საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის იანვრიდან უწყებაში ხელფასები იზრდება. იანვრიდან პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ხელფასთან ერთად დანამატსაც აიღებენ.
ახალი ბრძანებით, უშუალოდ გენერალური პროკურორის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო], გასული წლის იანვართან შედარებით, 726 ლარით იზრდება და 7 986 ლარი იქნება.
გენპროკურორი აიღებს დანამატსაც [თანამდებობრივი სარგოს 10%-ს, რაც 798 ლარია], ანუ ირაკლი შოთაძის ხელფასი იანვრიდან ჯამში 8 784 ლარი იქნება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] კი, 616 ლარით გაიზრდება და 6 776 ლარი იქნება.
ახალი ბრძანებით, 2023 წლის იანვრიდან, მაგალითად:- გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] – 7 502 ლარი, ხოლო გენერალური პროკურორის მოადგილის – 7 260 ლარი იქნება;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის – 5 566 ლარი, ხოლო მისი მოადგილის – 4 345 ლარი;
- თბილისის პროკურორის – 6 776 ლარი, მისი მოადგილის – 5 566 ლარი;
- საოლქო პროკურორის – 6 776 ლარი, მისი მოადგილის – 5 566 ლარი;
- რაიონული პროკურორის ხელფასი 5 324 ლარი იქნება, მისი მოადგილის კი – 4 268 ლარი.
პროკურატურაში 96 ლარით გაიზარდა სტაჟიორების ანაზღაურებაც, შესაბამისად, მათი ხელფასი იანვრიდან 1 056 ლარი იქნება.
გენერალურმა პროკურორმა კიდევ ერთ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესი“ დაამტკიცა.
„ამ წესით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა, მისი გაცემის წესი და პირობები ერთიანია საქართველოს გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
წელთა ნამსახურობის დანამატი პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს მიეცემა შესაბამისი სტაჟის არსებობის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:
გენერალური პროკურორის ამავე ბრძანების მიხედვით:
- „პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს სტაჟში ეთვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, სტაჟიორის, პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით მიღებული პირის პოზიციებზე საქმიანობა.
- ასევე სსრკ პროკურატურის სისტემაში საქმიანობის პერიოდი [როგორც ოპერატიულ, ისე ტექნიკურ პოზიციებზე საქმიანობა].
გარდა პროკურატურის სისტემაში საქმიანობისა, წელთა ნამსახურობის სტაჟში ასევე ითვლება:
- სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მოსამართლედ, მოსამართლის თანაშემწედ ან/და სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობა
- შინაგან საქმეთა, იუსტიციის, [მათ შორის შრომითი საქმიანობა მანამდე არსებულ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემაში]
- თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროებში, სახელმწიფო უშიშროების/სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
- 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს
- 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში
- საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებით ნამსახურობა.“
„ამ წესის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის ზრდა და გამოცდილების/ნამსახურობის ადეკვატური შრომის ანაზღაურების გაცემა. წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებზე და არ გაიცემა პროკურატურის სტაჟიორებზე, პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე“, – აღნიშნულია დანამატის გაცემის წესში.
ამავე წესის მიხედვით, „პროკურორი/პროკურატურის გამომძიებლი უფლებამოსილია წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ან/და სტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ იხილავს საკითხს და განმცხადებელს წერილობით აცნობებს წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან ან/და სტაჟთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
საჭიროებიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში, თანამშრომლის წელთა ნამსახურობის დანამატის საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნას ერთობლივად გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს თანამშრომლების მონაწილეობით.“