„შენ შენს საქმეს მიხედე,“ – გვითხრა ქობულეთში, ცხემვანის მონასტრის სასულიერო პირმა გელა ბაჟუნაიშვილმა, მამა იობიმ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ქობულეთში 19 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა.
სასულიერო პირს გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე.
ეს 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეა – 19 წლის გიორგი ალხანიშვილი დანით მოკლეს, მისი ცხედარი კი, ავტომანქანის საბარგულით გაიტანეს ტყისპირას და დამარხეს. საქმის მასალების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგი დანით დაჭრეს – მას სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს.
ამ საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება. მან საქართველოდან გასვლა მოახერხა. მას ამ დრომდე ეძებენ.
დანარჩენი ხუთი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაშია. დაკავებულებს გამოძიება, სასულიერო პირის მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ ბრალდებულს კი, დანაშაულის დაფარვას ედავება. ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება, სასულიერო პირისგან განსხვავებით.
გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს, ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს – სასულიერო პირს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გირაო შეუფარდა. ის 15 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბრალდებული სასულიერო პირი გელა ბაჟუნაიშვილი მკვლელობის საქმეზე მკვლელობაში ბრალდებულის – ა.ბ.-ს ბიძაა. სასულიერო პირს თავის ძმასთან ერთად წარუდგინეს ბრალი: ერთი ძმა პატიმრობაშია, ბრალდებული სასულიერო პირი კი, სასამართლომ გარეთ დატოვა.
დაკავებულებს შორისაა ასევე მკვლელობაში ბრალდებული ა. ბ.-ს მამა და კიდევ სამი ახალგაზრდა, ვისთანაც მოკლული ბიჭი მეგობრობდა.
„მე რაზეც საჭირო იყო, 500-ჯერ ხელი მოვაწერე და ჩემს საქმეზე თქვენ რა შუაში ხართ?“ – გვკითხა გელა ბაჟუნაიშვილმა. სასულიერო პირს განვუმარტეთ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეა, რაც ვერ იქნება მხოლოდ მისი პირადი საკითხი.
„ამოდი და დამელაპარაკე, თუ რამე გაინტერესებს, გავიცნოთ ერთმანეთი, არასერიოზულ და არაპროფესიონალ შეკითხვებს მისვამთ, თუ გინდა ამობრძანდი მონასტერში, მოილოცე, დავილაპარაკოთ ლოცვის შემდეგ, ვიტრაპეზოთ… მე და შენ ამ თემაზე ტელეფონში ვერ დავილაპარაკებთ,“ – გვიპასუხა გელა ბაჟუნაიშვილმა, მამა იობიმ.
სასულიერო პირს ამ საუბრის შემდეგ მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვით: როდის და რა ფორმით გაიგო ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ამბავი და რამდენად სწორია, როცა ერთსა და იმავე დანაშაულის ჩადენისთვის 5 ბრალდებული პატიმრობაშია, სასულიერო პირს კი, გირაო შეუფარდეს?
„მაგი გადაწყვიტა სასამართლომ და პროკურატურამ, შენ ვერ ერკვევი ვერაფერში და ჯობია, თქვენს საქმეს მიხედოთ,“ – გაღიზიანება არ დამალა სასულიერო პირმა და დაგვემშვიდობა.
რას ედავება კონკრეტულად პროკურატურა „ქობულეთში მომხდარი 19 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე“ კიდევ ერთ ბრალდებულს? – ინფორმაციის მიღება პროკურატურაში ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.
„ბათუმელებს“ ამ საქმეზე მომუშავე ადვოკატებმა დაუდასტურეს, რომ ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან, სასულიერო პირს კი გირაო შეუფარდეს. სასულიერო პირის ადვოკატმა, პაატა ბოლქვაძემ გვითხრა, რომ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა.
მოკლული გიორგი ალხანიშვილის დედის, მარინა მაძღარაშვილის თქმით, მას, როგორც დაზარალებულს, საქმის პროკურორმა დაახლოებით ერთი კვირის წინ შეატყობინა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ორი ბიძა დააკავეს, ერთ-ერთი სასულიერო პირია და სასამართლომ მას გირაო შეუფარდა.
„არ ვიცი, ზუსტად სად იყო სასულიერო პირი ამ შემთხვევის დროს… ვფიქრობ, ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. მხოლოდ ერთი ადამიანი ჩემს შვილს ვერ მოერეოდა. 18 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული დანით ჩემს შვილს.
სახლში იყვნენ ა.-ს ბებია და ბაბუა, ასევე მისი შეყვარებული, არ ვიცი, მათ რატომ არ აკავებენ,“ – ამბობს მარინა მაძღარაშვილი.
მოკლული 19 წლის გიორგი ალხანიშვილის დედა რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდა შვილის ადგილსამყოფელს, მიმართა პოლიციასაც. დანაშაულის კვალზე კი, თავდაპირველად მოკლული ბიჭის დედა გასულა.
„რომ გამოვკითხე ეს ბიჭები, მითხრეს, ტაქსით წავედით ქობულეთშიო, ერთ-ერთმა კი თქვა, რომ ბათუმიდან სოფელში წავიდნენ მკვლელობაში ბრალდებულის მანქანით და საჭესთანაც ის იჯდა. ეს რომ მოვისმინე, მაშინვე პოლიციაში წავედი. აშკარა იყო უკვე, რომ რაღაცას მალავდნენ.
ვიდეოჩანაწერი ამოვიღეთ, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ვცხოვრობთ და ვალუტის ჯიხურის კამერებია. კადრში დავინახეთ, რომ „ლექსუსში“ სხდებიან და მიდიან…
მკვლელობაში ბრალდებული ჩემი შვილის პარალელური კლასელი იყო – ბათუმში, სკოლაში რამდენიმე წელი ერთად სწავლობდნენ. მკვლელობაში ბრალდებულმა ქობულეთში, სოფელში, თავის ბებია-ბაბუასთან წაიყვანა მეგობრები. სტუმრად ასული ჩემი შვილი ასე წამებით მომიკლეს… მკვლელობაში ბრალდებულის მამამ დამარხა ჩემი შვილის ცხედარი და მეორე დღეს მითხრა, წითელი ტაქსით გამოვუშვით შუა ღამეზე თქვენი შვილიო.
ჩვენ დაახლოებით 15 წელია ვცხოვრობთ ბათუმში, იპოთეკით აღებულ ბინაში, თურქეთში, ქემალფაშაში გადავდიოდი და იქ ვმუშაობდი, გიორგი კახეთიდან პერიოდულად ჩამოდიოდა ჩემთან ბათუმში,“ – გვითხრა გიორგი ალხანიშვილის დედამ, მარინა მაძღარაშვილმა.
მარინა მაძღარაშვილის თქმით, დღეს, 19 ივლისს, მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული ა. ბ.
პროკურატურაში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, დაკავებულია თუ არა მკვლელობაში ბრალდებული პირი.
—————
საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პოლიციაში 2023 წლის 22 მაისს შევიდა „2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით [თავისუფლების უკანონო აღკვეთა] დაიწყო“.
გამოძიების ვერსიით, გიორგი ალხანიშვილს „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყისპირას დამარხეს,“ – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ 2023 წლის 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
26 მაისს პროკურატურამ ა.ბ.-ს მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ამავე დღეს დააკავეს ორი ბიჭი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ერთი კი – დანაშაულის დაფარვისთვის. რამდენიმე დღეში პროკურატურამ მკვლელობაში ბრალდებულის მამაც დააკავა.
„გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა. ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა“, – აღნიშნული იყო შსს-ს 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას.