მთავარი,სიახლეები

კვიპროსზე ანსამბლებთან ერთად ვარ მივლინებით – ხელვაჩაურის მერი

14.09.2023
კვიპროსზე ანსამბლებთან ერთად ვარ მივლინებით – ხელვაჩაურის მერი

ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სამუშაო მივლინებით კვიპროსზე იმყოფება. თუმცა უარყოფს, რომ მასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯზე მისი მეუღლეც გაემგზავრა.

მერმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ის ნამდვილად გაემგზავრა ქალაქ ლარნაკაში ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლებთან ერთად, რომლებიც საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ.

ზაზა დიასამიძის ინფორმაციით დაგეგმილი აქვს ოფიციალური შეხვედრა ლარნაკას მერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

„ვხვდები ორ მერს, ოფიციალურ შეხვედრაზე და ოფიციალურ სადილზე“.

მერის მივლინების თაობაზე ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიშა ბოლქვაძემ გუშინ გაავრცელა და  ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გააკეთა აქცენტი.

მისივე ინფორმაციით, მივლინებაში მერთან ერთად იმყოფებიან საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე და საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, რამაზ თავდგირიძე. ამ ინფორმაციას საკრებულოში უარყოფენ. საკრებულოს თავმჯდომარის მდივნის ინფორმაციით, ის ადგილზეა და მუშაობს. რაც შეეხება რამაზ თავდგირიძეს, საკრებულოში გვითხრეს, რომ ოფიციალური ვიზიტით საკრებულოდან არავინ იმყოფება კვიპროსზე.

ხელვაჩაურის მერის მეუღლესთან ერთად გამგზავრების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს მერიის პრესსამსახურშიც.

პრესსამსახურის განმარტებით მერი ლარნაკაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება და ლარნაკას მერთან შეხვედრას გეგმავს.

პრესსამსახურის განმარტებით, მერის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია:

„ხმელთაშუა ზღვის ფოლკლორული ცეკვების საგუნდო და ტრადიციული ბენდების მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებენ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრებთან არსებული ანსამბლები“.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: