მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა – „ომს ვოლონტიორები იგებენ“

15.01.2023 • 2838
ბათუმის საკრებულოს წევრი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა – „ომს ვოლონტიორები იგებენ“

„ზოსი“, როგორც მას მეგობრები ეძახიან, იგივე ირაკლი ზოიძე ისევ უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. ირაკლი ბათუმის საკრებულოს წევრია „ენმ“- დან. ის უკრაინის დასაცავად ომში მისი დაწყებიდან მალევე ჩაერთო. გასული წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და მოკლე პაუზის შემდეგ ისევ ომში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„2022 წლის 24 თებერვალს, სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა… რა თქმა უნდა, ერთი წუთიც არ დავფიქრებულვარ – ბილეთი როგორც კი ვიშოვე წავედი. მაშინ პრობლემა იყო ბილეთის შეძენა. უკრაინაში ფრენები არ იყო, იყო პოლონეთის ან მოლდოვას მიმართულებით, საიდანაც შეიძლებოდა გადასვლა.“

ირაკლი ჯერ დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩავიდა, იქ ცოლი და შვილი ელოდნენ, ისინი უსაფრთხო ადგილას უნდა გადაეყვანა. ირაკლის მეუღლე უკრაინელია და ომი რომ დაიწყო, დედასთან იმყოფებოდა:

„გადმოვიყვანე პოლონეთში, საქართველოში გამოვამგზავრე და დავბრუნდი უკან, ჩემს ძველ თანამებრძოლებთან, რომლებსაც იმ პერიოდში დასრულებული ჰქონდათ სამხედრო სამსახური, მაგრამ ამ ომმა ისევ აიძულა აეღოთ იარაღი ხელში და დაეცვათ ის, რაც მათთვის ძვირფასია – სამშობლო. მათ შორის ქართველებიც არიან და ისინიც ითავისებენ, რომ დღეს უკრაინის დაცვა საქართველოს დაცვაა.“

ირაკლი ძირითადად კიევში, ან კიევთან ახლოს იბრძოდა:

„თავიდანვე კიევში ან კიევის შემოგარენში ვიყავი… კიევის შემოგარენში ბრძოლები იყო, ასევე ბუჩაში – იქ ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. კიევთან ახლოს ყველა ღამით სროლები იყო. იმ პერიოდში ყველაფერი კარგად დასრულდა კიევისთვის.“

უკრაინის დასაცავად ეს პირველი ბრძოლა არ ყოფილა ირაკლისთვის, ის 2014 წელსაც უკრაინაში იყო, მაშინ რუსეთი ყირიმში შეიჭრა:

„2014 წელს წავედი უკრაინაში და სამი წელი დავრჩი, შემდეგ შენელდა საომარი მოქმედებები და დავბრუნდი საქართველოში. მაშინ ჯოხარ დუდაევის სახელობის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონში ვიყავი. ისა მურაევი იყო მეთაური, ის ჯოხარ დუდაევის ბოლო გენერალი იყო. სამწუხაროდ, დაიღუპა 2015 წლის პირველ თებერვალს. 2017-ში დავბრუნდი საქართველოში, დავოჯახდი.“

ირაკლი იხსენებს, როგორ მუშაობდა რუსული პროპაგანდა უკრაინაში 2014-2017 წლებში. გვიყვება, რომ ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია.

„იყო დრო, როცა რუსული პროპაგანდა სჭარბობდა და ზოგჯერ ამარცხებდა უკრაინულ სიმართლეს, მაგრამ ამ მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. მე მაშინაც იქ ვიყავი, როგორც გითხარით 2014-დან 2017-მდე. რუსული პროპაგანდა იმდენად დიდ თანხას ხარჯავდა, რომ მოსახლეობაში, გარკვეულ ნაწილში, უკრაინელებშიც კი გაორებული იყო აზრი, როგორც ჩვენთან – ომი ვინ დაიწყო. 5 მილიარდამდე ფული დახარჯეს მხოლოდ პროპაგანდაში ამ წლების განმავლობაში.“

ირაკლი გვიყვება, რომ ახლა უკრაინაში ყველაფერთან ერთად გენშტაბის მიდგომაც შეცვლილია, მათი დამოკიდებულება საქმის მიმართ. ახლა მოსახლეობის კავშირი მეომრებთან უფრო მჭიდროა და ყველა ერთ საქმეს ემსახურება:

„ხალხი იცავს თავის სამშობლოს, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა. ცუდად წავა საქმე თუ კარგად წავა, უკრაინის მოქალაქეს როგორც უნდა ისე უნდა იყოს, ამის გამო ისჯებიან ფაქტობრივად, თავისუფლებისთვის. ბახმუტი, სოლედარი, დონეცკის მიმართულებაზე დაიღუპა ბევრი, მაგრამ ეს რუსებსაც ძალიან დიდი ფასი დაუჯდათ. როცა ისინი ერთს ამბობენ, მინიმუმ ხუთზე უნდა გავამრავლოთ, თუ ერთს ამბობენ იქ ხუთია დაღუპული“.

ირაკლის თქმით, მოსახლეობა მაქსიმალურად უფრთხილდება მეომრებს, ასევე გვიყვება მათ ძალისხმევასა და ერთიანობაზე, იმაზე თუ, როგორც ცდილობს ყველა იმით დაეხმაროს მეომრებს, რისი შესაძლებლობაც აქვს:

„პირველ დღეებში ვინც დატოვა უკრაინა, მათი 90% დაბრუნდა უკან და ყველა ამბობს, რომ აღარსად წავა. სიკვდილის ფასადაც მოსახლეობის ოთხმოცდაათი პროცენტი ჩართულია ბრძოლაში. აკეთებს რაც შეუძლია, წინდის მოქსოვა შეუძლია – წინდას ქსოვს, იარაღის აღება შეუძლია, ხელში იარაღი აქვს. ვაშლის მოკრეფა შეუძლია – კრეფს და აგზავნის ფრონტზე. თუ სხვა არაფერი შეუძლია, მოდის და გეხუტება, მადლობას გეუბნება, რაც მეომრის მოტივაციას ზრდის. მაქსიმალურად ცდილობენ არ მოგმართონ, არ შეგაწუხონ თუ ძალიან არ სჭირდებათ. თუ რამე ინფორმაცია აქვთ მოდიან.

მთელი უკრაინა ჩართულია იმპერიასთან ბრძოლაში, როგორც შეუძლიათ. თითქმის მთელი უკრაინა ვოლონტიორია, ზოგი ათ გრივნას რიცხავს, ზოგი – ათასს, ვისაც რა შეუძლია. მე ყოველთვის ვამბობ, ვოლონტიორებს უნდა დაუდგან ძეგლი უკრაინელებმა და ქართველებმაც, ისინი იგებენ ომს. თითქმის მთელი უკრაინა ვოლონტიორია.“

ჩვენთან საუბარში ირაკლი უკრაინაში მებრძოლების ანაზღაურების თემასაც გამოეხმაურა:

„სახელისუფლებო არხებზე ხშირად საუბრობენ, რომ ჩვენ იქ საბრძოლველად ხელფასისთვის მივდივართ. ხელფასი კი არა, საერთოდ უკრაინა თუ დაგვხვდებოდა ისიც არ ვიცოდით. 5 მარტს უკრაინაში ვიყავი, რა ხელფასი, სახელმწიფო იარსებებდა თუ არა, არ ვიცოდით. ახლა არის მინიმალური ანაზღაურება, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, როგორც ჩვენი ბიჭები იქ იბრძვიან, არიან ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები – ბევრი, ყველა იქ არის, ვისთვისაც თავისუფალი კავკასია მნიშვნელოვანია და ხვდება, რომ თავისუფალი კავკასიის იდეა ახლა უკრაინაზე გადის“.

ირაკლის სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული. ამბობს, რომ ახლაც იმ დაჯგუფებასთან ერთად აპირებს ბრძოლას, ვისთან ერთადაც კიევის მისადგომებთან იბრძოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: