ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 18 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 117 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820]
  • ტანკი – 3 130 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 6 225 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 108 ერთეული [+4]
  • MLRS – 442 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 287 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 276 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 876 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 889 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 190 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 18 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 373 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 898 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 563 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 985 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 855 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 101 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]დღეს შესაძლოა პუტინმა მობილიზაციის მეორე ტალღა გამოაცხადოს – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

დნიპროს ტრაგედია – ისტორიები სახლიდან, რომელიც რუსულმა რაკეტამ დაანგრია

ქობულეთის სოფლები, სადაც გაზსადენი გაიყვანეს და გაზს არ რთავენ – „საარჩევნოდ იქნება, ალბათ“ 

„არჩევნებს უცდიან ალბათ, რომ გაზი ჩაგვირთონ,“ – ამ ვერსიას ქობულეთში ბევრისგან მოისმენთ იმ სოფლებში, სადაც გაზის მილები წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, 2020 წელს გაიყვანეს და ამ დრომდე მოსახლეობას გაზს არ აწვდიან.

ქობულეთის 10 სოფელში გაზის მილების გაყვანის სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდა, სამუშაოები დამკვეთმა ჩაიბარა და ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა სისტემაში გაზი არ გაუშვიათ.

„გატესტა სოკარის წარმომადგენელმა და უვარგისი აღმოჩნდა გადაერთება, გაზმა გაჟონა, ჰაერით დატუმბეს და აპარატი უჩვენებდა ამას,“ – გვიყვება ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები ჯონი გოგიტიძე. მის სახლთანაც მიუყვანიათ გაზის მილები, დაუმონტაჟებიათ მრიცხველის კარადაც.

„მას მერე აღარავინ მოსულა ჩემს უბანში. ვიცი, რომ სოკარმა არ ჩაიბარა ეს მილები,“ – გვითხრა ჯონი გოგიტიძემ.

მოსახლეობას ამ დრომდე გაზი არ მიეწოდება ქობულეთის 10 სოფელში: მუხაესტატეში, ალამბარში, ზენითში, აჭყვისთავში, ლეღვაში, წყავროკაში, კონდიდში, კოხში, ოხტომში, ჩოლოქის ყოფილ მეურნეობაში.

გაზის მილების სისტემა ამ სოფლებში 2021 წელს ექსპერტიზის საფუძველზე ჩაიბარა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“.

პროცედურა ასეთია: რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა და სამუშაოები დამკვეთს ჩააბარა, დამკვეთმა მილები ქონების მართვის სააგენტოს უნდა გადასცეს, სააგენტო კი, გაზგაყვანილობის სისტემას ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიას, ამ შემთხვევაში, „სოკარს“ გადასცემს.

დასტურდება, რომ სამუშაოების ჩაბარების მიუხედავად, 2021 წლის აპრილიდან ამ დრომდე, „გაზის ტრანპორტირების კომპანიას“, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ქონების მართვის სააგენტოსთვის ქობულეთში მოწყობილი გაზგაყვანილობის სისტემა არ გადაუცია.

რის გამო შეჩერდა ეს პროცედურა და რატომ ჭიანურდება გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის, როცა გაზგაყვანილობის სისტემაზე მუშაობა უკვე დარულებულია? – „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის დასრულებამდე მისი მოწოდება ვერ მოახერხეს. კომპანიის პრესცენტრში ვერც ის გვითხრეს, როდის მოგვაწვდიან ინფორმაციას.

ქონების მართვის სააგენტოშიც ვცადეთ გარკვევა: რატომ არ გადავიდა მათ ბალანსზე გაზგაყვანილობის სისტემა, რომლის მოწყობაც 2021 წლის აპრილში დასრულდა.

„გაზის ტრანსპორტირების არის მილები, ჩვენ არ გადმოგვცემია ჯერ, ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა“, – მოგვწერეს ქონების მართვის სააგენტოს პრესცენტრიდან. აქ აღარ უპასუხეს მორიგ შეკითხვას: რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე გადაცემა?

რატომ არ აქვს მოსახლეობას გაზი, როცა გაზგაყვანილობის სისტემა არსებობს? – „სოკარის“ პრესცენტრში განმარტეს, რომ შესაბამისი ლიცენზია ჯერ არ აქვთ, რადგან თავად გაზგაყვანლობის ინფრაქტრუქტურა ჯერ კომპანიისთვის არ გადაუციათ.

„ამ დროისთვის გრძელდება ტექნიკური საკითხის შესწავლა, რომ დასრულდეს სამუშაოები და მოსახლეობას უსაფრთხოდ მიეწოდოს ბუნებრივი აირი. უახლოეს მომავალში აღნიშნული სოფლების მოსახლეობა შეძლებს ამ სერვისით სარგებლობას,“ – ეს ქობულეთის მერიის პრესცენტრიდან მოგვწერეს, თუმცა ვერ გვითხრეს, ვინ რას ამოწმებს, როცა სამუშაოების შემოწმება ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება და მიღება-ჩაბარებაც 2021 წლის აპრილში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გაზგაყვანილობის სისტემის სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „კავკასიონს“, რადგან მოსახლეობის ერთ-ერთი ვერსიით, გაზის მილები „სოკარმა“ გაუმართაობის გამო არ ჩაიბარა:

„ჩვენ ჩავაბარეთ სამუშაოები დამკვეთს და ამას ექსპერტიზაც ადასტურებს დასკვნით, რომ რაც გავაკეთეთ, ხარისხიანად გავაკეთეთ…სამუშაოები როცა დავასრულეთ, იქ ავტობანის სამუშაოების მწარმოებელ ჩინურ კომპანიას ჰქონდა რაღაც ავარია, როგორც მითხრეს და რაღაც დაზიანდა. ასევე ვიცი, რომ ისეთი არაფერი დაზიანებულა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყოს. ჩვენთვის არავის მოუმართავს,“ – გვითხრა კომპანია „კავკასიონის“ წარმომადგენელმა.

ქობულეთის 10 სოფლის გაზმომარაგების სისტემის მოსაწყობად ჯამში ბიუჯეტიდან 10 მილიონამდე ლარია დახარჯული.

 

მთავარი ფოტო: გაზსადენი ქობულეთის სოფელ ალამბარში

რუსთაველზე 46 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელ კორპუსს ააშენებენ

ბათუმში, რუსთაველის 21-ში, სადაც ე.წ. ბარაკული ტიპის და ორსართულიანი სახლებია, კომპანია შპს „გრინკო“, მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში,  არსებულ შენობებს დაანგრევს და აქ 13-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

ბათუმის მერიამ 2023 წლის 11 იანვარს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სკრინინგის განცხადებით  მიმართა.

ბათუმი, რუსთაველის 21, სადაც 13-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება / 17.01.2023

ამ ადგილის განაშენიანების დეტალური კონცეფცია ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა. მანამდე ახალი მშენებლობის საკითხი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ განიხილა და დადებითად გადაწყვიტა.

ზონალურ საბჭოზე საუბარი იყო 40 მეტრი სიმაღლის 12-სართულიანი შენობის აშენებაზე ქალაქის ისტორიულ ზონაში, რასაც ძეგლების დამცველები ეწინააღმდეგებოდნენ.

  • სკრინინგის განცხადების მიხედვით კი, ახალი შენობა 46 მეტრი სიმაღლის და 13-სართულიანი იქნება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია, რომელზეც დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, 978 კვადრატული მეტრია. დაგეგმილია შემდეგი განაშენიანება:

  • საცხოვრებელი სახლი – განთავსდება 83 ბინა, საცხოვრებელი ფართობი – 5 694 კვ.მ;
  • კომერციული (ცალ-ცალკე: სავაჭრო, საოფისე) – კომერციული დანიშნულების – 350 კვ.მ, საოფისე – 350 კვ.მ;
  • საზაფხულო ტერასა 350 კვ.მ;
  • დამხმარე (ცალ-ცალკე: ავტოსადგომი, სარდაფი, საწყობი, ტექნიკური სათავსები და მსგ.) – დახურული მიწისქვეშა ავტოსადგომი 795 კვ.მ.
  • მიწისქვეშა სართულები – 1 სართული.

ახალი კორპუსი რუსთაველის ქუჩაზე უკვე არსებულ კორპუსებს შორის [ზემოთა ფოტო] აშენდება / ქვემოთ – ფოტომონტაჟი / 17.01.2023
საპროექტო შენობა [შუაში], ნახაზის მიხედვით, ახალი შენობა მის გვერდით არსებულ შენობებზე შედარებით მაღალი იქნება / ნახაზი სკრინინგის განცხადებიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სააგენტოს 2023 წლის 26 იანვრის ჩათვლით პერიოდში წარუდგინონ, მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge .

ამ თემაზე:

ბათუმის საკრებულომ რუსთაველზე 2 სამშენებლო პროექტს დაუჭირა მხარი

შპს „გრინკო“ ისრაელის მოქალაქემ თამარ კობრინსკიმ 2016 წელს დააფუძნა.

თავდაპირველად კომპანიას არჩილ ჯანყარაშვილი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ის ლევან წივწივაძემ ჩაანაცვლა.

ის ხელმძღვანელობს ასევე თამარ კობრინსკის მიერ დაფუძნებულ კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიას „ბი აი სი“-ს, რომელმაც ბათუმში რამდენიმე მაღლივი კორპუსი ააშენა. მათ შორის ერთ-ერთია ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის, ასევე გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული მრავალბინიანი სახლი, რომელიც სამ კორპუსს აერთიანებს და მთელი კვარტალი უჭირავს.

ამ სახლთან ახლოს კომპანიამ სამთავრობო პროგრამის არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის  ფარგლებში კიდევ ერთი მრავალბინიანი სახლი ააშენა.

დნიპროში 5 ბავშვი დაიღუპა, მათგან ყველაზე პატარა 1 წლის იყო

5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინაში, ქალაქ დნიპროში რუსეთის საჰაერო ძალების თავდასხმას.

14 იანვარს რუსული რაკეტა დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ბოლო ინფორმაციით 44 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულებს შორის 5 ბავშვია.

მათგან ყველაზე პატარა 1 წლის ნიკიტა ზელენსკი იყო. იგი მამასთან, ოლექსეისთან ერთად დაიღუპა. ბავშვის დედა გადარჩა, იგი ამ დრომდე რეანიმაციაში.

რუსულ რაკეტას ემსხვერპლა 3 წლის მიხაილინა ფრანცევა. მასთან ერთდ დაიღუპა მისი 13 წლის და ლეილა და დედა, ოქსანა.

დაღუპულებს შორისაა 15 წლის მარია ლებედი, მეცხრე კლასის მოსწავლე, რომელიც სკოლაში მოსწავლეების სათათბიროს პრეზიდენტი იყო. სწავლობდა ინგლისურს, გატაცებული იყო ცეკვით, მუსიკითა და ოთახის მცენარეების მოვლით.

„რუსულმა რაკეტამ გული ამომგლიჯა. ჩემო მარუსია, საყვარელი დაიკო, ულამაზესო, შევხვდებით, მაგრამ უკვე არა ამ ცხოვრებაში“ – დაწერა დაღუპული მარიას დამ, ალისა ლებედმა.

14 იანვარს დნიპროში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 17 წლის სტუდენტი მაქსიმ ბოგუცკი.

ბოლო ცნობების თანახმად, დნიპროში რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად 5 ბავშვი დაობლდა. უკრაინული მედიის ცნობით, 3 ბავშვზე ნათესავები ზრუნავენ, ორი ბავშვი ამჟამად სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშაა, რადგან მათ ნათესავები არ ჰყავთ, რომლებიც მათზე იზრუნებენ.

მაშველები დნიპროში ამ დრომდე მუშაობენ ჩამონგრეულ კორპუსთან. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 20 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია. სამართალდამცავების ინფორმაციით, 15 გარდაცვლილის ცხედარი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

ამავე თემაზე: 

დნიპროს ტრაგედია – ისტორიები სახლიდან, რომელიც რუსულმა რაკეტამ დაანგრია

„შესაძლოა დადგეს ეტაპი, როცა ევროენთუზიასტ საზოგადოებას გვეყოლება ევროსკეპტიკი ხელისუფალი“

7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა და 12-პუნქტიანი რეკომენდაცია მიიღო.

17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებდა. ამავე დღეს უკრაინისა და მოლდოვისთვის კომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება 12-პუნქტიან გეგმას და რა როლი აქვთ ამ პროცესში მოქალაქეებს? – „ბათუმელების“ კითხვებს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე პასუხობს.

  • ზუსტად 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროპული პერსპექტივა, ხოლო ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს. თქვენ თვალს ადევნებთ ამ პროცესს, რა გააკეთა ქვეყანამ ამ დროის განმავლობაში ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად?

საქართველოს პარლამენტშია თავმოყრილი ყველაფერი, რაც ხდება ამ მიმართულებით. აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე – ნაკლებად.

დასაწყისისთვის შეიქმნა სხვადასხვა მიმართულების სამუშაო ჯგუფი, სადაც მოიწვიეს როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო საზოგადოება. ამ სამუშაო ჯგუფების მუშაობის შედეგად დაიდო რიგი კანონპროექტები, რომელთა ნაწილი ჯერ არ არის მიღებული.

12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილში არის საკითხები, სადაც ვხედავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. ასევე არის საკითხები, სადაც ნაბიჯები ფორმალურ დონეზეა გადადგმული ან საერთოდ არაა.

ვთქვათ, თუ ავიღებთ მიმართულებას, რომელიც უკავშირდება გენდერულ თანასწორობას, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, კანონმდებლობაში გარკვეული პროგრესი არის. ასევე გარკვეული პროგრესია საქართველოს კანონმდებლობის მოწესრიგების მხრივ, ვგულისხმობ იმას, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები იქნას გათვალისწინებული. მაგრამ არის საკითხები, სადაც პროგრესი ვერ მიიღწა.

მაგალითად, ეს არის ომბუდსმენის არჩევა, პოლიტიკურ პოლარიზაციასა და მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები.

რომ შევაჯამოთ, არის თემები, სადაც რეალურად გადაიდგა ნაბიჯები, არის საკითხები, სადაც პროგრესი, ფაქტობრივად, არ არის და არის საკითხები, სადაც არის პროგრესი, მაგრამ უფრო მეტად ჩარჩოა შექმნილი, ვიდრე შიგნით შევსებულია რაიმე მნიშვნელოვანი შინაარსით.

ვანო ჩხიკვაძე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი
  • 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო 2023 წლის ოქტომბრამდე აქვს. როგორია თქვენი პროგნოზი?

სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი არ მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვნახეთ გასული წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ 12 პუნქტი უკვე შესრულდა, გარდა იმ საკითხებისა, რა საკითხებიც გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და, სავარაუდოდ, მარტის თვეში უნდა იყოს დასკვნა.

ასე, რომ ამ მიმართულებით თუკი უშუალოდ 12 პუნქტის შესრულებაზე მიდგება ჯერი, მე ნაკლებად ველოდები,  რამე დიდი და მასშტაბური იქნება, გარდა ომბუდსმენის არჩევისა. იმიტომ, რომ ომბუდსმენი ჯერ არ არის არჩეული და ეს საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი.

იმედი მაქვს, ხელისუფლება ეცდება იპოვოს ლობისტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას მხარს დაუჭერენ. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ამ მიზნით ექნება ვიზიტები ევროპაში. ეს არის ძირითადად, რასაც ველოდები ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს რამდენად იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამაში არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული.

  • რაც შეეხება მოლოდინებს, ევროკავშირისგან რა მოლოდინები გაქვთ. პროგნოზი…

პროგნოზის გაკეთება ძალიან გამიჭირდება. რეალურად ჩვენ დარჩენილი გვაქვს 7-8 თვე იმისთვის, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღოს. ეს გადაწყვეტილება ბევრ რამეზეა დამოკიდებული – რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით, რა სიტუაცია იქნება თუნდაც უკრაინის მიმართულებით, რა მდგომარეობა იქნება უშუალოდ ევროკავშირში.

ასე, რომ ჯერ ძალიან ადრეა რამე კონკრეტულის თქმა – რამდენად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.

მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის, რომ ამ 12 პუნქტიდან არის საკითხები, სადაც კონკრეტული შედეგის მიღება შეიძლება ახლავე. მაგალითად, იგივე ომბუდსმენის საკითხის მოგვარება შეიძლება. ამ საკითხის მოგვარება გარკვეულწილად დაეხმარება პოლარიზაციის საკითხის მოგვარებას. პოზიტიურად იქნება აღქმული ევროკავშირის თვალში ეს, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება, რადგან ომბუდსმენის არჩევა, როგორც იცით, მოითხოვს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობას.

სახალხო დამცველის არჩევით მეათე პუნქტის საკითხიც შესრულებულად ჩაითვლება – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება. ასე, რომ ომბუდსმენის საკითხის გადაწყვეტა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ არც საქართველოში და არც ევროკავშირში 12-ივე პუნქტის სრულად შესრულებას არავინ ელის. არავინ ელის, რომ ამ წლის ოქტომბერში მართლმსაჯულების სისტემა იქნება სრულიად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ასეთი მოლოდინი არ არსებობს. უბრალოდ, აქ მნიშვნელოვანია ევროკავშირში დაინახონ, რომ საქართველო მოძრაობს სწორი მიმართულებით.

მეორე მხრივ, რასაც ვხედავთ არ არის საიმედო მოლოდინები და განწყობები – ვხედავთ შეტევას დამოუკიდებელ მედიაზე, ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ინდივიდებზე, ადამიანის უფლებების დამცველებზე შეტევას. ასევე ვხედავთ, „ქართული ოცნების“ განშტოება „ხალხის ძალა“ აანონსებს, რომ მიიღებს კანონს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ, რომელიც უშუალოდ შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას.

ასე, რომ ყოველივე ამ პროცესის მიუხედავად, რაზეც თავში ვისაუბრე, განწყობა, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი სრულდება, არ უნდა იყოს.

სამწუხაროდ, დემოკრატიული კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, ვიდრე წინ მიდის.

  •  12 პუნქტის შესასრულებლად რა უნდა გააკეთოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რას უნდა აკეთებდეს და რას არ აკეთებს?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, შეწყდეს ეს თავდასხმები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპელ, დასავლელ პარტნიორებზე. ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობები რაც შეიძლება მალე დარეგულირდეს. ამ კუთხით ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ თუ ჩვენ თავად ვერ ვახერხებთ, იგივე დასავლელ პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება, იქნება ეს ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ურთიერთობა უკრაინასთან, ასე ვთქვათ, მოვაწესრიგოთ.

მესამე საკითხი არის შეხვედრები ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომლებიც გაგვიწევენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ლობირებას.

ეს არის ძირითადი. ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური კურსის განსაზღვრა.

  • რა როლი აქვთ მოქალაქეებს ევროინტეგრაციის პროცესში?

ჩემი აზრით, ახლა ჩვენ შევდივართ ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში: შეიძლება დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანაში იქნება ევროენთუზიასტი საზოგადოება, რომელსაც ეყოლება ევროსკეპტიკი ხელისუფლება. ეს არც თუ ისე სასიამოვნო ფაზაა. აქედან გამომდინარე, მოქალაქეების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ დავინახეთ, რომ მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ არის საკმაოდ მაღალი ქვეყანაში. აქამდე ყველა ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ცდუნება, ყოველთვის ანგარიშს უწევდა საზოგადოებას ამ კუთხით. ასე რომ მოქალაქეების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დარჩნენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მხარდაჭერა ქვემოთ წამოვიდა, შესაძლებელია დადგეს საკითხი, როდესაც ხელისუფლება იტყვის, რომ არამხოლოდ მას [არ უნდა], არამედ მოსახლეობაშიც არ არის ეს დაკვეთა, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ.

ვფიქრობ, პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ამ შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ საქართველოს მოქალაქისგან ისაა, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს მიმდინარე პროცესებზე. არ დაიჯეროს პროპაგანდა და გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელსაც იღებს.

იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, ხშირ შემთხვევაში სამთავრობო ინსტიტუციებიც კი მიმართავენ ხოლმე ანტიდასავლურ პროპაგანდას.

ინფორმაციის გადამოწმება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეები, ადამიანები, ინდივიდები არიან ფაქტობრივად „უკანასკნელი ბასტიონები“ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს ევროპული კურსიდან.

ეს არის ერთი აგურის დადება ამ პროცესში და მინიმუმის მინიმუმი იქნება ის, რომ ეს ანტიდასავლური პროპაგანდა ასე პირდაპირ არ დაიჯეროს.

არ არის აუცილებელი რომელიმე კონკრეტულ რესპონდენტს დაუჯეროს ან რომელიმე ორგანიზაციას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გადაამოწმოს ინფორმაცია და დაიჯეროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარკვეულ ანალიზს გააკეთებს.

ეს ფაზა, რომელსაც ახლა საქართველო გადის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და უაღრესად სახიფათო ველი – შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს ეტაპი, როცა გვეყოლება ევროენთუზიასტი საზოგადოება და ევროსკეპტიკი ხელისუფლება.

ასევე ევროინტეგრაციის პროცესში მედიის როლია უმნიშვნელოვანესი, რომ მოსახლეობას მიაწოდოს მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია, რომელიც გარკვეული პოლიტიკური მოტივებისგან იქნება დაცლილი.

თუკი ჩვენ წავალთ წინ, ევროკავშირისკენ და შევასრულებთ ამ 12 რეკომენდაციას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია არა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამას ჩვენ ევროკავშირისთვის ან კანდიდატის სტატუსისთვის ვაკეთებთ, არამედ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ამის შესრულება უშუალოდ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კარგი.

ეს შეიძლება შევადაროთ სახლის დალაგების პროცესს. ადამიანები სახლს ვალაგებთ და ვაწესრიგებთ არა იმის გამო, რომ ვიღაცა მეზობელს მოეწონება, არამედ გვსურს, რომ დალაგებულ, სუფთა სახლში ვიცხოვროთ.

ვფიქრობ, ასეც შეიძლება ავუხსნათ ეს პროცესი საქართველოს მოქალაქეებს. რეალურად ეს 12 პუნქტი უნდა შესრულდეს არა იმიტომ, რომ ვიღაცას, სადღაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ასე უნდა.

ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და ჩვენთვისაა საჭირო უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. დალაგებულ ქვეყანაში. ამიტომ გვაქვს ეს 12 რეკომენდაცია.

ამ ყველაფერში მარტო კანდიდატის სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს დაეხმარება ქვეყანას უკეთესი ქვეყანა ჩამოყალიბდეს, უკეთესი დემოკრატია ჰქონდეს და უკეთესად იყოს დაცული ადამიანის უფლებები.

ამის მერე თავისთავად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაზე ინფორმაციის მიწოდება.

18 იანვარს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაზი შეუწყდება 235 აბონენტს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 18 იანვრის 14 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში, პუშკინის ქუჩის #162-ში მცხოვრებ ოჯახებს.

გაზმომარაგების განახლება დაიწყება 17 საათზე და სრულად აღდგება 18 იანვრის ბოლომდე.

„სოკარის“ ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარის“ ცნობით, სულ გაითიშება 235 აბონენტი.

კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

სტამბოლში ხეები იანვარში აყვავდა – რა მოყვება „ცრუ გაზაფხულს“

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ხეები და მცენარეები შუა იანვარში აყვავდა, რაც ჰაერის ტემპერატურის სეზონურ ნორმაზე მაღლა აწევითაა გამოწვეული და ექსპერტები მას „ცრუ გაზაფხულს“ უწოდებენ.

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, თურქეთში ჰაერის ტემპერატურა წელს ჩვეულზე მაღალია. სტამბოლში სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დეკემბერსა და იანვარში დაფიქსირდა და 10 ცელსიუს გრადუსს გადააჭარბა.

„ცრუ გაზაფხულს“ ბუნებაზე ნეგატიური გავლენა ექნება. სტამბოლის უნივერსიტეტის სატყეო, ნიადაგმცოდნეობისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი დოგანაი ტოლუნაი „დეილი საბაჰთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სეზონური ცვლილებები ბოლო წლებში უფრო გახშირდა.

„მაშინ, როცა ცრუ გაზაფხული მხოლოდ ათ წელიწადში ერთხელ დგებოდა, ახლა ყოველ 2-3 წელში მეორდება.

ცრუ გაზაფხული უჩვეულო ტემპერატურით აგროწარმოების შემცირების მიზეზი ხდება. შესაბამისად, ჩვენ უფრო ხშირად აღმოვჩნდებით ისეთი მოვლენების პირისპირ, როგორიცაა შტორმი და ტყის ხანძარი“, – ამბობს პროფესორი და აღნიშნავს, რომ ეს ეკონომიკაზეც აისახება.

ტოლუნაის თქმით, მცენარეები იმიტომ აყვავდა, რომ „გაზაფხული ეგონათ“, აყვავების დაწყება კი სეზონში დიდი ცვლილების მანიშნებელია.

პროფესორი განმარტავს, რომ ნორმალურ პირობებში სტამბოლში ჰაერის ტემპერატურა ნოემბერში იწყებს კლებას და შესაბამისად მცენარეები გადადიან ჰიბერნაციის, გამოზამთრების რეჟიმში, მაგრამ როგორც კი ტემპერატურა 10 ცელსიუს გრადუსს აჭარბებს, ისინი გაზაფხულის მაგვარ პირობებში დგებიან, ფეთქდებიან და ყვავიან.

პროფესორი ტოლუნაი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ დაფიქსირდა 2021 წლის იანვარში, მანამდე კი – 2010 წელს. შესაბამისად, იგი მიუთითებს, რომ ბუნების ამ ფენომენის შემთხვევებმა თანდათან დაიწყო მატება და ეს „კლიმატის ცვლილების ნიშანია“.

ტოლუნაის თქმით, „ცრუ გაზაფხულის“ შემდეგ ტემპერატურის უეცარ ვარდნას შეიძლება ლეტალური შედეგი ჰქონდეს მცენარეებზე.

„ეს ბოლო 72 წელიწადში ყველაზე ცხელი ზამთარი იყო, რეკორდი მოიხსნა. ტემპერატურის მატება გაგრძელდა იანვრის პირველ კვირაში, ჩვეულებრივზე ბევრად მაღლა“ – ხაზგასმით აღნიშნავს ტოლუნაი და ასევე ამ საკითხს უკავშირებს ბოლო რამდენიმე კვირის დღის წესრიგში არსებულ სხვა მთავარ საკითხებსაც, კერძოდ, ნალექსა და გვალვას.

დაბალმა ნალექმა, რომელიც თურქეთის უმეტეს რაიონებში მინიმალურ დონეზეა, გამოიწვია კაშხლებზე წყლის დონის შემცირება ბევრ რაიონში, მათ შორის, სტამბოლსა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში. ალიბეიკოის (ალიბეი) კაშხლის, სტამბოლის წყალმომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კაშხლის წყლის დონე უნალექობის გამო ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა – იტყობინება Anadolu Agency (AA).

ტოლუნაიმ ასევე აღნიშნა: „სეზონების სწრაფი გადასვლის გამო ჩვენ ვხედავთ გაზაფხულის სეზონის შემცირებას და პირდაპირ გადასვლას ზამთრიდან ზაფხულში. რადგან გაზაფხულზე ნალექი არ არის ან ნაკლებია, მცენარეების განვითარება ნელდება და ისინი არ იზრდებიან ისე, როგორც საჭიროა.

ეს სეზონური ძვრები გავლენას ახდენს ყველა სექტორზე, განსაკუთრებით კი – სოფლის მეურნეობაზე“.

_____________

ფოტო: „დეილი საბაჰი“

დნიპროს ტრაგედია – ისტორიები სახლიდან, რომელიც რუსულმა რაკეტამ დაანგრია

წყარო: bbc. com 

____________________

შაბათს, 14 იანვარს, ნაშუადღევს, დნიპროში, ცენტრალური უკრაინის ქალაქში, სადაც თითქმის მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საჰაერო განგაშის ხმა გაისმა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის 325-ე დღეს მოქალაქეები მიეჩვივნენ საჰაერო განგაშის ხმას და უკრაინელ ჩინოვნიკებს დილიდან დასჭირდათ შეხსენება: „სარაკეტო დარტყმის საფრთხე შენარჩუნებულია. მოგიწოდებთ, არ უგულებელყოთ სიგნალი, დარჩეთ თავშესაფრებში“.

დაახლოებით სადილის დროს დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი ლუკაშუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ უკვე ჩამოაგდო რამდენიმე რაკეტა. „კატეგორიულად გთხოვთ, არ გამოაქვეყნოთ საჰაერო თავდაცვის ოპერაციის ან, ღმერთმა ნუ ქნას, რაკეტის დაცემის კადრები საჰაერო თავდასხმის დასრულებამდე“, – მიმართა ლუკაშუკმა ადგილობრივ მოსახლეობას. „დნეპროპეტროვსკი არის ფრონტის წინა ხაზზე. ოკუპანტები ეძებენ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემებს და შეეცდებიან დარტყმას ნებისმიერ პირობებში. საჰაერო თავდაცვა ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და სიცოცხლეა“.

განგაშის ხმა გაისმა ქალაქის „რაკეტების პარკშიც“, სადაც პირველი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტების მოდელებია განთავსებული. ამ რაკეტებს დნიპროს ქარხნებში აწყობდნენ. ქალაქი 90-იან წლებამდე უცხოელებისთვის დახურული იყო, ეს იყო სსრკ-ს თავდაცვის, სამხედრო და კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი.

საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა „პობედას“ უბანშიც. დნიპროს ეს რაიონი 50 წლის წინ ააშენეს. 1983 წელს არქიტექტორებმა, რომლებმაც „პობედა“ დააპროექტეს, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიიღეს, ტერიტორია კი ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლთა სიაში შეიტანეს.

ეს ახლაც დნიპროს საუკეთესო უბნად მიიჩნევა – მწვანე, ფართო, ცენტრამდე ავტომანქანით ათი წუთის გზაა, ახლოსაა მდინარე და ახალი სკვერი შადრევნითა და ფერადი, ლაზერული შოუთი საღამოობით. „პობედა“ 9, 12 ან 16-სართულიანი სახლებითაა გაშენებული. ტიპურ 9-სართულიანში 16 სადარბაზოა, დაახლოებით 1700 მცხოვრებით. მთავარი ქუჩები – გმირების გამზირი, დიდების ბულვარი, გამარჯვების სანაპირო. სახელი ყველას მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების პატივსაცემად უწოდეს.

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 

14 იანვარს სახლებში ბევრი ხალხი იყო – შაბათი იყო, დასვენების დღე.

სახლში იყო დნიპროს მცხოვრების, ევგენი გალიჩის 89 წლის ბაბუა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. მასთან ერთად ცხოვრობდა მისი ქალიშვილი, სამი შვილის დედა, რომლის ერთი შვილი ახლა ფრონტზეა. შაბათს, ნაშუადღევს, ის საქმეებზე გავიდა სახლიდან.

სანამ ვეტერანი ტელევიზორს რთავდა და ჩაის ამზადებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის კურსკის რეგიონიდან ბომბდამშენი „ტუ-22“ აფრინდა და ხუთიდან ერთი ფრთოსანი რაკეტა – Х-22 გაუშვა, რომლითაც იმ დღეს რუსეთმა უკრაინას შეუტია.

რაკეტამ, რომლის წონაც ათას კილოგრამამდეა, იფრინა დაახლოებით 450 კილომეტრი და მოხვდა ცხრასართულიან შენობას „პობედას“ უბანში. როგორც მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ გააჩნია საზენიტო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება.

დაახლოებით 16:15 საათზე მეორე მსოფლიო ომის 89 წლის ვეტერანის სახლში გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა.

ვეტერანი საავადმყოფოში გამოფხიზლდა თავსა და ხელზე ჭრილობებით. გალიჩის შვილიშვილმა მისი სისხლიანი სახე გადაიღო და ინსტაგრამზე გამოაქვეყნა: „ეს ჩემი ბაბუაა, რომელიც თითქმის 90 წლისაა, ომს გადაურჩა და ახლა ისევ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს. დაე, ხალხმა ნახოს და იცოდეს, მტერიც კი არ იმსახურებს იმ ტკივილს, რასაც განიცდიან ჩვეულებრივი პენსიონერები“.

ფოტო: instagram

ერთი დღის შემდეგ ვეტერანის მდგომარეობა ექიმებმა შეაფასეს, როგორც სტაბილური, მაგრამ საავადმყოფოში დატოვეს შემდგომი დაკვირვებისთვის. მოხუცის სახლი მთლიანად დაინგრა, მისმა შვილიშვილმა გამოაცხადა, რომ თანხას აგროვებს ბაბუისა და დედის ახალი საცხოვრებლისთვის.

  • კრივის მწვრთნელი

რაკეტამ გაანადგურა მთელი სადარბაზო, 72 ბინა, სადაც თითქმის 200 ადამიანი იყო რეგისტრირებული.

ერთ-ერთი დანგრეული ბინის ფოტო – ნარინჯისფერი სამზარეულო, ვაშლები მაგიდაზე, ერთი კედელი აღარ არის – მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ამ ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი კრივში მიხეილ კორენოვსკი. „შესანიშნავი ადამიანი, მიხაილ მიხაილოვიჩ კორენოვსკი. ადამიანი ლეგენდა, რომელმაც აღზარდა ბევრი კარგი სპორტსმენი, ჩემპიონი…” – დაწერეს დნიპროს ადგილობრივ ტელეგრამის არხზე.

შაბათს, დილის შეჯიბრის შემდეგ, მწვრთნელი ბინაში ავიდა, ოჯახი მას ეზოში ელოდა. 15 წუთის შემდეგ მისი ორი გოგონა დარჩა მამის გარეშე, ცოლი კი – ქმრის გარეშე. ახლა მათ არა მარტო არავისთან დაბრუნება არ შეუძლიათ, არამედ წასასვლელიც არსად აქვთ – ბინა დანგრეულია.

ნარინჯისფერი სამზარეულო. იან დობრონოსოვის ფოტო. წყარო: bbc.com

კორენოვსკის შვილებთან ერთად სახლთან კიდევ ორი სხვა მოსწავლე იდგა – 14 წლის კაროლინა და 9 წლის მაქსიმი. ნახევარი წლის წინ მათმა მშობლებმა, ირინა და მაქსიმ შევჩუკებმა, შვილებს ხელი მოჰკიდეს და დნიპროში გადმოვიდნენ, მუდმივი სროლისგან თავის დასაღწევად. ბინა „პობედას“ უბანში იქირავეს. შაბათს, სამი საათის შემდეგ, ოჯახი სასეირნოდ მიდიოდა და შვილები დედ-მამას ქუჩაში ელოდნენ.

ვეღარ დაელოდნენ.

ბევრი ასეთი ადამიანი იდგა შაბათს, ნასადილევს, ცხრასართულიანი სახლის წინ. ისმოდა დედების გოდება, წყევლა შეძახილებით – „ეს არის რუსნია!“, ბავშვების ტირილი. იქ იდგა კორენოვსკის ერთ-ერთი მეზობელი, მარტოხელა დედა. სადილამდე იგი ოთხი წლის შვილთან ერთად სასეირნოდ გავიდა. აფეთქების შემდეგ მათ მხოლოდ საბავშვო ეტლი და ქურთუკი დარჩათ.

იქ იდგა რომანიც თავის ფეხმძიმე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ექვსი თვის წინ ისინი ტორეცკში ცხოვრობდნენ. რომანის პურის საცხობი ქალაქს პურითა და ფუნთუშით ამარაგებდა, სამ ცვლაში მუშაობდნენ, მაგრამ დაბომბვა სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდებოდა და ოჯახი დნიპროში გადავიდა საცხოვრებლად.

14 იანვარს რომანი ცოლ-შვილთან ერთად ეკლესიაში წავიდა, რომანის 73 წლის დედა კი სახლში დარჩა. სახლთან დაბრუნებული რომანი ტელეფონით მდუმარედ იღებდა ბოლში გახვეულ სახლის ფრაგმენტებს.

იქვე იდგნენ ნგრევის შედეგად დაღუპული მეგობრების, სტომატოლოგებისა და მოხალისეების – ირინა სოლომატინასა და ოლგა უსოვას ნათესავები.

გაზაფხულზე სოლომატინა 13 და 6 წლის შვილებთან ერთად ცოტა ხნით პოლონეთში ცხოვრობდა, მაგრამ უკრაინაში დაბრუნდა. უსოვა სამი წლის ბიჭის დედა იყო, წარმოშობით დონეცკიდან. ისინი ერთად მუშაობდნენ მოხალისე სტომატოლოგთა ჯგუფში, სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსით გადაადგილდებოდნენ სამხედროების სამკურნალოდ.

14 იანვარს მეგობრებმა ჩაუარეს სახლს, რომელსაც რაკეტა მოხვდა და დაიღუპნენ.

იქ იდგნენ 15 წლის მარია ლებედის დედა და ძმა. ქალი სამსახურში იყო, როცა ბინა, სადაც მისი შვილი იყო, რაკეტის დარტყმისგან დაინგრა.

მეცხრე ა კლასის მოსწავლე ცეკვის კლუბში დადიოდა, სკოლაში კი მოსწავლეთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. იგი 16 იანვარს დაკრძალეს.

იქ იდგნენ 17 წლის მაქსიმ ბოგუცკის ნათესავები. გასულ წელს მან საშუალო სკოლის დამთავრება აღნიშნა.

  • ოჯახი მარიუპოლიდან 

2022 წლის ოქტომბერში „პობედას“ ცხრასართულიან სახლში ახალი მცხოვრებლები შევიდნენ: დედა, ბებია და რუსანა ბაბკინას უმცროსი და. ისინი მარიუპოლიდან არიან. ომის პირველივე დღეს რუსანას მშობლები და მისი საქმრო შეუერთდნენ მარიუპოლის დაცვას და იქ დარჩნენ ბოლომდე.

თავად ბაბკინა ბებიასთან ერთად მარტის ბოლოს ოკუპირებული მარიუპოლიდან გაიქცა დნიპროში. მისი 19 წლის უმცროსი და, ლიანა, მუდმივი სროლის ქვეშ მყოფი ხარკოვიდან ჩამოვიდა, მატარებლის მეორე კლასის ვაგონში ფეხზე მდგარი და დაღლილობისგან გონების დაკარგვამდე მისული.

ბაბკინების მშობლები რუს სამხედროებს მხოლოდ მაისში ჩაბარდნენ, უკრაინის გენშტაბის ბრძანების შემდეგ დატოვეს აზოვსტალი და ჩააბარეს იარაღი, – დაწერა რუსანამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. დედამისი გაათავისუფლეს „ქალთა გაცვლის“ ფარგლებში სულ რაღაც ოთხი თვის წინ, ოქტომბერში. იგი დნიპროში წავიდა თავის ქალიშვილებთან და უკვე იქ გააგრძელა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახური.

ოჯახმა ორი ბინა იქირავა „პობედას“ სანაპიროზე მდებარე სახლში, ერთ სადარბაზოში.

14 იანვარს რუსანას დედა გაცივდა, სამხედრო ნაწილში მორიგეობა გააცდინა და სახლში დარჩა. მისი უმცროსი ქალიშვილი სახლს ალაგებდა, ბებია კი სამზარეულოში ჩებურეკების შეწვას ამთავრებდა.

ოთხი საათი დაწყებული იყო, როცა მათ რუსანამ დაურეკა – იგი ოდესაში იყო საქმეებზე. „ბოლოს დედაჩემს ტელეფონით 15:07 საათზე ვესაუბრე. „მშვიდად ვართ, დაისვენეო“, – დაწერა გოგონამ ფეისბუქზე. მას შემდეგ არც ერთი ქალის ტელეფონი არ პასუხობს. რუსანას დედა, და და ბებია უგზო-უკვლოდ დაკარგულებში არიან.

რუსანას მამა და საქმრო კვლავ რუსეთში, ტყვეობაში არიან. მათი სახლი მარიუპოლში განადგურდა. რუსანამ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახზე ჩანაწერი ფეისბუქზე შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „სიძულვილით რუსებისადმი – რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ ახლა და ჯერ არ დაბადებულან“.

  • ანასტასია შვეცი

9-სართულიანი კორპუსის კიდევ ერთმა მცხოვრებმა, 23 წლის ანასტასია შვეცმა, თებერვალში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე დაამთავრა დნიპროს საბაჟო-ფინანსური უნივერსიტეტი. 2022 წლის სექტემბერში მან საქმრო დაკარგა, ის ფრონტზე მოკლეს.

„მე არ ვცხოვრობდი, დროში ვარსებობდი, ვცდილობდი შევგუებოდი, რომ ჩემი მამაცი ვლადი აღარ არის…“, – წერდა გოგონა თავის ინსტაგრამზე.

შაბათს ის სახლში იყო მშობლებთან – ნატალია და მაქსიმ შვეცებთან ერთად. დედამისი ორგანიზაციის – „კატები ეძებენ სახლს“ – მოხალისე იყო, „სუპერ ნათელი ადამიანი“, მან გადაარჩინა „კატების სიცოცხლე და ბედი“, – წერენ მასზე კოლეგები.

ოჯახური დღე იყო: „მახსოვს, მამაჩემის სულელური ხუმრობები. დღეს როგორ გადავუღეთ ლეკვებს ფოტოები მე და დედაჩემმა. დედას დამზადებული უდონი ვჭამეთ”.

შემდეგ კი რაკეტა მოფრინდა.

„საწოლში კარი დამეცა, სამზარეულოს ნაწილი ოთახშია, აღარ არის სააბაზანო, სამზარეულო, დერეფანი და საკუჭნაო, იქ უფსკრულია და ვხედავ სადარბაზოს ნაწილს, სხვა სადარბაზოს“, – უამბო შვეცმა ჟურნალისტებს.

იგი გადაურჩა აფეთქებას და ფაქტობრივად, ფოტოკორესპონდენტების კამერების წინ გადარჩა. მსოფლიომ ჯერ დაინახა, როგორ ზის ის მარტო, საკუთარი ბინის ნანგრევებში, შემდეგ კი როგორ გადაჰყავთ მაშველებს უსაფრთხო ადგილას. შვეცს ხელში პლუშის დინოზავრი და საახალწლო ნაძვის ხის „წვიმა“ ეჭირა.

ანასტასია შვეცი დნიპროში დანგრეული სახლის ნანგრევებში. ფოტო: hromadske.ua

„ვლადმა გადამარჩინა, მე თითქმის მთელი ვარ, მიუხედავად ჭრილობისა ჩემს თავზე და გადაყვლეფილი ფეხებისა. არ ვიცი, სად არიან ჩემი მშობლები. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სამზარეულოში იყვნენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. გადარჩენა არ მინდოდა, მშობლების პოვნა მინდოდა. ვხვდები, რომ კატა „რიჩარდი“ უკვე აღარ არის, საეჭვოა, რომ გადარჩა. მშობლებთან მინდა. მტკივა. საერთოდ, ვარსებობ?“

  • ანტონი და ევა 

21 წლის ანტონმა ევას ახალ წელს დაქორწინება შესთავაზა. შეთანხმდნენ, რომ გაზაფხულზე იქორწინებდნენ. 14 იანვარს ანტონი ავტომანქანით მივიდა ევას სახლთან და ტელეფონით ესაუბრა. ახალგაზრდა კაცი სადარბაზოდან 300 მეტრში იმყოფებოდა, როცა რაკეტა ცხრასართულიან შენობას მოხვდა. ზარი გაითიშა.

ანტონი შენობისკენ გაიქცა. „როცა მივედი, ბეტონის ნანგრევები დავინახე. დაინგრა მთელი მერვე სართული, სადაც ის ცხოვრობდა. იქ ავძვერი, არ დაველოდე მაშველებს. იქ, სადაც კედლები არაა და მაცივარი დგას“, – უამბო მან უკრაინულ გამოცემა 056.ua-ს.

„ყველაფერი ალში იყო გახვეული. მაშველები ყვიროდნენ, რომ ჩამოვსულიყავი, მე კი იქ ვდგავარ, შიშველი ხელებით ვწევ ბეტონის ფილებს და მას ვეძებ. შემდეგ იქიდან უკვე სამხედროებმა გამიყვანეს, მეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა გაზი აფეთქებულიყო“, – ამბობს ანტონი.

იგი ზედიზედ 5 საათის განმავლობაში მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში. ამ დროში მაშველებს სხვა დაზარალებულების პოვნაში დაეხმარა.

„ავტომობილთან, ბეტონის ფილის ქვეშ დაჭრილი კაცი ვიპოვეთ, ექიმებს ელოდნენ. სადარბაზოსთან ახლოს ბებია ამოთხარეს ნანგრევებიდან, შემდეგ კი მე უკვე მხოლოდ დაღუპულებს ვპოულობდი – ცხედრებსა და ნაშთებს“, – თქვა ბიჭმა.

ღამით მას ძალა გამოეცალა. გამოვიდა ნანგრევებიდან, ერთი საათის შემდეგ კი დაურეკეს და უთხრეს, რომ ევა იპოვეს, ცოცხალი.

„ის გზის მხრიდან, ნანგრევების ქვეშ იყო, სადაც არ გვიშვებდნენ, რადგან იქ ავტომანქანები აფეთქდა. მასთან მისვლა ვერ მოხერხდა, რადგან თაღი სპეციალური ტექნიკით იყო გადაკეტილი”, – ამბობს ანტონი.

გოგონა რეანიმაციაში გადაიყვანეს. საქმრო მიიჩნევს, რომ ევა ცოცხალი დარჩა იმის გამო, რომ აფეთქების ტალღამ ტიხრებთან ერთად მერვე სართულიდან ისროლა და ზემოდან მას ბეტონის ფილების ნარჩენები დაეფარა.

„ახლა ის რეანიმაციაში, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გონზეა, მაგრამ მასთან არავის უშვებენ. მეც მხოლოდ 2 წუთით შემიშვეს“, – ამბობს ანტონი.

ანტონთან ერთად ნანგრევებს წმენდდა 31 წლის სამხედრო მაქსიმ ომელიანენკოც. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ის მწვრთნელად მუშაობდა, შემდეგ იბრძოდა ხერსონში, ახლა კი, უკრაინული გამოცემა Hromadske.ua-ს ცნობით, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილს – ბახმუტს იცავს.

დნიპროს დაბომბვამდე რამდენიმე კვირით ადრე იგი სამხედრო სამსახურზე ამბობდა: „თუ ახალგაზრდა მოვკვდები, პირობას ვდებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არავინ ცხოვრობს სამუდამოდ, მაგრამ იმედი მაქვს, როცა ჩემი წასვლის დრო მოვა, წავალ ღიმილით. ეს მოგზაურობაა, მადლობელი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიცხოვრო და ვისწავლო ტკივილისგან“.

როცა საკუთარ სახლში ტრაგედიის შესახებ შეიტყო, იგი დნიპროში წავიდა. ნანგრევებში აღმოჩნდა დედამისი ლუდმილა, ძაღლი და კატა. დედა გადარჩა დანგრეულ სამზარეულოში.

ფოტო მაქსიმ ომელიანენკოს ინსტაგრამიდან
  • ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ

დნიპროში მეორე დღეა მაშველები მუშაობენ ნანგრევებში, რაც 72 ბინიდან დარჩა. ბეტონის ფილების ნარჩენები და მზიდი კონსტრუქციები ავეჯს, ტანსაცმელსა და სანტექნიკას შეერია.

ნანგრევების დალაგებისას მაშველები ნელ-ნელა ყრიან ნაწილებს, ყურს უგდებენ ხმებს და ფანრებს ნაპრალებში ანათებენ. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ისევ იყვნენ ადამიანები.

დნიპროში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. მათგან 38 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 4 ბავშვია. ასევე, იპოვეს ადამიანის სხეულის სამი ფრაგმენტი. 30 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია. 75 ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 14 ბავშვი.

ქალაქი გლოვობს.

ფოტო: hromadske.ua

______________

სტატიის თარგმანი ქვეყნდება მცირე შემოკლებით.

მთავარი ფოტო: ანასტასია შვეცი დნიპროში დანგრეული სახლის ნანგრევებში. ფოტო: hromadske.ua

„აიღო 2400 ლარი“ – სუსი ბათუმის მერიის თანამშრომლის დაკავებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის, გიგა ხ.-ს დაკავებაზე, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან.

სუს-ის ინფორმაციით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა ქრთამის სახით 2400 ლარი აიღო და ეს უკავშირდებოდა ბათუმში, „კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევას“.

სუს-ის ინფორმაციით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღების დროს დააკავეს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

როგორ შეიცვალა ბათუმი 2009 წლიდან 2022 წლამდე | ფოტო

ამ სტატიაში გაჩვენებთ, როგორ შეიცვალა ბათუმის ლანდშაფტი 2009 წლიდან 2022 წლამდე. ფოტოების წყაროა პროგრამა Google Earth Pro. ფოტოს შუაში თეთრი ნიშნულის მარცხნივ და მარჯვნივ გადაჩოჩებით შეძლებთ დაინახოთ სხვაობა.

პირველ ფოტოზე ხედავთ წრიულს, სადაც ერთმანეთს უკავშირდება აეროპორტის გზატკეცილი, ანგისის, კობალაძის, აბუსერიძის, კაჭარავას და აღმაშენებლის ქუჩები, ასევე, წრიულის მიმდებარე ტერიტორიას:

ახალი ბულვარის ტერიტორია:

არდაგანის ტბისა და ჟიული შარტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია:

ნურიგელის ტბისა და ბათუმის სახელმწიფო უნისვერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია:

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაზე, ცოლისა და შვილების ცემაზე კაცს 16 წელი მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ გერის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ქმედების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარის ფაქტებზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ  ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს, ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, მათ შორის, ორსულობის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოკვლით ემუქრებოდა მას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს. ასევე იგი ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვან დაზარალებულს სისტემატურად  აუპატიურებდა“, – წერს პროკურატურა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის (სისხლის სამართლის კოდექსის  11-ე პრიმა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (4 ეპიზოდი); არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების, (11-ე პრიმა, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (3 ეპიზოდში)); ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვნების მიმართ და თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ცემის, (126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2 ნაწილის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით), სისტემატური ძალადობის (11-ე პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით) და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე (11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ამავე განაჩენით ბრალდებული ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდში, გაამართლა გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე.

ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

„ვაგნერის“ დამფუძნებელ პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვას შორის დაპირისპირება ღრმავდება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსების ბოლო ანგარიში რუსეთის სამხედრო საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას მიმოიხილავს. ISW-ის ანგარიშის მიხედვით, „ვაგნერის“ დაჯგუფების დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა, რამდენადაც თავად რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ უარყო პრიგოჟინის განცხადებები სოლედარის აღებაში „ვაგნერის“ როლთან დაკავშირებით.

კრემლი კვლავაც საჯაროდ უარყოფს „ვაგნერის“ დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 12 იანვარს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის აღება მხოლოდ „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლების დამსახურებაა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 15 იანვარს ჟურნალისტების მიერ სოლედარში რუსეთის წარმატებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ფრონტზე წარმატება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის გეგმების დამსახურებაა.

ეს განცხადება სახელმწიფოს კონტროლირებადი ტელევიზიით გადაიცა. იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე პუტინი თავს იკავებდა უკრაინაში ტაქტიკურ წარმატებებზე კომენტირებისგან, სავარაუდოდ მიზნად ისახავდა რუსულ საინფორმაციო სივრცეში პრიგოჟინის გავლენის შესუსტებას.

შესაძლებელია პუტინმა ამით ხაზი იმასაც გაუსვა, რომ მაშინ, როდესაც პრიგოჟინი აგრძელებს ტელეგრამსა და სხვა სოციალურ ქსელებში აუდიტორიის ზრდას, ის [პუტინი] კვლავაც აკონტროლებს რუსულ ტრადიციულ მედიას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 იანვრის ყოველდღიურ ბრიფინგზე, სავარაუდოდ, განზრახ არ ახსენა „ვაგნერის“ დაჯგუფება და განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფები და საჰაერო-სადესანტო ჯარები უტევენ უკრაინულ პოზიციებს ბახმუტის გარშემო.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა შესაძლოა ირიბად ბრალი დასდო პრიგოჟინს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და „ვაგნერს“ შორის კონფლიქტის განზრახ გამოწვევაში.

პესკოვმა სცადა გაეფანტა ცნობები პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, როდესაც 16 იანვარს განაცხადა, რომ ეს ცნობები „საინფორმაციო მანიპულაციის პროდუქტია“. პესკოვის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მანიპულაციები ძირითადად რუსეთის „მტრებისგან“ მოდის, კრემლს ასევე ჰყავს „მეგობრებიც“, რომლებიც იმავენაირად იქცევიან.

პესკოვის ეს განცხადება შესაძლოა ფარულად მიემართებოდა პრიგოჟინს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო თავხედურად აკრიტიკებს.

პრიგოჟინი აგრძელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პუტინთან დაკავშირებული აქტორებისადმი რწმენის შერყევას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პრიგოჟინს შორის კონფლიქტის შესახებ პესკოვის განცხადებაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხისას პრიგოჟინმა პირდაპირ აღნიშნა, რომ მას არ აქვს მიზეზი, პესკოვს არ ენდოს. პრიგოჟინს შეეძლო უბრალოდ უარეყო ცნობები კონფლიქტის შესახებ, მაგრამ ნაცვლად ამისა, გააგრძელა თავისი ბუნდოვანი გზავნილების ტაქტიკა, რათა გამოეწვია დამატებითი დისკუსიები რუსულ საინფორმაციო სივრცეში.

ეს, თავისთავად, მიზნად ისახავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პუტინისადმი ნდობის შერყევას. 15 იანვარს პრიგოჟინმა ასევე გადასცა მედლები „ვაგნერის“ მებრძოლებს სოლედარის აღებისთვის, მათ შორის. სიმბოლურად დააჯილდოვა მებრძოლი, რომელმაც მანამდე სიმამაცის მედალი პუტინისგან მიიღო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 15 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი „გადამწყვეტ ფაზაშია“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომი ფინალურ ფაზაშია ან რომ რუსული ძალები გეგმავენ გამოიყენონ ყველა რესურსი.

15 იანვარს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიაგამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები იაზრებენ არსებულ სიტუაციას და უნდა „მოამარაგონ უკრაინა იარაღით, რომელიც მას გამარჯვებისთვის სჭირდება“.

სტოლტენბერგის განცხადება თანხვედრაშია ISW-ის 15 იანვრის შეფასებასთან, რომ კრემლი 2023 წელს სავარაუდოდ აპირებს გადამწყვეტ მოქმედებას. სტოლტენბერგის განცხადება არ გულისხმობს, რომ ეს არის ომის ფინალური ფაზა ან რომ რუსეთი გეგმავს მთელი შესაძლო რესურსი გამოიყენოს ახლო მომავალში.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, ანდრი იუსოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მის ძალებს არ შეუძლიათ უკრაინის სწრაფად დაპყრობა და ომის გაჭიანურებას განიხილავს. 15 იანვარს ISW-მ აღნიშნა, რომ კრემლი ინარჩუნებს უკრაინის ხელში ჩაგდების გრძელვადიან, მაქსიმალისტურ მიზანს და, სავარაუდოდ, განიხილავს მოქმედების მრავალ კურსს ამ მიზნის მისაღწევად.

ოლაფ შოლცის მუდმივ შფოთვას, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ბირთვულ ესკალაციას გამოიწვევს, სტოლტენბერგი უარყოფს.

სტოლტენბერგის განცხადებით, „ბირთვული იარაღის გამოყენების ეს რისკი დაბალია“ და ქვეყნები, მათ შორის, ჩინეთი, აფრთხილებენ კრემლს, რომ „ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული“. სტოლტენბერგის ეს განცხადება თანხვედრაშია ISW-ის შეფასებასთან – უკიდურესად დაბალია იმის ალბათობა, რომ კრემლი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

რუსმა სამხედრო ბლოგერებმა განაახლეს დისკუსია, რომლის მიხედვითაც, კრემლი აპირებს უკრაინის ხელისუფლებაში ვიქტორ მედვედჩუკი მოიყვანოს

ნაციონალისტი იგორ გირკინი 16 იანვარს ამტკიცებდა, რომ კრემლი იმედოვნებს უკრაინის ალტერნატიული მთავრობის სათავეში მედვედჩუკი დასვას. გირკინმა და კრემლთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა სამხედრო ბლოგერმა, საშა კოტსმა გააკრიტიკეს მედვედჩუკის შესაბამისობა მსგავს თანამდებობაზე. ეს საუბარი წააგავს 2022 წლის დასაწყისში არსებულ მედიასპეკულაციას, რომლის თანახმადაც კრემლის სავარაუდო გეგმა უკრაინიდან გაძევებული ვიქტორ იანუკოვიჩის დაბრუნება იყო.

უკრაინაში რუსეთის გაერთიანებული არმიის მეთაურად რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დანიშვნას რუსი ნაციონალისტურ სამხედრო ბლოგერებში კრიტიკის მნიშვნელოვანი ტალღა არ გამოუწვევია.

სამხედრო ბლოგერები დიდწილად აცხადებენ, რომ გერასიმოვის დანიშვნით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იბრუნებს პასუხისმგებლობას ომზე. ისინი გერასიმოვის დანიშვნას უკავშირებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულ დაძაბულობას, სამინისტროსა და „ვაგნერს შორის კონფლიქტსა და ომში ცუდ მდგომარეობას. სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ გერასიმოვის სამხედრო კარიერია დამოკიდებულია ომის გრძელვადიან შედეგებზე.

ზოგიერთი უფრო კრიტიკულად განწყობილი ნაციონალისტი კი აცხადებს, რომ გერასიმოვის დანიშვნა არის კრემლის უუნარობის მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ გერასიმოვმა ვერ შეძლო შეენარჩუნებინა უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები. სამხედრო ბლოგერებს იმედი აქვთ, რომ გერასიმოვი ითანამშრომლებს თავის წინამორბედ გენერალ სუროვიკინთან, რომელიც ახლა მისი მოადგილეა და აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე.

„გუმბათი ჯგუფმა“ თანამშრომლები შარმ-ელ-შეიხში დასასვენებლად გაუშვა

„გუმბათი ჯგუფმა“ წარმატებული წლის შემდგომ თანამშრომლები შარმ-ელ-შეიხში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაუშვა დასასვენებლად 8 დღით.

„კომპანიის თითოეული წევრი არის ღირებული. გუნდს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ორიენტირებულია კომპანიის წარმატებაზე, კომპანიამაც აუცილებლად უნდა დაუფასოს შრომა,”- ამბობს „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორი ლაშა ბალაძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე მეორედ მოუწყო თანამშრომლებს მსგავსი დასვენება.

სუს-მა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღებაზე დააკავა

გუშინ, 16 იანვარს, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, მონიტორინგის ჯგუფის წევრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია გიგა ხ. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს ქრთამის აღებას ედავებიან.

სუს-ში ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის დაკავებას ადასტურებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არ იციან გიგა ხ-ს დაკავების შესახებ და მოიკითხავენ. თუმცა მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

რუსეთმა დნიპროში დაბომბვაზე იცრუა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 17 იანვრის ანგარიში 14 იანვარს ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისა და გამოყენებული იარაღის ანალიზს ეთმობა. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთმა თითქმის 15-დღიანი პაუზის შემდეგ განაახლა შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმები და უკრაინის წინააღმდეგ ათობით რაკეტა გაუშვა. მსგავს შეტევებზე გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური მანამდეც წერდა და აღნიშნავდა, რომ ასეთი შეტევები ყოველ 7-10 დღეში მეორდება.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, 14 იანვრის დაბომბვის ტალღის მთავარ სამიზნეს კვლავ უკრაინის ელექტროსისტემა წარმოადგენდა, ისევე როგორც 2022 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის რვა ტალღის შემთხვევაში.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა საშუალო ბომბდამშენ Tu-22M3 BACKFIRE-დან [Туполев Ту-22М] გაშვებული Х-22 მსხვილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რამაც მინიმუმ 40 ადამიანი იმსხვერპლა. დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა იცრუა, როდესაც შემთხვევაზე პასუხისმგებლობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტას დააკისრა, რადგან Х-22 აშკარად არაზუსტია სახმელეთო მიზნების წინააღმდეგ, რამდენადაც მისი რადარის სისტემა სუსტია ურბანულ არეალში მიზნების დიფერენცირებაში.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ცნობით, მსგავსი იარაღი იყო გამოყენებული სხვა შემთხვევებშიც, რომლებსაც მასობრივი სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას 2022 წლის 27 ივნისს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ზოგი რაკეტა, მაგალითად, Х-22 შეუფერებელია ზუსტი დარტყმებისთვის, უკრაინის ომიდან მიღებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ რუსეთის შორი დისტანციის თავდასხმების შესაძლებლობების გაუმართაობა ბევრად უფრო ღრმაა და დიდი ალბათობით, მას უჭირს მიზნების დინამიკურად იდენტიფიცირება და ბრძოლის ზარალის სწრაფი და ზუსტი შეფასება.

____

უკრაინული მედია ასახელებს 44 სამხედროს, ვინც დნიპროში კორპუსს რაკეტა ესროლა

ბათუმში მთელი კვირა უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 იანვრის 21 საათიდან 18 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში უნალექო ამინდი 25 იანვრამდე შენარჩუნდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 17 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 116 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
  • ტანკი – 3 121 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 6 215 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 2 104 ერთეული [+5]
  • MLRS – 441 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 286 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 276 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 872 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 877 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 190 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 17 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 372 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 891 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 549 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 984 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 853 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 081 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პენსიონერი პილოტი, რომელიც 17 წლის შემდეგ დაუბრუნდა არმიას – უკრაინის გმირი

მხატვარი, რომელმაც ლაპარაკი და სუნთქვა თავიდან ისწავლა

მხატვარ-დიზაინერმა ელენე რამიშვილმა 12 წლის წინ თავიდან დაიწყო ისეთი ჩვეულებრივი რამეების სწავლაც კი, როგორიცაა სიარული, ლაპარაკი, ყლაპვა და სუნთქვა.

ელენეს მძიმე დაავადება სტრესის შედეგად განუვითარდა.

„აღარც ხელ-ფეხი მიმუშავებდა, მაგრამ ყველაფერთან ერთად რომ არ დამეკარგა საქმეც, რაც მიყვარდა, დავიწყე პატარ-პატარა მძივების ასხმა. ხელები, რომლებიც არ მემორჩილებოდა, ისევ ჩემი გახდა. ასე დავიწყე პატარ-პატარა ნივთების, მერე კი კოლექციების შექმნა.

მინდა, ყველას გავუზიარო გზის თავისებურებები, რაც ვიპოვე. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ შესაძლებელია ამუშავდეს თქვენში ის, რაც არ მუშაობს, თუ ამის ძალიან, ძალიან დიდი სურვილი გაქვთ“, – ამბობს ელენე.

ელენე რამიშვილი, მხატვარ-დიზაინერი
  • ელენე რამიშვილი, მხატვარ-დიზაინერი

თბილისში ვცხოვრობ დიდი ხანია, მაგრამ ბათუმელი ვარ. ბათუმში ყოფილი ტურგენევისა და გორკის ქუჩების გადაკვეთაზე ვცხოვრობდით. ბავშვობიდანვე კარგად ვხატავდი და მყოფნიდა თავხედობა თავისუფალი ფანტაზიორობისთვის. მთელი ჩემი ბავშვობა ხატვასთან და რაღაცების მოფიქრებასთან იყო დაკავშირებული.

ხშირად არც ერთ მასალას ისე არ ვიყენებ, როგორც მას ტრადიციული წესით იყენებენ. მარტო შემოქმედებითი ცხოვრებით რთულია თავის გატანა, მომიწია ვყოფილიყავი ჩინოვნიკიც და ბევრი სხვა რამეც მეკეთებინა, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის მჭირდებოდა, რომ საღებავების ფული მქონოდა.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეში დაკარგოთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ.

ბუნებით მეომარი ვარ, მაგრამ ომთან ყველა ადამიანი ვერ იტანს შენობით ურთიერთობას. დიდ ადამიანურ დანაკარგთან ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა. ყველაფრის დაკარგვასთან შეგუება მარტივი არ არის. შევეგუე, მაგრამ ჯანმრთელობის ფასად.

პარალიზებული ხელ-ფეხის აღსადგენად უნდა მომეგონებინა რაღაც, რაც ფეხზე დამაყენებდა. მხოლოდ თითები მიმუშავებდა. ასე ავაწყე პარალიზებულმა 25-მეტრიანი მძივი და მერე აღარ გავჩერებულვარ.

ნიჭიერება, ჟინიანობა და მიზანსწრაფულობა ძალიან კარგი ნაზავია, შეუძლებელი რომ შეძლო, გადაუყლაპავი რომ გადაყლაპო.

ჩემ ირგვლივ ყველაფერი ლამაზი უნდა იყოს, საშინელებაც კი. ნამუშევრები სიმბოლოებით უნდა იყოს სავსე.

როცა რამე ნივთს ვქმნი, არ ვიცი, ვის სახლში მიდის. მინდა, ჩემმა ნივთებმა, სამკაულებმა, ყველასთან ბედნიერება, სილაღე და ჯანმრთელობა მიიტანოს.

ელენე რამიშვილის ნამუშევარი თავსაბურავი

ეს ჩემი პიროვნული არჩევანია. ადამიანი ერთხელ არ ირჩევს ნათელ ან ბნელ მხარეს დგომას, არჩევანს ვაკეთებთ ყოველწამიერად, ყოველწუთიერად. ყოველ ჯერზე უნდა აარჩიო სინათლე. ცხოვრება არჩევანია.

ნივთები, რომლებსაც შენი ხელები ქმნის, შენგან იწყებენ სამყაროში არსებობას. ნივთები, რომლებიც აქამდე არ არსებობდნენ. ეს ერთგვარი მაგიაა: არ არსებობდნენ და შენ შექმენი. უნდა ვცადოთ, რომ ყველა ჩვენი ნამოქმედარი მშვენიერებით, კეთილი ზრახვებით იყოს დამუხტული. მერე კი ეს ნივთები საკუთარ გზას იპოვიან.

ელენე რამიშვილის ნამუშევარი თავსაბურავი

უკრაინის ომი რომ დაიწყო, თუ რამე ტრიგერი მქონდა, ყველაფერი ერთიანად ამუშავდა და მივხვდი, რომ ამ რეალობასთან თვალის გასწორება გამიჭირდებოდა. როცა ეს ომი დამთავრდება, მშვიდობას სჭირდება ძაფებით დაკემსვა, აკინძვა, გალამაზება, მოპირკეთება იმისთვის, რომ ადამიანმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა შეძლოს.

ომი 3 დღის დაწყებული იყო, როცა დავიწყე თავსაბურავების, ყელსაბამებისა და სამაჯურების სერია – „მედეა“.

ამ გამოფენისთვის 16 მანეკენი მჭირდება. ერთად რომ ვიქირავო, ეს ძალიან დიდი ფულია, მდარე ხარისხის თითო მანეკენი დაახლოებით 7200 ლარი ღირს, მაღალი ხარისხის – კიდევ უფრო ძვირი. ცუდად და უხარისხოდ გაკეთებული არაფერი მიყვარს. ამიტომ არ ვაკეთებ ამ გამოფენას, ფოტოსესიას ვერ ვახერხებ.

ელენე რამიშვილის მძივი

მინდა, ისეთი გამოფენა გავაკეთო, ხელი მოკიდოს ადამიანმა ნამუშევრებს და საკუთარ ისტორიაში იმოგზაუროს. მედეას ღვთაებრივი გენეტიკა აქვს, მზის ღმერთის შვილიშვილია. ჩვენ აღარ ვამაყობთ საკუთარი იდენტობით. რაღაცნაირად დავკნინდით და ბრბოდ ვიქეცით, ეს ჩემ თვალწინ მოხდა.

ქართველი ან სულ ომში უნდა იყოს, ან სულ სიმშვიდეში. როცა ნახევრად ომი, ნახევრად მშვიდობაა, ანუ ისეთი გაუგებარი სიტუაციაა, როგორც დღეს, მაგ დროს ვემსგავსებით ბრბოს.

ჩვენს ერს ერის სახე მაშინ აქვს, როცა სალ კლდესავითაა საომრად მომართული ან როცა ოქროს ხანა უდგას და მშვიდად ვითარდება, რაც იშვიათად გვქონია.

როგორც კი გაუგებარი ნახევრადმშვიდობა დგება, ყველაფერი მნიშვნელოვანი უფასურდება. ერი კარგავს ფერადოვნებას და იქცევა ერთფეროვან მასად, რომელსაც ერთი აზრი აქვს, ერთი რამ მოსწონს, ერთი რამ სწყინს და ერთი რამ უხარია… საშინელებაა, ამაზრზენია.

ტექნოგენურები გავხდით და დავიჯერეთ მხოლოდ პოპკორნის, გენმოდიფიცირებული პროდუქტების, ტელევიზორში გაჟღერებული ამბების, ვაღიარეთ, თითქოს მარტო ეს არის რეალობა და მეტი არაფერი. მე ამის წინააღმდეგი ვარ. მე ვიბრძვი ლამაზი ნივთებით ერთფეროვნების წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება ზღაპრები, მითები, ფერები…

ელენე რამიშვილის მძივი

მე არაფერი ვარ, მე ხელები ვარ, კარტრიჯივით რაღაც ჯდება ჩემში და სიზმრებად, ხილვებად მოდის და იბადება. მერე აცნობიერებ, თუ რას ნიშნავს ბუდისტური მაქსიმა, რომ შენ ხარ არაფერი და ამავდროულად ყველაფერი.

ხელოსანივით დღის გარკვეული მონაკვეთი არ მაქვს გამოყოფილი სამუშაოდ კონვეიერულად.

მხოლოდ შემოქმედებითი იდეით შემიძლია რაღაცების კეთება. თუ რაღაცის შეკვეთა უნდათ, იციან, რომ უნდა მითხრან, რა სურთ და რა ფერის.

მე ვსვამ ადამიანს, ვის გამოც რამეს ვაკეთებ და ვესაუბრები, ან მის ფოტოსურათს ვაკვირდები გონებისთვალით და ვფიქრობ – რა შეეფერება მას. მერე ვიწყებ ნივთის შექმნას.

ჩემთვის სილამაზე ყოველდღიურობის ნაწილია. მინდა, სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც ყოველდღიურობად ვაქციო სილამაზე.

ჩემი ნივთები არიან ჩემივე პატარა ელჩები. მშვენიერების ელჩებად მუშაობენ.

ჩვენი ცხოვრებიდან გაქრა სილამაზე. მაცოფებს ეს გამქრალი სილამაზე, რადგან სინამდვილეში ადამიანებს სჭირდებათ სილამაზე,  სჭირდებათ სპეციალურად მათთვის შექმნილი ნივთები.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კონვეიერულად ვაკეთო რამე. საერთოდაც, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მეც, თქვენც და ვიღაც სხვასაც ერთნაირი გვქონდეს ყველაფერი, ბევრი რამ. რადგან მე, თქვენ და ის სხვადასხვა ადამიანები ვართ.

რა ხდება, როცა ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანი არ მკურნალობს

„მარტო რჩები, როცა შენი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს, საჭირო მედიკამენტების მიღებაზე უარს გეუბნება და პერიოდულად აგრესიული ხდება. გიჩნდება კითხვა: ვინ არის ამ დროს პასუხისმგებელი, ვინ დაგიცავს?“ – ამბობს ნანა გ.

ნანა გ. მეუღლეზე საუბრობს. მან გვიამბო, რა გზის გავლა მოუწიათ, ექიმამდე რომ მისულიყვნენ.

„დაახლოებით 13 წელია აქვს ეს პრობლემა გიორგის [სახელი შეცვლილია]. ბოლოს, 9 აგვისტოს გაიკეთა ნემსი და მას შემდეგ ეს ვეღარ ხერხდება, უბრაზდება ყველას და ხელით იწევს, ვინც ეუბნება, რომ ნემსი უნდა გაიკეთოს…

სახლშიც აღარ ჩერდება, ხან სად არის, ხან – სად. გვირეკავენ, აქ იყოო, ზოგჯერ აგრესიულია სხვებთანაც,“ – გვიყვება ნანა, რომელიც მისი მეუღლის პრობლემის შესახებ გასული წლის დასაწყისშიც გვესაუბრა.

ერთი წლის წინ, „ბათუმელების“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ მობილური გუნდების პროგრამაში ჩართეს. ეს გუნდები პერიოდულად ნახულობენ ბინაზე პაციენტებს, მათ შორის, გიორგის, თუმცა ნანა ამბობს, რომ ზედიზედ 4 თვეა ექიმები გიორგის არ შეხვედრიან. ამ სერვისით ის პაციენტები სარგებლობენ, რომლებსაც სტაციონარში მკურნალობა არ ესაჭიროებათ.

„ბათუმელებთან“ ხელახლა დაკავშირებამდე ნანამ მორიგი ტრაგედიის შესახებ ნახა ამბავი მედიაში – სალიბაურში მამამთილმა რძალი მოკლა, პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ნანა გ. არ მიიჩნევს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მისი მეუღლე სტაციონარში უნდა გამოკეტონ, იგი ითხოვს ყურადღებას და შესაბამის ურთიერთობას კომპეტენტური პირებისგან, ვინც პაციენტის დროულად დახმარებას შეძლებს.

„ზოგადად მობილური გუნდის ექიმი ადგილზე არ მოდის საერთოდ, ექთანს ატანენ ნემსს, რაც უნდა გავუკეთოთ და მიდიან. არანაირი შეფასება არ ხდება, როგორია პაციენტის მდგომარეობა. პერიოდულად გვირეკავენ, მერე მანქანით მოვლენ, მედიკამენტებს ტოვებენ და მიდიან, არც ხვდებიან პაციენტს…

შემდეგ, როცა მკურნალ ექიმს უყვები, რომ პაციენტი არ იღებს მედიკამენტებს, არ იკეთებს ნემსს, გპასუხობს, რომ პაციენტი ადგილზე უნდა მივუყვანოთ კლინიკაში, რადგან ისე ვერაფერს შეცვლის. გიორგი კი ასეთ დროს საერთოდ სახლიდან მიდის.

იძახებ პატრულს, რომ დაგეხმაროს. პატრული ამბობს, რომ მას არ აქვს კომპეტენცია, ვითარება შეაფასოს, განსაზღვროს, კონკრეტული ადამიანი ექვემდებარება თუ არა იძულებით გადაყვანას და გადაიყვანს მხოლოდ მაშინ, თუ ის საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს, ან სხვების ჯანმრთელობას.

პატრული უკავშირდება სასწრაფოს. სასწრაფოს ექიმმა კი, რომელმაც ჩემი ქმარი ქუჩაში ნახა, თქვა, რომ გადაყვანის საჭიროება ვერ დაინახა. მკურნალი ექიმიც გპასუხობს, რომ პაციენტი თავად იღებს თავის ქმედებაზე პასუხისმგებლობას და ის ვერაფერს შეცვლის, თუ პაციენტს ვერ აჩვენებენ,“ – გვიყვება ნანა გ.

მისი თქმით, გიორგი რამდენიმე დღის წინ მოათავსეს BMC-ში. ეს კლინიკა უწევს სამედიცინო მომსახურებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს აჭარის რეგიონში. ნანა გ. გვიყვება, რომ სასწრაფომ და საპატრულომ მას შემდეგ გადაყვანა პაციენტი კლინიკაში, როცა ოჯახი ახლობელ ადამიანს ესაუბრა შსს-ში და დახმარება სთხოვეს, პაციენტი ექიმამდე მიეყვანათ, ექიმმა კი მისი სტაციონარში დატოვება მიიჩნია საჭიროდ.

„ქართლ-ჯიგრულ პონტშიო, რომ იტყვიან, აი, ასე მოხდა საბოლოოდ, ისე ვერაფერი გავაწყვეთ, თვეები გადიოდა.

გიორგი ახლა კლინიკაშია, მაქსიმუმ 3 კვირა შეიძლება გააჩერონ, მეტის უფლება არ აქვთ. მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: ვინმე ხომ უნდა აკონტროლებდეს მსგავსი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პერიოდულად, როცა ის გარეთაა და საჭირო მედიკამენტებს არ იღებს?“ – ნანას ეს კითხვა აწუხებს.

  • რას ამბობენ სამედიცინო დაწესებულებაში?

„ჩვენ არ გადმოგვყავს პაციენტი, გადმოჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს… მოიყვანეს და მივიღეთ, გადის მკურნალობას,“ – ნანა გ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია პრაქტიკულად დაგვიდასტურა ექიმმა, ფსიქიატრმა სერგო ცომაიამ. მან კატეგორიულად გამორიცხა „ქართულ-ჯიგრული პონტი“:

„თავდაპირველად ეტყობა არ გამოუვლენია, როცა გამოავლინა, გადმოიყვანეს… მე არ მისაუბრია სასწრაფოს ექიმთან“, – განმარტა ფსიქიატრმა, როცა მას ვკითხეთ, რით ხსნიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის თავდაპირველ უარს კლინიკაში პაციენტის გადაყვანაზე.

რა რეაგირება ჰქონდა მობილურ გუნდს, როცა პაციენტი ამ სერვისში ფორმალურად ჩასმული იყო, თუმცა პრაქტიკულად არც მედიკამენტებს იღებდა და არც ნემსს იკეთებდა?

„მე პირადად ავედი და გავუკეთე ინექცია, რაც იყო თვეში ერთხელ გასაკეთებელი. ოჯახის წევრებმაც უნდა იზრუნონ, ყოველდღიურად და დღეში სამჯერ ვერ მივა მობილური გუნდი პაციენტთან,“- ამბობს „ბათუმელებთან“ სერგო ცომაია. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მან ვერ გაიხსენა, როდის გაუკეთა ნემსი გიორგის, ან ბოლოს როდის ჰქონდა მას, ან მისი გუნდის სხვა წევრებს კომუნიკაცია გიორგისთან, ვიდრე მას კლინიკაში გადაიყვანდნენ.

„მობილური გუნდი მიდიოდა მასთან სახლში…  შესაძლოა, ამ დროს პაციენტი არ იყოს სახლში, მაგრამ გუნდი მას უწევს მომსახურებას. თუ პაციენტი არ მიიღებს ამ მედიკამენტებს, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, ხომ?! გუნდის წევრები მას უკავშირდებოდნენ მობილურით.

პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ოჯახის წევრები მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ… თუ დატოვა საცხოვრებელი ტერიტორია, რა უნდა გავაკეთოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? მოიყვანენ პაციენტს და მოვახდენთ მის სტაციონირებას, მანამდე ქუჩაში პაციენტს ძებნას ვერ დაუწყებ,“ – გვითხრა სერგო ცომაიამ.

რა უნდა გაკეთებინა ოჯახს, რომელიც პერიოდულად უკავშირდებოდა მას, როგორც გიორგის მკურნალ ექიმს და ეუბნებოდა, რომ იგი საჭირო მედიკამენტებს არ იღებდა, ასევე, პერიოდულად აგრესიას ავლენდა? – ვკითხეთ მას.

„პირველივე ნიშნების ამოცნობისას უნდა მიმართონ [ოჯახმა] ექიმს და სტაციონარს… არავის არ მოუმართავს ჩემთვის, გვიან მომმართეს,“ – თქვა სერგო ცომაიამ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მედიკამენტების მიუღებლობაზე ნანა გ.-ს ნათქვამი შესაძლოა „სუბიექტური შეფასება“ იყოს.

ნანა გ.-ს თქმითვე, მედიკამენტების მიუღებლობას გიორგიც ადასტურებდა.

როცა ექიმებს 4 თვე არ უნახავთ პაციენტი და მხოლოდ მობილურით უკავშირდებოდნენ მას, რა ადასტურებს, რომ მას, მაგალითად, ნემსს უკეთებდა ვინმე? პაციენტი ამბობდა, რომ იღებდა მედიკამენტებს? და თუ არ იღებდა მედიკამენტებს პაციენტი, რეაგირების რა ფორმას მიმართა კლინიკამ? – ამ კითხვების მოსმენის შემდეგ ფსიქიატრმა სერგო ცომაიამ მოგვიბოდიშა, მეტი საუბრის დრო აღარ მაქვსო და დაგვემშვიდობა.

  • მობილური გუნდი პაციენტს უნდა მიყვეს“ – ფსიქიატრთა საზოგადოების ხელმძღვანელი 

„მობილური გუნდი პაციენტს უნდა მიყვეს, ითანამშრომლოს პაციენტთან და მის ოჯახთან,“ – ამბობს ეკა ჭყონია, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ხელმძღვანელი.

მას ვთხოვეთ ამ კონკრეტული შემთხვევის შეფასება, რაც შესაბამისი სამედიცინო პერსონალის და პაციენტის კომუნიკაციის პრობლემას აჩვენებს.

„თუ პაციენტი მკურნალობის რეჟიმს არ ემორჩილება, მაშინ მისი ამოწერა უნდა მოხდეს სერვისიდან. თუ საფრთხის შემცველია, უნდა გადაიყვანონ სტაციონარში. თუ არ არის საფრთხე, რაც კონკრეტული ფაქტორების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, მაშინ არავის აქვს უფლება, პაციენტს მკურნალობა დააძალოს“ – გვითხრა მან.

ეკა ჭყონია განმარტავს, რომ იძულებით გადაყვანის და იძულებით მკურნალობის საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართულია, როცა პაციენტი ქმნის საფრთხეს.

მისი თქმით, ნანა გ.-ს ისტორიის მსგავსი შემთხვევა მასაც მოუსმენია, თუმცა მისი დაკვირვებით, მაგალითად, თბილისში, ძირითადად საწოლების არასაკმარისი რაოდენობის გამო არ გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს პაციენტი შესაბამის კლინიკაში.

„არ არის ძირითადად ადგილები. წარმოიდგინეთ, თბილისიდან გადაჰყავთ პაციენტები ხონში, ბათუმიდანაც გადაჰყავთ… ჩვენთან არც მობილური გუნდებია საკმარისი, არც მედიკამენტები…

ზოგადად ბევრი პაციენტია ასეთი, რომელიც წამალს არ იღებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ,“ – განმარტავს ეკა ჭყონია და რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რომლის გათვალისწინებითაც ექიმმა უნდა განსაზღვროს, რამდენად არსებობს საფრთხე  და იძულებით მკურნალობის საჭიროება. მაგალითად, არის თუ არა პაციენტი ძალადობისკენ მიდრეკილი, წარსულში ჩადენილი დანაშაული და ა.შ.

„თუ არ გადაიყვანა სასწრაფომ, შესაძლოა, არ იყო შესაბამისი ჩვენება, მინიმუმ სასწრაფოს ექიმს აუღია ეს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაიყვანდა პაციენტს და შემდეგ თავად ფსიქიატრიული დაწესებულება მიიღებდა გადაწყვეტილებას,“ – დასძინა ეკა ჭყონიამ.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ იძულებით მკურნალობა თავისუფლების აღკვეთას უტოლდება, ამ დროს გადაწყვეტილებას 72 საათის განმავლობაში სასამართლო იღებს სამედიცინო გუნდის დასკვნის საფუძველზე.

  • „სასწრაფოში სპეციალური გუნდი უნდა დაკომპლექტდეს“ – უფლებადამცველი 

„თუ საფრთხე მყისიერია, ექიმს შეუძლია პაციენტი დაუყოვნებლივ მოათავსოს კლინიკაში, დააკვირდეს 24 საათი და გუნდმა მოამზადოს შეფასება. ამის შემდეგ მიმართავს უკვე დაწესებულება სასამართლოს იძულებით მკურნალობაზე,“ – განმარტავს უფლებადამცველი რამინ მაჭარაშვილი. იგი ორგანიზაციის – „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ იურისტია და წლებია შშმ პირების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

რამინ მაჭარაშვილის დაკვირვებით, პრობლემაა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმების შესაბამისი კომპეტენცია, რაც სირთულეებს ქმნის, როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანს სჭირდება დახმარება:

„სასწრაფოში სპეციალური გუნდი უნდა დაკომპლექტდეს, რომელიც იქნება მომზადებული ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებთან სამუშაოდ. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებთან უნდა იმუშაოს კონკრეტულად ამ გუნდმა, რადგან ყველა ექიმს ვერ გადაამზადებ ფსიქიკურ ჯანდაცვაზე.

ამაზე ბევრჯერ იყო საუბარი, სახალხო დამცველიც ითხოვდა ამას, რადგან ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ კლინიკაში გადაუყვანიათ ადამიანი ადეკვატური მოპყრობის გარეშე, უფლებებიც არ განუმარტეს და გართულდა ადამიანის ემოციური მდგომარეობა. რომ არა ასეთი მოპყრობა, შესაძლოა, მისი ემოციური მდგომარეობა არ გართულებულიყო.

ხელისუფლების პასუხები ძირითადად არის ის, რომ ეს დიდ რესურსს მოითხოვს და ამდენი ფსიქიატრი არ ჰყავთ. ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით არაფერი იცვლება,“ – აღნიშნა რამინ მაჭარაშვილმა „ბათუმელებთან“.

ბათუმში 53 ლიფტს ახლით შეცვლიან – ნახეთ მისამართები

ბათუმში, 36 მისამართზე, 53 ლიფტის ახლით შეცვლაა დაგეგმილი. ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, ლიფტების მონტაჟი წელს უნდა დაიწყოს და 2024 წელში უნდა დასრულდეს.

სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია. პროგრამის მიხედვით კი, შესყიდვის სავარაუდო საერთო ღირებულება, ჯამში, 5 196 924 ლარია.

ამავე პროგრამაში აღნიშნულია, რომ „მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტის დემონტაჟი და ახალი, თანამედროვე ლიფტის მონტაჟი – ხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით: 1% – ამხანაგობა, 99% – მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ადგენს სამმართველო“.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების დაზუსტება და შემდგომ გამოცხადდება ტენდერი“, – მხოლოდ ეს გვითხრეს მერიის სამმართველოში.
ამასთან, „ახალი ლიფტების მონტაჟის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ინსპექტირების სერტიფიკატი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილობითი თანხმობა ლიფტის ტექნიკურად გამართულობისა და მისი ექსპლუატაციაში გაშვების დასაშვებლობაზე.“
მისამართები ბათუმში, სადაც ახალი ლიფტების მონტაჟი იგეგმება [2023-2024 წლებში]:
  • აღმაშენებლის 24 (I სადარბაზო);
  • აღმაშენებლის 16 (II სადარბაზო);
  • აღმაშენებლის 10 (II სადარბაზო);
  • აღმაშენებლის 7 (ძვ. 3)(II სადარბაზო);
  • აღმაშენებლის 5 (ძვ. 7ა) (I სადარბაზო);
  • აღმაშენებლის 28 (I სადარბაზო);
  • ბაგრატიონის 140 (I-II სადარბაზო);
  • ტაბიძის 19 (I-II სადარბაზო);
  • გ. ბრწყინვალის 45ა (I-II სადარბაზო);
  • ტაბიძის 37 (I-II-III სადარბაზო);
  • შ. ხიმშიაშვილის 27 (I-II-III სადარბაზო);
  • შ. ხიმშიაშვილის 37 (II-III სადარბაზო);
  • ტბეთის შეს. 3 (I სადარბაზო);
  • პუშკინის 125/127 (II სადარბაზო);
  • პუშკინის 129 (I -III სადარბაზო);
  • გორგასლის 159 (I სადარბაზო);
  • გორგილაძის 80/2 (I-II-III-IV სადარბაზო);
  • თამარ მეფის გამზ 5 (სამგზ.);
  • ინასარიძის 24 (III სადარბაზო);
  • გრიშაშვილის I ჩიხი 1 (II სადარბაზო);
  • ჯავახიშვილის 74ა (I სადარბაზო);
  • აღმაშენებლის 18 (I-II სადარბაზო);
  • გორგილაძის 54 (VII სადარბაზო);
  • შ. ხიმშიაშვილის 17 (I-II სადარბაზო);
  • ტაბიძის 21 (I -II სადარბაზო);
  • ლეონიძის 4ბ (სამგზ. სატვ.);
  • ტაბიძის 25 (I-II სადარბაზო);
  • ტაბიძის 27 (I სადარბაზო);
  • აღმაშენებლის 8 (I სადარბაზო);
  • აბუსერიძის 18 (სამგზ. სატვ.);
  • ახმეტელის 3;
  • ფარნავაზ მეფის 135;
  • ტაბიძის 17 (I-II სადარბაზო);
  • შ. ხიმშიაშვილის 13 (III სადარბაზო);
  • ლეონიძის 8 (სატ. სამგზ.);
  • პუშკინის 39 (სამგზ.)

ამ ეტაპზე ბათუმში, როგორც სამმართველოში გვითხრეს, ლიფტების შეცვლა დაწყებულია სხვა, 30 მისამართზე, სადაც არსებულის დემონტაჟი და ახალი ლიფტების მონტაჟი 2023 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

შესაბამის სამუშაოებზე ხელშეკრულება სამმართველოს 4 099 992 ლარზე შპს „ბათუმი სიტი XXI“-სთან აქვს გაფორმებული, 2022 წლის 2 სექტემბერს.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სულ 49 ლიფტი უნდა შეიცვალოს.

საცხოვრებელ სახლებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ლიფტების მონტაჟზე ტენდერი სამმართველოს 4 162 593 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, 2023 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, „ბათუმი სიტი XXI“-სთვის მერიის სამმართველოს უკვე გადარიცხული აქვს 1 მილიონი ლარი.

მისამართები ბათუმში, სადაც ჯამში 49 ლიფტი უნდა შეიცვალოს, ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმში 30 კორპუსში 49 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ – ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი დაიხარჯება

 

დნიპრო – დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 16 იანვრის დღის 4 საათის მდგომარეობით, დნიპროში რუსეთის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი იყო.

მაშველებმა დაბომბვის შედეგად ჩამონგრეული კორპუსიდან 39 ადამიანის გამოყვანა შესძლეს, მათ შორის 6 ბავშვია.

დაშავდა 76 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.

ასევე, მიღებულია 46 ცნობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ.

სამაშველო სამუშაოები დნიპროში ამ დრომდე გრძელდება.

14 იანვარს რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე. დაიბომბა კიევის, ლვოვი, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონები.

ყველაზე დიდი ზიანი ქალაქ დნიპროს მიადგა, სადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიბომბა.

___________

მთავარი ფოტო: ილუსტრაცია დნიპროს ტრაგედიაზე, რომელიც ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

პენსიონერი პილოტი, რომელიც 17 წლის შემდეგ დაუბრუნდა არმიას – უკრაინის გმირი

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომში მრავალი უკრაინელი ჩაერთო სამშობლოს დასაცავად. ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ ჰქონდა სამხედრო გამოცდილება. სამხედრო კომისარიატებში მოქალაქეები მეგობრებთან, ნათესავებთან ერთად ცხადდებოდნენ ფრონტზე წასასვლელად.

უკრაინული მედია ხშირად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ პერიოდულად რეზერვისტები საკუთარი ნებით ბრუნდებიან სამხედრო ნაწილებში, იყო შემთხვევები, როცა პენსიაში გასული სამხედრო პირები დაუბრუნდნენ ბატალიონს ომში ჩასართავად.

ვადიმ კრავეციც საკუთარ სამხედრო დანაყოფს დაუბრუნდა 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებიდან მესამე დღეს. მოვალეობის გრძნობამ პილოტს საპენსიო ასაკი დაავიწყა.

ვადიმ კრავეცის შესახებ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო გამოცემა Armyinform-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვადიმისთვის სტიმულის მიმცემი მისივე ინსტრუქტორი იყო – მისი მენტორი და პირველი კლასის პილოტი, რომელსაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ვადიმი აეროდრომზე უნდა დაებრუნებინა.

სამხედრო ძალებში 17 წლის შემდეგ დაბრუნებული ვადიმის ინსტრუქტორი იხსენებს, რომ ვადიმი ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ როცა სირთულეები დაძლია და ფრენა დაიწყო, ინსტრუქტორი მას ამშვიდებდა, ხომ დაგპირდი, ისევ ისე იფრენო.

ორკვირიანი სწავლების შემდეგ ვადიმ კრავეცი მრავალწლიანი პაუზის მიუხედავად უკვე დამოუკიდებლად მართავდა ვერტმფრენს. ასე დაბრუნდა პილოტი ომში უკრაინის დასაცავად.

უკრაინის გმირი, ვადიმ კრავეცი [მარჯვნიდან პირველი] თანამებრძოლებთან ერთად.
ვადიმი ეკიპაჟთან ერთად საბრძოლო დავალებებს ასრულებდა მტრის საჰაერო თავდასხმებისა და საავიაციო ცეცხლის პირობებში, მუდმივად რისკავდა სიცოცხლით.

იგი თავისი ვერტმფრენით ქვედანაყოფებს ამარაგებდა საჭირო იარაღითა და აღჭურვილობით.

„უზომოდ მიზანსწრაფული და საიმედო ადამიანი იყო, ყოველთვის ასრულებდა თავის გეგმებს ცხოვრებაში და აღწევდა მიზნებს, რაზეც ოცნებობდა,“ – იხსენებს მეთაურს მისივე თანამებრძოლი და ინსტრუქტორი რომანი.

რომანი ვადიმთან ადრეული წლებიდანვე მეგობრობდა, მაშინ რომანი უბრალოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდა, ვადიმი კი ამ დროს უფროსი ლეიტენანტი იყო. შემდეგ ისინი ერთად სერავდნენ უკრაინის ცას ერთი ესკადრილიით.

ისინი მაშინაც მეგობრობდნენ, როცა ორივე მათგანი რეზერვში ირიცხებოდა. თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, ოფიცრები ერთად დაბრუნდნენ სამხედრო დანაყოფში.

სამხედრო ძალებში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში ვადიმ კრავეცი სამხედრო დავალების შესრულებისას დაიღუპა.

„დილის 6 საათზე დამირეკეს… ამ ზარის შემდეგაც ვერ ვიჯერებდი, რომ ვადიმი აღარ იყო. უფროს ძმობას მიწევდა, ყოველთვის მზად იყო თავი გაეწირა სხვებისთვის, დღედაღამ მზად იყო, ყველაფერში დაგხმარებოდა, ის უპრობლემო ადამიანი იყო,“ – ჰყვება ვადიმის საუკეთესო მეგობარი.

რუსეთის შეიარაღებული აგრესიის პირობებში  გამოვლენილი გამბედაობის, გმირობისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის 17 წლის პაუზის შემდეგ სამხედრო ძალებში დაბრუნებულ ვადიმ კრავეცს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიენიჭა სამკერდე ნიშანი – „სამაგალითო სამსახურისთვის”.

„ნაცრისფერი ან ლურჯი“ – ქუთაისის მერია 118 ათას ლარად მანქანას ყიდულობს

ქუთაისის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს, რომელშიც 118 211 ლარის გადახდას აპირებს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თუმცა მერიაში არ გვითხრეს ვის მოემსახურება ეს ავტომობილი.

სატენდერო განცხადის თანახმად „ავტომობილი უნდა იყოს ნაცრისფერი ან ლურჯი,  SUV კლასის, ახალი, გამოშვებული არანაკლებ 2022 წელს, ხუთ კარიანი. მუშაობდეს ბენზინზე და ჰქონდეს 4*4-ზე ტიპის ძარა“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 იანვარს დაიწყება და 20 იანვარს დასრულდება.

გამარჯვებულმა ავტომობილი ქუთაისის მერიას, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მიაწოდოს.

„ბათუმელებმა“ ქუთაისის მერიას ორი კითხვით მიმართა. დავინტერესდით, რომელი თანამდებობის პირისთვის არის აღნიშნული ავტომობილი განკუთვნილი და რატომ გახდა აუცილებელი მისი შეძენა.

ქუთაისის მერიამ ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური წერილით მიმართვა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა ზეპირადაც შეეძლოთ.

„ბათუმელებმა“ ქუთაისის მერიას ოფიციალური წერილითაც მიმართა. რომელზე პასუხსაც მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი თანამდებობიდან გადადგა – ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

ლამბრეხტის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა დღეს, 16 იანვარს, ნათქვამია, რომ მან გადადგომის თხოვნით მიმართა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს.

განცხადებაში 57 წლის ლამბრეხტი წერს, რომ მედიის დაჟინებული ყურადღება და კრიტიკა მის მიმართ პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის საქმიანობას.

გერმანულმა მედიამ 13 იანვრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა. ლამბრეხტს უკვე თვეებია აკრიტიკებენ და ბრალს სდებენ არაკომპეტენტურობაში, გერმანიის შეიარაღებული ძალების აღჭურვის შენელებაში და წარუმატებელ საჯარო გამოსვლებში.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ლამბრეხტს რამდენიმე სკანდალი უკავშირდება.

ბოლო შემთხვევა უკავშირდება საახალწლო მილოცვას, რომელიც გერმანულმა მედიამ შეაფასა, როგორც წარუმატებელი. კრისტინე ლამბრეხტმა საახალწლო ვიდეომიმართვა ჩაწერა საახალწლო ფეიერვერკების ფონზე, ახსენა უკრაინა და ცდილობდა ხმით გადაეფარა ფეიერვერკის ხმა.

ასევე, სკანდალი მოჰყვა ლამბრეხტის შვილის ფოტოს, რომელიც მინისტრის სამსახურის ვერტმფრენში იყო გადაღებული.

„სოციალური ქსელების თანახმად მინისტრი არაპოპულარულია გერმანიაში. ZDF-ის გამოკითხვის თანახმად, 60 პროცენტი მისი გადადგომის მომხრეა“ – წერს „დოიჩე ველე“.

________________

ფოტო: EPA-EFE/FILIP SINGER

იტალიაში დააკავეს სიცილიური მაფიის ბოსი – მედია

იტალიაში დააკავეს მაფიის ბოსი მატეო მესინა დენარო – ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

მედიის ცნობით, მესინა დენარო დააკავეს პალერმოში მდებარე კერძო კლინიკაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებაში მონაწილეობდა შეიარაღებული ძალების 100-ზე მეტი წევრი.

დენაროს 30 წლის განმავლობაში ეძებდნენ.

„ბიბისის“ ცნობით, მესინა დენარო დაუსწრებლად არის გასამართლებული, მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი არაერთი მკვლელობის გამო. დენაროს უკავშირებენ 1992 წელს პროკურორების მკვლელობას, 1993 წელს აფეთქებებს მილანში, ფლორენციასა და რომში და საქმეში მონაწილე მოწმე მაფიოზის 11 წლის შვილის გატაცებას, წამებასა და მკვლელობას.

მიუხედავად იმისა, რომ მესინა დენარო მიმალვაში იყო 1993 წლიდან, მიიჩნეოდა, რომ ის კვლავ გასცემდა ბრძანებებს სხვადასხვა საიდუმლო ადგილიდან.

_________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო

ქუთაისის მერია თავის საქმიანობაზე კლიპს გადაიღებს, რაშიც 16 ათას ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერია 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ვიდეორგოლის დამზადებაში 16 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

„ვიდეორგოლი უნდა იყოს ინფორმაციული ხასიათის და ასახავდეს ქუთაისის მერიის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ძირითად ასპექტებს, სხვადასხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა, სპორტი. ვიდეორგოლის მიზანია ქუთაისში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის და ცნობიერების გაზრდა,“ – ნათქვამია სატენდერო განცხადებაში.

ტენდერი 16 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ამ თანხით გამარჯვებულმა უნდა შექმნას ერთი ვიდეორგოლი, რომელიც 3 წუთზე მეტი ხანგრძლივობის იქნება.

სატენდერო პირობების თანახმად, ვიდეორგოლის დამზადების პროცესში მიმწოდებელმა შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს: სცენარი, რეჟისურა, ვიდეოკადრები, გრაფიკის არჩევა, ვიდეორგოლის ფორმატი, მონტაჟი, ფერთა კორექცია, მუსიკა და ხმოვანი ეფექტები.

ასევე ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სცენარის შექმნა, კადრების დამუშავება, არჩევა და გადაღების პროცესის ორგანიზება უშუალოდ დამკვეთთან შეთანხმებით.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 იანვარს დაიწყება და 20 იანვარს დასრულდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს მსგავსი ფორმატის [4k ხარისხის] არანაკლებ 10 ვიდეორგოლის და მინიმუმ ერთი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნის 5-წლიანი გამოცდილება.

 

მთავარ ფოტოზე: ქუთაისის მერია/თათა კაჭკაჭიშვილის ფოტო

დადასტურდა, რომ კვლავ „ბედნიერი ერი“ ვართ – ლევან ბერძენიშვილი

15 იანვარს ქალაქ ყვარელში პრორუსულმა „კონსერვატიულმა მოძრაობამ“, იგივე „ალტ-ინფომ“, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ლექცია ჩაუშალა. ლევან ბერძენიშვილს მოსწავლეებთან ილია ჭავჭავაძის შესახებ უნდა ესაუბრა, თუმცა მას „ალტ-ინფოს“ წევრებმა გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოხდა ყვარელში.

„იმის მიხედვით, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ტექსტი მისცეს, მაგრამ კარგად ვერ შეისწავლეს ეს ტექსტი, რადგან რაღაც წინადადებები ბოლომდე ვერ მიჰყავდათ, თუმცა მაინც ჩამოყალიბდა 4 საკითხი.

პირველი ეს იყო, რომ მე კახეთში საერთოდ არ უნდა ჩავიდე, მეორე – რომ მე ერეკლეზე საერთოდ არ უნდა მესაუბრა, მესამე იყო, რომ პატრიარქს იცავდნენ ჩემგან – არ ვიცი, რა ეპიზოდი იყო და რას გულისხმობდნენ და მეოთხე იყო, რომ ლგბტ თემი ძალიან არ მოსწონთ მაგათ და მე თურმე მომწონს და ეს უნდა რაღაცნაირად…

ცოტა ტანმორჩილი კაცი ლაპარაკობდა, არ იყო მისი ტექსტი, ეს იყო ტექსტი, რომელიც მას უთხრეს, მაგრამ მან კარგად ვერ შეისწავლა, განსაკუთრებით ლგბტ ნაწილში ძალიან სერიოზული არევები ჰქონდა ხოლმე, რაღაცას ვერ აკავშირებდა, წინადადებას ბოლომდე ვერ ამბობდა.

დანარჩენები დუმდნენ, ბოლოს ვიღაცებმაც ამოიღეს ხმა, მაგრამ ძირითადად ეს იყო აგრესიულად განწყობილი ხალხი.

პოლიციას რომ ჰქონოდა სურვილი, ისინი იმდენი არ იყვნენ, რომ ვერ გავეტარებინე, მაგრამ პოლიცია წყნარად იყო, ჩემთან არ მოსულან, ისინი იქ იყვნენ, როგორც სტატისტები. ორივე [აქციის მონაწილეები და პოლიცია] იყო ხელისუფლების მოგზავნილი.

…ჩვენ რომ სახელმწიფოებრიობა გვქონოდა, ყასიდად მაინც, ხელისუფლება იტყოდა, რომ ის შეშფოთებულია, შეწუხებულია, რომ მოქალაქეს არ მიეცა უფლება, საშუალება ლექცია წაეკითხა, იმიტომ, რომ არანაირ კრიმინალს არ ჩავდიოდით ჩვენ იქ, ნამდვილად ვიცი, ვინ როგორ იქცეოდა.

მე ვიქცეოდი წყნარად, აუღელვებლად, არ ჩავერიე, არ შევედი დისკუსიაში, ავიტანე ყველაფერი, თუმცა კი აღარა ვარ პოლიტიკური ფიგურა, რომ ვალდებულება მქონდეს თმენის, მაგრამ მაინც ყველაფერი მოვითმინე…

რა თქმა უნდა, მე ერთი წამით არ გამიჩნდება აზრი, რომ ყვარელი, ან კახეთი, ან საქართველო ყველა ასე ფიქრობს და სხვა, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ აი, ამ უწიგნურ და უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ მართონ ქვეყანა, ფაქტობრივად. სად ჩატარდება ლექცია, სად არ ჩატარდება ლექცია, წყვეტს ადამიანი, რომელმაც ლექციის მნიშვნელობა არ იცის,“ – თქვა ლევან ბერძენიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლება ისე გავიდა ხალხთან ურთიერთობის სფეროდან და გადავიდა თავის მომხრეებთან ურთიერთობის რეჟიმში, რომ ხელისუფლების ერთი მხარდამჭერიც არ მოიძებნა, ვინც იტყოდა, რომ ლექციის ჩაშლა არ არის სასიხარულო ამბავი.

„არა, ყველას მოეწონა [ლექციის ჩაშლა]. პირიქით, აღფრთოვანებულები არიან, მათ შორის აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც გაცილებით უკეთ ერკვევიან, ვიდრე იქ მოყვანილი, ოროსანი სუფლიორები. გაცილებით მაღალი დონის ხალხია, ბრწყინვალე ხასიათზე არიან, მოსწონთ, რომ აი, გამარჯვებას მიაღწიეს. ვფიქრობ, ისინი გეგმავენ ასეთ პატარა გამარჯვებებს და მათთვის ეს დიდი ამბავია.

ეს ხალხი გასაგებია, ეს დაქირავებული ხალხია, მაგათზე სერიოზული ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ხელისუფლების მომხრეები ვერაფრით ვერ ხვდებიან, როგორ ხევენ უკან ქვეყანას,“ – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, დაზარალდა არა მხოლოდ ლევან ბერძენიშვილი და სიტყვის თავისუფლება, დაზარალდა ილია ჭავჭავაძეც, რომლის შესახებაც მას ლექცია უნდა წაეკითხა ყვარელში.

„ჩვენი, მოქალაქეების აქტივობაზეა დამოკიდებული, რამდენს გაბედავენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისე წყალწაღებული ვართ მთელი საზოგადოება, რომ ალტ-ინფო დაგვესხმება თავს, როგორც ამის შთაბეჭდილება იქმნება. ეს ალბათ, ასე არ არის, ამიტომ, ადრე თუ გვიან ხმას ამოვიღებთ.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ახლოს ვართ ალბათ გადაწყვეტასთან, იმიტომ, რომ დიდი ხანი ვუყურებდით მშვიდად, გვეგონა, რომ ბევრ არაფერს დააშავებდნენ, საგარეო პოლიტიკაში არ აშავებდნენ, ამერიკის ელჩს ყოველ დღე არ აგინებდნენ და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას მთლიანად არ ემიჯნებოდნენ.

ის, რაც ახლა ხდება, არ მომხდარა არასოდეს. მე არ მახსოვს ასეთი ქვეყანა, რომელიც ამდენს ბედავდეს თავისი პარტნიორების… რომელთაც აქვთ დამსახურება და სხვა..

მოკლედ, ესენი ჩვენს მომავალს ებრძვიან. და ადრე თუ გვიან ხმა იქნება ამოღებული, ოდესღაც გაივსება ეს ფიალა. უბრალოდ, ილია ჭავჭავაძემ, რომელზეც არ მალაპარაკეს დღეს, ჩვენ, ქართველებს, საყვედური გვითხრა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვითმენთ, ამით იწყება ლექსი „ბედნიერი ერი“. დღეს დადასტურდა, რომ ილია ჭავჭავაძე კვლავ აქტუალურია, კვლავ „ბედნიერი ერი“ ვართ და ბევრი მოთმენა შეგვიძლია, მაგრამ ერთხელაც იქნება და რაღაცას ვერ ავიტანთ.

ხელისუფლება, რომელიც იმ კაცის იმედზეა, რომელიც მე დღეს მელაპარაკებოდა, ეს ხელისუფლება მკვდარია, მან ამის შესახებ შეიძლება არ იცის, მაგრამ უბრალოდ… ვწუხვარ, რომ ჩანაწერს ვერ ვაკეთებდი, მე არ მინდოდა ტელეფონი ამომეღო და მათსავით მოვქცეულიყავი. არ ვთვლი თავს ამ ხალხის თანასწორად და მე მათთან დიალოგში ვერ შევალ. სიამოვნებით შევიდოდი დიალოგში იმათთან, ვინც უწერს ამ სცენარებს, ოღონდ იმასთანაც მაქვს შენიშვნები – კარგი იქნებოდა, თავის დროზე, როცა სტუდენტები იყვნენ, ცოტა მეტი ყურადღება მიექციათ მშობლიური ენისთვის და საერთოდ კულტურისთვის“ – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

უკრაინული მედია ასახელებს 44 სამხედროს, ვინც დნიპროში კორპუსს რაკეტა ესროლა

უკრაინული მედიასაშუალება „უნიანი“ „მოლფარ გლობალზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ დაადგინა იმ პირთა ვინაობა, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ქალაქ დნიპროს მიმართულებით იმ რაკეტის გაშვებაში, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოს მოხვდა და არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება, რათა დაგვედგინა ტერაქტის შემსრულებლები. მიზნად გვქონდა სტრატეგიული ბობმდამშენების ეკიპაჟის ხელმძღვანელთა და მფრინავების იდენტიფიცირება.

აღმოვაჩინეთ ყველა პირი, ვისაც შეხება აქვს სარაკეტო დარტყმასთან, მათ შორის ისინი, ვინც აფრენამდე თვითმფრინავებში საწვავი ჩაასხა. ასევე იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ამ საავიაციო პოლკთან, თუმცა არ შედიან მის შემადგენლობაში“, – აღნიშნავს „მოლფარ გლობალი“.

ქალაქ დნეპრის ტერიტორიული თავდაცვის ხელმძღვანელის, გენადი კორბანის განცხადებით, სარაკეტო დარტყმა განახორციელა ქალაქ შაიკოვაკში ბაზირებულმა 52-ე გვარდიის საავიაციო პოლკმა, „რომელმაც ქალაქ კრემენჩუგში 2022 წლის 27 ივნისს განახორციელა დარტყმა სავაჭრო ცენტრზე“.

მთლიანობაში, „მოლფარ გლობალზე“ დაყრდნობით უკრაინული მედია აქვეყნებს 44 რუსი სამხედროს მონაცემებს – სახელებს, გვარებს, საცხოვრებელ ადგილებს, კრიმინალურ ისტორიას, მათი და მათი ოჯახის წევრების პროფილებს სოციალურ ქსელებში და სხვა პირად ინფორმაციას.

„ვაგნერის“ თავდასხმების ფონზე უკრაინა ინარჩუნებს პოზიციებს სოლედარში – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 16 იანვრის ანგარიში კრემენაიასა და ბახმუტის სექტორებში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. ანგარიშის მიხედვით, დონბასის ფრონტის ამ სექტორებში ინტენსიური ბრძოლები გრძელდებოდა შაბათ-კვირის განმავლობაში.

2023 წლის 15 იანვრის მდგომარეობით კი, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, „ვაგნერის“ დაჯგუფების გამუდმებული თავდასხმების მიუხედავად, ინარჩუნებენ პოზიციებს ბახმუტის ჩრდილოეთით, სოლედარში.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, კრემენაიას ირგვლივ ბრძოლა ხასიათდება კომპლექსური ლოკალური შეტევებითა და კონტრშეტევებით ტყიან ტერიტორიაზე. თუმცა, საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს თანდათანობით წინსვლას თავის ფრონტის ხაზზე ქალაქ კრემენაიას აღმოსავლეთ მისადგომთან.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ორივემ – რუსეთმაც და უკრაინამაც მიაღწია რთული ბრძოლით მოპოვებულ, მაგრამ შეზღუდულ წარმატებებს სხვადასხვა სექტორში.

ამ გარემოებებში კი, როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური აფასებს, ძირითად ოპერატიულ გამოწვევას ორივე მხარისთვის ისეთი საბრძოლო ფორმირების შექმნა წარმოადგენს, რომლის ჯარისკაცებიც მოახერხებენ ტაქტიკური წარმატების გამოყენებით ოპერატიული გარღვევების მიღწევას.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 16 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 116 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
  • ტანკი – 3 118 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 6 204 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 2 099 ერთეული [+5]
  • MLRS – 438 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 286 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 276 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 872 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 870 ერთეული [+24]
  • სპეცტექნიკა – 190 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 16 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 372 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 885 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 537 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 983 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 841 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 066 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]„ვაგნერის“ თავდასხმების ფონზე უკრაინა ინარჩუნებენ პოზიციებს სოლედარში – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ბათუმის საკრებულოს წევრი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა – „ომს ვოლონტიორები იგებენ“

ირაკლი შოთაძის ხელფასი 1524 ლარით იზრდება და 8 784 ლარი იქნება

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის იანვრიდან უწყებაში ხელფასები იზრდება. იანვრიდან პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ხელფასთან ერთად დანამატსაც აიღებენ.

ახალი ბრძანებით, უშუალოდ გენერალური პროკურორის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო], გასული წლის იანვართან შედარებით, 726 ლარით იზრდება და 7 986 ლარი იქნება.

გენპროკურორი აიღებს დანამატსაც [თანამდებობრივი სარგოს 10%-ს, რაც 798 ლარია], ანუ ირაკლი შოთაძის ხელფასი იანვრიდან ჯამში 8 784 ლარი იქნება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] კი, 616 ლარით გაიზრდება და 6 776 ლარი იქნება.

გაზრდილი ხელფასები აჭარის პროკურატურაში 2023 წლის იანვრიდან [დანამატების გარეშე] – წყარო: გენპროკურორის ბრძანება
ახალი ბრძანებით, 2023 წლის იანვრიდან, მაგალითად:

  • გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] – 7 502 ლარი, ხოლო გენერალური პროკურორის მოადგილის – 7 260 ლარი იქნება;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის – 5 566 ლარი, ხოლო მისი მოადგილის – 4 345 ლარი;
  • თბილისის პროკურორის – 6 776 ლარი, მისი მოადგილის – 5 566 ლარი;
  • საოლქო პროკურორის – 6 776 ლარი, მისი მოადგილის – 5 566 ლარი;
  • რაიონული პროკურორის ხელფასი 5 324 ლარი იქნება, მისი მოადგილის კი – 4 268 ლარი.

პროკურატურაში 96 ლარით გაიზარდა სტაჟიორების ანაზღაურებაც, შესაბამისად, მათი ხელფასი იანვრიდან 1 056 ლარი იქნება.

გენერალურმა პროკურორმა კიდევ ერთ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესი“ დაამტკიცა.

„ამ წესით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა, მისი გაცემის წესი და პირობები ერთიანია საქართველოს გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

წელთა ნამსახურობის დანამატი პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს მიეცემა შესაბამისი სტაჟის არსებობის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:

გენერალური პროკურორის ამავე ბრძანების მიხედვით:

  • „პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს სტაჟში ეთვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, სტაჟიორის, პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით მიღებული პირის პოზიციებზე საქმიანობა.
  • ასევე სსრკ პროკურატურის სისტემაში საქმიანობის პერიოდი [როგორც ოპერატიულ, ისე ტექნიკურ პოზიციებზე საქმიანობა].

გარდა პროკურატურის სისტემაში საქმიანობისა, წელთა ნამსახურობის სტაჟში ასევე ითვლება:

  • სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მოსამართლედ, მოსამართლის თანაშემწედ ან/და სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობა
  • შინაგან საქმეთა, იუსტიციის, [მათ შორის შრომითი საქმიანობა მანამდე არსებულ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემაში]
  • თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროებში, სახელმწიფო უშიშროების/სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
  • 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს
  • 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებით ნამსახურობა.“

„ამ წესის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის ზრდა და გამოცდილების/ნამსახურობის ადეკვატური შრომის ანაზღაურების გაცემა. წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებზე და არ გაიცემა პროკურატურის სტაჟიორებზე, პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე“, – აღნიშნულია დანამატის გაცემის წესში.

ამავე წესის მიხედვით, „პროკურორი/პროკურატურის გამომძიებლი უფლებამოსილია წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ან/და სტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ იხილავს საკითხს და განმცხადებელს წერილობით აცნობებს წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან ან/და სტაჟთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

საჭიროებიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში, თანამშრომლის წელთა ნამსახურობის დანამატის საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნას ერთობლივად გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს თანამშრომლების მონაწილეობით.“

რუსეთი შავ ზღვაში სარაკეტო ხომალდების რაოდენობას ზრდის – უკრაინა

რამდენი „კალიბრი“ ემუქრება უკრაინას შავი ზღვიდან? – ეს არის კითხვა, რომელსაც დღეს უკრაინული მედია სამხედრო პირებთან ერთად განიხილავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქვეყანას ზღვიდან ათობით მფრინავი რაკეტა ემუქრება.

სპეციალისტების შეფასებით, რუსეთი შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო შემადგენლობას – სარაკეტო ხომალდების რაოდენობას ზრდის.

რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტის საბრძოლო ხომალდების რაოდენობა 16-მდე გაზარდა, მათგან 6 სარაკეტოა, ერთი კი წყალქვეშა ნავი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, ამ წყალქვეშა ნავს ასევე შეუძლია „კალიბრის“ ტიპის მფრინავი რაკეტების გაშვება.

„მტერმა შავ ზღვის ფლოტში გემების რაოდენობა 16 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის 6 სარაკეტო ხომალდია, ერთი კი წყალქვეშა ნავი. მათზე განთავსებული „კალიბრების“ რაოდენობა შეიძლება 44 ერთეულს აღწევდეს, მაგრამ გუშინ გახარჯულების გამოკლებით – დაახლოებით 30-მდეა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უკრაინული მხარე გუშინ, 14 იანვარს იუწყებოდა, რომ შავ ზღვაში მოწინააღმდეგის საბრძოლო ფლოტი, რომლებზეც განთავსებულია „კალიბრები“, შედგება 5 ხომალდისგან, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინაში ერთდროულად 36 რაკეტა გაუშვან“.

„უნიანის“ ცნობით, გუშინ, 14 იანვარს, ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმის დროს რუსებმა უკრაინაში, სხვადასხვა ბაზიდან 28 მფრინავი რაკეტა და 5 მართვადი საავიაციო რაკეტა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო-თავდაცვის ძალებმა 18 მფრინავი რაკეტა და 3 მართვადი საავიაციო რაკეტა განადგურეს.

ბათუმის საკრებულოს წევრი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა – „ომს ვოლონტიორები იგებენ“

„ზოსი“, როგორც მას მეგობრები ეძახიან, იგივე ირაკლი ზოიძე ისევ უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. ირაკლი ბათუმის საკრებულოს წევრია „ენმ“- დან. ის უკრაინის დასაცავად ომში მისი დაწყებიდან მალევე ჩაერთო. გასული წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და მოკლე პაუზის შემდეგ ისევ ომში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„2022 წლის 24 თებერვალს, სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა… რა თქმა უნდა, ერთი წუთიც არ დავფიქრებულვარ – ბილეთი როგორც კი ვიშოვე წავედი. მაშინ პრობლემა იყო ბილეთის შეძენა. უკრაინაში ფრენები არ იყო, იყო პოლონეთის ან მოლდოვას მიმართულებით, საიდანაც შეიძლებოდა გადასვლა.“

ირაკლი ჯერ დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩავიდა, იქ ცოლი და შვილი ელოდნენ, ისინი უსაფრთხო ადგილას უნდა გადაეყვანა. ირაკლის მეუღლე უკრაინელია და ომი რომ დაიწყო, დედასთან იმყოფებოდა:

„გადმოვიყვანე პოლონეთში, საქართველოში გამოვამგზავრე და დავბრუნდი უკან, ჩემს ძველ თანამებრძოლებთან, რომლებსაც იმ პერიოდში დასრულებული ჰქონდათ სამხედრო სამსახური, მაგრამ ამ ომმა ისევ აიძულა აეღოთ იარაღი ხელში და დაეცვათ ის, რაც მათთვის ძვირფასია – სამშობლო. მათ შორის ქართველებიც არიან და ისინიც ითავისებენ, რომ დღეს უკრაინის დაცვა საქართველოს დაცვაა.“

ირაკლი ძირითადად კიევში, ან კიევთან ახლოს იბრძოდა:

„თავიდანვე კიევში ან კიევის შემოგარენში ვიყავი… კიევის შემოგარენში ბრძოლები იყო, ასევე ბუჩაში – იქ ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. კიევთან ახლოს ყველა ღამით სროლები იყო. იმ პერიოდში ყველაფერი კარგად დასრულდა კიევისთვის.“

უკრაინის დასაცავად ეს პირველი ბრძოლა არ ყოფილა ირაკლისთვის, ის 2014 წელსაც უკრაინაში იყო, მაშინ რუსეთი ყირიმში შეიჭრა:

„2014 წელს წავედი უკრაინაში და სამი წელი დავრჩი, შემდეგ შენელდა საომარი მოქმედებები და დავბრუნდი საქართველოში. მაშინ ჯოხარ დუდაევის სახელობის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონში ვიყავი. ისა მურაევი იყო მეთაური, ის ჯოხარ დუდაევის ბოლო გენერალი იყო. სამწუხაროდ, დაიღუპა 2015 წლის პირველ თებერვალს. 2017-ში დავბრუნდი საქართველოში, დავოჯახდი.“

ირაკლი იხსენებს, როგორ მუშაობდა რუსული პროპაგანდა უკრაინაში 2014-2017 წლებში. გვიყვება, რომ ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია.

„იყო დრო, როცა რუსული პროპაგანდა სჭარბობდა და ზოგჯერ ამარცხებდა უკრაინულ სიმართლეს, მაგრამ ამ მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. მე მაშინაც იქ ვიყავი, როგორც გითხარით 2014-დან 2017-მდე. რუსული პროპაგანდა იმდენად დიდ თანხას ხარჯავდა, რომ მოსახლეობაში, გარკვეულ ნაწილში, უკრაინელებშიც კი გაორებული იყო აზრი, როგორც ჩვენთან – ომი ვინ დაიწყო. 5 მილიარდამდე ფული დახარჯეს მხოლოდ პროპაგანდაში ამ წლების განმავლობაში.“

ირაკლი გვიყვება, რომ ახლა უკრაინაში ყველაფერთან ერთად გენშტაბის მიდგომაც შეცვლილია, მათი დამოკიდებულება საქმის მიმართ. ახლა მოსახლეობის კავშირი მეომრებთან უფრო მჭიდროა და ყველა ერთ საქმეს ემსახურება:

„ხალხი იცავს თავის სამშობლოს, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა. ცუდად წავა საქმე თუ კარგად წავა, უკრაინის მოქალაქეს როგორც უნდა ისე უნდა იყოს, ამის გამო ისჯებიან ფაქტობრივად, თავისუფლებისთვის. ბახმუტი, სოლედარი, დონეცკის მიმართულებაზე დაიღუპა ბევრი, მაგრამ ეს რუსებსაც ძალიან დიდი ფასი დაუჯდათ. როცა ისინი ერთს ამბობენ, მინიმუმ ხუთზე უნდა გავამრავლოთ, თუ ერთს ამბობენ იქ ხუთია დაღუპული“.

ირაკლის თქმით, მოსახლეობა მაქსიმალურად უფრთხილდება მეომრებს, ასევე გვიყვება მათ ძალისხმევასა და ერთიანობაზე, იმაზე თუ, როგორც ცდილობს ყველა იმით დაეხმაროს მეომრებს, რისი შესაძლებლობაც აქვს:

„პირველ დღეებში ვინც დატოვა უკრაინა, მათი 90% დაბრუნდა უკან და ყველა ამბობს, რომ აღარსად წავა. სიკვდილის ფასადაც მოსახლეობის ოთხმოცდაათი პროცენტი ჩართულია ბრძოლაში. აკეთებს რაც შეუძლია, წინდის მოქსოვა შეუძლია – წინდას ქსოვს, იარაღის აღება შეუძლია, ხელში იარაღი აქვს. ვაშლის მოკრეფა შეუძლია – კრეფს და აგზავნის ფრონტზე. თუ სხვა არაფერი შეუძლია, მოდის და გეხუტება, მადლობას გეუბნება, რაც მეომრის მოტივაციას ზრდის. მაქსიმალურად ცდილობენ არ მოგმართონ, არ შეგაწუხონ თუ ძალიან არ სჭირდებათ. თუ რამე ინფორმაცია აქვთ მოდიან.

მთელი უკრაინა ჩართულია იმპერიასთან ბრძოლაში, როგორც შეუძლიათ. თითქმის მთელი უკრაინა ვოლონტიორია, ზოგი ათ გრივნას რიცხავს, ზოგი – ათასს, ვისაც რა შეუძლია. მე ყოველთვის ვამბობ, ვოლონტიორებს უნდა დაუდგან ძეგლი უკრაინელებმა და ქართველებმაც, ისინი იგებენ ომს. თითქმის მთელი უკრაინა ვოლონტიორია.“

ჩვენთან საუბარში ირაკლი უკრაინაში მებრძოლების ანაზღაურების თემასაც გამოეხმაურა:

„სახელისუფლებო არხებზე ხშირად საუბრობენ, რომ ჩვენ იქ საბრძოლველად ხელფასისთვის მივდივართ. ხელფასი კი არა, საერთოდ უკრაინა თუ დაგვხვდებოდა ისიც არ ვიცოდით. 5 მარტს უკრაინაში ვიყავი, რა ხელფასი, სახელმწიფო იარსებებდა თუ არა, არ ვიცოდით. ახლა არის მინიმალური ანაზღაურება, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, როგორც ჩვენი ბიჭები იქ იბრძვიან, არიან ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები – ბევრი, ყველა იქ არის, ვისთვისაც თავისუფალი კავკასია მნიშვნელოვანია და ხვდება, რომ თავისუფალი კავკასიის იდეა ახლა უკრაინაზე გადის“.

ირაკლის სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული. ამბობს, რომ ახლაც იმ დაჯგუფებასთან ერთად აპირებს ბრძოლას, ვისთან ერთადაც კიევის მისადგომებთან იბრძოდა.

რომელ სახლებზე შეცვლიან სახურავებს წელს ბათუმში – 499 ათასი ლარი 8 სახლისთვის

ბათუმში, მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ხელშეკრულების გაფორმებას 499 459 ლარზე კომპანია „დიასი 2007“-თან აპირებს.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში სახურავი 8 საცხოვრებელ სახლზე შეიცვლება:

  • აფსაროსის III შეს. სახლი №14; ინასარიძის ქ.№8; გორგილაძის ქ.№5; ლორიას ქ.№2; მაიაკოვსკის ქ.№55/23; გრიშაშვილის I ჩიხი №2 [ძვ. თამარის დას. 28]; ლერმონტოვის ქ.№61 და თავდადებულის ქ.№85.

ტენდერი სამმართველოს 609 139 ლარად ჰქონდა გამოცხადებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

კომპანიამ, ვისთანაც საბოლოოდ გაფორმდება ხელშეკრულება, ზემოთ აღნიშნულ მისამართებზე მდებარე სახლებზე სახურავების რეაბილიტაცია 2023 წლის 31 აგვისტომდე უნდა დაასრულოს.

ქალაქში არსებული მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, როგორც შესაბამის პროგრამაშია აღნიშნული, „ხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით: 1% – ამხანაგობა, 99% – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო [ქალაქის ბიუჯეტიდან].

პროექტს და ხარჯთაღრიცხვას ამზადებს ამხანაგობა. განცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება სამ და მეტ-სართულიანი სახლების სახურავების გადახურვას; ამასთან, ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე განისაზღვრება სახურავისა და შესაბამისი კონსტრუქციების [კედლების, ჭერის] მდგრადობა და სიმყარე, რაც შეიძლება გახდეს პროგრამაში მონაწილეობის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი“.

სახლები ბათუმში, რომლებსაც სახურავების რეაბილიტაცია ჩაუტარდება / ფოტოები სატენდერო დოკუმენტებიდან

ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება ასევე მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია [შეცვლა, რემონტი, განახლება]; ამ შემთხვევაში სამუშაოებს 100%-ით ახორციელებს მერიის სამმართველო [მათ შორის ადგენს საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას].


 

ბათუმში, დაზიანებული სახურავების სარემონტო სამუშაოებზე სამმართველოს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 199 999 ლარით, თუმცა კონკრეტული სახლის მისამართები მითითებული არ არის.

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 21 იანვარს დაიწყება და 26 იანვარს დასრულდება.

ამავე თემაზე:

ეზოს მისამართები ბათუმში, სადაც მერია ჭიშკრებს მოაწყობს

რუსების 26-ე სატანკო პოლკის ბატალიონს მხოლოდ 10 ტანკი დარჩა – გენშტაბი

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელ ანგარიშში.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 12 იანვრის მდგომარეობით, დამპყრობლების 26-ე სატანკო პოლკის სატანკო ბატალიონი, რომელიც კუპიანსკის მიმართულებით მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, მხოლოდ 10 ერთეულ ტანკს –  Т80БВ ინარჩუნებს საბრძოლო მდგომარეობაში. დანარჩენი ან განადგურებულია ან მწყობრიდანაა გამოყვანილი. ბატალიონის პირად შემადგენლობაში მხოლოდ 30-მდე დამპყრობელი დარჩა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„მტერი ყოველდღიურად კარგავს ცოცხალ ძალას“, – აღნიშნულია გენერალური შტაბის ანგარიშში.

უკრაინელი ჟურნალისტები ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას ბრძოლების შესახებ ლუგანსკის ოლქში. მათი ინფორმაციით, სტარობელსკას მიმართულებიდან ევაკუირებულია მტრის პირადი შემადგენლობის 50-მდე დაჭრილი ჯარისკაცი, რომლებიც სვატოვოს მახლობლად იბრძოდნენ.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა, რუსი ოკუპანტების თავდასხმები დონბასის 14 დასახლებულ რაიონში მოიგერიეს.

საუბარია ლუგანსკის ოლქში მაკეევკასა და ბელოგოროვკაზე, ასევე დონეცკის ოლქში ბახმუტზე, კლიშჩეევკაზე, ნოვობახმუტოვკაზე, კრასნოგოვკოზე, ვოდიანზე, ვერხნეკამენსკაზე, სპორნოზე, ბელოგორივკოზე, სოლედარზე, მაიორსკსა და მარინკაზე.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლები დონბასში ამჟამად გრძელდება, ხოლო ურთულესი ვითარება ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებაზე. ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცრის შეფასებით, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება, რუსული არმიის ყველა ელიტარული დაჯგუფება, რომელიც ბახმუტის აღებას ცდილობდა, გადასროლილია სოლედარის მიმართულებაზე.

____

რუსეთის მიერ სოლედარის სავარაუდოდ აღებაზე ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტმა ISW 13 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია.

გუშინ კი რუსებმა 2023 წელს პირველად, სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დნიპროში კი, სადაც რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, 20 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა სულ მცირე 73 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 იანვრის 21 საათიდან 16 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო 

შიგამთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში კი:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით 17 და 18 იანვარს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

Exit mobile version