მთავარი,სიახლეები

ობამას ფონდის ლიდერი ქალი საქართველოდან – „რუსეთი ოკუპანტიას შემდეგ მაგრამ არ იწერება“

15.03.2023 •
ობამას ფონდის ლიდერი ქალი საქართველოდან – „რუსეთი ოკუპანტიას შემდეგ მაგრამ არ იწერება“

„14 წლის ვიყავი, როცა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ჩემს სახლს გადაუფრინა. მას შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რატომ ხდება ასეთი უსამართლობა მსოფლიოში. ალბათ პოლიტიკითაც იმიტომ დავინტერესდი, რომ ამ კითხვებზე პასუხები მიმეღო“- ამბობს მაკა ტოხიშვილი.

2023 წელს მაკა ტოხიშვილი შეარჩიეს ბარაკ ობამას ფონდის ლიდერების ევროპის პროგრამაში, რომლის მიზანი მსოფლიოში ლიდერობის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაა.

როგორ ხედავს მაკა საკუთარ მომავალს საქართველოში და რატომ გადაწყვიტა დღეს კანადაში ცხოვრება? – ამ თემაზე ის „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • მაკა, როგორ მოხვდით ობამას ლიდერთა პროგრამაში?

როცა ობამას ფონდში აპლიკაცია გავაგზავნე, მაშინ ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრში“ სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემაზე ვმუშაობდი. გახსოვთ ალბათ, პანდემიის პერიოდში ათასობით სტუდენტი დარჩა შემოსავლის გარეშე და არაერთ სტრუქტურასთან ვმუშაობდი, რომ სახელმწიფოს ეს პრობლემა დაენახა.

მე პირადად მაქვს გამოცდილი, თუ რას ნიშნავს სტუდენტის სტატუსის შეჩერება, როცა ბაკალავრიატზე ვიყავი და სოციალური მდგომარეობის გამო მომიწია სტატუსის შეჩერება, ჩემს მშობლებს კი – ემიგრაციაში წასვლა.

ძალიან მძიმეა, როცა უყურებ შენი ჯგუფელები როგორ ამთავრებენ უნივერსიტეტს, შენ კი არ შეგიძლია მათთან ერთად მოისხა მანტია და აიქნიო ქუდი. ძალიან მძიმეა, როცა ამ ყველაფერს შორიდან უყურებ.

მაგისტრატურაზეც როცა ვაბარებდი, უბრალოდ ვცადე, რადგან არც მაშინ მქონდა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, უბრალოდ, ბოლო დღეს სრულიად უცხო ადამიანმა დააფინანსა ჩემი სწავლა და მე ვიცი, რა ფასი აქვს ამ ყველაფერს.

მაკა ტოხიშვილი ობამას ლიდერთა პროგრამაში

ამიტომ, როცა მომეცა შესაძლებლობა, ყველაფერი გავაკეთე, რომ სტუდენტებს დავხმარებოდი და მიხარია, რომ სახელმწიფომ აღიარა ეს პრობლემა მაშინ და დააფინანსა სტუდენტები.

ჩემი ამ ბრძოლის შედეგი წარვადგინე ობამას ფონდში აპლიკაციაზე მუშაობისას.

ასევე, წარვადგინე „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მრჩეველთა საბჭოში ჩემი საქმიანობა და როცა პარლამენტში სტაჟირებით მოვხვდი, გავაზიარე მშვიდობის ინიციატივები და ფარული კენჭისყრით გამომავლინეს გამარჯვებულად.

ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობდი აფხაზ ახალგაზრდებთანაც და ეს საკომუნიკაციო ჯგუფი დღესაც არსებობს.

  • რამდენად კარგად მუშაობს ეს ჯგუფი?

ჩვენ ძირითადად ეთნიკურ ქართველებთან ვმუშაობთ, მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობას არ აქვს მიდგომა, რომ გააუმჯობესოს ეს ურთიერთობები. ჩვენ ძალიან გვჭირდება ვიცოდეთ, რა რეალობაა აფხაზეთში, დაინტერესებული უნდა ვიყოთ ამ ხალხით და დავეხმაროთ, მაგრამ სახელმწიფო იმაზეც კი არ აწვდიდა ინფორმაციას ახალგაზრდებს, როდის ტარდებოდა გამოცდები, რომ გადმოსულიყვნენ ენგურზე, ან საერთოდ უნდა გასულიყვნენ თუ არა გამოცდებზე და ამაზეც ჩვენ, ახალგაზრდები ვაწვდიდით ინფორმაციას.

ამ ყველაფრის შესახებ მოვყევი აპლიკაციაში. ასევე, აპლიკაციის შევსებისას ყველაზე რთული იყო პასუხი კითხვებზე, რა ღირებულებების მატარებელი ვართ, რა არის ჩვენი ბუნებრივი უნარები, როგორ ვაქციეთ მერე ეს პროფესიულ უნარებად და ასე შემდეგ.

თითქოს ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ საქართველოში ამას მაინც არ ვარქმევთ სახელს. ამიტომ ეს აპლიკაცია დამეხმარა, ბოლომდე გამეაზრებინა ჩემი რეალური ღირებულებები და სახელიც დამერქმია მისთვის.

  • რა იცით ობამას ფონდზე, რას ელოდებით მისგან?

ობამას ფონდს 2020 წლიდან ევროპის მასშტაბით შექმნილი აქვს ლიდერთა კოჰორტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიდერების ამ ქსელში უნდა გაერთიანდნენ ერთნაირი მახასიათებლების მქონე ადამიანები.

საქართველოში აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ საკითხებში და ვფიქრობ, ცხოვრებაში ჩემი მისია უკავშირდება მშვიდობის და დეოკუპაციის თემებს.

სოფელ ქვემო ქედში მშვიდად ვცხოვრობდი ბებიასთან ერთად. 14 წლის ვიყავი, როცა ჩემს სახლზე რუსულმა თვითმფრინავებმა გადაიფრინეს და დაბომბეს სამხედრო ბაზა. ვისაც აქვს ომის გამოცდილება, ვიცით, რას ნიშნავს ეს.

იმდენად იმოქმედა ჩემზე, დავიწყე ფიქრი და გამიჩნდა კითხვები, თუ რატომ ხდებოდა ასეთი უსამართლობები. ამიტომ დავინტერესდი პოლიტიკის მეცნიერებით და ამ მიმართულებით ვმუშაობ დღესაც.

  • მიიღეთ კითხვებზე პასუხი, თუ ისევ ძიებაში ხართ?

ჩემი და ალბათ, ბევრი სხვა ადამიანის კითხვებზე ერთი პასუხი არსებობს – ის, რომ რუსეთს არსებობის მანძილზე მხოლოდ ექსპანსიონისტური პოლიტიკა აქვს და დიდი ილუზიაა, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მათთან მოლაპარაკებით, მშვიდობიანი მიდგომით რამეს შევცვლით.

ამას ჩვენი ისტორიაც გვაჩვენებს. ჩვენი შეცდომები გვაჩვენებს, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე ყოფნა ნიშნავს სიკვდილს. რუსეთთან ტკბილი ენით საუბარი არ მუშაობს, რადგან რუსული იდეოლოგია ამას გამორიცხავს. სხვათა შორის, ნოე ჟორდანია ამბობდა, რომ ყველაზე კარგად გამოცდილმა „შემძრომებმაც“ ვერ მოახერხეს რუსეთთან მოლაპარაკება, ამიტომ ილუზიაა ის, რომ მათთან მოლაპარაკებით რაიმეს მოვაგვარებთ.

  • დღეს, როცა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უყურებთ რუსეთთან მიმართებაში, რა აზრის ხართ?

როცა საქართველოში ვიყავი, მაშინაც და ახლაც მაქვს იმის განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს იზოლაციაში მოქცევა გადაწყვიტა, თითქოს საქართველოს შეუძლია თვითმყოფადად გადარჩენა. ეს რომ ასე იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ილუზია.

ნეიტრალიტეტი რომელ ქვეყნებსაც აქვთ, მათ რეალურად შეუძლიათ თავის დაცვა და ძალიან ძლიერი შეიარაღება აქვთ. წარმოგიდგენიათ, რამხელა ილუზია შეიძლება ჰქონდეთ, როცა „ოცნება“ იზოლაციაზე საუბრობს.

ქართველები კარგად უნდა ვიცნობდეთ ჩვენს ისტორიას, მათ შორის ილიას. ყველაფრის სახელმძღვანელო გვაქვს, ყველა შეცდომა უკვე დაშვებული გვაქვს და ახლა იმავე წრეზე ვტრიალებთ. ჩვენი მართლა დიდებული ქართველები ამბობენ, რომ ნეიტრალიტეტი ილუზიაა.

  • თქვენი აზრით, 7-8 მარტის საპროტესტო აქციებმა არ აჩვენა, რომ ხალხი არ იმყოფება ილუზიაში და პირიქით, აქვს რეალობის განცდა?

ნამდვილად და ძალიან მიხარია, რომ საერთაშორისო ფლანგზეც, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, გამიჯნულია ქართველი ხალხის ნება, ჩვენი აზროვნება და ხელისუფლების მიდგომები.

„ქართულ ოცნებაში“ არის ნაწილი, ვისაც მართლა არ ჰყოფნის კომპეტენცია და ცოდნა, განსაზღვროს რა დონის საფრთხეები მოუტანეს საქართველოს და მეორე ნაწილი, ნამდვილად მოღალატეა, რომელსაც პირადი კეთილდღეობის გამო მეათასეხარისხოვნად მიაჩნია ქვეყნის ბედი.

მაგრამ, მეცნიერებიც ამბობენ, რომ ადამიანებს არ შეგვიძლია კარგად ვიცხოვროთ, თუ ჩვენ გარშემომყოფებს კეთილდღეობა არ აქვთ. შეუძლებელია მაღალჩინოსნების შვილები ბედნიერები იყვნენ, როდესაც მათ გვერდით სხვა ახალგაზრდებს შიათ, განათლებას ვერ იღებენ, რა თქმა უნდა, თუ ისინი დარჩებიან საქართველოში.

  • თქვენ რატომ წახვედით ამერიკაში, ამ პროგრამის გამო, თუ მანამდე გადაწყვიტეთ?

ახლა ვარ ტორონტოში და აქ ვცხოვრობ ათ თვეზე მეტია. აქ ჩამოსვლა ორ მიზეზს უკავშირდება, ერთი არის პირადული და მეორე – კარიერული.

ჩემი მეუღლე 6 წელზე მეტია კანადაშია და დიდი ხანია, რაც დისტანციურად ვიყავით. ამიტომ, როცა მაგისტრატურა დავასრულე, ძალიან მინდოდა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, განსაკუთრებით ამერიკაში და ისე მოხდა, რომ ამ პროგრამაში შემარჩიეს და წამოვედი ამერიკაში.

მეუღლე პროფესიით გეოლოგია და მასაც ისეთი ისტორია აქვს, როგორც ბევრ მიზანდასახულ ქართველს. საქართველოში ერთ-ერთ გეოლოგიურ კომპანიაში მუშაობდა ინჟინერ-გეოლოგად, თუმცა მაინც გადაწყვიტა წამოსვლა.

მეც მქონდა ეს გამოწვევა. როდესაც ხვდები, რომ ერთ ადგილზე დგახარ და წინ ვერ მიდიხარ, რაღაცნაირი შეგრძნება გაქვს, თითქოს გარდაცვალებას უდრის და გინდა, რაღაც ახალი დაიწყოს. მეორე მხრივ, პროფესიით დასაქმება საქართველოში ნამდვილად არაფერს ნიშნავს, რადგან შრომის შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებ და არსებობის შესაძლებლობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხოლმე, სამწუხაროდ.

მაგალითად, სამ სამსახურში როცა ვმუშაობდი, ჩემ მიერ გამომუშავებული ხელფასი უდრიდა კანადაში ჩემი მეუღლის ერთი დღის ხელფასს.

  • ბევრი ქართველი სწავლობს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ან ხვდება პროგრამებში, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაავლეთში მიდიან საცხოვრებლად. წახვედით თქვენც. რა სიკეთეს მოუტანს თუნდაც თქვენი ამ პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს, თუკი კანადაში იცხოვრებთ?

ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, აი, ეს მძიმე გონებრივი შრომა, ჩემი და ჩემი მეუღლის აქ ყოფნაც, საქართველოში დაბრუნებას უკავშირდება. მანამდე კი, აქედანაც შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში. ახლა რასაც ობამას ფონდი მაძლევს, არის ის, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრ ახალგაზრდა ლიდერთან მაქვს კომუნიკაცია და ჩვენ ერთად ვქმნით მშვიდობის პლატფორმას, რომელიც თავის თავში მოიცავს ერთმანეთის ქვეყნების თავისუფლებისთვის თანადგომას.

იმ დღეს, როცა აქცია დაარბიეს თბილისში, უამრავი შეტყობინება მივიღე მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ობამას ფონდისგან და ბევრს ნიშნავს ეს, რადგან კოორდინირებულად მთელი მსოფლიოს ლიდერები ვიმოქმედებთ, რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი.

ერთობლივი განცხადებაც გავავრცელეთ, რომელსაც 85 ქართველი ემიგრანტი შემოუერთდა სხვადასხვა ქვეყნიდან და გამოვხატეთ ჩვენი უარყოფითი აზრიც რუსულ კანონთან დაკავშირებით.

ასევე, შევქმენით პლატფორმა ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ და სად მიიღონ უცხოეთში კარგი და ხარისხიანი განათლება.

ასევე, დღეს მსოფლიოს დღის წესრიგში უკრაინა დგას და ნაკლებად ახსენებენ საქართველოს. ამიტომ შევეცდებით, ჩვენი ქვეყნის საკითხიც გავააქტიუროთ და დავაყენოთ დღის წესრიგში, სადაც კი შევძლებთ.

  • რა მიზნები გაქვთ საქართველოსთვის?

ვფიქრობ, ჩემი ბუნებრივი უნარია, ახალგაზრდები დავარწმუნო იმაში, რომ იპოვონ საკუთარი მნიშვნელობა და თავიანთი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. შევჯერდეთ ღირებულებებზე, რომელსაც კითხვის ნიშანი და „მაგრამ“ აღარ მოჰყვება.

მაგალითად, იმაზე, რომ რუსეთი დამპყრობელია და ამის შემდეგ „მაგრამ“ არ იწერება, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის პირობებში არსებობა არ უწერია. ამას სჭირდება მუშაობა.

სხვათა შორის, ნიჰილიზმის დათესვა და უიმედობაც რუსული პოლიტიკის ნაწილია, ასევე მისგან უძლეველობის ხატის ან ომის შიშის თესვა, ისევე როგორც მართლმადიდებლობის იდეოლოგიურ იარაღად გამოყენება და ამას არც მალავენ.

ხელისუფლების იმედი არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს ხალხის, რომელიც მოიტანს პოლიტიკურ ცვლილებებს და აიღებს პასუხისმგებლობას თავისთავზე, ისე, როგორც მოხდა ამ დღეებში.

  • ბოლოს გკითხავთ, როგორც ვიცი, ობამებთან შეხვედრას აპირებთ. სად იქნება ეს?

ევროპაში იგეგმება შეხვედრა საკმაოდ მალე, სადაც 105 ლიდერი შეიკრიბება და რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ აქ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაცია ბარაკ და მიშელ ობამებთან შეხვედრაცაა, რა თქმა უნდა.

იმ დღეს ვიხსენებდი, როცა პირველი სტიპენდიით „ამერიკის საგარეო პოლიტიკა“ შევიძინე და ვაკის პარკში ვკითხულობდი. მაშინ ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, რომ რაც იქ ეწერა, ამ ყველაფრის მონაწილე ვიქნებოდი და მერქმეოდა ბარაკ ობამას ლიდერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: