მთავარი,სიახლეები

წყლის გამონადენი კაშხალზე დიზაინის საზღვრებშია – კომპანიის განცხადება „შუახევიჰესზე“

13.09.2023 • 3984
წყლის გამონადენი კაშხალზე დიზაინის საზღვრებშია – კომპანიის განცხადება „შუახევიჰესზე“

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ განცხადებით ეხმიანება „მთავარი არხის“ სიუჟეტს „შუახევიჰესთან“ დაკავშირებით და აცხადებს, რომ ჰესის ოპერირება უსაფრთხოა.

„გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოა ექსპლუატაციის მიმართულებით და სრულ შესაბამისობაშია ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

2017 წლის დასაწყისში აგებული დიდაჭარის კაშხალი პასუხობს ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას, ხოლო ყველა კონსტრუქციას წინასწარ გაწერილი განრიგისა და პროცედურების შესაბამისად უტარდება რუტინული მომსახურების სამუშაოები.

ბეტონის დიდი კონსტრუქციები აშენებულია კონკრეტული თანმიმდევრობით, ცალკე მდგარი სექციების სახით, სადაც უზრუნველყოფილია სივრცე გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესებისთვის, რომლებიც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით. დასაშვები ოდენობით წყლის მცირე ფილტრაცია ჩვეულ მოვლენას წარმოადგენს და მისი აღმოფხვრა ხდება რუტინული მომსახურების დროს.

სხვადასხვა კონსტრუქციისთვის აუცილებელი რუტინული მომსახურება ხორციელდება გეგმის შესაბამისად. დიდაჭარის კაშხალს უტარდება უწყვეტი მონიტორინგი, რისთვისაც გამოიყენება კაშხალზე დაყენებული საუკეთესო ინსტრუმენტები და ვიზუალური ინსპექცია“ – წერს კომპანია პრესრელიზში.

აქვე ვკითხულობთ, რომ „აჭარისწყალი ჯორჯია“ სარგებლობს კაშხლის საერთაშორისო სპეციალისტების მომსახურებით, რომელთა მოვალეობებში შედის კაშხლის უსაფრთხოებისა და მდგრადობის შემოწმება და კაშხლის კონსტრუქციაზე დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

„2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში კაშხლის სპეციალისტებმა დიდაჭარის კაშხალზე განახორციელეს დეტალური შეფასება, გადაამოწმეს შესაბამისი მონაცემები და მოამზადეს დასკვნა, რომლის თანახმადაც კაშხლის კონსტრუქცია უსაფრთხოა, ხოლო წყლის გამონადენი კაშხალზე დიზაინით გათვალისწინებულ საზღვრებშია.

დიდაჭარის კაშხალი და მასთან დაკავშირებული ყველა ნაგებობა სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობაშია. კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შესაძლო შეშფოთებას არავითარი საფუძველი არ გააჩნია“ – აცხადებს კომპანია.

დიდაჭარის კაშხალზე „ბათუმელები“ 2020 წელსაც წერდა. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ მაშინაც თქვეს, რომ „ამგვარი გაჟონვები ჩვეულებრივი მოვლენაა“ და კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

„შუახევიჰესის“ მშენებლობა 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. ჰესის სიმძლავრე 187 მეგავატს შეადგენს (178-მეგავატიანი სადგური შუახევში და მცირე 9,8-მეგავატიანი სადგური მდინარე სხალთაზე). პროექტი მოიცავს ორ კაშხალს წყალსაცავებით და ერთ დამბას მდინარეებზე: აჭარისწყალი, სხალთისწყალი და ჩირუხისწყალი.

52 მეტრის სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი ორი მდინარის – აჭარისწყლისა და მდინარე ღორჯომის შესართავთან მდებარეობს. წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა 998 000 კუბ.მ-ია, ზედაპირის ფართობი კი – 152 500 კვ.მ.

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე 

ამავე თემაზე: 

არის უსაფრთხო დიდაჭარის კაშხალი? – რას პასუხობს სახელმწიფო „შუახევი ჰესზე“ დასმულ კითხვებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: