„ბოლო პერიოდში საკმაოდ მსუბუქად უყურებს სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეებს… მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვლაპარაკობთ ფემიციდის არაერთ შემთხვევაზე, მოსამართლეების მგრძნობელობა გაზრდილი არ არის,“ – მკაფიოა საიას ანალიტიკოსის, თამარ ბოჭორიშვილის შთაბეჭდილება ტენდენციაზე: საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენების დიდი ნაწილი ოჯახში ძალადობაზე მოდის.
„ჩემი აზრით, უფრო მეტი შეკითხვა უნდა დასვან მოსამართლეებმა თუნდაც ამ ნაწილში: რატომ არ აძლევს დაზარალებული ჩვენებას სასამართლოს? ამის მიზეზი შეიძლება იყოს ეკონომიკური დამოკიდებულება ან შიში ძალადობაში ბრალდებულის მიმართ,“ – ეს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილის მოსაზრებაა. ის, წლების განმავლობაში შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
უფლებადამცველებს „ბათუმელები“ სასამართლო სისტემის ტენდენციაზე ესაუბრა: რატომ გამოაქვთ მოსამართლეებს უმეტეს შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი, როცა საქმე ოჯახში ძალადობას ეხება და რას ნიშნავს ეს? – უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს გამამართლებელი განაჩენების 51.8 % იყო ოჯახში ძალადობის საქმეები, 2019 წელს კი, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით – 66 %.
ამ მიმართულებით სხვა წლების ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს გამოტანილ განჩინებებს რომ გადახედოთ, მარტივად დაინახავთ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოტანილ გამამართლებელი განაჩენები გამამტყუნებლით იშვიათად იცვლება.
გამამართლებელი განაჩენის მიმღები მოსამართლეები მეტწილად მიუთითებენ იმას, რომ დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია და საქმეში აღარ დარჩა პირდაპირი მტკიცებულება, რასაც შეიძლება დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა „ბათუმელებმა“ უზენაესი სასამართლოს 2023 წლის გადაწყვეტილებებში იპოვა ისეთი განჩინებაც, როცა დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია, სასამართლომ კი, ამის მიუხედავად გამამტყუნებელი განაჩენი მაინც მიიღო.
უფლებადამცველები რამდენიმე პრობლემას ასახელებენ, რის გამოც ეს ვითარება გვაქვს. იურისტები საუბარს საგამოძიებო ორგანოების სრულყოფილ მუშაობაზე აქცენტით იწყებენ, რადგან გამოძიების ეტაპზე ვერ გროვდება სათანადო მტკიცებულებები.
„ამ გზაზე ხშირად გაჩუმებას არჩევს დაზარალებულად ცნობილი ქალი. და რატომ ჩუმდება? – ესაა მთავარი შეკითხვა, საწყის ეტაპზე ის ყველაფერს უყვება გამოძიებას, მაგრამ მტკიცებულების ძალა მხოლოდ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას აქვს. გამოდის, რომ ამ პროცესში დაზარალებული კარგავს ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, მას აქვს განცდა, რომ ვერ დაიცავს სახელმწიფო და ჩუმდება,“ – გვიყვება თამარ ბოჭორიშვილი, საიას სისხლის სამართლის საქმეების ანალიტიკოსი.
ეს ორგანიზაცია წლებია სასამართლო სხდომებს აკვირდება, მათ შორის, ოჯახში ძალადობის საქმეებს. 2022 წელს საია სისხლის სამართლის 490 საქმის განხილვას ესწრებოდა სხვადასხვა სასამართლოში. ამ საქმეებს შორის მიღებული გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობის საქმე იყო.
„ეს მოცემულობა არსებითად წელსაც არ შეცვლილა, ყველა მეოთხე საქმე, რასაც განიხილავს სასამართლო და ჩვენ ვესწრებით, არის ოჯახში ძალადობის საქმე. შესაძლოა, მოსამართლეები დაიღალნენ ამ საქმეების განხილვით, თან როცა ხშირად დაზარალებული ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს და არაა საკმარისი მტკიცებულებები გამოძიების ხარისხიდან გამომდინარე.
ოჯახში ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა არის ის, რომ ბევრი მოწმე არ არის, მაგრამ გამოძიება არ უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ ოჯახის წევრების ინფორმაციას. როგორც წესი, მსხვერპლი პოლიციას მიმართავს არა ძალადობის პირველივე შემთხვევაში, არამედ როცა უკვე გამოუვალ მდგომარეობაშია. ამ დროს მეზობლების, ახლობლების, მეგობრების ინფორმაცია შესაძლოა რელევანტური იყოს. გამოძიების ეტაპზე არ ჩანს, რომ გამომძიებლები აქტიურად ცდილობდნენ ამ მტკიცებულებების მოპოვებას.
სხვა შემთხვევაში ძალიან რთული დასასაბუთებელია მოსამართლისთვის, კონკრეტულად რა მტკიცებულებებს ეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისგან მომისმენია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ ჰქონია საქმეში, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დაზარალებულის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება გამოუყენებია, ან მოსამართლე ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნას, სადაც დასტურდება ჯანმრთელობის დაზიანება, ხანდაზმულობაც დასტურდება და პოლიციელების აღწერა ერთმანეთს ემთხვევა. ასეთი მოსამართლე ბევრი არ არის,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი.
საიას იურისტი გამოყოფს საკვანძო საკითხს: თუ მოსამართლეები დაიწყებენ პირდაპირი მტკიცებულების გარეშე გამამტყუნებელი განაჩენების მიღებას, შესაძლოა მტკიცებულების სტანდარტი, ზოგადად, სისხლის სამართლის ყველა საქმეზე შეიცვალოს. მეორე მხარეს კი არის ქალზე ძალადობის, ფემიციდის მზარდი შემთხვევები და ოჯახში ძალადობა – საქმეები, რომლებსაც, როგორც წესი, ბევრი მოწმე და თვითმხილველი არ ჰყავს.
„…შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მიდგომა კონკრეტულ საქმეში იყოს სწორი, როცა ოჯახში ძალადობაზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი შეცვალა გამამტყუნებლით, მაგრამ ეს არ მოერგოს სხვა საქმეს და იქ სხვა გარემოებები იყოს, ინდივიდუალურია ეს ძალიან.
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დაზარალებულის ჩვენება, მაგრამ არსებობს სხვა სარწმუნო მტკიცებულებები, მაგალითად, შემთხვევის ადგილზე მისული მოწმეები, პოლიციელები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა. მოსამართლე უნდა ამოვიდეს მსხვერპლის საუკეთესო ინტერესიდან,“ – ამბობს თაკო ბოჭორიშვილი და საუბრის დროს ახსენებს, რომ მოსამართლეების მიდგომა ბოლო წლებში „შერბილდა“.
„ვერ ვხსნი, რატომ შერბილდა, მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენიც როცა გამოაქვს მოსამართლეს, იყენებენ მხოლოდ მსუბუქ სასჯელებს. უშუალოდ ოჯახში ძალადობის მუხლით განხილულ საქმეებზე ყველაზე ხშირად იყენებენ პირობით მსჯავრს და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, იშვიათად იყენებენ რეალურ სასჯელს [ციხეში სასჯელის მოხდა], როცა მკვლელობის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი, ან სხვა გარემოებაა.
აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროსაც, თუ ადრე ოჯახში ძალადობაში მუხლით ბრალდებულებს ხშირად აპატიმრებდნენ ხოლმე, ახლა ძირითადად სასამართლო გირაოს იყენებს.
ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენების მზარდი მაჩვენებელი სასამართლოს დამოუკიდებლობას აჩვენებს, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით, ეს უფრო აჩვენებს იმას, რომ გამოძიება არ იყო ხარისხიანი,“ – მიიჩნევს საიას სისხლის სამართლის ანალიტიკოსი, თამარ ბოჭორიშვილი.
„ეს არის მართლმსაჯულების სისტემის აქილევსის ქუსლი და დაუძლეველი პრობლემა,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი, მასაც ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოტანილ გამამართლებელ განაჩენებზე ვესაუბრეთ: რასთან გვაქვს საქმე?
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის აზრით, მთავარი პრობლემა აქ ისაა, რომ სასამართლოებს, მათ შორის, უზენაეს სასამართლოს, არ აქვთ ერთგვაროვანი პრაქტიკა, საგამოძიებო ორგანოები კი, სათანადოდ და სრულყოფილად არ მუშაობენ.
„გამოძიებისა და ბრალდების ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ დაზარალებულმა შემდგომში ჩვენება აღარ მისცეს სასამართლოს. ამიტომაც, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა დახარჯონ იმისთვის, რომ გამოძიება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე არ იყოს დამოკიდებული,“ – გვიყვება გოგა ხატიაშვილი.
უფლებადამცველს ვკითხეთ სასამართლოს მიერ ოჯახში ძალადობის მუხლით განხილულ რამდენიმე საქმეზე, როცა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება კონკრეტული დაზიანებები ქალის სხეულზე, მაგრამ მოსამართლე წერს, რომ უცნობია, საიდან მიიღო ეს დაზიანება მსხვერპლმა.
„ხშირია ეს, როცა ექსპერტიზით დასტურდება დაზიანებები და ხანდაზმულობაც არ ეწინააღმდეგება დანაშაულის ჩადენის თარიღს, მაგრამ მოსამართლე წერს, რომ დაზარალებულმა ჩვენება არ მოგვცა და არ მყავს პირი, ვინც მეტყვის, ვინ მიაყენა ეს დაზიანებებიო. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი იგივე 112-ის ჩანაწერი. ყოფილა ასეთი შემთხვევაც, როცა 112-ის სატელეფონო ჩანაწერი მიუჩნევია მოსამართლეს პირდაპირ მტკიცებულებად. ამ დროს მსხვერპლი უკავშირდება პოლიციას და ასახელებს ზიანის მიმყენებელ პირს. ეს არის საკმაოდ მაღალი ხარისხის მტკიცებულება.
გადამწყვეტი ყოფილა ასევე მესამე პირთა ჩვენებები, ეს შეიძლება იყოს პოლიციელი, რომლის ჩვენებაც პირდაპირი მტკიცებულება არ არის, მაგრამ პირდაპირია იმ ნაწილში, როცა ის საუბრობს დაზარალებული ქალის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მტკიცებულება არ ფასდება, როგორც ცალკე აღებული, მოსამართლეები ხელმძღვანელობენ კანონით განსაზღვრული „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“, რომ მტკიცებულებები უნდა იყოს შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. ეს ერთობლიობაში ფასდება და ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს.
მაგალითად, მუქარის ერთ-ერთ საქმეში დამნაშავე დაემუქრა მსხვერპლს და წავიდა შემთხვევის ადგილიდან, როდესაც იქ მივიდა მესამე პირი, დამნაშავე უკვე წასული იყო, მაგრამ მათ ნახეს მუქარით გამოწვეული ემოცია დაზარალებულში. ეს 2022 წლის საქმეა, როცა მესამე პირთა ჩვენებები მოსამართლემ მიიჩნია პირდაპირ მტკიცებულებად. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს ჩვენებები ფასდება პირდაპირ მტკიცებულებად სწორედ დაზარალებულის შეგრძნებების ნაწილში.
ჩვენი კანონმდებლობა ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას და ხშირად ამ საკანონმდებლო ჩანაწერის ხისტი ინტერპრეტაცია ხდება – რომ აი, 2 პირდაპირი მტკიცებულება მაინც უნდა არსებობდეს საქმეში. ეს ასე პირდაპირ კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს და მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე,“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
შესწავლის გარეშე გოგა ხატიაშვილს უჭირს იმის გამოკვეთა, თუ რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე.
„რთულია შესწავლის გარეშე დასკვნები გავაკეთოთ, ამას სჭირდება მიზეზების გარკვევა. ყოველთვის ასე იყო, რომ მეტი გამამართლებელი განაჩენი ამ კატეგორიის საქმეებზე დგებოდა, ყოველწლიურად იზრდება ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი, იზრდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი და, შესაბამისად, მიმართვა სასამართლოზე. შესაბამისად, ეს პროპორციებიც გაიზარდა.
ტენდენციის სახით იკვეთება ის, რომ მოსამართლეები ხშირად ხისტად უყურებენ მტკიცებულებათა სტანდარტს და არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ. მომისმენია მოსამართლეების წუხილიც, რომ რეალურად შესაძლებლობა არ რჩებათ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანონ, ამ დროს ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩება ბრალდებულის, ან მისი გარემოცვის ზემოქმედება დაზარალებულზე. როცა დაზარალებული ჩვენებას არ აძლევს სასამართლოს, შესაძლოა ამის მიზეზი იყოს დანაშაულებრივი გზით მასზე ზემოქმედება.
მაგალითად, ერთ-ერთი სასამართლო პროცესი გადადო მოსამართლემ იმის გამო, რომ ვერ დარწმუნდა, რამდენად გაცნობიერებულად არ აძლევდა დაზარალებული ჩვენებას სასამართლოს. დეტალური კითხვები უნდა დაუსვას მოსამართლემ დაზარალებულს იმის გასარკვევად, თუ რამდენად გაცნობიერებულად არ აძლევს იგი ჩვენებას. ამ დროს პროკურორიც იქ ზის, ის ამას უნდა უსმენდეს ყურადღებით და საჭიროების შემთხვევაში უნდა ხდებოდეს დაზარალებულთან დამატებით კომუნიკაცია, კოორდინატორები სწორედ ამიტომ არსებობენ.
იყო ისეთი შემთხვევაც, როცა დაზარალებულმა განმარტა, როგორ დაუკავშირდა ბრალდებულის ადვოკატი და სთხოვა, არ მიეცა ჩვენება. ვერ გავარკვიეთ, შემდეგ რა ბედი ეწია ამ საქმეს. როგორია ამ კუთხით მაჩვენებელი, როცა გამოიკვეთა დაზარალებულზე ზემოქმედება, არ ვიცით, ამ ტიპის სტატისტიკას არ აწარმოებს სახელმწიფო,“ – გვიყვება გოგა ხატიაშვილი.
უფლებადამცველს 2022 წელს მოუმზადებია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს უფლება, ბრალდებულის დაუსწრებლად მისცეს ჩვენება სასამართლოს, ანუ ვიდრე ძალადობის მსხვერპლი ქალი მოსამართლეს მოუყვება რა მოხდა, ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან დროებით გაჰყავთ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაზარალებულმა შესაძლოა ვერ მისცეს ჩვენება მოძალადის პირისპირ ვერბალური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე. არ ვიცი, რა ბედი ეწია ამ კანონპროექტს, მაგრამ კანონის შეცვლის გარეშე ახლაც შეიძლება დაზარალებულს ამის საშუალება მისცეს მოსამართლემ „სტამბოლის კონვენციის“ საფუძველზე. ეს საერთაშორისო ხელშეკრულებაა და კანონმდებლობის ნაწილი. რამდენიმე შემთხვევა იყო კიდეც, ასეთ სხდომას მეც ვესწრებოდი, როცა ბრალდებული სხდომის დარბაზიდან გაიყვანეს და ისე მისცა სასამართლოს ჩვენება დაზარალებულმა,“ – გვითხრა გოგა ხატიაშვილმა.
კიდევ ერთი პრობლემა ეკონომიკური ძალადობის კრიმინალიზებაა. ამ კუთხითაც კანონმდებლობა არ შეცვლილა. ეს ის ფაქტორია, რის გამოც ხშირად დაზარალებულად ცნობილი ქალი მოძალადე ქმარს ურიგდება და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.
„ყოვლისმომცველი პოლიტიკაა საჭირო, რომ ეს შეიცვალოს – დაზარალებულის ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, რომ ის მოძალადეზე არ იყოს დამოკიდებული. ეკონომიკური ძალადობა კი არის ახლა ძალადობის ფორმა ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ რეაგირება ხდება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, ანუ შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის გზით. ეკონომიკური ძალადობა უნდა იყოს კრიმინალიზებული, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ამაზე თავის ანგარიშში მსჯელობს სახალხო დამცველიც,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ უფლებადამცველმა გოგა ხატიაშვილმა.
როგორია სახალხო დამცველის რეკომენდაცია, როცა ოჯახში ძალადობის საქმეები ხშირად გამამართლებელი განაჩენით სრულდება? – სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ ამ თემაზე ვერ დაგველაპარაკებიან და შეფასება მორიგ საპარლამენტო ანგარიშში აისახება.
___
„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.
ამ თემაზე:
ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს