მთავარი,სიახლეები

რუსთაველზე 46 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელ კორპუსს ააშენებენ

17.01.2023 • 3118
რუსთაველზე 46 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელ კორპუსს ააშენებენ

ბათუმში, რუსთაველის 21-ში, სადაც ე.წ. ბარაკული ტიპის და ორსართულიანი სახლებია, კომპანია შპს „გრინკო“, მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში,  არსებულ შენობებს დაანგრევს და აქ 13-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

ბათუმის მერიამ 2023 წლის 11 იანვარს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სკრინინგის განცხადებით  მიმართა.

ბათუმი, რუსთაველის 21, სადაც 13-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება / 17.01.2023

ამ ადგილის განაშენიანების დეტალური კონცეფცია ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა. მანამდე ახალი მშენებლობის საკითხი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ განიხილა და დადებითად გადაწყვიტა.

ზონალურ საბჭოზე საუბარი იყო 40 მეტრი სიმაღლის 12-სართულიანი შენობის აშენებაზე ქალაქის ისტორიულ ზონაში, რასაც ძეგლების დამცველები ეწინააღმდეგებოდნენ.

  • სკრინინგის განცხადების მიხედვით კი, ახალი შენობა 46 მეტრი სიმაღლის და 13-სართულიანი იქნება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია, რომელზეც დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, 978 კვადრატული მეტრია. დაგეგმილია შემდეგი განაშენიანება:

  • საცხოვრებელი სახლი – განთავსდება 83 ბინა, საცხოვრებელი ფართობი – 5 694 კვ.მ;
  • კომერციული (ცალ-ცალკე: სავაჭრო, საოფისე) – კომერციული დანიშნულების – 350 კვ.მ, საოფისე – 350 კვ.მ;
  • საზაფხულო ტერასა 350 კვ.მ;
  • დამხმარე (ცალ-ცალკე: ავტოსადგომი, სარდაფი, საწყობი, ტექნიკური სათავსები და მსგ.) – დახურული მიწისქვეშა ავტოსადგომი 795 კვ.მ.
  • მიწისქვეშა სართულები – 1 სართული.

ახალი კორპუსი რუსთაველის ქუჩაზე უკვე არსებულ კორპუსებს შორის [ზემოთა ფოტო] აშენდება / ქვემოთ – ფოტომონტაჟი / 17.01.2023

საპროექტო შენობა [შუაში], ნახაზის მიხედვით, ახალი შენობა მის გვერდით არსებულ შენობებზე შედარებით მაღალი იქნება / ნახაზი სკრინინგის განცხადებიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სააგენტოს 2023 წლის 26 იანვრის ჩათვლით პერიოდში წარუდგინონ, მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge .

ამ თემაზე:

ბათუმის საკრებულომ რუსთაველზე 2 სამშენებლო პროექტს დაუჭირა მხარი

შპს „გრინკო“ ისრაელის მოქალაქემ თამარ კობრინსკიმ 2016 წელს დააფუძნა.

თავდაპირველად კომპანიას არჩილ ჯანყარაშვილი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ის ლევან წივწივაძემ ჩაანაცვლა.

ის ხელმძღვანელობს ასევე თამარ კობრინსკის მიერ დაფუძნებულ კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიას „ბი აი სი“-ს, რომელმაც ბათუმში რამდენიმე მაღლივი კორპუსი ააშენა. მათ შორის ერთ-ერთია ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის, ასევე გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული მრავალბინიანი სახლი, რომელიც სამ კორპუსს აერთიანებს და მთელი კვარტალი უჭირავს.

ამ სახლთან ახლოს კომპანიამ სამთავრობო პროგრამის არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის  ფარგლებში კიდევ ერთი მრავალბინიანი სახლი ააშენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: