვანია, როგორ შეიძლება ასეთი თავაშვებულობა“, – ამბობს მოზარდის დედა.

მისი თქმით, საჭიროა მეტი ყურადღება მიაქციოს სახელმწიფომ ამ საკითხს, რომ დაცული იყოს ბავშვების უსაფრთხოება და უფლებები.

„ზოგიერთს საერთოდ არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ორ ტრენინგს გაივლიან და ესთეტიკური მედიცინის კაბინეტს ხსნიან. უკონტროლოდა ყველაფერი“, – ამბობს დედა.

რას ნიშნავს ტუჩის ფილერით გადიდება და სახიფათოა თუ არა ის ბავშვის ორგანიზმისთვის?

როგორც ექიმი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი გვეუბნება, ორი სახის ფილერი არსებობს და აქედან ერთ-ერთი მოზარდებისთვისაც უსაფრთხოა.

„ფილერი არსებობს ორი სახის – გაწოვადი და გაუწოვადი. ჰიალურონის მჟავას რომელიც შეიცავს, ეს არის გაწოვადი და უსაფრთხო. ასეთი პრეპარატი მინიმუმ ცხრა თვე ჩერდება ორგანიზმში. რაც უფრო ხარისხიანია პრეპარატი, მით უფრო მდგრადია“, – გვითხრა მანანა ამაღლობელმა.

მისი თქმით, არსებობს ისეთი პრეპარატები, რომლებზეც უამრავი კვლევაა ჩატარებული და რისკიც ნაკლებია, თუმცა არსებობს რისკის შემცველი პრეპარატებიც.

„ექიმი ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია პრეპარატის შესახებ, რა პრეპარატი უკეთდება, რა შემადგენლობაა და ასე შემდეგ.

არასრულწლოვნის შემთხვევაში აუცილებელია მშობლის თანხმობა. თუმცა ამის კონტროლი მაინც და მაინც არ ხდება ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში.

ჩვენც გვყოლია არასრულწლოვანი პაციენტები, თუმცა მშობლის ნებართვის გარეშე არ გამიკეთებია ესთეტიკური პროცედურა.

კლინიკაში შემოსვლის დროს, პირველ რიგში, ივსება პაციენტის ისტორია, პირადი მონაცემებიც შეგვყავს, ბუნებრივია, და იწერება ისიც, რა პრეპარატი უკეთდება, რა მოცულობის, რომელ ზონაში, რადგან წლები რომ გავიდეს და დასჭირდეს ეს ინფორმაცია პაციენტს, ხელმისაწვდომი იყოს მისთვის“, – ამბობს მანანა ამაღლობელი.

როგორც ექიმი გვეუბნება, ესთეტიკური მედიცინის სათანადო კონტროლი ქვეყანაში ვერ ხერხდება.

„ბევრი პრობლემის რეგულაცია არ ხდება დღეს, თუნდაც ის, რომ არასპეციალისტები აკეთებენ მსგავს პროცედურებს, სილამაზის სალონებში და სადღაც სარდაფებშიც კი აკეთებენ საეჭვო წარმოშობის ფილერებს, რომლებიც ძალიან იაფი და ხელმისაწვდომია.

ხშირად ექიმის ეთიკაზეა დამოკიდებული, მოიქცევა თუ არა ის კეთილსინდისიერად არასრულწლოვნის შემთხვევაში.

ფილერზე უფრო სახიფათოა E ვიტამინის პროცედურების ჩატარებაა, რომელსაც არასრულწლოვნები ტუჩის მოცულობის გაზრდის მიზნით სახლის პირობებში, თვითნებურად იკეთებენ. ამას ნამდვილად მოაქვს მძიმე შედეგები“, – ამბობს მანანა ამაღლობელი.

მისი თქმით, ტუჩის მოცულობის გაზრდის მიზნით E ვიტამინის თვითნებურად გაკეთება იმდენად საშიშია, რომ შესაძლოა პაციენტს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს:

„თუ პაციენტი გადაწყვეტს, რომ გაიკეთოს ფილერი, მაგრამ დაუმალავს ექიმს, რომ E ვიტამინი აქვს გაკეთებული და ფილერს დაიმატებს, ისეთი მძიმე გართულებები შეიძლება მიიღოს, რომ პლასტიკური ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს.“

ჯონსონი ჰყვება, რას ამბობდნენ ევროპელი ლიდერები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი CNN Portugal-თან ინტერვიუში იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდათ ევროპული ქვეყნების ლიდერებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივაზე.

ჯონსონის თქმით, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპული ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და დღემდე უდიდეს დახმარებას უწევენ, თუმცა 24 თებერვლამდე ამ თემისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო.

„ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ამ შესაძლებლობებს,“ – ამბობს ჯონსონი. – „ეს ყველასთვის უდიდესი შოკი იყო… ჩვენ ვხედავდით, როგორ ეწყობოდა რუსეთის ბატალიონების ტაქტიკური დაჯგუფებები, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანას ძალიან განსხვავებული ხედვა ჰქონდა. გარკვეულ ეტაპზე გერმანელების პოზიცია იყო ისეთი, რომ თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუკი ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდებოდა და დასრულდებოდა უკრაინის მარცხით.“

ჯონსონის თქმით, გერმანელებს ასეთი პოზიციის არგუმენტად „ეკონომიკური მიზეზები“ მოჰყავდათ.

„მე ამის მხარდაჭერა არ შემეძლო, ვფიქრობდი, რომ ეს მიდგომა დამღუპველი იყო, მაგრამ შემიძლია გავიგო, რატომაც ფიქრობდნენ ისე, როგორც ფიქრობდნენ,“ – ამბობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, რომელიც ინტერვიუში იტალიის პოზიციასაც აკრიტიკებს.

როგორც ჯონსონი ჰყვება, თავდაპირველ ეტაპზე, იტალიის ხელისუფლება, რომელსაც მაშინ სათავეში მარიო დრაგი ედგა, „უბრალოდ ამბობდა, რომ ისინი ვერ დაუჭერდნენ მხარს იმ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ვირჩევდით“, რადგან იტალია ძალიან იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი დასძენს, რომ როდესაც რუსეთმა თებერვალში სამხედრო აგრესია მართლაც დაიწყო, ევროპული ქვეყნების განწყობა მკვეთრად შეიცვალა.

„მოხდა ის, რომ გერმანელებმა, ფრანგებმა, იტალიელებმა, ჯო ბაიდენმა, ყველამ დაინახა – უბრალოდ სხვა ვარიანტი არ არსებობდა, რადგან შეუძლებელია მოლაპარაკებები ამ კაცთან (პუტინთან). ესაა მთავარი საკითხი,“ – ამბობს ჯონსონი. – „მთელი ჩემი ნერვიულობის შემდეგ… ვაღიარებ და ვაფასებ, რომ ევროკავშირი ასე მოიქცა. ისინი გაერთიანდნენ და სანქციებიც ძალიან მკაცრი იყო“.

ბორის ჯონსონი ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტსაც ახსენებს და ამბობს, რომ ზელენსკიმ თავი გამოიჩინა, როგორც „ბრწყინვალე ლიდერმა“: „ის ძალიან მამაცი ადამიანია. ის რომ იქ არ ყოფილიყო, ვფიქრობ, ამ კონფლიქტის ისტორია სრულებით, სრულებით სხვაგვარი იქნებოდა“.

რუსეთის ხელშეწყობისთვის უკრაინაში 33 სასულიერო პირი დააკავეს – NY

The New York Times-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 33 სასულიერო პირი დააკავეს რუსეთისთვის ინფორმაციის შეგროვებისა და მიწოდების ბრალდებით.

გამოცემა ინფორმაციის წყაროდ უკრაინის ოფიციალურ პირებს ასახელებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ დაკავებული სასულიერო პირები – მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ავტოკეფალიურ ეკლესიას, თუ რომელიმე სხვა კონფესიას.

The New York Times-ი წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ასობით სასულიერო პირი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ უკრაინულ ეკლესიას გამოეყო და კიევის დამოუკიდებელ ეკლესიას შეუერთდა, თუმცა რუსული ეკლესია უკრაინაში დღემდე დიდ გავლენას ინარჩუნებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური კიევ-პეჩორის ლავრაში შევიდა და ჩხრეკა დაიწყო. უწყების ცნობით, ეროვნულ პოლიციასა და გვარდიასთან ერთად, სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობდა „კონტრდაზვერვის ღონისძიებები უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღსაკვეთად“.

უშიშროების განმარტებით, „ოპერაციის მიზანია“ არ დაუშვან ლავრის გამოყენება „რუსული სამყაროს“ თავშესაფრად; გაარკვიონ, ხომ არ აფარებენ თავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები და უცხოეთის მოქალაქეები, ან ხომ არ ინახება იარაღი.

კიევ-პეჩორის ლავრიდან ამოღებული პრორუსული ლიტერატურა/ფოტო: უკრაინის უშიშროება

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩორის ლავრის გარდა, უკრაინის უშიშროება შევიდა კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და სარნი-პოლესსკის ეპარქიაში.

უშიშროების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტრდაზვერვის ღონისძიებები დასრულდა კიევ-პეჩორის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და სარნი-პოლესსკის ეპარქიაშიც. სამივე მათგანი მოსკოვის ეპარქიის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილება.

უშიშროების პრესსამსახურის ცნობით, შემოწმდა 350-ზე მეტი საეკლესიო ობიექტი და 850 ადამიანი. მათგან 50 პოლიგრაფის საშუალებით დაიკითხა. მათ შორის იყვნენ არამხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ მონასტრების ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები.

„ზოგიერთმა მათგანმა შემოწმებისას წარმოადგინა საბჭოთა კავშირის დროინდელი პასპორტები და სამხედრო ბილეთები, ასლები, დოკუმენტების დედნები არ ჰქონდათ, ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქის პასპორტი, რომელსაც დაზიანება ან გაყალბების კვალი ეტყობოდა“, – ნათქვამია უშიშროების განცხადებაში.

კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 32 წლის უკრაინელი, რომელიც პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვანისთვის“ მუშაობდა. ჩხრეკისას ასევე აღმოჩნდა: პრორუსული და პროპაგანდისტული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და ეკლესიის სკოლებში სწავლებისას გამოიყენებოდა, 2 მილიონი გრივნა (100 ათასი დოლარი) და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.

კიევ-პეჩორის ლავრიდან ამოღებული ფული/ფოტო: უკრაინის უშიშროება

უშიშროების სამსახურის ოპერაციას კრემლმა კიევის „რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლის დადასტურება“ უწოდა. ვლადიმირ ლეგოიდამ, რუსეთის საპატრიარქოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანია იმ ერთადერთი ინსტიტუტის „დაშინება“, რომელშიც „რუსები და უკრაინელები მშვიდობისთვის ერთად ლოცულობენ“.

უშიშროება კიევ-პეჩორის ლავრაში მას შემდეგ შევიდა, რაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა მიხაილ ომელიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ ასრულებს გუნდი კიევ-პეჩორის ლავრაში პრორუსულ სიმღერას. ვიდეოში ისმის სიტყვებიც „იღვიძებს დედა რუსეთი“.

1051 წელს დაარსებული კიევ-პეჩორის ლავრა, ცნობილი ასევე, როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა, კიევის ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსია. ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი შტაბ-ბინა და ეკლესიის მეთაურის რეზიდენციაა.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის უშიშროების თანამშრომლები კიევ-პეჩორის ლავრაში/ფოტო: უკრაინის უშიშროების სამსახური

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 85 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +410]
  • ტანკი – 2 897 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 5 832 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 887 ერთეული [+5]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 537 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 480 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 396 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 554 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 390 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 782 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 901 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 615 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 329 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კრემლის პროპაგანდის მტკიცებით, უკრაინა რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, აპირებს შეჭრას – ISW

რუსეთს დრონების მარაგიც ეწურება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა თითქმის ამოწურა ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი. უწყების ცნობით, 17 ნოემბრის შემდეგ ამგვარი დრონების შეტევის შესახებ საჯაროდ აღარ გამოცხადებულა.

„სექტემბრიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში, სავარაუდოდ, ირანული წარმოების ასობით ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ეს აპარატები ცალმხრივი თავდასხმის დრონებისა და უფრო ტრადიციული მრავალჯერადი შეიარაღების სისტემების ნაზავს წარმოადგენს.

ეს იარაღი რუსეთმა ფართოდ გამოიყენა ტაქტიკურ სამხედრო სამიზნეებსა და უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის,“ – წერს დაზვერვა 23 ნოემბრის რელიზში.

უწყების ვარაუდით, ბოლო პერიოდში რუსეთის სარდლობას ირანული წარმოების დრონების სამედიცინო დაწესებულებებზე დარტყმებისთვის გამოყენებაც სურდა.

„დიდი ალბათობით, რუსეთმა დრონების კამპანია ჩაიფიქრა, რათა ფრთოსანი რაკეტების მწვავე დეფიციტი ამ გზით შეევსო, თუმცა ამ მიდგომას შეზღუდული წარმატება ჰქონდა. გაშვებული დრონების უმრავლესობა უკრაინამ გააუვნებლა,“ – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების დასკვნით, რუსეთმა სავარაუდოდ თითქმის ამოწურა დრონების არსებული მარაგი და მისი შევსების გზებს ეძებს: „მოსკოვი, სავარაუდოდ, უფრო იოლად შეძლებს უპილოტო საფრენი აპარატების შემოტანას, ვიდრე ფრთოსანი რაკეტების თავისით წარმოებას“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალზე თავდასხმა იყო.

დაზვერვა წერდა, რომ 18 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ნებისმიერი სახით იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას ნოვოროსიისკის პორტისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია, რუსეთისთვის კიდევ ერთ სტრატეგიულ გამოწვევად იქცევა და შავ ზღვაში მის ისედაც შემცირებულ გავლენას კიდევ უფრო დაასუსტებს.

კრემლის პროპაგანდის მტკიცებით, უკრაინა რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, აპირებს შეჭრას – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქზე ე.წ. False-Flag თავდასხმისთვის კრემლი საინფორმაციო წინაპირობებს ქმნის. False-flag ოპერაცია იმგვარად მოწყობილი სამხედრო ქმედებაა, რომელიც კონფლიქტის მეორე მხარეს ბრალდება.

ანალიტიკოსების დაკვირვებით, მოსკოვი საინფორმაციო სივრცეში აძლიერებს ჰიპოთეზებს, თითქოს უკრაინის არმია ბელგოროდის ოლქში შეჭრას აპირებს.

ISW-ის ცნობით, ამგვარ ვარაუდებს ბოლო დღეებში კრემლის პროპაგანდისტები გამოთქვამენ, სხვა რუსული წყაროები კი ამტკიცებენ, რომ რუსეთისთვის აუცილებელია, დაიბრუნოს კონტროლი კუპიანსკზე, ხარკოვის ოლქში, რათა უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხე მინიმუმამდე შეამციროს.

„ბელგოროდის გუბერნატორმა ვაიჩესლავ გლადკოვმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ აწყობენ რუსები საფორტიფიკაციო ნაგებობებს ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები და აღნიშნავენ, რომ კრემლი ასეთი პროპაგანდით უკრაინაში წამოწყებული ომისთვის საზოგადოების მხარდაჭერის დაბრუნებას ცდილობს.

ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიისადმი რუსეთის მოსახლეობის მხარდაჭერა წარუმატებელი მობილიზაციისა და ფრონტზე მუდმივი მარცხის გამო მცირდება.

საფორტიფიკაციო თხრილი ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან/ფოტო: ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამიდან

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის განცხადებები უკრაინის გარდაუვალ თავდასხმაზე აბსურდულია და ფართო აუდიტორიის დაშინებისკენაა მიმართული.

„უკრაინას რუსეთში შეჭრისთვის არც სტრატეგიული ინტერესი აქვს და არც ასეთ მასშტაბებში ამის გაკეთების შესაძლებლობა“, – წერს ISW-ი.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტების არსენალი ძალიან შეუმცირდა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს რესურსი, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა გააგრძელოს;
  • რუსეთის სარდლობა მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგის სხვადასხვა გზით შევსებას ცდილობს;
  • ბელარუსის პრემიერ-მინისტრი ირანში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაა;
  • რუსეთის არმიის გადაადგილების მარშრუტი მიუთითებს, რომ რუსეთის ჯარები იმაგრებენ პოზიციებს ზაპოროჟიეს აღმოსავლეთ და დონეცკის დასავლეთ ნაწილებში;
  • რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევის ოპერაციას სვატოვო-კრემენაიას ხაზზე;
  • რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის რაიონში;
  • ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება შეშფოთებულია უკრაინელთა დარტყმებით ყირიმის ლოგისტიკურ ქსელებზე და ასევე, საბრძოლო მოქმედებებით კინბურნის ნახევარკუნძულზე;
  • კრემლი ცდილობს, წარუმატებელი მობილიზაციის გამო პასუხისმგებლობა თავდაცვის უწყებას დააკისროს.

მთავარ ფოტოზე: საფორტიფიკაციო ხაზის მშენებლობა ბელგოროდში, უკრაინის საზღვართან/ფოტო: ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამიდან

Exit mobile version