მთავარი,სიახლეები

„რატომ ვიხევთ ხერსონიდან?“ – ანეკდოტის გამო რუსეთში კაცს 3 წლით პატიმრობა ემუქრება

16.03.2023 • 1126
„რატომ ვიხევთ ხერსონიდან?“ – ანეკდოტის გამო რუსეთში კაცს 3 წლით პატიმრობა ემუქრება

რუსეთში ანეკდოტების გამო ადამიანების გასამართლება დაიწყეს. მრავალშვილიან მამას 3 წლით პატიმრობა ემუქრება უკრაინის ომზე ანეკდოტის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების გამო. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქცია წერს.

„- სერგეი, რატომ ვიხევთ ხერსონიდან?

– ვოლოდია, თქვენ ხომ თავად გვიბრძანეთ უკრაინის განთავისუფლება ფაშისტებისა და ნაცისტებისაგან…“ 

რიაზანის ოლქში, ქალაქ კასიმოვში მცხოვრებმა ვასილი ბოლშაკოვმა ეს ანეკდოტი რუსულ სოციალურ ქსელში, Вконтакте-ში გამოაქვეყნა 2022 წლის ნოემბერში, როცა უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ხერსონიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს.

ხუმრობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, 2023 წლის 24 თებერვალს, მასზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით აღიძრა, მანამდე კი ბოლშაკოვების სახლი გაჩხრიკეს.

სამი შვილის მამაზე საქმე დასმენის შემდეგ აღიძრა. მანამდე ბოლშაკოვი კიდევ ორჯერ დაასმინეს სამართალდამცავ ორგანოებთან სხვა განცხადებებისთვის.

„ბიბისი“ წერს, რომ ჩხრეკამ და სისხლის სამართლის საქმემ ჩაშალა ბოლშაკოვების ოჯახის გეგმა რუსეთის დატოვების შესახებ – ისინი მეოთხე შვილის გაჩენას არგენტინაში აპირებდნენ.

ბოლშაკოვის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ანეკდოტით ჯარის დისკრედიტაცია არ მომხდარა.

„30 წლის წინ რომ დავბრუნდე და ბაბუას ამის შესახებ ვუთხრა, ალბათ არ დაიჯერებდა და იტყოდა: ჩვენ ეს დიდი ხნის წინ გადავიტანეთ, ხუმრობისთვის ხალხის ციხეში ჩასმა არ შეუძლიათ. თურმე, შეუძლიათ“ – უთხრა ადვოკატმა „ბიბისის“.

____________

ფოტო: „ბიბისი“/BBC

გადაბეჭდვის წესი


ასევე: