როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მარტის 21 საათიდან 18 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 19 მარტს ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 20-21 მარტს კი – ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

7 წლის ანდრია თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის – მას დახმარება სჭირდება

7 წლის ანდრია გოგიტიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თავის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა და ამჟამად  თურქეთში, კლინიკა „მედიქალ პარკში“ მკურნალობს.

„მეოთხე სტადია აქვს, მაგრამ როგორც ექიმებმა გვითხრეს, მკურნალობას ექვემდებარება.

ბუნებრივია, მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 16 ათასი დოლარი დაგვიჯდა გამოკვლევები და ბიოფსია, ახლა კი სხივურ და ქიმიოთერაპიას გავდივართ.

მკურნალობისთვის პირველ ეტაპზე 55 ათასი დოლარია საჭირო“ – ამბობს ბავშვის დედა, ინდირა მსხალაძე.

დედის თქმით, ბავშვის მდგომარეობა დაახლოებით 20 დღის წინ დამძიმდა.

„ბათუმში, მეჯინისწყალზე ვცხოვრობთ. ბავშვს თავიდან სიცხე მისცა და ჰქონდა ღებინებაც. ოთხი დღე ბავშვთა საავადმყოფოში იწვა, გვითხრეს, ვირუსი აქვსო. როცა გამოგვწერეს, შემდეგ სხვა სიმპტომებიც გამოუვლინდა, ბავშვი კარგავდა წონასწორობას გადაადგილებისას.

გადაუღეს ტომოგრაფია რეფერალურში და გვითხრეს, რომ ჰაიმორიტი აქვსო. შემდეგ ისევ უნდა ჩაეტარებინათ გამოკვლევები, მაგრამ უარი ვუთხარით და პირდაპირ წამოვედით თურქეთში“ – გვეუბნება ბავშვის დედა.

ინდირა მსხალაძის თქმით, ბავშვს სიმსივნე ტვინის უკანა ნაწილში, ღერძზე, აღმოაჩნდა.

დედის თქმით, სახელმწიფო მხოლოდ გამოკვლევების ჩატარების დროს დაეხმარა, თუმცა სხივურ და ქიმიოთერაპიას გაცილებით დიდი თანხა სჭირდება.

„ბიოფსია ძალიან ძვირი დაჯდა, 16 ათასი დოლარი, სახელმწიფო კი მხოლოდ 16 ათასი ლარით დაგვეხმარა. დანარჩენი თანხა ჩვენ გადავიხადეთ.

ამჟამად ჩვენი ფინანსური რესურსები ამოწურულია და საზოგადოების დახმარების იმედად ვართ“- ამბობს დედა.

_________________________________________________________

ანდრიას დახმარების მსურველებს, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ როგორც „საქართველოს ბანკის“ ასევე „თიბისი ბანკის“ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი: GE94BG0000000161473854

 თიბისი: GE25TB7928445061100088

მიმღები: გიორგი გოგიტიძე

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 163 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760]
  • ტანკი – 3 506 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 823 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 2 552 ერთეული [+13]
  • MLRS – 504 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 265ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 290 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 145 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 401 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 258 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 402 თვითმფრინავი
  • 221 ვერტმფრენი
  • 3 448 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 326 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 064 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 377 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 985 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პოლონეთი უკრაინას 4 საბრძოლო თვითმფრინავს “უახლოეს დღეებში” გაუგზავნის

პოლონეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას Mig-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის.

დღეს, 17 მარტს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ტვიტერზე დაწერა, რომ სლოვაკეთის მთავრობამ  უკრაინისთვის 13 ავიაგამანადგურებლის, MiG-29ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ბრიტანეთის დაზვერვა კი, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ ბახმუტთან რუსული ძალები დაწინაურდნენ, მაგრამ ამან შეუძლებელი გახადა მათი წინსვლა სხვა რაიონებში:

რუსული ძალები ბახმუტთან დაწინაურდნენ, თუმცა შესაძლებლობები ამოწურეს – ბრიტანეთის დაზვერვა

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – რას ამბობენ გეოლოგები

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები თოვლის დნობისა და წვიმიანი ამინდის პარალელურად გააქტიურდა.

აჭარაში მიმდინარე მეწყრულ პროცესებზე „ბათუმელები“ მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა, აჭარის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, გეოლოგთა ჯგუფთან ერთად, ხულოში, შუახევსა და ქედაში მეწყრულ ზონებს სწავლობდა და საველე სამუშაოებს ასრულებდა.

მამუკა ფუტკარაძის თქმით, ნალექმა იმდენად შეუწყო ხელი მეწყრული პროცესების გააქტიურებას, რომ მაღალმთიან აჭარაში ახლა მეწყრის არამხოლოდ მიძინებულ, არამედ ახალ კერებსაც ვხვდებით.

მისი თქმით, გეოლოგთა ჯგუფმა ამ დროისთვის მოინახულა ყველა კრიტიკული ადგილი მუნიციპალიტეტებში და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებსაც ამ კვირის ბოლოს გაუგზავნიან მუნიციპალიტეტებს, შესაბამისი რეკომენდაციებით.

„ხულოში, სოფელ ძმაგულაში, ბოძაურსა და რიყეთში იყო დიდი მეწყრები. ასევე, დეკანაშვილებსა და ოქრუაშვილებშიც იყო [მეწყრული პროცესები], მაგრამ ისეთი კატასტროფული სიტუაცია არ არის. ჩვეულებრივად, აჭარის მაღალმთიანეთის გეომორფოლოგიური პირობებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი პროცესებია.

რაც შეეხება შუახევს, ახლა ვართ ფურტიოში, ავდივართ ბარათაულში, ბუთურაულში. ვიყავით ჯაბნიძეებში, სადაც გზაზე იყო მეწყერი. ასევ ვიყავით ჭვანაში, ხაბელაშვილებში. მოვინახულებთ ტუნაშვილებსაც.

ყველაზე უფრო მოწყვლადი წელს მეწყრული პროცესების მხრივ, ქედის მუნიციპალიტეტია. სოფელ კოკოტაურში სახლი წაიღო მეწყერმა და დაახლოებით 6 ოჯახია მეწყერსაშიშ ზონაში.

დიდი მეწყერი გვაქვს ახოშიც, სადაც დაახლოებით 7 ოჯახია ყველაზე მაღალი რისკის ზონაში. შემდეგაა გეგელიძეები, სადაც 3 ოჯახს ემუქრება საფრთხე.

სოფელ გულებში მთელი სოფელია დანაპრალებული. აქ უკვე სხვა რეკომენდაციები იქნება გაცემული. ასევე, დიდი მეწყერი იყო და ისევ გააქტიურდა სოფელ ოქტომბერში“, – გვითხრა მამუკა ფუტკარაძემ.

მისი თქმით, დანარჩენი გეგმური შემოწმებები მაღალმთიან აჭარაში მაშინ განხორციელდება, როდესაც სრულად გადნება თოვლი.

მამუკა ფუტკარაძე გვეუბნება, რომ წინასწარ რთულია განსაზღვრა, სად რა მოხდება: „აი, ხულოში კრიტიკული უბნები ვნახეთ, მაგრამ შეიძლება თოვლის დნობის პროცესმა ისევ გააქტიუროს რაღაც ადგილები. ძალიან რთულია პროგნოზირება.

თოვლის დნობის პროცესზე ინტენსიურმა ნალექმა წვიმის სახით აჭარის მთიანეთისთვის ძალიან რთული და დამანგრეველი ეფექტი მოიტანა“.

როგორც მამუკა ფუტკარაძე ამბობს, იქ, სადაც რაიმე სახის მეწყრული პროცესი დაწყებულია, მუნიციპალიტეტები უსაფრთხოების მიზნით უზრუნველყოფენ ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილებში გადაყვანას – „სანამ პროცესს შევისწავლით და ჩვენი დასკვნა იქნება, რადგან უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რისკის გაწევას თავის დაზღვევა აჯობებს“ – გვითხრა მან.

მისი თქმით, ბევრი რამ უწყობს ხელს მეწყრული პროცესების გააქტიურებას, განსაკუთრებით კი სოფლებში მასობრივად მოშლილი სანიაღვრე არხები, რის გამოც დამდნარი თოვლი და წვიმის წყალი ფერდობებზე უსისტემოდ მოედინება.

„ადრე ყურადღებას აქცევდა ხალხი, რომ მათ საცხოვრებელ გარემოში სანიაღვრე არხები გამართული ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამას უკვე ყურადღება აღარ ექცევა.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას თუ გზის გაყვანის დროს ჩამოჭრილი ფერდობები გამაგრებული არ არის და მათი ჩამოშლა ხდება“.

საუბრის ბოლოს, მამუკა ფუტკარაძემ გვითხრა, რომ იქ, სადაც დაწყებულია მეწყრული პროცესები, უსაფრთხოების მიზნით, აჯობებს ოჯახი გაერიდოს ადგილს, დროებით მაინც, სანამ რეკომენდაცია მომზადდება.

„თუ მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიება არის შესაძლებელი დაიგეგმოს და განხორციელდეს, ეს კარგია და შესაძლოა ამის განხორციელებამდე იყოს ოჯახი ქირით გაყვანილი, ან თოვლის დნობის პროცესის დამთავრებამდე და ა.შ.

მრავალი ასპექტია ამის განსასაზღვრად, სტანდარტულად ვერ მიუდგები“, – გვითხრა მამუკა ფუტკარაძემ.

„ბათუმელები“ ესაუბრა გეოლოგ ტარიელ ტუსკიასაც, რომელიც წლებია აჭარაში მეწყრულ პროცესებს აკვირდება. მისი თქმით, ჩვენს რეგიონში გეოლოგიურად მუდმივად რთული სიტუაციაა.

„ყველაზე მეტად მეწყრულ პროცესებს ადგილობრივი მოსახლეობა აქცევს ყურადღებას, მის ყველა გააქტიურებას, გაჩენილ ახალ ნაპრალებს ისინი აფიქსირებენ და შეძლებისდაგვარად აკეთებენ იმ ღონისძიებებს, რამაც შეიძლება შეაჩეროს მეწყერი, თუმცა გამორიცხვა შეუძლებელია.

ყველა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ძალიან ძვირადღირებულია და საბოლოოდ, მაინც არ გამორიცხავს მეწყერს, შესაძლოა 10-15 წლის შემდეგ გააქტიურდეს ისევ“, – გვითხრა ტარიელ ტუსკიამ.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მოსამართლე ბათუმში, რომელსაც მხოლოდ ოთხწლიანი იურიდიული განათლება აქვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მოსამართლე გაამწესეს – გიორგი ლობჟანიძე მაგისტრი მოსამართლე იქნება ქობულეთში.

გიორგი ლობჟანიძე პროფესიით იურისტია და ეკონომისტიც. ის მხოლოდ ოთხწლიანი უმაღლესი განათლებით გახდა მოსამართლე. გიორგი ლობჟანიძის სხვა უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამოქვეყნებული არ აქვს ბიოგრაფიაში, რაც ოფიციალურ საიტებზეა ხელმისაწვდომი.

გიორგი ლობჟანიძეს 1996 წელს აქვს დამთავრებული პროფესორ ჯ. ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის ფაკულტეტი. ეს ის უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც მირანდა ერემაძესაც აქვს დამთავრებული 1995 წელს. ეს ამბავი 2019 წელს სახალხო დამცველის სპეციალური მოკვლევის, ასევე კრიტიკის საგანი გახდა.

2019 წელს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს არჩევდა, მათ შორის იყვნენ ყოფილი გენპროკურორი შალვა თადუმაძე [რომლის დიპლომი და კვალიფიკაცია ასევე იყო კრიტიკის საგანი, მას ჰუმანიტარული ინსტიტუტი აქვს დამთავრებული] და მირანდა ერემაძე. ეს ადამიანები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არიან.

[toggle title=”აქ შეგიძლიათ ნახოთ სახალხო დამცველის არგუმენტი მირანდა ერემაძის შემთხვევაში, რა მიიჩნია ომბუდსმენმა უკანონოდ”]

„…მირანდა ერემაძე უმაღლეს იურიდიულ განათლებას მხოლოდ 4 წლის განმავლობაში ეუფლებოდა. ამის მიუხედავად, 2016 წელს ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ განწესდა 3 წლის ვადით, ხოლო 2017 წელს- უვადოდ. მირანდა ერემაძესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მასალებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლამ ძალიან სერიოზული პრობლემები გამოავლინა.

მირანდა ერემაძის უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება მხოლოდ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლებით, რა დროსაც მას ერთდროულად მიენიჭა იურისტისა და ეკონომისტის კვალიფიკაცია. სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ბოლო წელს მოსამართლემ განათლების მიღების ფაქტის დადასტურებასთან ერთად მისი დიპლომის მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უარყოფითი გადაწყვეტილება 2015 წლის 7 სექტემბერს მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირანდა ერემაძის სასარგებლოდ გადაწყვეტილება 2015 წლის 7 დეკემბერს გამოიტანა, ბათილად ცნო 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება და ცენტრს მირანდა ერემაძის მაგისტრის საფეხურთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა. 2016 წლის 19 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2016 წლის 18 მაისს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, ხოლო 25 მაისს, 7 კალენდარულ დღეში, აღნიშნული საჩივარი ცნო დაუშვებლად. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა არცერთი საფუძველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის

ღნიშნული გარემოებები ნათელს ხდის, რომ სასამართლოს გადატვირთულობისა და მისი მხრიდან საპროცესო ვადების სისტემატურად დარღვევის ფონზე, სამივე ინსტანციის სასამართლო საკმაოდ დროულად და შეიძლება ითქვას, რომ უჩვეულოდ სწრაფადაც იღებდა გადაწყვეტილებებს მოსამართლე მირანდა ერემაძის იმ საქმეზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოსამართლედ მისი ხელახლა დანიშვნისათვის. სადავო აქტის გამოცემიდან დაახლოებით 8 თვეში საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიარა და საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.

კრიტიკას ვერ უძლებს მირანდა ერემაძის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსი. დაუსაბუთებლობის გამო ის სრულ წინააღმდეგობაშია კანონთან და სრულიად უსამართლოა.

სასამართლომ საერთოდ უარი თქვა მირანდა ერემაძის საქმეში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის გამოყენებაზე, რომლის მიხედვითაც „2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005- 2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.“ სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება წინააღმდეგობაში იქნებოდა კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპთან. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის ციტირებული ბევრი ნორმა მოქმედი კანონმდებლობიდან, მათ შორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმარტება, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის კომპეტენციები სრულად და ა.შ., უკუძალის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს არცერთი ნორმა არ აქვს მოხმობილი, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი სამართლებრივი დასაბუთება. უკუძალის პრინციპზე მსჯელობისას, სასამართლო საკანონმდებლო საფუძვლის არმქონე მსჯელობებს ავითარებს და წერს: „სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონს არ აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონში. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.“ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმის ციტირება განსხვავებულ რეგულაციას ადგენს. ნორმატიული აქტის უკუძალას შეეხება აღნიშნული კანონის 24-ე მუხლი, რომელიც სულ ორი პუნქტისაგან შედგება. პირველი პუნქტის მიხედვით, „ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით”, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, „ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.“ ცალსახაა, რომ კანონი ნორმატიული აქტის უკუძალას კრძალავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 ნაწილი კი, ბუნებრივია, არც ადგენდა რაიმე პასუხისმგებლობას და არც ამძიმებდა მას. მეორე ძირითადი არგუმენტი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, იყო ის, რომ მირანდა ერემაძეს გააჩნდა კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სრულიად აბსურდულია ამ ნაწილში სასამართლოს მიერ მოყვანილი მსჯელობა და გაკეთებული დასკვნები. კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ სამართალში უკავშირდება კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის დაუშვებლობას გარკვეულ შემთხვევებში, 50. რასაც საერთოდ არ ჰქონია ადგილი წინამდებარე საქმეში და არავის უცნია ბათილად მირანდა ერემაძის სახელზე გაცემული დიპლომი.

საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს. ამ პერიოდიდან შემოღებულ იქნა უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემა, რომელიც ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას მოიცავს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებით51 მოწესრიგდა რეფორმამდე მიღებული უმაღლესი განათლების შესაბამისობა ახალ სისტემასთან და მიეთითა, რომ მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულია 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი. 2005 წლამდე ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საერთოდ არ არსებობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 1991-1995 წლებში ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლების შედეგად, მირანდა ერემაძეს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ერთდროულად ორივე პროფესიაში, როგორც იურისტსა და როგორც ეკონომისტს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონთან და საგანმანათლებლო სისტემის ძირითად პრინციპებთან.

[/toggle]

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბათუმში მუშაობის დაწყებამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, გიორგი ლობჟანიძე ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე იყო ასპინძაში, მანამდე კი, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო 2007 – 2017 წლებში.

გიორგი ლობჟანიძის, როგორც მოსამართლის კარიერა ჯავაში იწყება. აქ მუშაობდა თავდაპირველად იგი მოსამართლედ 2006- 2007  წლებში. მოსამართლეს ადვოკატად მუშაობის გამოცდილება აქვს.

ერთი წელი რუსეთის მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან – უკრაინელების აქცია ბათუმში

დღეს, 16 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმში მყოფმა უკრაინელმა დევნილებმა რუსეთის მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვის დროს დაღუპულ ბავშვებს პატივი მიაგეს.

ბათუმში გაიხსენეს მარიუპოლში რუსების მიერ თეატრის დაბომბვის შედეგად დაღუპული ბავშვები.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მარიუპოლის თეატრის წინა და უკანა მხარეს დიდი თეთრი ასოებით ეწერა სიტყვა – „ბავშვები“. ამის მიუხედავად, რუსულმა ძალებმა თეატრის შენობა დაბომბეს, სადაც, არსებული ინფორმაციით, 1000-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის იყვნენ ბავშვები.

მარიუპოლში დაღუპული ბავშვების მოსაგონებლად ბათუმში, ევროპის მოედანზე, სანთლები დაანთეს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბათუმში მყოფი უკრაინელები ომის წლისთავზე კიდევ ერთხელ ახსენებენ ადამიანებს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის სისასტიკეს.

აქციაზე მყოფნა უკრაინელებმა გააჟღერეს საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები.

„მარიუპოლი ისევ უკრაინა იქნება, აფხაზეთი და სამაჩაბლო – საქართველო იქნება“ – ამბობდნენ უკრაინელები.

რუსული აგრესიის შედეგად მიწასთან გასწორებული მარიუპოლის ფოტოები ევროპის მოედანზე გამოფინეს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
დაღუპულთა ფოტოების ქვეშ უკრაინელებმა სანთლები დაანთეს და ქაღალდის თეთრი ანგელოზები გამოფინეს
მარიუპოლის თეატრი რუსების მიერ დაბომბვის შემდეგ.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი 2022 წლის გაზაფხულიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ქალაქი, ფაქტობრივად, ნანგრევებად იქცა. უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში, რადგან ოკუპირებულ ქალაქში ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

ამავე თემაზე:

20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავალს ქართლში

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“, 22-23 აპრილს, გთავაზობთ მოგზაურობას ქართლში: „ქართლის სასახლეები – მოგზაურობა მივიწყებულ ისტორიებში“. ეს არის ტური, რომლის დროსაც აღმოაჩენთ მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართლის სასახლეების ისტორიებს და გაეცნობით იმავე პერიოდის საზოგადოებრივ – კულტურულ ცხოვრებას.

ეს იქნება დროში მოგზაურობის, ისტორიების და შემონახული ლეგენდების გაცოცხლების დაუვიწყარი გამოცდილება, სადაც თქვენ მეგზურობას ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები გაგიწევენ.

ორი დღის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ:

  • სოფელ ლამისყანაში ქსნის ერისთავების (მანამდე აზნაურ გარაყანიძეების) და ჯამბაკურ-ორბელიანის სასახლე-მუზეუმს;
  • ამილახვართა ციხე-სასახლეს სოფელ ქვემო ჭალაში;
  • თარხან-მოურავების, „მარშლიანთ“ სასახლეს სოფელ გარიყულაში;
  • მუხრანბატონის სასახლეს სოფელ მუხრანში;
  • ასევე გაეცნობით ისტორიებს, მავთულხლართების მიღმა დარჩენილ, ქსნის ერისთავების (ახალგორში) და ივანე მაჩაბლის (თამარაშენში) სასახლეების შესახებ.

ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი ქართლის ღირშესანიშნაობების ექსკურსის პარალელურად, მოგზაურებს, ატენის ხეობაში, საკუთარ სასტუმროში უმასპინძლებს. ატენის ხეობის ისტორიულ-სტრატეგიული მნიშვნელობის გაცნობასთან ერთად, ტურის მონაწილეებისთვის გაიმართება ატენური ღვინის დეგუსტაცია. აქვე, ქართლური კულინარიის სიმბოლოებს, თონეში პურისა და ნაზუქის გამოცხობის ტრადიციებს გაეცნობიან.

ქართლის წარსულში მოგზაურობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გუგა კოტეტიშვილი გახდის. სოფელ გუდალეთში, მამასთან, ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად, 30 წლის წინ საკუთარი ხელით აშენებულ სახელოსნო – სახლში „მოგზაურს“ თავად უმასპინძლებს!

ტურის კულმინაცია მუხრანბატონის სასახლეში, რეჟისორ ლევან წულაძესთან შეხვედრა იქნება. საუბრის თემა კი თავად-აზნაურთა სოციალურ-კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის, ქართლის სასახლეებში დადგმული გიორგი ერისთავის წარმოდგენების როლსა და ქართული კლასიკური თეატრის საფუძვლებს შეეხება.

ტურის ფარგლებში, კონცეპტის მომხმარებლებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მოგზაურის გუნდს: 599 908 906, 599 380 817 

ქუთაისის მერია “ღვაწლმოსილ მხატვრებზე” ტელეგადაცემას დააფინანსებს

ქუთაისის მერია ღვაწლმოსილ ქუთაისელ მხატვრებზე ტელეგადაცემის მოსამზადებლად ტენდერს აცხადებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 ათასი ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა „4 ღვაწლმოსილ ქუთაისელ მხატვარზე 4 ტელეგადაცემა“ უნდა მოამზადოს და ეთერში გაუშვას.

„ტელეგადაცემის სახელწოდება უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. თითოეული გადაცემა უნდა იწყებოდეს ინფორმაციით მხარდამჭერის შესახებ. გადაცემის მომზადებისთვის მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს ინტერვიუები და უზრუნველყოს ეთერში გასვლა, მონტაჟი და დაარქივება.

გადაცემის ბოლოს წამყვანმა საჭიროა აღნიშნოს: „გადაცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ,“ – ნათქვამია სატენდერო განაცხადში.

სატენდერო პირობების თანახმად, თითოეული გადაცემის ხანგრძლივობა 20-30 წუთი უნდა იყოს და კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს გავიდეს. მომზადებული გადაცემები ეთერში გასვლამდე უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

ტენდერში წინადადებების მიღება 21 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება.

ბათუმის ახალ ბულვარში, პლაჟზე, ბეტონის შენობა ააშენეს – ეს კანონით დაუშვებელია

ბათუმის ახალ ბულვარში, ხიმშიაშვილის #13-ის მიმდებარედ, პირდაპირ პლაჟზე არსებული მსუბუქი კოსტრუქციის კედლები ბეტონით ამოაშენეს, რაც კანონით დაუშვებელია. პლაჟზე მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობაა შესაძლებელი მერიასთან შეთანხმებით. სამუშაოებს შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპი“ აწარმოებს, ეს კომპანიაა ამ ტერიტორიის მოიჯარეც.

ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი

მერიასთან შეთანხმების მიხედვით, აქ ახალ პირსს აშენებენ, არსებული პირსი გასულ წელს შტორმის შედეგად დაზიანდა და  სახიფათო გახდა.

პირსის სამშენებლო ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობილია. აქ განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა  ბათუმის მერიამ 2022 წლის ივლისში გასცა, 2023 წლის 13 მაისამდე ვადით.

დაფაზე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს პირსის რეკონსტრუქცია, თუმცა აქ არსებული პირსი, რომელიც ზღვამ დააზიანა, დანგრეულია.

ტერიტორია 1271 კვ.მეტრია და აქ შენობა ადრეც იდგა, თუმცა მისი მასშტაბი შეცვლილია.

დაარღვია თუ არა კომპანიამ მერიასთან შეთანხმების პირობები ამის დადგენა მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციაა.

ინსპექცია ადასტურებს, რომ კომპანიამ სანებართვო პირობები დაარღვია, რასთან დაკავშირებიოთაც მიმდინარეობს საქმის წარმოება. კითხვაზე, როდის დაიწყო საქმის წარმოება ჯერ პასუხი არ გვაქვს.

შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპი“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა და ედნარ პაპუნაიშვილს ეკუთვნის.

რა ელის ბათუმის პრომინადს, რომელიც შტორმმა ჩამოშალა – კვლევისთვის 19 700 ლარი გამოიყო 

საქართველოში ცხოვრების უფლება რუსეთის 16 567-მა მოქალაქემ მიიღო – 3 წლის მონაცემები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, საქართველოში სხვადასხვა უფლებით ცხოვრების ნებართვა მიიღო რუსეთის 16 567-მა მოქალაქემ.

მათგან 10 043 პირს საქართველოში ბინადრობის ნებართვა მისცეს. საქართველოს მოქალაქეობა კი, რუსეთის 6 524 მოქალაქეს მიანიჭეს [მათგან 3200 პირს უშუალოდ 2022 წელს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებსაც].

ბინადრობის ნებართვა

მაგალითად, ამ პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვას მოითხოვდა რუსეთის 1068 მოქალაქე და აქედან უმრავლესობას – 996 პირს, მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. აღნიშნული პირები საქართველოს ყოფილი მოქალაქეები არიან.

გაცილებით ბევრმა მიიღო საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის უფლება. აღნიშნულ წლებში ამ უფლებას ითხოვდა რუსეთის 2 261 მოქალაქე, განცხადება დაუკმაყოფილეს 1 536 პირს.

საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა მოითხოვა რუსეთის 4 832-მა მოქალაქემ, დააკმაყოფილეს უმრავლესობა – 4076 პირი.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოაწყდნენ/ ლარსის საზღვარი

ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ბინადრობის უფლება მოითხოვა რუსეთის 1482-მა მოქალაქემ, დააკმაყოფილეს 1306 პირი.

შრომითი ბინადრობის უფლება მიიღო რუსეთის 1232-მა მოქალაქემ, ხოლო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა რუსეთის 119 მოქალაქიდან მისცეს 81 მოქალაქეს საქართველოში.

ამავე პერიოდში სასწავლო ბინადრობის უფლებას ითხოვდა რუსეთის 905 მოქალაქე, დააკმაყოფილეს 816 პირის განცხადება.

მოქალაქეობა

2020-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა რუსეთის 38-მა მოქალაქემ, დააკმაყოფილეს მხოლოდ 9 განაცხადი.

საქართველოს მოქალაქეობის დროებითი აღდგენის უფლების თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის 4095-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინეს 2 845 პირს [ესენი არიან ის პირები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებით დაკარგეს].

2020-2022 წლებში მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ითხოვდა რუსეთის 14 მოქალაქე, თუმცა დაკმაყოფილდა მხოლოდ 4 პირი.

სამაგიეროდ, საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისი წესით მიანიჭეს რუსეთის 3 666 მოქალაქეს და განხილვაშია კიდევ 1 417 პირის განცხადება.

„რატომ ვიხევთ ხერსონიდან?“ – ანეკდოტის გამო რუსეთში კაცს 3 წლით პატიმრობა ემუქრება

რუსეთში ანეკდოტების გამო ადამიანების გასამართლება დაიწყეს. მრავალშვილიან მამას 3 წლით პატიმრობა ემუქრება უკრაინის ომზე ანეკდოტის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების გამო. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქცია წერს.

„- სერგეი, რატომ ვიხევთ ხერსონიდან?

– ვოლოდია, თქვენ ხომ თავად გვიბრძანეთ უკრაინის განთავისუფლება ფაშისტებისა და ნაცისტებისაგან…“ 

რიაზანის ოლქში, ქალაქ კასიმოვში მცხოვრებმა ვასილი ბოლშაკოვმა ეს ანეკდოტი რუსულ სოციალურ ქსელში, Вконтакте-ში გამოაქვეყნა 2022 წლის ნოემბერში, როცა უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ხერსონიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს.

ხუმრობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, 2023 წლის 24 თებერვალს, მასზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით აღიძრა, მანამდე კი ბოლშაკოვების სახლი გაჩხრიკეს.

სამი შვილის მამაზე საქმე დასმენის შემდეგ აღიძრა. მანამდე ბოლშაკოვი კიდევ ორჯერ დაასმინეს სამართალდამცავ ორგანოებთან სხვა განცხადებებისთვის.

„ბიბისი“ წერს, რომ ჩხრეკამ და სისხლის სამართლის საქმემ ჩაშალა ბოლშაკოვების ოჯახის გეგმა რუსეთის დატოვების შესახებ – ისინი მეოთხე შვილის გაჩენას არგენტინაში აპირებდნენ.

ბოლშაკოვის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ანეკდოტით ჯარის დისკრედიტაცია არ მომხდარა.

„30 წლის წინ რომ დავბრუნდე და ბაბუას ამის შესახებ ვუთხრა, ალბათ არ დაიჯერებდა და იტყოდა: ჩვენ ეს დიდი ხნის წინ გადავიტანეთ, ხუმრობისთვის ხალხის ციხეში ჩასმა არ შეუძლიათ. თურმე, შეუძლიათ“ – უთხრა ადვოკატმა „ბიბისის“.

____________

ფოტო: „ბიბისი“/BBC

წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა თურქეთში – ბოლო ცნობები

თურქეთის პროვინციებში, შანლიურფასა და ადიიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

თურქული მედიის ცნობით, წყალდიდობა, რომელიც ამ რეგიონებს 6 თებერვლის გამანადგურებელი მიწისძვრიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ დაატყდა თავს, ბოლო 65 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა.

წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საავადმყოფოები, დაინგრა ორ რაიონს შორის მდებარე ავტომაგისტრალი.

მანამდე თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (TSMS) გამოაქვეყნა 14-20 მარტის ამინდის პროგნოზი და გაავრცელა ე.წ. „ნარინჯისფერი კოდი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი სტიქიის შესახებ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც თებერვალში ძლიერმა მიწისძვრამ დააზარალა.

_____________

ფოტოზე: ქალაქი შანლიურფა წყალდიდობის შემდეგ. ფოტო: sozcu.com.tr

რუსეთის თავდასხმის ტემპი უკრაინაში შენელდა – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი 15 მარტის ანგარიშში წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეტევის ტემპი, წინა კვირებთან შედარებით, შენელებულია და „ვაგნერი“ ცდილობს დაიკავოს ქალაქი ბახმუტი, თუმცა მისი შესაძლებლობები კულმინაციას და შესაბამისად, თავდასხმის შესაძლებლობების შესუსტებას უახლოვდება.

ექსპერტები ეყრდნობიან უკრაინის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ალექსეი დმიტრაშკოვსკის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, რუსული არმია ამჟამად ყოველდღიურად ახორციელებს 20-დან 29-მდე სახმელეთო შეტევას, მანამდე კი თავდასხმების რიცხვი 90-დან 100-მდე იყო. დმიტრაშკოვსკი ამას რუსული ძალების ადამიანური ძალისა და აღჭურვილობის დანაკარგებით ხსნის.

ეს დასკვნა შეესაბამება ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის საერთო შეფასებას უკრაინის ფრონტზე რუსული მოქმედებების ტემპის შესახებ – აღნიშნულია ანგარიშში.

ISW-ის თანახმად, რუსეთის შეტევა ლუგანსკში, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება, თუ უკვე არ არის მიღწეული.

რუსეთმა გაგზავნა სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე მინიმუმ სამი დივიზიის შენაერთი, თუმცა მათ მიაღწიეს მხოლოდ მინიმალურ ტაქტიკურ წარმატებებს მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ლუგანსკის რეგიონში და უკრაინულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, შეძლეს კონტრშეტევების განხორციელება და ტერიტორიის დაბრუნება – წერენ ამერიკელი ექსპერტები.

ISW-ი წერს, რომ ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორში, ბახმუტში, „ვაგნერის“ ძალების შესაძლებლობებიც, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება. არგუმენტად ექსპერტებს უკრაინის სამხედრო წყაროები მოჰყავთ, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე თავდასხმების რაოდენობა შემცირდა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე საუბრობს „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პრეტენზიებზე ბახმუტის მახლობლად მდებარე პატარა სოფელ ზალიზიანსკოეს აღების შესახებ. პრიგოჟინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის ნაკლებობა გავლენას ახდენს „ვაგნერის უნარზე“, განახორციელოს შეტევა ბახმუტზე. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ვაგნერელები“ ​​ალბათ მხოლოდ ლოკალურ თავდასხმებს ახორციელებენ მცირე დასახლებებზე, რომელთა აღება არც ისე რთულია.

ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსულ ძალებს დიდი ალბათობით მოუწევთ ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი რეზერვების მიწოდება, რადგან მხოლოდ „ვაგნერის“ შეტევა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის ქალაქის დასაპყრობად.

„რუსული ძალები არ აწარმოებენ აქტიურ ან წარმატებულ შეტევით ოპერაციებს სხვა რაიონებში და რადგან ფრონტის კრიტიკულ სექტორებში ოპერაციების ტემპი შენელდება, უკრაინულ ძალებს, სავარაუდოდ, მეტი შესაძლებლობა ექნებათ, დაიბრუნონ ინიციატივა“ – ამბობენ ექსპერტები.

ამავე დროს, ანალიტიკოსები წერენ იმის შესახებაც, რომ რუსული ძალები გასულ დღეებში აგრძელებდნენ წინსვლას ბახმუტში და მის გარშემო და ახორციელებდნენ სახმელეთო შეტევებს ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელმა პარტიზანებმა აფეთქების შედეგად მოკლეს რუსი კოლაბორაციონისტი მელიტოპოლში, ზაპოროჟიეს ოლქში.

____________

ფოტო: უკრაინის ეროვნული გვარდია

ზღვის დაბინძურებისთვის გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს – დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

ნავთობშემცველი წყლებით ზღვა ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა დააბინძურა.

ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 65 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 162 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 3 504 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 6 810 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 2 539 ერთეული [+11]
  • MLRS – 503 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 265ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 145 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 394 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 257 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 402 თვითმფრინავი
  • 221 ვერტმფრენი
  • 3 434 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 316 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 062 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 372 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 959 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდასხმის ტემპი უკრაინაში შენელდა – ISW

56 ლიფტის შესაცვლელად ბათუმის ბიუჯეტიდან 4,9 მილიონი დაიხარჯება – ნახეთ მისამართები

ბათუმში  56 ძველი ლიფტის შესაცვლელად ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი, ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 4 989 195 ლარით გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 5 აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დასრულდება. რაც შეეხება ლიფტების შეცვლას [დემონტაჟი-მონტაჟი], მთლიანად უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში.

მისამართები ბათუმში, სადაც ტენდერის ფარგლებში ძველი ლიფტები ახლით შეიცვლება:

აბუსერიძის 38_სამგზ.
აბუსერიძის 38_სატვ.

აღმაშენებლის 5. ძვ. 7 ა_I სად.
აღმაშენებლის 7. ძვ. 3_II სად.
აღმაშენებლის 8_I სად.
აღმაშენებლის 10_II სად.
აღმაშენებლის 16_II სადარბაზო.
აღმაშენებლის 24_I სად.
აღმაშენებლის 28_I სად.
აღმაშენებლის N18_I სად.
აღმაშენებლის N18_II სად.

ახმეტელის 3_სამგზ.

ბაგრატიონის 140_I სად.
ბაგრატიონის 140_II სად.

გ. ბრწყინვალის 45ა_I სად.
გ. ბრწყინვალის 45ა_II სად.

გორგასლის 159_I სად.
გორგილაძის 54_VII სად.
გორგილაძის 80_I სად.
გორგილაძის 80_II სად.
გორგილაძის 80_III სად.
გორგილაძის 80_IV სად.

გრიშაშვილის ჩიხი N1_2 სად.

თამარ მეფის დას N5_სამგზ.

ინასარიძის 24_III სად.

ლეონიძის 4 ბ_სამგზ.
ლეონიძის 4 ბ_სატვ.
ლეონიძის 8_სამგზავრო.
ლეონიძის 8_სატვირთო.

პუშკინის 39_სამგზ.
პუშკინის 125-127_II სად.
პუშკინის 129_I სად.
პუშკინის 129_II სად.

ტაბიძის 17_I სად.
ტაბიძის 17_II სად.
ტაბიძის 19_I სად.
ტაბიძის 19_II სად.
ტაბიძის 21_I სად.
ტაბიძის 21_II სად.
ტაბიძის 25_I სად.
ტაბიძის 25_II სად.
ტაბიძის 27_I სად.
ტაბიძის 37_I სად.
ტაბიძის 37_II სად.
ტაბიძის 37_III სად.

ტბეთის შეს 3_I სად.

ფარნავაზ მეფის N135_III სად.

შ. ხიმშიაშვილის 13_III სად.
შ. ხიმშიაშვილის 17_I სად.
შ. ხიმშიაშვილის 17_II სად.
შ. ხიმშიაშვილის 27_I სად.
შ. ხიმშიაშვილის 27_II სად.
შ. ხიმშიაშვილის 27_III სად.
შ. ხიმშიაშვილის 37_II სად.
შ. ხიმშიაშვილის 37_III სად.

ჯავახიშვილის 74ა_I სად.

ახალდამონტაჟებული ლიფტების საგარანტიო პერიოდი არის 3 წელი სამუშაოების დასრულებიდან.

„საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

განახლება: ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბათუმი სიტი XXI“-სთან სამმართველომ ხელშეკრულება 2023 წლის 9 ივნისს გააფორმა 4 938 603 ლარზე. შესყიდვების პორტალის მიხედვით, „ბათუმი სიტი XXI“-ს მერიის სამმართველომ 2023 წლის 29 ივნისს 417 900 ლარი ავანსად გადაურიცხა. კომპანიამ 56 ლიფტი ახლით 2024 წლის აგვისტომდე უნდა შეცვალოს.

ბათუმში, ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, 36 მისამართზე გათვალისწინებულია 53 ლიფტის შეცვლა, რისთვისაც ბიუჯეტში მთლიანობაში 5 196 924 ლარი იყო გაწერილი.

ამ თემაზე:

ბათუმში 30 კორპუსში 49 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ – ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი დაიხარჯება

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ოზურგეთში თავს დაესხნენ – გამოძიება დაიწყო

„მობილური ტელეფონი დამიმტვრია და ხელი დამარტყა, დაზიანება მეტყობა,“ – ამბობს „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია, რომელსაც დღეს, 15 მარტს, თავს დაესხნენ.

ჟურნალისტი ოზურგეთში, სოფელ ბახვში, იმ კაცის კომენტარის ჩაწერას ცდილობდა, რომელმაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, პრორუსული ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ოპერატორის გარეშე, მობილური ტელეფონით ცდილობდა რესპონდენტის ჩაწერას.

პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტი ამ დროისთვის გამოკითხვაზეა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო – “არაფერი აღარ დაგვრჩა”

6 მარტს, დილით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაანგრია.

სახლში მცხოვრებმა ოჯახმა, სამი მცირეწლოვანი შვილით, 5 მარტს, მას შემდეგ დატოვა შენობა და ნათესავის სახლს შეაფარა თავი, როცა სახლთან ახლოს, სოფლის ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილი მეწყრული მასა ნახეს და მიხვდნენ, რომ საცხოვრებელ სახლში მათი ყოფნა უსაფრთხო არ იყო.

ოჯახის წევრის, ინოლა შაინიძის თქმით, 5 მარტს დარეკეს მერიაში დახმარების სათხოვნელად, როცა იძულებულები გახდნენ, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინათ.

მუნიციპალიტეტმა ოჯახს ტრაქტორი და თვითმცლელი გაუგზავნა. ინოლას თქმით, მეწყრულ მასას ჩაკეტილი ჰქონდა ცენტრალური გზა და სანამ ტრაქტორით გზა არ გახსნეს, სახლის დატოვებას ვერ ახერხებდნენ.

„შეუძლებელი იყო ეზოში გასვლაც“, – გვითხრა ინოლამ.

„სახლიდან არც არაფერი გამოგვიტანია, ელემენტარული საბუთები და მსგავსი რაღაცები გამოვიტანეთ, სხვა ყველაფერი [მეწყერმა] წაიღო, სამწუხაროდ. მუნიციპალიტეტიდან ორშაბათს, 6 მარტს, იყვნენ ამოსულები, მაგრამ ჩემი სახლი უკვე აღარ იყო“, – ამბობს ინოლა.

როგორც ინოლასგან შევიტყვეთ, ოჯახი შუაგულ სოფელში  ცხოვრობდა და ვერავის წარმოედგინა, ეს ადგილი თუ მეწყერსაშიში იყო. ქალის თქმით, ნაპრალები არ ჰქონდა  მიწის იმ ნაწილსაც, რომელიც ჩამოიშალა.

„საცხოვრებელ სახლთან ერთად მეწყერმა წაიღო ეზო, კარ-მიდამო, ახალაშენებული ნალია, ბოსელი, საქათმე… გარაჟი გვქონდა, აღარც გარაჟი გვაქვს, სადაც მანქანაც იდგა და ისიც წაიღო. რაც გაგვაჩნდა, არაფერი აღარ დაგვრჩა. უბრალოდ, მიწაც რომ დავამუშაო და კარტოფილი, სიმინდი თუ მწვანილი დავთესო, ესეც არ დამიტოვა მეწყერმა. ფაქტობრივად, ჰაერში ვართ.

ბავშვები 5 მარტსვე გადავიყვანე დედაჩემთან და დღემდე იქ არიან. ახლა სკოლა დაიწყო და უნდა ამოვიყვანო, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა იქნება სკოლის ამბავზეც“, – გვიყვება ინოლა.

მისი თქმით, 5 მარტს მოახერხეს მეწყერსაშიში ზონიდან გამოეყვანათ პირუტყვი, მაგრამ შინაური ფრინველების გამოყვანა ვერ შეძლეს, რახან არ ელოდნენ მოვლენების ასე განვითარებას.

„მერიიდან გვპირდებიან, დახმარება იქნებაო, მაგრამ ათასი ფორმალობაა“ – ამბობს ინოლა.

ბოლო დღეებში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგები მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილ და მეწყერსაშიშ ზონებს სწავლობენ. ისინი იყვნენ სოფელ კოკოტაურშიც, თუმცა გეოლოგიური დასკვნა ჯერ არ მოუმზადებიათ.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსმა, მამუკა ფუტკარაძემ გვითხრა, რომ მეწყრული პროცესების თვალსაზრისით ამ წელს ყველაზე მოწყვლადი ადგილი სწორედ ქედის მუნიციპალიტეტია. „კოკოტაურის დასახლებაში დიდი მეწყერია და დაახლოებით 6 ოჯახია მოყოლილი [მეწყერსაშიშ ზონაში]“ – გვითხრა მან.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ქედის მერიას დაუკავშირდა. აქ გვითხრეს, რომ სოფელში „6 ოჯახის მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს, სხვა ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ“. მერიაში ასევე გვითხრეს, რომ ამჟამად გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.

ობამას ფონდის ლიდერი ქალი საქართველოდან – „რუსეთი ოკუპანტიას შემდეგ მაგრამ არ იწერება“

„14 წლის ვიყავი, როცა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ჩემს სახლს გადაუფრინა. მას შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რატომ ხდება ასეთი უსამართლობა მსოფლიოში. ალბათ პოლიტიკითაც იმიტომ დავინტერესდი, რომ ამ კითხვებზე პასუხები მიმეღო“- ამბობს მაკა ტოხიშვილი.

2023 წელს მაკა ტოხიშვილი შეარჩიეს ბარაკ ობამას ფონდის ლიდერების ევროპის პროგრამაში, რომლის მიზანი მსოფლიოში ლიდერობის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაა.

როგორ ხედავს მაკა საკუთარ მომავალს საქართველოში და რატომ გადაწყვიტა დღეს კანადაში ცხოვრება? – ამ თემაზე ის „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • მაკა, როგორ მოხვდით ობამას ლიდერთა პროგრამაში?

როცა ობამას ფონდში აპლიკაცია გავაგზავნე, მაშინ ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრში“ სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემაზე ვმუშაობდი. გახსოვთ ალბათ, პანდემიის პერიოდში ათასობით სტუდენტი დარჩა შემოსავლის გარეშე და არაერთ სტრუქტურასთან ვმუშაობდი, რომ სახელმწიფოს ეს პრობლემა დაენახა.

მე პირადად მაქვს გამოცდილი, თუ რას ნიშნავს სტუდენტის სტატუსის შეჩერება, როცა ბაკალავრიატზე ვიყავი და სოციალური მდგომარეობის გამო მომიწია სტატუსის შეჩერება, ჩემს მშობლებს კი – ემიგრაციაში წასვლა.

ძალიან მძიმეა, როცა უყურებ შენი ჯგუფელები როგორ ამთავრებენ უნივერსიტეტს, შენ კი არ შეგიძლია მათთან ერთად მოისხა მანტია და აიქნიო ქუდი. ძალიან მძიმეა, როცა ამ ყველაფერს შორიდან უყურებ.

მაგისტრატურაზეც როცა ვაბარებდი, უბრალოდ ვცადე, რადგან არც მაშინ მქონდა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, უბრალოდ, ბოლო დღეს სრულიად უცხო ადამიანმა დააფინანსა ჩემი სწავლა და მე ვიცი, რა ფასი აქვს ამ ყველაფერს.

მაკა ტოხიშვილი ობამას ლიდერთა პროგრამაში

ამიტომ, როცა მომეცა შესაძლებლობა, ყველაფერი გავაკეთე, რომ სტუდენტებს დავხმარებოდი და მიხარია, რომ სახელმწიფომ აღიარა ეს პრობლემა მაშინ და დააფინანსა სტუდენტები.

ჩემი ამ ბრძოლის შედეგი წარვადგინე ობამას ფონდში აპლიკაციაზე მუშაობისას.

ასევე, წარვადგინე „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მრჩეველთა საბჭოში ჩემი საქმიანობა და როცა პარლამენტში სტაჟირებით მოვხვდი, გავაზიარე მშვიდობის ინიციატივები და ფარული კენჭისყრით გამომავლინეს გამარჯვებულად.

ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობდი აფხაზ ახალგაზრდებთანაც და ეს საკომუნიკაციო ჯგუფი დღესაც არსებობს.

  • რამდენად კარგად მუშაობს ეს ჯგუფი?

ჩვენ ძირითადად ეთნიკურ ქართველებთან ვმუშაობთ, მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობას არ აქვს მიდგომა, რომ გააუმჯობესოს ეს ურთიერთობები. ჩვენ ძალიან გვჭირდება ვიცოდეთ, რა რეალობაა აფხაზეთში, დაინტერესებული უნდა ვიყოთ ამ ხალხით და დავეხმაროთ, მაგრამ სახელმწიფო იმაზეც კი არ აწვდიდა ინფორმაციას ახალგაზრდებს, როდის ტარდებოდა გამოცდები, რომ გადმოსულიყვნენ ენგურზე, ან საერთოდ უნდა გასულიყვნენ თუ არა გამოცდებზე და ამაზეც ჩვენ, ახალგაზრდები ვაწვდიდით ინფორმაციას.

ამ ყველაფრის შესახებ მოვყევი აპლიკაციაში. ასევე, აპლიკაციის შევსებისას ყველაზე რთული იყო პასუხი კითხვებზე, რა ღირებულებების მატარებელი ვართ, რა არის ჩვენი ბუნებრივი უნარები, როგორ ვაქციეთ მერე ეს პროფესიულ უნარებად და ასე შემდეგ.

თითქოს ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ საქართველოში ამას მაინც არ ვარქმევთ სახელს. ამიტომ ეს აპლიკაცია დამეხმარა, ბოლომდე გამეაზრებინა ჩემი რეალური ღირებულებები და სახელიც დამერქმია მისთვის.

  • რა იცით ობამას ფონდზე, რას ელოდებით მისგან?

ობამას ფონდს 2020 წლიდან ევროპის მასშტაბით შექმნილი აქვს ლიდერთა კოჰორტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიდერების ამ ქსელში უნდა გაერთიანდნენ ერთნაირი მახასიათებლების მქონე ადამიანები.

საქართველოში აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ საკითხებში და ვფიქრობ, ცხოვრებაში ჩემი მისია უკავშირდება მშვიდობის და დეოკუპაციის თემებს.

სოფელ ქვემო ქედში მშვიდად ვცხოვრობდი ბებიასთან ერთად. 14 წლის ვიყავი, როცა ჩემს სახლზე რუსულმა თვითმფრინავებმა გადაიფრინეს და დაბომბეს სამხედრო ბაზა. ვისაც აქვს ომის გამოცდილება, ვიცით, რას ნიშნავს ეს.

იმდენად იმოქმედა ჩემზე, დავიწყე ფიქრი და გამიჩნდა კითხვები, თუ რატომ ხდებოდა ასეთი უსამართლობები. ამიტომ დავინტერესდი პოლიტიკის მეცნიერებით და ამ მიმართულებით ვმუშაობ დღესაც.

  • მიიღეთ კითხვებზე პასუხი, თუ ისევ ძიებაში ხართ?

ჩემი და ალბათ, ბევრი სხვა ადამიანის კითხვებზე ერთი პასუხი არსებობს – ის, რომ რუსეთს არსებობის მანძილზე მხოლოდ ექსპანსიონისტური პოლიტიკა აქვს და დიდი ილუზიაა, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მათთან მოლაპარაკებით, მშვიდობიანი მიდგომით რამეს შევცვლით.

ამას ჩვენი ისტორიაც გვაჩვენებს. ჩვენი შეცდომები გვაჩვენებს, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე ყოფნა ნიშნავს სიკვდილს. რუსეთთან ტკბილი ენით საუბარი არ მუშაობს, რადგან რუსული იდეოლოგია ამას გამორიცხავს. სხვათა შორის, ნოე ჟორდანია ამბობდა, რომ ყველაზე კარგად გამოცდილმა „შემძრომებმაც“ ვერ მოახერხეს რუსეთთან მოლაპარაკება, ამიტომ ილუზიაა ის, რომ მათთან მოლაპარაკებით რაიმეს მოვაგვარებთ.

  • დღეს, როცა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უყურებთ რუსეთთან მიმართებაში, რა აზრის ხართ?

როცა საქართველოში ვიყავი, მაშინაც და ახლაც მაქვს იმის განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს იზოლაციაში მოქცევა გადაწყვიტა, თითქოს საქართველოს შეუძლია თვითმყოფადად გადარჩენა. ეს რომ ასე იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ილუზია.

ნეიტრალიტეტი რომელ ქვეყნებსაც აქვთ, მათ რეალურად შეუძლიათ თავის დაცვა და ძალიან ძლიერი შეიარაღება აქვთ. წარმოგიდგენიათ, რამხელა ილუზია შეიძლება ჰქონდეთ, როცა „ოცნება“ იზოლაციაზე საუბრობს.

ქართველები კარგად უნდა ვიცნობდეთ ჩვენს ისტორიას, მათ შორის ილიას. ყველაფრის სახელმძღვანელო გვაქვს, ყველა შეცდომა უკვე დაშვებული გვაქვს და ახლა იმავე წრეზე ვტრიალებთ. ჩვენი მართლა დიდებული ქართველები ამბობენ, რომ ნეიტრალიტეტი ილუზიაა.

  • თქვენი აზრით, 7-8 მარტის საპროტესტო აქციებმა არ აჩვენა, რომ ხალხი არ იმყოფება ილუზიაში და პირიქით, აქვს რეალობის განცდა?

ნამდვილად და ძალიან მიხარია, რომ საერთაშორისო ფლანგზეც, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, გამიჯნულია ქართველი ხალხის ნება, ჩვენი აზროვნება და ხელისუფლების მიდგომები.

„ქართულ ოცნებაში“ არის ნაწილი, ვისაც მართლა არ ჰყოფნის კომპეტენცია და ცოდნა, განსაზღვროს რა დონის საფრთხეები მოუტანეს საქართველოს და მეორე ნაწილი, ნამდვილად მოღალატეა, რომელსაც პირადი კეთილდღეობის გამო მეათასეხარისხოვნად მიაჩნია ქვეყნის ბედი.

მაგრამ, მეცნიერებიც ამბობენ, რომ ადამიანებს არ შეგვიძლია კარგად ვიცხოვროთ, თუ ჩვენ გარშემომყოფებს კეთილდღეობა არ აქვთ. შეუძლებელია მაღალჩინოსნების შვილები ბედნიერები იყვნენ, როდესაც მათ გვერდით სხვა ახალგაზრდებს შიათ, განათლებას ვერ იღებენ, რა თქმა უნდა, თუ ისინი დარჩებიან საქართველოში.

  • თქვენ რატომ წახვედით ამერიკაში, ამ პროგრამის გამო, თუ მანამდე გადაწყვიტეთ?

ახლა ვარ ტორონტოში და აქ ვცხოვრობ ათ თვეზე მეტია. აქ ჩამოსვლა ორ მიზეზს უკავშირდება, ერთი არის პირადული და მეორე – კარიერული.

ჩემი მეუღლე 6 წელზე მეტია კანადაშია და დიდი ხანია, რაც დისტანციურად ვიყავით. ამიტომ, როცა მაგისტრატურა დავასრულე, ძალიან მინდოდა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, განსაკუთრებით ამერიკაში და ისე მოხდა, რომ ამ პროგრამაში შემარჩიეს და წამოვედი ამერიკაში.

მეუღლე პროფესიით გეოლოგია და მასაც ისეთი ისტორია აქვს, როგორც ბევრ მიზანდასახულ ქართველს. საქართველოში ერთ-ერთ გეოლოგიურ კომპანიაში მუშაობდა ინჟინერ-გეოლოგად, თუმცა მაინც გადაწყვიტა წამოსვლა.

მეც მქონდა ეს გამოწვევა. როდესაც ხვდები, რომ ერთ ადგილზე დგახარ და წინ ვერ მიდიხარ, რაღაცნაირი შეგრძნება გაქვს, თითქოს გარდაცვალებას უდრის და გინდა, რაღაც ახალი დაიწყოს. მეორე მხრივ, პროფესიით დასაქმება საქართველოში ნამდვილად არაფერს ნიშნავს, რადგან შრომის შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებ და არსებობის შესაძლებლობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხოლმე, სამწუხაროდ.

მაგალითად, სამ სამსახურში როცა ვმუშაობდი, ჩემ მიერ გამომუშავებული ხელფასი უდრიდა კანადაში ჩემი მეუღლის ერთი დღის ხელფასს.

  • ბევრი ქართველი სწავლობს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ან ხვდება პროგრამებში, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაავლეთში მიდიან საცხოვრებლად. წახვედით თქვენც. რა სიკეთეს მოუტანს თუნდაც თქვენი ამ პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს, თუკი კანადაში იცხოვრებთ?

ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, აი, ეს მძიმე გონებრივი შრომა, ჩემი და ჩემი მეუღლის აქ ყოფნაც, საქართველოში დაბრუნებას უკავშირდება. მანამდე კი, აქედანაც შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში. ახლა რასაც ობამას ფონდი მაძლევს, არის ის, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრ ახალგაზრდა ლიდერთან მაქვს კომუნიკაცია და ჩვენ ერთად ვქმნით მშვიდობის პლატფორმას, რომელიც თავის თავში მოიცავს ერთმანეთის ქვეყნების თავისუფლებისთვის თანადგომას.

იმ დღეს, როცა აქცია დაარბიეს თბილისში, უამრავი შეტყობინება მივიღე მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ობამას ფონდისგან და ბევრს ნიშნავს ეს, რადგან კოორდინირებულად მთელი მსოფლიოს ლიდერები ვიმოქმედებთ, რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი.

ერთობლივი განცხადებაც გავავრცელეთ, რომელსაც 85 ქართველი ემიგრანტი შემოუერთდა სხვადასხვა ქვეყნიდან და გამოვხატეთ ჩვენი უარყოფითი აზრიც რუსულ კანონთან დაკავშირებით.

ასევე, შევქმენით პლატფორმა ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ და სად მიიღონ უცხოეთში კარგი და ხარისხიანი განათლება.

ასევე, დღეს მსოფლიოს დღის წესრიგში უკრაინა დგას და ნაკლებად ახსენებენ საქართველოს. ამიტომ შევეცდებით, ჩვენი ქვეყნის საკითხიც გავააქტიუროთ და დავაყენოთ დღის წესრიგში, სადაც კი შევძლებთ.

  • რა მიზნები გაქვთ საქართველოსთვის?

ვფიქრობ, ჩემი ბუნებრივი უნარია, ახალგაზრდები დავარწმუნო იმაში, რომ იპოვონ საკუთარი მნიშვნელობა და თავიანთი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. შევჯერდეთ ღირებულებებზე, რომელსაც კითხვის ნიშანი და „მაგრამ“ აღარ მოჰყვება.

მაგალითად, იმაზე, რომ რუსეთი დამპყრობელია და ამის შემდეგ „მაგრამ“ არ იწერება, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის პირობებში არსებობა არ უწერია. ამას სჭირდება მუშაობა.

სხვათა შორის, ნიჰილიზმის დათესვა და უიმედობაც რუსული პოლიტიკის ნაწილია, ასევე მისგან უძლეველობის ხატის ან ომის შიშის თესვა, ისევე როგორც მართლმადიდებლობის იდეოლოგიურ იარაღად გამოყენება და ამას არც მალავენ.

ხელისუფლების იმედი არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს ხალხის, რომელიც მოიტანს პოლიტიკურ ცვლილებებს და აიღებს პასუხისმგებლობას თავისთავზე, ისე, როგორც მოხდა ამ დღეებში.

  • ბოლოს გკითხავთ, როგორც ვიცი, ობამებთან შეხვედრას აპირებთ. სად იქნება ეს?

ევროპაში იგეგმება შეხვედრა საკმაოდ მალე, სადაც 105 ლიდერი შეიკრიბება და რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ აქ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაცია ბარაკ და მიშელ ობამებთან შეხვედრაცაა, რა თქმა უნდა.

იმ დღეს ვიხსენებდი, როცა პირველი სტიპენდიით „ამერიკის საგარეო პოლიტიკა“ შევიძინე და ვაკის პარკში ვკითხულობდი. მაშინ ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, რომ რაც იქ ეწერა, ამ ყველაფრის მონაწილე ვიქნებოდი და მერქმეოდა ბარაკ ობამას ლიდერი.

ბათუმელი დედები ატრაქციონების შემოწმებას ითხოვენ – ბავშვების გართობა შიშის ქვეშ

„ბავშვებთან ერთად სახლიდან გასვლა არის მარიოს ტურების გადალახვა, რომ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდე. დასვენების ნაცვლად განადგურებული, დაღლილი ვბრუნდები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სალომე გეგეშიძემ.

ის ორი შვილის დედაა და ყოველდღე ცდილობს იპოვოს უსაფრთხო ადგილები ქალაქში, სადაც მისი შვილები მშვიდად ითამაშებენ.

სალომეს თქმით, ბათუმში არის ადგილები, სადაც ცდილობს არ წაიყვანოს ბავშვები, რადგან ეს ადგილები შესაძლოა მცირეწლოვნებისთვის სახიფათო იყოს.

„მაგალითად, თავს ვარიდებ, კომფორტულად არ ვარ, როდესაც ბავშვები ცენტრალურ პარკში მიმყავს.

მე არ მომიგონია, ადამიანები წლებია წერენ, რომ პარკში დენის სადენებია ამოშვერილი. არ ვიცი, შეიძლება არიან უშიშარი მშობლები, ვისაც ამ ყველაფრის არ ეშინიათ, მაგრამ ალბათ ზედმეტად ფრთხილი ვარ იმისთვის, რომ ასეთ ადგილებში ბავშვები გავუშვა და მე წყნარად ვიჯდე.

პირიქით, ყირაზე ვარ გადასული, არიქა, იმასთან არ მივიდნენ, აქ არ გამოვიდნენ და ა.შ. დასვენების მაგივრად ვიღლები ხოლმე ადგილებში, სადაც ასეთ საფრთხეებს ვგრძნობ. გარდა ამისა, ტბაც რომ მოუწესრიგებელია და საშინელი სუნი დგას, ესეც ძალიან დიდი დისკომფორტია,“ – ამბობს სალომე.

საბავშვო მოედნების და ატრაქციონების უსაფრთხოებაზე სალომე აქამდეც ხშირად საუბრობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ბათუმში უსაფრთხო ადგილი ბავშვებისთვის ძნელი საპოვნელია.

12 მარტს, საღამოს, ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის გასწვრივ მდებარე ბატუტი ქარმა გაიტაცა. ბატუტზე ორი ძმა – 9 წლის დავითი და 3 წლის დანიელი – თამაშობდა. 9 წლის დავითი მიღებული ტრავმებისგან დაიღუპა, 3 წლის დანიელის გადასარჩენად კი ოჯახი და ექიმები იბრძვიან. დანიელი 15 მარტს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეში დატრიალდა, საზოგადოებაში სულ უფრო ხმამაღლა ისმის კითხვა – არის თუ არა უსაფრთხო სხვა სათამაშო მოედნები და ატრაქციონები?

ერთ-ერთმა ბათუმელმა მშობელმა, ნინო ჩხაიძემ პეტიცია შექმნა. ახლა ბათუმელი მშობლები პეტიციით ითხოვენ, „ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურის მიერ შემოწმდეს ყველა გასართობი ატრაქციონი, დაიწეროს და გამოქვეყნდეს უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია. მითითებულ იქნას ყველა ატრაქციონზე მოქცევის წესები წერილობით.“ პეტიციაზე  ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ამოწმებენ თუ არა ბათუმში მდებარე საბავშვო ატრაქციონებს? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ გააგზავნა ყველა სახელმწიფო უწყებაში [ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი, აჭარის მთავრობა], რომელთაც პირდაპირ ან ირიბად ეხებათ ქალაქის პარკებსა და ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ატრაქციონების მონიტორინგი.

საჯარო უწყებები ზეპირ კომუნიკაციაზე არ გვთანხმდებიან. როგორც კი „ბათუმელები“ მათ პასუხებს მიიღებს, მკითხველს შევთავაზებთ. მონიტორინგის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს არც ბათუმის მერს.

„სადაც ფაქტი მოხდა, მაგ ტერიტორიაზე დამყავს ბავშვები სასეირნოდ. მეც ხშირად შემიშვია ბავშვი ბატუტზე და გულშიც კი არ გამივლია, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, ქარს შეიძლება აეფრიალებინა ბატუტი და ბავშვის სიცოცხლე მოესპო.

ამ ფაქტის შემდეგ ნამდვილად აღარ დავსვამ ბავშვს ბატუტზე. მაქსიმალურად ვეცდები, რომ სადაც ე.წ. ატრაქციონებია, არ მივიყვანო ბავშვები. ხშირად იჭედება, ხშირად ჩერდება ეს ატრაქციონები. იმიტომ, რომ არავინ ყურადღებას არ აქცევს. დარწმუნებული ვარ, რაც დადგეს, იმის მერე ძრავაში არ ჩაუხედავს არავის.

ეს ატრაქციონები სადაცაა, იქ ყრია დენის კაბელები. სასეირნო ბილიკზეა, უშუალოდ ამ ატრაქციონების გვერდით. ყურადღებას არავინ აქცევს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იზი კონცელიძე.

იზი სამი შვილის დედაა და მას კითხვები აქვს ყველა იმ პასუხისმგებელ პირთან, ვისაც საბავშვო ატრაქციონების მონიტორინგი ევალება.

ორი წლის და 3 თვის შვილი ჰყავს სალომე მამულაიშვილს. ბავშვს ხშირად ასეირნებს ცენტრალურ პარკში, თუმცა ამ სეირნობას მუდამ დაჰყვება შიში.

„ბავშვთა უსაფრთხოება აუცილებლად უნდა იყოს გარანტირებული, რომ ჩვენი შვილების აქ ცხოვრების არ გვეშინოდეს. ეს უნდა უზრუნველყოს თითოეულმა იმ პირმა, ვისაც ეს ეხება, როგორც კერძო კომპანიებმა, ასევე საჯარო ორგანიზაციებმა.

შეძრწუნებული ვარ ამ ამბით. ცენტრალურ პარკში რამე სახიფათო აქამდე არ შემიმჩნევია, მაგრამ სულ მაქვს შიშის განცდა. არ ვიცი, ეს შეიძლება მშობლის რეალური შიშია.

ერთი ატრაქციონია პარკში, რომელზეც გადაწყვეტილი მაქვს, რომ ბავშვი არ დავსვა. მაღლა რომ ადის და ქვემოთ უცებ ვარდება, მაგას ვგულისხმობ.

პატარაა ჩემი შვილი, იმ ატრაქციონზე, რომელზეც ვსვამ, მეც მივყვები ხოლმე. სატრიალებელი ცხენებია. თხემით ტერფამდეო რომ ამბობენ, ყველა დეტალს ვაკვირდები იმ ატრაქციონზე. იმისათვის, რომ რა პერიოდშიც ვსარგებლობთ, ჩემი შვილიც და სხვისი შვილიც, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყველას შვილი შვილია, მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს,“ – ამბობს სალომე მამულაიშვილი.

ორი შვილის დედა სალომე გეგეშიძე კი უსაფრთხოებასთან ერთად მოძველებულ და დაჟანგულ ატრაქციონებზეც აკეთებს აქცენტს.

„მგონი, აღარსად ცივილურ სამყაროში აღარაა რკინის და პლასტმასის კონსტრუქციები, ყველგან არის ხისგან გაკეთებული აბსოლუტურად უსაფრთხო მასალა ბავშვებისთვის. ჩვენთან ატრაქციონებსაც ვერ დავარქმევ, აზრზე არ ვარ რა ჰქვია მაგათ, ისეა დაჟანგული, ფეხი რომ წამოიკრა, უნდა წახვიდე და ტეტანუსის აცრა გაიკეთო.

შედარებით უსაფრთხო გარემო ისევ ბულვარშია, ოღონდ, საკუთარი ძალებით თუ მოაწყობ პიკნიკს. იმიტომ, რომ გასართობი მოედნები რაცაა, აბსოლუტურად არაა მორგებული ბავშვების საჭიროებებს. აი, უბრალოდ არის საჩვენებლად, რომ ბულვარში გვაქვს რაღაც.

სისუფთავეზე არაფერს აღარ ვამბობ, გასართობ მოედანთან ახლოსაც კი ყრია გამოყენებული შპრიცები,“ – ამბობს სალომე.

ის გამოსავალს კითხვების ხმამაღლა დასმასა და მუდმივად პროტესტში ხედავს, იმისათვის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მუდმივი მონიტორინგი აწარმოონ.

„პროტესტი საჭიროა. რადგან სახლიდან რომ გავალთ, უკან ჯანმრთელები დავბრუნდეთ ან უბრალოდ დავბრუნდეთ. ჯანმრთელზე აღარ მაქვს ლაპარაკი, სახლში რომ დავბრუნდეთ“ – ამბობს სალომე გეგეშიძე.

ამავე თემაზე: 

„Перезвоню позже“ – ბატუტის გამო ბავშვის დაღუპვაზე კითხვებს ბულვარის დირექტორი არ პასუხობს

მახინჯაურის გვირაბში 16 მარტს მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი

მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში 16 მარტს, დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა გადაეთვება სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლზე.

„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიზნით, 2023 წლის 16 მარტს 11:00 სთ-დან, 17:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა და განხორციელდება სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლზე.“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

რას ამბობს პროკურორი ბატუტზე დაღუპული 9 წლის ბავშვის საქმეზე

„ბატუტი განსხვავებული კონსტრუქციაა, მის თავისებურებებს ახლა ვსწავლობთ. დღეის მდგომარეობით ასეთ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ვინ იყო პასუხისმგებელი და იყო თუ არა საერთოდ ვინმე პასუხისმგებელი,“ – გვიპასუხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, რომელსაც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: ვინ იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი?

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 15 მარტს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ედუარდ აბრამიანს. მას პროკურატურა ბათუმის ბულვარში გასაბერი ბატუტის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. პროკურატურის ვერსიით, მას ეკუთვნოდა ბატუტი ბულვარში, სადაც ბავშვი დაიღუპა.

13 მარტს ბატუტის დაზიანების გამო ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი არასრულწლოვანი ძმა. მეორე დაშავებული ბავშვი 3 წლისაა, ის დღეს დილით მკურნალობის გასაგრძელებლად გადაიყვანეს თურქეთში.

მაშინ რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა პროკურატურა, როცა ამბობთ, რომ ბრალდებული იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ პროკურორს. თორნიკე გოგეშვილმა, პირველ რიგში, თავად ბრალდებულის ჩვენება დაასახელა, ასევე სხვა პირების ჩვენებები. მას არ დაუსახელებია რომელიმე სამართლებრივი აქტი, რაც აწესრიგებს გასართობი ობიექტებისა და ბატუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას.

„დღეს, ამ მოცემულობაში, ვერ მოგახსენებთ კონკრეტულ სუბიექტებს, პასუხისმგებელ პირებს, ვინაიდან ამ საკითხებს სწავლობს გამოძიება,“ – დასძინა თორნიკე გოგეშვილმა.

ამ დრომდე არც ბათუმის მერიამ და არც ბათუმის ბულვარმა არ უპასუხა კითხვებს, ბოლოს როდის შეამოწმეს ბულვარში ატრაქციონების უსაფრთხოება ან საერთოდ ამოწმებენ თუ არა.

„ბრალდებულმა მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას,“ – გვითხრა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა. – „ასევე, სხვა პირებიც არიან გამოკითხული, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი. ამ მტკიცებულებებით ობიექტურად დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ბატუტი არ იყო სრულყოფილად მიმაგრებული მიწის მყარ ზედაპირს და ამან გამოიწვია ბატუტის მოწყვეტა…

ბრალდებულს ჰქონდა მოწყობილი ეს ბატუტი, ის ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და, ბუნებრივია, ამ ბატუტის უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, ის იყო პასუხისმგებელი,“ – აღნიშნა თორნიკე გოგეშვილმა.

პროკურორს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, გამოიკითხნენ თუ არა ბათუმის ბულვარის და მერიის თანამშრომლები.

„დიახ, გამოკითხულნი არიან შესაბამისი პირები და ახლაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები… ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

გამოძიება სწავლობს ყველა იმ ნორმატიული აქტის შინაარსს, რომელიც აწესრიგებს სათამაშო-გასართობი ობიექტის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს. თუკი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოიკვეთება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ბუნებრივია, ამას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მიეცემიან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში,“ – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

„2 დღეა ვფიქრობ… რაღაცაში არ ვარ მართალი“ – ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული

დღეს, 15 მარტს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ედუარდ აბრამიანს. მას გამოძიება ბათუმის ბულვარში გასაბერი ბატუტის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. სავარაუდოდ, სწორედ მას ეკუთვნოდა აღნიშნული ბატუტი.

13 მარტს ბატუტის დაზიანების გამო ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები. მეორე დაშავებული ბავშვი 3 წლისაა, ის დღეს დილით მკურნალობის გასაგრძელებლად გადაიყვანეს თურქეთში.

ამ დრომდე არც ბათუმის მერია და არც ბათუმის ბულვარი არ პასუხობს კითხვებს, ბოლოს როდის შეამოწმეს ბულვარში ატრაქციონების უსაფრთხოება?

პროკურატურის ვერსიით, გასაბერი ბატუტის ექსპლუატაციის წესები დაარღვია ბრალდებულმა, კაცმა, ვისაც იჯარით აღებულ ფართობზე ბატუტი ჰქონდა მოწყობილი.

„მას აქვს გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში და ჰქონდა ვალდებულება, სრულად დაეცვა ექსპლუატაციის წესები, რაც მან უგულებელყო…,“ – აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

„ძალიან განიცდის, არც საჭმელი მინდა და არც თავისუფლებაო, იზოლატორში როცა ვნახე…. ის ათეულობით წელი იყო სამოქალაქო ავიაციაში, იყო პილოტი“, – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ილია ლომიამ.

ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ექსპერტიზა დანიშნულია და დადგინდება, რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი.

„ორი დღეა ვფიქრობ… რაღაცაში არ ვარ მართალი“, – აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა ელის 2-დან 5 წლამდე.

სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. პროკურორმა კი,  აღნიშნა, რომ მიმდინარეობს იმ ნორმატიული აქტების გამოკვლევა, რომლითაც უნდა დადგინდეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე.

„ბრალდებულმა მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, ასევე, სხვა პირებიც არიან გამოკითხული, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი. ამ მტკიცებულებებით ობიექტურად დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ბატუტი არ იყო სრულყოფილად მიმაგრებული მიწის მყარ ზედაპირს და ამან გამოიწვია ბატუტს მოწყვეტა… ბრალდებულს ჰქონდა მოწყობილი ეს ბატუტი, ის ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და, ბუნერივია, ამ ბატუტის უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, ის იყო პასუხისმგებელი,“ – აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

___

„ბათუმელები“ ცდილობს მიიღოს პასუხი კითხვაზე, როდის შეამოწმეს ბოლოს ატრაქციონების უსაფრთხოება ბათუმის ბულვარში?

ძლიერი წვიმა და წყალდიდობა თურქეთში – 5 ადამიანი დაიღუპა

14 მარტს, ღამით, ძლიერი წვიმის შდეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ადიამანის პროვინციაში, დაიტბორა სახლები და საავადმყოფოები.

თურქული მედიის ცნობით, 15 მარტის მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე პირი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის, ორი მაშველია. ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.

ძლიერი წვიმის შედეგად პროვინციაში მდინარე ადიდდა, რასაც შენობების დატბორვა მოჰყვა.

რეგიონში მაშველები მუშაობენ.

მანამდე თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (TSMS) გამოაქვეყნა 14-20 მარტის ამინდის პროგნოზი და გაავრცელა ე.წ. „ნარინჯისფერი კოდი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი სტიქიის შესახებ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც თებერვალში ძლიერმა მიწისძვრამ დააზარალა.

_____________________

ფოტო: Twitter

ბატუტზე დაშავებული მეორე ბავშვი თურქეთში გადაიყვანეს

3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს. ბავშვის უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, დაიღუპა.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ბავშვები მშობლებთან ერთად ბათუმის ბულვარში გაშლილ ბატუტზე თამაშობდნენ, რა დროსაც ქარი ამოვარდა. ქარმა ბატუტი ადგილიდან მოგლიჯა, შედეგად ბატუტზე მყოფი ბავშვებიდან ერთი დაიღუპა, ერთი კი მძიმე დაზიანებებით ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობდა.

მას შემდეგ, რაც 9 წლის ბავშვი დაკრძალეს, დაშავებული მეორე შვილი ოჯახმა წუხელ, 14 მარტს, თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ.

დაშავებული ბავშვის მკურნალი ექიმები ბათუმში გუშინ აცხადებდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შემთხვევიდან სამი დღე გავიდა. ამის მიუხედავად, ბათუმის ბულვარს ან ბათუმის მერიას განმარტება არ გაუკეთებია, მოწმდებოდა თუ არა ბულვარში განთავსებული ატრაქციონები.

 

„Перезвоню позже“ – ბატუტის გამო ბავშვის დაღუპვაზე კითხვებს ბულვარის დირექტორი არ პასუხობს

დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები სარფში – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 10 მარტის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს. კონკრეტულად ჯამში:

  • 224 453 აშშ დოლარი
  • 11 885 ევრო
  • 200 000 შვეიცარიული ფრანკი
  • 79 500 რუსული რუბლი
  • 4 200 თურქული ლირა
  • 723 300 [ლირა] ღირებულების ფასიანი ქაღალდები

„არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 304 230.79 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 36 000 ლარით დაჯარიმდნენ.

ამასთან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სხვა კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით (თანხის 10%- ის ოდენობა), 24 224,78 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა მოქალაქეს სრულად ჩამოერთვა და მას სანქციის სახით ჯარიმა 581 489,76 ლარი შეეფარდა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 161 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
  • ტანკი – 3 492 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 6 799 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 528 ერთეული [+9]
  • MLRS – 502 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 262 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 304 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 132 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 377 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 257 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 401 თვითმფრინავი
  • 221 ვერტმფრენი
  • 3 425 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 412 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 303 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 059 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 363 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 953 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კადიროვი შიშობს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს – ISW

რა ტერმინი მოუძებნა ვენეციის კომისიამ ქართულ სასამართლო კლანს – ინტერვიუ იურისტთან

„ვენეციის კომისია ზოგადად აფასებს უშუალოდ შემოთავაზებულ ცვლილებებს, ჩვენ შემთხვევაში კი, კომისია ადაპტირდა ამ ხრიკებთან და აფასებს არა კონკრეტულ ცვლილებას, არამედ კონტექსტს,“ – ეს შთაბეჭდილება შეექმნა საია-ს ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს ვენეციის კომისიის მორიგ დასკვნაზე, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ეხება საქართველოში.

რა არგუმენტით მიიჩნია ვენეციის კომისიამ, რომ საქართველო კომისიის რეკომენდაციებს არ ასრულებს და ეს არ არის „ფუნდამენტური რეფორმა“? – „ბათუმელებმა“ იურისტ ნიკა სიმონიშვილს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.

სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიამ დასკვნა დღეს, 14 მარტს, გამოაქვეყნა.

  • ბატონო ნიკა, ვენეციის კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა კრიტიკულია სასამართლო რეფორმაზე საქართველოში. რა არის კომისიის მთავარი გზავნილი? 

ვენეციის კომისიის ეს დასკვნა საერთოდ არ არის გასაკვირი ადამიანებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად ვიყავით ჩართული სასამართლო რეფორმის საკითხებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ალბათ არის ის, რომ ვენეციის კომისია საუბრობს იმას, რასაც ჩვენ, სამოქალაქო სექტორი, ვსაუბრობდით ბოლო წლებში, როცა ვამბობდით, რომ ეს რეფორმა, რაც „ოცნებამ“ შემოგვთავაზა, არის ფრაგმენტული და არ გვთავაზობს სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას.

ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ხაზს უსვამს ყოვლისმომცველ და ფუნდამენტურ რეფორმაზე, რაც ქვაკუთხედია სასამართლოს სისტემისთვის. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა მივაღწიოთ, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რგოლი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს იმ საკითხებს, რაც აუცილებელია იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები ამ დრომდე არ არიან არჩეულები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ვენეციის კომისიას მითითება აქვს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ძალაუფლების ბალანსზე. დღეს გვაქვს დისპროპორცია და ვენეციის კომისია ხაზს უსვამს ამას. კომისია საუბრობს ასევე  საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის საკითხზე და განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ შეზღუდვის მოხსნას, რაც მოსამართლე წევრს აძლევს საშუალებას, ერთზე მეტად იყოს არჩეული საბჭოში.

ვენეციის კომისიას ჰქონდა მანამდე შეფასება, რომ ეს საკითხი არ იყო დასაბუთებული. მე როცა ვმონაწილეობდი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, კომიტეტის წევრები ხელისუფლების მხრიდან, ამ ჩანაწერის მიმართ პირდაპირ თარგმანში ცდილობდნენ ჩვენ მოტყუებას. ამბობდნენ, თითქოს ეს ჩანაწერი ვენეციის კომისიამ გამართლებულად მიიჩნია. სინამდვილეში კი, ვენეციის კომისია საუბრობდა იმაზე, რომ ამ ყველაფერს გამართლება სჭირდებოდა, შესაბამისი გამამართლებელი არგუმენტის მოტანა. ვენეციის კომისია ამჯერადაც მიუთითებს, რომ ეს საკითხი გამოსწორებული არ არის.

ნიკა სიმონიშვილი
  • რა არგუმენტით მიიჩნევს ვენეციის კომისია, რომ სასამართლოს რეფორმა არ არის ფუნდამენტური და არ არის მიმართული სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ? 

რამდენიმე არგუმენტია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხის გადახედვა და მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაბრობის შემოტანა. ამაზე იყო ადრეც სამოქალაქო სექტორიდან აქცენტები დასმული. საბჭოს დაკომპლექტება და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი არის ის ფუნდამენტური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც სავალდებულოა საკანონმდებლო ცვლილებების გატარება.

  • ვენეციის კომისია ახსენებს კორპორატივიზმს. ეს ტერმინი გულისხმობს სასამართლო კლანს? 

დიახ, კომისია დიპლომატიურად აღწერს კლანს და მას კორპორატივიზმით მოიხსენიებს. კორპორატივიზმში მოიაზრება კლანი, რაც არის ჩვენს სასამართლო სისტემაში.

რაც მთავარია, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ფუნდამენტური რეფორმა უნდა გამორიცხავდეს ამ კორპორატივიზმს, რომ ერთი ჯგუფის მიერ არ იყოს გადაწყვეტილება მარტივად მიღებული. ვენეციის კომისია დასკვნაში საუბრობს კონკრეტულ მექანიზმებზე, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლა.

ეს მექანიზმები „ქართულმა ოცნებამ“ გააჩინა ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს, როცა ყოველგვარი კონსულტაციის და ჩართულობის გარეშე მიიღეს ცვლილებები დაჩქარებული წესით. ვენეციის კომისიას მაშინაც ჰქონდა ძალიან მკაცრი შეფასებები და რეკომენდაციები 2022 წელს, 2023 წელს კი, გვიწერს იმას, რომ 2022 წელს გაცემული პრინციპული რეკომენდაციებიდან არც ერთი გამოსწორებული არ არის. ეს ეხება პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, მოსამართლეების მივლინების წესის დახვეწას და ასე შემდეგ.

  • რის რომელიმე რეკომენდაცია, რაც სასამართლოს რეფორმის საკითხზე 2022 წელს გასცა ვენეციის კომისიამ და შესრულდა? 

მეტ-ნაკლებად პოზიტიურად არის შეფასებული სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის საკითხი. ამ შემთხვევაში აღნიშნულია, რომ ეს საკანონმდებლო პაკეტი არის მომზადების პროცესში და დააკვირდებიან მის მიღებას, ასევე, იმპლემენტაციის პროცესს. ამ კუთხით ცვლილებები აქამდე უნდა ყოფილიყო მიღებული.

სასამართლო აქტები, მოგეხსნებათ, არ იყო ხელმისაწვდომი და მითითება ხდებოდა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული აქტები პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ასეთი ნორმატიული შინაარსის მქონე შესაბამისი ჩანაწერი და თქვა, რომ ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, გამონაკლისი კი, კანონით უნდა დადგინდეს. კანონმდებელს უნდა დაედგინა, რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს წვდომა სასამართლო აქტებზე. დღემდე ეს ცვლილებები არ მიუღია პარლამენტს.

ნაცვლად გამჭვირვალობისა, მივიღეთ ის, რომ უფრო მეტად თვითნებურად იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული აქტების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნება“ მერამდენედ ცდილობს ტექნიკური ხრიკით და მანიპულაციით დაიძვრინოს თავი. „ოცნება“ აინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც  ცალკე აღებული შეიძლება არ არის ნეგატიური შინაარსის მატარებელი, გარკვეულ პროცესუალურ გაუმჯობესებასაც მოიცავს, მაგრამ არის მესამე და მეოთხეხარისხოვანი.

„ოცნება“ მხოლოდ ფასადურად ატარებს რეფორმას. ვენეციის კომისია, ზოგადად, აფასებს უშუალოდ შემოთავაზებულ ცვლილებებს, ჩვენ შემთხვევაში კი, კომისია ადაპტირდა ამ ხრიკებთან და აფასებს არა კონკრეტულ ცვლილებას, არამედ კონტექსტს.

  • გამოდის, რომ სასამართლო სისტემაზე პირობა შესრულებულად ვერ ჩაითვლება ცნობილი 12 პირობიდან, თუმცა შემოდგომამდე შესაძლებელია ფუნდამენტური ცვლილება? 

დიახ, მომზადებას, ინიცირებას და მის მიღებას ბევრი დრო არ სჭირდება, თუ პოლიტიკური ნება იქნება.

სამუშაო ჯგუფში, რასაც ვაკვირდებოდი, კარგად ჩანდა, რომ ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რასაც გულისხმობს ეს „ფუნდამენტური ცვლილებები“. ეს კიდევ ერთხელ გვითხრა ახლა ვენეციის კომისიამ. ეს მარტივად გულისხმობს სასამართლოზე კონტროლის დაკარგვას. ხელისუფლებაში კი ამის ნება არ აქვთ.

  • საპროტესტო აქციების დროს ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა. გამორიცხავთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ნაბიჯების გადადგმაც მოუწიოს „ოცნებას“? 

თუ ისევ იქნება პროტესტი, შესაძლებელია ხელისუფლებამ უკან დაიხიოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩუმად არ ჩაიაროს ამ საკითხმა და არ დარჩეს ეს სამოქალაქო სექტორისა და პროფესიონალების პროტესტის საგანი.

„ეს იწვევს საქონლის დეფიციტს“ – ISET-ის პროგნოზი, თუ სურსათის ფასების კონტროლი დაიწყება

„ფასების კონტროლს რამდენიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა საბაზრო წონასწორობის წერტილს ქვემოთ, რაც ქმნის ჭარბ მოთხოვნას,“ – აღნიშნულია კვლევაში, რომელსაც კვლევითი ორგანიზაცია ISET-ი ავრცელებს.

კვლევითმა ინსტიტუტმა ფასების შესაძლო კონტროლზე მოამზადა კვლევა „ფასების კონტროლი და მისი გავლენა ეკონომიკაზე“. ფასების რეგულირების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის თებერვალში განაცხადა.

2023 წელიც სურსათის ფასების ზრდით დაიწყო, თუმცა სურსათის ფასების წლიური ზრდის ტემპი შემცირდა და 15% იყო. 2022 წლის მაისში საქართველოში სურსათის ფასები წლიურ ჭრილში – 22%-ით გაიზარდა. შემდეგ სიტუაცია გარკვეულწილად დასტაბილურდა და წლის დარჩენილ თვეებში ფასების ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 16.5% შეადგინა.

2022 წელს სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 17.9% იყო.

„…ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის შემცირება, რადგან მწარმოებლებმა შესაძლოა დაიწყონ ხარჯების შემცირების გზების ძიება. გამყიდველებს შეუძლიათ ფასის გაზრდის ნაცვლად კანონს თავი აარიდონ ხარისხის შემცირებით.

მომხმარებლებს შესაძლოა, აგრეთვე, მოუწიოთ საქონლისა და მომსახურების ძიებასთან დაკავშირებული ისეთი ხარჯების
გაწევა, როგორიც გრძელი რიგები ან დახარჯული დროა, ისეთი პროდუქტის შესაძენად, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, მიწოდება კი – მცირე.

როგორც წესი, როდესაც დაწესებულზე უფრო მაღალი ფასის გადახდა უკანონოა, მყიდველები პოულობენ გზას, რომ ქრთამის სახით გადაიხადონ მეტი, რაც, საბოლოოდ, ზრდის კორუფციის დონეს. გარდა ამისა, ფასის ზედა ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს ვაჭრობით მიღებული საზოგადოებრივი სარგებლის დაკარგვა, რადგან გამყიდველებს შეიძლება არ შეეძლოთ ან არ სურდეთ საქონლის ხელოვნურად დაბალ ფასად წარმოება.

ფასების კონტროლის შემთხვევაში, არ შედგება სარგებლის მომტანი ზოგიერთი გარიგება. ეს კი იწვევს საზოგადოებრივ დანაკარგს, რომელიც მომხმარებლისა და მწარმოებლის დაკარგული სარგებლის ჯამია, როდესაც ვაჭრობის შედეგად ორმხრივი სარგებლის მიღება არ მომხდარა.

საფასო ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს რესურსების არასწორად გადანაწილება, რადგან მწარმოებლებმა, შესაძლოა,
ყურადღება დარეგულირებული ბაზრიდან სხვა, თავისუფალ ბაზრებზე გადაიტანონ, რაც მომხმარებელს ნაკლები არჩევანისა და დაბალი ხარისხის პროდუქციის წინაშე დატოვებს.

უფრო მეტიც, მოგების მარჟის კონტროლმა შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს უფრო მაღალი ფასები ზოგ სასურსათო პროდუქტზე. ეს იმიტომ ხდება, რომ შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტი ჩვეულებრივ იყიდება უფრო დაბალი მარჟით, ხოლო მაღალი ხარისხის პროდუქტი – მაღალი მარჟით.

მარჟის საერთო ზედა ზღვრის დაწესების შემთხვევაში, დაბალი ხარისხის პროდუქტიც კი შეიძლება გაძვირდეს, რადგან მაღალი მარჟის პროდუქტების გამყიდველები ვერ შეძლებენ საკმარისი მოგების მიღებას. მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც როგორც წესი, არ შეუძლიათ მაღალი ხარისხის პროდუქტის შეძენა, უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტებს ყიდულობენ, ამიტომ მოგების მარჟის ზედა ზღვრის დაწესებამ შეიძლება არაპროპორციულად იმოქმედოს მოწყვლად მოსახლეობაზე და დააზარალოს ის.

იმდენად, რამდენადაც ეკონომიკაში ბაზრები ურთიერთდაკავშირებულია, ერთ ბაზარზე დაწესებული ფასების კონტროლი გავლენას ახდენს სხვა ბაზრებზე, ვინაიდან ერთ ბაზარზე არსებული დეფიციტი შეფერხებასა და დეფიციტს წარმოშობს სხვა ბაზრებზეც. ამიტომ ფასების კონტროლის ეფექტი ვრცელდება იმ ბაზრებზე, რომლებზეც არ არის დაწესებული ფასების კონტროლი, რაც საბოლოოდ მთელ ეკონომიკას აზარალებს,“ – აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.

მკვლევრები საქართველოს მთავრობას რამდენიმე ალტერნატივასაც სთავაზობენ, მათ შორისაა, კონკურენციის ზრდის უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდა, სასაწყობე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.

4 ფოტო ძველი ბათუმიდან

ბათუმი, 1915 – ასეა დათარიღებული ფოტო, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისშია გადაღებული ბათუმში. ეს სანაპიროს, ამჟამად გოგებაშვილის ქუჩის ამსახველი ერთ-ერთი იშვიათი ფოტოა.

ოთხივე ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და აღწერის თანახმად, ფოტოების ორიგინალი ინგა გაბაშვილის კოლექციაშია დაცული.

ფოტო: dspace.nplg.gov.ge. ფოტო ინგა გაბაშვილის კერძო კოლექციიდან
ფოტო: dspace.nplg.gov.ge. ფოტო ინგა გაბაშვილის კერძო კოლექციიდან
ფოტო: dspace.nplg.gov.ge. ფოტო ინგა გაბაშვილის კერძო კოლექციიდან
ფოტო: dspace.nplg.gov.ge. ფოტო ინგა გაბაშვილის კერძო კოლექციიდან

„ვიხრჩობით ცემენტში“ – მოქალაქე ბათუმში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ბიზნესის წინააღმდეგ

„ვიხრჩობით ცემენტში, საშინელი მტვერია, მთელი დღე ფანჯარას ვერ გააღებ, ზოგჯერ ღამითაც მუშაობს ტრაქტორი, ტრაილერები იცლებიან, ხმაურია,“ – ამბობს ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრები მადონა ვარშანიძე. იგი თავისი სახლის გვერდით და მჭიდროდ დასახლებულ უბანში ცემენტის საწყობის არსებობას აპროტესტებს.

„აქედან მარაგდება სხვა მაღაზიებიც, როგორც გავიგე, ბაგრატიონის ქუჩაზე პირდაპირ ქუჩაში ცლიან მანქანებს. სხვა რეგიონებშიც ამ საწყობიდან მიაქვთ ცემენტი“ – გვიყვება მადონა ვარშანიძე. – „მეზობლებმა ერთობლივი განცხადებაც შევიტანეთ გარემოს ზედამხედველობაში, რამდენჯერმე დავრეკეთ ცხელ ხაზზეც, პოლიციაც გამოვიძახეთ, მაგრამ არაფერი იცვლება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მადონა ვარშანიძემ. მისივე თქმით, სავაჭრო ობიექტის მესაკუთრე მამუკა ფარტენაძე ხშირად უმეორებს, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელია და გავლენები აქვს.

„ამას წინათ ქურდული მენტალიტეტის კაციც მოგვიგზავნა, ჩემს ძმას ელაპარაკა, ისიც ვარშანიძეა, შეეშვით, ნუ ჩივითო… ჩემი პოზიციაა ის, რომ ასე სიცოცხლეს აზრი არ აქვს, ძილი და მოსვენება უკვე შეუძლებელია, არავინ გვაქცევს ყურადღებას, როგორ აისახება ასეთი მტვერი ჩვენს ჯანმრთელობაზე?

თავიდან, საწყობს როცა აწყობდნენ, საყვირსაც ვერ ვართვევინებდით ტრაქტორს, ეტყობა, გვაჩვევდნენ ხმაურს. საწყობის გვერდით, ჩემს სახლამდე ჯერ ჩემი ბიძაშვილის სახლია, შშმ პირია და იმაზე თქვა, ეს სახლი უკანონოდ არის ჩადგმულიო, მეორე მეზობელს უთხრა, რომ მის ფართობში არიან შეჭრილი. ასე სცადა ყველას გაჩუმება.

ბოლოს, აქეთ მიჩივლეს და ხულიგნობის მუხლით გადამიყვანეს სასამართლოში. მოსამართლემ გაფრთხილება მომცა, მაგრამ მაინც რომ არ გავჩერდით, შემდეგ პოლიციის მე-4 განყოფილებაში გადაგვიყვანეს. პოლიციის უფროსმა მითხრა, კაცს თავისი ბიზნესი აქვს, რა გინდა, აღარ დარეკოთ აწი 112-ზეო…“ – გვიყვება მადონა ვარშანიძე.

სამშენებლო მასალების საწყობი მამია ვარშანიძის ქუჩაზე

„მთელი ჩემი ცხოვრება მაგ ხალხს [ქურდული სამყარო] ვებრძვი და მომიყვანოს ვინმე, რომელიც იტყვის, რომ მივუგზავნე, გამორიცხულია“, – გვითხრა მამუკა ფარტენაძემ, სავაჭრო ობიექტის მესაკუთრემ. მან დაგვიდასტურა, რომ სუს-ში მუშაობდა და გამორიცხავს მის მიერ კანონის დარღვევას.

„7 წელია უკვე ამ სამსახურიდან [სუსი] წამოსული ვარ, ჩვეულებრივი თანამშრომელი ვიყავი და არასდროს არ მისარგებლია სამსახურებრივად. ჩვეულებრივი ბიზნესმენი კაცი ვარ… სუსი რომ შეიქმნა, მე წამოვედი სამსახურიდან [სუსი 2015 წელს შეიქმნა], ეს საკითხები კონფიდენციალურია და ამ საკითხებზე ნუ მელაპარაკებით, ჩემს პირად ცხოვრებას ნუ ეხებით, ძალიან გთხოვთ. ნახავთ სამართალდარღვევას, რეაგირება მოახდინეთ. უკანონო საქმიანობას არ ვეწევი, კანონის ფარგლებში ვეწევი ყველანაირ საქმიანობას.

პოლიციაში არაერთი განცხადება მაქვს დაწერილი ამ მეზობლის წინააღმდეგ, გადაყვანილი იყო სასამართლოში და გააფრთხილეს…,“ – უთხრა მამუკა ფარტენაძემ „ბათუმელებს“.

მტვერი და ხმაური, რაც გამოწვეულია ცემენტის მასობრივად ჩამოცლით, დასაწყობებით და შემდეგ მისი გატანით, არ არის მინიმუმ შემაწუხებელი? – ვკითხეთ მამუკა ფარტენაძეს.

„მაგას აქვს მისი დეციბალები, თუ იცით, მე ძალიან კარგად ვიცი ეს საკითხები და გავლილი მაქვს, ყველანაირი კანონის ჩარჩოში ხორციელდება აღნიშნულ ობიექტზე კომერციული საქმიანობა.

ცემენტი კორპუსების ქვეშაც იყიდება, ანალოგიური საცალო ვაჭრობა მიმდინარეობს ამ ობიექტზე… ეს კომერციული დანიშნულების ობიექტია, სადაც არის საცალო ვაჭრობა,“ – დასძინა მამუკა ფარტენაძემ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამ დრომდე ვერ გვითხრეს, დაფიქსირდა თუ არა სამართალდარღვევა ამ ობიექტზე. „საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის მოწყობაზე“ კი, ნებართვა ბათუმის მერიას 2022 წლის თებერვალში გაუცია.

ყველაფერი „ნაცების ბრალია“ – ღარიბაშვილისა და კობახიძის გზავნილები

12 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა 18-ჯერ ახსენა მიხეილ სააკაშვილი, 7-ჯერ „ნაციონალები“, 21-ჯერ სიტყვა ომი, 4-ჯერ რუსეთი და 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“.

14 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრესკონფერენცია გამართა. 34-წუთიან გამოსვლაში კობახიძემ 20-ჯერ ახსენა „ნაციონალური მოძრაობა“, 3-ჯერ – მიხეილ სააკაშვილი, ერთხელ – სიტყვა ომი, 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“ და 4-ჯერ „ლიბერალური ფაშიზმი“.

მიუხედავად იმისა, რომ 7-9 მარტს თბილისში, პარლამენტის წინ, გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ, მმართველმა პარტიამ პროტესტი მაინც საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა.

7-9 მარტის მრავალათასიანი აქციების შემდეგ საზოგადოებასთან პირველად ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩნდა 12 მარტის საღამოს.

ირაკლი ღარიბაშვილის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან მოისმინეს საქართველოს მოქალაქეებმა.

ღარიბაშვილმა ილაპარაკა რუსულ კანონზე და ამტკიცა, რომ „რთული, ემოციური დღეები“ ქვეყანამ „ოცნების“ მთავრობის „გონივრული გადაწყვეტილებით“ გადაიტანა.

პრემიერმა ამავე ინტერვიუში შეაფასა აქცია და თქვა, რომ ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც საპროტესტო აქციაზე იდგნენ, დაკავშირებულნი იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ნაწილი „ფრანკლინის კლუბის“ წევრი იყო, ნაწილი კი „შეცდომაში იყო შეყვანილი და მართული“. ღარიბაშვილმა პროვოკაციულ, გამომწვევ ქმედებებში დაადანაშაულა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი ახალგაზრდებიც.

შესავლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

56-წუთიან ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი 18-ჯერ ახსენა. ინტერვიუს შუა ნაწილში ისიც კი თქვა, რომ მას პატიმარ სააკაშვილზე საუბარი არ სურდა. „მე არ მინდა პატიმარზე ბევრი ვილაპარაკო და ერთგვარი პირობაც კი ვთქვი, რომ აღარ მინდა სააკაშვილზე საუბარი,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ სააკაშვილი კიდევ რვაჯერ ახსენა.

პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის დემონიზაციას მთელი ინტერვიუს განმავლობაში ეწეოდა. ღარიბაშვილის მტკიცებით, სააკაშვილი საქართველოში „შემოაგზავნეს ორგანიზებულად, მთავარი მიზანი იყო აქ გადატრიალების მოწყობა და საჭირო დროს ქვეყნის ჩართვა ომში“.

სიტყვა „ომი“ და „მეორე ფრონტი“ ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუს დროს 21-ჯერ ახსენა. პრემიერ-მინისტრის გზავნილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეციალურად შემოაგზავნეს საქართველოში, რომ შემდეგ მას გადატრიალება მოეწყო და ქვეყანა ომში ჩაერთო.

ასევე, ინტერვიუს დროს ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნება“ არის პროევროპული ძალა.

14 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრესკონფერენცია რუსულ კანონზე საუბრით დაიწყო და თავს დაესხა „ფრანკლინის კლუბს“. რუსული კანონის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია მოიხსენია, როგორც „ლიბერალური ფაშიზმის“ მაგალითი, ხოლო ექსტრემისტები უწოდა ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძის გამოსვლაც ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ იყო მიძღვნილი. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ამ ბრიფინგზე 20-ჯერ ახსენა „ნაციონალები“.

კობახიძის მტკიცებით, 7-9 მარტის აქციები იყო ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება, სადაც გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“.

„როცა დავინახეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი,“- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსად ირაკლი ღარიბაშვილისა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტის გაწვევით ხელისუფლებამ თავისი ჰუმანური სახე აჩვენა.

კობახიძის თქმით, რუსული კანონის მიმართ პროტესტი გამოხატეს გულწრფელმა მოქალაქეებმაც, მაგრამ მათმა გუნდმა გაშიფრა „ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებები“.

კადიროვი შიშობს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს – ISW

კადიროვი შიშობს, რომ კარგავს პუტინის კეთილგანწყობას, უკრაინაში ჩეჩნების საბრძოლო წარმატებების ნაკლებობის გამო – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს 13 მარტის ანგარიშში.

დღევანდელ ანგარიშში ანალიტიკოსები აანალიზებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეხვედრას, რომელიც 13 მარტს გაიმართა.

სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადიროვმა ეს შეხვედრა გამოიყენა უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების წარმატებების ხაზგასასმელად, რომლებიც, კადიროვის თქმით, ასრულებენ პუტინის ბრძანებებს და „იმოქმედებენ ბოლომდე“.

პუტინმა საპასუხოდ აღიარა ჩეჩენი სამხედროების როლი და მადლობა გადაუხადა კადიროვს.

ISW-ის სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადიროვი აშკარად ნერვიულობდა შეხვედრაზე, რაც პოტენციურად მიუთითებს იმაზე, რომ იგი ღელავდა და ისე ცდილობდა საკუთარი თავის და ჩეჩენი მებრძოლების პუტინისთვის პოზიტიური და პროდუქტიული კუთხით წარმოჩენას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩეჩნური დანაყოფები ამჟამად მინიმალურ როლს ასრულებენ უკრაინის ფრონტზე და ძირითადად ატარებენ შეტევით ოპერაციებს ლუგანსკის ოლქში და ცდილობენ წესრიგის დაცვას უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში.

„ამიტომ კადიროვს შესაძლოა ეშინოდეს, რომ ის კარგავს პუტინის კეთილგანწყობას, რადგან მას ძალიან ცოტა აქვს საჩვენებელი ჩეჩნური საბრძოლო მიღწევების კუთხით და, სავარაუდოდ, კადიროვი იმედოვნებდა, რომ გააძლიერებდა თავის რეპუტაციას ამ შეხვედრის განმავლობაში“ – წერს ISW-ი.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური 2007 წელს გახდა, მანამდე ის ჯერ პრემიერის მოადგილე, შემდეგ კი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, კადიროვისა და მისი რაზმის წევრების ვიდეოები სოციალურ მედიაში მუდმივად განხილვის თემაა.

მაგალითად, გასული წლის მარტში კადიროვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინაში იმყოფებოდა. მომხმარებლები, ტელეგრამარხებში გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით არკვევდნენ, სინამდვილეში სად იმყოფებოდა რამზან კადიროვი, რომელიც 14 მარტს უკრაინის ხელისუფლებას დანებებისკენ მოუწოდებდა. 15 მარტს აღმოჩნდა, რომ „უკრაინაში მყოფი“ კადიროვი სინამდვილეში ჩეჩნეთში იყო.

______________

ფოტოზე: პუტინისა და კადიროვის შეხვედრა. 13 მარტი, 2023 წელი.

ფოტო: EPA-EFE/MIKHAEL KLIMENTYEV/SPUTNIK/KREMLIN / POOL MANDATORY CREDIT

ავარია ბათუმში – ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა

ბათუმში დღეს, 14 მარტს, თავდადებულის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, შემთხვევის შედეგად კი 2 პირი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ავარია ბათუმში / 14.03.2023

„კიდევ მოდის მეწყერი, მიწა გახეთქილია“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში 8 მარტს მეწყერი ჩამოწვა კახაძეების ოჯახის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სადაც 6 ადამიანი ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის, მიხეილ კახაძის თქმით, მეწყერი სახლიდან მხოლოდ 10-12 მეტრითაა დაშორებული, მეწყრული მასა ახლაც ჩამოდის და სახნავ-სათესი მიწის 40% -ზე მეტთან ერთად წაიღო ბოსლის მშენებლობისთვის გამზადებული სამშენებლო მასალაც.

მიხეილ კახაძე გვეუბნება იმასაც, რომ მიწა დაბზარულია მათთან ახლოს მცხოვრები მეზობლის საცხოვრებელი სახლის ირგვლივაც.

კახაძეების ოჯახში ცხოვრობს მე-4 კლასის მოსწავლეც. ხვალ, 15 მარტს, სასკოლო საგაზაფხულო არდადეგები მთავრდება და მამის, მიხეილ კახაძის თქმით, არც კი იცის, როგორც უნდა გაუშვას ბავშვი სკოლაში.

„კიდევ მოდის მეწყერი, გახეთქილია მიწა. ერთი პატარა გორაა, ის რომ დაიძრას, საშიშროება ჩვენს საცხოვრებელსაც ემუქრება. ახლა არც წყალია და არც გზა.

ეს დღეები ვრჩებით სახლში. საცალფეხო გზა გვაქვს  გაყვანილი და აუცილებლობის შემთხვევაში იმ გზით ვსარგებლობთ.

ბავშვი სკოლის მოსწავლეა. ხვალ სკოლაში უნდა წავიდეს და როგორ გავუშვა, არ ვიცი.

მპირდებიან, მეწყრული მასის დინება შეჩერდეს და გავაკეთებთ ყველაფერსო. გუშინ ხულოში ვიყავი, პირობა არის, მაგრამ დღესდღეობით – არაფერი“, – ამბობს მიხეილ კახაძე.

„ბათუმელები“ ხულოს მერიას დაუკავშირდა. მერიაში გვითხრეს, რომ დამეწყრილი ადგილი გეოლოგებმა დაათვალიერეს, თუმცა ხულოს მერიაში არ უთქვამთ, რა ზომების მიღებას აპირებენ აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით.

ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ბინის ქირით უზრუნველყოფს ოჯახებს. პროგრამით ამ დროისთვის 61 ოჯახი სარგებლობს, მათგან 13 თავშესაფრის არ მქონეა, ხოლო 48 – სტიქიის შედეგად დაზარალებული.

ხულოში დამეწყრილია კურორტ გოდერძისთან მისასვლელი ცენტრალური გზაც. ნახეთ ვიდეო:

კურორტ გოდერძზე მისასვლელი ცენტრალური მაგისტრალი - დამეწყრილი გზა ხულოში

ქართველმა მეზღვაურმა მექსიკაში მეთევზეების გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ქართველმა მეზღვაურმა არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგად სამი მეთევზე გადაარჩინეს.

„8 მარტს, 14:00 საათზე, მექსიკის წყლებში მეთევზეებმა დიდი რაოდენობით თევზი დაიჭირეს. ზედმეტი წონის გამო ნავი წყლით აივსო. ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი მეთევზეები 12 საათის განმავლობაში ელოდნენ შველას.

9 მარტს, 04:00 საათზე, გემ MH COLUMBIA-ს ვახტაზე მყოფმა მატროსმა გაიგონა გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების ხმა.

გემის ეკიპაჟი „ბრმად“ გაჰყვა ხმას და 4-საათიანი, საკმაოდ რთული და შრომატევადი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა“ – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

Exit mobile version