მთავარი,სიახლეები

ყველაფერი „ნაცების ბრალია“ – ღარიბაშვილისა და კობახიძის გზავნილები

14.03.2023 • 1316
ყველაფერი „ნაცების ბრალია“ – ღარიბაშვილისა და კობახიძის გზავნილები

12 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა 18-ჯერ ახსენა მიხეილ სააკაშვილი, 7-ჯერ „ნაციონალები“, 21-ჯერ სიტყვა ომი, 4-ჯერ რუსეთი და 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“.

14 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრესკონფერენცია გამართა. 34-წუთიან გამოსვლაში კობახიძემ 20-ჯერ ახსენა „ნაციონალური მოძრაობა“, 3-ჯერ – მიხეილ სააკაშვილი, ერთხელ – სიტყვა ომი, 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“ და 4-ჯერ „ლიბერალური ფაშიზმი“.

მიუხედავად იმისა, რომ 7-9 მარტს თბილისში, პარლამენტის წინ, გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ, მმართველმა პარტიამ პროტესტი მაინც საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა.

7-9 მარტის მრავალათასიანი აქციების შემდეგ საზოგადოებასთან პირველად ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩნდა 12 მარტის საღამოს.

ირაკლი ღარიბაშვილის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან მოისმინეს საქართველოს მოქალაქეებმა.

ღარიბაშვილმა ილაპარაკა რუსულ კანონზე და ამტკიცა, რომ „რთული, ემოციური დღეები“ ქვეყანამ „ოცნების“ მთავრობის „გონივრული გადაწყვეტილებით“ გადაიტანა.

პრემიერმა ამავე ინტერვიუში შეაფასა აქცია და თქვა, რომ ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც საპროტესტო აქციაზე იდგნენ, დაკავშირებულნი იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ნაწილი „ფრანკლინის კლუბის“ წევრი იყო, ნაწილი კი „შეცდომაში იყო შეყვანილი და მართული“. ღარიბაშვილმა პროვოკაციულ, გამომწვევ ქმედებებში დაადანაშაულა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი ახალგაზრდებიც.

შესავლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

56-წუთიან ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი 18-ჯერ ახსენა. ინტერვიუს შუა ნაწილში ისიც კი თქვა, რომ მას პატიმარ სააკაშვილზე საუბარი არ სურდა. „მე არ მინდა პატიმარზე ბევრი ვილაპარაკო და ერთგვარი პირობაც კი ვთქვი, რომ აღარ მინდა სააკაშვილზე საუბარი,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ სააკაშვილი კიდევ რვაჯერ ახსენა.

პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის დემონიზაციას მთელი ინტერვიუს განმავლობაში ეწეოდა. ღარიბაშვილის მტკიცებით, სააკაშვილი საქართველოში „შემოაგზავნეს ორგანიზებულად, მთავარი მიზანი იყო აქ გადატრიალების მოწყობა და საჭირო დროს ქვეყნის ჩართვა ომში“.

სიტყვა „ომი“ და „მეორე ფრონტი“ ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუს დროს 21-ჯერ ახსენა. პრემიერ-მინისტრის გზავნილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეციალურად შემოაგზავნეს საქართველოში, რომ შემდეგ მას გადატრიალება მოეწყო და ქვეყანა ომში ჩაერთო.

ასევე, ინტერვიუს დროს ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნება“ არის პროევროპული ძალა.

14 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრესკონფერენცია რუსულ კანონზე საუბრით დაიწყო და თავს დაესხა „ფრანკლინის კლუბს“. რუსული კანონის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია მოიხსენია, როგორც „ლიბერალური ფაშიზმის“ მაგალითი, ხოლო ექსტრემისტები უწოდა ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძის გამოსვლაც ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ იყო მიძღვნილი. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ამ ბრიფინგზე 20-ჯერ ახსენა „ნაციონალები“.

კობახიძის მტკიცებით, 7-9 მარტის აქციები იყო ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება, სადაც გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“.

„როცა დავინახეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი,“- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსად ირაკლი ღარიბაშვილისა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტის გაწვევით ხელისუფლებამ თავისი ჰუმანური სახე აჩვენა.

კობახიძის თქმით, რუსული კანონის მიმართ პროტესტი გამოხატეს გულწრფელმა მოქალაქეებმაც, მაგრამ მათმა გუნდმა გაშიფრა „ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: