მთავარი,სიახლეები

„შესაძლოა დადგეს ეტაპი, როცა ევროენთუზიასტ საზოგადოებას გვეყოლება ევროსკეპტიკი ხელისუფალი“

17.01.2023 •
„შესაძლოა დადგეს ეტაპი, როცა ევროენთუზიასტ საზოგადოებას გვეყოლება ევროსკეპტიკი ხელისუფალი“

7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა და 12-პუნქტიანი რეკომენდაცია მიიღო.

17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებდა. ამავე დღეს უკრაინისა და მოლდოვისთვის კომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება 12-პუნქტიან გეგმას და რა როლი აქვთ ამ პროცესში მოქალაქეებს? – „ბათუმელების“ კითხვებს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე პასუხობს.

  • ზუსტად 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროპული პერსპექტივა, ხოლო ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს. თქვენ თვალს ადევნებთ ამ პროცესს, რა გააკეთა ქვეყანამ ამ დროის განმავლობაში ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად?

საქართველოს პარლამენტშია თავმოყრილი ყველაფერი, რაც ხდება ამ მიმართულებით. აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე – ნაკლებად.

დასაწყისისთვის შეიქმნა სხვადასხვა მიმართულების სამუშაო ჯგუფი, სადაც მოიწვიეს როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო საზოგადოება. ამ სამუშაო ჯგუფების მუშაობის შედეგად დაიდო რიგი კანონპროექტები, რომელთა ნაწილი ჯერ არ არის მიღებული.

12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილში არის საკითხები, სადაც ვხედავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. ასევე არის საკითხები, სადაც ნაბიჯები ფორმალურ დონეზეა გადადგმული ან საერთოდ არაა.

ვთქვათ, თუ ავიღებთ მიმართულებას, რომელიც უკავშირდება გენდერულ თანასწორობას, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, კანონმდებლობაში გარკვეული პროგრესი არის. ასევე გარკვეული პროგრესია საქართველოს კანონმდებლობის მოწესრიგების მხრივ, ვგულისხმობ იმას, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები იქნას გათვალისწინებული. მაგრამ არის საკითხები, სადაც პროგრესი ვერ მიიღწა.

მაგალითად, ეს არის ომბუდსმენის არჩევა, პოლიტიკურ პოლარიზაციასა და მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები.

რომ შევაჯამოთ, არის თემები, სადაც რეალურად გადაიდგა ნაბიჯები, არის საკითხები, სადაც პროგრესი, ფაქტობრივად, არ არის და არის საკითხები, სადაც არის პროგრესი, მაგრამ უფრო მეტად ჩარჩოა შექმნილი, ვიდრე შიგნით შევსებულია რაიმე მნიშვნელოვანი შინაარსით.

ვანო ჩხიკვაძე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი

  • 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო 2023 წლის ოქტომბრამდე აქვს. როგორია თქვენი პროგნოზი?

სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი არ მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვნახეთ გასული წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ 12 პუნქტი უკვე შესრულდა, გარდა იმ საკითხებისა, რა საკითხებიც გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და, სავარაუდოდ, მარტის თვეში უნდა იყოს დასკვნა.

ასე, რომ ამ მიმართულებით თუკი უშუალოდ 12 პუნქტის შესრულებაზე მიდგება ჯერი, მე ნაკლებად ველოდები,  რამე დიდი და მასშტაბური იქნება, გარდა ომბუდსმენის არჩევისა. იმიტომ, რომ ომბუდსმენი ჯერ არ არის არჩეული და ეს საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი.

იმედი მაქვს, ხელისუფლება ეცდება იპოვოს ლობისტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას მხარს დაუჭერენ. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ამ მიზნით ექნება ვიზიტები ევროპაში. ეს არის ძირითადად, რასაც ველოდები ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს რამდენად იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამაში არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული.

  • რაც შეეხება მოლოდინებს, ევროკავშირისგან რა მოლოდინები გაქვთ. პროგნოზი…

პროგნოზის გაკეთება ძალიან გამიჭირდება. რეალურად ჩვენ დარჩენილი გვაქვს 7-8 თვე იმისთვის, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღოს. ეს გადაწყვეტილება ბევრ რამეზეა დამოკიდებული – რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით, რა სიტუაცია იქნება თუნდაც უკრაინის მიმართულებით, რა მდგომარეობა იქნება უშუალოდ ევროკავშირში.

ასე, რომ ჯერ ძალიან ადრეა რამე კონკრეტულის თქმა – რამდენად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.

მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის, რომ ამ 12 პუნქტიდან არის საკითხები, სადაც კონკრეტული შედეგის მიღება შეიძლება ახლავე. მაგალითად, იგივე ომბუდსმენის საკითხის მოგვარება შეიძლება. ამ საკითხის მოგვარება გარკვეულწილად დაეხმარება პოლარიზაციის საკითხის მოგვარებას. პოზიტიურად იქნება აღქმული ევროკავშირის თვალში ეს, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება, რადგან ომბუდსმენის არჩევა, როგორც იცით, მოითხოვს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობას.

სახალხო დამცველის არჩევით მეათე პუნქტის საკითხიც შესრულებულად ჩაითვლება – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება. ასე, რომ ომბუდსმენის საკითხის გადაწყვეტა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ არც საქართველოში და არც ევროკავშირში 12-ივე პუნქტის სრულად შესრულებას არავინ ელის. არავინ ელის, რომ ამ წლის ოქტომბერში მართლმსაჯულების სისტემა იქნება სრულიად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ასეთი მოლოდინი არ არსებობს. უბრალოდ, აქ მნიშვნელოვანია ევროკავშირში დაინახონ, რომ საქართველო მოძრაობს სწორი მიმართულებით.

მეორე მხრივ, რასაც ვხედავთ არ არის საიმედო მოლოდინები და განწყობები – ვხედავთ შეტევას დამოუკიდებელ მედიაზე, ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ინდივიდებზე, ადამიანის უფლებების დამცველებზე შეტევას. ასევე ვხედავთ, „ქართული ოცნების“ განშტოება „ხალხის ძალა“ აანონსებს, რომ მიიღებს კანონს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ, რომელიც უშუალოდ შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას.

ასე, რომ ყოველივე ამ პროცესის მიუხედავად, რაზეც თავში ვისაუბრე, განწყობა, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი სრულდება, არ უნდა იყოს.

სამწუხაროდ, დემოკრატიული კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, ვიდრე წინ მიდის.

  •  12 პუნქტის შესასრულებლად რა უნდა გააკეთოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რას უნდა აკეთებდეს და რას არ აკეთებს?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, შეწყდეს ეს თავდასხმები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპელ, დასავლელ პარტნიორებზე. ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობები რაც შეიძლება მალე დარეგულირდეს. ამ კუთხით ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ თუ ჩვენ თავად ვერ ვახერხებთ, იგივე დასავლელ პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება, იქნება ეს ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ურთიერთობა უკრაინასთან, ასე ვთქვათ, მოვაწესრიგოთ.

მესამე საკითხი არის შეხვედრები ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომლებიც გაგვიწევენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ლობირებას.

ეს არის ძირითადი. ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური კურსის განსაზღვრა.

  • რა როლი აქვთ მოქალაქეებს ევროინტეგრაციის პროცესში?

ჩემი აზრით, ახლა ჩვენ შევდივართ ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში: შეიძლება დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანაში იქნება ევროენთუზიასტი საზოგადოება, რომელსაც ეყოლება ევროსკეპტიკი ხელისუფლება. ეს არც თუ ისე სასიამოვნო ფაზაა. აქედან გამომდინარე, მოქალაქეების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ დავინახეთ, რომ მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ არის საკმაოდ მაღალი ქვეყანაში. აქამდე ყველა ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ცდუნება, ყოველთვის ანგარიშს უწევდა საზოგადოებას ამ კუთხით. ასე რომ მოქალაქეების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დარჩნენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მხარდაჭერა ქვემოთ წამოვიდა, შესაძლებელია დადგეს საკითხი, როდესაც ხელისუფლება იტყვის, რომ არამხოლოდ მას [არ უნდა], არამედ მოსახლეობაშიც არ არის ეს დაკვეთა, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ.

ვფიქრობ, პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ამ შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ საქართველოს მოქალაქისგან ისაა, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს მიმდინარე პროცესებზე. არ დაიჯეროს პროპაგანდა და გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელსაც იღებს.

იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, ხშირ შემთხვევაში სამთავრობო ინსტიტუციებიც კი მიმართავენ ხოლმე ანტიდასავლურ პროპაგანდას.

ინფორმაციის გადამოწმება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეები, ადამიანები, ინდივიდები არიან ფაქტობრივად „უკანასკნელი ბასტიონები“ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს ევროპული კურსიდან.

ეს არის ერთი აგურის დადება ამ პროცესში და მინიმუმის მინიმუმი იქნება ის, რომ ეს ანტიდასავლური პროპაგანდა ასე პირდაპირ არ დაიჯეროს.

არ არის აუცილებელი რომელიმე კონკრეტულ რესპონდენტს დაუჯეროს ან რომელიმე ორგანიზაციას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გადაამოწმოს ინფორმაცია და დაიჯეროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარკვეულ ანალიზს გააკეთებს.

ეს ფაზა, რომელსაც ახლა საქართველო გადის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და უაღრესად სახიფათო ველი – შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს ეტაპი, როცა გვეყოლება ევროენთუზიასტი საზოგადოება და ევროსკეპტიკი ხელისუფლება.

ასევე ევროინტეგრაციის პროცესში მედიის როლია უმნიშვნელოვანესი, რომ მოსახლეობას მიაწოდოს მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია, რომელიც გარკვეული პოლიტიკური მოტივებისგან იქნება დაცლილი.

თუკი ჩვენ წავალთ წინ, ევროკავშირისკენ და შევასრულებთ ამ 12 რეკომენდაციას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია არა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამას ჩვენ ევროკავშირისთვის ან კანდიდატის სტატუსისთვის ვაკეთებთ, არამედ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ამის შესრულება უშუალოდ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კარგი.

ეს შეიძლება შევადაროთ სახლის დალაგების პროცესს. ადამიანები სახლს ვალაგებთ და ვაწესრიგებთ არა იმის გამო, რომ ვიღაცა მეზობელს მოეწონება, არამედ გვსურს, რომ დალაგებულ, სუფთა სახლში ვიცხოვროთ.

ვფიქრობ, ასეც შეიძლება ავუხსნათ ეს პროცესი საქართველოს მოქალაქეებს. რეალურად ეს 12 პუნქტი უნდა შესრულდეს არა იმიტომ, რომ ვიღაცას, სადღაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ასე უნდა.

ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და ჩვენთვისაა საჭირო უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. დალაგებულ ქვეყანაში. ამიტომ გვაქვს ეს 12 რეკომენდაცია.

ამ ყველაფერში მარტო კანდიდატის სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს დაეხმარება ქვეყანას უკეთესი ქვეყანა ჩამოყალიბდეს, უკეთესი დემოკრატია ჰქონდეს და უკეთესად იყოს დაცული ადამიანის უფლებები.

ამის მერე თავისთავად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაზე ინფორმაციის მიწოდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: