მთავარი,სიახლეები

ძუძუთი კვების მხარდაჭერა – როგორ შეიქმნა „მომი“, მაღაზია ახალბედა დედებისთვის

23.07.2023 •
ძუძუთი კვების მხარდაჭერა – როგორ შეიქმნა „მომი“, მაღაზია ახალბედა დედებისთვის

2021 წელს, პანდემიაში, სამმა ქართველმა ქალმა: ქეთი თელიამ, ნინო ხაცაკვაძემ და ქეთა ლაბაძემ გადაწყვიტეს შეექმნათ ონლაინმაღაზია, სადაც მხოლოდ ორსულობასა და ლაქტაციასთან დაკავშირებულ ნივთებს გაყიდდნენ და პარალელურად ორსულ და მეძუძურ დედებს გაუზიარებდნენ გამოცდილებას.

ქეთი თელია და ნინო ხაცაკვაძე

„მომი“  – ასე ეწოდება მაღაზიას, რომელიც უკვე მეორე წელია მუშაობს და აქ იპოვით ყველა იმ ნივთს, რაც  აუცილებელია დედისა და ბავშვის თანაცხოვრების პირველი 24 თვის განმავლობაში, იქნება ეს საწველი აპარატები, საფენები ლაქტაციის დროს დედებისთვის, ტკივილგამაყუჩებელი კრემები თუ ბავშვებისთვის უსაფრთხო საძილე ტომრები.

ონლაინმაღაზიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათთვის „მომი“, ბიზნესის გარდა არის მეძუძური დედების მორალური და სოციალური მხარდაჭერის საშუალებაც.

„მომის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ქეთა ლაბაძე გვიყვება, რომ ყველაფერი დაიწყო ფეისბუქჯგუფით – „ლაქტაცია და განვითარება“, რომელიც აშშ-ში მცხოვრებმა ქეთი თელიამ დააარსა. ჯგუფი, რომელშიც თავიდან 14 წევრი იყო, ახლა აერთიანებს 40 ათასამდე ქალს, რომლებსაც ლაქტაციაზე სურთ ინფორმაციის მიღება და გაცვლა. სწორედ ამ ჯგუფის მოდერატორები იყვნენ ქეთა ლაბაძე და ნინო ხაცაკვაძე.

ქეთა ლაბაძე

„პანდემიისას ნინოს იდეა იყო, გაგვეკეთებინა ონლაინმაღაზია ლაქტაციით დაინტერესებული დედებისთვის, რადგან ვხედავდით, რა საჭიროებების წინაშე დგანან ქალები, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს.

ეს არის ონლაინმაღაზია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ პროცესები, რისი გავლაც უწევს ქალს ორსულობისას, მშობიარობისას, ლაქტაციისას და ბავშვის განვითარების პირველ ეტაპებზე, გამარტივებული იყოს და ის პროდუქტები, რომლებიც ასე ხელმისაწვდომია განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენი დედებისთვისაც გახდეს ცნობილი და ყოფა შეუმსუბუქდეთ.

ლაქტაციასთან დაკავშირებული, ამ პროცესის გასაიოლებელი პროდუქტები საქართველოში ან დეფიციტშია, ან არ არსებობს, ან დაბალი ხარისხისაა და დედებს მუდმივად უწევთ გამოწერა. საუბარია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: საწველი აპარატები, ჰააკები, რძის შესანახი პარკები, კონტეინერები, ლაქტაციის ბალიში, კრემი, რომელიც ხელს უშლის ძუძუსთავების დაზიანებას და დედას არ უწევს ტკივილის ატანა, რომელზეც ხშირად ამბობდნენ ადრე, რომ უნდა მოითმინო და გაივლის.

ასე არ არის, დედა რომ ხდება ქალი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ტკივილის ატანის ვალდებულება აქვს. არ არის ამის ვალდებულება და არც საჭიროება 21-ე საუკუნეში, როცა მდგომარეობის შემამსუბუქებელი პროდუქტები არსებობს“, – ამბობს ქეთა ლაბაძე.

იგი ამბობს, რომ „მომიში” წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი საბავშვო ბრენდების პროდუქცია, რომელიც უსაფრთხოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, პროდუქციის 95 პროცენტი „მომიში“ აშშ-დანაა ჩამოტანილი, თუმცა, ქეთას თქმით, „მომი“ არის ადგილი, სადაც დედებს არამხოლოდ საჭირო ნივთების შეძენა შეუძლიათ, არამედ კონსულტაციის მიღებაც ლაქტაციის მრჩევლებისგან:

„ჩვენ მარტო პროდუქციას არ ვყიდით, ჩვენ ვაცნობთ ამ პროდუქტებს დედებს დაწვრილებით, ვუწევთ კონსულტაციას მათი მოხმარების შესახებ.

გვაქვს ლაქტაციის მრჩევლის სტატუსი, საგანგებოდ გავიარეთ სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სპეციალური მოკლევადიანი კურსი, რომელსაც გადიან ის ადამიანები, რომელთაც აინტერესებთ ლაქტაციის შესახებ ინფორმაცია.

„მომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთი თელია აშშ-ში ცხოვრობს და სწორედ ის გვეხმარება სწორი ასორტიმენტის შექმნაში.

ჩვენი მიზანია, დედებს ავარიდოთ ტკივილი, ყველა ოპერატორი გადამზადებულია, რომ საჭირო კონსულტაცია გაუწიონ დედებს შიშის, დისკომფორტის დაძლევაში, რაც ახლავს თან ლაქტაციის პროცესს.

ასევე, შევქმენით პროდუქტი, რომელიც ძალიან მოთხოვნადია განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენთან კი არ იშოვება – ესაა დედის ნაკრები მშობიარობის წინ. აქ არის ყველა ის პროდუქტი, რომელიც მშობიარე დედას სჭირდება. ჩვენთან ამ საჭირო ნივთების შესახებ ძირითადად არც კი გაფრთხილებენ. ასეთ ნაკრებში შედის საფენები, დასაბანი საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები დედებისთვის… ესაა პოსტსამშობიარო ბოქსი, რომელიც ძალიან დაეხმარება დედებს“, – ამბობს ქეთა ლაბაძე.

„მომის“ პროდუქცია

ქეთა თავადაც დედაა და ლაქტაციის მხარდამჭერია. საჯარო სივრცეებსა და მედიაში ხშირად საუბრობს ლაქტაციის მნიშვნელობასა და იმ პრობლემებზე, რასაც დედები აწყდებიან საქართველოში:

„ახალბედა დედები, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს, არიან ძალიან დიდი წნეხის ქვეშ, ოჯახისგან, საზოგადოებისგან, ექიმებისგან… მათ აიძულებენ დაეჭვდნენ, საერთოდ შეუძლიათ თუ არა საკუთარი შვილის გამოკვება.

თუ ჰიპერლაქტაცია არ აქვს დედას, სულ ეკითხებიან -ჰყოფნის ბავშვს? მშიერი ხომ არ არის? – როცა ახალბედა დედა ხარ, პირველად გიჭირავს ბავშვი ხელში და ამას გეკითხებიან, გეშინია, ფიქრობ, რომ იქნებ მართლაც მშიერია შენი შვილი.

ძალიან ბევრი საქმე აქვთ დედებს, ოჯახზეც უნდა იზრუნონ, ბავშვზე, ჭამის დროც კი არ რჩებათ ხშირად… ვერ ექნება ასე დაკავებულ დედას რძე, თუ მისი პრიორიტეტი არ არის შვილი, მას ვერ გამოკვებავს“, – ამბობს ქეთა.

ის ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკა ლაქტაციის მხარდასაჭერად:

„ჩვილების ხელოვნური კვება წამყვანია ღარიბ ქვეყნებში, განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისგან, სადაც დედების უმეტესობას ბუნებრივ კვებაზე ჰყავს ბავშვი.

კანონმდებლობით „ფორმულის“ [ბავშვთა ხელოვნური კვება] რეკლამირება აკრძალულია, ამ დროს პედიატრთან მიდიხარ და კაბინეტებში ყველგან ხელოვნური კვების რეკლამებია გამოკრული.

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ზრუნვა ლაქტაციის პოპულარიზაციაზე, მხარდაჭერაზე.

მინიმუმ ის ხომ შეიძლება, რომ რომ ყველა კლინიკა იყოს ვალდებული, ჰყავდეს ლაქტაციის სპეციალისტი, როგორც ეს აშშ-შია. პედიატრებმა მოხსნან „ფორმულის“ რეკლამები და მთავრობამ პედიატრები შეამოწმოს, მათთან აღრიცხული რამდენი ბავშვია ხელოვნურ კვებაზე?!“

ქეთიმ ჩვენთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ „მომი“, მიუხედავად იმისა, რომ მცირე კომპანიაა, თავს არ არიდებს სოციალურ პასუხისმგებლობას და მონაწილეობს „ლაქტაცია და განვითარების“ ჯგუფში დაგეგმილ აქციებში სოციალურად დაუცველი დედებისთვის.

ქეთი ამბობს, რომ „მომის“ შემდეგი ნაბიჯი მაღაზიის გახსნაა, სადაც დედები საკუთარი ხელით შეარჩევენ პროდუქტებს, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია – „მომიმ“ ბათუმში გახსნა საწყობი ჰაიდარ აბაშიძის #53-ში, სადაც ბათუმელ მომხმარებელს შეკვეთილი ნივთის აღება იმავე დღეს შეუძლია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: