„ვენეციის კომისია ზოგადად აფასებს უშუალოდ შემოთავაზებულ ცვლილებებს, ჩვენ შემთხვევაში კი, კომისია ადაპტირდა ამ ხრიკებთან და აფასებს არა კონკრეტულ ცვლილებას, არამედ კონტექსტს,“ – ეს შთაბეჭდილება შეექმნა საია-ს ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს ვენეციის კომისიის მორიგ დასკვნაზე, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ეხება საქართველოში.
რა არგუმენტით მიიჩნია ვენეციის კომისიამ, რომ საქართველო კომისიის რეკომენდაციებს არ ასრულებს და ეს არ არის „ფუნდამენტური რეფორმა“? – „ბათუმელებმა“ იურისტ ნიკა სიმონიშვილს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.
სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიამ დასკვნა დღეს, 14 მარტს, გამოაქვეყნა.
- ბატონო ნიკა, ვენეციის კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა კრიტიკულია სასამართლო რეფორმაზე საქართველოში. რა არის კომისიის მთავარი გზავნილი?
ვენეციის კომისიის ეს დასკვნა საერთოდ არ არის გასაკვირი ადამიანებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად ვიყავით ჩართული სასამართლო რეფორმის საკითხებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ალბათ არის ის, რომ ვენეციის კომისია საუბრობს იმას, რასაც ჩვენ, სამოქალაქო სექტორი, ვსაუბრობდით ბოლო წლებში, როცა ვამბობდით, რომ ეს რეფორმა, რაც „ოცნებამ“ შემოგვთავაზა, არის ფრაგმენტული და არ გვთავაზობს სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას.
ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ხაზს უსვამს ყოვლისმომცველ და ფუნდამენტურ რეფორმაზე, რაც ქვაკუთხედია სასამართლოს სისტემისთვის. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა მივაღწიოთ, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რგოლი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს იმ საკითხებს, რაც აუცილებელია იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები ამ დრომდე არ არიან არჩეულები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ვენეციის კომისიას მითითება აქვს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ძალაუფლების ბალანსზე. დღეს გვაქვს დისპროპორცია და ვენეციის კომისია ხაზს უსვამს ამას. კომისია საუბრობს ასევე საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის საკითხზე და განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ შეზღუდვის მოხსნას, რაც მოსამართლე წევრს აძლევს საშუალებას, ერთზე მეტად იყოს არჩეული საბჭოში.
ვენეციის კომისიას ჰქონდა მანამდე შეფასება, რომ ეს საკითხი არ იყო დასაბუთებული. მე როცა ვმონაწილეობდი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, კომიტეტის წევრები ხელისუფლების მხრიდან, ამ ჩანაწერის მიმართ პირდაპირ თარგმანში ცდილობდნენ ჩვენ მოტყუებას. ამბობდნენ, თითქოს ეს ჩანაწერი ვენეციის კომისიამ გამართლებულად მიიჩნია. სინამდვილეში კი, ვენეციის კომისია საუბრობდა იმაზე, რომ ამ ყველაფერს გამართლება სჭირდებოდა, შესაბამისი გამამართლებელი არგუმენტის მოტანა. ვენეციის კომისია ამჯერადაც მიუთითებს, რომ ეს საკითხი გამოსწორებული არ არის.
- რა არგუმენტით მიიჩნევს ვენეციის კომისია, რომ სასამართლოს რეფორმა არ არის ფუნდამენტური და არ არის მიმართული სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ?
რამდენიმე არგუმენტია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხის გადახედვა და მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაბრობის შემოტანა. ამაზე იყო ადრეც სამოქალაქო სექტორიდან აქცენტები დასმული. საბჭოს დაკომპლექტება და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი არის ის ფუნდამენტური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც სავალდებულოა საკანონმდებლო ცვლილებების გატარება.
- ვენეციის კომისია ახსენებს კორპორატივიზმს. ეს ტერმინი გულისხმობს სასამართლო კლანს?
დიახ, კომისია დიპლომატიურად აღწერს კლანს და მას კორპორატივიზმით მოიხსენიებს. კორპორატივიზმში მოიაზრება კლანი, რაც არის ჩვენს სასამართლო სისტემაში.
რაც მთავარია, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ფუნდამენტური რეფორმა უნდა გამორიცხავდეს ამ კორპორატივიზმს, რომ ერთი ჯგუფის მიერ არ იყოს გადაწყვეტილება მარტივად მიღებული. ვენეციის კომისია დასკვნაში საუბრობს კონკრეტულ მექანიზმებზე, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლა.
ეს მექანიზმები „ქართულმა ოცნებამ“ გააჩინა ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს, როცა ყოველგვარი კონსულტაციის და ჩართულობის გარეშე მიიღეს ცვლილებები დაჩქარებული წესით. ვენეციის კომისიას მაშინაც ჰქონდა ძალიან მკაცრი შეფასებები და რეკომენდაციები 2022 წელს, 2023 წელს კი, გვიწერს იმას, რომ 2022 წელს გაცემული პრინციპული რეკომენდაციებიდან არც ერთი გამოსწორებული არ არის. ეს ეხება პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, მოსამართლეების მივლინების წესის დახვეწას და ასე შემდეგ.
- არის რომელიმე რეკომენდაცია, რაც სასამართლოს რეფორმის საკითხზე 2022 წელს გასცა ვენეციის კომისიამ და შესრულდა?
მეტ-ნაკლებად პოზიტიურად არის შეფასებული სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის საკითხი. ამ შემთხვევაში აღნიშნულია, რომ ეს საკანონმდებლო პაკეტი არის მომზადების პროცესში და დააკვირდებიან მის მიღებას, ასევე, იმპლემენტაციის პროცესს. ამ კუთხით ცვლილებები აქამდე უნდა ყოფილიყო მიღებული.
სასამართლო აქტები, მოგეხსნებათ, არ იყო ხელმისაწვდომი და მითითება ხდებოდა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული აქტები პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ასეთი ნორმატიული შინაარსის მქონე შესაბამისი ჩანაწერი და თქვა, რომ ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, გამონაკლისი კი, კანონით უნდა დადგინდეს. კანონმდებელს უნდა დაედგინა, რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს წვდომა სასამართლო აქტებზე. დღემდე ეს ცვლილებები არ მიუღია პარლამენტს.
ნაცვლად გამჭვირვალობისა, მივიღეთ ის, რომ უფრო მეტად თვითნებურად იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული აქტების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნება“ მერამდენედ ცდილობს ტექნიკური ხრიკით და მანიპულაციით დაიძვრინოს თავი. „ოცნება“ აინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ცალკე აღებული შეიძლება არ არის ნეგატიური შინაარსის მატარებელი, გარკვეულ პროცესუალურ გაუმჯობესებასაც მოიცავს, მაგრამ არის მესამე და მეოთხეხარისხოვანი.
„ოცნება“ მხოლოდ ფასადურად ატარებს რეფორმას. ვენეციის კომისია, ზოგადად, აფასებს უშუალოდ შემოთავაზებულ ცვლილებებს, ჩვენ შემთხვევაში კი, კომისია ადაპტირდა ამ ხრიკებთან და აფასებს არა კონკრეტულ ცვლილებას, არამედ კონტექსტს.
- გამოდის, რომ სასამართლო სისტემაზე პირობა შესრულებულად ვერ ჩაითვლება ცნობილი 12 პირობიდან, თუმცა შემოდგომამდე შესაძლებელია ფუნდამენტური ცვლილება?
დიახ, მომზადებას, ინიცირებას და მის მიღებას ბევრი დრო არ სჭირდება, თუ პოლიტიკური ნება იქნება.
სამუშაო ჯგუფში, რასაც ვაკვირდებოდი, კარგად ჩანდა, რომ ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რასაც გულისხმობს ეს „ფუნდამენტური ცვლილებები“. ეს კიდევ ერთხელ გვითხრა ახლა ვენეციის კომისიამ. ეს მარტივად გულისხმობს სასამართლოზე კონტროლის დაკარგვას. ხელისუფლებაში კი ამის ნება არ აქვთ.
- საპროტესტო აქციების დროს ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა. გამორიცხავთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ნაბიჯების გადადგმაც მოუწიოს „ოცნებას“?
თუ ისევ იქნება პროტესტი, შესაძლებელია ხელისუფლებამ უკან დაიხიოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩუმად არ ჩაიაროს ამ საკითხმა და არ დარჩეს ეს სამოქალაქო სექტორისა და პროფესიონალების პროტესტის საგანი.