„…მირანდა ერემაძე უმაღლეს იურიდიულ განათლებას მხოლოდ 4 წლის განმავლობაში ეუფლებოდა. ამის მიუხედავად, 2016 წელს ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ განწესდა 3 წლის ვადით, ხოლო 2017 წელს- უვადოდ. მირანდა ერემაძესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მასალებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლამ ძალიან სერიოზული პრობლემები გამოავლინა.
მირანდა ერემაძის უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება მხოლოდ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლებით, რა დროსაც მას ერთდროულად მიენიჭა იურისტისა და ეკონომისტის კვალიფიკაცია. სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ბოლო წელს მოსამართლემ განათლების მიღების ფაქტის დადასტურებასთან ერთად მისი დიპლომის მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უარყოფითი გადაწყვეტილება 2015 წლის 7 სექტემბერს მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირანდა ერემაძის სასარგებლოდ გადაწყვეტილება 2015 წლის 7 დეკემბერს გამოიტანა, ბათილად ცნო 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება და ცენტრს მირანდა ერემაძის მაგისტრის საფეხურთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა. 2016 წლის 19 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2016 წლის 18 მაისს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, ხოლო 25 მაისს, 7 კალენდარულ დღეში, აღნიშნული საჩივარი ცნო დაუშვებლად. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა არცერთი საფუძველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის
აღნიშნული გარემოებები ნათელს ხდის, რომ სასამართლოს გადატვირთულობისა და მისი მხრიდან საპროცესო ვადების სისტემატურად დარღვევის ფონზე, სამივე ინსტანციის სასამართლო საკმაოდ დროულად და შეიძლება ითქვას, რომ უჩვეულოდ სწრაფადაც იღებდა გადაწყვეტილებებს მოსამართლე მირანდა ერემაძის იმ საქმეზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოსამართლედ მისი ხელახლა დანიშვნისათვის. სადავო აქტის გამოცემიდან დაახლოებით 8 თვეში საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიარა და საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.
კრიტიკას ვერ უძლებს მირანდა ერემაძის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსი. დაუსაბუთებლობის გამო ის სრულ წინააღმდეგობაშია კანონთან და სრულიად უსამართლოა.
სასამართლომ საერთოდ უარი თქვა მირანდა ერემაძის საქმეში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის გამოყენებაზე, რომლის მიხედვითაც „2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005- 2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.“ სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება წინააღმდეგობაში იქნებოდა კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპთან. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის ციტირებული ბევრი ნორმა მოქმედი კანონმდებლობიდან, მათ შორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმარტება, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის კომპეტენციები სრულად და ა.შ., უკუძალის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს არცერთი ნორმა არ აქვს მოხმობილი, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი სამართლებრივი დასაბუთება. უკუძალის პრინციპზე მსჯელობისას, სასამართლო საკანონმდებლო საფუძვლის არმქონე მსჯელობებს ავითარებს და წერს: „სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონს არ აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონში. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.“ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმის ციტირება განსხვავებულ რეგულაციას ადგენს. ნორმატიული აქტის უკუძალას შეეხება აღნიშნული კანონის 24-ე მუხლი, რომელიც სულ ორი პუნქტისაგან შედგება. პირველი პუნქტის მიხედვით, „ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით”, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, „ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.“ ცალსახაა, რომ კანონი ნორმატიული აქტის უკუძალას კრძალავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 ნაწილი კი, ბუნებრივია, არც ადგენდა რაიმე პასუხისმგებლობას და არც ამძიმებდა მას. მეორე ძირითადი არგუმენტი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, იყო ის, რომ მირანდა ერემაძეს გააჩნდა კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სრულიად აბსურდულია ამ ნაწილში სასამართლოს მიერ მოყვანილი მსჯელობა და გაკეთებული დასკვნები. კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ სამართალში უკავშირდება კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის დაუშვებლობას გარკვეულ შემთხვევებში, 50. რასაც საერთოდ არ ჰქონია ადგილი წინამდებარე საქმეში და არავის უცნია ბათილად მირანდა ერემაძის სახელზე გაცემული დიპლომი.
საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს. ამ პერიოდიდან შემოღებულ იქნა უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემა, რომელიც ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას მოიცავს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებით51 მოწესრიგდა რეფორმამდე მიღებული უმაღლესი განათლების შესაბამისობა ახალ სისტემასთან და მიეთითა, რომ მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულია 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი. 2005 წლამდე ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საერთოდ არ არსებობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 1991-1995 წლებში ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლების შედეგად, მირანდა ერემაძეს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ერთდროულად ორივე პროფესიაში, როგორც იურისტსა და როგორც ეკონომისტს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონთან და საგანმანათლებლო სისტემის ძირითად პრინციპებთან.