მთავარი,სიახლეები

კადიროვი შიშობს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს – ISW

14.03.2023 • 1426
კადიროვი შიშობს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს – ISW

კადიროვი შიშობს, რომ კარგავს პუტინის კეთილგანწყობას, უკრაინაში ჩეჩნების საბრძოლო წარმატებების ნაკლებობის გამო – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს 13 მარტის ანგარიშში.

დღევანდელ ანგარიშში ანალიტიკოსები აანალიზებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეხვედრას, რომელიც 13 მარტს გაიმართა.

სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადიროვმა ეს შეხვედრა გამოიყენა უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების წარმატებების ხაზგასასმელად, რომლებიც, კადიროვის თქმით, ასრულებენ პუტინის ბრძანებებს და „იმოქმედებენ ბოლომდე“.

პუტინმა საპასუხოდ აღიარა ჩეჩენი სამხედროების როლი და მადლობა გადაუხადა კადიროვს.

ISW-ის სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადიროვი აშკარად ნერვიულობდა შეხვედრაზე, რაც პოტენციურად მიუთითებს იმაზე, რომ იგი ღელავდა და ისე ცდილობდა საკუთარი თავის და ჩეჩენი მებრძოლების პუტინისთვის პოზიტიური და პროდუქტიული კუთხით წარმოჩენას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩეჩნური დანაყოფები ამჟამად მინიმალურ როლს ასრულებენ უკრაინის ფრონტზე და ძირითადად ატარებენ შეტევით ოპერაციებს ლუგანსკის ოლქში და ცდილობენ წესრიგის დაცვას უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში.

„ამიტომ კადიროვს შესაძლოა ეშინოდეს, რომ ის კარგავს პუტინის კეთილგანწყობას, რადგან მას ძალიან ცოტა აქვს საჩვენებელი ჩეჩნური საბრძოლო მიღწევების კუთხით და, სავარაუდოდ, კადიროვი იმედოვნებდა, რომ გააძლიერებდა თავის რეპუტაციას ამ შეხვედრის განმავლობაში“ – წერს ISW-ი.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური 2007 წელს გახდა, მანამდე ის ჯერ პრემიერის მოადგილე, შემდეგ კი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, კადიროვისა და მისი რაზმის წევრების ვიდეოები სოციალურ მედიაში მუდმივად განხილვის თემაა.

მაგალითად, გასული წლის მარტში კადიროვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინაში იმყოფებოდა. მომხმარებლები, ტელეგრამარხებში გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით არკვევდნენ, სინამდვილეში სად იმყოფებოდა რამზან კადიროვი, რომელიც 14 მარტს უკრაინის ხელისუფლებას დანებებისკენ მოუწოდებდა. 15 მარტს აღმოჩნდა, რომ „უკრაინაში მყოფი“ კადიროვი სინამდვილეში ჩეჩნეთში იყო.

______________

ფოტოზე: პუტინისა და კადიროვის შეხვედრა. 13 მარტი, 2023 წელი.

ფოტო: EPA-EFE/MIKHAEL KLIMENTYEV/SPUTNIK/KREMLIN / POOL MANDATORY CREDIT

გადაბეჭდვის წესი


ასევე: