სიახლეები

პენსიონერი პილოტი, რომელიც 17 წლის შემდეგ დაუბრუნდა არმიას – უკრაინის გმირი

16.01.2023
პენსიონერი პილოტი, რომელიც 17 წლის შემდეგ დაუბრუნდა არმიას – უკრაინის გმირი

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომში მრავალი უკრაინელი ჩაერთო სამშობლოს დასაცავად. ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ ჰქონდა სამხედრო გამოცდილება. სამხედრო კომისარიატებში მოქალაქეები მეგობრებთან, ნათესავებთან ერთად ცხადდებოდნენ ფრონტზე წასასვლელად.

უკრაინული მედია ხშირად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ პერიოდულად რეზერვისტები საკუთარი ნებით ბრუნდებიან სამხედრო ნაწილებში, იყო შემთხვევები, როცა პენსიაში გასული სამხედრო პირები დაუბრუნდნენ ბატალიონს ომში ჩასართავად.

ვადიმ კრავეციც საკუთარ სამხედრო დანაყოფს დაუბრუნდა 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებიდან მესამე დღეს. მოვალეობის გრძნობამ პილოტს საპენსიო ასაკი დაავიწყა.

ვადიმ კრავეცის შესახებ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო გამოცემა Armyinform-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვადიმისთვის სტიმულის მიმცემი მისივე ინსტრუქტორი იყო – მისი მენტორი და პირველი კლასის პილოტი, რომელსაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ვადიმი აეროდრომზე უნდა დაებრუნებინა.

სამხედრო ძალებში 17 წლის შემდეგ დაბრუნებული ვადიმის ინსტრუქტორი იხსენებს, რომ ვადიმი ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ როცა სირთულეები დაძლია და ფრენა დაიწყო, ინსტრუქტორი მას ამშვიდებდა, ხომ დაგპირდი, ისევ ისე იფრენო.

ორკვირიანი სწავლების შემდეგ ვადიმ კრავეცი მრავალწლიანი პაუზის მიუხედავად უკვე დამოუკიდებლად მართავდა ვერტმფრენს. ასე დაბრუნდა პილოტი ომში უკრაინის დასაცავად.

უკრაინის გმირი, ვადიმ კრავეცი [მარჯვნიდან პირველი] თანამებრძოლებთან ერთად.

ვადიმი ეკიპაჟთან ერთად საბრძოლო დავალებებს ასრულებდა მტრის საჰაერო თავდასხმებისა და საავიაციო ცეცხლის პირობებში, მუდმივად რისკავდა სიცოცხლით.

იგი თავისი ვერტმფრენით ქვედანაყოფებს ამარაგებდა საჭირო იარაღითა და აღჭურვილობით.

„უზომოდ მიზანსწრაფული და საიმედო ადამიანი იყო, ყოველთვის ასრულებდა თავის გეგმებს ცხოვრებაში და აღწევდა მიზნებს, რაზეც ოცნებობდა,“ – იხსენებს მეთაურს მისივე თანამებრძოლი და ინსტრუქტორი რომანი.

რომანი ვადიმთან ადრეული წლებიდანვე მეგობრობდა, მაშინ რომანი უბრალოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდა, ვადიმი კი ამ დროს უფროსი ლეიტენანტი იყო. შემდეგ ისინი ერთად სერავდნენ უკრაინის ცას ერთი ესკადრილიით.

ისინი მაშინაც მეგობრობდნენ, როცა ორივე მათგანი რეზერვში ირიცხებოდა. თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, ოფიცრები ერთად დაბრუნდნენ სამხედრო დანაყოფში.

სამხედრო ძალებში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში ვადიმ კრავეცი სამხედრო დავალების შესრულებისას დაიღუპა.

„დილის 6 საათზე დამირეკეს… ამ ზარის შემდეგაც ვერ ვიჯერებდი, რომ ვადიმი აღარ იყო. უფროს ძმობას მიწევდა, ყოველთვის მზად იყო თავი გაეწირა სხვებისთვის, დღედაღამ მზად იყო, ყველაფერში დაგხმარებოდა, ის უპრობლემო ადამიანი იყო,“ – ჰყვება ვადიმის საუკეთესო მეგობარი.

რუსეთის შეიარაღებული აგრესიის პირობებში  გამოვლენილი გამბედაობის, გმირობისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის 17 წლის პაუზის შემდეგ სამხედრო ძალებში დაბრუნებულ ვადიმ კრავეცს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიენიჭა სამკერდე ნიშანი – „სამაგალითო სამსახურისთვის”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008