მთავარი,სიახლეები

„ვაგნერის“ დამფუძნებელ პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვას შორის დაპირისპირება ღრმავდება – ISW

17.01.2023 • 1214
„ვაგნერის“ დამფუძნებელ პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვას შორის დაპირისპირება ღრმავდება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსების ბოლო ანგარიში რუსეთის სამხედრო საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას მიმოიხილავს. ISW-ის ანგარიშის მიხედვით, „ვაგნერის“ დაჯგუფების დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა, რამდენადაც თავად რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ უარყო პრიგოჟინის განცხადებები სოლედარის აღებაში „ვაგნერის“ როლთან დაკავშირებით.

კრემლი კვლავაც საჯაროდ უარყოფს „ვაგნერის“ დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 12 იანვარს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის აღება მხოლოდ „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლების დამსახურებაა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 15 იანვარს ჟურნალისტების მიერ სოლედარში რუსეთის წარმატებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ფრონტზე წარმატება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის გეგმების დამსახურებაა.

ეს განცხადება სახელმწიფოს კონტროლირებადი ტელევიზიით გადაიცა. იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე პუტინი თავს იკავებდა უკრაინაში ტაქტიკურ წარმატებებზე კომენტირებისგან, სავარაუდოდ მიზნად ისახავდა რუსულ საინფორმაციო სივრცეში პრიგოჟინის გავლენის შესუსტებას.

შესაძლებელია პუტინმა ამით ხაზი იმასაც გაუსვა, რომ მაშინ, როდესაც პრიგოჟინი აგრძელებს ტელეგრამსა და სხვა სოციალურ ქსელებში აუდიტორიის ზრდას, ის [პუტინი] კვლავაც აკონტროლებს რუსულ ტრადიციულ მედიას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 იანვრის ყოველდღიურ ბრიფინგზე, სავარაუდოდ, განზრახ არ ახსენა „ვაგნერის“ დაჯგუფება და განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფები და საჰაერო-სადესანტო ჯარები უტევენ უკრაინულ პოზიციებს ბახმუტის გარშემო.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა შესაძლოა ირიბად ბრალი დასდო პრიგოჟინს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და „ვაგნერს“ შორის კონფლიქტის განზრახ გამოწვევაში.

პესკოვმა სცადა გაეფანტა ცნობები პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, როდესაც 16 იანვარს განაცხადა, რომ ეს ცნობები „საინფორმაციო მანიპულაციის პროდუქტია“. პესკოვის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მანიპულაციები ძირითადად რუსეთის „მტრებისგან“ მოდის, კრემლს ასევე ჰყავს „მეგობრებიც“, რომლებიც იმავენაირად იქცევიან.

პესკოვის ეს განცხადება შესაძლოა ფარულად მიემართებოდა პრიგოჟინს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო თავხედურად აკრიტიკებს.

პრიგოჟინი აგრძელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პუტინთან დაკავშირებული აქტორებისადმი რწმენის შერყევას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პრიგოჟინს შორის კონფლიქტის შესახებ პესკოვის განცხადებაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხისას პრიგოჟინმა პირდაპირ აღნიშნა, რომ მას არ აქვს მიზეზი, პესკოვს არ ენდოს. პრიგოჟინს შეეძლო უბრალოდ უარეყო ცნობები კონფლიქტის შესახებ, მაგრამ ნაცვლად ამისა, გააგრძელა თავისი ბუნდოვანი გზავნილების ტაქტიკა, რათა გამოეწვია დამატებითი დისკუსიები რუსულ საინფორმაციო სივრცეში.

ეს, თავისთავად, მიზნად ისახავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პუტინისადმი ნდობის შერყევას. 15 იანვარს პრიგოჟინმა ასევე გადასცა მედლები „ვაგნერის“ მებრძოლებს სოლედარის აღებისთვის, მათ შორის. სიმბოლურად დააჯილდოვა მებრძოლი, რომელმაც მანამდე სიმამაცის მედალი პუტინისგან მიიღო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 15 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი „გადამწყვეტ ფაზაშია“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომი ფინალურ ფაზაშია ან რომ რუსული ძალები გეგმავენ გამოიყენონ ყველა რესურსი.

15 იანვარს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიაგამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები იაზრებენ არსებულ სიტუაციას და უნდა „მოამარაგონ უკრაინა იარაღით, რომელიც მას გამარჯვებისთვის სჭირდება“.

სტოლტენბერგის განცხადება თანხვედრაშია ISW-ის 15 იანვრის შეფასებასთან, რომ კრემლი 2023 წელს სავარაუდოდ აპირებს გადამწყვეტ მოქმედებას. სტოლტენბერგის განცხადება არ გულისხმობს, რომ ეს არის ომის ფინალური ფაზა ან რომ რუსეთი გეგმავს მთელი შესაძლო რესურსი გამოიყენოს ახლო მომავალში.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, ანდრი იუსოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მის ძალებს არ შეუძლიათ უკრაინის სწრაფად დაპყრობა და ომის გაჭიანურებას განიხილავს. 15 იანვარს ISW-მ აღნიშნა, რომ კრემლი ინარჩუნებს უკრაინის ხელში ჩაგდების გრძელვადიან, მაქსიმალისტურ მიზანს და, სავარაუდოდ, განიხილავს მოქმედების მრავალ კურსს ამ მიზნის მისაღწევად.

ოლაფ შოლცის მუდმივ შფოთვას, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ბირთვულ ესკალაციას გამოიწვევს, სტოლტენბერგი უარყოფს.

სტოლტენბერგის განცხადებით, „ბირთვული იარაღის გამოყენების ეს რისკი დაბალია“ და ქვეყნები, მათ შორის, ჩინეთი, აფრთხილებენ კრემლს, რომ „ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული“. სტოლტენბერგის ეს განცხადება თანხვედრაშია ISW-ის შეფასებასთან – უკიდურესად დაბალია იმის ალბათობა, რომ კრემლი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

რუსმა სამხედრო ბლოგერებმა განაახლეს დისკუსია, რომლის მიხედვითაც, კრემლი აპირებს უკრაინის ხელისუფლებაში ვიქტორ მედვედჩუკი მოიყვანოს

ნაციონალისტი იგორ გირკინი 16 იანვარს ამტკიცებდა, რომ კრემლი იმედოვნებს უკრაინის ალტერნატიული მთავრობის სათავეში მედვედჩუკი დასვას. გირკინმა და კრემლთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა სამხედრო ბლოგერმა, საშა კოტსმა გააკრიტიკეს მედვედჩუკის შესაბამისობა მსგავს თანამდებობაზე. ეს საუბარი წააგავს 2022 წლის დასაწყისში არსებულ მედიასპეკულაციას, რომლის თანახმადაც კრემლის სავარაუდო გეგმა უკრაინიდან გაძევებული ვიქტორ იანუკოვიჩის დაბრუნება იყო.

უკრაინაში რუსეთის გაერთიანებული არმიის მეთაურად რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დანიშვნას რუსი ნაციონალისტურ სამხედრო ბლოგერებში კრიტიკის მნიშვნელოვანი ტალღა არ გამოუწვევია.

სამხედრო ბლოგერები დიდწილად აცხადებენ, რომ გერასიმოვის დანიშვნით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იბრუნებს პასუხისმგებლობას ომზე. ისინი გერასიმოვის დანიშვნას უკავშირებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულ დაძაბულობას, სამინისტროსა და „ვაგნერს შორის კონფლიქტსა და ომში ცუდ მდგომარეობას. სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ გერასიმოვის სამხედრო კარიერია დამოკიდებულია ომის გრძელვადიან შედეგებზე.

ზოგიერთი უფრო კრიტიკულად განწყობილი ნაციონალისტი კი აცხადებს, რომ გერასიმოვის დანიშვნა არის კრემლის უუნარობის მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ გერასიმოვმა ვერ შეძლო შეენარჩუნებინა უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები. სამხედრო ბლოგერებს იმედი აქვთ, რომ გერასიმოვი ითანამშრომლებს თავის წინამორბედ გენერალ სუროვიკინთან, რომელიც ახლა მისი მოადგილეა და აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: