28 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისები შესრულდება

28 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 70 ადამიანზე გათვლილი სამგზავრო ხომალდი რეგულარულ ფრენას ყოველდღიურად შეასრულებს.

აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდი ATR72 დღეს პირველად დაეშვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

ავიარეისებს კომპანია „ჯეო სქაი“ შეასრულებს. განრიგი ასე გამოიყურება:

ბილეთის ფასი აგვისტოში 155-დან 220 ლარამდე მერყეობს [ერთი გზა].

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ფრენის განრძლივობა 55 წუთი იქნება.

შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაი“ 2017 წელსაა დაფუძნებული. მისი მესაკუთრე ზაურ ქორთოშიძეა.

რუსეთიდან, სოჭიდან საკრუიზო ლაინერის ბათუმში შემოსვლას სააგენტო ადასტურებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ 27 ივლისს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის, ASTORIA GRANDE-ს  შემოსვლა იგეგმება, რომელიც რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან იწყებს კრუიზს.

სააგენტო აცხადებს, რომ საკრუიზო გემი რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში და სანქცირებული არ არის.

„აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited“-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით.

შესაბამისად, თუკი გემი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“ – წერს სააგენტო.

ლაინერის ვებგვერდზე ინფორმაცია განთავსებულია რუსულ ენაზე. საკრუიზო მარშრუტში მონიშნულია: საქართველო-თურქეთი-ეგვიპტე-ისრაელი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. ეს ინფორმაცია მაშინ ქართულმა მხარემ უარყო.

„ახლა აღარ აინტერესებთ“ – ბათუმის მერი ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, გზაგამყოფ სივრცეში სკვერის მოსაწყობად მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მერია აქ სკვერის მოწყობას 3 საკადასტრო ერთეულზე გეგმავს.

ბაგრატიონის ქუჩას ჟიული შარტავას ქუჩის კვეთიდან სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთამდე  კარგად გამწვანებული სივრცე ყოფს. მისი ფართობი საერთო ჯამში ერთ ჰექტრამდე [9586 კვ.მეტრი] სამ ნაკვეთს მოიცავს. მერიის ინფორმაციით, პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს.

მონიშნულია გამყოფი ზოლი, სადაც მერია სკვერის მოწყობას გეგმავს.
გზაგამყოფი ზოლი, სადაც მერია სკვერის მოწყობას გეგმავს.

მწვანე სივრცის შენარჩუნება და ნარგავების დამატება ამ უბნის მცხოვრებებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.  ეს საკითხი საინიციატივო ჯგუფმა 2021 წელს შეისწავლა და ბათუმის საკრებულოს პეტიციით მიმართა ამ და სხვა მწვანე სივრცეებისთვის სკვერის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

ბაგრატიონის ქუჩის 138-ში მდებარე კორპუსის უკან, ბაგრატიონის ქუჩის მხარეს, კიდევ ერთი მწვანე სივრცე, დაურეგისტრირებელი ფართობია, სადაც მოსახლეობა სკვერის მოწესრიგებას და საბავშვო ატრაქციონების განთავსებას ითხოვს.

საკრებულოს გასულ სხდომაზე, რომელიც 21 ივლისს შედგა, ბაგრატიონის ქუჩა მხოლოდ გზაგამყოფი ზოლის გამწვანების პროექტთან მიმართებაში არ უხსენებიათ.  ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე მესამედ გამოხატა წყენა ამ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებისთვის მერიის კრიტიკის გამო.

ქუჩის რეაბილიტაციის დაუსრულებელ პროცესზე შეწუხებული მოსახლეობა საუბრობდა. მოქალაქეების ინფომაცია მერიის საჯარო განცხადებებითა და „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებითაც დასტურდება – ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია 2014 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულდა. სამუშაოებისთვის მინიმუმ 23 მილიონი ლარი და 16 მილიონი ევრო დაიხარჯა. ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქის სამი მერი შეიცვალა.

ბათუმის მერმა ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით ადრეც აღნიშნა, ხოლო საკრებულოს ბოლო სხდომაზე პირდაპირ განაცხადა, რომ მედიამ აწყენინა. მან არ დაასახელა, თუმცა თითქმის დააკონკრეტა ისიც, რომელ მედიას გულისხმობდა.

არჩილ ჩიქოვანის განმარტებით ეს ტელევიზიებს არ ეხება:

„საინტერესო და სასიამოვნო იქნებოდა ადგილობრივ ტელევიზიებთან ერთად, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ არსებულ გამოწვევებს, რაც ქალაქს და ჩვენს თანამოქალაქეებს გააჩნიათ… ცოტა საერთაშორისო პლატფორმებზეც გავიხედოთ, მისასალმებელია მგონი და მოსალოცი ამბავი, რომ „დოიჩე ველე“ „ევრონიუსი“ „ბიბისი“ და სხვა პლატფორმები ჩვენს ქალაქს და ჩვენს რეგიონს აღიარებენ, როგორც წამყვან ტურისტულ მიმართულებას“.

ნათქვამის საილუსტრაციოდ მერმა „ბათუმის სტადიონის“  ჯილდო დაასახელა. შემდეგ  კი ბაგრატიონის ქუჩის ჯერიც დადგა:

„რა თქმა უნდა, აღარავინ საუბრობს ახლა, აღარავის აღარ აინტერესებს, არ არის აქტუალური. აივლით-ჩაივლით ბაგრატიონის ქუჩაზე და ალბათ გსიამოვნებთ, რომ კეთილმოწყობილია, მაგრამ წინა საკრებულოზე და წინა წლებში ძალიან აქტუალური იყო, რომ ვერასდროს ვერ მთავრდება, არასდროს არ მთავრდებოდა და არ გვახსოვს სატენდერო პროცედურები, გამჭვირვალედ ჩატარებული ტენდერი და პასუხისმგებლობები, რომელიც უნდა ჰქონდეს იმ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს, ხარისხიანად რომ შეასრულოს. ამის უგულებელყოფა ხდებოდა და პირდაპირი იერიში იყო მუნიციპალურ სამსახურებზე“.

პირველ ჯერზე კი მერმა თქვა, რომ სოციალურმა მედიამ ისე წარმოაჩინა ამბავი, თითქოს ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია სიუჟეტის მომზადების შემდეგ დაიწყო.

იმავე სხდომაზე ბათუმის მერს ქალაქში არსებულ ბევრ გამოწვევაზე, მათ შორის ბავშვთა ატრაქციონების უსაფრთხოებაზე და სხვა ბევრ თემაზე ჰკითხეს. მან თქვა ისიც, რომ არ აქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურადაა.

„ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად არის და რაიმე გამოწვევები არ აქვს ამ ქალაქს. ბუნებრივია, ყველა დიდ ქალაქს, მათ შორის ეკონომიკურად მზარდ ქალაქებს, აქვს ამ ტიპის გამოწვევები“ – თქვა არჩილ ჩიქოვანმა.

იმავე სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცეს.

ამავე თემაზე: 

ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონით იზრდება – როგორ გადანაწილდება თანხა

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434 მლნ ევროს გამოყოფს

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) სადოქტორო ქსელების ფარგლებში, ევროკომისიამ  2023 წლისთვის ახალი კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამეცნიერო სფეროს 130-ზე მეტი სადოქტორო პროგრამა და გადამზადდება 1600 დოქტორანტი.

კონკურსის ბიუჯეტი 434.8 ევროა.

ევროკომისიის ინფორმაციით, სადოქტორო პროგრამების გარდა, თანხა მოხმარდება საუნივერსიტეტო პარტნიორობებს, კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურას, ბიზნესსა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებს როგორც ევროპის შიგნით, ასევე მის გარეთ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ მეცნიერებსაც.

„MSCA-ის სადოქტორო ქსელები ღიაა საერთაშორისო კონსორციუმებისთვის, რომლებიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტისგან.

ეს სუბიექტები დაარსებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ სხვადასხვა სახელმწიფოში ან „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებულ ქვეყნებში (მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა თუ უკრაინაში) და ევროკავშირის სულ მცირე ერთ წევრ სახელმწიფოში.

ამ მინიმალური მოთხოვნის გარდა, კონსორციუმში შეიძლება შედიოდნენ სხვა ორგანიზაციები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ეს სადოქტორო პროგრამები დააკმაყოფილებს საჭიროებებს კვლევისა და განვითარების სხვადასხვა სფეროში, წარუდგენს მკვლევრებს აკადემიურ და არააკადემიურ სექტორებს და შესთავაზებს ტრენინგს, როგორც კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე უფრო ფართო უნარებსა და კომპეტენციებში, რომლებიც ინოვაციებისა და გრძელვადიანი დასაქმებისთვის არის საჭირო – იქნება ეს მეწარმეობა, შედეგების კომერციალიზაცია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები თუ კომუნიკაცია“ – ნათქვამია საკონკურსო პირობებში.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2023 წლის 28 ნოემბერია.

ისეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც თავისუფლად შევძლებ აზრის გამოხატვას – მასწავლებელი

„თუ მე აზრის გამოხატვას დამიშლი, ამიკრძალავ რაღაც საკითხებზე არ ვილაპარაკო და თავი ჩავქინდრო, რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა“ – ამბობს თიკა ალადაშვილი, რომელიც პროფესიით განათლების ფსიქოლოგია, მაგრამ ამჟამად თელავის მე-4 საჯარო სკოლაში ფიზიკურ აღზრდას და სპორტს ასწავლის. „ბათუმელები“ მას სკოლასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

  • ქალბატონო თიკა, როგორია თქვენი სპორტის გაკვეთილები? მარტო ბიჭები არიან ჩართული სპორტში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე სპორტის გაკვეთილებზე, თუ ყველა ერთად?

რომ გითხრათ, ძალიან შეიცვალა მდგომარეობა-მეთქი, მოგატყუებთ. დაწყებით საფეხურზე არ გვაქვს გოგონების ჩართულობის პრობლემა, თუმცა ზედა კლასებში აქვთ გოგოებს მოტივაციის ნაკლებობა. ამიტომ, ვცდილობ დავაინტერესო გოგონები და რაიმე მოვიფიქრო მათთვის.

  • რა არის დაბალი მოტივაციის მიზეზი, ამას საფუძველი ხომ ექნება?

ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ სპორტდარბაზია პატარა და როდესაც ბიჭები დაიწყებენ, მაგალითად, ფრენბურთის თამაშს და შედიან მოედანზე, გოგოები თავს არიდებენ ჩართვას. არიან ისეთი გოგოებიც, ვისაც აინტერესებთ სპორტი, მაგრამ რაღაც ნაწილი ინერტულია. ამიტომ ვცდილობ გამოვნახო სხვა გზა.

  • რა არის ეს სხვა გზა, რა მოიფიქრეთ?

მაგალითად, საბაზო საფეხურის კლასებში მოვიფიქრე სპორტული ცეკვების დანერგვა და შემდეგ ისე მოეწონათ იდეა, რომ სხვა კლასებიც დაინტერესდნენ და შევქმენით გოგონათა მხარდამჭერი გუნდი, რომელიც სწორედ სპორტული ცეკვებით გახსნის შეჯიბრს და გაამხნევებს ჩვენი სკოლის გუნდს.

ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა ამ ინიციატივას.

  • სპორტში გოგონების ნაკლებად აქტიურობის მიზეზი ისიც ხომ არ არის, რომ ფიზიკური აქტივობის შემდეგ არ არსებობს გამოცვლის, შხაპის მიღების შესაძლებლობა სკოლაში?

დიახ, გარკვეულწილად ასეც არის, რადგან მოზარდები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ჰიგიენას. ამ წესების დაცვა ჩვენს სპორტდარბაზებში კი ძალიან რთულია.

  • რა არის ყველა დიდი გამოწვევა დღეს სკოლაში, რას გამოარჩევდით, როგორც მასწავლებელი?

დღევანდელ ბავშვებს ყველანაირ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, ამიტომ ნაკლები მოტივაცია აქვთ მოუსმინონ მასწავლებელს, თუ ის უბრალოდ გადასცემს დეკლარირებულ ცოდნას.

ამიტომ, მე პირადად აქ ვხედავ მასწავლებლის როლს, რომ იმაზე არ ესაუბროს ბავშვებს, რაც ისედაც იციან. ჩვენ უნდა ჩავერთოთ იმაში, რომ დავეხმაროთ ბავშვებს მიღებული ინფორმაციის ანალიზში, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, რომ ცოდნა, რომელიც გააჩნიათ, სწორად დაალაგონ და გაანალიზონ.

სპორტის მასწავლებლობის გარდა კლასის დამრიგებელიც ვარ, ამიტომ ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვებისგან ბევრჯერ მსმენია – „მე ეს არაფერში დამჭირდება, სხვა სფერო მაინტერესებს“.

ასეთ დროს, მაგალითად, თუ ბავშვი ამბობს, რომ არ აინტერესებს ისტორია, იმიტომ, რომ კომპიუტერული მეცნიერებები აინტერესებს, მასწავლებელს შეუძლია აუხსნას, როგორ დაეხმარება მას თუნდაც ისტორიის სწავლა ამაში. შეიძლება სწორედ ეს კავშირი დაანახოს მასწავლებელმა. აუხსნას, რომ ის აქტივობები, ჯგუფური მუშაობა თუ ინფორმაციის დახარისხება, მას ანალიზის, შეფასების უნარებს უვითარებს, რაც ტექნოლოგიებშიც გამოადგება.

სპორტის გაკვეთილებზე კი ვუხსნი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს ჯანმრთელი ორგანიზმი.

გარდა ამისა, თამაში გეხმარება სოციალიზაციაში, ემპათიის განვითარებაში. სწავლობ, თუ ვინმე წაიქცა შენ გვერდით, როგორ იქცევი, ეხმარები თუ არა მას და ასე შემდეგ.

როცა მასწავლებელი ხარ, არ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ იმით, რომ აი, შევედი კლასში, ჩავატარე რაღაც აქტივობა და წავედი სახლში. ჩემი დაკვირვებით, ბავშვებთან ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი, მათ აქვთ ამის საჭიროება, მოსწონთ, როცა უსმენენ და აძლევენ საუბრის საშუალებას.

როცა მათ უსმენ, შემდეგ ეს გეხმარება მოაგვარო კონფლიქტები სკოლაში.

  • რა მეთოდს მიმართავთ კონფლიქტების მოგვარებისას?

ბოლო გამოცდილებაზე მოგიყვებით. ერთ-ერთ კლასში გვქონდა ბულინგის შემთხვევა. გარეგნობის გამო დასცინოდნენ ბავშვებს. შევადგინე კითხვარი და ბავშვებს ვთხოვე ანონიმურად ეპასუხათ ამ კითხვებზე. აღმოჩნდა, რომ თეორიის დონეზე თითქმის ყველა ბავშვმა იცის რა არის ბულინგი, მაგრამ პრაქტიკაში მაინც სხვაგვარად იქცევიან. ზოგჯერ შეგნებულად ხდებიან ბულერები.

შევეცადე ამ თემაზე მათთან ღიად მესაუბრა. სკოლაში სოცმუშაკიც გვყავს და ისიც დაგვეხმარა ლექციის ჩატარებაში.

მე მაინც ვფიქრობ, რომ კონფლიქტის მოგვარება თუ გვინდა, ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ. ერთმანეთის მოსმენა უნდა შევძლოთ დისკუსიის დროს. მსჯელობით უნდა მივიდეთ სწორ აზრამდე, სწორ გადაწყვეტილებამდე.

  • უჭირთ ახალგაზრდებს ერთმანეთის მოსმენა?

თქვენ წარმოიდგინეთ, უფროსებს უფრო მეტად გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა, ვიდრე ახალგაზრდებს. მოზარდებს აქვთ მოთხოვნილება, რომ გესაუბრონ პრობლემაზე და გაგიზიარონ მათი აზრი. თუ უკუკავშირს ვერ იღებენ, ამას განიცდიან. „არ მაცდიან საუბარს“, – უთქვამთ ხოლმე.

  • მასწავლებლის სხვა როლზე მინდა გესაუბროთ. ფეისბუქში თქვენ წერდით მასწავლებლის, როგორც მოქალაქის აქტიურ როლზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. არ იზიარებთ იმ კოლეგების მოსაზრებას, ვინც ამბობს, რომ მასწავლებელი აპოლიტიკური უნდა იყოს? პირადად თქვენთვის რა არის პოლიტიკა?

დიახ, ძალიან ხშირად ვაწყდები ხოლმე მასწავლებლების ჯგუფებში ასეთ ფრაზებს, რომ „მასწავლებლის საქმე არ არის პოლიტიკა“, „ჩვენ ბავშვებთან უნდა ვიმუშაოთ და ეს არ გვეხება“ და ასე შემდეგ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ გვესმის სიღრმისეულად, რეალურად რა არის მასწავლებლის სამუშაო.

მასწავლებლობა ის ხომ არ არის, რომ დილით მიხვიდე სამსახურში, წაიმუშაო და წამოხვიდე სახლში. ზოგადი განათლების სისტემა გულისხმობს იმას, რომ თუ მე ჩემი ქვეყანა მიყვარს, ვარ ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი და ვიცი რა კურსი აქვს აღებული იმისთვის, რომ განვითარდეს, ამ პროცესში იკვეთება სწორედ ჩვენი როლი, რადგან სახელმწიფო ჩვენ გვიკვეთავს, როგორი თაობა უნდა აღვზარდოთ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს.

ამას გულისხმობს ზოგადი განათლების მიზნები და მე ინსტრუმენტი ვარ ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის, რომ ეს მიზანი იყოს მიღწეული. თუ მე უნდა გავიდე ამ მიზნებზე, მაშინ მოსწავლეს უნდა ჩამოვუყალიბო ღირებულებათა ის სისტემა, რომელიც დაეხმარება ამ ქვეყანას განვითარებაში.

სწორედ ამიტომ ვარ პოლიტიკის ნაწილი.

ძალიან სიღრმისეულად უნდა ვიაზრებდეთ ამას, რადგან პოლიტიკაში მონაწილეობა არ ნიშნავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას, არამედ იმას, რაც განათლების მიზნებშია მოცემული.

აქ არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

  • აბა, მაშინ რას ასწავლით, თავის ჩაქინდვრას? უსამართლობის ატანას?“- წერდით თქვენ კოლეგების მისამართით. თქვენთვის რა არის დღეს თავის ჩაქინდვრა? რაში გრძნობთ ამ ყველაფერს?

სკოლა არის პატარა მოდელი იმის, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ხდებოდეს. ის, რასაც ასწავლი სკოლაში, ცხოვრებაში უნდა გამოიყენოს ბავშვმა, არა?!

თუ მე საკუთარი აზრის გამოხატვას დამიშლი, ამიკრძალავ რაღაც საკითხებზე არ ვილაპარაკო ხმამაღლა და ჩავქინდრო თავი, რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა.

თუ ბავშვსაც იმავეს ეტყვი სასკოლო სივრცეში, რომ გაჩუმდეს, მხოლოდ მასწავლებელს დაუჯეროს და თავი ჩაქინდროს, ზუსტად იგივე მიდგომაა, ხომ?! რატომ უნდა გაჩუმდეს, თუკი ბავშვს აქვს თავისი აზრი და შეუძლია ეთიკურად ჩამოაყალიბოს. ამ უნარებს, როგორ უნდა გამოვხატო ჩემი აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე, სკოლაში სწავლობენ.

ბავშვები არიან განვითარების პროცესში და ხშირად გვეკითხებიან, რა არის სწორი და რა – არასწორი. ამიტომ მასწავლებლის თითოეულ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ მაგალითი ვართ მათთვის.

ვფიქრობ, მასწავლებელი აღმწერი უნდა იყოს და არა შემფასებელი. მოვუყვეთ ბავშვებს ამბები, მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია და ისინი შეძლებენ ანალიზს.

  • გქონიათ ამის პრაქტიკა?

მაგალითად, ვაკის პარკში ტრაგედია როცა განვიხილეთ, კლასში ვისაუბრეთ პასუხისმგებლობაზე. დაფაზე ერთადერთი სიტყვა დავწერე – „პასუხისმგებლობა“.

ვთხოვე ბავშვებს გამოეხატათ მათი აზრი, ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რაც მოხდა.

ძალიან გამიხარდა, რომ მათ კარგად იმსჯელეს ყველა ჩართული მხარის პასუხისმგებლობაზე და მივიდნენ იმ აზრამდე, რომ თუკი ყველა ეს მხარე პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საკუთარ საქმეს, ტრაგედია შესაძლოა არ მომხდარიყო.

  • თქვენ თქვით, რომ ახალგაზრდებს უნდა ვაცადოთ საუბარი და ცხადია, მათ აქვთ გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდები, როგორ იცავდნენ თავიანთ მომავალს, გამოხატვის უფლებას და თავისუფლებას ქუჩაში. ციხეში ზის 21 წლის ახალგაზრდა. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? 

გულდასაწყვეტია ძალიან, რადგან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ჩვენს პოლიტიკურ კლასს, ოდესღაც ხომ დადიოდნენ სკოლაში, იღებდნენ განათლებას, მათაც ჰყავდათ მასწავლებლები და რაღაც უნარ-ჩვევებს ხომ იმუშავებდნენ.

სწორედ აქ ვხედავ პრობლემას, რომ ალბათ რაღაც ვერ წამოიღეს სკოლებიდან, რადგან თუ მე სკოლაში ბავშვს ვუვითარებ ტოლერანტობის გრძნობას, ვასწავლი ემპათიას, სიტყვის თავისუფლებას, სხვისი აზრის მოსმენის კულტურას და პატივისცემას, როცა ეს ადამიანები პოლიტიკაში მოდიან და ასე ექცევიან ახალ თაობას, გამოდის, რომ რაღაც ვერ წამოიღეს სკოლიდან, ვერ ისწავლეს და ვერ განვითარდნენ.

ჩვენ ვცდილობთ ვასწავლოთ ბავშვებს, რომ არ იყვნენ მჩაგვრელები და სწორი მიმართულებით გამოიყენონ ეს ცოდნა. გულდასაწყვეტია, როდესაც ეს ჯაჭვი წყდება და რეალურად სხვა ტიპის მოქალაქეს იღებ.

  • რატომ ხდება ეს, როგორ ფიქრობთ?

ბევრი ფაქტორი განაპირობებს ამას, ალბათ ისიც, რომ ჯერ კიდევ არიან სკოლებში ისეთი მასწავლებლები, ვისაც საფრთხის განცდა აქვთ და ეშინიათ საკუთარი აზრის გამოხატვის.

  • რა საფრთხეზე საუბრობთ?

მაგალითად ის, რომ შეიძლება მიიღო საყვედური იმის გამო, რომ კრიტიკული აზრი გამოხატე ხელისუფლების მიმართ. მე პირადად მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ფეისბუქში დავწერე სტატუსი და „კეთილი რჩევა“ მივიღე, „ხომ არ ჯობია, რომ ასე არ გააკეთო?“ ან „არ ღირს ამის თქმა“.

მე მინდა, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც თავისუფლად შევძლებ ჩემი აზრის გამოხატვას, თუნდაც სოციალურ ქსელებში.

  • მასწავლებლების რაღაც ნაწილი ხომ ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევიან. რას ამბობენ იმაზე, როცა საარჩევნოდ სწორედ მათ მოიაზრებენ ხოლმე ადმინისტრაციულ რესურსად?

მახარებს ის ფაქტი, რომ მასწავლებლების ის კატეგორიაც არსებობს, ვისაც თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს, შეუძლია თავისი პოზიციის დაცვა და ღიად გამოხატვაც. თუმცა ისეთი ნაწილიც არსებობს, რომელიც მხოლოდ მითითებებს ასრულებს.

მე თვალებში ნაცარს ხომ ვერ შემომაყრიან, მე მასწავლებლის გარდა მოქალაქეც ვარ და ბუნებრივია, მეც ვაკვირდები პროცესებს.

  • თქვენ თქვით, რომ ახალ თაობას იმიტომ ზრდით, რომ ქვეყნის განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა. როგორ ფიქრობთ, დღეს რამდენად აძლევს ხელისუფლება ახალგაზრდებს ამის შესაძლებლობას, რას გაჩვენებთ გაზრდილი მიგრაცია?

მეც ძალიან ბევრჯერ მქონდა აქედან წასვლის ან დარჩენის მომენტი და ამ ეტაპზე დავრჩი, რადგან მე, როგორც მოქალაქეს, მინდა, რომ აქ შეიცვალოს რაღაც. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა უკეთესი გახდეს და რადგან მასწავლებელი ვარ, ამ სფეროში ვცდილობ, რაღაც მცირედი მაინც გავაკეთო ამისთვის, რადგან მართლა დგას ეს ქვეყანა დაცლის საფრთხის წინაშე.

ჩემი თაობის ნახევარზე მეტი, ვისაც რაღაც ინტელექტუალური რესურსი გააჩნდა, ქვეყნიდან უკვე გასულია.

ვფიქრობ, ზუსტად აქ არის ჩვენი როლი, დავანახოთ ახალგაზრდებს, რა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, გვინდა აქტიურობა, რომ შევცვალოთ გარემო, რომ მოგვინდეს აქ დარჩენა, გვქონდეს პიროვნული განვითარება, თუ ჩვენც დავტოვოთ ქვეყანა?

ალბათ მომავალი წლის არჩევნები გვიჩვენებს როგორ და რას მოვახერხებთ მოქალაქეები. ალბათ მივიღებთ სასურველ შედეგს, თუ ამ ყველაფერს გავიაზრებთ და აქტიურად ჩავერთვებით პროცესებში.

ალბათ რთული იქნება იმის შეცვლა, რაც დღევანდელ კურსად აქვს არჩეული მმართველ სისტემას, მაგრამ მოქალაქეებმა უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი კურსი ცალსახად ევროპულია.

უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს სტარომაიორსკის მიმართულებით – გენშტაბი

დღეს, 25 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ანდრეი კოვალევმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა წარმატებას მიაღწიეს სამხრეთ ფრონტზე სტარომაიორსკის მიმართულებით და, ასევე, უტევენ ბახმუტთან.

„სტარომაიორსკის მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს და ხაზებზე მაგრდებიან. მტერი აგრძელებს ძლიერ წინააღმდეგობას, გადაჰყავს ნაწილები და იყენებს რეზერვებს“ – თქვა მან.

მისივე თქმით, უკრაინული ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით: „თავდაცვის ძალების მიერ შეტევითი და თავდასხმის ოპერაციების ჩატარებისას მტერი იძულებული გახდა, დაეტოვებინა პოზიციები ანდრეევკას რაიონში“.

ამავე დროს, რუსები ჰქონდათ თავდასხმის წარუმატებელი მცდელობა ორეხოვო-ვასილიევკას ჩრდილო-დასავლეთით, ივანოვსკის სამხრეთით და კლეშჩეევკას დასავლეთით.

უკრაინა ყირიმის ხიდზე დარტყმებს გააგრძელებს – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და ყირიმის ხიდზე დარტყმებს, მტრის ლოჯისტიკის ჩამოსაშლელად.

„ყველა ეს სამიზნე ოფიციალურია, რადგან [მათზე დარტყმა] შეამცირებს რუსების უნარს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში და დაეხმარება უკრაინელების სიცოცხლეს…

მოწინააღმდეგის ლოჯისტიკური მარშრუტების შეფერხება ნორმალური ტაქტიკაა, საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების და ა.შ. მიღების შესაძლებლობის შესაჩერებლად, ამიტომ ამ ტაქტიკას მათ წინააღმდეგ გამოვიყენებთ“.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ოკუპანტებს ამ ხიდით იარაღი გადააქვთ. მისი თქმით, ეს სამიზნე უნდა „განეიტრალდეს“.

ამავე თემაზე: 

ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა – ზელენსკი

ბათუმში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივლისის 21 საათიდან 26 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 27 ივლისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 28 ივლისს კი, დღისით დროგამოშვებით ელჭექის
ხასიათის წვიმა.

 

ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ ყალბ ვალუტას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 650 აშშ დოლარის ოდენობის 13-ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 243 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
  • ტანკი – 4 174 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 8 131 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 4 705 ერთეული [+30]
  • MLRS – 698 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 454 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 977 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 307 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 194 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 703 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 457 თვითმფრინავი
  • 244 ვერტმფრენი
  • 5 258 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 889 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 604 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 888 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ერთ კვირაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 16 კვ. კმ გაათავისუფლეს – ანა მალიარი

 

3,5 მილიონი სჭირდება ნატანის ამოღებას, რომელიც ბათუმის კონცხთან პლაჟს საფრთხეს უქმნის

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ზღვაში თავმოყრილი 43 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია ამოსაღები და გასატანი. ამ სამუშაოებისთვის კი 3,5 მილიონი ლარია საჭირო.

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს.

ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში მყისიერად დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.

ბათუმის კონცხთან [ანბანის კოშკისა და იახტკლუბის მიმდებარე პლაჟთან] წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი ნატანის არსებობა დადასტურებულია კვლევით, რომელიც კერძო კომპანია „ქოსთ დიზაინმა“ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს დაკვეთით 2023 წელს ჩაატარა.

ამავე კომპანიამ მოამზადა შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც ჭარბი ინერტული მასალა უნდა ამოიღონ და ბათუმის სანაპიროს ავარიულ უბნებზე განათავსონ.

„საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, ბათუმის კონცხის მიმდებარე წყალქვეშა ფერდიდან ამოღებას ექვემდებარება 43 000 კუბური მეტრი ინერტული მასალა. ხარჯთაღრიცხვის მთლიანი ღირებულება შეადგენს 3 547 435 ლარს“, – მოგვწერეს აჭარის გარემოს სამმართველოდან.

„ბათუმელებმა“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან „ქოსთ-დიზაინის“ მიერ მომზადებული სრული დოკუმენტაცია გამოითხოვა, თუმცა ის არ მოგვაწოდეს.

სამინისტრომ ჩვენი წერილი მის დაქვემდებარებაში მყოფ გარემოს სამმართველოს გადაუგზავნა, სამმართველოდან კი მოგვწერეს, რომ „დღეის მდგომარეობით აღნიშნული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გადის შესაბამის სანებართვო პროცედურებს.“

„ბათუმელებს“ ვერ უთხრეს ასევე, კონკრეტულად როდის დაიწყება ბათუმის კონცხიდან ჭარბი ნატანის ამოღება და გატანა.

„ქოსთ დიზაინთან“ აჭარის გარემოს სამმართველომ ხელშეკრულება 2023 წლის 24 მარტს გააფორმა 41 700 ლარზე. პირველი ეტაპი იყო კვლევა ჭარბი ნატანის დასადგენად, ხოლო მეორე ეტაპი – ჭარბი ნატანის ამოღებისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის 41 700 ლარი სრულადაა გადარიცხული.

ბათუმის სანაპიროს რამდენიმე ავარიულ უბანზე 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდში, ოფიციალური მონაცემებით, 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, რისთვისაც კომპანია „ბონდი-2009“-სთან ხელშეკრულება 5 568 487 ლარზე იყო გაფორმებული.

ზღვის ხელოვნური კვების პროექტიც „ქოსთ დიზაინის“ მიერ იყო მომზადებული. დოკუმენტებში აღნიშნული იყო ასევე, რომ „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

დაწყებულია, თუ არა „ბათუმის სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე“ მუშაობა, ამ დრომდე უცნობია, თუმცა, ბათუმის მერიამ დანგრეული სანაპირო ზოლის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის ფოლადის ხიმინჯებით [შპუნტებით] გამაგრება „ახალი სტრატეგიის“ გარეშე გადაწყვიტა.

სანაპიროს ამ მონაკვეთის გასამაგრებლად კი, ქალაქის ბიუჯეტიდან 15 658 999 ლარი დაიხარჯება. ამ თანხაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხელშეკრულება შპს „გზასთან“ 2023 წლის 20 ივლისს გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები ამავე წლის 21 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.

მთავარი ფოტო: პლაჟი ბათუმის კონცხთან /12.07.2023/ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

 

ამავე თემაზე:

ბათუმის კონცხზე 40 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია თავმოყრილი – ახალი კვლევა

ერთ კვირაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 16 კვ. კმ გაათავისუფლეს – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, სამხრეთ ფრონტზე და ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ.

მალიარმა დღეს, 24 ივლისს, განაცხადა, რომ გასულ კვირას (17-დან 23 ივლისამდე) უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთ ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და ბახმუტის მიმართულებით კიდევ 4 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

მისი თქმით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს რამდენიმე სექტორში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. საერთო ჯამში, შეტევის დროს სამხრეთ ფრონტზე უკვე გათავისუფლებულია 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია.

ბახმუტის მიმართულებით კი საკვანძო ბრძოლები გრძელდება კლეშჩიევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიდამოებში. შეტევის დროს უკრაინის არმიამ იქ დაახლოებით 35 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია უკვე გაათავისუფლა.

24 ივლისს, დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი დამპყრობლები ცდილობდნენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები სამხრეთში, ხოლო აღმოსავლეთში 35 შეტაკება მოხდა ხუთი მიმართულებით.

დრონებით თავდასხმის შემდეგ ბათუმელი მეზღვაურები რუმინეთში მიდიან

ქართველი მეზღვაურებმა, რომლებიც უკრაინაში, რენის პორტში ბერძნულ გემზე იყვნენ პორტის დრონებით დაბომბვის დროს, გემი უკვე დატოვეს და რუმინეთში მიდიან.

„უკრაინაში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა, როგორც ქართველ მეზღვაურებთან, ასევე გემის ხელმძღვანელობასთან. მეზღვაურები გამოემგზავრნენ უსაფრთხო ადგილას,“ – მოგვწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან, სადაც დღეს, 24 ივლისს, ქართველი მეზღვაურების შესახებ ვიკითხეთ.

„ჩვენით მოვდივართ“ – მოგვწერა ერთ-ერთმა ბათუმელმა მეზღვაურმა, რომელსაც საკონსულოდან დაურეკეს და უთხრეს, რომ გემი დღესვე უნდა დატოვონ.

ამ თემაზე:

ბათუმელი მეზღვაური: გამთენიას დაგვბომბეს რუსებმა დრონებით, ვითხოვთ შველას – ვიდეო

ბათუმელი მეზღვაური: გამთენიას დაგვბომბეს რუსებმა დრონებით, ვითხოვთ შველას – ვიდეო

„გამთენიას სიკვდილს ჩავხედე თვალებში, 7 ჭურვი ჩემგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა,“ – ამბობს ბათუმელი მეზღვაური. ის დროულად შველას და სამშვიდობოს გაყვანას ითხოვს.

ბათუმელი მეზღვაურები ოდესის პორტში დაბომბვაში მოჰყვნენ - ისინი დახმარებას ითხოვენ

მეზღვაურის თქმით, ბერძნული კომპანიის გემი, რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავს, უკვე სამი დღეა ოდესის ოლქში მდებარე რენის პორტშია გაჩერებული. გამთენიისას პორტს რუსები უპილოტო დრონებით თავს დაესხნენ. დრონებით შეტევის შედეგად, მეზღვაურების ინფორმაციით, რენის პორტში არავინ დაშავებულა.

რენის პორტი, უკრაინა.

ჭურვის ანასხლეტი, რაც მეზღვაურმა გემბანზე გადაიღო.

„…ძირითადად განადგურდა პორტის რამდენიმე საწყობი, გემზე ჭურვი არ ჩამოვარდნილა, თუმცა ვნახეთ ანასხლეტები,“ – გვიყვება ერთ-ერთი ბათუმელი მეზღვაური. მასთან ერთად გემზე კიდევ 5 ქართველი და 11 უკრაინელი მეზღვაურია.

„მაშინვე ყველა გავაღვიძე, როგორც კი, პირველი ჭურვის ჩამოვარდნის ხმა გავიგე. ვიდეოც გადავიღე და აი, გემბანზე პატარა კიბე რომ ჩანს, იქ ჩავწექი, სხვებიც ჩაწვნენ გემბანზე. სულ 7 აფეთქების ხმა გავიგე ჩემგან ძალიან ახლოს,“ – ამბობს მეზღვაური.

ბათუმელი მეზღვაური ამბობს, რომ არ იცის, დახმარებისთვის ვის მიმართოს. გემზე ოდესიდან ელიან წარმომადგენელს, მეზღვაურებს ავტობუსებით სამშვიდობოს გაყვანას დაჰპირდნენ.

ბათუმელი პირველად ასულა გემზე, როგორც მეზღვაური. ის მატროსია.

„სტამბოლში ავედი გემზე, ვიცოდი, რომ ბერძნების გემია, სადაც ძირითადად უკრაინელები არიან. ჩვენ ტვირთი უნდა ჩაგვეტანა პორტუგალიაში.

რენი რუმინეთის საზღვართანაა, ჩვენ უკრაინის მხარეს ვდგავართ. გემის ჩატვირთვა შეწყდა და პორტიც დაცარიელდა, აქ აღარავინ რჩება. არ ვიცი, ვინ უნდა დაგვეხმაროს, ვითხოვთ ყურადღებას,“ – გვითხრა მეზღვაურმა.

რენის პორტი, უკრაინა

ყირიმში აფეთქდა რუსეთის იარაღის საცავი დრონის მოხვედრის შედეგად

უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მთავრობის უფროსმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ჩამოაგდეს უკრაინის 11 უპილოტო საფრენი აპარატი. თუმცა საბრძოლო დრონი ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავს დაესხა თავს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის შეჩერებულია მოძრაობა რკინიგზაზე ჯანკოის რაიონში და ჯანკოი-სიმფეროპოლის გზატკეცილზე.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია აფეთქებიდან 5 კილომეტრის რადიუსში.

უკრაინის ხელისუფლება ტრადიციულად არ აკეთებს კომენტარს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რუსეთში მომხდარ აფეთქებებზე.

ბავშვობაში დაწყებული სექსსამუშაო – სოფლისგან უარყოფილი 2 ქვიარის ისტორია

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლად და დაბებში მცხოვრები მოსახლეობა, როგორც წესი, კულტურულად უფრო კონსერვატიულია, რის გამოც შესაძლოა უფრო ნაკლები მიმღებლობა ჰქონდეთ მათ გვარსა და სანათესავოში ღიად გეი/ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. 

ჩვენი რესპონდენტები, სულიკო და ანასტასია, იმ მძიმე ისტორიებს გვიზიარებენ, რაც მათი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო  გამოიარეს და რის გამოც იძულებულნი გახდნენ ბავშვობაშივე გაქცეულიყვნენ სოფლიდან. ორივე მათგანი ბავშვობაშივე ჩაერთო სექსსამუშაოში, თუმცა წლების შემდეგ მაინც მოახერხეს ლეგალური და უსაფრთხო სამსახურები ეშოვათ. დღეს ორივე მათგანი უსახლკაროა და სამსახურს ეძებს.

  • რატომ გადავწყვიტე სოფლიდან წამოსვლა

26 წლის სულიკო იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლიდანაა. ის ჰყვება, რომ ფემინურობის გამო ოჯახის წევრები მასზე სისტემატურად ძალადობდნენ. სულიკო 17 წლის ხდებოდა, როცა თბილისში გაიქცა, სადაც ქუჩაში სრულიად მარტო დარჩენილი, ტრანსგენდერმა გოგომ შეიფარა, რომელიც სექსსამუშაოში იყო ჩართული. 

„ასეთ რეგიონებში ქვიარ მოზარდებს არანაირ ინფორმაციაზე არ აქვთ წვდომა. თუ რამეში თავისით გამოერკვევა, კი იცით, რა სიტყვითაც მოიხსენიებენ – „პიდარასტი“. 

თავიდანვე გოგოებთან უფრო მეტ საერთოს ვპოულობდი, დედაჩემი ამას ხედავდა და მცემდა – რატომ არ თამაშობ ბიჭებთან, რატომ მოგწონს ფერადი ტანსაცმელი… მაშინ მე თვითონაც არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემ თავს, არავინ მყავდა, ვინც მეტყოდა, რომ არსებობს სხვადასხვანაირი გენდერული იდენტობა, თვითგამორკვევაში დამეხმარებოდა, არც ინტერნეტი იყო, არაფერი, მხოლოდ გაჭირვება …უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობდით, სკოლაშიც ვერ დავდიოდი ბოლო წლები ნორმალურად. არც ჩასაცმელი გვქონდა, არც საჭმელი. მჭადი და რძე რომ იყო, ბედნიერები ვიყავით. სკოლაში სულ მშიერი დავდიოდი – იხსენებს სულიკო.

ჩემი პირველი სექსუალური კავშირი ძალადობით მოხდა, ის კაცი დაახლოებით 50 წლის იყო, მე 16-ის. ის ხვდებოდა ჩემზე ყველაფერს და… ჩემი ტოლა შვილები ჰყავდა. ეს კაცი ახლაც ცხოვრობს იქ. და იქ, [იმ გარემოცვაში] ბევრი ბავშვია ისევ.

მე მინდოდა ჩემნაირი ადამიანები, მეგობრები მეპოვა, თორემ პარტნიორზე ზედმეტი იყო საუბარი, მაგრამ შეზღუდული ვიყავი ყველგან წასვლაში, მაშინ ვცადე დედაჩემთან დალაპარაკება ჩემს ორიენტაციაზე, მაგრამ… არ მინდა მე მასეთი შვილიო. 

ერთხელ დედაჩემის კაბა ჩავიცვი, დიდი, შრიალა კაბა იყო… მეგონა, სახლში არავინ იყო, უცებ შემოვიდა დედაჩემი, ვერაფერი მოვიფიქრე… ისე მცემა, ისე მცემა… კაბაც შემომახია, მაგ დღეს წამოვედი სახლიდან… მითხრა დედაჩემმა, მირჩევნია მკვდარი, სასაფლაოზე მეწვე, ვიდრე ქალის ფორმით იარო ან გეი იყო და ოჯახის სახელი შეარცხვინოო“.

27 წლის ტრანსგენდერი ქალი ანასტასიაც იმერეთიდანაა, სახლში გატარებული ბავშვობის წლები ძალიან მძიმედ ახსენდება. 8 წლის ასაკში მასზე მამის მეგობარმა სექსუალურად იძალადა. მამა წლების განმავლობაში, ყოველ დღე სცემდა, ბავშვის მხარდამჭერი კი არც სამეზობლოში აღმოჩნდა ვინმე და არც სანათესავოში: „მშობლებიც ჩხუბობდნენ, მამაჩემი დედასაც სცემდა… მტრისას, ისეთი ჩხუბები იყო სახლში, ჩემ თვალწინ გაუტეხა ერთხელ ცხვირი. მამა ცოცხალია… გამამწარა, მთელი ცხოვრება დამინგრია, მთელი ცხოვრება…

ყველა მეზობელი მლანძღავდა, მთელი სოფელი – პიდარასტია, ქათამია, ქურდია… ის იყო ბოლოს გადამეკეტა, ჭკუიდან შევიშალე, აღარ სრულდებოდა, მამაჩემთან მიდიოდა ყველა, მამაჩემი კი ყოველ დღე მე მცემდა, თან მთვრალი“ – ჰყვება ის.

12 წლის ასაკში მან სოფელი დატოვა და თბილისში გაიქცა. ანასტასია ამბობს, რომ სექსსამუშაოში სწორედ ამ ასაკიდან ჩაერთო.

„ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა, მიზეზი – ჩემი ორიენტაცია იყო, კაბებს ვიცვამდი, ვითომ ორსულად ვიყავი… მამას მეზობლები აქეზებდნენ, მერე სახლში მოდიოდა მთვრალი და მცემდა. ყოველდღე, ზედიზედ, ერთი და ორი თვე კი არა, ხუთი წელი გრძელდებოდა ეს სიტუაცია, ავდექი და წამოვედი სახლიდან. 12 წლის ვიყავი. თბილისში წამოვედი მარტო. ცირკთან მოვხვდი…“

ანასტასია ჰყვება, რომ თავიდან ერთი წელი ქუჩაში რჩებოდა, შემდეგ ფული მოაგროვა და ბინა იქირავა სექსმუშაკ ქალებთან ერთად. მისი მშობლები არ გამოჩენილან: „რას ვშვრებოდი? ვბოზობდი… ქუჩაში ვრჩებოდი. კლიენტები 40- 50-60 წლის კაცები იყვნენ. ფულს მე მიხდიდნენ. 13 წლის რომ ვიყავი, დამეხმარნენ ბინის ქირაობაში. სექსმუშაკებთან ვცხოვრობდი. 10 წელი ვიყავი სექსსამუშაოში“.

  • „რამდენჯერ ჩაგვიხედავს სიკვდილისთვის თვალებში“

თბილისში ჩასვლიდან მალევე სულიკომ ქალის ტანსაცმელი ჩაიცვა და სექსსამუშაოში ჩაერთო. „იყო პერიოდი, როცა ჩემს ნამუშევარ ფულს სხვა იღებდა და მე პროცენტს მიხდიდა, მაგრამ იმ პერიოდში არანაირი შემოსავლის წყარო არ არსებობდა ჩემთვის, ვერც ქირას გადავიხდიდი, ვიქნებოდი ქუჩაში მშიერი… რამდენჯერ ცირკის ტყეში გვძინებია, სანამ ბინას ვიშოვიდით და რამდენჯერ ჩაგვიხედავს სიკვდილისთვის თვალებში…“ 

სულიკო თმას ზევით იწევს და თავზე ნაწიბურებს მაჩვენებს: – „17 ნაკერი დამადეს. 18 წლის ვიყავი, კოჯორში წაგვიყვანა ორმა ბიჭმა მე და ანასტასია, მაშინ 50 ლარი დიდი ფული იყო… მოულოდნელად ერთ-ერთის ძმა ამოვიდა თავის ძმაკაცთან ერთად, მეძავი გოგოები ამოიყვანეს. როგორც კი დაგვინახა ქალის ფორმაში, ამათი დედას #####, პიდარასტები ჰყოლია აქაო და თავში ჩამარტყეს ბუხრის შეშის გამოსაღები მაშა რომაა – ის, მომენტალურად გავითიშე… თავის ძმასაც სცემდა, ჩვენი მოკვლა ჰქონდათ განზრახული.

ერთ-ერთმა ქალმა გარედან სცადა ფანჯრის გაღება, ანასტასიამ ეს ფანჯარა ჩაამტვრია და იქიდან გადამასვენეს, თვალებს ვერ ვახელდი, სულ სისხლი მდიოდა. ძლივს ჩამიყვანეს კოჯრის საავადმყოფომდე, იქ ორი კვირა ვიწექი. არავინ დაუკავებიათ, არც პოლიცია გამოგვიძახებია. რატომ? გვეშინოდა, ყველაფერს ვფიქრობდით, გამოვლენ ციხიდან და მოგვკლავენ… იმ ბიჭის ისტორია არ ვიცით, აღარაფერი მოგვიკითხია“.

ანასტასია: ლისის ტბაზე მკლავდნენ. მე და ერთი ტრანსი გოგო აგვიყვანა ცირკიდან ორმა ბიჭმა, როგორც კლიენტებმა. ნარკომანები იყვნენ. უზარმაზარი დანა გადამისვა წელზე [მაისურს იწევს და ნაწიბურს მაჩვენებს], მერე იარაღი ამოიღო, ესროლა ლელას. მდელოზე დავგორდით, ფაქტობრივად, მკვდრები გვნახეს. ის გოგო იწვა მერე საავადმყოფოში. პოლიციამ დაიჭირა ისინი“ – ანასტასია ფეხზე მეორე ნაწიბურს მაჩვენებს – „ეს მამაჩემმა დამისვა დანა… მასთან კომუნიკაცია არ მაქვს“. 

  • სამუშაო საშუალო განათლების გარეშე

სულიკო ამბობს, რომ ამ წლებში რაიმე პროფესიის სწავლა ვერ მოახერხა, თუმცა სამსახურებში მიღებული გამოცდილებით გარკვეული უნარები შეიძინა. ის და თავისი მეგობარი ახლა სამსახურს ეძებენ, დასარჩენი არ აქვთ, ამიტომ ქობულეთის შემოგარენში, ერთ-ერთ შენობას აფარებენ თავს: „სტაბილური შემოსავალი ახლაც არ მაქვს, ძალიან ბევრ სამსახურში მიმუშავია, სადღაც ექვსი წელი სარესტორნო და მომსახურების სფეროში ვმუშაობდი, დამლაგებლად, მიმტანად… იმედია, მალე ვნახავთ სამსახურს.

მე და ჩემი მეგობარი ტრანსი გოგო ვცხოვრობდით ნაქირავებში, სამსახური რომ დავკარგეთ, ბინის მეპატრონემ გამოგვყარა, დავრჩით გარეთ და ახლა ერთ შენობას ვაფარებთ თავს.

მძიმე ფიზიკური სამუშაო ცოტათი მიჭირს, ასთმა მაქვს, გული მაწუხებს… სოციალური როგორც კი მოგვიხსნეს (ერთი წელიც არ იქნება), პაკეტი შემიჩერეს, ექიმთანაც ვეღარ მივდივარ“, – ამბობს სულიკო.

ანასტასია, რომელმაც სკოლა მე-6 კლასში მიატოვა, ამბობს, რომ სწავლაზე ახლაც ფიქრობს, ცოტა ხნის წინ მზარეულის კურსებზე უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ამბობს, რომ ოჯახის მხარდაჭერის გარეშე განათლების მიღება ძნელია.

სულიკო: „ტრანსის ფორმაში არ ვიყავი დიდ ხანს, უფრო ქროსდრესერი ვარ. ტრანსგენდერი ქალი იყო ჩემთვის იმ პერიოდში ფინანსური შემოსავალი, გინდოდა არ გინდოდა, უნდა ყოფილიყავი, მაგ პერიოდში სხვა საშუალება არ იყო. მერე ერთი კაცი დამეხმარა ნორმალური სამსახურის პოვნაში, გამომკითხა ყველაფერი, ბოლო ხმაზე ტიროდა ჩემი ისტორია რომ მოისმინა, შემაწყვეტინა ეს ყველაფერი. მალე ეს ტრანსი მარიამი [ჩემს ცნობიერებაში] გადავიდა სხვა, უკანა პლანზე, მაგრამ მარიამის ისტორია იქ დარჩა, არ გამქრალა, მარიამის ისტორიამ მე გამაძლიერა, გადამარჩინა და ისევ ძველი სულიკოს  ცხოვრება დამიბრუნა.

  • დღეს

„აქამდე არ მოვუკითხივართ არავის და ამდენი წლის მერე დედაჩემი მხოლოდ იმის საკითხავად გამოჩნდა, შეიცვალა თუ არა რამე ჩემში; ვუთხარი, რომ არაფერი შეცვლილა და მე ის ვარ – ვინც ვარ“, – ამბობს სულიკო. 

ანასტასია ამბობს, რომ სახლიდან წამოსვლის შემდეგ, სანათესავოსთან რამდენიმე წლის წინ გადაიკვეთა, რა დროსაც ნათესავმა, რომელმაც ანასტასიას გენდერული იდენტობისა და სექსსამუშაოს შესახებ გაიგო, მას სასტიკად სცემა, „იქამდე 10 წელი არ ვიყავით შენახვედრი… ისე მცემა, ნახევარი სახე და ყური სულ გალურჯებული მქონდა“.

სულიკო: იცი, რა მინდა ვთქვა, რეალურია ყველაფერი [სექსუალური ძალადობა], რასაც ჰყვებიან [თემის წევრები]. რეგიონებში ძალიან ბნელა, დღემდე ძალიან ბევრი ლგბტი ადამიანი ითმენს ამ ყველაფერს, იმის შიშით, რომ ოჯახმა არაფერი გაიგოს. რამდენთან მეზობელი ამყარებს სექსუალურ კავშირს ამ სიჩუმის სანაცვლოდ, მათი ნების საწინააღმდეგოდ… ეს დღემდე ხდება ბევრ რეგიონში, მე ეს ვიცი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ჰომოფობია ზოგიერთ საზოგადოებრივ ჯგუფებში გარკვეულწილად  შემცირდა, ჰომოფობიური განწყობები მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ მაღალი რჩება. ბოლო პერიოდში მთავრობის მიერ ნაწარმოები აგრესიული ანტი ლგბტ პროპაგანდის და რადიკალური ჯგუფების გააქტიურების პირობებში, ლგბტქი+ ადამიანების ყოველდღიურობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფრო დამძიმდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 242 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660]
  • ტანკი – 4 162 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 8 118 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 4 675 ერთეული [+17]
  • MLRS – 697 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 452 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 963 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 307 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 182 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 698 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 457 თვითმფრინავი
  • 243 ვერტმფრენი
  • 5 236 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 868 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 585 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 860 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ბათუმელი მეზღვაური: გამთენიას დაგვბომბეს რუსებმა დრონებით, ვითხოვთ შველას – ვიდეო[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ლუკაშენკომ „ვაგნერელები“ პუტინთან დააბეზღა – ისინი პოლონეთზე იწევენ

„ერთ ოთახს ვითხოვ, ჩემი სიცოცხლის ვადით“ – შშმ მოქალაქის ბრძოლა ბინისთვის

ბათუმში მცხოვრები შშმ მოქალაქე ომარ როდონაია ისევ საცხოვრებელს ეძებს. მას ისევ უთხრეს, რომ სხვისი საკუთრება უნდა დატოვოს. ბოლო წლებში სოფელ ქვედა განახლებაში, კერძო სახლში,  ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა.  ახლა, ახალი საცხოვრებლის პოვნამდე ცოტა დრო აქვს და არ იცის სად წავიდეს: „სხვაგან უნდა გადახვიდეო მითხრა დიასახლისმა“.

ომარ როდონაია გვიყვება, რომ ახლა მისი შემოსავალი პენსია, 175 ლარი და სახელმწიფოს მიერ შშმ პირისთვის დანიშნული დახმარება – 60 ლარია. ჯამში 235 ლარი.

ამჯერად საცხოვრებლის მოთხოვნით მან ბათუმის საკრებულოს მიმართა. ომარ როდონაია პარასკევს, 21 ივლისს საკრებულოს შენობაში  იმ დროს მივიდა, როცა სხდომაზე განსახილველი საკითხები ამოწურეს და ბიუჯეტში ცვლილების  მოთხოვნის განხილვაზე გადავიდნენ.

ომარ როდონაია შენობის ფოიეში იცდიდა იმ იმედით, რომ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მას დამაიმედებელ პასუხს გასცემდა. დაცვამ ის სხდომათა დარბაზში არ შეუშვა – „საშვი აიღე და შეგიშვებთო“.

ლოდინით რომ დაიღალა, ომარ როდონაიამ პოლიცია გამოიძახა. პოლიციელმა მას ჰკითხა, რაში სჭირდებოდა პოლიციის დახმარება. მას აუხსნეს, რომ ერთადერთი რაც შეეძლოთ, მისი თავშესაფარში გადაყვანა იყო.

– „თავშესაფარში არ მინდა, ვყოფილვარ იქ. თქვენი კომპეტენცია მარტო დაჭერა ხომ არ არის, არა?!“

– „თავშესაფარში თუ არ გინდათ, დაგემშვიდობებით“ – უთხრეს მას და რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ პოლიციამ შენობა დატოვა.

საკრებულოს შენობა

ომარ როდონაიას მოთხოვნის შესახებ სხდომაზე საკრებულოს წევრმა, აკაკი გვიანიძემ გააკეთა განცხადება, მას შემდეგ, რაც სხდომაზე ერთ-ერთი სამშენებლო პროექტის გენგეგმა დაამტკიცეს. ეს გენგეგმა მომავალში მერიისთვის ბინების გადაცემასაც ითვალისწინებს.

ბათუმის მერია კონკრეტული სამშენებლო პროექტების კოეფიციენტის შეთანხმებისას საკომპენსაციოდ სწორედ სოციალურ ფონდში ჩასარიცხ ფართობებს ითხოვს.

„რადგან ვამბობთ, რომ ბინები რჩება მერიას და ეს ძალიან დიდი სიკეთეა, ქვემოთ იცდის მოქალაქე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში მერიის შენობაში დადის თითქმის ყოველ კვირა, შშმ პირი ომარ როდონაია, რომელსაც ალბათ ბევრი თქვენგანი იცნობს. ფიზიკურად ვერ მოხერხდა მისთვის ერთი პატარა ბინის გამოძებნა, რომელსაც საკუთრებაშიც არ ითხოვს, უნდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე იცხოვროს ნორმალურ, ღირსეულ  პირობებში…“

კოლეგას საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, არა მგონია, როდონაიას ჩემზე უკეთ ვინმე იცნობდესო:

„და თუ ვინმეს დახმარების ხელი გაუწოდებია, არ მინდა ახლა საუბარი… ჩვენ სარეზერვო ფონდიდანაც დავეხმარეთ. რაც შეეხება საბინაო პროგრამას, რაც მერიას აქვს, უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის მოთხოვნებს. ვიცი ეს პიროვნება და თუ რამე იქნება და რაიმე დახმარება შეუძლია საკრებულოს, ჩვენ ყველანი მზად ვართ“ – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ უსახლკაროთა რეგისტრაციის პროგრამაც გაიხსენა და თქვა, რომ პროგრამა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ მერიას სრული ინფორმაცია ჰქონდეს, შემდეგ კი მოქმედების გეგმას შეიმუშავებენ.

ომარი ამბობს, რომ სხვის სახლში ცხოვრება აღარ უნდა. ამბობს, რომ ითხოვს ყველაზე მცირეს, ერთ ოთახს არა საკუთრებაში, არამედ სიცოცხლის ვადით, სხვის სახლში რომ აღარ იცხოვროს.

„რამდენ ხანს შეიძლება ასე ცხოვრება გაგრძელდეს?- არაფერი არ იცვლება“ – გვითხრა მან.

ომარ როდონაიას შესახებ სტატია „ბათუმელებმა“ 2015 წელს გამოაქვეყნა. სტატიას, რომელშიც აღწერილი იყო ომარ როდონაიას მძიმე საცხოვრებელი პირობები, მოქალაქეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ მაშინ  დაუქირავეს მას ბინა  დახმარების მსურველებმა. დღემდე სწორედ ეს ადამიანები იხდიან ომარ როდონაიას ბინის ქირას.

ამავე თემაზე: 

”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ”

 

ლუკაშენკომ „ვაგნერელები“ პუტინთან დააბეზღა – ისინი პოლონეთზე იწევენ

დღეს, 23 ივნისს, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ლუკაშენკომ პუტინის მოახსენა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან, „დაძაბულები“ არიან.

ბელარუსის ლიდერი პუტინთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ დაქირავებულები თითქოსდა პოლონეთში „ექსკურსიას“ ითხოვენ.

„შეიძლება თქმადაც არ ღირს, მაგრამ „ვაგნერელების“ გამო ჩვენც დაძაბულები ვართ. ისინი ითხოვენ წასვლას დასავლეთში – „მოგვეცით უფლება“. მე ვეუბნები: „რაში გჭირდებათ დასავლეთში წასვლა?“ აბა ასე ჩუმად… ჩვენ ხომ ვაკონტროლებთ, რაც ხდება. ნუ, ექსკურსიაზე წავალთ ვარშავაში და ჟეშოვში“.

აი, ჟეშოვი მათთვის… ისინი ხომ ბახმუტთან იბრძოდნენ და იციან, საიდანაც მოდიოდა სამხედრო ტექნიკა. ეს მათში ზის: ჟეშოვი – ეს უბედურებაა. რა თქმა უნდა, შეთანხმებისამებრ, მე მათ ბელორუსის ცენტრში ვაკავებ. არ ვისურვებდი იქ [პოლონეთში] მათ დისლოცირებას, რადგან ისინი ცუდ ხასიათზე არიან. მათ იციან, რა ხდება მოკავშირე სახელმწიფოს გარშემო,“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, „ვაგნერელებს“ პოლონეთზე „კბილი აქვთ დასობილი“, რადგან ის უკრაინას იარაღით ეხმარება.

მედია ასევე წერს, რომ ლუკაშენკომ პუტინს აჩვენა რუკა, რომელზეც თითქოსდა ასახულია „პოლონეთის ჯარის გადაადგილება მოკავშირე სახელმწიფოს საზღვრებთან – ბრესტსა და გროდნოს შორიახლოს“.

მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ ორ დღეს გრძელდებოდა.

___

ივნისის ბოლოს, „ვაგნერი“ და მისი მეთაური ევგენი პრიგოჟინი რუსეთის მმართველ ელიტას აუჯანყდა. ეს ერთდღიანი აჯანყება „მოლაპარაკებით“ დასრულდა – მაშინ ალექსანდრე ლუკაშენკომ დაქირავებულ მებრძოლებს ბელარუსის ტერიტორიაზე დისლოცირების უფლება მისცა.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ვაგნერის“ წევრები ბელარუსის სამხედროებს „გამოცდილებას გაუზიარებენ“.

ანალიტიკური ცენტრის – „უკრაინული პრიზმის“ დირექტორი, იაროსლავ ჩერნოგორი თვლის, რომ შესაძლებელია დაქირავებულებს გარკვეულ მომენტში სამოქალაქო ტანსაცმელი გადააცვან და დააყენონ მიგრანტების უკან, რომლებიც ევროპაში ბელარუსიდან შეიჭრებიან.

სარაგბო კლუბ „ბათუმს“ მერიამ დაფინანსება გაუზარდა

სარაგბო კლუბ „ბათუმს“ მერიამ 635 000 ლარი დაუმატა. ბიუჯეტში ცვლილების მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ 21 ივლისს დაამტკიცა, კლუბს ძირითადი გუნდის შრომის ანაზღაურების ფონდში 375 000 ლარი დაუმატეს.

გარდა ამისა, 70 000 ლარით დაფინანსდა გუნდის ეკიპირება, 60 000 ლარი – სამივლინებო ხარჯებისთვის, ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების შიდა სატურნირო და სპორტული ღონისძიებების ხარჯის ნაწილში კი კიდევ 130 000 ლარი გაითვალისწინეს.

სარაგბო კლუბ „ბათუმის“ ხელმძღვანელის, გელა ქობულაძის ინფორმაციით, კლუბები მუდმივად ცდილობენ მორაგბეებთან მოლაპარაკებას, სთავაზობენ მაღალ ანაზღაურებას იმისთვის, რომ გამოცდილი მორაგბეები თავიანთ კლუბში გადაიყვანონ. ამიტომაც კლუბს ახალი სეზონისთვის სახელფასო ფონდის გზარდა დასჭირდა:

„მოგეხსენებათ, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ბოლო წლებში დგას მოწინავე სიმაღლეზე. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლუბმა ითამაშა საქართველოს ჩემპიონატის „დიდი 10-ის“ ფინალში სადაც ორჯერ დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს, ხოლო ორჯერ – ვიცე-ჩემპიონის. გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონობიდან გამომდინარე კლუბი გეგმავს მომავალ სეზონშიც წარმატებით იასპარეზოს.

ბათუმელების და ერთგული გულშემატკივრების გასახარებლად თასის უკან დაბრუნებას ვგეგმავთ. ამისთვის თანხების დამატებით მობილიზება გახდა საჭირო.“

სარაგბო კლუბ ბათუმში ირიცხება 450 მოზარდი ბავშვი, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატებში და ფესტივალებში.

გელა ქობულაძის თქმით, „ისინი წარმატებით ასპარეზობენ, ამიტომაც თანხის გაზრდა ბავშვთა მივლინების მუხლშიც დასჭირდათ.“

სარაგბო კლუბები სექტემბრიდან მაისის თვის ჩათვლით ასპარეზობენ. გუნდმა მიმდინარე სეზონი 2022-2023 წელს დაასრულა.

ამ დროისთვის სარაგბო კლუბ „ბათუმში“ 160 პირია დასაქმებული, მათ შორის 34 მორაგბეა.

გელა ქობულაძის ინფორმაციით, მორაგბეების ხელფასი, მათი გამოცდილების მიხედვით, 1000 ლარიდან 5500 ლარამდე მერყეობს. კლუბი ბიუჯეტი სრულად მილიონამდე ლარია.

ძუძუთი კვების მხარდაჭერა – როგორ შეიქმნა „მომი“, მაღაზია ახალბედა დედებისთვის

2021 წელს, პანდემიაში, სამმა ქართველმა ქალმა: ქეთი თელიამ, ნინო ხაცაკვაძემ და ქეთა ლაბაძემ გადაწყვიტეს შეექმნათ ონლაინმაღაზია, სადაც მხოლოდ ორსულობასა და ლაქტაციასთან დაკავშირებულ ნივთებს გაყიდდნენ და პარალელურად ორსულ და მეძუძურ დედებს გაუზიარებდნენ გამოცდილებას.

ქეთი თელია და ნინო ხაცაკვაძე

„მომი“  – ასე ეწოდება მაღაზიას, რომელიც უკვე მეორე წელია მუშაობს და აქ იპოვით ყველა იმ ნივთს, რაც  აუცილებელია დედისა და ბავშვის თანაცხოვრების პირველი 24 თვის განმავლობაში, იქნება ეს საწველი აპარატები, საფენები ლაქტაციის დროს დედებისთვის, ტკივილგამაყუჩებელი კრემები თუ ბავშვებისთვის უსაფრთხო საძილე ტომრები.

ონლაინმაღაზიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათთვის „მომი“, ბიზნესის გარდა არის მეძუძური დედების მორალური და სოციალური მხარდაჭერის საშუალებაც.

„მომის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ქეთა ლაბაძე გვიყვება, რომ ყველაფერი დაიწყო ფეისბუქჯგუფით – „ლაქტაცია და განვითარება“, რომელიც აშშ-ში მცხოვრებმა ქეთი თელიამ დააარსა. ჯგუფი, რომელშიც თავიდან 14 წევრი იყო, ახლა აერთიანებს 40 ათასამდე ქალს, რომლებსაც ლაქტაციაზე სურთ ინფორმაციის მიღება და გაცვლა. სწორედ ამ ჯგუფის მოდერატორები იყვნენ ქეთა ლაბაძე და ნინო ხაცაკვაძე.

ქეთა ლაბაძე

„პანდემიისას ნინოს იდეა იყო, გაგვეკეთებინა ონლაინმაღაზია ლაქტაციით დაინტერესებული დედებისთვის, რადგან ვხედავდით, რა საჭიროებების წინაშე დგანან ქალები, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს.

ეს არის ონლაინმაღაზია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ პროცესები, რისი გავლაც უწევს ქალს ორსულობისას, მშობიარობისას, ლაქტაციისას და ბავშვის განვითარების პირველ ეტაპებზე, გამარტივებული იყოს და ის პროდუქტები, რომლებიც ასე ხელმისაწვდომია განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენი დედებისთვისაც გახდეს ცნობილი და ყოფა შეუმსუბუქდეთ.

ლაქტაციასთან დაკავშირებული, ამ პროცესის გასაიოლებელი პროდუქტები საქართველოში ან დეფიციტშია, ან არ არსებობს, ან დაბალი ხარისხისაა და დედებს მუდმივად უწევთ გამოწერა. საუბარია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: საწველი აპარატები, ჰააკები, რძის შესანახი პარკები, კონტეინერები, ლაქტაციის ბალიში, კრემი, რომელიც ხელს უშლის ძუძუსთავების დაზიანებას და დედას არ უწევს ტკივილის ატანა, რომელზეც ხშირად ამბობდნენ ადრე, რომ უნდა მოითმინო და გაივლის.

ასე არ არის, დედა რომ ხდება ქალი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ტკივილის ატანის ვალდებულება აქვს. არ არის ამის ვალდებულება და არც საჭიროება 21-ე საუკუნეში, როცა მდგომარეობის შემამსუბუქებელი პროდუქტები არსებობს“, – ამბობს ქეთა ლაბაძე.

იგი ამბობს, რომ „მომიში” წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი საბავშვო ბრენდების პროდუქცია, რომელიც უსაფრთხოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, პროდუქციის 95 პროცენტი „მომიში“ აშშ-დანაა ჩამოტანილი, თუმცა, ქეთას თქმით, „მომი“ არის ადგილი, სადაც დედებს არამხოლოდ საჭირო ნივთების შეძენა შეუძლიათ, არამედ კონსულტაციის მიღებაც ლაქტაციის მრჩევლებისგან:

„ჩვენ მარტო პროდუქციას არ ვყიდით, ჩვენ ვაცნობთ ამ პროდუქტებს დედებს დაწვრილებით, ვუწევთ კონსულტაციას მათი მოხმარების შესახებ.

გვაქვს ლაქტაციის მრჩევლის სტატუსი, საგანგებოდ გავიარეთ სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სპეციალური მოკლევადიანი კურსი, რომელსაც გადიან ის ადამიანები, რომელთაც აინტერესებთ ლაქტაციის შესახებ ინფორმაცია.

„მომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთი თელია აშშ-ში ცხოვრობს და სწორედ ის გვეხმარება სწორი ასორტიმენტის შექმნაში.

ჩვენი მიზანია, დედებს ავარიდოთ ტკივილი, ყველა ოპერატორი გადამზადებულია, რომ საჭირო კონსულტაცია გაუწიონ დედებს შიშის, დისკომფორტის დაძლევაში, რაც ახლავს თან ლაქტაციის პროცესს.

ასევე, შევქმენით პროდუქტი, რომელიც ძალიან მოთხოვნადია განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენთან კი არ იშოვება – ესაა დედის ნაკრები მშობიარობის წინ. აქ არის ყველა ის პროდუქტი, რომელიც მშობიარე დედას სჭირდება. ჩვენთან ამ საჭირო ნივთების შესახებ ძირითადად არც კი გაფრთხილებენ. ასეთ ნაკრებში შედის საფენები, დასაბანი საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები დედებისთვის… ესაა პოსტსამშობიარო ბოქსი, რომელიც ძალიან დაეხმარება დედებს“, – ამბობს ქეთა ლაბაძე.

„მომის“ პროდუქცია

ქეთა თავადაც დედაა და ლაქტაციის მხარდამჭერია. საჯარო სივრცეებსა და მედიაში ხშირად საუბრობს ლაქტაციის მნიშვნელობასა და იმ პრობლემებზე, რასაც დედები აწყდებიან საქართველოში:

„ახალბედა დედები, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს, არიან ძალიან დიდი წნეხის ქვეშ, ოჯახისგან, საზოგადოებისგან, ექიმებისგან… მათ აიძულებენ დაეჭვდნენ, საერთოდ შეუძლიათ თუ არა საკუთარი შვილის გამოკვება.

თუ ჰიპერლაქტაცია არ აქვს დედას, სულ ეკითხებიან -ჰყოფნის ბავშვს? მშიერი ხომ არ არის? – როცა ახალბედა დედა ხარ, პირველად გიჭირავს ბავშვი ხელში და ამას გეკითხებიან, გეშინია, ფიქრობ, რომ იქნებ მართლაც მშიერია შენი შვილი.

ძალიან ბევრი საქმე აქვთ დედებს, ოჯახზეც უნდა იზრუნონ, ბავშვზე, ჭამის დროც კი არ რჩებათ ხშირად… ვერ ექნება ასე დაკავებულ დედას რძე, თუ მისი პრიორიტეტი არ არის შვილი, მას ვერ გამოკვებავს“, – ამბობს ქეთა.

ის ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკა ლაქტაციის მხარდასაჭერად:

„ჩვილების ხელოვნური კვება წამყვანია ღარიბ ქვეყნებში, განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისგან, სადაც დედების უმეტესობას ბუნებრივ კვებაზე ჰყავს ბავშვი.

კანონმდებლობით „ფორმულის“ [ბავშვთა ხელოვნური კვება] რეკლამირება აკრძალულია, ამ დროს პედიატრთან მიდიხარ და კაბინეტებში ყველგან ხელოვნური კვების რეკლამებია გამოკრული.

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ზრუნვა ლაქტაციის პოპულარიზაციაზე, მხარდაჭერაზე.

მინიმუმ ის ხომ შეიძლება, რომ რომ ყველა კლინიკა იყოს ვალდებული, ჰყავდეს ლაქტაციის სპეციალისტი, როგორც ეს აშშ-შია. პედიატრებმა მოხსნან „ფორმულის“ რეკლამები და მთავრობამ პედიატრები შეამოწმოს, მათთან აღრიცხული რამდენი ბავშვია ხელოვნურ კვებაზე?!“

ქეთიმ ჩვენთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ „მომი“, მიუხედავად იმისა, რომ მცირე კომპანიაა, თავს არ არიდებს სოციალურ პასუხისმგებლობას და მონაწილეობს „ლაქტაცია და განვითარების“ ჯგუფში დაგეგმილ აქციებში სოციალურად დაუცველი დედებისთვის.

ქეთი ამბობს, რომ „მომის“ შემდეგი ნაბიჯი მაღაზიის გახსნაა, სადაც დედები საკუთარი ხელით შეარჩევენ პროდუქტებს, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია – „მომიმ“ ბათუმში გახსნა საწყობი ჰაიდარ აბაშიძის #53-ში, სადაც ბათუმელ მომხმარებელს შეკვეთილი ნივთის აღება იმავე დღეს შეუძლია.

ბათუმში 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა – დაწყებულია გამოძიება

ბათუმში, „ორბის“ მაღალსართულიანი აპარტამენტებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, 23 ივლისს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული დამსვენებელი იყო.

ამ დროისთვის ცნობილი არ არის გარემოებების შესახებ, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივლისის 21 საათიდან 24 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 25 ივლისს, ღამით, აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 26-27 ივლისს კი მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რუსთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 241 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630]
  • ტანკი – 4 151 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 8 105 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 4 658 ერთეული [+29]
  • MLRS – 697 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 451 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 958 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 298 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 172 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 696 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 457 თვითმფრინავი
  • 243 ვერტმფრენი
  • 5 197 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 854 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 573 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 848 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„ყველაზე რთულია პირველი 15 – 25 კილომეტრის გავლა, რაც არის ე.წ. უზრუნველყოფის ზოლი რუსული ტერმინოლოგიით და ნატოს ტერმინოლოგიით – უსაფრთხოების რაიონი,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე:

ამავე თემაზე:

ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა – ზელენსკი

ლომი, რომელსაც ბერლინში ეძებდნენ, გარეული ტახი აღმოჩნდა – მედია

გერმანული მედიის ცნობით, პოლიციამ დაასრულა მტაცებელი ცხოველის ძებნა ბერლინის გარეუბანში.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ სპეციალისტების დასკვნით, გარეული ცხოველი, რომელიც ლომს ჰგავდა ვიდეო კადრებზე, გარეული ტახია.

ამის შესახებ 21 ივლისს, ბერლინის გარეუბანში, ქალაქ კლეინმახნოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, კლეინმახნოვის მერმა და პოლიციის უფროსმა ოფიცერმა დაადასტურეს, რომ „ეჭვმიტანილი მტაცებლის“ ძებნის ოპერაცია დასრულდა. ცხოველის კვალი არ აღმოჩნდა, მითითებულ ადგილას კი მხოლოდ ორი გარეული ღორი აღმოჩნდა.

ვიდეოს ანალიზი ჩატარდა ექსპერტების დახმარებით. პოლიცია აცხადებს, რომ საფრთხე აღარ არსებობს.

ბერლინის გარეუბანში მტაცებელს თითქმის ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

_____________

ფოტო: pixels

ლომი ბერლინში – 220 პოლიციელი ისევ ეძებს მტაცებელ ცხოველს

ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ოკუპანტებს ამ ხიდით იარაღი გადააქვთ. მისი თქმით, ეს სამიზნე უნდა „განეიტრალდეს“.

„მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს არის ჩვენი სუვერენული ტერიტორია… ქერჩის ხიდი არ არის პატარა ლოჯისტიკური გზა, იგი გამოიყენება საბრძოლო მასალის მიწოდებისა და ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციისთვის.

ჩვენთვის ნათელია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც აშენდა საერთაშორისო სამართლის მიღმა, ამიტომაც, ცხადია, რომ ეს არის ჩვენი სამიზნე და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც მოაქვს ომი და არა მშვიდობა, უნდა განეიტრალდეს“.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რადგან ოპერაცია თავდაპირველად დაგეგმილზე გვიან დაიწყო, ამან კი რუსეთს დანაღმვისა და თავდაცვის რამდენიმე ხაზის შექმნის დრო მისცა.

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში ააშენა რუსეთმა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

ოკუპირებულ ყირიმში ნავთობსაცავსა და აეროდრომს დრონები დაესხა თავს

უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში, კრასნოგვარდეისკის რაიონში მდებარე ნავთობის საცავსა და აეროდრომს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხა თავს. ადგილზე ხანძარია, აფეთქდა საბრძოლო მასალა – ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს.

ყირიმის ე.წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ აღკვეთეს უპილოტო საფრების აპარატების თავდასხმის მცდელობა, თუმცა, ამავე დროს, სოციალურ ქსელებში ვრცელდება აფეთქებისა და დაკვამლიანების ვიდეო კადრები.

უკრაინული მედია წერს, რომ ყირიმში აღნიშნულმა ვიდეოებმა პანიკა გამოიწვია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 241 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
  • ტანკი – 4 140 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 8 096 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 4 629 ერთეული [+19]
  • MLRS – 693 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 448 ერთეული [+8]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 944 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 298 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 159 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 691 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 456 თვითმფრინავი
  • 243 ვერტმფრენი
  • 5 169 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 811 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 562 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 803 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ორივე მხარეს 160-160-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს დონბასში – ინტერვიუ

ორივე მხარეს 160-160-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს დონბასში – ინტერვიუ

„ყველაზე რთულია პირველი 15 – 25 კილომეტრის გავლა, რაც არის ე.წ. უზრუნველყოფის ზოლი რუსული ტერმინოლოგიით და ნატოს ტერმინოლოგიით – უსაფრთხოების რაიონი,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ექსპერტი არ გამორიცხავს, თუ უკრაინელები წარმატებით გაივლიან რუსების მიერ დანაღმულ ველებს, შემდეგ ეშელონებს შორის კონტრშეტევის „ტემპი აჩქარდეს“.

ვახტანგ კაპანაძე არც იმას გამორიცხავს, რომ აგვისტოში რუსები ხარკოვის მიმართულებით გააქტიურდნენ, ძალების კონცენტრირება შეინიშნებაო, შენიშნავს გადამდგარი გენერალი. „იქ რუსებმა 100 ათასკაციანი დაჯგუფება შექმნეს…“ – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.

გადამდგარი გენერალი ნაკლებად ელის F 16-ების უკრაინისთვის მიწოდებამდე სერიოზულ შედეგს. „იმ დროისთვის, როცა უკრაინას ამ F 16-ებს მისცემენ, მნიშვნელოვანია რა მდგომარეობა იქნება ჩამოყალიბებული ფრონტის ხაზზე?“- კითხულობს ის.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 8-9 კილომეტრით წაიწიეს წინ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით. თქვენთვის რას აჩვენებს კონტრშეტევის არსებული დინამიკა?

მხოლოდ ამ მიმართულებაზე აზოვის ზღვამდე არის 120-დან 150 კილომეტრი. რა თქმა უნდა, ყველა სანტიმეტრი არის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, მაგრამ ეს ტემპი და სიღრმე ნამდვილად არ არის საკმარისი.

ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ყველაზე რთულია პირველი 15 – 25 კილომეტრის გავლა, რაც არის ე.წ. უზრუნველყოფის ზოლი რუსული ტერმინოლოგიით და ნატოს ტერმინოლოგიით – უსაფრთხოების რაიონი. ამ რაიონის გავლის შემდეგ იწყება ძირითადი თავდაცვის ზღუდეები. როცა გადალახავენ ძირითადი თავდაცვის ზღუდეებს, შემდეგ პირველ ეშელონსა და მეორე ეშელონს შორის მანძილი უკვე ნაკლებად არის დატვირთული საინჟინრო საშუალებებით. აქ უკვე ტემპი აჩქარდება.

  • რამდენად გაჩნდა წინაპირობა, რომ უკრაინა არსებული კონტრშეტევით გავიდეს კონკრეტულ შედეგზე? თუ უშვებთ, რომ უკრაინა მოახერხებს რუსეთის გამოფიტვას და განმეორდება იგივე, რაც ხერსონში მოხდა? 

მე არ მაქვს ჯერჯერობით ოპტიმისტური მოლოდინები – ძალიან უჭირთ უკრაინელებს წინსვლა, შესაბამისი საავიაციო მხარდაჭერის გარეშე. როგორც აქამდე ვამბობდი, ახლაც იმავეს გეტყვით, რომ უკრაინას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ასეთი, ლოკალური წარმატებები.

ზაფხული დასრულდება და მერე ისევ დაიწყება წვიმების სეზონი, „რასპუტიცა“, როდესაც გაჭირდება შეტევითი მოქმედებები. ჯერ პერიოდი აქვთ უკრაინელებს, რომ რაღაც წარმოაჩინონ.

როგორც უკვე გაიჟღერა, უკრაინელებს წლის ბოლოს მისცემენ F 16-ებს. გააჩნია, რამდენს მისცემენ, მისცემენ თუ არა საბოლოოდ და რამე ხომ არ შეიცვლება ისევ. მნიშვნელოვანია ასევე, იმ დროისთვის, როცა უკრაინას ამ F 16-ებს მისცემენ, რა მდგომარეობა იქნება ჩამოყალიბებული ფრონტის ხაზზე. ჩვენ სახეზე გვაქვს გაჭიანურებული, გრძელვადიანი ომი.

  • F 16-ების გადაცემამდე აღარ მიგაჩნიათ შესაძლებლად უკრაინელებს ჰქონდეთ წარმატებული კონტრშეტევა? 

არაფერს არ გამოვრიცხავ: ომში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ დღევანდელი სურათიდან ჩანს, რომ ვიდრე არ მიიღებს უკრაინა საკმარისი რაოდენობით საჰაერო მხარდაჭერას, ვიდრე არ მიიღებს საჰაერო უპირატესობას თუ ვერა, თანაფარდობას მაინც, მანამდე უკრაინელებს გაუჭირდებათ წინსვლა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ დონბასის ჩრდილოეთით რუსები უტევენ უკრაინელებს ისევ, რუსებმაც წაიწიეს წინ და უკრაინელებს გარკვეული რეზერვების გადასროლა იქაც უხდებათ. ეს არის კუპიანსკის და სერებრიანკის რაიონები. ძირითადად ხარკოვის რაიონშია რუსების მხრიდან წინ წაწევა. ამაში რუსებს ხელს უწყობს ძალების განლაგებაც, დაჯგუფება.

სხვათა შორის, უკრაინელების მონაცემებით იქ რუსებმა 100 ათასკაციანი დაჯგუფება შექმნეს. ეს ნიშნავს, რომ რუსებმა შესაძლოა დაიწყონ თავისი კონტრშეტევა ამ მიმართულებაზე დიდი ძალებით. აქ უკრაინელებს კასეტური აღჭურვილობა ნამდვილად დაეხმარება შეტევაში მყოფი რუსული დანაყოფების წინააღმდეგ. თავდაცვაში მყოფი დანაყოფების წინააღმდეგ კი, კასეტური აღჭურვილობა მაინცა და მაინც ეფექტური არ არის.

კასეტური აღჭურვილობა ეფექტიანი იარაღია ფართო ტერიტორიაზე განლაგებული ტექნიკის და ქვეითების წინააღმდეგ, როცა დიდი რაოდენობითაა მოწინააღმდეგე წარმოდგენილი… არ ვიცი, უკრაინელებმა რა გამოიყენეს უკვე: ალბათ გამოიყენეს კასეტური საარტილერიო ჭურვები და გამოიყენეს იმ მიმართულებაზე, სადაც რუსების კონცენტრირება შეინიშნება. ჩასანგრებული და ჩამალული მოწინააღმდეგის შემთხვევაში, ეს ნაკლებად ეფექტურია.

  • „ეს საკმაოდ დიდი ძალაა,“ – ამბობს აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი მარკ კაჩიანი უკრაინის შესახებ: „უკრაინას, სამხედრო ტერმინს თუ ვიხმართ, კულმინაციისთვის არ მიუღწევია. ის ჯერ კიდევ მიიწევს წინ და ჰყავს რამდენიმე ბრიგადა, რომელიც ბრძოლაში არ ჩაუბამს“, – ამბობს ის. თქვენი აზრით, რა სახის ძალა შექმნა ამ ეტაპზე დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინამ?

ცხადია, კულმინაციის წერტილი არის ის მომენტი, როდესაც მთელი ძალები უკვე გამოიყენე და შესაძლებლობა აღარ გაქვს. როგორც გაიჟღერა, ორივე მხარეს 160-160-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს დონბასში, პირადი შემადგენლობით თითქმის თანაბრად არიან.

ყურადსაღებია მომზადება ბელარუსშიც – შესაძლოა, რეიდები განახორციელონ უკრაინის ტერიტორიაზე, შესაძლოა ასევე ჩამოაყალიბონ დაჯგუფება. უფრო სავარაუდოა სარეიდო მოქმედებების დაწყება, თორემ ის ძალა ახლა არ აქვს ბელარუსს, რომ უკრაინაში შეიჭრას და კიევს დაემუქროს.

  • თქვენთვის სარწმუნოა, რომ პროგოჟინი ბელარუსში წვრთნის სამხედროებს? სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.

ვფიქრობ, არის ბელარუსში და იქ დაწყებული აქვთ მომზადება, ვარჯიშები, „ვაგნერი“ ამზადებს ამ დანაყოფებს. თუმცა მე პრიგოჟინს ასე დიდ ყურადღებას აღარ დავუთმობდი. ის აღარაა გადამწყვეტი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში. პრიგოჟინმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები.

  • უკრაინელები რამდენად და როგორ ახერხებენ ჯარისკაცების მომზადებას? 

დასავლეთის ბევრი ქვეყანაა ჩართული მომზადებაში, პოლონელები აქტიურად ამზადებენ, ჩეხები, ბალტიისპირეთშიც ემზადებიან. დაახლოებით 300-ათასიანი დაჯგუფება ჰყავდა უკრაინელებს, ახლა რა მდგომარეობა აქვთ, არ ვიცი.

  • რა მოხდა ყირიმის ხიდზე? მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხიდს 17 ივლისს დრონებით დაესხნენ თავს.

ეს ხიდი პრიორიტეტულია უკრაინელების სამიზნეების ნუსხაში. როგორც კი, ამის შესაძლებლობა მიეცემათ, მაშინვე დაარტყამენ, თუმცა მიზანი არის უფრო ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ზემოქმედება. ამას სამხედრო მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, რადგან სამხედრო ტვირთი ძირითადად სახმელეთო დერეფნების გამოყენებით შეაქვთ. ყირიმის ხიდზე თუ მოხდა დარტყმა, მაგრამ რუსეთმა შეინარჩუნა სახმელეთო კორიდორი, სამხედრო-ლოჯისტიკის თვალსაზრისით რუსეთისთვის არაფერი შეიცვლება. რა თქმა უნდა, ეს იქნება დისკომფორტი, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით არ იქმნება პრობლემა.

თუმცა აზოვის ზღვაზე თუ გავლენ უკრაინელები, იქიდან ყველაფრით მიწვდებიან ყირიმის ხიდს. ჯერჯერობით უკრაინელებს წვდომა აქვთ ამ ხიდზე დრონებით.

  • „ბახმუტის დასაბრუნებლად შექმნილია ყველა პირობა, მაგრამ ათჯერ ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე დამპყრობლებს სჭირდებოდათ ქალაქის ასაღებად“ – განაცხადა BBC-ის უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ.

უკრაინელებს აქვთ წარმატება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, თუმცა ქალაქში არ შესულან. სოლედარის მიმართულებით, ჩრდილოეთით – აქ შეიძლება უკრაინელებმა გადაჭრან ბახმუტისკენ მიმავალი გზატკეცილი, რომლითაც ძირითადად მარაგდება ბახმუტი რუსების მხრიდან. უკრაინელები პატარ-პატარა ჯგუფებით ახორციელებენ ამ შეტევებს, ხშირად ჯავშანტექნიკის გარეშე და გარკვეული წინსვლა მათ გააჩნიათ.

თუ უკრაინელებმა ბახმუტი ალყაში მოაქციეს და რეალური ალყის საფრთხე შეიქმნა, არა მგონია, რუსებმა თავი მოიკლან ნანგრევების დაცვით, რაც ბახმუტში გადარჩა. ბახმუტს ჰქონდა პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა, სამხედრო დატვირთვა ბახმუტს არც მანამდე ჰქონდა და არც ახლა აქვს.

  • მარცვლეულის შეთანხმებაზე რა ხდება? მედიის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის პორტებში ისევ ჩაყარეს ბომბები. 

პორტების გარდა ნიკოლაევში დაიწვა საწვავის საცავიც… თუ თურქეთი აიღებს თავის თავზე, არა მგონია, რუსებმა გაბედონ რამე ამ მიმართულებით. თურქეთს აქვს ამის შესაძლებლობა, რომ დაიცვას ეს გემები, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

  • ამ ეტაპზე თითქმის არავინ ელის სწრაფ შედეგს კონტრშეტევის გზით. თქვენ უკვე გვითხარით, რომ არ ელით არსებული კონტრშეტევით რუსეთის გამოფიტვას. საითკენ მიდის პროცესი და რამდენად შეიძლება ჩიხში შევიდეს ეს ომი? 

მიჭირს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. უკრაინას დარჩენილი აქვს 2 თვე: აგვისტო და სექტემბერი. თუ ამ პერიოდში ვერ გამოკვეთა რაიმე წარმატება, უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩიხშია შესულია ეს ვითარება.

  • თუ არ ექნება უკრაინას კონკრეტული შედეგი შემოდგომის წვიმების დაწყებამდე, მაგრამ შეინარჩუნებს კონტრშეტევის არსებულ დინამიკას და მიიღებს დაპირებულ აღჭურვილობას დასავლეთიდან, ამ შემთხვევაში რა ხდება? 

მანამდე უკრაინამ რაღაც უნდა მოამზადოს ზამთრის კამპანიისთვის. დღევანდელ მოცემულობაში კი, დონბასის რუკას რომ დახედოთ, კარგად ჩანს: რა არის დასაბრუნებელი და რამდენია გასათავისუფლებელი. ამ ტემპით, რაც ახლა აქვს უკრაინას, ძალიან გაუჭირდება პლაცდარმის შექმნა.

ამას ხვდება უკრაინა და ამიტომაც შეცვალა ტაქტიკა: გარკვეულ მიმართულებებზე მცირე ძალებით ემზადება უფრო ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის. ეს შეიძლება იყოს ზამთრის კამპანიისთვის მომზადება. თუ ზამთრის კამპანია იქნება წარმატებული, შემდეგ შეიძლება უკვე ფიქრი გაზაფხულის კამპანიაზე, მაგრამ ჯერჯერობით ამ ტემპით, რაც ახლა აქვს უკრაინას, დიდი წარმატება არ ჩანს.

  • უკრაინა გამორიცხავს მოლაპარაკებას და არ აწყობს ჩიხში შესვლა.

ვნახოთ, რა იქნება: ყველაფერი დამოკიდებულია ბრძოლის ველზე, ამის შემდეგ იქნება ყველაფერი დანარჩენი. საომარი მოქმედებები შედის ჩიხში. ამას აჩვენებს შემცირებული ტემპი და შეტევები. შესაძლოა, უკრაინა ელოდება ამ თვითმფრინავების მიღებას, მანამდე კი ძალების დაზოგვას იწყებს, თუმცა, ამასობაში, არ არის გამორიცხული, აგვისტოში ახალი კონტრშეტევა დაიწყონ რუსებმა ხარკოვის მიმართულებაზე.

უკრაინა ემზადება ამ ვითარებისთვისაც.

მას შემდეგ, რაც მიიღებს თვითმფრინავებს უკრაინა, შესაძლოა, მან სხვა ტიპის საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს. ამ ეტაპზე კი, ინტენსივობა შემცირებულია.

  • რა შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი ამ ომის ლოგიკიდან გამომდინარე? 

გარდამტეხი შესაძლოა იყოს კონკრეტული მოვლენა, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. შესაძლოა, ეს იყო F 16-ები, ან იყოს სხვა ტიპის იარაღი. პოლიტიკურად შესაძლებელია ეს იყოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, ან სხვა.

4 წლის იყო, როცა ლაშქრობაში პირველად წავიყვანე – ბავშვები მთაში

8 წლის ანდრია მჭედლიშვილმა ერთ დღეში მწვერვალი როშკახოხი დალაშქრა, რომელიც ზღვის დონიდან 3562 მეტრია. გაიარა 24 კმ-ი. ეს ანდრიას პირველი რთული ლაშქრობა იყო.

თუმცა, როგორც ანდრია დედას, თეონა ჯახუტაშვილი „ბათუმელებს“ უყვება, ანდრია სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა პირველად წაიყვანა ლაშქრობაში, ატენის ხეობაში, სადაც წეროს ხევი დალაშქრა.

მაშინ ანდრიამ დამოუკიდებლად 6 კილომეტრი გაიარა. მეორედ უკვე დავით გარეჯის უდაბნო მოიარა, სადაც პატარა ბიჭს, დაახლოებით 3-4 კილომეტრის გავლა მოუწია.

„უკვე ცხრა წლისაა და დიდი სურვილი აქვს, რომ წელსაც გამოგვყვეს ლაშქრობაში. ერთი თვეა რაც საქართველოში არ ვყოფილვართ, ახლახან დავბრუნდით და მხოლოდ ერთი ლაშქრობა გვქონდა წინა კვირას. ვნახოთ რა გამოგვივა წელს“, – გვეუბნება თეონა ჯახუტაშვილი.

თავად ლაშქრობით 2016 წლიდან დაინტერესდა, 2017 წლიდან კი შვილიც ჩართო ამ თავგადასავალში.

„მე თვითონ მეგობართან ერთად 2017 წელს დავაფუძნე მოლაშქრეთა კლუბი, რომელიც ეხმარება ადამიანებს ლაშქრობაში. ვისაც არ აქვს გამოცდილება და არ შეუძლია დამოუკიდებლად წავიდეს ლაშქრობაში, შეუძლია ჩვენ ჯგუფს შემოუერთდეს“, – გვეუბნება თეონა.

მისი თქმით, საქართველოში ლაშქრობებით ქალები უფრო არიან დაინტერესებული, ვიდრე კაცები. მსუბუქ ტურებზე კი მშობლებს ბავშვებიც დაჰყავთ და ასე აჩვევენ ფიზიკურ აქტივობას.

9 წლის ანდრია დედასთან ერთად ლაშქრობაში

„20-იდან ყველა მონაწილე ქალი რომ იყო, ასეთი ტურებიც გვქონია. კაცები უფრო ნაკლებად ინტერესდებიან ლაშქრობით.

ასეთ რთულ ლაშქრობაზე, რომელზეც ანდრია იყო, იშვიათად რომ ვინმემ წაიყვანოს ბავშვი. მწვერვალზე სხვის შვილს არ წავიყვანდი, რადგან არ არის ყველასთვის ასვლა რეკომენდებული, რადგან ანდრია ჩემი შვილია და ვიცი მისი შესაძლებლობები, ამიტომ წავიყვანე.

როცა სხვა გვიკავშირდება და გვეუბნება, რომ „წამოვიყვან ჩემ შვილს“, ვთანხმდებით მხოლოდ მსუბუქ ტურებზე. მაგალითად, ძამას ხეობაში, ჯუთაში რაიმე სახიფათო მონაკვეთები არ გვხვდება, ამიტომ ასეთ ტურებზე შესაძლებელია ბავშვების წაყვანა“, – გვეუბნება თეონა ჯახუტაშვილი.

მისი თქმით, ლაშქრობით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. განსაკუთრებული ინტერესი ლაშქრობის მიმართ გაჩნდა პანდემიის პერიოდში, როცა ადამიანები ვეღარ ახერხებდნენ საზღვარგარეთ გასვლას და ქვეყნის შიგნით ეძებდნენ ახალ შესაძლებლობებს.

თეონას თქმით, ლაშქრობები ავითარებს ადამიანის ფიზიკურ გამძლეობას, ამტანობას და „რაც მთავარია, შენ ქვეყანას უფრო ახლოს ეცნობი და პატრიოტიზმიც უფრო იღვიძებს შენში“, – გვეუბნება ის.

ნინი კილასონია მამასთან ერთად ლაშქრობაში

ლაშქრობითაა დაინტერესებული ყოფილი სპორტსმენი ლუკა კილასონიაც. წელს მისმა 13 წლის შვილმა ნინო კილასონიამაც რთული ტური გაიარა და ხევსურეთის ჭაუხები დალაშქრა.

„ცხრა წლის იყო, როცა პირველად წავიყვანე ჯუთაში, ეს მარტივი გზა იყო, ახლა უკვე 13 წლისაა და დიდ მარშრუტზე წავიყვანე, 16 კილომეტრი გაიარა ორ დღეში აღმართ-დაღმართზე.

დავლაშქრეთ ჭაუხები და გადავედით ხევსურეთში, აბუდელაურის ტბებზე. დაიღალა, მაგრამ ძალიან ნასიამოვნები იყო, ძალიან მოეწონა“, – გვეუბნება ლუკა კილასონია.

მისი თქმით, ლაშქრობით სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა, როცა უნივერსიტეტიდან ერთ-ერთი ტურში წაიყვანეს მთაში.

„შემდეგ, როცა მორაგბე გავხდი, საკმაოდ დიდი ხანი აღარ მქონდა დრო, რომ ლაშქრობაში წავსულიყავი. ახლა დავასრულე სპორტული კარიერა და მაქვს შესაძლებლობა ოჯახის წევრებთან ერთად ისევ დავიწყე ლაშქრობაში სიარული.

ასეთი ლამაზი ქვეყანა, ბუნება გვაქვს და სადაც შეგვიძლია ფეხით სიარული, ის ადგილები მინდა, რომ მოვიაროთ. შეძლებისდაგვარად, ყოველ წელს ვცდილობთ მოვიაროთ სხვადასხვა ადგილი.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ლაშქრობა ფიზიკური აქტივობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესია. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან კარგად გამომდის მთაში დასვენება. ნაკლები ხმაურია და ისედაც ხომ უნდა ვიცნობდეთ ჩვენ ქვეყანას. თან საშუალება გაქვს ახალი მეგობრები შეიძინო, ოჯახის წევრებთან ერთად იარო“, – გვეუბნება ლუკა.

ლაშქრობა მთაში
ფოტო: მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“

ლუკას აზრით, ლაშქრობაში ჯგუფთან ერთად წასვლა ბევრად უფრო ბიუჯეტური და უსაფრთხოცაა.

„თუ ლაშქრობაზე ნამყოფი არ ხარ და ნიშნულების პოვნაც მაინც და მაინც კარგად არ იცი, შეიძლება გზა აგებნეს. საქართველოს ბევრი საზღვარი აქვს, არის ოკუპირებული ტერიტორიებიც და შემთხვევით რომ არ გადახვიდე სახიფათო ადგილას, ამიტომ კარგად უნდა იცოდე მარშრუტი, ან გაჰყვე იმას, ვინც კარგად იცის.

ბუნებრივია, ლაშქრობები ბავშვებსაც ეხმარება არა მარტო ფიზიკურ აქტივობაში, არამედ ცოდნის გაღრმავებაშიც, გეოგრაფიის სწავლაში, რუკების წაკითხვასაც სწავლობენ და მათი ცნობიერებაც იზრდება გარემოსთან ურთიერთობაში“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, ბავშვების შემთხვევაში, მთავარია ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობები და შესაბამის აღჭურვა.

„უნდა დაიწყო მარტივიდან და შემდეგ მოუმატო დონეს. წონას აქვს ასევე მნიშვნელობა. გჭირდება კარგი ფეხსაცმელი, კარგი ჩანთა და კარგი განწყობა“, – გვეუბნება ის.

ლუკას აზრით, კარგი იქნება თუ დასავლეთის ქვეყნების მსგავსად ჩვენთანაც დაინერგება ლაშქრობებზე გასვლის კულტურა სკოლებში და ბავშვები შეეჩვევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს, გაიუმჯობესებენ სოციალურ უნარებს და უკეთ გაიცნობენ საკუთარ ქვეყანას.

რას და როგორ ცვლიან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აჭარაში

მაია შერვაშიძე 32 წლისაა. განათლება სახლში მიიღო. სკოლაში არ უვლია. მასწავლებელი ოჯახში აკითხავდა და ისე დაამთავრა სკოლა. მაია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. „მე და ეტლი ბავშვობიდან ვმეგობრობთო“ – ამბობს.

სკოლის პერიოდზე საუბრისას, „ბნელი წლები იყოო“ – ამბობს და იმ დროს იხსენებს, პირველად სახლიდან დამოუკიდებლად რომ წავიდა ბანაკში.

„თომა კაკაბაძეს ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ჰქონდა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, რომელიც შშმ პირთა საკითხებზე მუშაობდა. ერთ დღეს მკითხა, თუ წავიდოდი ბანაკში, სადაც დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლიდნენ.

დავთანხმდი. წავედი ბანაკში ჩემ მეგობართან ერთად. ბანაკში წასვლისას ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, სად მივდიოდი, მაგრამ იქ სხვა გარემო დამხვდა. დღეს ვთვლი, რომ აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები. აქედან დავიბადე ასე ვთქვათ.

მე ეტლით მოსარგებლე ვარ ბავშვობიდან, მაგრამ იქ დავინახე სხვა ეტლით მოსარგებლეები. მანამდე მეგონა, რომ მარტო ვიყავი. მე მაწუხებდა და მე მტკიოდა მარტო ეს.

ისე მანამდეც არ მქონია კომპლექსები, არ მრცხვენოდა ხალხში გამოჩენის, სურვილი კი მქონდა, მაგრამ პირობები არ მქონდა. ბანაკში მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი. მივხვდი, უფლება არ მქონდა, ძლიერი არ ვყოფილიყავი. არ მეცხოვრა ძლიერ ადამიანად. ხალხისთვის უნდა დამენახებინა, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,“ – იხსენებს მაია შერვაშიძე.

მშობელმა თუ ჩაგკეტა და დაგმალა, ვერაფერს იზამ - შშმ ქალი

მაია თვლის, რომ მის ცხოვრებაში იმ პროექტებმა, რომელში ჩართვაც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეძლო, უდიდესი გარდატეხა მოახდინა.

„ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ 10 წელია აჭარაში მუშაობს. ორგანიზაცია წლების განმავლობაში მუშაობდა იმისათვის, რომ შშმ პირთა მიმართ საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება შეეცვალა.

ორგანიზაციის თავმჯდომარე თომა კაკაბაძე იხსენებს, რომ ეს დამოკიდებულება ხშირად ტერმინოლოგიაში გამოიხატებოდა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ იყენებდნენ.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ გადაამზადა საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები. თომა თვლის, რომ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ უდიდესი როლი შეასრულა სწორი ტერმინოლოგიის დამკვიდრებაში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

ორგანიზაცია წლებია იბრძვის საზოგადოებრივი სივრცეების ადაპტირებისთვის. ერთ-ერთი დიდი გამარჯვება იყო ბათუმში ადაპტირებული პლაჟის მოწყობა.

„ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ 2014 წლიდან ითხოვდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან, რომ ბათუმის სანაპიროზე შშმ პირთათვის ადაპტირებული პლაჟი მოეწყოთ. ადაპტირებული პლაჟი ბათუმში 2019 წელს გამოჩნდა. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო უწყების თანამშრომლობის კარგი მაგალითი, რომლის შედეგადაც შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო და მნიშვნელოვანი სერვისი.

თომა კაკაბაძე

თომა ამბობს, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა მათი საქმიანობა. ამასთან, ხაზს უსვამს, რამდენად ადვილია, როცა დონორები გიჭერენ მხარს და რამხელა ბიუროკრატიასთან გიწევს შეჯახება, როცა სახელმწიფო გაფინანსებს.

„ჩვენს ორგანიზაციას ჰქონია სახელმწიფოსგან მიღებული გრანტი ტენდერის სახით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. მაგრამ სახელმწიფოსგან გაცემული გრანტები იმდენად ჯერ მცირეა, მერე იმდენი ბიუროკრატიული მექანიზმია, ფაქტობრივად ყველაფერს ვერ აკეთებ, რისი გაკეთებაც გინდა. საერთაშორისო დონორებს კი აქვთ პირდაპირ, საჭიროებებზე მიმართული გრანტები შშმ პირთათვის“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

ორგანიზაციის ერთ-ერთ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს სოციალური კაფე, „თავისუფალი სივრცე“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის შეუზღუდავი რესურსების წყაროდ იქცა.

„ჩვენი ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“, წლები იყო იმ პოზიციაზე, რომ სხვებს სთხოვდა შეექმნათ ადაპტირებული სივრცეები ან არსებულის ადაპტირება მოეხდინათ. სულ გვიწევდა ვიღაცებთან თხოვნა, ზოგთან ხმამაღლა მოთხოვნა, რომ გახადეთ თქვენი სივრცე ადაპტირებული. ერთ დღეს ჩვენმა გუნდმა დასვა კითხვა – სხვებს რატომ ვთხოვოთ იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ თეორიულად შეგვიძლია.

ეს იყო ამბიციური განაცხადი თავის დროზე, რადგან პატარა ორგანიზაცია ვიყავით, რომელიც ახალგაზრდებმა დავაფუძნეთ. თან ამ მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ გვქონდა – არ ვიცოდით ვისთვის გვეთხოვა და რა გვეთხოვა. შემდეგ ძალიან კარგმა ადამიანებმა მოგვცეს რჩევები და გვასწავლეს, რა უნდა გვექნა.

შედეგად, შევქმენით ბათუმში ერთი პატარა, თბილი, ფერადი და კამერული შეხვედრებისთვის საინტერესო ადგილი, სადაც ეტლით მოსარგებლე პირის დაპატიჟება პრობლემას არ წარმოადგენს. სადაც სმენის არ მქონეს ჟესტურ ენაზე დაელაპარაკებიან. თვითონ შშმ პირები ამბობენ, რომ თავს გრძნობენ ამ სივრცეში კომფორტულად, არანაირი განმასხვავებელი ნიშანი ამ სივრცეში შემოსულ სტუმარს არ აქვს,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„თავისუფალმა სივრცემ“ შშმ პირებს ერთი მხრივ გაუჩინა წასასვლელი ადგილი, სადაც მისვლა, მეგობრების ნახვა და გართობა შეუძლიათ, მეორე მხრივ კი გააჩინა შესაძლებლობა დასაქმების მსურველთათვის. კაფეს სოციალური საწარმოს სტატუსი აქვს და მისი გახსნა CSRDG – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტით გახდა შესაძლებელი, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული.

„ეს იყო თანხა იმისათვის, რომ ავეჯი, ტექნიკა და საწარმოო საშუალებები შეგვეძინა. ჰონორარზე საუბარიც არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იყო, გააზრება იდეის, რომლის განსახორციელებლადაც შენს დროს და ენერგიას ხარჯავ.

ჩვენ მივიღეთ არამხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა. არამედ მოგვცეს ცოდნა – როგორ დაგვეფუძნებინა, როგორ გვემართა, როგორ გავმკლავებოდით გამოწვევებს.

„თავისუფალ სივრცეში“ ახლა არაერთი სასწავლო ვიზიტი გვაქვს, სადაც ჩვენ გამოცდილებას ვუზიარებთ მათ, ვისაც სურვილი აქვთ მოისმინოს ჩვენს შესახებ. რომ მერე ვიღაცას გაუჩნდეს სურვილი – მოდი ჩემს ქალაქში ან სოფელში მეც გავაკეთებ მსგავს რაღაცას. მსგავსი პროექტებით, ზიარდება ცოდნა.

ნივთი შეიძლება გაფუჭდეს, გადააგდო და ა.შ. მაგრამ აი, ცოდნა, გამოცდილება, რასაც იღებ და გასცემ, არის მარადიული და რეალურად ავითარებს ჩვენ საზოგადოებას,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე.

ნინო ჩხაიძე

ნინოს თქმით, „თავისუფალი სივრცის“ საქმიანობის ყველაზე თვალნათელი მაგალითები არიან ის ბენეფიციარები – „ვინც ჩვენთან მოვიდა, ან ძალით მოვიყვანეთ“.

„ვიღაცებთან იყო დაძალების მომენტი. მათთან, ვინც მართლა კარჩაკეტილად ცხოვრობდა. ამბობდნენ – ბევრჯერ მოვსინჯე მე სადღაც საკუთარი თავი, მაგრამ….

ერთი ჩვენი ყოფილი მზარეული ასეთ რაღაცას მეუბნებოდა – ბევრი რაღაცა ვისწავლე, ყველაფერი გავაკეთეო იდეალურად, მაგრამ სადმე რომ მივიდოდი დასასაქმებლად, ყურზე აპარატს რომ დაინახავდნენ, ეგრევე თავს გამიქნევდნენ. კარგად იყავი ან დაგირეკავთ რაღაცა ასეთი დამოკიდებულება იყოო. თქვენთან თავს მართლა კომფორტულად ვგრძნობ ახლაო.

ჩვენი მთავარი ამოცანა ზუსტად ეგ იყო და არის, რომ ამ თემს, ადამიანებს, ვისაც შეიძლება სხვაგან უარი უთხრან, ამ აბსურდული მიზეზის გამო, ჩვენ კარი გავუღოთ,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე.

მათი ორგანიზაციის და კონკრეტულად თავისუფალი სივრცის გავლენაზე საუბრისას ნინო სამ ფაქტორს გამოყოფს.

„მთავარი გავლენა, რასაც თავისუფალი სივრცის საქმიანობა ახდენს ჩვენ საზოგადოებაზე არის ის, რომ ჟესტური ენა რას ნიშნავს, თუ ვინმეს ოდესმე ჩვენს კაფეში შემოუხედავს, ეგ კითხვა აღარ აქვს.

მეორე, შშმ პირებს თუ ვიღაცები უყურებდნენ ისე, რომ ესენი საწყლები არიან და მოწყალების ობიექტები, დღეს მის გაკეთებულ ყავას რომ სვამენ ან მის გამომცხვარ ხაჭაპურს, უკვე ეგ სტერეოტიპი ემსხვრევათ.

ასევე თავისუფალ სივრცეში ბევრი დამსაქმებელი რეკავს და მუშახელს ეძებს. რადგან უკვე თვალნათლივ დაინახეს, რომ ეს სეგმენტი, ჩვეულებრივი მუშახელია, რომელსაც ღირსეული ანაზღაურებით ნებისმიერი საწარმო დაასაქმებს,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე.

თავისუფალი სივრცის ადამიანები ბათუმიდან

ნინოს თქმით, ცვლილებები, რომელიც მათ ორგანიზაციას მოაქვს საზოგადოებისთვის, ნელ-ნელა ხდება ხილული.

„შემიძლია ვთქვა, რომ ის კედელი, ბარიერი, რაც ჩვენ საზოგადოებაში ამ ადამიანების წინააღმდეგ არის აღმართული, ჩვენი საქმიანობით, ასე თუ ისე რღვევის პროცესშია.

მე მართლა მეამაყება თითოეული მათგანი ვინც ჩვენთან იმუშავა, ვინც ჩვენთან მუშაობს. თანამშრომლებს სულ ვეუბნები – თქვენი საქმიანობა არის ისტორიული ამბავი. ამ საწარმოთი რეალურად იქმნება არა მხოლოდ ხაჭაპური და ყავა, არამედ საზოგადოების განმავითარებელი ისეთი პროდუქტი, რომელსაც არც ვადა აქვს და არც მალფუჭებადია,“ – ამბობს ნინო ჩხაიძე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებებზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი სტაჟირების პროგრამით დაიწყო, სადაც სხვადასხვა ასაკის შშმ პირებს შეხვდა და სწორედ მაშინ დაინახა, რომ აუცილებელი იყო უშუალოდ შშმ ქალების საკითხებზე ემუშავა ვინმეს.

„დავინახე, რომ შშმ ქალების ინტერესები არ იყო ხშირად გათვალისწინებული და  მნიშვნელოვანი იყო გენდერულ ჭრილში გვემუშავა. ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა 2021 წელს „შშმ ქალთა ეროვნული ქსელის“ დახმარებით დავაფუძნეთ ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“.

დეა ერემაშვილის თქმით, მიუხედავად ორწლიანი არსებობისა, ორგანიზაციამ უკვე შვიდი პროექტის განხორციელება შეძლო სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის დახმარებით – პროექტები რეგიონებში მცხოვრებ შშმ ქალთა საჭიროებებზე იყო მიმართული.

დეა ერემაშვილი

რას ცვლის თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა, ვკითხეთ დეას.

„პირველ რიგში შშმ ქალებში ჩვენმა მუშაობამ შეიცვალა ის, რომ უკვე ახდენენ თავიანთი თავის გენდერული ნიშნით იდენტიფიცირებას. იმიტომ, რომ აქამდე, სანამ შშმ ქალთა მოძრაობა დაიწყებოდა, ისინი იყვნენ მხოლოდ შშმ პირები.

შეიცვალა ის, რომ ბევრ ადამიანს მივეცით მოტივაცია. ზოგმა სწავლა განაგრძო, ზოგი დასაქმდა. ჩვენი მეშვეობით შშმ ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთნენ. უნდა ვთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებდით – ჩვენი გრანტების 90 % მათი დაფინანსებითაა.

ამ ტიპის პროექტების და ორგანიზაციების მხარდაჭერა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თვითონ ვართ შშმ ქალები, შესაბამისად, უკეთ ვიცნობთ ჩვენი თემის საჭიროებებს – პროექტები დგება შშმ ქალთა ჩართულობით და კეთდება მათთვის.

ბენეფიციარები არ ერგებიან პროექტს. პირიქით, პროექტები ერგება იმ ადამიანებს, ვისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი,“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

 

ძველ ბულვარში ტრენაჟორებს გააახლებენ, დაიხარჯება 400 ათასი ლარი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ძველ ბულვარში არსებული სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 404 ათას 68 ლარია.

პირობის მიხედვით, მოედნების რეაბილიტაციასთან ერთად, მიმწოდებელმა სხვადასხვა სახის 15 ახალი ტრენაჟორიც უნდა დაამონტაჟოს.

„პროექტში ჩადებულია უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო კომპლექტები, რომლებიც უძლებენ ნებისმიერ ბუნებრივ ზეწოლას, მათი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არა საკუთარ წონაზე სავარჯიშოდ გამოიყენებიან, არამედ შესაძლებელს ხდიან მსურველებმა სხვადასხვა სასურველ წონაში ივარჯიშონ.

გათვალისწინებულია ასევე სავარჯიშო კომპლექტები შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის“ – აცხადებს ბულვარის ადმინისტრაცია.

ტრენაჟორები ბულვარში დღეს / ფოტო ტენდერიდან

პროექტის მიხედვით:

  • „საპროექტო ტერიტორია ცენტრალურ ბულვარში მოიცავს რამდენიმე ლოკაციას. პროექტი გულისხმობს არსებული სავარჯიშო სივრცეების მოდერნიზებას და მისი ახალი თანამედროვე ტიპის სავარჯიშო კომპლექტებით აღჭურვას.
  • პროექტი ლოკაციების მიხედვით ინდივიდუალური და განსხვავებულია, მაგრამ ჯამში ქმნის საერთო ხელწერას და განწყობას.
  • კონსტრუქციული ნაწილი წარმოადგენს მილკვადრატებისგან შემდგარ კონსტრუქციას, რომელიც ლითონის მილებზე არის დაყრდნობილი, თავის მხრივ, ლითონის მილები ჩამაგრებულია რკინაბეტონის ფილებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი დაზიანება ბუნებრივი ზეწოლების შედეგად;
  • სავარჯიშო სივრცის იატაკი წარმოადგენს რკინაბეტონის ფილაზე მოჭიმულ კაუჩუკის ფენილს, რომელიც ასევე კაუჩუკის ბორდიურით არის შემოფარგლული. სახურავი წარმოადგენს ორგმინას, რომელიც შესაბამისი სამაგრებით არის დამაგრებული ლითონის კონსტრუქციაზე.
  • სავარჯიშო სივრცე განათებულია ინდუსტრიული სანათებით, შესაბამისად, მსურველებს შეუძლიათ ივარჯიშონ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.“

ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2023 წლის 5 აგვისტოს და 10 აგვისტოს დასრულდება.

„ბათუმის ბულვარში არსებული სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია პირობაში.

ბულვარის სავარჯიშო მოედნების ვიზუალიზაცია / ფოტო ტენდერიდან

ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნაა ასევე, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს „2020 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს:

ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათისა და შინაარსის სავარჯიშო მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ტრენაჟორების მიწოდება-მონტაჟით ან/და დასასვენებელი ან/და გასართობი პარკების ან/და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათ შორის ტრენაჟორების მიწოდება-მონტაჟით ან/და ღია სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია ან/და გარე გამოყენების ტრენაჟორების მიწოდება-მონტაჟით, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 010 170 ლარის ოდენობით.“

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ ორი კვირის წინ უთხრეს, რომ ახალი ტრენაჟორების შეძენაზე ტენდერს 6 ივლისს გამოაცხადებდნენ, თუმცა ტენდერი ბულვარმა 20 ივლისს გამოაცხადა.

რატომ არ გამოაცხადეს ამ დრომდე ტენდერი? – ამ კითხვაზე პასუხად ბულვარის ადმინისტრაციიდან მოგვწერეს, რომ „სატენდერო დოკუმენტაცია დამუშავების პროცესში იყო“.

მიმდინარე ტენდერის პირობის მიხედვით, ლითონის კონსტრუქციის საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს არანაკლებ 5 წელს; ხოლო ტრენაჟორებისა და კაუჩუკის საფარის საგარანტიო ვადა – არანაკლებ 2 წელს.

ბულვარში დღეს არსებული ტრენაჟორები ძირითადად რუსული წარმოებისაა და ისინი, დაახლოებით 5 წლის წინ, 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, ბულვარმა 78 692 ლარად შეიძინა „ჯეო-პარკისგან“.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

„მიეცი თავს მეტისუფლება“ – თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია

ამ ზაფხულს რომელი მიზეზით აპირებ მოგზაურობაზე უარის თქმას? შვებულების აღების გამბედაობა არ გყოფნის თუ ორი თვის წინ დაწყებულ რემონტს არ უჩანს ბოლო? თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია, „მიეცი თავს მეტისუფლება“ სწორედ ამ მიზეზებზე გვიყვება, რომელთა გამოც ხშირად დავრჩენილვართ სახლში და გამოვრჩენილვართ ახალ თავგადასავლებს. ბევრი წვრილმანი არ წასვლის მნიშვნელოვან არგუმენტად გვეჩვენება ხოლმე, მაგრამ ვაღიაროთ, უცხო ქვეყნის მონახულებით მოგვრილ ემოციებს უარის თქმის ვერცერთი მიზეზი გაუტოლდება.

ხანდახან იმდენად ვბოჭავთ საკუთარ თავს აბსურდული მიზეზებით, რომ საბოლოოდ მოგზაურობა შორეულ თავგადასავლად გვეჩვენება და უკვე ჩვენგან გამბედაობასაც კი მოითხოვს. იმის შესახსენებლად, რომ მოგზაურობაზე უარის თქმის ნებისმიერი მიზეზი უმნიშვნელოა, თიბისი დაზღვევამ „სიტყვის მონასთან“ კოლაბორაციით შექმნა კამპანია, რომლის ვიდეო რგოლებშიც ვხედავთ, “ხორცშესხმულ” მიზეზებს, რომლებიც გვაკავებს და ხელს გვიშლის ახალი გამოცდილებების მიღებაში. კამპანიის კონცეფციაზე კრეატიულმა სააგენტო HOLMES&WATSON-მა იმუშავა, ხოლო ვიდეოების რეჟისორი გიორგი ქვლივიძეა.

„სიტყვის მონა“ ალტერნატიული ქართული ლექსიკონია, ლინგვისტური ექსპერიმენტებისა და სიტყვებით თამაშის მოყვარულებისთვის. სწორედ გამოგონილი, მაგრამ მაინც ნაცნობი სიტყვების გაჟღერებით  კომპანიამ დაგვანახა, თუ როგორ სასაცილოდ და უაზროდ ჟღერს ჩვენი მოგზაუარობა, ანუ როცა მოგზაურობაზე უარს ვამბობთ.

თიბისი დაზღვევა გაუმჯობესებული პირობების სამოგზაურო დაზღვევას გთავაზობს, რომელიც შენს საყვარელ ქვეყნებში ყოფნას მეტად ლაღსა და საიმედოს გახდის. სასურველი პაკეტის შეძენა მარტივად ჩატში, საიტზე ან აპში შეგიძლია. და როცა მიხვდები, რომ სანერვიულო არაფერია, მიეცი თავს მეტისუფლება.

ქობულეთში მოკლული 19 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებული ბრიტანეთში დააკავეს – პროკურატურა

დღეს, 21 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული ა.ბ.-ს გაერთიანებულ სამეფოში დაკავების ფაქტი.

ქობულეთში მოკლული 19 წლის გიორგი ალხანიშვილის დედამ, მარინა მაძღარაშვილმა „ბათუმელებს“ 19 ივლისს უთხრა, რომ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. 19 ივლისს „ბათუმელებს“ პროკურატურაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ მოაწოდეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველომ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 2023 წლის 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა.

„პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს და მას  საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 18 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად  გარდაიცვალა.

აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,“ – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ დღეს, 21 ივლისს, გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი: მკვლელობაში ბრალდებულის მამა, 2 ბიძა და 3 მეგობარი. მათგან ოთხს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან; ერთს – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას; ერთს – გამოსაკითხ პირზე განხორციელებულ ზემოქმედებას.

ამ საქმეზე ბრალდებულია სასულიერო პირიც – გელა ბაჟუნაიშვილს, მამა იობს, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით, სასულიერო პირი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ამ თემაზე:

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის დეტალები, რომელშიც სასულიერო პირიც ფიგურირებს

Exit mobile version