მთავარი,სიახლეები

რუსეთის თავდასხმის ტემპი უკრაინაში შენელდა – ISW

16.03.2023 • 815
რუსეთის თავდასხმის ტემპი უკრაინაში შენელდა – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი 15 მარტის ანგარიშში წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეტევის ტემპი, წინა კვირებთან შედარებით, შენელებულია და „ვაგნერი“ ცდილობს დაიკავოს ქალაქი ბახმუტი, თუმცა მისი შესაძლებლობები კულმინაციას და შესაბამისად, თავდასხმის შესაძლებლობების შესუსტებას უახლოვდება.

ექსპერტები ეყრდნობიან უკრაინის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ალექსეი დმიტრაშკოვსკის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, რუსული არმია ამჟამად ყოველდღიურად ახორციელებს 20-დან 29-მდე სახმელეთო შეტევას, მანამდე კი თავდასხმების რიცხვი 90-დან 100-მდე იყო. დმიტრაშკოვსკი ამას რუსული ძალების ადამიანური ძალისა და აღჭურვილობის დანაკარგებით ხსნის.

ეს დასკვნა შეესაბამება ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის საერთო შეფასებას უკრაინის ფრონტზე რუსული მოქმედებების ტემპის შესახებ – აღნიშნულია ანგარიშში.

ISW-ის თანახმად, რუსეთის შეტევა ლუგანსკში, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება, თუ უკვე არ არის მიღწეული.

რუსეთმა გაგზავნა სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე მინიმუმ სამი დივიზიის შენაერთი, თუმცა მათ მიაღწიეს მხოლოდ მინიმალურ ტაქტიკურ წარმატებებს მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ლუგანსკის რეგიონში და უკრაინულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, შეძლეს კონტრშეტევების განხორციელება და ტერიტორიის დაბრუნება – წერენ ამერიკელი ექსპერტები.

ISW-ი წერს, რომ ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორში, ბახმუტში, „ვაგნერის“ ძალების შესაძლებლობებიც, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება. არგუმენტად ექსპერტებს უკრაინის სამხედრო წყაროები მოჰყავთ, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე თავდასხმების რაოდენობა შემცირდა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე საუბრობს „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პრეტენზიებზე ბახმუტის მახლობლად მდებარე პატარა სოფელ ზალიზიანსკოეს აღების შესახებ. პრიგოჟინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის ნაკლებობა გავლენას ახდენს „ვაგნერის უნარზე“, განახორციელოს შეტევა ბახმუტზე. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ვაგნერელები“ ​​ალბათ მხოლოდ ლოკალურ თავდასხმებს ახორციელებენ მცირე დასახლებებზე, რომელთა აღება არც ისე რთულია.

ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსულ ძალებს დიდი ალბათობით მოუწევთ ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი რეზერვების მიწოდება, რადგან მხოლოდ „ვაგნერის“ შეტევა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის ქალაქის დასაპყრობად.

„რუსული ძალები არ აწარმოებენ აქტიურ ან წარმატებულ შეტევით ოპერაციებს სხვა რაიონებში და რადგან ფრონტის კრიტიკულ სექტორებში ოპერაციების ტემპი შენელდება, უკრაინულ ძალებს, სავარაუდოდ, მეტი შესაძლებლობა ექნებათ, დაიბრუნონ ინიციატივა“ – ამბობენ ექსპერტები.

ამავე დროს, ანალიტიკოსები წერენ იმის შესახებაც, რომ რუსული ძალები გასულ დღეებში აგრძელებდნენ წინსვლას ბახმუტში და მის გარშემო და ახორციელებდნენ სახმელეთო შეტევებს ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელმა პარტიზანებმა აფეთქების შედეგად მოკლეს რუსი კოლაბორაციონისტი მელიტოპოლში, ზაპოროჟიეს ოლქში.

____________

ფოტო: უკრაინის ეროვნული გვარდია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: