15 იანვარს ქალაქ ყვარელში პრორუსულმა „კონსერვატიულმა მოძრაობამ“, იგივე „ალტ-ინფომ“, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ლექცია ჩაუშალა. ლევან ბერძენიშვილს მოსწავლეებთან ილია ჭავჭავაძის შესახებ უნდა ესაუბრა, თუმცა მას „ალტ-ინფოს“ წევრებმა გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოხდა ყვარელში.
„იმის მიხედვით, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ტექსტი მისცეს, მაგრამ კარგად ვერ შეისწავლეს ეს ტექსტი, რადგან რაღაც წინადადებები ბოლომდე ვერ მიჰყავდათ, თუმცა მაინც ჩამოყალიბდა 4 საკითხი.
პირველი ეს იყო, რომ მე კახეთში საერთოდ არ უნდა ჩავიდე, მეორე – რომ მე ერეკლეზე საერთოდ არ უნდა მესაუბრა, მესამე იყო, რომ პატრიარქს იცავდნენ ჩემგან – არ ვიცი, რა ეპიზოდი იყო და რას გულისხმობდნენ და მეოთხე იყო, რომ ლგბტ თემი ძალიან არ მოსწონთ მაგათ და მე თურმე მომწონს და ეს უნდა რაღაცნაირად…
ცოტა ტანმორჩილი კაცი ლაპარაკობდა, არ იყო მისი ტექსტი, ეს იყო ტექსტი, რომელიც მას უთხრეს, მაგრამ მან კარგად ვერ შეისწავლა, განსაკუთრებით ლგბტ ნაწილში ძალიან სერიოზული არევები ჰქონდა ხოლმე, რაღაცას ვერ აკავშირებდა, წინადადებას ბოლომდე ვერ ამბობდა.
დანარჩენები დუმდნენ, ბოლოს ვიღაცებმაც ამოიღეს ხმა, მაგრამ ძირითადად ეს იყო აგრესიულად განწყობილი ხალხი.
პოლიციას რომ ჰქონოდა სურვილი, ისინი იმდენი არ იყვნენ, რომ ვერ გავეტარებინე, მაგრამ პოლიცია წყნარად იყო, ჩემთან არ მოსულან, ისინი იქ იყვნენ, როგორც სტატისტები. ორივე [აქციის მონაწილეები და პოლიცია] იყო ხელისუფლების მოგზავნილი.
…ჩვენ რომ სახელმწიფოებრიობა გვქონოდა, ყასიდად მაინც, ხელისუფლება იტყოდა, რომ ის შეშფოთებულია, შეწუხებულია, რომ მოქალაქეს არ მიეცა უფლება, საშუალება ლექცია წაეკითხა, იმიტომ, რომ არანაირ კრიმინალს არ ჩავდიოდით ჩვენ იქ, ნამდვილად ვიცი, ვინ როგორ იქცეოდა.
მე ვიქცეოდი წყნარად, აუღელვებლად, არ ჩავერიე, არ შევედი დისკუსიაში, ავიტანე ყველაფერი, თუმცა კი აღარა ვარ პოლიტიკური ფიგურა, რომ ვალდებულება მქონდეს თმენის, მაგრამ მაინც ყველაფერი მოვითმინე…
რა თქმა უნდა, მე ერთი წამით არ გამიჩნდება აზრი, რომ ყვარელი, ან კახეთი, ან საქართველო ყველა ასე ფიქრობს და სხვა, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ აი, ამ უწიგნურ და უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ მართონ ქვეყანა, ფაქტობრივად. სად ჩატარდება ლექცია, სად არ ჩატარდება ლექცია, წყვეტს ადამიანი, რომელმაც ლექციის მნიშვნელობა არ იცის,“ – თქვა ლევან ბერძენიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლება ისე გავიდა ხალხთან ურთიერთობის სფეროდან და გადავიდა თავის მომხრეებთან ურთიერთობის რეჟიმში, რომ ხელისუფლების ერთი მხარდამჭერიც არ მოიძებნა, ვინც იტყოდა, რომ ლექციის ჩაშლა არ არის სასიხარულო ამბავი.
„არა, ყველას მოეწონა [ლექციის ჩაშლა]. პირიქით, აღფრთოვანებულები არიან, მათ შორის აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც გაცილებით უკეთ ერკვევიან, ვიდრე იქ მოყვანილი, ოროსანი სუფლიორები. გაცილებით მაღალი დონის ხალხია, ბრწყინვალე ხასიათზე არიან, მოსწონთ, რომ აი, გამარჯვებას მიაღწიეს. ვფიქრობ, ისინი გეგმავენ ასეთ პატარა გამარჯვებებს და მათთვის ეს დიდი ამბავია.
ეს ხალხი გასაგებია, ეს დაქირავებული ხალხია, მაგათზე სერიოზული ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ხელისუფლების მომხრეები ვერაფრით ვერ ხვდებიან, როგორ ხევენ უკან ქვეყანას,“ – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, დაზარალდა არა მხოლოდ ლევან ბერძენიშვილი და სიტყვის თავისუფლება, დაზარალდა ილია ჭავჭავაძეც, რომლის შესახებაც მას ლექცია უნდა წაეკითხა ყვარელში.
„ჩვენი, მოქალაქეების აქტივობაზეა დამოკიდებული, რამდენს გაბედავენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისე წყალწაღებული ვართ მთელი საზოგადოება, რომ ალტ-ინფო დაგვესხმება თავს, როგორც ამის შთაბეჭდილება იქმნება. ეს ალბათ, ასე არ არის, ამიტომ, ადრე თუ გვიან ხმას ამოვიღებთ.
პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ახლოს ვართ ალბათ გადაწყვეტასთან, იმიტომ, რომ დიდი ხანი ვუყურებდით მშვიდად, გვეგონა, რომ ბევრ არაფერს დააშავებდნენ, საგარეო პოლიტიკაში არ აშავებდნენ, ამერიკის ელჩს ყოველ დღე არ აგინებდნენ და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას მთლიანად არ ემიჯნებოდნენ.
ის, რაც ახლა ხდება, არ მომხდარა არასოდეს. მე არ მახსოვს ასეთი ქვეყანა, რომელიც ამდენს ბედავდეს თავისი პარტნიორების… რომელთაც აქვთ დამსახურება და სხვა..
მოკლედ, ესენი ჩვენს მომავალს ებრძვიან. და ადრე თუ გვიან ხმა იქნება ამოღებული, ოდესღაც გაივსება ეს ფიალა. უბრალოდ, ილია ჭავჭავაძემ, რომელზეც არ მალაპარაკეს დღეს, ჩვენ, ქართველებს, საყვედური გვითხრა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვითმენთ, ამით იწყება ლექსი „ბედნიერი ერი“. დღეს დადასტურდა, რომ ილია ჭავჭავაძე კვლავ აქტუალურია, კვლავ „ბედნიერი ერი“ ვართ და ბევრი მოთმენა შეგვიძლია, მაგრამ ერთხელაც იქნება და რაღაცას ვერ ავიტანთ.
ხელისუფლება, რომელიც იმ კაცის იმედზეა, რომელიც მე დღეს მელაპარაკებოდა, ეს ხელისუფლება მკვდარია, მან ამის შესახებ შეიძლება არ იცის, მაგრამ უბრალოდ… ვწუხვარ, რომ ჩანაწერს ვერ ვაკეთებდი, მე არ მინდოდა ტელეფონი ამომეღო და მათსავით მოვქცეულიყავი. არ ვთვლი თავს ამ ხალხის თანასწორად და მე მათთან დიალოგში ვერ შევალ. სიამოვნებით შევიდოდი დიალოგში იმათთან, ვინც უწერს ამ სცენარებს, ოღონდ იმასთანაც მაქვს შენიშვნები – კარგი იქნებოდა, თავის დროზე, როცა სტუდენტები იყვნენ, ცოტა მეტი ყურადღება მიექციათ მშობლიური ენისთვის და საერთოდ კულტურისთვის“ – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.