მთავარი,სიახლეები

რომელ სახლებზე შეცვლიან სახურავებს წელს ბათუმში – 499 ათასი ლარი 8 სახლისთვის

15.01.2023
რომელ სახლებზე შეცვლიან სახურავებს წელს ბათუმში – 499 ათასი ლარი 8 სახლისთვის

ბათუმში, მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ხელშეკრულების გაფორმებას 499 459 ლარზე კომპანია „დიასი 2007“-თან აპირებს.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში სახურავი 8 საცხოვრებელ სახლზე შეიცვლება:

  • აფსაროსის III შეს. სახლი №14; ინასარიძის ქ.№8; გორგილაძის ქ.№5; ლორიას ქ.№2; მაიაკოვსკის ქ.№55/23; გრიშაშვილის I ჩიხი №2 [ძვ. თამარის დას. 28]; ლერმონტოვის ქ.№61 და თავდადებულის ქ.№85.

ტენდერი სამმართველოს 609 139 ლარად ჰქონდა გამოცხადებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

კომპანიამ, ვისთანაც საბოლოოდ გაფორმდება ხელშეკრულება, ზემოთ აღნიშნულ მისამართებზე მდებარე სახლებზე სახურავების რეაბილიტაცია 2023 წლის 31 აგვისტომდე უნდა დაასრულოს.

ქალაქში არსებული მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, როგორც შესაბამის პროგრამაშია აღნიშნული, „ხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით: 1% – ამხანაგობა, 99% – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო [ქალაქის ბიუჯეტიდან].

პროექტს და ხარჯთაღრიცხვას ამზადებს ამხანაგობა. განცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება სამ და მეტ-სართულიანი სახლების სახურავების გადახურვას; ამასთან, ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე განისაზღვრება სახურავისა და შესაბამისი კონსტრუქციების [კედლების, ჭერის] მდგრადობა და სიმყარე, რაც შეიძლება გახდეს პროგრამაში მონაწილეობის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი“.

სახლები ბათუმში, რომლებსაც სახურავების რეაბილიტაცია ჩაუტარდება / ფოტოები სატენდერო დოკუმენტებიდან

ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება ასევე მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია [შეცვლა, რემონტი, განახლება]; ამ შემთხვევაში სამუშაოებს 100%-ით ახორციელებს მერიის სამმართველო [მათ შორის ადგენს საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას].


 

ბათუმში, დაზიანებული სახურავების სარემონტო სამუშაოებზე სამმართველოს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 199 999 ლარით, თუმცა კონკრეტული სახლის მისამართები მითითებული არ არის.

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 21 იანვარს დაიწყება და 26 იანვარს დასრულდება.

ამავე თემაზე:

ეზოს მისამართები ბათუმში, სადაც მერია ჭიშკრებს მოაწყობს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: