მთავარი,სიახლეები

რას ამბობს პროკურორი ბატუტზე დაღუპული 9 წლის ბავშვის საქმეზე

15.03.2023 •
რას ამბობს პროკურორი ბატუტზე დაღუპული 9 წლის ბავშვის საქმეზე

„ბატუტი განსხვავებული კონსტრუქციაა, მის თავისებურებებს ახლა ვსწავლობთ. დღეის მდგომარეობით ასეთ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ვინ იყო პასუხისმგებელი და იყო თუ არა საერთოდ ვინმე პასუხისმგებელი,“ – გვიპასუხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, რომელსაც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: ვინ იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი?

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 15 მარტს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ედუარდ აბრამიანს. მას პროკურატურა ბათუმის ბულვარში გასაბერი ბატუტის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. პროკურატურის ვერსიით, მას ეკუთვნოდა ბატუტი ბულვარში, სადაც ბავშვი დაიღუპა.

13 მარტს ბატუტის დაზიანების გამო ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი არასრულწლოვანი ძმა. მეორე დაშავებული ბავშვი 3 წლისაა, ის დღეს დილით მკურნალობის გასაგრძელებლად გადაიყვანეს თურქეთში.

მაშინ რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა პროკურატურა, როცა ამბობთ, რომ ბრალდებული იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ პროკურორს. თორნიკე გოგეშვილმა, პირველ რიგში, თავად ბრალდებულის ჩვენება დაასახელა, ასევე სხვა პირების ჩვენებები. მას არ დაუსახელებია რომელიმე სამართლებრივი აქტი, რაც აწესრიგებს გასართობი ობიექტებისა და ბატუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას.

„დღეს, ამ მოცემულობაში, ვერ მოგახსენებთ კონკრეტულ სუბიექტებს, პასუხისმგებელ პირებს, ვინაიდან ამ საკითხებს სწავლობს გამოძიება,“ – დასძინა თორნიკე გოგეშვილმა.

ამ დრომდე არც ბათუმის მერიამ და არც ბათუმის ბულვარმა არ უპასუხა კითხვებს, ბოლოს როდის შეამოწმეს ბულვარში ატრაქციონების უსაფრთხოება ან საერთოდ ამოწმებენ თუ არა.

„ბრალდებულმა მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას,“ – გვითხრა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა. – „ასევე, სხვა პირებიც არიან გამოკითხული, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი. ამ მტკიცებულებებით ობიექტურად დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ბატუტი არ იყო სრულყოფილად მიმაგრებული მიწის მყარ ზედაპირს და ამან გამოიწვია ბატუტის მოწყვეტა…

ბრალდებულს ჰქონდა მოწყობილი ეს ბატუტი, ის ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და, ბუნებრივია, ამ ბატუტის უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, ის იყო პასუხისმგებელი,“ – აღნიშნა თორნიკე გოგეშვილმა.

პროკურორს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, გამოიკითხნენ თუ არა ბათუმის ბულვარის და მერიის თანამშრომლები.

„დიახ, გამოკითხულნი არიან შესაბამისი პირები და ახლაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები… ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

გამოძიება სწავლობს ყველა იმ ნორმატიული აქტის შინაარსს, რომელიც აწესრიგებს სათამაშო-გასართობი ობიექტის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს. თუკი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოიკვეთება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ბუნებრივია, ამას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მიეცემიან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში,“ – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: