ანდრიივკის გათავისუფლებისას რუსეთის 72-ე ბრიგადა გავანადგურეთ – უკრაინელი მებრძოლები

15 სექტემბერს უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასხმის შედეგად დაამყარეს კონტროლი სოფელ ანდრიივკაზე, განაგრძეს შეტევა და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის რეგიონში, კლიშჩეევკას რაიონში.

უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა ანდრეევკაში რუსული გარნიზონი ალყაში მოექცეს, გაანადგურეს და ანდრიივკის აღება და დაკავება იქნება ბახმუტიდან მარჯვენა ფლანგის გარღვევის გასაღები.

„მესამე ცალკეულმა თავდასხმის ბრიგადამ გაათავისუფლა დასახლება ანდრიივკა, რუსეთის ფედერაციის 72-ე მოტორიზებული მსროლელი ბრიგადა განადგურებულია.

ელვისებური ოპერაციის შედეგად ანდრიივკას რუსული გარნიზონი ალყაში მოექცა, ძირითად ძალებს მოწყდა და განადგურდა.

ორ დღეში მესამე ცალკეულმა თავდასხმის ბრიგადამ შეძლო მტრის ბრიგადის დაზვერვის უფროსის, სამი ბატალიონის მეთაურის, ოფიცრების და 72-ე ბრიგადის თითქმის მთელი ქვეითი ჯარის ლიკვიდაცია მნიშვნელოვან აღჭურვილობასთან ერთად.

ანდრიივკას აღება არის ჩვენი გზა ბახმუტიდან მარჯვენა ფლანგზე გარღვევისკენ და ყველა შემდგომი შეტევის წარმატების გასაღები.

ჩვენ მაღალ ფასს ვიხდით ამ ბრძოლების შედეგებზე. და თითოეული ჩვენი მებრძოლის სისხლი მხოლოდ სისხლით გადაიხდება“ – დაწერა უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადამ ტელეგრამზე დღეს, 15 სექტემბერს.

______________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი

ცოლს ფეხები ჩაარტყა მუცელში, წაქცეულს კი ხელი მოუჭირა ყელზე – რა თქვა სასამართლომ

„ძლიერად მოქაჩა თმა, ფეხები ჩაარტყა მუცელში და ძირს წაქცეულს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე,“ – ასეა აღწერილი სასამართლო დოკუმენტებში ქმრის მიერ ცოლზე ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევა. ამის მიუხედავად ძალადობაში ბრალდებული კაცი სასამართლომ გაამართლა.

 

აქ წაიკითხეთ: რატომ არ სჯიან მოსამართლეები ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ქმრებს – ექსპერტების შეფასება

 

ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მაჩვენებელმა იმატა, რასაც მოსამართლეები ძირითადად ისევ ძალადობის მსხვერპლ ქალებს უკავშირებენ – მათ დუმილი აირჩიეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ ნამტირალევმა ქალმა და მისმა დედამ, რომელიც მოწმედ იყო სასამართლოში გამოძახებული, უარი განაცხადეს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

შესაბამისად, ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ეს კაცი ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.

გამოძიების ვერსიით კი, ბრალდებულმა სამჯერ, სხვადასხვა დროს სცემა ცოლს.

„…დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ჯ. ზ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ი. ჯ-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა ყურის არეში, რის შედეგადაც დაზარალებული დაეცა საწოლზე, ხოლო შემდეგ ფეხები და ხელები ჩაარტყა მუცელში და ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე… ძლიერად მოქაჩა თმა, ფეხები ჩაარტყა მუცელში და ძირს წაქცეულს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე,“ – ეს ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის აღწერაა ბრალდების შესახებ დადგენილებიდან.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის ბინაში იპოვეს ნედლი მარიხუანაც 42, 355 გრამი. სასამართლომ მხოლოდ ამ ნაწილში მიიჩნია დამნაშავედ ჯ. ზ. და მას ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ეს ჯარიმაც შეუმსუბუქდა ბრალდებულს, რადგან პატიმრობაში იყო 29 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე.

საბოლოოდ ჯ.-ს 2 ათასი ლარის გადახდა მოუწია.

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დატოვა, პროკურატურას უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს:

გამოძიება ამ საქმეზე 2021 წლის 28 სექტემბერს დაწყებულა, როცა ქალს 112-ში დაურეკავს და უთქვამს: „მეუღლე მახრჩობს“.

„…მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2021 წლის 28 სექტემბერს ი. ჯ-ს მიერ 112-ში შესული შეტყობინება, რომ „მეუღლე ახრჩობდა“, რაც მან ასევე დაადასტურა გამოკითხვისას. სხვა მტკიცებულებები კი მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ ,,ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა.

დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის შედეგად უნდა შეფასდეს“.

მოცემულ შემთხვევაში შეტყობინების ინიციატორმა ი. ჯ-მ, რომელიც გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, გამოძიების დაწყების შემდეგ აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიაწოდა ინფორმაცია ძალადობის ფაქტის შესახებ, ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოს არ მიაწოდა ჯ. ზ-ის მამხილებელი ინფორმაცია, რაც ძალიან ჰგავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ქცევას,“ – მიუწერია პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის.

„დაზარალებულმა ი. ჯ–სამ [მეუღლემ] და მოწმე ე. ზ–მა [დედამ] უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა და მოწმემ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ჯ. ზ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

საქმეში წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა ქალის სხეულზე დაზიანებები, თუმცა უზენაესი სასამართლო აღნიშნავს:

„მართალია, ზემოაღნიშნული დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანება, მაგრამ სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ი. ჯ–სამ მიიღო ჯ. ზ.–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად და რომ მან აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, წარმოდგენილი არ არის, თვითონ დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია.,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

პროკურორ აკაკი მოქერიას საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

___

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

55 ათასი პირველკლასელი – ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, 15 სექტემბერს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 55 ათასზე მეტი პირველკლასელი დაიწყებს სწავლას.

ბათუმში, საჯარო სკოლებში 4 089 პირველკლასელი მივიდა.

განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არ გამოუქვეყნებია ანგარიში, ქვეყნის მასშტაბით რამდენი სკოლა გარემონტდა ან ახალი აშენდა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 სექტემბრის 21 საათიდან 16 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 22– 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17 და 18 სექტემბერს ზოგან დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

„სახლში რომ ვყოფილიყავით, ახლა ცხედრები ვიქნებოდით“ – რეპორტაჟი დამეწყრილი გურიიდან

14 სექტემბრის მონაცემებით, გურიაში განვითარებული სტიქიის შედეგად საკუთარი საცხოვრებელი ადგილი უნდა დატოვოს მინიმუმ 306-მა ოჯახმა.

გეოლოგების წინასწარი დასკვნით, მათი სახლები მეწყერსაშიშ ნიადაგზე დგას და საფრთხე, რომ სტიქია განმეორდეს, ისევ არსებობს.

საკუთარი სახლის დატოვება ოზურგეთის სოფლებში 136 ოჯახს მოუწევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კი 170 ოჯახს.

სტიქიის ზონიდან დროებით გაყვანილია 514 ოჯახი. ნაწილი სასტუმროებში დააბინავეს, ნაწილმა კი ნათესავებთან არჩია ცხოვრება.

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და ის შეიძლება გაიზარდოს. მეწყერი, რომელმაც ასობით ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, გურიაში 8 სექტემბერს მოხდა.

გურიაში, სოფელ ჯუმათში მცხოვრები გენადი ფაცურიას 6 სულიანი ოჯახი 7 სექტემბერს თბილისში წავიდა. გენადის მეუღლე იტალიაში 6 წლიანი ემიგრაციიდან ბრუნდებოდა და ოჯახმა გადაწყვიტა მას აეროპორტში დახვედროდა.

8 სექტემბრის დილას გენადის მეზობელმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი სახლი მეწყერმა დაანგრია.

„სახლში რომ ვყოფილიყავით ალბათ ახლა ცხედრები ვიქნებოდით. იმ დონეზეა დანგრეული. საძინებლები ისეთ მდგომარეობაშია, დიდი ალბათობით დავიღუპებოდით. გამთენიისას მოხდა, როცა ყველას სძინავს,“ – გვიყვება გენადი და მთის ფერდზე მიგვანიშნებს, სადაც ნატეხებად ქცეული სახლი ჩანს.

გენადის სახლი სოფელ ჯუმათში იმ ადგილას იდგა, სადაც მეწყრული მასა ჩამოიშალა. მეწყერმა მთლიანად დამარხა ფუტკრის სკა, სასიმინდე და სხვა დამხმარე სათავსოები. ადიდებულმა ხევმა დაანგრია ხიდი, რომელიც გენადის სახლთან მისასვლელ ერთადერთ გზაზე იყო გადებული.

„65 წლის სახლი მქონდა. ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იყო. მისი დახმარებით ნელ-ნელა ვარემონტებდით. ახალგაკეთებული რაღაცებიც ფუჭად გავაკეთეთ, ყველაფერი დაინგრა. მე სოფელში დავრჩი, ახლობელთან ვათევ ღამეს. ურეკში, სასტუმროში შემოგვთავაზეს გადაყვანა, მაგრამ შორსაა და ყოველდღე იქიდან ვერ ვივლიდით. ვცდილობ სახლიდან მცირედი მაინც გადავარჩინო – ჭურჭელი, ტანსაცმელი, ხის და რკინის მასალა,“ – გვიყვება გენადი ფაცურია.

გენადი ფაცურიას საცხოვრებელი სახლისგან ერთი კედელი, ნახევარი სახურავი და ნანგრევებია დარჩენილი

გენადის თქმით, ჯერ ადგილობრივ მთავრობას რამე კონკრეტული არ შეუთავაზებია მისთვის. იმედია აქვს, რომ დაეხმარებიან, თუმცა არ იცის სად და როგორ გააგრძელებს ცხოვრებას.

„ახლა ჯუმათში ყველაფერი დამეწყრილია. გვერდით უბნიდან სრულად გაასახლეს მოსახლეობა. სულ მოძრავი მიწებია. რომ დადგა სახლი, 10-15 წელიწადში შეიძლება ისევ დაინგრეს. მთელი ცხოვრება აქ გავატარე. თუ შევეგუებით სხვაგან, არ ვიცი,“ – გვეუბნება გენადი ფაცურია.

ჭოკლაურის უბნად მოიხსენიებენ სოფელ ჯუმათში უბანს, რომელიც ოზურგეთის მერიამ სრულად გაასახლა. ჭოკლაურის უბნის თავზე მთა დახეთქილია და მიწა მოძრაობს. სოფელში გეოლოგებისგან ზეპირად იციან, რომ იქ ცხოვრება დაუშვებელია. მთის ძირას 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლი ყველა მათგანმა დატოვა.

ჯუმათში, ჭოკლაურის უბანში ადგილობრივებმა სახლები დატოვეს. მთის ნაწილი, რომელიც უბანს თავზე ადგას, 8 სექტემბერს ჩამოიშალა. მიწა დახეთქილია და სტიქიის განმეორების საფრთხე ისევ არსებობს

ერთადერთი, ვისაც ჭოკლაურის უბანი არ დაუტოვებია, ქალდანების ოჯახია. თამაზ ქალდანი და მისი მშობლები ჯუმათში 1987 წელს გადმოასახლეს, ლენტეხში მომხდარი სტიქიის შემდეგ. ზვავს გამოქცეული ოჯახი გურიაში დასახლდა, მაგრამ ახლა მეწყრის გამო უწევს ისევ საცხოვრებელი სახლი დატოვოს.

„ჩემს მოხუცებს მიცვალებული ჰყავთ აქ და არ მოდიან. ჩვენ წავიდეთ და მოხუცები დავტოვოთ, არ გამოვა,“- გვიხსნის მათი სოფელში დარჩენის მიზეზს სოფიკო ქალდანი, თამაზის მეუღლე.

„ესენი რომ აქ დავტოვო, მე რა დამასვენებს. ყველაფერი ვცადე, დაველაპარაკე, მაგრამ უშედეგოდ. თან დედა ლოგინადაა ჩაწოლილი,“- საუბარში გვერთვება თამაზ ქალდანი.

თამაზი და მისი ოჯახი სტიქიის ღამეს მეზობლის ეზოში მოწყობილმა აუზმა გადაარჩინა. მთიდან ჩამოსულმა მეწყრულმა მასამ და ქვა-ღორღმა აუზი ამოავსო და მათ სახლამდე ვეღარ მიაღწია.

„მაგრამ ახლა აღარაფერია რაც ამ მიწას დააკავებს,“ – გვეუბნება სოფიკო ქალდანი. სოფიკო და თამაზი სტიქიიდან მესამე დღეს ხეობაში შევიდნენ და ეცადნენ სტიქიის საწყისი წერტილი ეპოვათ. აღმოჩნდა, რომ მთის წვერზე წყალი დაგროვდა, ტბად იქცა, ძლიერი წვიმის დროს კი გადმოხეთქა და რაც გზად შეხვდა, ყველაფერი წამოიღო.

ქალდანების ოჯახმა არ იციან, როდის დატოვებენ სოფელს.

„ყურადღება ადგილობრივი მთავრობიდან არ გვაკლია, ყოველდღე გვირეკავენ, თუ სურვილი გაქვთ, გადაგიყვანთო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოხუცები ვერ დავიყოლიეთ გადასვლაზე, ვრჩებით ადგილზე,“ – გვიხსნის სოფიკო ქალდანი.

ჯუმათში 8 სექტემბრის ღამეს 11 წლის ბიჭი დაიღუპა. სახლი, სადაც ბიჭს ეძინა, მეწყერმა ჩაიტანა.

82 წლის თინა რუსიძე დაიღუპა სოფელ სილაურში. მის ორსართულიან სახლს ჩამოშლილი მთის ფერდი დაეცა და სრულად დაანგრია. თინას ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ იპოვეს. სახლისგან ახლა აღარაფერია დარჩენილი.

აქ 7 სექტემბერს თინა რუსაძის 2-სართულიანი სახლი იდგა
ახლა სახლისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი

თინა რუსიძის ამბავს მისი მეზობელი, ლიანა პაიჭაძე გვიყვება.

„მუხლჩაუხრელად მუშაობდა თინა – თხილს ხიკავდა, ნიგოზი ჰქონდა, ქსოვდა, ყველა საქმეს აკეთებდა. მარტო იყო იმ ღამეს სახლში. თავდაუზოგავად იმუშავეს მაშველებმა, რომ ამოეყვანათ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს,“ – ამბობს ლიანა პაიჭაძე.

არანაკლები გასაჭირი ადგას თავად ლიანას. მისი ეზო დაიტბორა. მუხლამდე წყალი იყოო – ამბობს.

„მთელი ღამე მაშველივით იმუშავა ჩემმა შვილმა. რაღაცნაირად გადავირჩინეთ თავი. საგანგებო სიტუაციაზე საგანგებო ამბავი იყო. ზარალი ყველა ოჯახშია,“ – ამბობს ლიანა პაიჭაძე.

ნესტან ჩარკვიანი და ლიანა პაიჭაძე სოფელ სილაურში, დამეწყრილ გზასთან

„ბუნებამ ცხოვრებაში არაფერი არ დამაკლო,“ – საუბარში ერთვება ლიანას მეზობელი, სოფელ სილაურში მცხოვრები ნესტან ჩარკვიანი.

ნესტანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურიდანაა. სილაურში ის წლების წინ დასახლდა, როცა მის მშობლიურ სოფელში ზვავი ჩამოწვა და მთავრობამ სოფლის მაცხოვრებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გადაასახლა.

„აქაც მომყვა შვილო ზვავი. ყოველდღე სიკვდილი მემუქრება. სად წავიდე? ავარიულ მდგომარეობაშია მთელი სილაური. სახლი არ მაქვს ამჟამად, არ იცხოვრება იმაში, რაც მქონდა. ყველა დღე სიკვდილს ვებრძვი. ბომბზე ვართ რვა სული. ექვსი შვილიშვილი მყავს,“ – გვიყვება ნესტან ჩარკვიანი.

რესპონდენტები გვიყვებიან, რომ მეწყერმა გაანადგურა მათი საცხოვრებელი სახლი, უწევთ გადასახლება სხვაგან, რომ არ აქვთ წამლის ფული, ცხოვრობენ უკიდურეს, გაუსაძლის გაჭირვებაში, დაკარგეს შემოსავლის მთავარი წყარო – თხილის ბაღები.

გვიყვებიან, რომ ეშინიათ იმ სახლებში ცხოვრება, მაგრამ ამავდროულად არც ეთმობათ დასატოვებლად მშობლიური ადგილები.

თუმცა, მიუხედავად იმ გაუსაძლისი სიტუაციისა, რასაც აღწერენ და რაშიც უწევთ ცხოვრება, „ბათუმელების“ მიერ ჩაწერილი რესპონდენტები მადლობას უხდიან მთავრობას, სტიქიის დროს მათთან „ვალინკებით“ მისულ ოზურგეთის მერს და სხვა ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, რადგან იმედი აქვთ, რომ მთავრობა ყურადღებას მიაქცევთ.

ასე გამოიყურება ევგენიძეების ხეხილის ბაღი სოფელ გულიანში. მეწყერმა მიწა შუაზე გახლიჩა

ოფიციალური ინფორმაციით გურიაში განვითარებული სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დატოვება 306 ოჯახს უწევს.

ოფიციალურ უწყებებში ამბობენ, რომ ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან გეოლოგები მუშაობენ და ინფორმაცია მუდმივად ახლდება.

ჯერჯერობით უცნობია განსახლების დეტალები. ადგილობრივი მთავრობა ვერ პასუხობს კითხვებს – რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ გასახლების სიაში მყოფი ოჯახები?

დაეხმარება თუ არა მათ მთავრობა საცხოვრებელი სახლების შეძენაში და როგორ ანაზღაურდება ის მორალურ-მატერიალური ზარალი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრებს მიადგათ.

ხულო-ზარზმის გზა დღეს – ფოტორეპორტაჟი

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის გასწვრივ დამეწყრილი ადგილების გამაგრების სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „არალმა“, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება 15,2 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული, ფერდსამაგრი სამუშაოები 8 ადგილზე უნდა ჩაატაროს. კომპანიას 1,5 მილიონი ლარი ავანსად ორი დღის წინ გადაურიცხეს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე მუშაობს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“, რომელთანაც ხელშეკრულება ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული [ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტი].

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გზის გასწვრივ ცენტრალური გაზსადენიც გაჰყავთ.

დამეწყრილი ადგილებისა და აღნიშნული სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხულო-გოდერძის გზაზე გართულებულია.

ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში /13.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები
ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში / 13.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები
ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში / 13.09.2023 /კომპანია „არალი“ აქ ფერდსამაგრ სამუშაოებს ატარებს / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

„ფერდსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანია „არალზე“ წერილობითი დავალება გაცემულია. რამდენიმე ლოკაციაზე კომპანია უკვე მუშაობს, დანარჩენ ლოკაციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება. ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ სამუშაოები დაწყებულია“, – უთხრეს „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში.

ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში და გაზიფიკაციის სამუშაოები / 13.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

მაგისტრალის გასწვრივ, ხულოს ტერიტორიაზე, ხულო-გოდერძის ცენტრალური გაზსადენის მილებიც გაჰყავთ.

ამ გაზსადენის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები თავის დროზე შეჩერდა. მიზეზად როგორც სამინისტროში, ასევე მშენებელ კომპანიაში მაშინ ხულო-გოდერძის ავტომაგისტრალის დაგეგმილი მშენებლობა დაგვისახელეს.

ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში / 13.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

კომპანია „სინოჰიდრო“ ხულო-ზარზმის გზას ორ ლოტად აშენებს [ხულო-გოდერძის უღელტეხილი და უღელტეხილი-ზარზმა]. გზის კაპიტალურ რეკონსტრუქციაზე ორივე ლოტზე „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულებები ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული.

ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში / 13.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები
ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში / 13.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახლა ტენდერებში გამოავლინეს გამარჯვებულად „სინოჰიდრო“.

სამუშაოები 2 ლოტად შემდეგნაირად ფინანსდება:

  • პირველი: ხულო-გოდერძის უღელტეხილი – სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ.
  • მეორე: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამ მონაკვეთებზე სამუშაოების დასრულება [დეპარტამენტის ინფორმაციით] დაგეგმილი იყო 2023 წელს, თუმცა ვერ დასრულდება.

გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყების პარალელურად განვითარდა რამდენიმე მეწყერი, გზების დეპარტამენტმა კი ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება ცალკე ტენდერის ფარგლებში გადაწყვიტა [ამ სამუშაოებს ატარებს სწორედ „არალი“, რომელსაც სამუშაოების დასასრულებლად ვადა დღეიდან 8 თვეზე მეტი აქვს.]

  • ხულო-ზარზმის გზაზე, სოფელ ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით ასფალტის დაგება დაწყებულია.
ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში / 13.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები
ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში / 13.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები
ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში / 13.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ყველა იმ უბანზე, სადაც ფერდი უნდა გაამაგრონ, „საშიში გეოდინამიკური პროცესებიდან გავრცელებულია ჩამოქცევითი, ჩამონაშალები და მეწყრული პროცესი, რომლებიც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობიდან გამომდინარე, კერძოდ, გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შედეგია“.

„არალი“ ამჯერად ფერდს შემდეგ ადგილებში გაამაგრებს:

  • სოფელ ჯვარიქეთის ტერიტორიაზე [დაზიანებული მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 55 მეტრი], სოფელ ტაბახმელას განაპირა ნაწილში [55 მეტრი და 70 მეტრი], სოფელ ტაბახმელაში [120 მეტრი], სოფელ შუასოფელში [150 მეტრი], სოფელ დანისპარაულში [60 მეტრი, 55 მეტრი და 80 მეტრი].
ბათუმი-ახალციხის გზა ხულოში / 13.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, გარდა ზემოთ აღნიშნული 8 ადგილისა, კიდევ არის 9 დამეწყრილი ადგილი, სადაც ფერდობის აღდგენა აუცილებელია.

როგორც დეპარტამენტში გვითხრეს, ამ ადგილების გამაგრებაზე ტენდერი ცალკე გამოცხადდება. ბუნებრივია, ამ სამუშაოებშიც დამატებითი თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან და შესრულებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.

2023 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მეორე ტენდერი დანარჩენი ადგილების გამაგრებაზე, ჯერ გამოცხადებული არ აქვს.

პირველი ტენდერი გზების დეპარტამენტს 15 359 794 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე ვრცლად:

ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 271 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
  • ტანკი – 4 612 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 8 814 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 5 972 ერთეული [+28]
  • MLRS – 774 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 521 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 714 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 492 ერთეული [+34]
  • სპეცტექნიკა – 889 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 249 ვერტმფრენი
  • 6 800 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 865 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 150 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 394 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 019 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

ანდრიივკის გათავისუფლებისას რუსეთის 72-ე ბრიგადა გავანადგურეთ – უკრაინელი მებრძოლები

ალტაში გაზის გამათბობლებზე ფასდაკლებაა – მოემზადე ზამთრის სეზონისთვის

❄️ მოემზადე ზამთრის სეზონისთვის 🥶

🏠 შეიძინე AKOG-ის უკრაინული გაზის გამათბობლები ალტაში მხოლოდ 349₾-დან 🔥

👉 დეტალურად: https://alta.ink/3PlyLPj

რა ვჭამოთ მაღალი ქოლესტერინის დროს – ენდოკრინოლოგის რჩევები

სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გულის დაავადებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკებს ზრდის. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში გვეხმარება, თუმცა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგის, თეონა გოგიტიძის თქმით, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა და ჯანსაღი კვება. ენდოკრინოლოგი პასუხობს „ბათუმელების“ კითხვებს – რომელი საკვებია კატეგორიულად დაუშვებელი მაღალი ქოლესტერინის დროს, რომელი – სასარგებლო და რატომ. 

  • თავიდან რომ განვსაზღვროთ, რა არის მაღალი ქოლესტერინის რისკ-ფაქტორები?

ქოლესტერინის მაღალი დონის რისკ-ჯგუფში არიან პაციენტები, ვისაც აქვს პირველ რიგში გენეტიკური წინასწარგანწყობა მაღალი ქოლესტერინისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მიმართ; ის პაციენტები, ვისაც აქვთ ჭარბი წონა/გაცხიმოვნება და დაბალი ფიზიკური აქტივობა; ასევე, ადამიანები ,რომელთაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

  • რა მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში ცხოვრების არაჯანსაღი წესის შეცვლას?

ეს უცილებელი პირობაა. სამწუხაროდ, კვების რაციონში ე.წ. ფასთ ფუდის მოჭარბებამ და არანორმირებულმა სამუშაო რეჟიმმა, მოამატა წონა და შეგვიმცირა ფიზიკური აქტივობა; ფიზიკური აქტივობის მომატება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისთვის. მართალია, პირდაპირ ქოლესტერინის დაქვეითებას არ იწვევს, მაგრამ იწვევს წონის კორექციას, ხელს უშლის ჭარბი წონის განვითარებას და იმას, რომ არ დაირღვეს ცხიმოვანი ცვლა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე გულისხმობს ისეთ მავნე ჩვევებზე უარის თქმას, როგორიცაა თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.

  • როგორი საკვები არ უწყობს ხელს ან აძლიერებს ქოლესტერინის დონის მატებას?

ქოლესტერინი ძირითადად უფრო გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიაა, თუმცა ენდოკრინოლოგიური პრობლემაცაა იმდენად, რამდენადაც ე.წ. მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ გამოხატული მაღალი ქოლესტერინი და დარღვეული ლიპიდური ცვლა. 

ჯანდაცვის სამინისტრო: „მეტაბოლური სინდრომით“ აღინიშნება კლასტერად წოდებული დარღვევათა კომპლექსი, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ტიპის სიმსუქნე, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპერტენზია და ათეროგენული დისლიპიდემია, რაც შეიძლება წარმოჩინდეს ტრიგლიცერიდების დონის მატებით და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტეროლის მომატებით.

ბუნებრივია, იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ ეს რისკ-ფაქტორები და ეს კლინიკური სინდრომები, უფრო მეტად არის მაღალი ქოლესტერინის განვითარების რისკი და მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ კვების რაციონთან მიმართებაში.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი პროდუქტები.

საქმე ის არის, რომ ამ პროდუქტებშიც ცხიმოვანი შემცველობა სხვადასხვაა. მაგალითად, არის სასარგებლო ცხიმები და არის მავნე ცხიმები. მაგალითად, ცხიმი რომელიც თხევად მდგომარეობაშია – ზეითუნის ზეთი, მზესუმზირას ზეთი, ქოქოსის ზეთი – შედარებით უფრო სასარგებლოა ვიდრე მყარი ცხიმები – ჩვეულებრივი რაფინირებული კარაქი, მარგარინი და ამ ცხიმებისგან დამზადებული პროდუქტები (მაგალითად, მაიონეზი). თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თხევადი ცხიმიც რეკომენდებულია ზომიერი დოზით. 

კატეგორიულად აკრძალულია ცხიმიანი ხორცი, რომელიც დამზადებულია, შემწვარია ცხიმში. ნაკლებად საზიანოა უცხიმო თევზი, ორთქლზე მოხარშული და არა შემწვარი

არ შეიძლება სახლში მომზადებული რძის პროდუქტები, მაგალითად: სახლის მაწონი, სახლის ყველი, სულგუნი. უფრო სასარგებლო და ნაკლებად საზიანოა მოხდილი რძით მომზადებული ყველი, მაგალითად ასეთია აჭარული დაწნული (ჩეჩილი) ყველი, რომელიც უცხიმო რძისგან მზადდება. რაც უფრო ნაკლებ ცხიმიანი იქნება, მით უკეთესია.

რძის პროდუქტების შეძენისას, იქნება ეს იოგურტი, ხაჭო თუ კეფირი, ყურადღება მიაქციეთ, რომ მათი შემცველი რძე იყოს ქარხნული წესით დამზადებული და ნაკლებ ცხიმიანი.

  • რა პროდუქტებია სასარგებლო მაღალი ქოლესტერინის დროს?

მარცვლეული პროდუქტები, ძირითადად შვრია და ქერი, სასარგებლოა ჩიასა და სელის მარცვლები, ხილიდან ძალიან კარგია ავოკადო, სასარგებლოა ნებისმიერი ბოსტნეული, მაგრამ არა კარტოფილი. ასევე, ნაკლებ სასარგებლოა ამ დროს სტაფილო და ჭარხალიც, რადგან მათში ჭარბადაა ნახშირწყლები.

სხვადასხვა პროდუქტი სხვადასხვა ეფექტით ზემოქმედებს მაღალ ქოლესტერინზე. მაგალითად ჩიასა და სელის თესლი ცხიმოვან ცვლაზე კარგ გავლენას ახდენს იმის გამო, რომ აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და კუჭ-ნაწლავისთვის სასარგებლოა; გარდა ამისა, სელის თესლი გამოირჩევა იმით, რომ მიღების შემდეგ, ჩიას თესლის მსგავსად, ის ირჯვება კუჭში და ფაქტობრივად ავსებს კუჭის მასას, რის შემდეგაც პაციენტს უქვეითდება შიმშილის გრძნობა, ამ გზით დანაყრების ეფექტი კარგ გავლენას ახდენს წონის კლებაზე.

ბოსტნეული აუცილებელია, რადგან ეს არის ცელულოზა, ის ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საჭმლის მონელების პროცესს და ახანგრძლივებს შეწოვას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სწორად გადანაწილდეს და ადეკვატურად შეიწოვოს ის ცხიმები, ნახშირწყლები და სხვა მინერალები, რაც საჭმელთან ერთად ჩადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

__________________________

MayoClinic-ის რეკომენდაციები ქოლესტერინის დასაწევად:

შვრია და ბოჭკოვანი საკვები – შვრიის ფაფა შეიცავს ხსნად ბოჭკოს, რომელიც ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, იგივე “ცუდ” ქოლესტერინს. ხსნადი ბოჭკო ასევე გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ლობიო, ბრიუსელის კომბოსტო, ვაშლი და მსხალი.

ხსნად ბოჭკოს შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის შეწოვა თქვენს სისხლში. 5-10 გრამი ან მეტი ხსნადი ბოჭკო დღეში ამცირებს “ცუდ” ქოლესტერინს.

საუზმეზე შვრიის ფაფის ან შვრიის ქატოს ერთი ულუფა უზრუნველყოფს 3-დან 4 გრამ ბოჭკოს. თუ დაამატებთ ისეთ ხილს, როგორიცაა ბანანი ან კენკრა, კიდევ უფრო მეტ ბოჭკოს მიიღებთ.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები – ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები არ ზემოქმედებს დაბალი სიმკვრივის (ანუ ცუდ) ქოლესტერინზე, მაგრამ მათ გულის ჯანმრთელობისთვის სხვა სარგებელი აქვთ, მაგალითად ეხმარება არტერიული წნევის დაქვეითებას. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების შემცველ საკვებს მიეკუთვნება უცხიმო თევზი (არა შემწვარი), ნიგოზი და სელის თესლი.

ნუში და სხვა თხილი – ნუშის და დანარჩენ, ხის თხილს შეუძლია გააუმჯობესოს სისხლში ქოლესტერინი. კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზს, რომელიც შეიცავს ომეგა3 ცხიმებს, შეუძლია დაიცვას გული და შეამციროს გულის შეტევის რისკი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ გულის დაავადება. ყველა თხილი მაღალკალორიულია, ამიტომ სალათაში, ან ისე მირთმეული, ერთი მუჭაც საკმარისი იქნება.

ავოკადო – არის საკვები ნივთიერებების, ასევე მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების კარგი წყარო. კვლევა ვარაუდობს, რომ ავოკადოს ბოჭკოებს შეუძლიათ გააუმჯობესონ “კარგი” ქოლესტერინის დონე და “ცუდი” ქოლესტერინის ხარისხი. კვირაში ორი ულუფა ავოკადოს მირთმევას შეუძლია შეიძლება შეამციროს გულის დაავადების რისკი.

შეზღუდეთ გაჯერებული და ტრანს ცხიმები – გაჯერებული ცხიმები, როგორიცაა ხორცი, კარაქი, ყველი და სხვა სრულცხიმოვანი რძის პროდუქტები, ზრდის თქვენს მთლიან ქოლესტერინს. ტრანს ცხიმები, რომლებიც ზოგჯერ მითითებულია საკვების ეტიკეტზე, როგორც “ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი”, ხშირად გამოიყენება მარგარინებში და მაღაზიაში ნაყიდ ფუნთუშებში, კრეკერებსა და ნამცხვრებში.

რას წერია დაავადებათა მართვის ეროვნულ პროტოკოლში:

ნახშირწყლების ძირითადად წყაროს რთული ნახშირწყლები უნდა წარმოადგენდეს, მათ შორის მარცვლოვანი პროდუქტები, განსაკუთრებით გაუცრელი მარცვლოვანი პროდუქტები,
ხილი და ბოსტნეული; ორგანული ნივთიერებები (უჯრედისი), რომლებიც მცენარეული პროდუქტების ჩონჩხს ქმნიან.

არსებობს ხსნადი და უხსნადი ბოჭკო. ხსნადი ბოჭკო ხელს უწყობს სისხლში ქოლესტეროლის დონის დაქვეითებას. სხნადი უჯრედისით მდიდარი მცენარეული პროდუქტებია: მარცვლოვნები (შვრია, შვრიის ბურღული და ქატო – ანაცერი, ქერი), პარკოსნები (ცერცვი, მუხუდო, ბრინჯის ქატო, ციტრუსები, ჭოტოსნები – წიწაკა), ხილი (მარწყვი და ვაშლის რბილობი);

მცენარეული ზეთების შემადგენელი ნივთიერებები თრგუნავენ ნაწლავში ქოლესტეროლის შეწოვას, ამცირებენ სისხლში საერთო ქოლესტეროლისა და „ცუდი“ ქოლესტეროლის შემცველობას 7-დან 14%-მდე. მცირე რაოდენობით გვხვდება მცენარეულ პროდუქტებში: ხილი, ბოსტნეული, თხილი, მარცვლოვნები და ბურღულეული პროდუქტები, პარკოსნები. არ ახდენენ გავლენას სისხლში “კარგი” ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციაზე.

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებული პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.

ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც ფარცხალაძეს რუს-ქართველ ოლიგარქს უწოდებს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირიდან „ეფესბესთან“.

პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი სუბიექტი დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში ოპერირების ან საქმიანობისთვის. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ფარცხალაძეს 50 პროცენტი ეკუთვნის.

რა პრინციპით გაანაწილა მერიამ „იაფ სახლში“ ბინები – 100 შერჩეული და 20 საჩივარი

ბათუმის მერიამ დღეს „იაფი სახლის“ პროგრამით გათვალისწინებული 100 ბინა გაანაწილა. ბინების გასაღებები დღეს, 14 სექტემბერს, პომპეზურად გადასცეს შერჩეულ ბენეფიციარებს ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ტიტე აროშიძემ და სხვა თანამდებობის პირებმა.

კომისიის გადაწყვეტილებას პროგრამის მეორე ეტაპზე 294 ოჯახი ელოდა. „იაფ სახლში“ ბინების რაოდენობის შესაბამისად კომისიამ 100 ოჯახი შეარჩია, მათგან 19 წინა ეტაპზე იყო შერჩეული.

მერიის ინფორმაციით, 294 განაცხადიდან 81-მა ოჯახმა დააგროვა გამსვლელი ქულა. დამატებით, შერჩეულ 11 ოჯახს კი, ბინები შემდეგ ეტაპზე გადაეცემა.

როდის დაიწყება პროგრამის მესამე ეტაპი, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს.

ბინების გადაცემის შემდეგ „ბათუმელებს“ ესაუბრნენ ოჯახები, რომლებსაც შერჩევასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ და მერიას საჩივრებითაც მიმართეს. ამბობენ, რომ მათ პასუხები არ მიუღიათ.

მერიის ინფორმაციით, ასეთი ოცი საჩივარია შესული და მათ  შესაბამის კომისიასთან ერთობლივად განიხილავენ: „თითოეული მათგანი მიიღებს პასუხს.“

საუბარია კომისიაზე, რომელიც მერიამ ტენდერით შეარჩია, სწორედ ეს კომისია არჩევს ბენეფიციარებს წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად. ამ გადაწყვეტილებას მერიაში ტენდენციურობაზე ეჭვის გამორიცხვით ხსნიან. თუმცა ეჭვი მაინც არსებობს.

მერიის განმარტებით, გარდა გამსვლელი ქულებისა, რასაც კომისია კრიტერიუმებთან მონაცემების შესაბამისობით ითვლის, შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭა მარტოხელა სტატუსის მქონეთ, ქირით ცხოვრებისა და ბათუმში რეგისტრაციის შედარებით ხანგრძლივი ვადის მქონე ოჯახებს.

საქმე ისაა, რომ გასული წლის თებერვალში, როცა განაცხადები მოქალაქეებს უკვე დარეგისტრირებული ჰქონდათ, მერიამ „იაფი სახლის“ პროგრამის კრიტერიუმები შეცვალა. ერთ-ერთი ცვლილება სწორედ ბათუმში რეგისტრაციის ვადას შეეხო.

ცვლილების მიხედვით:  პროგრამაში მონაწილეობისთვის ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრი მაინც უნდა იყოს დარეგისტრირებული ბათუმში, პროგრამის ამოქმედებამდე ბოლო ერთ წელში მაინც. ასევე, პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებსა ან ოჯახებზე, რომლებმაც ბათუმში რეგისტრაცია გაიარეს პროგრამის ამოქმედების შემდგომ.

მერიის ინფორმაციით, კრიტერიუმების დაზუსტება იმან განაპირობა, რომ პროგრამაში მონაწილეობა სურდათ ოჯახებს, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ბათუმში რეგისტრაცია გაიარეს პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდგომ კი მიმართეს ბათუმის მერიას.

სხვა ცვლილებების მიხედვით: „ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან კომერციული ფართობი, რომლის ზომაც აღემატება 10 კვადრატულ მეტრს.

პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებსა ან ოჯახებზე, რომლებსაც პროგრამის ამოქმედების დროს საკუთრებაში გააჩნდათ უძრავი ქონება და იგი გაასხვისეს პროგრამის ამოქმედების შემდგომ.

ზოგადად, კრიტერიუმების მიხედვით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ საცხოვრებელი და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ.

ბათუმის მერიამ პროგრამის პირველ ეტაპზე 80 ბინა გაანაწილა.

ჯავახიშვილის #82-ში „იაფი სახლის“ [იგივე ხელმისაწვდომი საცხოვრისის] პროგრამის ფარგლებში 4612 კვ. მეტრზე 4 კორპუსი ააშენეს. თითოეულ კორპუსში 25 ბინაა. ამ ოთხი კორპუსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 941 696 ლარი დაიხარჯა.

__

ფოტო: ბათუმის მერია

როდის ეყოლება სკოლებს სერტიფიცირებული დირექტორები

15 სექტემბერს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. ამ დროისთვის საჯარო სკოლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.

მიმდინარე წელს სკოლის დირექტორობის მსურველებმა სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარეს. გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ 755 პირი გადავიდა.

განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ბრძანება სერტიფიცირებული დირექტორების შესახებ.

„ბათუმელებმა“ აჭარის განათლების სამინისტროს ჰკითხა, აჭარაში ახალი სასწავლო წლისთვის რამდენ საჯარო სკოლას ეყოლება სერტიფიცირებული დირექტორი.

განათლების სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

მათგან ვერც იმაზე მივიღეთ ინფორმაცია, აჭარაში დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლებიდან რამდენი გავიდა გამოცდაზე და რამდენმა მიიღო დადებითი შეფასება.

სამინისტროდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ სერტიფიცირებული დირექტორების შესახებ ბრძანება საქართველოს განათლების სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს ვებგვერდზე. „ზემოაღნიშნული ბრძანება კი ჯერ გამოცემული არ არის“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

გასაუბრების ეტაპზე დადებითი შეფასება ვერ მიიღო 160-მა კონკურსანტმა, თუმცა მათგან მხოლოდ 27-მა კონკურსანტმა გააპროტესტა შედეგი და სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) იცავს.

კონკურსანტები გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და გასაუბრების ხელახლა, სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვენ.

ISFED-ი ასევე აღნიშნავს, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები.

ამ სიაში არიან ის კანდიდატებიც, „რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული.

მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ“, – წერს ISFED-ი.

საჯარო სკოლების დირექტორების დიდ ნაწილს უფლებამოსილების ვადა 2020 წელს ამოეწურა, თუმცა სამინისტრომ ვადის ამოწურვის შემდეგ 891 დირექტორი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, 112-ს კი უარი უთხრა. არადა, მათი ნაწილი თავს წარმატებულ დირექტორად მიიჩნევდა.

„დასაბუთების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო და დისკრიმინაციული იყო.

მეტიც, დირექტორები მიუთითებდნენ სამინისტროს მხრიდან მიღებული სამადლობელი წერილისა თუ ჯილდოს შესახებ, რაც მათ მიერ ხარისხიანად შესრულებულ საქმიანობას უკავშირდებოდა“, – წერს ISFED-ი.

კანონის მიხედვით, სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატი სამინისტრომ იმ სკოლას უნდა წარუდგინოს, სადაც კანდიდატს სურს მუშაობა. შემდეგ კი ის სკოლის სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს.

თუ სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან (მინიმუმ 3 კანდიდატი) სკოლა არც ერთს არ აირჩევს, მაშინ სამინისტროს უფლება აქვს, დირექტორი თავად დანიშნოს.

ამ დროისთვის საჯარო სკოლების უმრავლესობას არა არჩეული, არამედ სამინისტროს მიერ დანიშნული მოვალეობის შემსრულებელი დირექტორები მართავენ.

ბათუმში კინოფესტივალი იწყება – ნახეთ პროგრამა

BIAFF-ი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში კვირას, 17 სექტემბერს გაიხსნება და ერთი კვირა გასტანს. ამ დროის განმავლობაში ბათუმში ათობით ახალი, მხატვრული და და დოკუმენტური ფილმის ნახვა იქნება შესაძლებელი.

კინოფესტივალი კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება, ასევე, კინოჩვენებები შედგება ღია ცის ქვეშ – ევროპის მოედანზე.

კინოფესტივალზე რამდენიმე სექციაა: მხატვრული საკონკურსო ფილმების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ქართული ფილმების – ქართული პანორამა, დოკუმენტური ფილმების – რომელსაც წარმოადგენს CineDOC – თბილისის კინოფესტივალი და დიდოსტატთა კოლექცია – ეს სექცია აერთიანებს ცნობილი და ტიტულიანი რეჟისორების ფილმებს.

კინოსეანსებზე დასწრება „აპოლოსა“ და ევროპის მოედანზე უფასოა, გამონაკლისია მხოლოდ ბოლო, ღამის კინოჩვენება „აპოლოში“, სექცია – „დიდოსტატთა კოლექციაში“ ნაჩვენებ ფილმებზე. კინოფესტივალის მენეჯმენტის განმარტებით, ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება და tkt.ge-ზე გაიყიდება.

„ბათუმელები“ გთავაზობთ BIAFF-ის წლევანდელ, სრულ პროგრამას კინოჩვენებების დროისა და სექციებში წარმოდგენილი ფილმების მიხედვით.

კინოთეატრი „აპოლო“

18 სექტემბერი

  • 12.00 საათზე: „სიყვარულის კოქტეილი“, ქეთევან ტაკიძე, საქართველო, 2023; 50 წთ.  „მონიკა“, ლენა ჭაღალიძე, საქართველო, 2023; 14 წთ. „მეექვსე რიგი“, ბიძინა გოგიბერიძე /ლენარტ იუპერი, გერმანია/საქართველო, 2023 წ.; 26 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 14.00 საათზე – „სამი დივა“, მათე ქოროსი, უნგრეთი , 2021, 80 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 16.00 საათზე -„შემდგომ“, ენტონი ლაპია, საფრანგეთი, 2023; 70 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 18.30 საათზე – „აღდგომა“, ნიკოლოზ ბეჟანიშვილი, საქართველო, 2022, 94 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 20.30 საათზე – „იარე ლიზა“, ნანა ჯანელიძე, საქართველო/ბულგარეთი, 2023, 120 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 23.00 საათზე -„სრულყოფილი ციფრები“, ქშიშტოფ ზანუსი, პოლონეთი/ისრაელი/იტალია, 2022; 87 წთ. [დიდოსტთა კოლექცია]

19 სექტემბერი

  • 12.00 საათზე – „აღუქმელი ნათება“, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2023; 84 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 14.00 საათზე – „დრამერი“, კოტე კალანდაძე, საქართველო, 2022; 84 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 16.00 საათზე – „ნელა“, მარია ქავთარაძე, ლიტვა/ესპანეთი/შვედეთი, 2023, 108 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 18.30 საათზე – „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“, გიორგი ფარქოსაძე,საქართველო, 2023, 77 წთ./„ღობე პატიოსნების ნიშანია“, სოფო ჩხეიძე, ქეითი ლატიმერი; საქართველო, 2023, 11 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 20.00 საათზე – „ჰიპნოზი“, ერნსტ დე გეერი, შვედეთი/ნორვეგია/საფრანგეთი, 2023; 98 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 22.00 საათზე –„დროის წესრიგი“, ლილიანა კავანი, იტალია, 2023, 113 წთ. [დიდოსტთა კოლექცია]

20 სექტემბერი

  • 12.00 საათზე – „იმაგო“, ოლგა ჩაიდას, პოლონეთი/ნიდერლანდები/ჩეხეთი, 2023 წ; 113 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 14.00 საათზე – „ლოტო“, ზაზა ხალვაში, საქართველო, 2023; 84 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 16.00 საათზე – „სასტუმრო მეტალურგი“, გიორგი ვარსიმაშვილი, ჯეანე ნოუჩი; საქართველო , 2023 ,73 წთ./ Tick Tock, ნინო ლეკიშვილი, საქართველო, 2023, 21 წთ.  [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 18.00 საათზე – „ნატეხები“, ბეატა ძიანოვიჩი, პოლონეთი, 2022; 100 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 20.00 საათზე – „მშვენიერი ელენე“, გიორგი ოვაშვილი, საქართველო/თურქეთი/საფრანგეთი, 2022,100 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 22.00 საათზე -„მშრალი ბალახების შესახებ“, ნური ბილე ჯეილანი, თურქეთი/საფრანგეთი/გერმანია/შვედეთი, 2023 წ.,197 წთ. [დიდოსტთა კოლექცია]

21 სექტემბერი

  • 12.00 საათზე – „ის ლურჯდება”, შადი კარამროუდი, ირანი, 2023; 15 წთ./„ცვარი”, ტურან ჰასტი, თურქეთი, 2023 წელი, 20 წთ./ „გაუგონარი რამ”, რამაზან კილიჩი, თურქეთი, 2023; 15 წთ./ „ჩვენი მამაკაცები და ქალები“, აჰმად ალიასერი, იორდანია, 2023, 11 წთ./ „გთხოვთ დარჩეთ ხაზზე“, ტან ცე დინგი, მალაიზია, 2023; 18 წთ./ „კვამლი შენს თვალებში ხვდება”, ელვინ ლი, სინგაპური, 2023; 19 წთ./ „თეთრი ჭიანჭველა“, შალინი ადნანი, დიდი ბრიტანეთი/ინდოეთი, 2023; 15 წთ. [მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი]
  • 14.30 საათზე – „ზამთრის ბლუზი“, თაზო ნარიმანიძე, საქართველო, 2022; 103 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 16.00 საათზე – „ბლაგას გაკვეთილი“, სტეფან კომანდარევი, ბულგარეთი/გერმანია, 2023 წ., 114 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 18.00 საათზე – „მოქალაქე წმინდანი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი/ბულგარეთი, 2023 100 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 20.00 საათზე – „ჯადოსნური მთა“, მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოიგთი, საქართველო, 2023, 74 წთ./„მეორადი მიწა“, ლევან ადამია, საქართველო , 2022 , 12 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 21.30 საათზე – „დღე და ღამე“, ნინო გოგუა საქართველო, 2022, 46 წთ./ „ანას პროცესი“, თამარა მშვენიერაძე; მარიამ ჯაჭვაძე, საქართველო, 2023, 43 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 23.00 საათზე – „ღმერთის ძახილი“, კიმ კი-დუკი, ესტონეთი/ლიტვა/ყირგიზეთი/შეერთებული შტატები/ჩინეთი, 2022 წ.; 81 წთ. [დიდოსტთა კოლექცია]

22 სექტემბერი

  • 12.00  საათზე –„მგზნებარე სხვა“, ალისა ბრაიგო, საფრანგეთი, 2022; 16 წთ./ „გარდაცვლილი ქორწინება“, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი, 2022; 18 წთ./ „სამართლიანი თამაში“, ზოლე აეშბახერი, შვეიცარია/საფრანგეთი, 2022; 15 წთ./ „შორს“, გუნურ მარტინსდოტირ შულტერ, ისლანდია, 2023; 5 წთ/ „პაემანი“, უკრაინა, 2023 წელი, 5 წთ./ „ნაკუწები“, იგორ გავვა, უკრაინა, 2023; 15 წთ. /„ვინლანდი”, მარტინ კუბა, ჩეხეთი, 2023 წ., 30 წთ. [მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი]
  • 14.30 საათზე – „რუსთაველის ქვეყანა“, ერეკლე ინაშვილი, საქართველო/გერმანია, 2023; 68 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 16.30 საათზე – „ჩვენ არ გავქრებით“, ალისა კოვალენკო, უკრაინა, პოლონეთი, საფრანგეთი , 2023 , 100 წთ/ „ღამის ფრთის ქვეშ“, ლესია დიაკი, უკრაინა, 2023, 19 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 19.00 საათზე – „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 წ., 110 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 21.30 საათზე – „ავტოპორტრეტი ზღვარზე“, ანნა ძიაპშიპა, საქართველო ,2023 ,50 წთ./ოცნების ქალაქი, მარადია ცაავა, საქართველო , 2023 , 23 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 23.00 საათზე –„მოტაცებული“, მარკო ბელოკიო, იტალია/საფრანგეთი/გერმანია, 2023 წელი, 125 წთ. [დიდოსტთა კოლექცია]

23 სექტემბერი

  • 12.00 საათზე – „თორმეტის ღამე“, დომინიკ მოლი, საფრანგეთი/ბელგია, 2022; 114 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 14.00 საათზე – „ძალიან ახლოს“, ბოტონდ პუშოკ, რუმინეთი, უნგრეთი, 2021 , 85 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 16.30 საათზე – „საზღვრები”, მირანდა ნამიჭეიშვილი, საქართველო, 2023; 22 წთ./ „იხვებზე ნადირობა“, გიორგი ქობალია, საქართველო, 2023 წ., 20 წთ./ „სახლი არ დატოვო!“, დავით ჯაფარიძე, საქართველო, 2023; 12 წთ. / „მერცხლის ტრაექტორია“, ლევან შუბაშვილი, საქართველო, 2023 წ.; 27 წთ./ „ბათუმს და თითოეულ მოგონებას“, ლევან სიხარულიძე, გიგა ბაინდურაშვილი, საქართველო, 2023; 7 წთ./ „გიული – ეს იყო სიზმარი“, მერი გელაგუტაშვილი, გერმანია, 2023; 14 წთ. [მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი]
  • 19.00 საათზე – „ღიმილიანი საქართველო“, ლუკა ბერაძე, საქართველო, 2023 , 62 წთ./„ციებ-ცხელების შემდგომ“, სალომე ჯაში, საქართველო, 2023, 18 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 20.30 საათზე – „კრიტიკული ზონა“, ალი აჰმადზადე, ირანი/გერმანია, 2023; 99 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 22.30 საათზე – „მწვანე საზღვარი“, აგნეშკა ჰოლანდი, პოლონეთი/გერმანია/საფრანგეთი/ჩეხეთი/ბელგია, 2023 წ.; 147 წთ. [დიდოსტთა კოლექცია]

24 სექტემბერი

  • 12.00 საათზე – „რევოლუციის მუზეუმი“, სრჯან ქეჩა, სერბეთი, ხორვატია, ჩეხეთი, 2021, 91 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 13.30 საათზე – „მოქალაქე წმინდანი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი/ბულგარეთი, 2023 წ., 100 წთ. [მხატვრული ფილმების კონკურსი]
  • 15.30 საათზე – „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 წ., 110 წთ. [მხატვრული ფილმების კონკური]
ევროპის მოედანი – ღია კინოჩვენებები

18 სექტემბერი

  • 20.00 საათზე – „ლოტო“, ზაზა ხალვაში, საქართველო, 2023; 84 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 21.30 საათზე – „დღე და ღამე“, ნინო გოგუა საქართველო, 2022, 46 წთ/ „ანას პროცესი“, თამარა მშვენიერაძე; მარიამ ჯაჭვაძე, საქართველო, 2023, 43 წთ./„ღობე პატიოსნების ნიშანია“, სოფო ჩხეიძე, ქეითი ლატიმერი; საქართველო , 2023 , 11 წთ./ Tick Tock, ნინო ლეკიშვილი, საქართველო, 2023, 21 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]

19 სექტემბერი

  • 20.00 საათზე – „აღუქმელი ნათება“, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2023; 84 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 21.30 საათზე – „აღდგომა“, ნიკოლოზ ბეჟანიშვილი, საქართველო, 2022, 94 წთ/„მეორადი მიწა“, ლევან ადამია, საქართველო, 2022, 12 წთ

20 სექტემბერი

  • 20.00 საათზე – „ზამთრის ბლუზი“, თაზო ნარიმანიძე, საქართველო, 2022; 103 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 21.30 საათზე -„დრამერი“, კოტე კალანდაძე, საქართველო, 2022; 84 წთ. [სექცია ქართული პანორამა]

21 სექტემბერი

  • 20.00 საათზე – „სასტუმრო მეტალურგი“, გიორგი ვარსიმაშვილი, ჯეანე ნოუჩი; საქართველო, 2023, 73 წთ/ „ციებ-ცხელების შემდგომ“, სალომე ჯაში, საქართველო, 2023, 18 წთ [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 22.00 საათზე – „მშვენიერი ელენე“, გიორგი ოვაშვილი, საქართველო/თურქეთი/საფრანგეთი, 2022 წ.; 100 წთ. [სექცია ქართული პანორამა]

22 სექტემბერი

  • 20.00 საათზე – „ღიმილიანი საქართველო“, ლუკა ბერაძე, საქართველო, 2023, 62 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]
  • 21.15 საათზე – „რუსთაველის ქვეყანა“, ერეკლე ინაშვილი, საქართველო/გერმანია, 2023; 68 წთ. [სექცია ქართული პანორამა]
  • 22.30 საათზე – „ჯადოსნური მთა“, მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოიგთი, საქართველო, 2023, 74 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]

23 სექტემბერი

  • 20.00 საათზე – „საზღვრები”, მირანდა ნამიჭეიშვილი, საქართველო, 2023; 22 წთ./ „იხვებზე ნადირობა”, გიორგი ქობალია, საქართველო, 2023 წ., 20 წთ./ „სახლი არ დატოვო!”, დავით ჯაფარიძე, საქართველო, 2023; 12 წთ. / „მერცხლის ტრაექტორია”, ლევან შუბაშვილი, საქართველო, 2023 წ.; 27 წთ./ „ბათუმს და თითოეულ მოგონებას”, ლევან სიხარულიძე, გიგა ბაინდურაშვილი, საქართველო, 2023; 7 წთ./ „გიული – ეს იყო სიზმარი”, მერი გელაგუტაშვილი, გერმანია, 2023; 14 წთ. [ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები]
  • 22.20 საათზე – „ავტოპორტრეტი ზღვარზე“, ანნა ძიაპშიპა, საქართველო, 2023, 50 წთ. /„ოცნების ქალაქი“, მარადია ცაავა, საქართველო, 2023, 23 წთ. [CineDOC – თბილისის კინოფესტივალის ფილმები]

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ლიეტუვას საელჩო, ბათუმის თოჯინების თეატრი და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.

ღორჯომში, აგარაში, თხილვანასა და დეკანაშვილებში მიწის უფასოდ აზომვის მონაცემი გამოქვეყნდა

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საჯაროდ გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის, აგარას, თხილვანასა და დეკანაშვილების  ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები.

მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში განცხადებით მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის.

რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე

  • საჯაროდ გამოქვეყნდა ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ხალების, ქვიშხეთისა და სურამის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცახის, ხვანჭკარის, იწისა და ხიდიკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები.

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2025 წლამდე უნდა დასრულდეს. ამასთან, „2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას“.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, გრაფაში  „აზომვის მოთხოვნა“ – მოქალაქეებს შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი თავი [ე.წ. „მომლოდინეთა სიაში“], სადაც საკონტაქტო ინფორმაციასაც მიუთითებენ და მოითხოვონ მიწის ნაკვეთის უფასოდ აზომვა/რეგისტრაცია. რეესტრი ამ მონაცემებითაც ისარგებლებს.

აჭარაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ გეგმა-გრაფიკთან შედარებით გვიან დაიწყო.

ამავე თემაზე:

საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას

 

AD BLACK SEA 2023 – ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

რეგიონის მთავარი მოვლენა კრეატიულ ინდუსტრიაში დელეგატების უპრეცედენტო რაოდენობით, სპიკერების ჩამონათვალში გლობალური ბრენდების თუ სააგენტოების ლიდერებითა და 3-დღიანი პროგრამით ბრუნდება.

AD BLACK SEA 2023 14-16 სექტემბერს, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართება. 1300-ზე მეტ ქართველ და უცხოელ დელეგატს მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება ექნება.

კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 ნომინაციაში შეეჯიბრებიან (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია). მათ ნამუშევრებს 17 ქვეყნიდან მოწვეული, 32 ჟიურის წევრი შეაფასებს.

“ფესტივალის მთავარი მიზანია, საქართველოსა და მთლიანად, რეგიონში მოღვაწე კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს მისცეს საშუალება, დაესწრონ მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. ვინაიდან დასავლურ ფესტივალებზე სიარული საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, AD BLACK SEA საუკეთესო ალტერნატივაა სფეროს ლიდერების გამოცდილების გასაზიარებლად, გლობალური ტენდენციებისთვის თვალის მიდევნებისა და წლის გამორჩეული ნამუშევრების სანახავად”,- ამბობს ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერი, თამარ ცინცაძე.

“ფესტივალის წარმატება მხოლოდ ჩვენი წარმატება არაა. ეს არის შანსი, დამატებით წარმოვაჩინოთ საქართველო რეგიონში სფეროს ლიდერის როლში. მსგავსი მოვლენები არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოკაციის პოპულარიზაციისთვის. ამდენი ქვეყნის წამყვანი პროფესიონალის ბათუმში სტუმრობით, ცალსახად იზრდება ჩვენი მნიშვნელობა გლობალურ რუკაზე, რაც საბოლოო ჯამში, მზარდ ტურიზმსა და გაუმჯობესებულ ეკონომიკაში გამოიხატება”,- ამბობს AD BLACK SEA-ს პრეზიდენტი, ვატო ქავთარაძე.

შარშანდლის მსგავსად, ფესტივალი წელსაც Russia-free პოლიტიკას აგრძელებს და არ მასპინძლობს სტუმრებსა თუ ნამუშევრებს რუსეთსა და ბელორუსიდან.

წლევანდელ სპიკერებს შორის არიან:

რორი საზერლენდი / Rory Sutherland

რორი Ogilvy-ს თავმჯდომარის მოადგილეა – მიმზიდველად ბუნდოვანი პოზიცია, რომელმაც საშუალება მისცა, დაენერგა ბიჰევიორისტული მეცნიერების პრაქტიკა თავის სააგენტოში. რორი მუშაობს ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულებთან, რომლებიც მომხმარებლის ქცევაში “უხილავ შესაძლებლობებს” ეძებენ – ხშირად ეს კონტექსტის მცირე ცვლილებებია, რომლებიც ადამიანების გადაწყვეტილებებზე უზარმაზარ გავლენას ახდენს – მაგალითად, ქოლცენტრის გაყიდვების გასამმაგება სკრიპტში მხოლოდ რამდენიმე წინადადების დამატებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბევრი სააგენტო ისაუბრებს “შეძენილ, ფლობაში არსებულ და მოპოვებულ” მედიაზე: ჩვენ ასევე ვეძებთ “გამოგონილ მედიას” და “აღმოჩენილ მედიას”: იმ მოულოდნელი (და იაფი) ცვლილებების ძიებით კონტექსტში, რომლებიც ადამიანების ქცევასა და ქმედებებს ცვლის. ეს ძალიან ღირებული აქტივობაა – მაგრამ არც ისე შემოსავლიანი. ასე იმიტომ ხდება, რომ კლიენტებს, როგორც წესი, არ აქვთ ბიუჯეტი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც არ ეგონათ, რომ გააჩნდათ. Ogilvy-ს ბიჰევიორული პრაქტიკის დაარსებამდე, რორი სააგენტოს ქოფირაითერისა და კრეატიული დირექტორის პოზიციას 20 წლის მანძილზე იკავებდა. სხვადასხვა დროს, ის IPA-ს პრეზიდენტი, კანის ფესტივალის Direct Jury-ს პრეზიდენტი და TED Global-ის სპიკერი გახლდათ. რორი რეგულარულად წერს გამოცემებისთვის Spectator, Market Leader & Impact, ასევე პერიოდულად – Wired-ისთვის.

მარკ პოლარდი / Mark Pollard

მარკი მართავს სტრატეგიის ტრენინგ კომპანიას, Sweathead-ს, 18000 სტრატეგის ქომიუნითის და მიყავს პოდკასტი 1,4 მილიონზე მეტი მსმენელით. ბოლო წლებში, მან კონსულტაცია გაუწია და ტრენინგი ჩაუტარა ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა The Wall Street Journal, Twitter, Complex Media, EA Games, The Economist და სააგენტოები მთელი მსოფლიოს გარშემო. 2020-ში მარკმა გამოაქვეყნა Kickstarter-ის დაფინანსებული წიგნი Strategy Is Your Words – 400-გვერდიანი ნაშრომი, რომელიც სტრატეგების გონებაში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს და აწყობილია მოდელზე სახელწოდებით The Four Points. უკვე 6000 ეგზემპლარია გაყიდული Amazon-ზე ხელმისაწვდომობის გარეშე.

მარი რაიგ ფლორენსა / Marie Reig Florensa

მარი ჰუმანისტი, ქოუჩი და ე.წ. heart-based ლიდერშიფის ექსპერტია, რომელიც ადამიანური ღირებულებების, ლიდერშიფისა და კრეატიულობის გადაკვეთების კვლევაშია. მარის კრეატიულ ინდუსტრიებში, მეინსტრიმ თუ ნიშურ პროექტებში, გუნდებსა და ორგანიზაციებში 20 წელიწადზე ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი მისაა, წარმოაჩინოს, რომ ყოველი მცირე ჟესტი მასობრივი კონსტრუქციის იარაღია და ჩვენი ცხოვრება ჩვენი ყველაზე მშვენიერი ხელოვნების ნიმუშია.

რიკარდო ვოლფი / Ricardo Wolff

რიკარდო ვოლფი 2018 წლიდან Innocean Berlin-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორია. მას არა ერთი ფესტივალის გრანპრი აქვს მოპოვებული ისეთ კლიენტებთან

თანამშრომლობით, როგორებიცაა Volkswagen, Kia, Ikea and Anne Frank House – მათ შორის, გერმანიის პირველი ტიტანის ლომი. გულით მწერალს, სწამს, რომ AI ვერაფრით წაართმევს სამსახურს.

აგა იონსდოტირი / Agga Jónsdóttir

აგა იონსდოტირი Pipar/TBWA-ს CXO, CD და პარტნიორია. პროფესიით გრაფიკული დიზაინერი, ახლა მაგისტრის ხარისხის დასაცავად გენდერის სწავლებაში ემზადება. აგას მარკეტინგსა და რეკლამის ინდუსტრიაში მუშაობის 20 წელიწადზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მას მოგებული აქვს არა ერთი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო. სხვადასხვა დროს, იყო ისლანდიური ფესტივალების, FÍT და Lúðurinn-ის ჟიურის წევრი, გასულ წელს კი Ad Black Sea-ს პრინტისა და დიზაინის ჟიურის თავმჯდომარე.

უნიკალური სპეცოპერაცია – უკრაინამ ყირიმში რუსული თავდაცვის სისტემა გაანადგურა

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 14 სექტემბრის ღამეს უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვამ და საზღვაო ძალებმა ჩაატარეს „უნიკალური სპეცოპერაცია“ ოკუპირებულ ყირიმში, კურორტ ევპატორიის მახლობლად. მედიის ცნობით, განადგურებულია რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტრიუმფი“, რომლის ღირებულებაც 1,2 მილიარდი აშშ დოლარია.

გამოცემის წყაროს ცნობით, სამიზნეზე ეფექტურად იმუშავეს დრონებმა და უკრაინული „ნეპტუნის“ რაკეტებმა.

თავდაპირველად დრონებმა დააზიანეს „ტრიუმფის“ „თვალები“ – რადარები და ანტენები, შემდეგ კი, როცა სარადარო სადგურები გამოსული იყო მწყობრიდან, უკრაინის საზღვაო ძალებმა ორი რაკეტით დაარტყეს „ტრიუმფის“ გამშვებ მექანიზმს.

S-400 „ტრიუმფი“ არის რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვისთვის, არამედ დაბომბვისთვისაც.

„უკრაინსკა პრავდას“ წყაროს ცნობით, „ყირიმში რუსებს ახალი სიურპრიზები ელით“.

ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული.

კვიპროსზე ანსამბლებთან ერთად ვარ მივლინებით – ხელვაჩაურის მერი

ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სამუშაო მივლინებით კვიპროსზე იმყოფება. თუმცა უარყოფს, რომ მასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯზე მისი მეუღლეც გაემგზავრა.

მერმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ის ნამდვილად გაემგზავრა ქალაქ ლარნაკაში ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლებთან ერთად, რომლებიც საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ.

ზაზა დიასამიძის ინფორმაციით დაგეგმილი აქვს ოფიციალური შეხვედრა ლარნაკას მერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

„ვხვდები ორ მერს, ოფიციალურ შეხვედრაზე და ოფიციალურ სადილზე“.

მერის მივლინების თაობაზე ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიშა ბოლქვაძემ გუშინ გაავრცელა და  ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გააკეთა აქცენტი.

მისივე ინფორმაციით, მივლინებაში მერთან ერთად იმყოფებიან საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე და საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, რამაზ თავდგირიძე. ამ ინფორმაციას საკრებულოში უარყოფენ. საკრებულოს თავმჯდომარის მდივნის ინფორმაციით, ის ადგილზეა და მუშაობს. რაც შეეხება რამაზ თავდგირიძეს, საკრებულოში გვითხრეს, რომ ოფიციალური ვიზიტით საკრებულოდან არავინ იმყოფება კვიპროსზე.

ხელვაჩაურის მერის მეუღლესთან ერთად გამგზავრების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს მერიის პრესსამსახურშიც.

პრესსამსახურის განმარტებით მერი ლარნაკაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება და ლარნაკას მერთან შეხვედრას გეგმავს.

პრესსამსახურის განმარტებით, მერის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია:

„ხმელთაშუა ზღვის ფოლკლორული ცეკვების საგუნდო და ტრადიციული ბენდების მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებენ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრებთან არსებული ანსამბლები“.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რუსეთმა უკრაინასთან ომში წყალქვეშა ნავი პირველად დაკარგა – გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა პირველად დაკარგა წყალქვეშა ნავი.

საუბარია რუსულ წყალქვეშა ნავ „როსტოვზე“, რომელიც გაანადგურეს 12 სექტემბერს, ღამით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმისას.

თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სადესანტო ხომალდი „მინსკი“.

უკრაინული გამოცემა Defense Express-ი წერს, რომ წყალქვეშა ნავები ძალიან რთული სამიზნეა და, უკრაინას, უბრალოდ, არ აქვს იარაღი მის წინააღმდეგ, მაგრამ რუსული წყალქვეშა ნავი განადგურდა ხმელეთზე, შეკეთებისას.

Defense Express-ის ცნობით, შესაძლოა თავდასხმისას გამოყენებული იყო ბრიტანული Storm Shadow-ი, შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.

სევასტოპოლის პორტი ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული, 2022 წლის თებერვლიდან კი რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

____________

ფოტოზე: წყალქვეშა ნავი „როსტოვი“. ფოტო: defence-ua.com

 

ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე დროებით ხიდს აწყობენ – აქ მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„11 სექტემბერს, აღნიშნული გზის 32-ე კმ-ზე [სოფელ ნაგომართან], არსებული ხიდი და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დროებითი ხიდის მოწყობის პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი ადგილობრივი გზის გამოყენებით [ბუკნარი-ნაგომარის შემოვლითი გზა] მოძრაობს, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ინფორმაციითვე, „პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილება დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის საშუალებით მოხდება“.

გზების დეპარტამენტის ფოტოები

როგორ შეიძლება შემცირდეს ქალზე ძალადობა? – რას ამბობენ სპეციალისტები

„ბოლო პერიოდში საკმაოდ მსუბუქად უყურებს სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეებს… მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვლაპარაკობთ ფემიციდის არაერთ შემთხვევაზე, მოსამართლეების მგრძნობელობა გაზრდილი არ არის,“ – მკაფიოა საიას ანალიტიკოსის, თამარ ბოჭორიშვილის შთაბეჭდილება ტენდენციაზე: საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენების დიდი ნაწილი ოჯახში ძალადობაზე მოდის.

„ჩემი აზრით, უფრო მეტი შეკითხვა უნდა დასვან მოსამართლეებმა თუნდაც ამ ნაწილში: რატომ არ აძლევს დაზარალებული ჩვენებას სასამართლოს? ამის მიზეზი შეიძლება იყოს ეკონომიკური დამოკიდებულება ან შიში ძალადობაში ბრალდებულის მიმართ,“ – ეს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილის მოსაზრებაა. ის, წლების განმავლობაში შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

უფლებადამცველებს „ბათუმელები“ სასამართლო სისტემის ტენდენციაზე ესაუბრა: რატომ გამოაქვთ მოსამართლეებს უმეტეს შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი, როცა საქმე ოჯახში ძალადობას ეხება და რას ნიშნავს ეს? – უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს გამამართლებელი განაჩენების 51.8 % იყო ოჯახში ძალადობის საქმეები, 2019 წელს კი, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით – 66 %.

ამ მიმართულებით სხვა წლების ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს გამოტანილ განჩინებებს რომ გადახედოთ, მარტივად დაინახავთ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოტანილ გამამართლებელი განაჩენები გამამტყუნებლით იშვიათად იცვლება.

გამამართლებელი განაჩენის მიმღები მოსამართლეები მეტწილად მიუთითებენ იმას, რომ დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია და საქმეში აღარ დარჩა პირდაპირი მტკიცებულება, რასაც შეიძლება დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა „ბათუმელებმა“ უზენაესი სასამართლოს 2023 წლის გადაწყვეტილებებში იპოვა ისეთი განჩინებაც, როცა დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია, სასამართლომ კი, ამის მიუხედავად გამამტყუნებელი განაჩენი მაინც მიიღო.

უფლებადამცველები რამდენიმე პრობლემას ასახელებენ, რის გამოც ეს ვითარება გვაქვს. იურისტები საუბარს საგამოძიებო ორგანოების სრულყოფილ მუშაობაზე აქცენტით იწყებენ, რადგან გამოძიების ეტაპზე ვერ გროვდება სათანადო მტკიცებულებები.

„ამ გზაზე ხშირად გაჩუმებას არჩევს დაზარალებულად ცნობილი ქალი. და რატომ ჩუმდება? – ესაა მთავარი შეკითხვა, საწყის ეტაპზე ის ყველაფერს უყვება გამოძიებას, მაგრამ მტკიცებულების ძალა მხოლოდ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას აქვს. გამოდის, რომ ამ პროცესში დაზარალებული კარგავს ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, მას აქვს განცდა, რომ ვერ დაიცავს სახელმწიფო და ჩუმდება,“ – გვიყვება თამარ ბოჭორიშვილი, საიას სისხლის სამართლის საქმეების ანალიტიკოსი.

ეს ორგანიზაცია წლებია სასამართლო სხდომებს აკვირდება, მათ შორის, ოჯახში ძალადობის საქმეებს. 2022 წელს საია სისხლის სამართლის 490  საქმის განხილვას ესწრებოდა სხვადასხვა სასამართლოში. ამ საქმეებს შორის მიღებული გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობის საქმე იყო.

თამარ ბოჭორიშვილი

„ეს მოცემულობა არსებითად წელსაც არ შეცვლილა, ყველა მეოთხე საქმე, რასაც განიხილავს სასამართლო და ჩვენ ვესწრებით, არის ოჯახში ძალადობის საქმე. შესაძლოა, მოსამართლეები დაიღალნენ ამ საქმეების განხილვით, თან როცა ხშირად დაზარალებული ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს და არაა საკმარისი მტკიცებულებები გამოძიების ხარისხიდან გამომდინარე.

ოჯახში ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა არის ის, რომ ბევრი მოწმე არ არის, მაგრამ გამოძიება არ უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ ოჯახის წევრების ინფორმაციას. როგორც წესი, მსხვერპლი პოლიციას მიმართავს არა ძალადობის პირველივე შემთხვევაში, არამედ როცა უკვე გამოუვალ მდგომარეობაშია. ამ დროს მეზობლების, ახლობლების, მეგობრების ინფორმაცია შესაძლოა რელევანტური იყოს. გამოძიების ეტაპზე არ ჩანს, რომ გამომძიებლები აქტიურად ცდილობდნენ ამ მტკიცებულებების მოპოვებას.

სხვა შემთხვევაში ძალიან რთული დასასაბუთებელია მოსამართლისთვის, კონკრეტულად რა მტკიცებულებებს ეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისგან მომისმენია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ ჰქონია საქმეში, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დაზარალებულის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება გამოუყენებია, ან მოსამართლე ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნას, სადაც დასტურდება ჯანმრთელობის დაზიანება, ხანდაზმულობაც დასტურდება და პოლიციელების აღწერა ერთმანეთს ემთხვევა. ასეთი მოსამართლე ბევრი არ არის,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი.

საიას იურისტი გამოყოფს საკვანძო საკითხს: თუ მოსამართლეები დაიწყებენ პირდაპირი მტკიცებულების გარეშე გამამტყუნებელი განაჩენების მიღებას, შესაძლოა მტკიცებულების სტანდარტი, ზოგადად,  სისხლის სამართლის ყველა საქმეზე შეიცვალოს. მეორე მხარეს კი არის ქალზე ძალადობის, ფემიციდის მზარდი შემთხვევები და ოჯახში ძალადობა – საქმეები, რომლებსაც, როგორც წესი, ბევრი მოწმე და თვითმხილველი არ ჰყავს.

„…შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მიდგომა კონკრეტულ საქმეში იყოს სწორი, როცა ოჯახში ძალადობაზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი შეცვალა გამამტყუნებლით, მაგრამ ეს არ მოერგოს სხვა საქმეს და იქ სხვა გარემოებები იყოს, ინდივიდუალურია ეს ძალიან.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დაზარალებულის ჩვენება, მაგრამ არსებობს სხვა სარწმუნო მტკიცებულებები, მაგალითად, შემთხვევის ადგილზე მისული მოწმეები, პოლიციელები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა. მოსამართლე უნდა ამოვიდეს მსხვერპლის საუკეთესო ინტერესიდან,“ – ამბობს თაკო ბოჭორიშვილი და საუბრის დროს ახსენებს, რომ მოსამართლეების მიდგომა ბოლო წლებში „შერბილდა“.

„ვერ ვხსნი, რატომ შერბილდა, მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენიც როცა გამოაქვს მოსამართლეს, იყენებენ მხოლოდ მსუბუქ სასჯელებს. უშუალოდ ოჯახში ძალადობის მუხლით განხილულ საქმეებზე ყველაზე ხშირად იყენებენ პირობით მსჯავრს და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, იშვიათად იყენებენ რეალურ სასჯელს [ციხეში სასჯელის მოხდა], როცა მკვლელობის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი, ან სხვა გარემოებაა.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროსაც, თუ ადრე ოჯახში ძალადობაში მუხლით ბრალდებულებს ხშირად აპატიმრებდნენ ხოლმე, ახლა ძირითადად სასამართლო გირაოს იყენებს.

ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენების მზარდი მაჩვენებელი სასამართლოს დამოუკიდებლობას აჩვენებს, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით, ეს უფრო აჩვენებს იმას, რომ გამოძიება არ იყო ხარისხიანი,“ – მიიჩნევს საიას სისხლის სამართლის ანალიტიკოსი, თამარ ბოჭორიშვილი.

„ეს არის მართლმსაჯულების სისტემის აქილევსის ქუსლი და დაუძლეველი პრობლემა,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი, მასაც ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოტანილ გამამართლებელ განაჩენებზე ვესაუბრეთ: რასთან გვაქვს საქმე?

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის აზრით, მთავარი პრობლემა აქ ისაა, რომ სასამართლოებს, მათ შორის, უზენაეს სასამართლოს, არ აქვთ ერთგვაროვანი პრაქტიკა, საგამოძიებო ორგანოები კი, სათანადოდ და სრულყოფილად არ მუშაობენ.

„გამოძიებისა და ბრალდების ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ დაზარალებულმა შემდგომში ჩვენება აღარ მისცეს სასამართლოს. ამიტომაც, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა დახარჯონ იმისთვის, რომ გამოძიება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე არ იყოს დამოკიდებული,“ – გვიყვება გოგა ხატიაშვილი.

უფლებადამცველს ვკითხეთ სასამართლოს მიერ ოჯახში ძალადობის მუხლით განხილულ რამდენიმე საქმეზე, როცა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება კონკრეტული დაზიანებები ქალის სხეულზე, მაგრამ მოსამართლე წერს, რომ უცნობია, საიდან მიიღო ეს დაზიანება მსხვერპლმა.

„ხშირია ეს, როცა ექსპერტიზით დასტურდება დაზიანებები და ხანდაზმულობაც არ ეწინააღმდეგება დანაშაულის ჩადენის თარიღს, მაგრამ მოსამართლე წერს, რომ დაზარალებულმა ჩვენება არ მოგვცა და არ მყავს პირი, ვინც მეტყვის, ვინ მიაყენა ეს დაზიანებებიო. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი იგივე 112-ის ჩანაწერი. ყოფილა ასეთი შემთხვევაც, როცა 112-ის სატელეფონო ჩანაწერი მიუჩნევია მოსამართლეს პირდაპირ მტკიცებულებად. ამ დროს მსხვერპლი უკავშირდება პოლიციას და ასახელებს ზიანის მიმყენებელ პირს. ეს არის საკმაოდ მაღალი ხარისხის მტკიცებულება.

გადამწყვეტი ყოფილა ასევე მესამე პირთა ჩვენებები, ეს შეიძლება იყოს პოლიციელი, რომლის ჩვენებაც პირდაპირი მტკიცებულება არ არის, მაგრამ პირდაპირია იმ ნაწილში, როცა ის საუბრობს დაზარალებული ქალის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მტკიცებულება არ ფასდება, როგორც ცალკე აღებული, მოსამართლეები ხელმძღვანელობენ კანონით განსაზღვრული „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“, რომ მტკიცებულებები უნდა იყოს შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. ეს ერთობლიობაში ფასდება და ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს.

მაგალითად, მუქარის ერთ-ერთ საქმეში დამნაშავე დაემუქრა მსხვერპლს და წავიდა შემთხვევის ადგილიდან, როდესაც იქ მივიდა მესამე პირი, დამნაშავე უკვე წასული იყო, მაგრამ მათ ნახეს მუქარით გამოწვეული ემოცია დაზარალებულში. ეს 2022 წლის საქმეა, როცა მესამე პირთა ჩვენებები მოსამართლემ მიიჩნია პირდაპირ მტკიცებულებად. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს ჩვენებები ფასდება პირდაპირ მტკიცებულებად სწორედ დაზარალებულის შეგრძნებების ნაწილში.

ჩვენი კანონმდებლობა ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას და ხშირად ამ საკანონმდებლო ჩანაწერის ხისტი ინტერპრეტაცია ხდება – რომ აი, 2 პირდაპირი მტკიცებულება მაინც უნდა არსებობდეს საქმეში. ეს ასე პირდაპირ კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს და მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე,“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

გოგა ხატიაშვილი

შესწავლის გარეშე გოგა ხატიაშვილს უჭირს იმის გამოკვეთა, თუ რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე.

„რთულია შესწავლის გარეშე დასკვნები გავაკეთოთ, ამას სჭირდება მიზეზების გარკვევა. ყოველთვის ასე იყო, რომ მეტი გამამართლებელი განაჩენი ამ კატეგორიის საქმეებზე დგებოდა, ყოველწლიურად იზრდება ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი, იზრდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი და, შესაბამისად, მიმართვა სასამართლოზე. შესაბამისად, ეს პროპორციებიც გაიზარდა.

ტენდენციის სახით იკვეთება ის, რომ მოსამართლეები ხშირად ხისტად უყურებენ  მტკიცებულებათა სტანდარტს და არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ. მომისმენია მოსამართლეების წუხილიც, რომ რეალურად შესაძლებლობა არ რჩებათ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანონ, ამ დროს ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩება ბრალდებულის, ან მისი გარემოცვის ზემოქმედება დაზარალებულზე. როცა დაზარალებული ჩვენებას არ აძლევს სასამართლოს, შესაძლოა ამის მიზეზი იყოს დანაშაულებრივი გზით მასზე ზემოქმედება.

მაგალითად, ერთ-ერთი სასამართლო პროცესი გადადო მოსამართლემ იმის გამო, რომ ვერ დარწმუნდა, რამდენად გაცნობიერებულად არ აძლევდა დაზარალებული ჩვენებას სასამართლოს. დეტალური კითხვები უნდა დაუსვას მოსამართლემ დაზარალებულს იმის გასარკვევად, თუ რამდენად გაცნობიერებულად არ აძლევს იგი ჩვენებას. ამ დროს პროკურორიც იქ ზის, ის ამას უნდა უსმენდეს ყურადღებით და საჭიროების შემთხვევაში უნდა ხდებოდეს დაზარალებულთან დამატებით კომუნიკაცია, კოორდინატორები სწორედ ამიტომ არსებობენ.

იყო ისეთი შემთხვევაც, როცა დაზარალებულმა განმარტა, როგორ დაუკავშირდა ბრალდებულის ადვოკატი და სთხოვა, არ მიეცა ჩვენება. ვერ გავარკვიეთ, შემდეგ რა ბედი ეწია ამ საქმეს. როგორია ამ კუთხით მაჩვენებელი, როცა გამოიკვეთა დაზარალებულზე ზემოქმედება, არ ვიცით, ამ ტიპის სტატისტიკას არ აწარმოებს სახელმწიფო,“ – გვიყვება გოგა ხატიაშვილი.

უფლებადამცველს 2022 წელს მოუმზადებია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს უფლება, ბრალდებულის დაუსწრებლად მისცეს ჩვენება სასამართლოს, ანუ ვიდრე ძალადობის მსხვერპლი ქალი მოსამართლეს მოუყვება რა მოხდა, ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან დროებით გაჰყავთ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაზარალებულმა შესაძლოა ვერ მისცეს ჩვენება მოძალადის პირისპირ ვერბალური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე. არ ვიცი, რა ბედი ეწია ამ კანონპროექტს, მაგრამ კანონის შეცვლის გარეშე ახლაც შეიძლება დაზარალებულს ამის საშუალება მისცეს მოსამართლემ „სტამბოლის კონვენციის“ საფუძველზე. ეს საერთაშორისო ხელშეკრულებაა და კანონმდებლობის ნაწილი. რამდენიმე შემთხვევა იყო კიდეც, ასეთ სხდომას მეც ვესწრებოდი, როცა ბრალდებული სხდომის დარბაზიდან გაიყვანეს და ისე მისცა სასამართლოს ჩვენება დაზარალებულმა,“ – გვითხრა გოგა ხატიაშვილმა.

კიდევ ერთი პრობლემა ეკონომიკური ძალადობის კრიმინალიზებაა. ამ კუთხითაც კანონმდებლობა არ შეცვლილა. ეს ის ფაქტორია, რის გამოც ხშირად დაზარალებულად ცნობილი ქალი მოძალადე ქმარს ურიგდება და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

„ყოვლისმომცველი პოლიტიკაა საჭირო, რომ ეს შეიცვალოს – დაზარალებულის ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, რომ ის მოძალადეზე არ იყოს დამოკიდებული. ეკონომიკური ძალადობა კი არის ახლა ძალადობის ფორმა ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ რეაგირება ხდება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, ანუ შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის გზით. ეკონომიკური ძალადობა უნდა იყოს კრიმინალიზებული, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ამაზე თავის ანგარიშში მსჯელობს სახალხო დამცველიც,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ უფლებადამცველმა გოგა ხატიაშვილმა.

როგორია სახალხო დამცველის რეკომენდაცია, როცა ოჯახში ძალადობის საქმეები ხშირად გამამართლებელი განაჩენით სრულდება? – სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ ამ თემაზე ვერ დაგველაპარაკებიან და შეფასება მორიგ საპარლამენტო ანგარიშში აისახება.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

ამ თემაზე:

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

 

 

რატომ გაიაფდა თუთუნი – „ისეთ პირობებს გიქმნიან, რომ სოფლიდან წახვიდე“ | ვიდეო

ჯემალ მამულაძე ქედაში, სოფელ კოკოტაურში ცხოვრობს. ათას კვადრატზე თამბაქო აქვს გაშენებული და როგორც „ბათუმელებს“ უთხრა, პირველი ხარისხის თუთუნი მოჰყავს.

მაგალითად, გასულ წელს 300 კილოგრამი სარეალიზაციო თუთუნი მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თამბაქო ძალიან გაუფასურდა, გულს მაინც არ იცრუებს და მის წარმოებას აგრძელებს.

„რაც მოვიყვანე, ყველა გავყიდე. ზოგი 40 ლარში, ზოგიც 30-ში. დაბალ კატეგორიას (ფილიჯს რომ ვეძახით), იმას ფასი არ აქვს და აღარც ვკრეფ, რადგან მოკრეფა, დამუშავება უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე გაყიდვა“, – გვეუბნება ის.

ჯემალ მამულაძის მიერ მოწეული თუთუნი/სოფელი კოკოტაური

ჯემალ მამულაძის თქმით, თუთუნი ყველაზე ძვირი პანდემიის პერიოდში იყო, ბოლო ორი წელი კი ფასი საგრძნობლად შემცირდა.

ფასის კლება, როგორც სხვა მეთამბაქოებიც გვეუბნებიან, იმპორტირებულმა ნედლეულმა გამოიწვია.

„მოიგო ვიღაცამ ტენდერი და საზღვარგარეთიდან შემოიტანა თამბაქო, ჩვენსას კი ფასი დაუვარდა. მაგრამ რა ვქნათ, რადგან ეს არის ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო, იაფია თუ ძვირი, მაინც უნდა ვაწარმოოთ და თავი ვირჩინოთ“, – გვეუბნება ჯემალი.

ჯემალ მამულაძე მეუღლესთან ერთად

მისი თქმით, დღეს გლეხი მხოლოდ თამბაქოს წარმოებით თავს ვეღარ ირჩენს, „თუთუნი უბრალოდ დამატებითი შემოსავალია“.

მთავრობამ უცხოეთიდან შემოიტანა თუთუნი და ჩვენსას ფასი დაუგდეს - ქალი ქედიდან

„მე რომ კარტოფილი არ მოვიყვანო, კიტრი, პომიდორი და ლობიო, მწვანილი რომ ვიყიდო, მაშინ კი ვერ ვირჩენ თავს. მე ვენახიც გავაშენე და ყურძენსაც ვყიდი, სხვანაირად არ გამოვა სოფელში ცხოვრება.

ხელისუფლებამ გლეხს ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ კმაყოფილი იყოს სოფელში ცხოვრებით. გაჩერდეს სოფელში და დაამუშაოს მიწა. მაგრამ ბევრი ისეთიცაა, ვინც სოციალურ შემწეობაზე გახდა დამოკიდებული და მიწაზე მუშაობა აღარ უნდა“, – გვითხრა ჯემალ მამულაძემ.

თუთუნის ასხმა

„მიღირს თუ არ მიღირს, მაინც მოგვყავს ეს თუთუნი და მივყვებით ცხოვრების დინებას“, – გვეუბნება ჯემალის მეუღლე თამარი.

ჯემალ მამულაძე კი დასძენს, რომ უკეთესი იქნება, თუ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს და სადმე თამბაქოს პატარა ქარხანას გახსნის.

„დაგვპირდნენ და ვნახოთ. თუ არ შეასრულეს, ალბათ დავემდურებით“, – ამბობს ის.

აიშე ბერიძეც ამავე სოფლის მკვიდრია. 30 წელია, რაც თამბაქოს აწარმოებს და თამბაქოს ფასით ბოლო წლები ყველაზე უკმაყოფილოა.

აიშე ბერიძე

„დავრგე წელსაც და წავაგე. თუ აქამდე 50-60 ლარი ღირდა კილო თამბაქო, ახლა 15-20 ლარი ღირს. იქეთ უნდა ეხვეწო, რომ ჩაიბარონ, არავის აღარ უნდა“, – ამბობს აიშე.

ის უკმაყოფილოა მთავრობის პოლიტიკით, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლებამ იმპორტს კი არ უნდა დაუჭიროს მხარი, არამედ ადგილობრივ მეწარმეებს უნდა შეუწყოს ხელი.

„აგერ ნახეთ, სამი წლის თუთუნი მაქვს დაწყობილი. ვერ გავყიდე. აგერ „მეშოკებით“ დაჭრილი თუთუნიც მიდევს. არ უნდათ, სად წაიღონ, ვერც სხვები ყიდიან.

ამას ახლა ფასი რომ ჰქონდეს და 50 ლარად გავყიდო, ვალებიდან ამოვალ. ორი წლის წინ კავებადაც (ასხმული) მიჰქონდათ 25-30 ლარში და მაინც მოგებაში ვიყავი, ახლა არავის უნდა“, – გვეუბნება აიშე.

თამბაქოს ფასით ფერმერები უკმაყოფილონი არიან

მისი თქმით, სოფელში ძალიან ბევრმა ოჯახმა ან შეამცირა, ან საერთოდ შეწყვიტა თამბაქოს წარმოება. „სადღაც 20%-ს ექნება მხოლოდ დარგული და მალე ალბათ საერთოდ გადაშენდება, თუ არაფერი შეიცვალა ბაზარზე.

ვალებით ვარ გამოტენილი და ამის გამო ცოტ-ცოტას ვყიდი, რომ ფქვილი ვიყიდო. ხომ ვერ მოკვდები მშიერი. რა გამოსავალი გვაქვს. პენსია წამლებში არ მყოფნის. პატარა სახლი შევარემონტეთ და სესხი ბანკიდან ავიღე 7-8 ათასი დოლარი. ხომ უნდა გადავიხადო, ამიტომ ვწვალობ და მაგის გამო მომყავს“, – ამბობს აიშე.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება გლეხს ხელს არ შეუწყობს, სოფლები დაიცლება, რადგან მიგრაცია ისედაც მაღალია და ადამიანებს მიწაზე შრომას ემიგრაციაში წასვლა ურჩევნიათ.

„ყველა წავა აქედან და დაიპატრონებს ჩვენს მიწებს რუსი. ხომ ხედავთ, რამდენი რუსი შემოადინეს. ქალაქში რომ ვეღარ დაეტევიან, აქაც ამოვლენ და გამოგვყრიან ჩვენი სახლებიდან.

ისეთ პირობებს გვიქმნიან, რომ წახვიდე. მშობლები ბავშვებს ტოვებენ და მიდიან, ეს ბავშვებიც მძიმე მდგომარეობაში არიან, ინგრევა ოჯახებიც.

არც ფაბრიკაა, არც ქარხანა, ქალაქში თუთუნის ჩატანა უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე მოყვანა.

ბენზინი ძვირია, გზა – ძვირი, 2-3 ლარის საჭმელიც ხომ უნდა შეჭამო გზაში და რაღა დარჩა. 79 წლის ქალმა რატომ უნდა ვაძრო ფოთლებს ღეროები შუაღამემდე, ხომ შეიძლება ერთი ქარხანა ააშენონ და ჩაიბარონ თუთუნი.

„პირველი ხარისხის თუთუნიც კი 15-20 ლარი გახდა“

სულ მესმის, რომ მილიონები შემოდის ქვეყანაში, გახსნან ერთი ქარხანა, რა მოხდება. ხალხიც დასაქმდება და ჩვენც სულს მოვითქვათ ცოტას.

ჩემი პენსია წამლებში არ მყოფნის. რომ გამიჭირდა, ძროხაც გავყიდე.

ეს თუთუნიც რა არის, ჯიბის ფულია, ამით რძალს ვერ მოიყვან, მანქანას ვერ იყიდი და რაიმეს ვერ შეიძენ. მაგრამ სხვა საარსებო რომ არ გვაქვს, მაინც მოგვყავს. თუ ფასი გაეზრდება, მაშინ ეღირება ჩვენი შრომაც“, – ამბობს აიშე ბერიძე.

თამბაქო/ სოფელი კოკოტაური

როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის გლეხის მხარეს სახელმწიფო? – ვკითხეთ მას. აიშეს აზრით, „იმიტომ, რომ ივანიშვილს ქართველები არ უყვარს“.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს ოფიციალურად ხელისუფლებაში არ არის, აიშეც მიიჩნევს, რომ ქვეყანას რეალურად მაინც ის მართავს.

„სალომე ზურაბიშვილმა რომ კაი თქვა, ხომ ხედავთ, სკამი უნდა გამოუშალონ. არ გამოვა ამათგან არაფერი. ამ პოლიტიკოსებმა ჩაამთხლევეს საქმე. შვილებს, შვილიშვილებს, არდაბადებულს, იმათთვის გამზადებული აქვთ თითო „მეშოკი“ დოლარები ხალხის ზურგით, ჩვენთვის კი ვინმე არ ადგება, ჩვენთვის ვინმე არ ლაპარაკობს, იფხანენ მათთვის, ასეა ეს“, – მიიჩნევს აიშე.

აიშე ამბობს, რომ პოლიტიკა ძალიან აინტერესებს და არ მოსწონს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს და ოპონენტებს თავს ესხმიან.

„ჩემთვის ეს მიუღებელია. 79 წლის ქალი გავხდი და ამფერი დრო ჯერ არ მინახავს, – თან გაჭირვება და თან, სიმართლე რომ თქვა, დაგესევიან და მოგკლავენ ცემაში.

ჟურნალისტებზე არც დარტყმა შეიძლება და არც მოკლა შეიძლება. „ოცნების“ ხალხმა, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს თავზე ურტყეს გურიაში, რა უფლებით? ხანდახან ნერვებზე ვსკდები, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ“, – გვეუბნება აიშე.

მას ცვლილებების იმედი აქვს, რადგან, მისი აზრით, თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება ქვეყანაში. მას არც რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკა მოსწონს.

„რატომ უნდა მივცე რუსს ამხელა უფლება. 3 ათასი კაცი მოკლა რუსმა აქ. რუსეთს მხარს დავუჭერ? რა წვიტი (პატარა) ბაღნები მოკლეს უკრაინაში, ქართველები რამდენი მოკვდნენ ომში? ცეცხლი მეკიდება…

მე მარტო ჩემთვის არ ვიბრძვი. მინდა, რომ ჩვენმა შთამომავლობამ ცოტა სული მოითქვას და მშიერი ნუ იქნება“, – გვეუბნება ის.

გინდათ რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს? – ვკითხეთ მას.

„აბა არ მინდა? იქნებ პენსია მომემატოს. მაგრამ „ქართული ოცნება“ ხელს უშლის ამ ყველაფერს. რუსეთი უნდა ბიძინას. ხელს უწყობენ რუსებს. ვერ ჩაკეტა (საზღვარი)? ეს რუსები შემოადინეს პუტინმა და ივანიშვილმა“, – ამბობს ქალი.

მისი თქმით, ხელისუფლება სოფლად მცხოვრებ ხალხს აყვედრის, რომ სოფელში გზა და გაზი გაჰყავთ, თუმცა აიშე მიიჩნევს, რომ სამადლობელი არაფერი აქვს.

„მე გამიკეთა რამე? გზა ვჭამო?… გზა თუ შემოჰყავს და გაზი, ვალდებულია. ტყუილად ხომ არ გვაძლევს, გადასახადი უნდა გადავიხადოთ“, – ამბობს აიშე ბერიძე.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 270 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 4 599 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 8 810 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 5 944 ერთეული [+42]
  • MLRS – 769 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 517 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 697 ერთეული [+47]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+1]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 458 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 889 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 249 ვერტმფრენი
  • 6 759 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 826 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 150 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 374 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 982 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა დროზე ადრე გადაიყვანა უკრაინაში ახალი არმიის ნაწილები – ბრიტანეთის დაზვერვა

650 ათასი ლარი ეკლესიისა და თაღის გასანათებლად

ბათუმის მერია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაზე მინათებების მოწყობასა და რკინის თაღის განათებას გეგმავს, რისთვისაც ჯამში 650 ათასამდე ლარი დასჭირდება. ეს თანხა იმ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებითაა განსაზღვრული, რომელიც მერიის სამმართველომ კერძო კომპანიას მოამზადებინა.

დოკუმენტების მიხედვით, ეკლესიაზე მინათებების მოსაწყობად საერთო ხარჯთაღრიცხვით 199 659 ლარია საჭირო. ეკლესიის ფასადზე 205 ცალი დეკორატიული სანათი უნდა დაამონტაჟონ.

შარტავას გამზირზე მდებარე რკინის თაღის განათებისთვის კი, 449 948 ლარია გაწერილი. პროექტით თაღზე ჯამში 1 308 დეკორატიული სანათი მოეწყობა.

სამუშაოების საბოლოო ღირებულება ელექტრონული ტენდერით დაზუსტდება, რომლის გამოცხადებასაც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო გეგმავს.

სამმართველო ასევე გეგმავს გონიო-კვარიათში ზღვისპირა ბილიკის განათების სამუშაოების [მეორე ეტაპი] შესყიდვასაც, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არსებულ 126 განათების ბოძზე სანათების მოწყობა, ასევე 8 განათების ლითონის ბოძისა და სანათების მოწყობა.

მერიის სამმართველო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. ბაზრის კვლევის დოკუმენტაციას თან ახლავს საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ტექნიკური მონაცემები.

სამმართველო დაინტერესებულ მხარეებს სთხოვდა წერილობით ეცნობებინათ მისთვის, ჰქონდათ თუ არა ზემოთ აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილება.

ნახაზები პროექტებიდან

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში 6-ის ნაცვლად 26-სართულიანი კამპუსის აშენებას ითხოვს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის #117-ში კავკასიის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს. კომპანიამ მშენებარე პროექტში ცვლილება და კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც კომპლექსის კამპუსის შენობა 26-სართულიანი იქნება.

სწორედ ამ ცვლილების დასამტკიცებლად მშენებარე პროექტს ბათუმის მერიამ, საკრებულოს თანხმობით, განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსი მიანიჭა.

კონკრეტული პროექტისთვის განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას მერიას სამშენებლო კოდექსი აძლევს. ეს ცვლილება კოდექსში ავარიული სახლების პროგრამასთან ერთად დამტკიცდა.

კავკასიის უნივერსიტეტის თავდაპირველი პროექტი ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას და 6-სართულიან კამპუსს ითვალისწინებდა. რომლის ქვედა სართულზეც პარკინგის მოწყობას გეგმავდნენ.

სხდომაზე მერიის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ უნივერსიტეტი ლექტორ-მასწავლებლების ჩამოყვანას გეგმავს, ამიტომაც სჭირდება 26 სართულიანი კამპუსი

კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რაც მომავალში კამპუსის შენობის სიმაღლის გაზრდას გულისხმობს, ამიტომაც დასჭირდათ მშენებარე პროექტისთვის განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსის მინიჭება. საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით. კომპანია კამპუსის შენობის სიმაღლეს 26 სართულამდე გაზრდის.

მერიის ინფორმაციით, სანაცვლოდ, დაწესებულება მომატებული კოეფიციენტით მიღებული ფართობის 10%-ს, შეთანხმების შესაბამისად, მუნიციპალიტეტს გადასცემს. ამას კანონი ავტომატურად ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როცა კომპანია კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი, სადაც კავკასიის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს, მეათე საჯარო სკოლის მიმდებარედ, ერთ ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. ეს ნაკვეთი აჭარის მთავრობამ აქ საგანმანათლებლო დაწესებულების აშენების პირობით გაყიდა.

მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებებისა და  ბათუმის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შენობა აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზით, აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც.

სანებართვო პირობების თანახმად, მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისთვის დასრულებულია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების კარკასი, სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

2019 წელს აჭარის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ტერიტორიის განვითარების კონცეფცია უნდა მოიცავდეს სასწავლო დაწესებულებას, თუმცა არ შემოიფარგლებოდეს ამით. აქ უნდა მოეწყოს ასევე საჩოგბურთო კორტები, კალათბურთის მოედანი, სპორტული აქტივობებისათვის განკუთვნილი ეზო, დასასვენებელი და სამუშაო სივრცეები, თანამედროვედ აღჭურვილი სპორტული კომპლექსი და სკვერი.

შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“ 82 პროცენტს ხატია გოგლაძე ფლობს. დარჩენილ წილებს იყოფენ ბორის ლეჟავა, [2.5%] მანანა თურქია,[2.5%] თორნიკე შენგელია [10.5%]  და რატი სხირტლაძე [2.5%].

შუშა ძეგლის ფასადზე, რომელიც ქუჩას ირეკლავს – ვინ და რატომ გასცა ნებართვა

ბათუმის თოჯინების თეტრის შენობაში კაფეს ხნიან. კაფეს მოსაწყობად, შენობის პირველ სართულზე სარემოტო სამუშაოებს მთელი ზაფხულის განმავლობაში აწარმოებდნენ. საბოლოოდ შენობის ფასადის ნაწილში ჩასვეს შუშა, რომელიც ქუჩას ირეკლავს.

კანონის მიხედვით, ძეგლი დომინანტი უნდა იყოს და მან ვისაც ძეგლის დაცვა ევალება, არ უნდა დაუშვას არავითარი მშენებლობა ან სხვა რაიმე კოსტრუქციის მოწყობა-განთავსება, რაც ძეგლის დაჩრდილვას გამოიწვევს.

კანონი ასევე ამბობს, რომ ძეგლზე არ უნდა განხორციელდეს ისეთი ჩარევა, რაც მის ავთენტურობას საფრთხეს შეუქმნის.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ინფორმაციით, პროექტი სააგენტოსთან შეთახმებულია, სხვა დეტალებზე კი – გამოითხოვეთო. გვითხრეს ისიც, რომ მოძრავი ვიტრაჟია შუშა, რომელიც ფასადზე ჩასვეს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თეატრის შენობაში 51.84 კვ.მეტრი ფართობი კაფეს მოსაწყობად საიჯარო წესით, ხუთი წლის ვადით, შპს „გლობალ კაფე ჯორჯიას გადაცეს“.

კომპანია 2023 წლის 6 ივლისს საქართველოს და ყაზახეთის მოქალაქეებს დაუფუძნებიათ. 50 პროცენტი ყაზახეთის მოქალაქეს, აიატტილლო აზიმოვს ეკუთვნის, დარჩანილი 50 პროცენტი კი 19 წლის ლუკა მსხალაძის საკუთრებაა.

შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარმილიონიანი დეტალის შეცვლა სჭირდება

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ შვეულმფრენს, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მუშაობდა, დაზიანებული აქვს კუდა ხრახნი, რომლის შეცვლას ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დასჭირდება.

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართა.

სასაზღვრო პოლიცია ერთი კომპლექტი კუდა ხრახნის შეძენას 586 ათას 501 ლარად გეგმავს.

„Ми-8 МТВ-1 ტიპის შვეულმფრენი, ბორტი GBP-10009, იღებდა მონაწილეობას ონის რაიონში (შოვი) მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მომხდარი სტიქიის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში.

ონის რაიონიდან (შოვი) დაბრუნების შემდეგ, კუდა ხრახნის მილისას, ღერძულა სახსრის (წითელი) შემამჭიდროებელი რეზინიდან შეინიშნება ზეთის ჟონვა, რაც გამოიწვევს შვეულმფრენის GBP-10009 გაჩერებას გაურკვეველი ვადით.

ზემოთ აღნიშნული საფრენი აპარატით ხორციელდება: სამაშველო სამუშაოები, სამთავრობო ფრენები და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების როტაციები. აქედან გამომდინარე საფრენი აპარატის გაჩერება გამოიწვევს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის საქმიანობის შეფერხებით მუშაობას. აქვე მოგახსენებთ, რომ საავიაციო მარაგებში კუდა ხრახნი არ გაგვაჩნია.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ, დაავალოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ შესაბამის სამსახურებს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განახორციელონ შესაბამისი პროცედურები კუდა ხრახნის 246-3904-000 სერია „01“ კომპლექტის, ლოპოტებით 246-3925-00 უმოკლეს ვადებში შესაძენად.“ – აღნიშნულია სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ 2023 წლის 23 აგვისტოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსისადმი გაგზავნილ პატაკში.

შვეულმფრენი, ბორტი GBP-10009 / ფოტო: შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ პატაკი – გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად – 2023 წლის 8 სექტემბერს გაუგზავნა. თანხმობა მინისტრმა 11 სექტემბერს გასცა.

სასაზღვრო პოლიცია კუდა ხრახნის შესყიდვას შპს „ავიასერვისისგან“ გეგმავს.

შოვში მეწყერი 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოწვა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 32 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი, 1 პირის ძებნა კი, გრძელდება.

რაჭაში განვითარებული სტიქიის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი. შესაბამისად აღჭურვილი ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ აქვს, თუმცა ხელისუფლება მათ შეძენაზე თითქმის 10 წელია საუბრობს.

ამ თემაზე ვრცლად:

8 ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად – საქართველოში გლოვის დღეა

პორტუგალიაში ქალაქის ქუჩა ღვინით დაიტბორა

შაბათს, 9 სექტემბერს, პორტუგალიის პატარა ქალაქ ლევირაში მდებარე ლიქიორისა და ღვინის ქარხანაში ორი ავზი გასკდა და ქალაქის ქუჩებში 2,2 მილიონი ლიტრი ღვინო დაიღვარა.

სოციალურ მედიაში ამ ფაქტის ამსახველი არაერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ მოედინება ღვინის მდინარე ქალაქის ქუჩაში.

მედიის ცნობით, ღვინის მდინარე ქუჩაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოდიოდა, მაგრამ ძლიერი სუნი არ დაუტოვებია, „რადგან ეს იყო კარგი ხარისხის ღვინო“ – უთხრა New York Times-ს კომპანიის დირექტორმა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მედიის ცნობით, დაიტბორა მხოლოდ ერთი მარანი.

კომპანია Destilaria Levira-მ, რომელსაც ეკუთვნის აღნიშნული ქარხანა, ფეისბუქზე ბოდიში მოიხადა და პასუხისმგებლობა აიღო დასუფთავებაზე.

ქუჩების ღვინისგან გასაწმენდად სახანძრო ტექნიკა იყო გამოყენებული, რითაც თავიდან იქნა არიდებული მდინარეში ღვინის ჩადინება.

 

წყლის გამონადენი კაშხალზე დიზაინის საზღვრებშია – კომპანიის განცხადება „შუახევიჰესზე“

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ განცხადებით ეხმიანება „მთავარი არხის“ სიუჟეტს „შუახევიჰესთან“ დაკავშირებით და აცხადებს, რომ ჰესის ოპერირება უსაფრთხოა.

„გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოა ექსპლუატაციის მიმართულებით და სრულ შესაბამისობაშია ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

2017 წლის დასაწყისში აგებული დიდაჭარის კაშხალი პასუხობს ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას, ხოლო ყველა კონსტრუქციას წინასწარ გაწერილი განრიგისა და პროცედურების შესაბამისად უტარდება რუტინული მომსახურების სამუშაოები.

ბეტონის დიდი კონსტრუქციები აშენებულია კონკრეტული თანმიმდევრობით, ცალკე მდგარი სექციების სახით, სადაც უზრუნველყოფილია სივრცე გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესებისთვის, რომლებიც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით. დასაშვები ოდენობით წყლის მცირე ფილტრაცია ჩვეულ მოვლენას წარმოადგენს და მისი აღმოფხვრა ხდება რუტინული მომსახურების დროს.

სხვადასხვა კონსტრუქციისთვის აუცილებელი რუტინული მომსახურება ხორციელდება გეგმის შესაბამისად. დიდაჭარის კაშხალს უტარდება უწყვეტი მონიტორინგი, რისთვისაც გამოიყენება კაშხალზე დაყენებული საუკეთესო ინსტრუმენტები და ვიზუალური ინსპექცია“ – წერს კომპანია პრესრელიზში.

აქვე ვკითხულობთ, რომ „აჭარისწყალი ჯორჯია“ სარგებლობს კაშხლის საერთაშორისო სპეციალისტების მომსახურებით, რომელთა მოვალეობებში შედის კაშხლის უსაფრთხოებისა და მდგრადობის შემოწმება და კაშხლის კონსტრუქციაზე დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

„2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში კაშხლის სპეციალისტებმა დიდაჭარის კაშხალზე განახორციელეს დეტალური შეფასება, გადაამოწმეს შესაბამისი მონაცემები და მოამზადეს დასკვნა, რომლის თანახმადაც კაშხლის კონსტრუქცია უსაფრთხოა, ხოლო წყლის გამონადენი კაშხალზე დიზაინით გათვალისწინებულ საზღვრებშია.

დიდაჭარის კაშხალი და მასთან დაკავშირებული ყველა ნაგებობა სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობაშია. კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შესაძლო შეშფოთებას არავითარი საფუძველი არ გააჩნია“ – აცხადებს კომპანია.

დიდაჭარის კაშხალზე „ბათუმელები“ 2020 წელსაც წერდა. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ მაშინაც თქვეს, რომ „ამგვარი გაჟონვები ჩვეულებრივი მოვლენაა“ და კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

„შუახევიჰესის“ მშენებლობა 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. ჰესის სიმძლავრე 187 მეგავატს შეადგენს (178-მეგავატიანი სადგური შუახევში და მცირე 9,8-მეგავატიანი სადგური მდინარე სხალთაზე). პროექტი მოიცავს ორ კაშხალს წყალსაცავებით და ერთ დამბას მდინარეებზე: აჭარისწყალი, სხალთისწყალი და ჩირუხისწყალი.

52 მეტრის სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი ორი მდინარის – აჭარისწყლისა და მდინარე ღორჯომის შესართავთან მდებარეობს. წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა 998 000 კუბ.მ-ია, ზედაპირის ფართობი კი – 152 500 კვ.მ.

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე 

ამავე თემაზე: 

არის უსაფრთხო დიდაჭარის კაშხალი? – რას პასუხობს სახელმწიფო „შუახევი ჰესზე“ დასმულ კითხვებს

რუსეთმა დროზე ადრე გადაიყვანა უკრაინაში ახალი არმიის ნაწილები – ბრიტანეთის დაზვერვა

დღეს, 13 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ტვიტერზე რუსეთის ახალი, 25-ე გაერთიანებული არმიის შესახებ წერს.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის ახალი 25-ე გაერთიანებული არმიის ნაწილები, დიდი ალბათობით, პირველად განლაგდნენ უკრაინაში და, სავარაუდოდ, ორიენტირებული არიან ლუგანსკის ოლქზე, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში ნათქვამი იყო, რომ ეს დანაყოფი უკრაინაში მხოლოდ 2023 წლის დეკემბრიდან განთავსდებოდა – წერს დაზვერვა და მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ქვედანაყოფები სასწრაფოდ იქნა გაგზავნილი ფრონტზე, რადგან რუსეთი აგრძელებს ბრძოლას ფრონტის ძალიან ვრცელ ხაზზე, უკრაინა კი განაგრძობს კონტრშეტევას სამ მიმართულებაზე.

თუმცა ამავე დროს, დაზვერვა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია რუსეთმა გამოიყენოს 25-ე არმიის სარეზერვო ნაწილები მეტი ოპერატიული მოქნილობისთვის.

რუსეთის სახმელეთო ჯარების 25-ე გაერთიანებული არმია რუსეთის შეიარაღებული ძალების რეზერვია, შეიქმნა 2023 წლის ივნისის დასაწყისში, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის ბაზაზე.

რუსული მედიის ცნობით, არმია 30 ათას, კონტრაქტით აყვანილ ჯარისკაცს აერთიანებს და შედგება სატანკო და საარტილერიო ბატალიონებისგან.

მელიტოპოლთან უკრაინის თავდაცვა რუსებს ავიწროებს – გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს დონეცკის ოლქში, კლიშჩეევკას რაიონსა და ზაპოროჟიეს ოლქში – რობოტინოს რაიონში. რუსული ჯარების შეტევები დონეცკის ოლქში, ნოვომიხაილოვკას რაიონში და ნოვოდარივკას სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგით დასრულდა.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს, ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს და მაგრდებიან მიღწეულ ხაზებზე“, – იუწყება უკრაინის გენშტაბი დღეს, 13 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრიანაში 34 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსეთმა განახორციელა 7 – სარაკეტო, 35 – საჰაერო და 56-ზე მეტი დარტყმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ავდეევკასა და მარინკას მახლობლად ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 20-ზე მეტჯერ სცადეს გაედევნათ უკრაინული ქვედანაყოფები პოზიციებიდან, თუმცა უშედეგოდ.

მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას, რის შედეგადაც საოკუპაციო ძალებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს და „აიძულეს მტერს უკან დაეხია პოზიციებიდან“, – იუწყება გენერალური შტაბი.

ასევე, გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა იმ ადგილებში, სადაც კონცენტრირებულია რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

პოლიციას ესროლა, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა.

ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს.

მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.“ – აცხადებს შსს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათზე, სროლის ხმა იყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „უნივერსამში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა.

ამ თემაზე:

სროლა და ყაჩაღობის მცდელობა ბათუმში

სროლა და ყაჩაღობის მცდელობა ბათუმში

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათზე სროლის ხმა იყო. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „უნივერსამში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა, თუმცა მაღაზიიდან მოახერხეს დაცვის პოლიციასთან დაკავშირება.

პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ შეიარაღებული პირი გამოვიდა მაღაზიიდან, ისე, რომ არაფერი წაუღია. მან პოლიციელების მისამართით გაისროლა, თუმცა ის დააკავეს.

ჩვენივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს.

განახლება: მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა… ყაჩაღობის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. დააკავეს.“ – აცხადებს შსს.

ვრცლად :

პოლიციას ესროლა, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ – შსს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 270 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
  • ტანკი – 4 584 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 8 792 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 5 902 ერთეული [+30]
  • MLRS – 766 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 517 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 650 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 444 ერთეული [+31]
  • სპეცტექნიკა – 884 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 248 ვერტმფრენი
  • 6 706 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 811 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 150 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 359 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 958 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მელიტოპოლთან უკრაინის თავდაცვა რუსებს ავიწროებს – გენშტაბი

საზღვრის გადმოკვეთისთანავე გააგზავნე თავშესაფრის მოთხოვნა – რა უნდა იცოდეთ აშშ-ში წასვლამდე

მარი ოზაშვილს არასდროს უფიქრია, რომ ემიგრაციაში წავიდოდა. უბრალოდ ათწლიანი ვიზა მიიღო მეგობრებთან ერთად და ამერიკაში მცხოვრებ დასთან წასვლა გადაწყვიტა ქვეყნის დასათვალიერებლად 2019 წლის ზაფხულში. მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში [საია] მუშაობდა, ბევრი პროექტი ებარა და შვილიც პატარა ჰყავდა, მერე პანდემია დაიწყო და საზღვრები დაიკეტა. არ იყო მზად ახალი ცხოვრება დაეწყო სხვა ქვეყანაში, მაგრამ მარიზე გავლენა დამ მოახდინა, რომელიც ხშირად ესაუბრებოდა ამერიკასა და ახალ შესაძლებლობებზე.

აშშ-ში პანდემიის დასრულების მერე წავიდა. საიასთან თანამშრომლობა არ შეუწყვეტია და პროექტებზე დისტანციურად მუშაობდა. უნდოდა მედიამენეჯმენტი ესწავლა ამერიკაში, მაგრამ მისი ტურისტული ვიზის სტუდენტური ვიზით ჩანაცვლება ადგილზე შეუძლებელი აღმოჩნდა და დოკუმენტების მომზადებას ბევრი დრო სჭირდებოდა.

სხვადასხვაგან გამოცადა საკუთარი შესაძლებლობები. ამბობს, რომ სირთულეები ცხოვრების პირველ ეტაპზე ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც სხვა ქვეყანაში ახალჩასულ ემიგრანტებს აქვთ ხოლმე. ცხოვრობდა დასთან ერთად, ამერიკაში დახვდნენ მეგობრებიც და პირველად საჭიროებებზე ზრუნვა ჩასვლისთანავე არ უწევდა.

„აქ დროებითი სამსახურის პოვნა რთული არ არის, ყოველდღიური ფული როცა გჭირდება.

ჩემი და მუშაობდა უძრავი ქონების სააგენტოში და ვეხმარებოდი, თავისუფალ დროს ფურშეტის მომზადებასა და ორგანიზებაშიც ვიღებდი მონაწილეობას. რთული იყო ის, რომ არავინ გიცნობს, არავინ იცის, ვინ ხარ, რა გიკეთებია აქამდე და დაქირავებული ხარ, გევალება მხოლოდ იმის კეთება, რისთვისაც დაგიქირავეს, მეტი არავის არაფერი აინტერესებს შენგან, მაგრამ ჩემ გვერდით იყვნენ ახლობლები, მეგობრები და რაღაცნაირად გავუმკლავდი ამ რეალობას.

შემიძლია ვთქვა, რომ ადვილად ავუღე ალღო თავიდანვე ამერიკაში თვითდამკვიდრებისთვის პირველივე სირთულეებს“ – ამბობს მარი ოზაშვილი, რომელიც ახლა საემიგრაციო ადვოკატის, ალინა კაცის კომპანიაში მუშაობს და ემიგრანტებს დოკუმენტების მოწესრიგებაში ეხმარება, საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს აცნობს.

მარი ოზაშვილი

იურიდიულ კომპანიაში მარტივად დაიწყო მუშაობა, რადგან საქართველოდან ჩამოსული მეგობრები, ნაცნობები ხშირად მიმართავდნენ ემიგრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა კითხვით. მარი მეგობრებთან ერთად ეძებდა ამ ინფორმაციას, კითხულობდა კანონმდებლობას, ისწავლა ოფიციალური დოკუმენტების შევსების ფორმები, უყურებდა ემიგრაციის თემაზე ყველა გადაცემას, ეცნობოდა ემიგრანტებთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ინფორმაციას და ასე დააგროვა ცოდნა, რაც დასაქმებისას გამოადგა.

მარი ოზაშვილს „ბათუმელები“ ამერიკაში ქართველების მიგრაციის დიდ ტალღაზე, მიზეზებსა და მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.

  • საქართველოდან ამერიკაში ჩამოსული დაახლოებით რამდენი ადამიანი მოგმართავთ ყოველთვიურად? რა კითხვებით მოგმართავენ ძირითადად და რით ეხმარებით მათ?

მომსახურებას ვუწევთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც საემიგრაციო საკითხებში სჭირდებათ დახმარება. ეს არ ეხება მხოლოდ მექსიკიდან შემოსულ ქართველებს, ეხება ნებისმიერ საემიგრაციო საკითხს, მათ შორის ქორწინების ქეისებს, განქორწინებას, ყველანაირ საემიგრაციო საკითხს, რაც საბუთებთანაა დაკავშირებული.

ჩემი დაკვირვებით, მიგრანტების ტალღა საქართველოდან განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის შემდგომ პერიოდში.

უფრო ხელმისაწვდომი გახდა მექსიკის გზით ამერიკაში შემოსვლა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც გაიზარდა. თავიდან ბევრმა არ იცოდა, რომ ჰქონდათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება.

ახლა ეს ინფორმაციული ვაკუუმი აღარ არის, თუნდაც დიდ ფეისბუქჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით. საქართველოს საკმაოდ ბევრი მოქალაქე მოგვმართავს ყოველდღიურად. საქართველოდანვე მირეკავენ ხშირად, გვიკავშირდებიან აქ ჩამოსულებიც, ბიუროშიც ბევრი რეკავს. კვირაში დაახლოებით 20-30 კონსულტაცია გაიცემა ჩვენს საადვოკატო ბიუროში. ამაში არ ვთვლი ჩემს ზეპირ კონსულტაციებს, ახლობლების ზარებს, პირადი კონტაქტების საშუალებით ონლაინ თუ სატელეფონო ზარებით კითხვებზე პასუხებს. ასეთი ყოველდღიურად უამრავია.

მექსიკიდან შემომსვლელთა სტატისტიკა მზარდია. ძირითადად საკუთარ უფლებებში გარკვევა სჭირდებათ, როგორ მიიღონ ლეგალურად მუშაობის უფლება და რამდენად აქვთ შანსი მიიღონ მწვანე ბარათი, ცხოვრების უფლება, დაზღვევა და გახდნენ სამომავლოდ აშშ-ის მოქალაქეები.

  • რას ურჩევდით საქართველოდან ამერიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, რა უნდა გაითვალისწინონ წამოსვლამდე, რა არის ის უნარ-ჩვევები, რის გარეშეც აშშ-ში წასვლა არ ღირს?

ამერიკაში წამომსვლელებს პირველ რიგში ვურჩევდი კარგად გაიაზრონ ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც აპირებენ. ხშირად აქაური ცხოვრება ახალჩამოსულებისთვის ისეთი არ არის, როგორიც წარმოუდგენიათ.

მექსიკის გზით წამოსულებს, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნა სურთ, ვურჩევდი კარგად დაფიქრდნენ და შეისწავლონ სირთულეები, რასაც შესაძლოა აქ გადააწყდნენ. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ თავიდან დასჭირდებათ ბინა ან ოთახი, ადგილი, სადაც ღამეს გაათევენ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა გარკვეული თანხა, რომ იარსებონ, საკვების, პირველადი მოხმარების ნივთებისთვის, თავის გასატანად. ხშირად ჩამოსვლისთანავე ვერ პოულობენ სამსახურს. ვიღაცებს უმართლებთ და მალე საქმდებიან, მაგრამ დიდი საემიგრაციო ტალღის ფონზე გაზრდილია კონკურენცია და დიდი შანსია, რომ დამსაქმებელმა აარჩიოს სხვა და არა თქვენ.

ენის ცოდნა გადამწყვეტია, ადრე საქმდებოდნენ ინგლისური ენის არცოდნის შემთხვევაშიც კი, მაგრამ ახლა ყველა დამსაქმებელი ითხოვს სულ მცირე საკომუნიკაციო დონეზე ენის ცოდნას. აუცილებელია ელემენტარულად მოახერხოთ დამსაქმებელთან გასაუბრება. ის ხალხი, ვინც საერთოდ ვერ საუბრობს ინგლისურად, უფრო მეტ პრობლემებს აწყდება ენის მცოდნეებთან შედარებით.

უნდა იცოდნენ ადამიანებმა რა გააკეთონ პირველ ეტაპზე. საჭიროა აქ ყოფნისას რაიმე სახის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მაინც გქონდეთ. სულერთია რა სახის იქნება ეს დოკუმენტი.

საზღვარზე შემოსვლისას საემიგრაციო ოფიცრები ართმევენ და ატოვებინებენ პასპორტებს. ეს არის პრობლემა ამ ადამიანებისათვის.

ასეთ შემთხვევაში ვურჩევდი ყველას იქონიონ ქართული მართვის მოწმობები, რაც ასევე არის გარკვეული სახის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ხანდახან აქ ჩამოსული ქართველები ამზადებინებენ და აგზავნინებენ საქართველოდან ახალ პასპორტებს, რაც ძალიან დიდი შეცდომა და პრობლემაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ საემიგრაციო სამსახურის ქმედებას უგულებელყოფ, რადგან საემიგრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა ჩამოერთვა თქვენთვის პასპორტი.

ასევე არსებობს საშუალება წერილობით გამოითხოვოს ადამიანმა საემიგრაციო სამსახურიდან პასპორტი, შესაძლოა დაგიბრუნდეთ, ეს ხშირად არ იციან ჩამოსულებმა, ვერ იგებენ, რატომ შეიძლება ქმნიდეს პრობლემას საემიგრაციო სამსახურთან ახალი პასპორტის გამოჩენა.

უკანონო გზით საბუთების გაკეთება ამერიკაში სამომავლოდ დიდ პრობლემებს უქმნის მიგრანტებს.

მექსიკიდან ან ტურისტული ვიზით ჩამოსულებს სულერთია, ყველას, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნა სურს, ვურჩევდი, ამერიკაში ჩამოსვლისთანავე მოძებნონ კომპეტენტური ადამიანი, რომელიც ჩაიბარებს მათ საქმეს, დაეხმარება და მიიყვანს გარკვეულ ეტაპამდე მაინც, რადგან ყველას არ აქვს საშუალება, აქ ჩამოსვლისთანავე ადვოკატი დაიქირაოს. არიან ადამიანები, ვინც ადვოკატთან მისვლამდე დაეხმარებიან მათ. პარალეგალებს [პირი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, თუმცა აქვს საჭირო ცოდნა, გასწიოს პირველადი სამართლებრივი კონსულტაცია] ვგულისხმობ.

თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად შეარჩიონ პარალეგალი, რადგან ბევრი არაკომპეტენტურია ბაზარზე და შეიძლება ამან მეტი სირთულე შექმნას დახმარების ნაცვლად.

მიმაჩნია, რომ ვინც ამერიკაში წამოსვლას აპირებს, ჯერ უნდა გაწევრიანდეს ფეისბუქჯგუფში – „ჩვენ ამერიკაში“. აქ ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.

  • რით განსხვავდება ერთმანეთისგან არალეგალური გზით ამერიკაში ჩამომსვლელთა მდგომარეობა ლეგალურად ჩამომსვლელთა მდგომარეობისგან? ხშირად მწვანე ბარათით ჩამოსულებიც ჰყვებიან, რომ მუშაობისა და ცხოვრების უფლების მიუხედავად დიდხანს ვერ პოულობენ სამსახურს და ვერ ქირაობენ ბინას.

არალეგალური გზით ჩამოსულები დიდ სირთულეებს აწყდებიან და უწევთ ყველაფრის ნულიდან დაწყება, ბრძოლა ყოველდღიური გადარჩენისა და ამერიკაში ლეგალურად სამუშაო უფლების მოპოვებისთვის. შემდეგ უკვე თავშესაფრის მიღებას ელოდებიან და სხვადასხვა სტატუსს: სოციალურ დაზღვევას, ჯანმრთელობის დაზღვევას და ა.შ.

უკეთეს მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც მწვანე ბარათით ჩამოდიან ამ ქვეყანაში.

თუმცა ყველასთვის თანაბრად რთულდება ყველაფერი, როცა საქმე სამსახურის შოვნას ეხება.

ყველა სამსახურში უპირატესობა ლეგალურად დასაქმების კანდიდატს, მწვანებარათიანს აქვს. თუმცა მხოლოდ ამ უფლების ქონაც არაა საკმარისი, თუ ინგლისური არ იცი.

ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მქონე ახალჩამოსულებიც აწყდებიან პრობლემას ბინის დაქირავების დროს. ნიუ იორკში ბინის დაქირავება საკმაოდ რთულია, დიდ ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული და ამისთვის გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ. ამ ქალაქს იმიტომ ვახსენებ, რომ მიგრანტების დიდი ნაწილი სწორედ ნიუ იორკში ჩამოდის თავიდან.

აქ ბინის შენს სახელზე დასაქირავებლად საჭიროა გქონდეს საკრედიტო ისტორია, გადახდილი გადასახადები, უნდა გიფიქსირდებოდეს ყოველთვიური შემოსავალი და ა.შ. მხოლოდ ის, რომ მწვანე ბარათი გაქვს, არ გაძლევს შესაძლებლობას ბინა იქირაო. ასეთ დროს გადამქირავებლისგან ქირაობენ საძინებელ ოთახებს.

შენს სახელზე ნიუ იორკში ვერ იქირავებ ბინას მანამ, სანამ არ გექნება ფიქსირებული შემოსავალი, გადახდილი გადასახადები და კარგი საკრედიტო ისტორია, არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, მწვანე ბარათი გაქვს თუ არ გაქვს.

კარგი საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად დროა საჭირო. ამ სირთულეების გადალახვისას თანაბრად ექმნებათ პრობლემები საბუთიანებსაც და უსაბუთოებსაც.

თუმცა მწვანე ბარათით ჩამოსულებს მეტი შესაძლებლობა აქვთ ამ ქვეყანაში, შეუძლიათ აიღონ სხვადასხვა საკრედიტო ბარათი, მალე შექმნან საკრედიტო ისტორია და მარტივად მიუწვდებათ ხელი იმ სიკეთეებზე , რასაც ამერიკა აძლევს საკუთარ მოქალაქეებს. აქვთ, მაგალითად, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე დასწრების უფლება სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში, უფინანსდებათ სწავლის ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში, თუ საკმარის კრედიტებს აგროვებენ და ა.შ.

არალეგალურად შემოსულ ადამიანებს ვურჩევდი პირველ რიგში მოითხოვონ თავშესაფარი, მაგრამ სახელმწიფოს უნდა დააჯერო, რომ შენ იმსახურებ თავშესაფარს, ამისთვის საჭიროა მყარი, რეალური და ფაქტებით განმტკიცებული ქეისი.

უმჯობესია, თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადება გაიგზავნოს ძალიან სწრაფად. ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ერთი წელია ამერიკაში არიან და თავშესაფარი ჯერ არ მოუთხოვიათ, კანონმდებლობაში კი წერია, რომ შემოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მოითხოვო თავშესაფარი. თუ გადადე, საქმე რთულდება და მერე გიწევს განმარტება, თუ რატომ არ მოითხოვე თავშესაფარი კანონით დადგენილ ვადაში.

შესაბამისად ყველას ვურჩევდი, რომ ძალიან მარტივად, საზღვრის გადმოკვეთისთანავე გაგზავნონ თავშესაფრის მოთხოვნა ადვოკატის ან კვალიფიციური პარალეგალის დახმარებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასამართლოში, უბრალოდ ზოგის საქმე გვიან აისახება სისტემაში, ზოგის – ადრე.

  • კიდევ რას ურჩევდით ამერიკაში არალეგალურად მყოფ ქართველებს? რა ეტაპები უნდა გაიარონ მათ და რა უნდა გააკეთონ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გარემოსთან ადაპტაციისთვის?

თავშესაფრის მაძიებელმა ყველა პირმა უნდა იცოდეს, რომ თავშესაფრის მოთხოვნის წერილის გაგზავნიდან 150-180 დღის შემდეგ უფლება აქვთ მოითხოვონ სოციალური დაცვის ბარათი (social security card)  და მუშაობის უფლება. ამ უფლებების მოთხოვნისთანავე მიღება, მანამ, სანამ თავშესაფრის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, უკვე ძალიან კარგი შედეგია, რადგან სანამ თავშესაფარს მიიღებ და სასამართლო განიხილავს შენს საქმეს, ქმნი საკრედიტო ისტორიას და იხდი გადასახადებს.

მერე იწყება ბრძოლა თავშესაფრის მოსაპოვებლად, რაც გულისხმობს სასამართლო პროცესებს და მერე უკვე საბოლოო პროცესზე გადაწყდება, დააკმაყოფილებენ თუ არა თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნას. თავშესაფრის მიღების მერე ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, განაცხადი გააკეთოს მწვანე ბარათზე.

თუ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი, უმეტესწილად გამოაქვს დეპორტაციის გადაწყვეტილება. არის შანსი, რომ არ გამოიტანოს დეპორტაციის გადაწყვეტილება, ეს უკვე ინდივიდუალურია. გააჩნია საქმეს, თუმცა დეპორტაციის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც აქვს ადამიანს, რომ გააგრძელოს ბრძოლა თავშესაფრის მისაღებად, ამას სჭირდება ადვოკატი, რომელიც მიიყვანს საქმეს ბოლომდე. ყველაფერი დამოკიდებულია ცალკეულ ადამიანზე, ისტორიაზე, ამ ისტორიის ნამდვილობასა და მტკიცებულებებზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი მოსამართლე განიხილავს ამა თუ იმ საქმეს. ყველა მოსამართლე საკუთარი სურვილით იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა კანონზე დაყრდნობით. ამერიკის სასამართლო, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე პრეცედენტული სასამართლოა და მოსამართლეებს აქვთ უფლება შექმნან პრეცედენტები, შესაბამისად მათ გადაწყვეტილებას წინასწარ ვერ განსაზღვრავ.

ხშირად ვაკვირდებით ამა თუ იმ მოსამართლის სტატისტიკას, დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილებების სიხშირეს და თანაფარდობას. ამ დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია.

  • რა მოტივით ტოვებენ ქვეყანას მიგრანტები, რომლებიც თქვენს საადვოკატო ბიუროს მიმართავენ, როგორია ძირითადი საქმეები, მარტო მოდიან, თუ ოჯახებით? რა არის, თქვენი შეფასებით, მიგრაციის ასეთი ტალღის განმაპირობებელი?

ჩვენთან მოსული ადამიანების უმეტესობა ძირითადად პოლიტიკური ნიშნითაა დევნილი საქართველოდან. მოდიან მარტოც, ოჯახებთან ერთადაც, მოდიან მცირეწლოვანი ბავშვებით, ფეხმძიმეებიც მოდიან, ისინიც მექსიკით კვეთენ საზღვარს, რაც წარმოუდგენლად რთულია. პოლიტიკური დევნილებიც და სხვებიც სხვადასხვაგვარი შევიწროების მსხვერპლები არიან.

ასევე გვაქვს სექსუალური უმცირესობების ქეისები, რომლებიც ხშირად ხდებიან სხვადასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლი. უწევთ ისეთ რეალობაში ცხოვრება, სადაც ვერ ახერხებენ საკუთარი იდენტობის გამოხატვას, ამერიკა კი მათთვის არის ადგილი, სადაც ელემენტარულად ქუჩაში გასვლა შეეძლებათ, საკუთარი იდენტობის მუდმივად მალვა არ მოუწევთ და არ შეეშინდებათ, რომ გარეთ ვინმე ორიენტაციის გამო მოკლავს. ისინი ხშირად ოჯახის წევრებისგანაც ხდებიან ძალადობის მსხვერპლები.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულები მოგვმართავენ. წარმოუდგენელ ამბებს ჰყვებიან, რისი გადატანა უწევდათ საკუთარ რეგიონში, საკუთარ ოჯახში, ოჯახის წევრების, მეზობლების, ნათესავების მხრიდან. ისინი სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან, რადგან არასდროს იციან როდის გახდებიან ძალადობის მსხვერპლი. ხშირად ოჯახის მამაკაცი წევრები არიან ხოლმე მოძალადეები: მამები, ბიძები, ბაბუები, სწორედ ამისგან გამორბიან ისინი და სთხოვენ თავშესაფარს ამერიკას.

უმეტესწილად მოგვმართავენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვერ ამჟღავნებენ საქართველოში, რომ სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენენ, ისინი შეიძლება ცხოვრობდნენ  ჰეტეროსექსუალებივით, მაგრამ განიცდიდნენ დიდ სტრესს და ზეწოლას.

ერთი კონკრეტული ქეისის გახსენება გამიჭირდება, მაგრამ ადამიანები თანაბრად განიცდიან ზეწოლას როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან. ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში არის ის, რომ ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც მიმართავენ სახელმწიფო სტრუქტურებს, ხშირად ხდებიან მათი მხრიდანაც ძალადობის მსხვერპლები, რაც მიუღებელი და წარმოუდგენელია. ასეთ ადამიანებს უჩნდებათ დაუცველობის განცდა, რომ სახელმწიფო მათ კი არ იცავს, პირიქით, თავადაც ხდება მოძალადე.

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებიც ხშირად ხდებიან ზეწოლის მსხვერპლები მათივე ნათესავებისგან, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფოს სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში. მათ რცხვენიათ, რომ ოჯახის წევრს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს, რადგან სავარაუდოდ ისინიც განიცდიან ზეწოლას მაღალჩინოსნებისგან. ეს ერთგვარი ჯაჭვია ზეწოლისა და ძალადობის, რასაც სისტემაში დასაქმებული ხალხი განიცდის.

მქონია შემთხვევა, როცა სისტემას გამოქცეული საქართველოს მოქალაქეები მოსულან ჩვენთან, მათ შორის საკმაოდ მაღალ პოზიციაზე მომუშავეები, რომლებსაც უწევდათ ისეთი დავალებების და ბრძანებების შესრულება, რაც მათთვის იყო მიუღებელი, ამორალური.

რთულია ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც მუდმივად გეშინია, არ გაქვს შენი აზრის, შეხედულებების ღიად გამოხატვის შესაძლებლობა. მეტიც, შეიძლება შენი განსხვავებული პოზიციისთვის შენი ოჯახის წევრს შეექმნას პრობლემა და ეს არ არის მსუბუქი მუქარა. ხშირად ეს მუქარები განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ოჯახის წევრების სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში.

კიდევ უფრო რთულადაა საქმე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებთან. მქონია შემთხვევები, როცა ისეთ მდგომარეობაში ჩამოდიოდნენ, პირველ რიგში ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებოდათ, რომ საკუთარი ამბის მოყოლა შესძლებოდათ. ამას ყოველდღიურ პრაქტიკაშიც ვაწყდები, ხანდახან მიწევს შევითავსო ფსიქოლოგის როლიც და ვარწმუნებ ადამიანებს, რომ აქ უსაფრთხოდ არიან და არ უნდა ეშინოდეთ, რომ მათი ამბავი გამჟღავნდება, ხშირად მიწევს მტკიცება, რომ მათი ამბები კონფიდენციალურია. ხშირად არ სჯერათ, ნდობა დაკარგული აქვთ, იმდენად დაშინებულები არიან გარემოსგან.

ეს არის ის რეალობა, რაშიც აქ გვიწევს ცხოვრება. იმედს ვიტოვებ, ყველაფერი გამოსწორდება საქართველოში და ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ მშვიდად, მხარი დაუჭირონ იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც სურთ. უყვარდეთ ის, ვინც სურთ და იცხოვრონ იმასთან, ვისთანაც სურთ.

  • როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს სახელმწიფომ, თავიდან რომ აიცილოს საქართველოს მოქალაქეების დიდი მიგრაცია უცხო ქვეყნებში?

სამწუხაროა, რომ მიგრანტთა უმეტესობას წარმოადგენენ ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ უნარი იმუშაონ საკუთარ ქვეყანაში, რესურსი მოახმარონ საქართველოს და არა სხვა სახელმწიფოს, სწორედ ასეთი ხალხი ტოვებს ქვეყანას და ეძებს თავშესაფარს.

ამის შესაჩერებლად სახელმწიფომ ყველა ადამიანის უფლებების თანაბარი დაცულობა უნდა უზრუნველყოს. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავი უნდა იგრძნონ უსაფრთხოდ, მათი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უნდა იყოს დაცული, ყველას უნდა შეეძლოს აზრის თავისუფლად გამოხატვა და არ უნდა ხდებოდნენ სხვადასხვა დაჯგუფებისგან ძალადობის მსხვერპლები.

ქვეყანაში უნდა არსებობდეს მინიმალური ეკონომიკური კეთილდღეობა მაინც, რომ მშობლებმა შეძლონ შვილების კარგად გამოკვება. ბავშვს არ უნდა შიოდეს. სახელმწიფოს აქვს ამის რესურსი, უბრალოდ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნებაც. საჭიროა სწრაფი ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის გამოსასწორებლად. ეს პრობლემები განაპირობებს მიგრაციის დიდ ტალღას არამხოლოდ ამერიკის, არამედ ევროპის ქვეყნების მიმართულებითაც.

  • საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და რას მოგვცემს ევროინტეგრაცია?

სწორედ იმისთვის, რომ ზემოხსენებული პრობლემები მოგვარდეს და ყველა ადამიანი იყოს დაცული, შეძლოს აზრის, პოზიციისა და შინაგანი მდგომარეობის შიშის გარეშე გამოხატვა, მნიშვნელოვანია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

სამწუხაროდ ყბადაღებულ რუსულ პროპაგანდას აყოლილი ნარატივები აკნინებს ყველა იმ ღირებულებას, რაც ევროინტეგრაციას მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის. ის ხალხი, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას არ ემხრობა და რუსულ პროპაგანდას ეწევა, პირდაპირი მნიშვნელობით საქართველოს მტერია. ეს ადამიანები საფრთხეს უქმნიან ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს.

მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მომხრე საქართველოს ყველა მოქალაქე გაერთიანდეს და მიიტანოს საზოგადოებამდე სწორი ინფორმაცია პროცესზე, ევროპულ ღირებულებებზე, სიკეთეებზე, რასაც საქართველო სტატუსის მოპოვების შემთხვევაში მიიღებს.

ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე. აშკარაა, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ძლიერდება რუსული პროპაგანდა საქართველოში, ეს ძალიან მტკივნეული და ტრაგიკული ამბავია.

სწორედ ევროპული პროგრამებით მე და ჩემმა კოლეგებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან უამრავი კარგი პროექტი განვახორციელეთ საქართველოში.

სწორედ ევროინტეგრაციაა საქართველოში ემიგრანტების დაბრუნების გარანტია. ვისურვებდი, მალე ევროკავშირის წევრ საქართველოში მომიწიოს დაბრუნება და არა რუსეთის რომელიღაც კოლონიაში.

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივი დაღლილობა – ექიმის რჩევები

დაღლილობა ძალიან ხშირი სიმპტომია, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი განიცდის ხანმოკლე ავადმყოფობის დროს. დაღლილობა ჩვეულებრივ ქრება, როდესაც დაავადება დასრულდა, მაგრამ ზოგჯერ ის ხანგრძლივდება და დაღლილობის გრძნობა დასვენების შემდეგაც არ ქრება. „მედცენტრის“ თერაპევტი, თამარ დონდუა საუბრობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობაზე მიგვანიშნებდეს.

  • ქალბატონო თამარ, როგორ განისაზღვრება ქრონიკული დაღლილობა?

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ძალიან გავრცელებულია და გამოირჩევა ჩვეულებრივი დაღლილობისგან იმით, რომ ადამიანი დილიდანვე იღვიძებს უკვე დაღლილი. ნებისმიერ დროს, როცა რაღაც უჩვეულო მდგომარეობაშია პაციენტი, თუ თვლის, რომ მისი ფიზიკური აქტივობა, რითაც დატვირთულია, შეუსაბამოა იმ მდგომარეობასთან, იმ დაღლილობასთან, რასაც განიცდის, უნდა მიმართოს ექიმს.

ქრონიკულ დაღლილობაზე შეიძლება საუბარი მაშინ, როცა ეს სიმპტომები გრძელდება თვეზე მეტ ხანს, ასეთ დროს უნდა მივმართოთ ექიმს და დადგინდეს – ეს არის სხვა დაავადების თანმხლები მდგომარეობა, თუ თავისთავად რაღაც მიზეზებით გამოწვეული სიმპტომატური მდგომარეობა.

  • რა შეიძლება იყოს ასეთი გახანგრძლივებული დაღლილობის მიზეზი?

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს საჭიროა დიაგნოსტიკა, რადგან მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა სომატური დაავადება, მაგალითად, როგორიცაა სისხლნაკლებობა ანუ ანემია, ჰიპოთირეოზი, დეპრესია, უძილობა, ასევე ხვრინვა და ძილის აპნოე, რომელიც ცალკე დაავადება და რის გამოც შეიძლება ადამიანი დილას იღვიძებდეს აბსოლუტურად დაღლილი და ისე, თითქოს მთელი ღამე იმუშავა.

შეიძლება ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობითაც იყოს გამოწვეული, თუმცა ძალიან იშვიათია, რომ ავიტამინოზი გვქონდეს. მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს D და B ჯგუფის ვიტამინების უკიდურესი ნაკლებობა, B12- ის ნაკლებობა, რომელიც ისევ სისხლს და რკინის ნაკლებობას უკავშირდება სისხლში.

  • რომელია საგანგაშო ნიშნები და სიმპტომები, რაც დაღლილობის სერიოზულ მიზეზებზე მიუთითებს?

ჰაერის უკმარისობა, ქოშინი შესაძლებელია იყოს ანემიის დროს.

საქმე ის არის, ჰემოგლობინი ეს არის რკინისა და ჟანგბადის კავშირი, რომელიც აწვდის ჟანგბადს სხვადასხვა ორგანოებს და მათ შორის ტვინს. ტვინი ძალიან მგრძნობიარეა ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ. თუ ორგანიზმში ნაკლებია რკინა, გამოდის, რომ ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის ყველა ორგანო, მათ შორის ტვინი და შესაძლოა ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ადამიანს მუდმივად ამთქნარებს, მუდმივად მოდუნებულია, მისი შრომისუნარიანობა დაქვეითებულია.

დაღლილობის პარალელურად წონის მკვეთრი კლება, თუ ადამიანის კვების რაციონი, ან ფიზიკური დატვირთვა არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა ონკოლოგიური კუთხით, ასევე ენდოკრინოლოგიური კუთხით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შარიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ასევე შეიძლება იყოს ონკოლოგიური დაავადებები.

  • რა ძირითადი გამოკვლევები ტარდება ამ დროს?

ყველაზე პირველი ამ დროს არის სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც მიგვანიშნებს მწვავე ან ქრონიკული პროცესები თუა ორგანიზმში.

ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ანალიზი რამდენიმე ვიტამინზე, მათ შორის D და 12 ვიტამინზე, შეიძლება გაკეთდეს რკინის ანალიზი, შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, შაქარი ანუ გლუკოზა ვენიდან (დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ). ეს არის ძირითადი მაჩვენებლები, რაც შეიძლება შევამოწმოთ. ასევე შეიძლება გაკეთდე C-რეაქტიული ცილა, რომ განისაზღვროს რაიმე მწვავე თუ ქრონიკული პროცესი თუ მიმდინარეობს ორგანიზმში.

შემდეგი ნაბიჯები უკვე განისაზღვრება პაციენტთან გასაუბრების შემდეგ, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტთან ვიზუალურ კავშირს.

ფიზიკურად აქტიური უნდა იყოს ადამიანი. რაც უფრო მეტად აქტიურია სხეული, მით უფრო ჯანმრთელია ადამიანი, თუმცა ეს არ უნდა იყოს ძალიან მძიმე დატვირთვის, დამღლელი და ღონის გამომცლელი ფიზიკური აქტივობა.

კვება უნდა იყოს დაბალანსებული, დიეტები და მონოდიეტები გამორიცხულია. ძილის და სიფხიზლის დრო უნდა იყოს დაბალანსებული, ადამიანმა უნდა დაიძინოს ღამის 12 საათამდე.

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 96-მდე გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, ჩამონათვალს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა უკვე დღეიდან [2023 წლის 12 სექტემბრიდან] შეუძლიათ.

აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნების [მათ შორის რუსეთის ფედერაციის] მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, გარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა.

მთავრობის დადგენილებით:

  • „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის  ვადით  ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის“.

განახლება: რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, მათ ჰქონდათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის  ვადით  ყოფნის უფლება. უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ვადის ჯერ 2 წლამდე, შემდეგ კი 3 წლამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო. 2025 წლის 2 აპრილის დადგენილებით კი, „ოცნების“ მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის 3-წლიანი ვადა ისევ 1 წლამდე შეამცირა.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 5 ივნისს დაამტკიცა.

მაშინ ჩამონათვალში ჯამში სულ 94 ქვეყანა და ტერიტორია იყო, რომელსაც 2017 წელს – იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, 2023 წელს კი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ
  1. ავსტრალიის თანამეგობრობა
  2. ავსტრიის რესპუბლიკა
  3. აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  4. ალბანეთის რესპუბლიკა
  5. ამერიკის შეერთებული შტატები
  6. ანდორის სამთავრო
  7. ანტიგუა და ბარბუდა
  8. არაბთა გაერთიანებული საამიროები
  9. არგენტინის რესპუბლიკა
  10. ახალი ზელანდია
  11. ბარბადოსი
  12. ბაჰრეინის სამეფო
  13. ბაჰამის თანამეგობრობა
  14. ბელარუსის რესპუბლიკა
  15. ბელგიის სამეფო
  16. ბელიზი
  17. ბოსნია და ჰერცეგოვინა
  18. ბოტსვანის რესპუბლიკა
  19. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
  20. ბრუნეი-დარუსალამი
  21. ბულგარეთის რესპუბლიკა
  22. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
  23. დანიის სამეფო
  24. დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია
  25. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  26. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი
  27. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი
  28. დომინიკის რესპუბლიკა
  29. ელ-სალვადორი
  30. ეკვადორის რესპუბლიკა
  31. ესპანეთის სამეფო
  32. ესტონეთის რესპუბლიკა
  33. თურქეთის რესპუბლიკა
  34. თურქმენეთი
  35. იაპონია
  36. ირლანდიის რესპუბლიკა
  37. ისლანდია
  38. ისრაელის სახელმწიფო
  39. იტალიის რესპუბლიკა
  40. კანადა
  41. კატარის სახელმწიფო
  42. კვიპროსის რესპუბლიკა
  43. კოლუმბიის რესპუბლიკა
  44. კორეის რესპუბლიკა
  45. კოსტა-რიკის რესპუბლიკა
  46. ლატვიის რესპუბლიკა
  47. ლიტვის რესპუბლიკა
  48. ლიბანის რესპუბლიკა
  49. ლიხტენშტაინის სამთავრო
  50. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
  51. მავრიკის რესპუბლიკა
  52. მალაიზია
  53. მალტის რესპუბლიკა
  54. მექსიკის შეერთებული შტატები
  55. მონაკოს სამთავრო
  56. მოლდოვის რესპუბლიკა
  57. მონტენეგრო
  58. ნიდერლანდების სამეფო
  59. ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები
  60. ნორვეგიის სამეფო
  61. ომანის სასულთნო
  62. პანამის რესპუბლიკა
  63. პოლონეთის რესპუბლიკა
  64. პორტუგალიის რესპუბლიკა
  65. რუმინეთი
  66. რუსეთის ფედერაცია
  67. საბერძნეთის რესპუბლიკა
  68. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
  69. სან-მარინოს რესპუბლიკა
  70. საუდის არაბეთის სამეფო
  71. საფრანგეთის რესპუბლიკა
  72. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია
  73. სეიშელის კუნძულები
  74. სენტ-ვისენტი და გრენადინები
  75. სერბეთის რესპუბლიკა
  76. სინგაპურის რესპუბლიკა
  77. სლოვაკეთის რესპუბლიკა
  78. სლოვენიის რესპუბლიკა
  79. სომხეთის რესპუბლიკა
  80. ტაილანდის სამეფო
  81. ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  82. უზბეკეთის რესპუბლიკა
  83. უკრაინა
  84. უნგრეთი
  85. ფინეთის რესპუბლიკა
  86. ქუვეითის სახელმწიფო
  87. ყირგიზეთის რესპუბლიკა
  88. ყაზახეთის რესპუბლიკა
  89. შვედეთის სამეფო
  90. შვეიცარიის კონფედერაცია
  91. ჩეხეთის რესპუბლიკა
  92. წმინდა საყდარი
  93. ხორვატიის რესპუბლიკა
  94. ჰონდურასის რესპუბლიკა
  95. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო
  96. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

მთავრობის დადგენილებით:

„მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის  ვადით  ყოფნის უფლება [გარდა ჩინეთისა, რაც ზემოთ აღვნიშნეთ].

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
  • ლიხტენშტაინის სამთავროს მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
  • შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
  • საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის – ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.
  • უცხოელს (რომელიც საჭიროებს ვიზას), განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია, მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში“.
Exit mobile version