მთავარი,სიახლეები

რა ხდება, როცა ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანი არ მკურნალობს

16.01.2023 • 1061
რა ხდება, როცა ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანი არ მკურნალობს

„მარტო რჩები, როცა შენი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს, საჭირო მედიკამენტების მიღებაზე უარს გეუბნება და პერიოდულად აგრესიული ხდება. გიჩნდება კითხვა: ვინ არის ამ დროს პასუხისმგებელი, ვინ დაგიცავს?“ – ამბობს ნანა გ.

ნანა გ. მეუღლეზე საუბრობს. მან გვიამბო, რა გზის გავლა მოუწიათ, ექიმამდე რომ მისულიყვნენ.

„დაახლოებით 13 წელია აქვს ეს პრობლემა გიორგის [სახელი შეცვლილია]. ბოლოს, 9 აგვისტოს გაიკეთა ნემსი და მას შემდეგ ეს ვეღარ ხერხდება, უბრაზდება ყველას და ხელით იწევს, ვინც ეუბნება, რომ ნემსი უნდა გაიკეთოს…

სახლშიც აღარ ჩერდება, ხან სად არის, ხან – სად. გვირეკავენ, აქ იყოო, ზოგჯერ აგრესიულია სხვებთანაც,“ – გვიყვება ნანა, რომელიც მისი მეუღლის პრობლემის შესახებ გასული წლის დასაწყისშიც გვესაუბრა.

ერთი წლის წინ, „ბათუმელების“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ მობილური გუნდების პროგრამაში ჩართეს. ეს გუნდები პერიოდულად ნახულობენ ბინაზე პაციენტებს, მათ შორის, გიორგის, თუმცა ნანა ამბობს, რომ ზედიზედ 4 თვეა ექიმები გიორგის არ შეხვედრიან. ამ სერვისით ის პაციენტები სარგებლობენ, რომლებსაც სტაციონარში მკურნალობა არ ესაჭიროებათ.

„ბათუმელებთან“ ხელახლა დაკავშირებამდე ნანამ მორიგი ტრაგედიის შესახებ ნახა ამბავი მედიაში – სალიბაურში მამამთილმა რძალი მოკლა, პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ნანა გ. არ მიიჩნევს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მისი მეუღლე სტაციონარში უნდა გამოკეტონ, იგი ითხოვს ყურადღებას და შესაბამის ურთიერთობას კომპეტენტური პირებისგან, ვინც პაციენტის დროულად დახმარებას შეძლებს.

„ზოგადად მობილური გუნდის ექიმი ადგილზე არ მოდის საერთოდ, ექთანს ატანენ ნემსს, რაც უნდა გავუკეთოთ და მიდიან. არანაირი შეფასება არ ხდება, როგორია პაციენტის მდგომარეობა. პერიოდულად გვირეკავენ, მერე მანქანით მოვლენ, მედიკამენტებს ტოვებენ და მიდიან, არც ხვდებიან პაციენტს…

შემდეგ, როცა მკურნალ ექიმს უყვები, რომ პაციენტი არ იღებს მედიკამენტებს, არ იკეთებს ნემსს, გპასუხობს, რომ პაციენტი ადგილზე უნდა მივუყვანოთ კლინიკაში, რადგან ისე ვერაფერს შეცვლის. გიორგი კი ასეთ დროს საერთოდ სახლიდან მიდის.

იძახებ პატრულს, რომ დაგეხმაროს. პატრული ამბობს, რომ მას არ აქვს კომპეტენცია, ვითარება შეაფასოს, განსაზღვროს, კონკრეტული ადამიანი ექვემდებარება თუ არა იძულებით გადაყვანას და გადაიყვანს მხოლოდ მაშინ, თუ ის საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს, ან სხვების ჯანმრთელობას.

პატრული უკავშირდება სასწრაფოს. სასწრაფოს ექიმმა კი, რომელმაც ჩემი ქმარი ქუჩაში ნახა, თქვა, რომ გადაყვანის საჭიროება ვერ დაინახა. მკურნალი ექიმიც გპასუხობს, რომ პაციენტი თავად იღებს თავის ქმედებაზე პასუხისმგებლობას და ის ვერაფერს შეცვლის, თუ პაციენტს ვერ აჩვენებენ,“ – გვიყვება ნანა გ.

მისი თქმით, გიორგი რამდენიმე დღის წინ მოათავსეს BMC-ში. ეს კლინიკა უწევს სამედიცინო მომსახურებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს აჭარის რეგიონში. ნანა გ. გვიყვება, რომ სასწრაფომ და საპატრულომ მას შემდეგ გადაყვანა პაციენტი კლინიკაში, როცა ოჯახი ახლობელ ადამიანს ესაუბრა შსს-ში და დახმარება სთხოვეს, პაციენტი ექიმამდე მიეყვანათ, ექიმმა კი მისი სტაციონარში დატოვება მიიჩნია საჭიროდ.

„ქართლ-ჯიგრულ პონტშიო, რომ იტყვიან, აი, ასე მოხდა საბოლოოდ, ისე ვერაფერი გავაწყვეთ, თვეები გადიოდა.

გიორგი ახლა კლინიკაშია, მაქსიმუმ 3 კვირა შეიძლება გააჩერონ, მეტის უფლება არ აქვთ. მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: ვინმე ხომ უნდა აკონტროლებდეს მსგავსი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პერიოდულად, როცა ის გარეთაა და საჭირო მედიკამენტებს არ იღებს?“ – ნანას ეს კითხვა აწუხებს.

  • რას ამბობენ სამედიცინო დაწესებულებაში?

„ჩვენ არ გადმოგვყავს პაციენტი, გადმოჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს… მოიყვანეს და მივიღეთ, გადის მკურნალობას,“ – ნანა გ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია პრაქტიკულად დაგვიდასტურა ექიმმა, ფსიქიატრმა სერგო ცომაიამ. მან კატეგორიულად გამორიცხა „ქართულ-ჯიგრული პონტი“:

„თავდაპირველად ეტყობა არ გამოუვლენია, როცა გამოავლინა, გადმოიყვანეს… მე არ მისაუბრია სასწრაფოს ექიმთან“, – განმარტა ფსიქიატრმა, როცა მას ვკითხეთ, რით ხსნიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის თავდაპირველ უარს კლინიკაში პაციენტის გადაყვანაზე.

რა რეაგირება ჰქონდა მობილურ გუნდს, როცა პაციენტი ამ სერვისში ფორმალურად ჩასმული იყო, თუმცა პრაქტიკულად არც მედიკამენტებს იღებდა და არც ნემსს იკეთებდა?

„მე პირადად ავედი და გავუკეთე ინექცია, რაც იყო თვეში ერთხელ გასაკეთებელი. ოჯახის წევრებმაც უნდა იზრუნონ, ყოველდღიურად და დღეში სამჯერ ვერ მივა მობილური გუნდი პაციენტთან,“- ამბობს „ბათუმელებთან“ სერგო ცომაია. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მან ვერ გაიხსენა, როდის გაუკეთა ნემსი გიორგის, ან ბოლოს როდის ჰქონდა მას, ან მისი გუნდის სხვა წევრებს კომუნიკაცია გიორგისთან, ვიდრე მას კლინიკაში გადაიყვანდნენ.

„მობილური გუნდი მიდიოდა მასთან სახლში…  შესაძლოა, ამ დროს პაციენტი არ იყოს სახლში, მაგრამ გუნდი მას უწევს მომსახურებას. თუ პაციენტი არ მიიღებს ამ მედიკამენტებს, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, ხომ?! გუნდის წევრები მას უკავშირდებოდნენ მობილურით.

პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ოჯახის წევრები მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ… თუ დატოვა საცხოვრებელი ტერიტორია, რა უნდა გავაკეთოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? მოიყვანენ პაციენტს და მოვახდენთ მის სტაციონირებას, მანამდე ქუჩაში პაციენტს ძებნას ვერ დაუწყებ,“ – გვითხრა სერგო ცომაიამ.

რა უნდა გაკეთებინა ოჯახს, რომელიც პერიოდულად უკავშირდებოდა მას, როგორც გიორგის მკურნალ ექიმს და ეუბნებოდა, რომ იგი საჭირო მედიკამენტებს არ იღებდა, ასევე, პერიოდულად აგრესიას ავლენდა? – ვკითხეთ მას.

„პირველივე ნიშნების ამოცნობისას უნდა მიმართონ [ოჯახმა] ექიმს და სტაციონარს… არავის არ მოუმართავს ჩემთვის, გვიან მომმართეს,“ – თქვა სერგო ცომაიამ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მედიკამენტების მიუღებლობაზე ნანა გ.-ს ნათქვამი შესაძლოა „სუბიექტური შეფასება“ იყოს.

ნანა გ.-ს თქმითვე, მედიკამენტების მიუღებლობას გიორგიც ადასტურებდა.

როცა ექიმებს 4 თვე არ უნახავთ პაციენტი და მხოლოდ მობილურით უკავშირდებოდნენ მას, რა ადასტურებს, რომ მას, მაგალითად, ნემსს უკეთებდა ვინმე? პაციენტი ამბობდა, რომ იღებდა მედიკამენტებს? და თუ არ იღებდა მედიკამენტებს პაციენტი, რეაგირების რა ფორმას მიმართა კლინიკამ? – ამ კითხვების მოსმენის შემდეგ ფსიქიატრმა სერგო ცომაიამ მოგვიბოდიშა, მეტი საუბრის დრო აღარ მაქვსო და დაგვემშვიდობა.

  • მობილური გუნდი პაციენტს უნდა მიყვეს“ – ფსიქიატრთა საზოგადოების ხელმძღვანელი 

„მობილური გუნდი პაციენტს უნდა მიყვეს, ითანამშრომლოს პაციენტთან და მის ოჯახთან,“ – ამბობს ეკა ჭყონია, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ხელმძღვანელი.

მას ვთხოვეთ ამ კონკრეტული შემთხვევის შეფასება, რაც შესაბამისი სამედიცინო პერსონალის და პაციენტის კომუნიკაციის პრობლემას აჩვენებს.

„თუ პაციენტი მკურნალობის რეჟიმს არ ემორჩილება, მაშინ მისი ამოწერა უნდა მოხდეს სერვისიდან. თუ საფრთხის შემცველია, უნდა გადაიყვანონ სტაციონარში. თუ არ არის საფრთხე, რაც კონკრეტული ფაქტორების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, მაშინ არავის აქვს უფლება, პაციენტს მკურნალობა დააძალოს“ – გვითხრა მან.

ეკა ჭყონია განმარტავს, რომ იძულებით გადაყვანის და იძულებით მკურნალობის საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართულია, როცა პაციენტი ქმნის საფრთხეს.

მისი თქმით, ნანა გ.-ს ისტორიის მსგავსი შემთხვევა მასაც მოუსმენია, თუმცა მისი დაკვირვებით, მაგალითად, თბილისში, ძირითადად საწოლების არასაკმარისი რაოდენობის გამო არ გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს პაციენტი შესაბამის კლინიკაში.

„არ არის ძირითადად ადგილები. წარმოიდგინეთ, თბილისიდან გადაჰყავთ პაციენტები ხონში, ბათუმიდანაც გადაჰყავთ… ჩვენთან არც მობილური გუნდებია საკმარისი, არც მედიკამენტები…

ზოგადად ბევრი პაციენტია ასეთი, რომელიც წამალს არ იღებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ,“ – განმარტავს ეკა ჭყონია და რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რომლის გათვალისწინებითაც ექიმმა უნდა განსაზღვროს, რამდენად არსებობს საფრთხე  და იძულებით მკურნალობის საჭიროება. მაგალითად, არის თუ არა პაციენტი ძალადობისკენ მიდრეკილი, წარსულში ჩადენილი დანაშაული და ა.შ.

„თუ არ გადაიყვანა სასწრაფომ, შესაძლოა, არ იყო შესაბამისი ჩვენება, მინიმუმ სასწრაფოს ექიმს აუღია ეს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაიყვანდა პაციენტს და შემდეგ თავად ფსიქიატრიული დაწესებულება მიიღებდა გადაწყვეტილებას,“ – დასძინა ეკა ჭყონიამ.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ იძულებით მკურნალობა თავისუფლების აღკვეთას უტოლდება, ამ დროს გადაწყვეტილებას 72 საათის განმავლობაში სასამართლო იღებს სამედიცინო გუნდის დასკვნის საფუძველზე.

  • „სასწრაფოში სპეციალური გუნდი უნდა დაკომპლექტდეს“ – უფლებადამცველი 

„თუ საფრთხე მყისიერია, ექიმს შეუძლია პაციენტი დაუყოვნებლივ მოათავსოს კლინიკაში, დააკვირდეს 24 საათი და გუნდმა მოამზადოს შეფასება. ამის შემდეგ მიმართავს უკვე დაწესებულება სასამართლოს იძულებით მკურნალობაზე,“ – განმარტავს უფლებადამცველი რამინ მაჭარაშვილი. იგი ორგანიზაციის – „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ იურისტია და წლებია შშმ პირების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

რამინ მაჭარაშვილის დაკვირვებით, პრობლემაა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმების შესაბამისი კომპეტენცია, რაც სირთულეებს ქმნის, როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანს სჭირდება დახმარება:

„სასწრაფოში სპეციალური გუნდი უნდა დაკომპლექტდეს, რომელიც იქნება მომზადებული ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებთან სამუშაოდ. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებთან უნდა იმუშაოს კონკრეტულად ამ გუნდმა, რადგან ყველა ექიმს ვერ გადაამზადებ ფსიქიკურ ჯანდაცვაზე.

ამაზე ბევრჯერ იყო საუბარი, სახალხო დამცველიც ითხოვდა ამას, რადგან ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ კლინიკაში გადაუყვანიათ ადამიანი ადეკვატური მოპყრობის გარეშე, უფლებებიც არ განუმარტეს და გართულდა ადამიანის ემოციური მდგომარეობა. რომ არა ასეთი მოპყრობა, შესაძლოა, მისი ემოციური მდგომარეობა არ გართულებულიყო.

ხელისუფლების პასუხები ძირითადად არის ის, რომ ეს დიდ რესურსს მოითხოვს და ამდენი ფსიქიატრი არ ჰყავთ. ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით არაფერი იცვლება,“ – აღნიშნა რამინ მაჭარაშვილმა „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: