მთავარი,სიახლეები

„კიდევ მოდის მეწყერი, მიწა გახეთქილია“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი ხულოში

14.03.2023
„კიდევ მოდის მეწყერი, მიწა გახეთქილია“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში 8 მარტს მეწყერი ჩამოწვა კახაძეების ოჯახის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სადაც 6 ადამიანი ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის, მიხეილ კახაძის თქმით, მეწყერი სახლიდან მხოლოდ 10-12 მეტრითაა დაშორებული, მეწყრული მასა ახლაც ჩამოდის და სახნავ-სათესი მიწის 40% -ზე მეტთან ერთად წაიღო ბოსლის მშენებლობისთვის გამზადებული სამშენებლო მასალაც.

მიხეილ კახაძე გვეუბნება იმასაც, რომ მიწა დაბზარულია მათთან ახლოს მცხოვრები მეზობლის საცხოვრებელი სახლის ირგვლივაც.

კახაძეების ოჯახში ცხოვრობს მე-4 კლასის მოსწავლეც. ხვალ, 15 მარტს, სასკოლო საგაზაფხულო არდადეგები მთავრდება და მამის, მიხეილ კახაძის თქმით, არც კი იცის, როგორც უნდა გაუშვას ბავშვი სკოლაში.

„კიდევ მოდის მეწყერი, გახეთქილია მიწა. ერთი პატარა გორაა, ის რომ დაიძრას, საშიშროება ჩვენს საცხოვრებელსაც ემუქრება. ახლა არც წყალია და არც გზა.

ეს დღეები ვრჩებით სახლში. საცალფეხო გზა გვაქვს  გაყვანილი და აუცილებლობის შემთხვევაში იმ გზით ვსარგებლობთ.

ბავშვი სკოლის მოსწავლეა. ხვალ სკოლაში უნდა წავიდეს და როგორ გავუშვა, არ ვიცი.

მპირდებიან, მეწყრული მასის დინება შეჩერდეს და გავაკეთებთ ყველაფერსო. გუშინ ხულოში ვიყავი, პირობა არის, მაგრამ დღესდღეობით – არაფერი“, – ამბობს მიხეილ კახაძე.

„ბათუმელები“ ხულოს მერიას დაუკავშირდა. მერიაში გვითხრეს, რომ დამეწყრილი ადგილი გეოლოგებმა დაათვალიერეს, თუმცა ხულოს მერიაში არ უთქვამთ, რა ზომების მიღებას აპირებენ აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით.

ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ბინის ქირით უზრუნველყოფს ოჯახებს. პროგრამით ამ დროისთვის 61 ოჯახი სარგებლობს, მათგან 13 თავშესაფრის არ მქონეა, ხოლო 48 – სტიქიის შედეგად დაზარალებული.

ხულოში დამეწყრილია კურორტ გოდერძისთან მისასვლელი ცენტრალური გზაც. ნახეთ ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: