მთავარი,სიახლეები

რუსეთმა დნიპროში დაბომბვაზე იცრუა – ბრიტანეთის დაზვერვა

17.01.2023
რუსეთმა დნიპროში დაბომბვაზე იცრუა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 17 იანვრის ანგარიში 14 იანვარს ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისა და გამოყენებული იარაღის ანალიზს ეთმობა. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთმა თითქმის 15-დღიანი პაუზის შემდეგ განაახლა შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმები და უკრაინის წინააღმდეგ ათობით რაკეტა გაუშვა. მსგავს შეტევებზე გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური მანამდეც წერდა და აღნიშნავდა, რომ ასეთი შეტევები ყოველ 7-10 დღეში მეორდება.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, 14 იანვრის დაბომბვის ტალღის მთავარ სამიზნეს კვლავ უკრაინის ელექტროსისტემა წარმოადგენდა, ისევე როგორც 2022 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის რვა ტალღის შემთხვევაში.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა საშუალო ბომბდამშენ Tu-22M3 BACKFIRE-დან [Туполев Ту-22М] გაშვებული Х-22 მსხვილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რამაც მინიმუმ 40 ადამიანი იმსხვერპლა. დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა იცრუა, როდესაც შემთხვევაზე პასუხისმგებლობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტას დააკისრა, რადგან Х-22 აშკარად არაზუსტია სახმელეთო მიზნების წინააღმდეგ, რამდენადაც მისი რადარის სისტემა სუსტია ურბანულ არეალში მიზნების დიფერენცირებაში.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ცნობით, მსგავსი იარაღი იყო გამოყენებული სხვა შემთხვევებშიც, რომლებსაც მასობრივი სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას 2022 წლის 27 ივნისს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ზოგი რაკეტა, მაგალითად, Х-22 შეუფერებელია ზუსტი დარტყმებისთვის, უკრაინის ომიდან მიღებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ რუსეთის შორი დისტანციის თავდასხმების შესაძლებლობების გაუმართაობა ბევრად უფრო ღრმაა და დიდი ალბათობით, მას უჭირს მიზნების დინამიკურად იდენტიფიცირება და ბრძოლის ზარალის სწრაფი და ზუსტი შეფასება.

____

უკრაინული მედია ასახელებს 44 სამხედროს, ვინც დნიპროში კორპუსს რაკეტა ესროლა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: