სიახლეები

მხატვარი, რომელმაც ლაპარაკი და სუნთქვა თავიდან ისწავლა

16.01.2023 • 1732
მხატვარი, რომელმაც ლაპარაკი და სუნთქვა თავიდან ისწავლა

მხატვარ-დიზაინერმა ელენე რამიშვილმა 12 წლის წინ თავიდან დაიწყო ისეთი ჩვეულებრივი რამეების სწავლაც კი, როგორიცაა სიარული, ლაპარაკი, ყლაპვა და სუნთქვა.

ელენეს მძიმე დაავადება სტრესის შედეგად განუვითარდა.

„აღარც ხელ-ფეხი მიმუშავებდა, მაგრამ ყველაფერთან ერთად რომ არ დამეკარგა საქმეც, რაც მიყვარდა, დავიწყე პატარ-პატარა მძივების ასხმა. ხელები, რომლებიც არ მემორჩილებოდა, ისევ ჩემი გახდა. ასე დავიწყე პატარ-პატარა ნივთების, მერე კი კოლექციების შექმნა.

მინდა, ყველას გავუზიარო გზის თავისებურებები, რაც ვიპოვე. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ შესაძლებელია ამუშავდეს თქვენში ის, რაც არ მუშაობს, თუ ამის ძალიან, ძალიან დიდი სურვილი გაქვთ“, – ამბობს ელენე.

ელენე რამიშვილი, მხატვარ-დიზაინერი

  • ელენე რამიშვილი, მხატვარ-დიზაინერი

თბილისში ვცხოვრობ დიდი ხანია, მაგრამ ბათუმელი ვარ. ბათუმში ყოფილი ტურგენევისა და გორკის ქუჩების გადაკვეთაზე ვცხოვრობდით. ბავშვობიდანვე კარგად ვხატავდი და მყოფნიდა თავხედობა თავისუფალი ფანტაზიორობისთვის. მთელი ჩემი ბავშვობა ხატვასთან და რაღაცების მოფიქრებასთან იყო დაკავშირებული.

ხშირად არც ერთ მასალას ისე არ ვიყენებ, როგორც მას ტრადიციული წესით იყენებენ. მარტო შემოქმედებითი ცხოვრებით რთულია თავის გატანა, მომიწია ვყოფილიყავი ჩინოვნიკიც და ბევრი სხვა რამეც მეკეთებინა, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის მჭირდებოდა, რომ საღებავების ფული მქონოდა.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეში დაკარგოთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ.

ბუნებით მეომარი ვარ, მაგრამ ომთან ყველა ადამიანი ვერ იტანს შენობით ურთიერთობას. დიდ ადამიანურ დანაკარგთან ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა. ყველაფრის დაკარგვასთან შეგუება მარტივი არ არის. შევეგუე, მაგრამ ჯანმრთელობის ფასად.

პარალიზებული ხელ-ფეხის აღსადგენად უნდა მომეგონებინა რაღაც, რაც ფეხზე დამაყენებდა. მხოლოდ თითები მიმუშავებდა. ასე ავაწყე პარალიზებულმა 25-მეტრიანი მძივი და მერე აღარ გავჩერებულვარ.

ნიჭიერება, ჟინიანობა და მიზანსწრაფულობა ძალიან კარგი ნაზავია, შეუძლებელი რომ შეძლო, გადაუყლაპავი რომ გადაყლაპო.

ჩემ ირგვლივ ყველაფერი ლამაზი უნდა იყოს, საშინელებაც კი. ნამუშევრები სიმბოლოებით უნდა იყოს სავსე.

როცა რამე ნივთს ვქმნი, არ ვიცი, ვის სახლში მიდის. მინდა, ჩემმა ნივთებმა, სამკაულებმა, ყველასთან ბედნიერება, სილაღე და ჯანმრთელობა მიიტანოს.

ელენე რამიშვილის ნამუშევარი თავსაბურავი

ეს ჩემი პიროვნული არჩევანია. ადამიანი ერთხელ არ ირჩევს ნათელ ან ბნელ მხარეს დგომას, არჩევანს ვაკეთებთ ყოველწამიერად, ყოველწუთიერად. ყოველ ჯერზე უნდა აარჩიო სინათლე. ცხოვრება არჩევანია.

ნივთები, რომლებსაც შენი ხელები ქმნის, შენგან იწყებენ სამყაროში არსებობას. ნივთები, რომლებიც აქამდე არ არსებობდნენ. ეს ერთგვარი მაგიაა: არ არსებობდნენ და შენ შექმენი. უნდა ვცადოთ, რომ ყველა ჩვენი ნამოქმედარი მშვენიერებით, კეთილი ზრახვებით იყოს დამუხტული. მერე კი ეს ნივთები საკუთარ გზას იპოვიან.

ელენე რამიშვილის ნამუშევარი თავსაბურავი

უკრაინის ომი რომ დაიწყო, თუ რამე ტრიგერი მქონდა, ყველაფერი ერთიანად ამუშავდა და მივხვდი, რომ ამ რეალობასთან თვალის გასწორება გამიჭირდებოდა. როცა ეს ომი დამთავრდება, მშვიდობას სჭირდება ძაფებით დაკემსვა, აკინძვა, გალამაზება, მოპირკეთება იმისთვის, რომ ადამიანმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა შეძლოს.

ომი 3 დღის დაწყებული იყო, როცა დავიწყე თავსაბურავების, ყელსაბამებისა და სამაჯურების სერია – „მედეა“.

ამ გამოფენისთვის 16 მანეკენი მჭირდება. ერთად რომ ვიქირავო, ეს ძალიან დიდი ფულია, მდარე ხარისხის თითო მანეკენი დაახლოებით 7200 ლარი ღირს, მაღალი ხარისხის – კიდევ უფრო ძვირი. ცუდად და უხარისხოდ გაკეთებული არაფერი მიყვარს. ამიტომ არ ვაკეთებ ამ გამოფენას, ფოტოსესიას ვერ ვახერხებ.

ელენე რამიშვილის მძივი

მინდა, ისეთი გამოფენა გავაკეთო, ხელი მოკიდოს ადამიანმა ნამუშევრებს და საკუთარ ისტორიაში იმოგზაუროს. მედეას ღვთაებრივი გენეტიკა აქვს, მზის ღმერთის შვილიშვილია. ჩვენ აღარ ვამაყობთ საკუთარი იდენტობით. რაღაცნაირად დავკნინდით და ბრბოდ ვიქეცით, ეს ჩემ თვალწინ მოხდა.

ქართველი ან სულ ომში უნდა იყოს, ან სულ სიმშვიდეში. როცა ნახევრად ომი, ნახევრად მშვიდობაა, ანუ ისეთი გაუგებარი სიტუაციაა, როგორც დღეს, მაგ დროს ვემსგავსებით ბრბოს.

ჩვენს ერს ერის სახე მაშინ აქვს, როცა სალ კლდესავითაა საომრად მომართული ან როცა ოქროს ხანა უდგას და მშვიდად ვითარდება, რაც იშვიათად გვქონია.

როგორც კი გაუგებარი ნახევრადმშვიდობა დგება, ყველაფერი მნიშვნელოვანი უფასურდება. ერი კარგავს ფერადოვნებას და იქცევა ერთფეროვან მასად, რომელსაც ერთი აზრი აქვს, ერთი რამ მოსწონს, ერთი რამ სწყინს და ერთი რამ უხარია… საშინელებაა, ამაზრზენია.

ტექნოგენურები გავხდით და დავიჯერეთ მხოლოდ პოპკორნის, გენმოდიფიცირებული პროდუქტების, ტელევიზორში გაჟღერებული ამბების, ვაღიარეთ, თითქოს მარტო ეს არის რეალობა და მეტი არაფერი. მე ამის წინააღმდეგი ვარ. მე ვიბრძვი ლამაზი ნივთებით ერთფეროვნების წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება ზღაპრები, მითები, ფერები…

ელენე რამიშვილის მძივი

მე არაფერი ვარ, მე ხელები ვარ, კარტრიჯივით რაღაც ჯდება ჩემში და სიზმრებად, ხილვებად მოდის და იბადება. მერე აცნობიერებ, თუ რას ნიშნავს ბუდისტური მაქსიმა, რომ შენ ხარ არაფერი და ამავდროულად ყველაფერი.

ხელოსანივით დღის გარკვეული მონაკვეთი არ მაქვს გამოყოფილი სამუშაოდ კონვეიერულად.

მხოლოდ შემოქმედებითი იდეით შემიძლია რაღაცების კეთება. თუ რაღაცის შეკვეთა უნდათ, იციან, რომ უნდა მითხრან, რა სურთ და რა ფერის.

მე ვსვამ ადამიანს, ვის გამოც რამეს ვაკეთებ და ვესაუბრები, ან მის ფოტოსურათს ვაკვირდები გონებისთვალით და ვფიქრობ – რა შეეფერება მას. მერე ვიწყებ ნივთის შექმნას.

ჩემთვის სილამაზე ყოველდღიურობის ნაწილია. მინდა, სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც ყოველდღიურობად ვაქციო სილამაზე.

ჩემი ნივთები არიან ჩემივე პატარა ელჩები. მშვენიერების ელჩებად მუშაობენ.

ჩვენი ცხოვრებიდან გაქრა სილამაზე. მაცოფებს ეს გამქრალი სილამაზე, რადგან სინამდვილეში ადამიანებს სჭირდებათ სილამაზე,  სჭირდებათ სპეციალურად მათთვის შექმნილი ნივთები.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კონვეიერულად ვაკეთო რამე. საერთოდაც, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მეც, თქვენც და ვიღაც სხვასაც ერთნაირი გვქონდეს ყველაფერი, ბევრი რამ. რადგან მე, თქვენ და ის სხვადასხვა ადამიანები ვართ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: