მთავარი,სიახლეები

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში 6-ის ნაცვლად 26-სართულიანი კამპუსის აშენებას ითხოვს

13.09.2023 • 2930
კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში 6-ის ნაცვლად 26-სართულიანი კამპუსის აშენებას ითხოვს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის #117-ში კავკასიის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს. კომპანიამ მშენებარე პროექტში ცვლილება და კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც კომპლექსის კამპუსის შენობა 26-სართულიანი იქნება.

სწორედ ამ ცვლილების დასამტკიცებლად მშენებარე პროექტს ბათუმის მერიამ, საკრებულოს თანხმობით, განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსი მიანიჭა.

კონკრეტული პროექტისთვის განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას მერიას სამშენებლო კოდექსი აძლევს. ეს ცვლილება კოდექსში ავარიული სახლების პროგრამასთან ერთად დამტკიცდა.

კავკასიის უნივერსიტეტის თავდაპირველი პროექტი ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას და 6-სართულიან კამპუსს ითვალისწინებდა. რომლის ქვედა სართულზეც პარკინგის მოწყობას გეგმავდნენ.

სხდომაზე მერიის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ უნივერსიტეტი ლექტორ-მასწავლებლების ჩამოყვანას გეგმავს, ამიტომაც სჭირდება 26 სართულიანი კამპუსი

კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რაც მომავალში კამპუსის შენობის სიმაღლის გაზრდას გულისხმობს, ამიტომაც დასჭირდათ მშენებარე პროექტისთვის განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსის მინიჭება. საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით. კომპანია კამპუსის შენობის სიმაღლეს 26 სართულამდე გაზრდის.

მერიის ინფორმაციით, სანაცვლოდ, დაწესებულება მომატებული კოეფიციენტით მიღებული ფართობის 10%-ს, შეთანხმების შესაბამისად, მუნიციპალიტეტს გადასცემს. ამას კანონი ავტომატურად ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როცა კომპანია კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი, სადაც კავკასიის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს, მეათე საჯარო სკოლის მიმდებარედ, ერთ ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. ეს ნაკვეთი აჭარის მთავრობამ აქ საგანმანათლებლო დაწესებულების აშენების პირობით გაყიდა.

მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებებისა და  ბათუმის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შენობა აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზით, აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც.

სანებართვო პირობების თანახმად, მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისთვის დასრულებულია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების კარკასი, სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

2019 წელს აჭარის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ტერიტორიის განვითარების კონცეფცია უნდა მოიცავდეს სასწავლო დაწესებულებას, თუმცა არ შემოიფარგლებოდეს ამით. აქ უნდა მოეწყოს ასევე საჩოგბურთო კორტები, კალათბურთის მოედანი, სპორტული აქტივობებისათვის განკუთვნილი ეზო, დასასვენებელი და სამუშაო სივრცეები, თანამედროვედ აღჭურვილი სპორტული კომპლექსი და სკვერი.

შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“ 82 პროცენტს ხატია გოგლაძე ფლობს. დარჩენილ წილებს იყოფენ ბორის ლეჟავა, [2.5%] მანანა თურქია,[2.5%] თორნიკე შენგელია [10.5%]  და რატი სხირტლაძე [2.5%].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: